ლეკიანობა XVIII საუკუნეში აშკარა განადგურებით დაემუქრა კახეთის მოსახლეობას. ლეკები უდიდეს საფრთხეს უქმნიდნენ გარეშე მტრების მიერ ისედაც აწიოკებულ ქვეყანას. შამილის მარბიელი რაზმის მსხვერპლი აღმოჩნდა თავადის _ დავით ჭავჭავაძის ოჯახი, რომელმაც დაღესტანში ტყვეობის უმძიმესი თვეები გამოიარა.
განვაგრძობთ ანა დრანსეს მიერ მოთხრობილ ამბავს წიგნიდან “შამილის ტყვე ქალები”.
წინანდლის გაძარცვა. გამგზავრება
დიდი სურვილი მქონდა, დამენახა საყვარელი მეგობარი ქალები და ჩემი საცოდავი მოსწავლეები. ჩვენი ეზო, რომლის მოთვალიერებაც დავიწყე, საშინელი სანახავი გახლდათ: ცხენები, ხარები, კამეჩები, აყირავებული საზიდრები, აქვითინებული, ტანსაცმელშემოფლეთილი და გაწეწილთმიანი ქალები… ძალდატანების კვალი ყველაფერს ემჩნეოდა! ჩემი პატარა მარია მეძახდა, მთელი ძალით გაჰყვიროდა; მინდოდა, მიმერბინა მასთან, მაგრამ ნუკერებმა დამაკავეს… ვიგრძენი საკუთარი უმწეობა და, რადგან ამ უბადრუკ არსებათა უნებართვოდ ვერ ვბედავდი ფეხის გადადგმას, ვტიროდი და ვეხვეწებოდი, ჩემს საყვარელ პაწაწასთან მისვლის ნება დაერთოთ, მაგრამ არც ცრემლებმა და არც მუდარამ არ გაჭრა! თუმცაღა მალე, რაღაც ბედზე, ცხენზე მჯდარი მარია ჩემს გვერდით აღმოჩნდა; გადავკოცნე და ის ის იყო, უნდა გამემხნევებინა, რომ ჩემგან შორს წაიყვანეს.
აქეთ-იქით ვიმზირებოდი, იქნებ თვალი წავჰკრა კეთილ კნეინა ჭავჭავაძეს-მეთქი, და ბოლოს, როგორც იქნა, დავინახე… დავინახე, მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა ყოფაში! მიწაზე გაშხლართულიყო. საბრალო ლიდია მკერდზე მიკვროდა! მშვენიერი თმები გასჩეჩვოდა და, თუ ამოქარგულ კოფთას არ ჩავთვლით, რაც მცირედ უფარავდა სხეულს, მთელს მის ტანსაცმელს შეადგენდა შიდა საცვლები და ქვედაკაბა. მის პატარა გოგონას, ვისაც ძუძუთი კვებავდა, ეცვა მხოლოდ პერანგი: არც სახვევებში იყო გამოკრული და არც რაიმე საბურველი ეფარა, რაც ესოდენ აუცილებელია ჩვილის ნაზი სხეულისათვის. მძარცველებს ცხენები კნეინას ირგვლივ ისე მეტისმეტად ახლოს დაეყენებინათ, რომ ანგარიშმიუცემლად მივიჭერი მასთან, რათა გამეფრთხილებინა, მაგრამ მან თავი წამოწია და იმგვარად დამიქნია, თითქოს მეუბნებოდა, რომ მისთვის ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო, რომ ამ ქვეყანას მაინც აღარ ეკუთვნოდა.
_ ბავშვები! ბავშვები! _ წამოილაპარაკა მან.
_ მარია აი, იქ არის, სალომე კი უფრო იქით, _ ვუთხარი მე.
უცებ ვიღაცამ ხელზე ძლიერ მომქაჩა. კნეინას მიტოვება არ მეწადა, მაგრამ ტყვე ქალს ხომ არ შემეძლო, ჩემს ნებაზე ვყოფილიყავი და მაშინვე საკუთარ ადგილს მივაშურე. ამის შემდეგ ჩემ თვალწინ დატრიალდა სისხლიანი ტრაგედია, რამაც მთელი სხეული ამითრთოლა: კნეინას ახლოს გაიმართა საშინელი შეტაკება. თუმცა ქალბატონი ოდნავადაც არ შერხეულა, რათა მოსალოდნელი საფრთხე აეცილებინა. შეტაკება კი მისი მითვისების მიზნით მოხდა. მტაცებელთაგან ბევრი ხვდებოდა, რომ კნეინა ძვირფასი ნადავლი უნდა ყოფილიყო და მის გამო ერთი მეორეს გააფთრებით უტევდა. ბოლოს და ბოლოს ჩხუბი დასრულდა და კნეინა, ჩემს მსგავსად, ერთ-ერთ მეპატრონეს მიეკუთვნა, რომელიც დაიხარა და ჰკითხა:
_ შენ ხარ კნეინა ჭავჭავაძე?
