Home რუბრიკები ისტორია “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

ანა დრანსე

XVIII საუკუნეში განადგურებით დაემუქრა კახეთის მოსახლეობას. ლეკები უდიდეს საფრთხეს უქმნიდნენ გარეშე მტრების მიერ ისედაც აწიოკებულ ქვეყანას. შამილის მარბიელი რაზმის მსხვერპლი აღმოჩნდა თავადის _ დავით ჭავჭავაძის ოჯახი, რომელმაც დაღესტანში ტყვეობის უმძიმესი თვეები გამოიარა.

ვაგრძელებთ ანა დრანსეს მიერ მოთხრობილ ამბავს წიგნიდანშამილის ტყვე ქალები”.

ძიძა

გზა ამხედრებულებმა გავაგრძელეთ. უწინდებურად კვლავ ჰაჯი-ქერიმს ვეჯექი უკან. მან ჟესტებით ამიხსნა, თუ როგორ ჩამეჭიდა მისთვის ხელი. ამან მიმახვედრა, რომ ჩვენ სწრაფად ვივლიდით. მართლაც, ცხენები ჩორთით მიუშვეს და ასე დიდხანს გაგრძელდა. ივანე წინ საკმაოდ დიდ მანძილზე მიაჭენებდა. შორს რაღაც საგანი შევნიშნეთ, რომელიც მიწას თანდათან გამოეყო. საგანი მოგვიახლოვდა და მალე გავარჩიეთ ადამიანის ფიგურა. ეს ლეკი მწყემსი აღმოჩნდა, ვისაც ძონძები სხეულს ძლივს უფარავდა. იგი ჰაჯი-ქერიმს მიუახლოვდა, რაღაც ბეჭედი აჩვენა, რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და გაშორდნენ. არ ვიცოდი, მთიელთა შორის რა ავტორიტეტით სარგებლობდა ჩემი განმგებელი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ მის ნაიბურ მედლებს, საფიქრებელია, რომ საკმაოდ წარჩინებული კაცი იყო. გზაზე, რაც მივარდნილ ადგილებში გადიოდა, ბევრ მღვიმეს ვხედავდი. ისინი კოცონებს გაენათებინა. ცეცხლს ირგვლივ მწყესები შემოსხდომოდნენ. ეს ამტკიცებდა, რომ ამ ადგილებში მშვიდობით შეიძლებოდა მგზავრობა და სულაც არ იყო მოსალოდნელი რუსთა თავდასხმა.

განთიადისას შესასვენებლად ჭაობიან ადგილზე გავჩერდით. მეპატრონემ განკარგულება გასცა, ცხენიდან გადმოვსულიყავი. ამ დროს გაოცებით შევნიშნე რამდენიმე ქართველი ქალი, რომელთაც მთიელები ჰყარაულობდნენ. ამ უკანასკნელთ ჭაობიდან ჯღდეთა ძირკვები დაეთრიათ, გროვად დაეხვავებინათ და წვავდნენ. ის ის იყო, გასართობად კოცონთან მისვლა დავაპირე, რომ ვიღაცის ალერსიანმა ხმამ გულთბილად წარმოთქვა ჩემი სახელი. იმ მხარეს მივიხედე, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა და, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როდესაც ქართველ ქალთა შორის შევნიშნე საყვარელი კნეინა ორბელიანი. იგი მიწაზე დაფენილ რამდენიმე ნაბადზე იჯდა. მაშინვე მასთან მივირბინე. როდესაც შენიშნა, ფერმკრთალი და გამხდარი ვიყავი, მომეხვია; ცდილობდა გავეთბე.

_ ოჰ, ქალბატონო! გუშინ რამდენი გეძებეთ…

_ რა მოუვიდა ჩემს შვილს? _ იკითხა მან.

_ გიორგი სწორედ ტყეში შემოსვლის წინ დავინახე, მის შეუპოვარ ძიძას ეჭირა.

ამ ცნობამ საბრალო დედა ცოტათი დაამშვიდა. შემდეგ მოვუთხრე ჩემ მიერ გადატანილ ტანჯვა-წამებაზე. მალე ჩემს წასაყვანად ჰაჯი-ქერიმმა მოგვაკითხა.

_ ეგ ფრანგი გენერლის ცოლია, _ უთხრა მას კნეინამ, _ მინდა ჩემთან დარჩეს.

გენერლის ცოლი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ კნეინას სურდა, ამით ჩემდამი ჰაჯი-ქერიმის პატივისცემა გამოეწვია.

_ შენ კი თავად ვინღა ხარ, ასე რომ ლაპარაკობ? _ იკითხა მან.

_ მე კნეინა ბარბარე ორბელიანი ვარ.

_ განა დიდ გამოსასყიდს მომცემენ მაგისათვის? _ აგრძელებდა შეკითხვებს ჰაჯი-ქერიმი და თან ჩემზე უთითებდა, _ წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას ჩემთან დავიტოვებ.

