Home რუბრიკები ისტორია “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

ანა დრანსე

ლეკიანობა XVIII საუკუნეში განადგურებით დაემუქრა კახეთის მოსახლეობას. ლეკები უდიდეს საფრთხეს უქმნიდნენ გარეშე მტრების მიერ ისედაც აწიოკებულ ქვეყანას. შამილის მარბიელი რაზმის მსხვერპლი აღმოჩნდა თავად დავით ჭავჭავაძის ოჯახი, რომელმაც დაღესტანში ტყვეობის უმძიმესი თვეები გამოიარა.

ვაგრძელებთ ანა დრანსეს მიერ მოთხრობილ ამბავს წიგნიდანშამილის ტყვე ქალები”.

თავდასხმა. ლიდიას სიკვდილი

ამასობაში ახლოს დიდი განგაში ატყდა. ქართველთა უმნიშვნელო რაზმი ჩვენს გათავისუფლებას ცდილობდა. იგი მოულოდნელად თავს დაეცა ბადრაგს და სროლა აუტეხა. მთიელები რიცხობრივად დიდად სჭარბობდნენ მათ, მაგრამ შიშობდნენ, ამ პატარა ჯგუფს დიდი ძალებიც არ მოჰყოლოდა და, გადაგვაფარეს რა თავზე ნაბდები, გაიქცნენ. ისინი ყურადღებასაც არ აქცევდნენ ყანებს, ხევ-ღრანტეებს, თხრილებსა და სხვა წინააღმდეგობებს. ჰაერი შეძრა ძახილმა: “იმამი შამილი! იმამი შამილი!”, 17 მათრახითა და ყიჟინით გაფიცხებული ცხენები ისეთი საშინელი სისწრაფით მიჰქროდნენ, რომ სუნთქვა გვეკვროდა.

ეს ჯოჯოხეთური ჭენება საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხოლოდ შებინდებისას მიუშვეს ცხენები ჩორთით. გზა ჭაობიან ადგილებში გაწვა. ლიანები და ეკალ-ბარდები, ღიჭი და ბრული ყოველწამს გვიღობავდა გზას. კნეინა ჭავჭავაძემ ახლოს ჩამიარა. იგი მწუხარე და ფერდაკარგული ჩანდა… თან აღარ ჰყავდა ლიდია, რამაც ძლიერ ამაფორიაქა. რა იქნა ჩვენი პატარა ქალბატონი? _ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ არავის შეეძლო ეს ჩემთვის აეხსნა და საშინელი გამოცანის ამოხსნის მოლოდინში იძულებული ვიყავი, მოთმინებით აღვჭურვილიყავი.

ბევრი ქართული სოფელი გავიარეთ. სოფელთა მთელი წყება ცეცხლის ალში იყო გახვეული. თითქმის ყველა ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოჰყავდათ ტყვეები და ჩვენს ჯგუფს უერთებდნენ. მცირე ბორცვს გადავადექით. ამ დროს თვალთა მზერა მომტაცა უზარმაზარი ხანძრის ლაპლაპმაშეძრწუნებულმა წამოვიყვირე. ლეკებმა ამიხსნეს, რომ ეს წინანდლის სასახლე იწვოდა.

უბედური თავადი! ისიც ხედავს ამ ავისმომასწავებელ ანაშუქს. ყველაფერი, რაც კი რამ ძვირფასი აბადია, იქ არის: ცოლი, შვილები, დაი, დისშვილი, მეგობრები, დიდი სიმდიდრე, რაიც რამდენიმე საათში არარაობად იქცეოდა… სისხლი ყელში აწვება, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობა ნებას არ აძლევს, თავისი ადგილი მიატოვოს. ასეთ ვითარებაში რა უნდა გააწყოს? მხოლოდ ის, რომ იტიროს, როგორც ქმარმა, მამამ, ნათესავმა… გამძვინვარებული ცეცხლი კი არავითარ იმედს არ უტოვებს; იგი, რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ ჩვენ, ყველანი, დავიღუპეთ.

ყველა არა, მაგრამ ლიდია კი აღარ იყო ამქვეყნად! უკვე აღვნიშნე, თუ რა სისწრაფით გარბოდნენ მტაცებელნი, უფრთხოდნენ რა მდევარსკნეინა ჭავჭავაძეს კი ძალა სავსებით გამოელია. ხელი, რომლითაც დილიდან მოყოლებული ეჭირა ბავშვი, დაუბუჟდა. მოულოდნელი ბიძგისაგან კნეინას ბავშვი ხელიდან უვარდება; ჩვილი ეცემა ბალახზე. უბედური დედა შემაძრწუნებლად კივის და ცდილობს, ცხენიდან გადმოეშვას, ნორჩი აიტაცოს, მაგრამ მთიელი თავისი რკინის ხელით ბოჭავს, ყურადღებასაც არ აქცევს მის კივილსა და ცრემლებს. მათ უკან თავქუდმოგლეჯით მსრბოლმა ცხენებმა კი ჩვილი გადათქერესხოლო რომელიღაც ჩეჩენმა ხანჯლის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა იგი.