_ დიახ, _ უპასუხა ქალბატონმა და შემდგომ ამისა, თვალებით ძებნა დაუწყო თავის შვილს. ვიღაცამ, ქართულად მოლაპარაკემ, ბავშვზე მიუთითა. მაშინ კნეინამ ყურებიდან მდიდრული საყურეები მოიძრო, გადასცა ისინი ამ კაცს და შემდეგ კვლავ უგონო მდგომარეობაში ჩავარდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი, თვალი მომეკრა კნეინა ორბელიანისათვის; მისი მულიშვილი კი, თავადის ასული ნინო, ჩემს შორიახლო საუკეთესო ცხენზე იჯდა. მეტისმეტად გაკვირვებული დავრჩი, მის მომხიბვლელ ქართულ ჩაცმულობას რომ დავაკვირდი _ იგი სრულ წესრიგში იყო და სულაც არ დაჭმუჭვნოდა. მას იცავდა და უფრთხილდებოდა ახალგაზრდა, რომლის სახის გამომეტყველებაც იმდენად სასტიკი არ იყო, როგორც სხვა მტაცებლებისა. სამაგიეროდ სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა კნეინების ღრმად მოხუცი დეიდა. მას ტანსაცმელი შემოსძარცვოდა, ჭაღარა თმები კეთილშობილ სახეზე ჩამოშლოდა, ხოლო ზეცისაკენ ზეაპყრობილი ხელებით თითქოს შესთხოვდა უფალს, დაესაჯა უღირსი არსებანი, რომლებიც არც მის ჭაღარას სცემდნენ პატივს და არც ებრალებოდათ. საცოდავი ასი წლის მოხუცი ქალიც თითქმის ასევე იყო გაშიშვლებული; მთიელები მას მეტისმეტად მკაცრად მოეპყრნენ _ ხეზე მიაკრეს. იგი მხოლოდ მეორე დღეს გაათავისუფლეს. რაც შეეხება კნეინა თინიას, ჩვენი წასვლის შემდეგ გაიქცა ტყეში, სადაც გლეხები იმალებოდნენ. აქ მას გადააცვეს მამაკაცის ტანსაცმელი და თელავს წაიყვანეს. ეს ორი უკანასკნელი მსხვერპლი ლეკებმა მიატოვეს: მათი ფიქრით, ისინი არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდნენ.
ამასობაში დაიწყო სასახლის ძარცვა: სკივრები, ჭურჭლეული, ვერცხლი, მაქმანები, ბრილიანტები, ძვირფასი შალეული _ ყველაფერი ხარბი მტაცებლების ხელში გადადიოდა, თუმცა მათ არც ფასი იცოდნენ მათი და არც იმ ნივთთა იშვიათობისა გაეგებოდათ რაიმე, რომლებსაც პირველად შეეხნენ თავიანთ ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ერთი ამსხვრევდა ვერცხლის სინებს, რათა ტომარაში მოხერხებულად მოეთავსებინა, მეორე მიწიდან იღებდა ძველ ხელთათმანს ანდა იტაცებდა ძველ ჩვეულებრივ შანდალს, რა თქმა უნდა, იმ ფიქრით, რომ მანაც ძვირფასი ნადავლი იგდო ხელთ. თითოეული ცდილობდა, მოემარაგებინა შაქარი, ყავა, ჩაი. ვიღაც ქილაში მდგარ ფერ–უმარილს გემოს უსინჯავდა, ვიღაცა კი ყლაპავდა აბუსალათინის ზეთს, ორმელსაც ჩვენი სამზარეულოს სურსათ–სანოვაგის ნაწილად მიიჩნევდა. აღმოჩნდა ისეთიც, ვინც ცდილობდა, ჩემთვის ცარცის ნატეხი შეეჭმევინებინა, რათა გაეგო, გემრიელია თუ არა? მთელი ეს სანახაობა გულისამრევი და საშინელი იყო. უხამსობამ აქ მთელი თავისი სახე გამოაჩინა.