შემდეგ ქალბატონს ჩემთვის წართმეული წერილები უჩვენა:

_ ეს ქაღალდის ფული ხომ არ არის, ასე უხვად რომაა რუსეთში? _ შეეკითხა იგი.

_ არა, ეს ფული არაა, _ მიუგო კნეინამ.

_ მაშ, რა არის?

_ ნათესავების წერილებია.

_ თვითონ ქალია თუ ქალწული?

_ ის არის დედა.

_ ბავშვები ჰყავს?

_ ერთი შვილი ჰყავს.

_ რუსია თუ ქართველი?

_ არც რუსია და არც ქართველი. ფრანგის ქალია. მისი სამშობლო აქედან ძალიან, ძალიან შორს მდებარეობს.

ამით ჰაჯი-ქერიმმა თავისი შეკითხვები დაასრულა, მაგრამ, ჩვენგან რომ მიდიოდა, ჩემი წერილები ცეცხლში მოისროლა. უნდა გამოსცადო მთელი ჩვენი ტანჯვა-წვალება, რომ მიხვდე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს მდგომარეობაში ჩავარდნილისათვის გულით საყვარელი ადამიანებისაგან მოწერილ ბარათებს. სწორედ ამიტომაც ჰაჯი-ქერიმის მოქმედებამ _ თვალისდახამხამებაში რომ გაანადგურა ჩემი უძვირფასესი განძი, მეტისმეტად გამანაწყენა.

ეს კაცი მალე კვლავ დაბრუნდა, ჩოხა გაიხადა და კნეინა ორბელიანს მიუგდო დასაკემსავად. მისი მოქმედება არ მომეწონა და ქალბატონს სამოსი ხელიდან გამოვსტაცე. ჰაჯი-ქერიმი ამას სულაც არ გაუნაწყენებია. ჯიბიდან მშვიდად ამოაძვრინა რაღაც ფუტლარის მსგავსი, რომელშიც ნემსი და ძაფი ჰქონდა, და იგი კნეინას გადასცა. ჩემი განაწყენების მიუხედავად, კნეინა მაშინვე შეუდგა საქმიანობას. რამდენადაც შემეძლო, ხელს ვუწყობდი. ამ დროს მთიელებმა წინანდალში ნაძარცვი ჩაის სმა გააჩაღეს. არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსვლია, თუნდაც სიბრალულის გამო, ჩვენთვისაც შეეთავაზებინა ფინჯანი ჩაი.

ერთი საათის შემდეგ კნეინა ჭავჭავაძის ბავშვების ძიძა _ ალექსანდრა მოგვიახლოვდა. მისმა დანახვამ ყველა დაგვაშინა და აგვაფორიაქა, რადგან უიმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა: თავი სამ ადგილას გაეჩეხათ ხმლით და, ეტყობა, ხშირმა თმამ უშველა _ სიკვდილისაგან დაიფარა. მთელი ზურგი გადატყავებული და დასისხლიანებული ჰქონდა; მარცხენა ხელი დასახიჩრებული, ხოლო ერთერთი თითი, თითქმის მთლიანად მოკვეთილი, ხელის მტევანზე ძაფით მიმაგრებულივით ეკიდა. აღარ ვიცოდით, რითი დავხმარებოდით ამ უბედურს _ მთიელნი ხომ არაფერს გვაძლევდნენ. საბედნიეროდ, კნეინა ორბელიანს გადაენახა თავისი უბრალო ქვრივის კაბა. მან მყისვე მოახია მას სახელო და ალექსანდრას ხელი შეუხვია, მაგრამ რა უნდა გვეღონა თავზე არსებული იარების მოსარჩენად? ქალს თავზე სისხლი შეხმობოდა, ჩვენ კი უმწეონი ვიყავით, რაიმე გაგვეხერხებინა. ამიტომაც კნეინა მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, რომ ავადმყოფს თავი საკუთარი თავსაფრით შეუხვია.

ამასობაში ჩოხის წასაღებად ჰაჯი-ქერიმი მოვიდა. იგი, როგორც ჩანს, ნახელავით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ეს ჩვენ მხედველობიდან გამოგვეპარა, ვინაიდან მთელი ყურადღება დახეიბრებულ ძიძაზე გვქონდა გადატანილი…