კნეინა ამ დროისათვის უკვე შორს იყო და ეს მხეცური მოქმედება არ დაუნახავს. იგი თავს დიდხანს იმ რწმენით იმშვიდებდა, რომ ბავშვს ვიღაც მადლიანი აიყვანდა. და, თუმცა ძალზე დიდი იყო მისი დედური შეშფოთება, მაინც, მსგავს ბარბაროსობას თუ ჩაიდენდნენ, აზრადაც არ მოსვლია. უკვე საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ მომხდარი ამბის მესამე დღეს ლიდიას სხეული უპოვიათ იმავე ადგილას, სადაც დავარდა და მამისათვის მიუტანიათ.

პატარა ადამიანი ახლა წინანდლის მომცრო ეკლესიაში განისვენებს.

იმავე დროს იმავე ადგილას უპოვიათ, აგრეთვე, სამოცი მსხვერპლის გვამიც. მათგან სამი წინანდლელი იყო: ლიდია, თავადის მოურავის მეუღლე დარეჯანი და მღვდლის ცოლი. ბევრს თავდაპირველად ფოფოდია მე ვეგონე, რის გამოც მრავალმა ფრანგულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ცნობა ჩემი სიკვდილის თაობაზე და თავიანთი უნებლიე შეცდომით ძლიერ დაამწუხრეს ჩემი მშობელი და ნათესავები.

ღამე ტყეში. ჰაჯიქერიმი

დადგა სრული ღამე. მეტად დაბურულ ტყეში შევედით და გზის გასაგრძელებლად ტოტები და ლიანები განუწყვეტლივ უნდა გვერღვია. ამ მიზეზით ძალიან ნელა მივიწევდით წინ. ჩვენი პატრონები ჩქარობდნენ, მალე გასცლოდნენ ქართულ მიწებს, ამიტომაც, მიუხედავად გზის სიძნელისა, ძალიან დიდხანს შეუსვენებლივ მივდიოდით, წუთითაც არსად შევმდგარვართ. ხან აქ, ხან იქ გაისმოდა ქალების კივილი, როცა მათი თმები ხეებს გამოებლანდებოდა ანდა ფეხებში ეკალი შეერჭობოდათ. დღესაც სისხლი მეყინება, იმ შემაძრწუნებელ პირველ ღამეს რომ ვიხსენებ!

აქამდე საკმაოდ ბედნიერი, ვიმყოფებოდი ველურის, მაგრამ მაინც საკმაოდ ადამიანური მთიელის ზედამხედველობის ქვეშ; და რას ვიფიქრებდი, თუ კიდევ უფრო საშინელი ახალი პატრონის ხელში მოვხვდებოდი და უფრო მეტი წვალების ატანა მომიხდებოდა. ჰაჯი-ქერიმის (ასე ერქვა ჩალმიან მთიელს _ ორი ნუკერისა და ჩემს გამგებელს) ბრძანებით ცხენიდან უნდა ჩამოვსულიყავი, დამებრუნებინა ნაბადი, რომელიც ალაზნის გადალახვის შემდეგ მომახურეს, და ასე მივყოლოდი ჩემს მფლობელს.

ჩვენ წინ ნუკერები ნაალაფარ ხვასტაგს მიერეკებოდნენ და გზას გვიკვალავდნენ. კნეინებს მოშორებული ვიყავი. უკვე კარგა ხანი გავიდა, რაც მთაზე ასვლა ვიწყეთ. თუმცა ჯერ კიდევ ვერ გამეგო, თუ რა საშინელი შედეგი მოჰყვებოდა ამ შეღმართს. არაქათი თანდათან გამომელია და დავეცი. წარმოიდგინეთ, რა სირცხვილსა და სასოწარკვეთაში ჩავვარდებოდი, როცა უმწეო მსხვერპლს მათრახი დამიშინეს! თავს დატეხილი უბედურების გადასატანად დიდი მოთმინებით აღვიჭურვე, მაგრამ განა შემეძლო წინდაწინ განმეჭვრიტა და მცოდნოდა ყველა განსაცდელი და წამება, რაც კვლავ მელოდა?