ძარცვამ საათზე მეტხანს გასტანა. ბოლოს გამოგვიყვანეს ეზოდან და გზას გაგვიყენეს. მე ფეხით მივდიოდი; ნუკერები კი ამხედრებულნი მგზავრობდნენ. გზის სივიწროვის გამო ერთი წინ მიდიოდა, მეორე უკან მომდევდა. მალე ჩალმიანი მთიელი შემოგვიერთდა. თავზე წასაკრავად ჩვარი მესროლა, რომლითაც სამზარეულოში ჭურჭელს წმენდდნენ და ცხენზე ერთ-ერთი ნუკერის უკან კაცივით შემსვა. სხვა ტყვე ქალებიც ზუსტად ამგვარად მოემგზავრებოდნენ.
ალაზანი
გზამ მდინარესთან მიგვიყვანა. მდინარის პირას უკვე იდგა თავადის ეკიპაჟები. მათი შორს წაყვანა რომ შეუძლებლად ცნეს, ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.
ფონზე ცხენებით გავედით. მხოლოდ ერთადერთი კნეინა ჭავჭავაძე მოდიოდა ფეხით. მას მკლავზე გადაწვენილი პატარა ლიდია მოჰყავდა, მაგრამ მდინარის შუაგულს რომ მიაღწია, ნაკადს ვეღარ გაუძლო და ბავშვიანად წყალში ჩავარდა. ლეკებმა მაშინვე ნაპირზე ამოიყვანეს და უკვე სავსებით არაქათგამოლეული ცხენზე შესვეს. აქედან დაიწყო კნეინას ახალი წამებანი. თავისი მომტაცებლის უკან მჯდარს ცალი ხელით ლიდია უნდა მიეკრა მკერდზე, ხოლო მეორე ხელი მაგრად ჩაეჭიდა მხედრისათვის, რათა არ გადმოვარდნილიყო. საცოდავი პატარა, რომელსაც მხოლოდ პერანგი ფარავდა და ცუდად იჭერდა დაღლილი ხელი, ძლიერ ეხეთქებოდა უნაგირს. უბედური, თვალცრემლიანი დედა ამაოდ ევედრებოდა მასთან მიმავალ მთიელს _ მიეცა რაიმე ქსოვილი, რითაც ბავშვს ტანზე მიიკრავდა… მაგრამ იგი ქალის საწყალობელ ვედრებას და საშინელ წვალებას აინუნშიაც არ აგდებდა!
კნეინა ორბელიანი საკუთარ თავს უწყრებოდა, რატომ თვითონ არ დაიტოვა ლიდია; თუმცა ეს იმიტომაც მოხდა, რომ მისი და თვითონვე აწოვებდა ძუძუს გოგონას, და, რადგანაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თითოეულ ჩვენგანს ბედი სად გადაისვრიდა, ასეთ ვითარებაში დედაშვილის განშორება და განცალკევება არაგონივრული იქნებოდა. მართალია, ალექსანდრე ჭავჭავაძე ძიძას ხელიდან გამოსტაცეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩააბარეს საიმედო ხელს _ კნეინას მოახლე ლუციას, რომელიც, როდესაც საშუალება არ ჰქონდა, რაიმე საკვები ეშოვა, ბავშვს თოვლს აჭმევდა (ტყვეებს ხშირად უხდებოდათ ალპურ ზონაში სიარული, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა მწვანე მოლი და ფითქინა თოვლის საფარი.) და ასე გადაარჩინა იგი სიკვდილს. სამაგიეროდ ამ შემთხვევაში გიორგი ორბელიანი უფრო იღბლიანი გამოდგა. მისმა ჯანსაღმა სხეულმა და მკვრივმა აგებულებამ მთიელთა ყურადღება მიიქცია: იგი დაუტოვეს თავის ძიძას, რომელსაც ტომარაც მისცეს და მანაც საიმედოდ მიიკრა ბავშვი სხეულზე.