დავიძარით. ცხენზე მჯდარი კნეინა წინ მიდიოდა, მე და ალექსანდრა ფეხით უკან მივლასლასებდით, რომელიღაც ადამიანის სახიანი ურჩხული წამდაუწუმ ურტყამდა სისხლის დაკარგვითა და ტკივილებით სავსებით მისუსტებულ, უბედურ დაჭრილს. იგი მოითხოვდა, არ მიმეტოვებინა. სამწუხაროდ, ვერაფრით ვეხმარებოდი, მაგრამ დიდად ანუგეშებდა ის, რომ გვერდით ჰყავდა არსება, რომელიც თანაუგრძნობდა. ბოლოს, როდესაც იმდენად მოუძლურდა, რომ სიარული გაუჭირდა, მთელი ძალით დაუწყო ძახილი კნეინა ორბელიანს შემდეგი სიტყვებით: დედი! დედი! მეც ავყევი. კნეინამ გაიგონა ჩემი ყვირილი და, მიუხედავად გამყოლის ძლიერი შეწინააღმდეგებისა, ცხენი შეაჩერა. დიდის ვაი-ვაგლახით მივლასლასდით მასთან და ჩვენი გამყოლის სისასტიკის შესახებ მოვახსენეთ. კნეინამ გარშემოჯარულ მთიელებს ამის შესახებ აუწყა, მაგრამ იმათ ჩვენი თხოვნა-მუდარა ყურად არ იღეს. საბოლოოდ ქალბატონმა მაინც აიძულა ისინი, დაჭრილი ცხენზე შეესვათ, მისთვის ხელი რომ არ შეეშალა ტალახს, რის გამოც იწყო ჩამორჩენა. ეს რომ მთიელებმა შენიშნეს, აიძულეს ცხენზე ძიძასთან ერთად დამჯდარიყო, მაგრამ ამ ქალს, მეტისმეტად სუსტად რომ გრძნობდა თავს, ცხენზე თავის შემაგრება უჭირდა და იძულებული იყო, კნეინას დაყრდნობოდა; ამასთან, იგი ზონზროხა ტანისა გახლდათ და კნეინამ იმდენი ძალა მიახარჯა ცხენზე მის შემაგრებას, რომ ბოლოს გული შეუღონდა. მაშინ მთიელებმა გადაწყვიტეს, რომელიმე მათგანს მისთვის ცხენი დაეთმო. გრძნობაზე მოსული კნეინა შეჯდა ახალ ცხენზე და გზა განაგრძო.

ამ დროს ივანეს ვეჯექი უკან. ალაგ-ალაგ გვხვდებოდნენ ჩვენს ბედში მყოფი ქართველი გლეხის ქალები. ჩვენსა და მათ შორის მხოლოდ ერთადერთი განსხვავება იყო _ ისინი ფეხით მოდიოდნენ. შევედით რომელიღაც განუზომლად ვრცელი ტყის სიღრმეში. ამ ტყის მყუდროება, ალბათ, არასოდეს დარღვეულა. მიწას სქელი ხავსი მოსდებოდა, ხოლო ასწლოვან ხეებს თვალს ძლივს აუწვდენდი. აქა-იქ ტოტიდან ტოტზე დაფრთხიალებდნენ ცისფერ და წითელფრთიანი ჩიტები, სხვადასხვა მიმართულებით დარბოდნენ ხვლიკები. ისინი ხავსისაგან თავიანთი მწვანე შეფერილობით გამოირჩეოდნენ. ამ ტყისათვის თავისუფლად შეგეძლოთ გეწოდებინათ უღრანი. ამ ტყეში ჯერჯერობით ბილიკიც არვის გაეკვალა.

ნაკადულის პირას, რომელთანაც ის ის იყო მივედით, შევეყარეთ წინანდლიდან გატაცებულ ახალგაზრდა ქალიშვილს. მთიელებს მისი დედა გარდაცვლილი ჰგონებოდათ და ამიტომაც ხელი არ ეხლოთ. ქალიშვილთან იმყოფებოდა მისი ღრმად მოხუცებული ბებია და ერთერთი ძმა, რომელსაც ხელში ეჭირა ლიდიასავით ოთხიოდე თვის გოგონა. პაწაწა უდედოდ და ურძეოდ დარჩენილიყო.

მდინარის გადალახვისას, რაც არც ისე ადვილი საქმე გახლდათ, საცოდავი ალექსანდრას თანხლება არავინ ისურვა. მე, ჩემის მხრივ, ივანეს ვსთხოვე, დახმარებოდა საბრალოს, მაგრამ იმანაც უარი განაცხადა. მაშინ ჩვენმა კეთილმა ანგელოზმა, კნეინა ორბელიანმა, ნება გამოსთხოვა მთიელებს, რათა დაჭრილი ქალი იმისთვის შემოესვათ ცხენზე. რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოედგინა, თუ რა ცუდი შედეგი მოჰყვებოდა ამას. ცხენმა იგრძნო, რომ მას სუსტი ხელი მართავდა და შუაგულ მდინარეში შედგა. კნეინა ამაოდ ჯახირობდა პირუტყვის დაძვრას. ბოლოს ივანე და მეორე მთიელი ცხენებიდან ჩამოხტნენ და ქალბატონი თავისი ცხენიანად ნაპირზე გაიყვანეს. მაგრამ, რა წამსაც ფეხი დაადგეს მიწას, ალექსანდრა იმ წამსვე უმოწყალოდ ჩამოაგდეს ცხენიდან.

დასასრული შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here