ამაოდ ვატანდი თავს ძალას, გზა რომ გამეგრძელებინა. ღამეული ტყის წინააღმდეგობებმა სულ დამაძაბუნა… მეორედ დავეცი. ჰაჯი ქერიმმა კვლავ დამარტყა. ავდექი, მაგრამ მან ბრაზიანად დამცა მიწაზე… მომეჩვენა, ჩემი მოკვლა მოისურვა-მეთქი. ცალი ხელი რომ პირზე დამაფარა, მეორე მკერდზე მთხლიშა. ეს ხელი კორსეტში შეჩურთულ ჩემი შვილის პორტრეტს მოხვდა. და მთიელიც ახალი ენერგიით მეძგერა: რამდენიმე პატარა ხატსა და წერილებთან ერთად მკერდიდან ჩამომგლიჯა შვილის პორტრეტი, რომელსაც, როგორც სანუკველ განძსა თუ თილისმას, ისე ვუფრთხილდებოდი და ვინახავდი. ყაჩაღს ხატები თითებიდან დაუცურდა. მთიელს ის ფული ეგონა და მოინდომა, უსათუოდ მოეძებნა. სულდაუთქმელად მირტყამდა ხან მათრახსა და ხან კიდევ მჯიღებს, რათა მეც დავხმარებოდი ძებნაში, მაგრამ ჩემი და მისი ცდა ამაო გამოდგა და გავუდექით გზას ორივე უკმაყოფილო _ იგი თავისი დანაკარგით, მე კი მისი სასტიკი მოპყრობით.

მალე კოცონები შევნიშნეთ და იქითკენ გავემართეთ. სიარულმა და სიცივემ ფეხები სრულიად გამიხევა. საშინელი წყურვილიც მკლავდა. დაჟინებით ვსთხოვდი ჩემს ჯალათს, წყალი დაელევინებინა და, რადგან მეჩვენებოდა, რომ ჩემი არ გაეგებოდა რა, ვუთითებდი თუნგებზე (სპილენძის დოქებზე). ეს ჭურჭლები იმ ცხენებზე იყო გადაკიდებული, რომელთა შორიახლოსაც შევჩერდით. ჰაჯი-ქერიმმა ბრძანება გასცა, მისთვის მიწაზე ნაბდები გაეშალათ; ერთი ნაბადიც მისივე მითითებით ჩემთვის დააფინეს, ოღონდ დაჯდომაზე უარი განვაცხადე: მერჩივნა ერთ-ერთ ცხენს ჩამოვყროდნობოდი, რომლისაც ისე არ მეშინოდა, როგორც ამ ორფეხა ბარბაროსისა. იგი აქ ორ საათს მაინც იჯდა. მე კი ძლიერ მაწამებდა სიცივე და წყურვილი. ბოლოს მთვარეს ახედა, ნაბადი კვლავ ცხენზე მოათავსა და ისევ გავაგრძელეთ გზა. ფეხები დამისისხლიანდა; რაც უფრო წინ მივიწევდით, გზა მით უფრო უარესდებოდა; ყოველნაირად ვფრთხილობდი, მაგრამ წვეტიანი ქვები და ეკალბარდები მთელ სხეულს მისახიჩრებდა. ჩემი ცემა-ტყეპა გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობდი, ის არ დამემსახურებინა. გზის გაგრძელება ვეღარ შევიძელი, მიწაზე დავეცი და, ჩემს ტანჯვა-წამებას რომ ბოლო მოღებოდა, ღმერთს სიკვდილი შევსთხოვე. ჰაჯი ქერიმმა კი საუბარი გამიბა. მისი სიტყვებიდან მხოლოდ ეს გავიგე:

_ შენ კნეინა ხარ?

ამ შეკითხვით მან უკვე რამდენიმეჯერ მომმართა. რასაკვირველია, უნდოდა შეეტყო, ჩემში რა გამოსასყიდს მიიღებდა. აზრადაც არ მომსვლია, მეთქვა, კნეინა ვარ-მეთქი, თორემ ამას, შესაძლებელია, ბევრჯერ დავეხსენი აუტანელი მოპყრობისაგან.

_ მე გუვერნანტი ვარ.

ჰაჯი ქერიმს ფრანგული არ ესმოდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, კაცთმოყვარეობა გამოეჩინა. ჩემგან საკმაოდ ფასეული ნივთები წაიღო და ამის შემდეგ მას ვერც წარმოედგინა, რომ მე, შესაძლოა, უბრალო გლეხის ქალი ვყოფილიყავი, ამიტომაც მკითხა:

_ შენ ქალბატონი (ქალბატონი ხარ)?

_ დიახ, _ ვუპასუხე მე.

ბოლოს ერთ-ერთი ნუკერი იხმო და მხრებში შემიდგნენ. უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიფე, რათა რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადამედგა.

როგორც იქნა, ავაღწიეთ მთის მწვერვალს და თავქვე დავეშვით. არ შემიძლია განვსაზღვრო, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ძნელი გადასვლა. სამივენი ერთდროულად არაერთგზის დავეცით. მაშინ ჰაჯი ქერიმი შმაგდებოდა და თავის მარცხში ბრალსა მდებდა. ივანე, პირიქით, ყოველთვის ალერსიანად მეპყრობოდა: როცა, მაგალითად, ჩემი შემაგრება ან წამოყენება უხდებოდა, ამას აკეთებდა ფაქიზად, უხეშობის გამოუვლენლად. ჩვენი მეპატრონე პირწავარდნილი ჯალათი გამოდგა. და, თუ სიცოცხლეს არ გამომასალმა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა, ჩემში დიდ გამოსასყიდს მიიღებდა _ მან ხომ არ იცოდა, ვინ ვიყავი!

საბოლოოდ, როგორც იქნა, გავივაკეთ. აქ ივანემ ჰაჯი ქერიმის უკან ცხენზე შემსვა, მაგრამ უნაგირში მავთულები იყო ამოჩრილი და აუტანელ ტკივილს მაყენებდა. არაერთხელ აღმომხდა მკერდიდან თავშეუკავებელი კივილი. თუმცა ჰაჯი-ქერიმი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ ეს მიმითითა: მის ქამარს მაგრად ჩავჭიდებოდი. ყველაფერ ამასთან ერთად, წარმოიდგინეთ ჩემი საშინელი მდგომარეობა, როცა საკუთარი თავის გადასარჩენად იძულებული ვიყავი შევხებოდი ჩემს ჯალათს, მოწყვეტილი ვიყავი ყველა ახლობელს და ვიმყოფებოდი ორ უცხო კაცს შორის, რომელთაგან ერთი შიშის ზარსა მცემდა, ხოლო მეორეს, პირველის ნების უენო შემსრულებელს, არ შეეძლო რაიმეთი დამხმარებოდა, კიდევაც რომ მოესურვებინა.

როდესაც რომელიღაც ნაკადული გადავლახეთ, მიბრძანეს, ჩამოვქვეითებულიყავი და მოხერხებულ ადგილზე გავჩერებულიყავი. წყურვილისაგან გული მიღონდებოდა და უკვე ისიც აღარ შემეძლო, წყალი ხვეწნა-მუდარით გამომეთხოვა. რუ კი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მიჩხრიალებდა. გადავწყვიტე, მივსულიყავი მასთან, მაგრამ ივანემ დამაკავა. დღემდე ვერ ამიხსნია, რა იყო ამის მიზეზი! მან მიწაზე ნაბადი დააფინა და მანიშნა, დავმჯდარიყავი. უმალ დავემორჩილე. ჰაჯი ქერიმმა აიღო ხალიჩა, რომელიც მის უნაგირს ეფარა, და რუს პირას გაშალა. შემდგომ ამისა, ჩემთან მოიტანა თავისი იარაღები და ჩემს სხეულზე დაალაგა _ ნიშნად იმისა, რომ მე მისი მონა ვიყავი. თავი მოიშიშვლა და ღელეს მიუახლოვდა, დაიჩოქა იმ ადგილზე, საიდანაც კარგად მოჩანდა მთვარე და დიდხანს ლოცულობდა. მეც ვლოცულობდი _ ღმერთს ვემუდარებოდი: ან დავებრუნებინე კნეინებთან, ანდა სიკვდილი ერგუნებინა…

ჰაჯი ქერიმმა ლოცვა მოათავა და მომიახლოვდა. ივანემ ნაკადულიდან აღებული წყალი მიაწოდა. მანაც შესვა და თუნგი მე გადმომცა, რომელშიც ივანემ რაღაც თეთრი საგანი ჩააგდო: გემოთი მივხვდი _ შაქარი უნდა ყოფილიყო. ხარბად დავეწაფე წყალს, თუმცა წყურვილი მაინც ვერ მოვიკალი.

ამ დროს ჰაჯი ქერიმმა ჯიბიდან ამოიღო ჩემგან წაღებული ძვირფასეულობანი, რომელთა შორის გახლდათ ჩემი შვილის პორტრეტიც. მან არ იცოდა, რა გამოსახულება იყო ეს და დიდად უკვირდა. ვცდილობდი, მისთვის გამეგებინებინა, რომ ჩემი ბავშვის სურათი იყო, თან ვთხოვდი, უკანვე დაებრუნებინა. ამ სიტყვების წარმოთქმისას მივუთითე მთვარეზე და წარმოვსთქვი ალლა იია (ღმერთი არს), ორადორი არაბული სიტყვა, რომლებიც ვიცოდი. ამან იგი განაცვიფრა. მაშინვე საუბარი გამიმართა, მაგრამ მისი არაფერი მესმოდა. მგონი, სწორედ ამ წუთიდან დამიწყო თანაგრძნობით ცქერა და მეტად აღარ ვუცემივარ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here