ჩემი მოსწავლეები ზოგჯერ ჩემთან საკმაოდ ახლოს მოდიოდნენ. მაშინ შესაძლებლობა მეძლეოდა, მათთან მელაპარაკა და ყმაწვილები დამემშვიდებინა. სალომე, რომლის ქცევაშიც უკვე კეთილშობილური სიამაყე იგრძნობოდა, ხმამაღლა წყრებოდა მასთან მჯდომ კაცზე და თავისი პატარა მჯიღით ემუქრებოდა. იმით შეშფოთებული, რომ ცუდად არ მოქცეოდნენ, ყოველნაირად ვცდილობდი, დამეწყნარებინა. რაც შეეხება მარიას, თავისი სილამაზითა და თავაზიანობით მოიგო. პირველად ბევრს ტიროდა, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ ვაშლი მიაწოდა, რასაც ჭამა დაუწყო და ჩაჩუმდა. მალე გლეხის პატარა ბიჭუნა და თავადის ნებიერი _ ელო მიუახლოვდა მარიას. ამის შემდეგ უდარდელმა ბავშვმა ცელქობა და სიცილი დაიწყო.
ნაჭრებად და ნაფლეთებად ქცეული ჩვენი ტანსაცმელი, შლაპები და სხვა ნივთები ამშვენებდნენ ცხენებსა და მთიელთა თავებს. ერთ მათგანს ტრიუმფით მიჰქონდა ჩემი ქოლგა: მთიელებსაც ისევე, როგორც არაბებს, ქოლგა კეთილშობილების ნიშანი ჰგონიათ.
გრძელი გზის გავლის შემდეგ ჩვენი გამტაცებლები დასასვენებლად შეჩერდნენ მოზრდილ მდელოზე. საქმის კეთილად დაგვირგვინების ნიშნად რამდენიმეჯერ კიდეც გაისროლეს. ამ სიგნალზე შემოკრბა მრავალი ჩეჩენი და ლეკი, რომლებიც წინანდლის ძარცვის მოსამთავრებლად იყვნენ გაგზავნილი.
მომიახლოვდა ერთ-ერთი მთიელი, მაჩვენა თავადის სასახლიდან მოტაცებული ფრანგული წიგნი სათაურით “ქრისტიანობის სული”. იგი უმეცრის ხელს დაემახინჯებინა; ძლიერ მომინდა, მქონოდა მშობლიურ ენაზე დაწერილი წიგნი, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ სავსებით შესაძლებელი იყო, სხვა ვეღარც კი მეხილა ვეღარასოდეს! მთიელმა მკითხა, თუ რა იყო ეს? რუსული ენა არ ვიცოდი და ერთი სიტყვით ვუპასუხე _ კარგია. ამ დრო იწყეს წასასვლელად მზადება. მთიელმა აიღო თავისი წიგნი და გამეცალა.
თამარი, თავად ჭავჭავაძის სამი წლის გოგონა, ხმამაღლა ტიროდა, რადგან მთიელებს ეწადათ, იგი ძიძისათვის წაერთმიათ. მისმა ჩხავილმა თავი მოაბეზრა მტაცებლებს. ამის გამო ბავშვი ტომარაში მოათავსეს. როცა პატარა მთიელთა საშიშარ სახეებს ვეღარ ხედავდა, ტირილი შეწყვიტა და ჩაიძინა.
მიგვაცილებდა სამიათასკაციანი ჯგუფი. ამ მიზეზით ხშირად ერთურთისაგან შორი–შორს მივდიოდით. ბოლოს კნეინები და მათი ბავშვები მხედველობის არედან სავსებით დამეკარგნენ. ნაღველი რომ ცოტათი მაინც გამეფანტა, მინდვრებს ყურადღებით თვალიერება დავუწყე. შემენანა საუცხოო ყანები, რომლებსაც მთიელები ასე უმოწყალოდ თელავდნენ თავიანთი ცხენებით. პირწავარდნილი ბარბაროსები! ამით სურდათ, საბოლოოდ დაეგვირგვინებინათ ასე წარმატებით წამოწყებული საზიზღარი გაჩანაგება–გავერანება.
როგორც იქნა, ალაზანს მივაღწიეთ. მრისხანე მზერა შემოგვაგება ამ მდინარემ. იგი ნაწვიმარზე ღვარებისაგან სულ მთლად გადარეულიყო და ნაპირზე გადმოსულიყო. ნუთუ, _ გავიფიქრე, _ მეკობრეთა განუსჯელობა იქამდე მივა, რომ ისინი მართლა გაბედავენ გახელებულ მდინარეზე გადასვლას? მათ ეს მართლაც გაბედეს და, უნდა ითქვას, ისე მარჯვედ და მამაცურად განახორციელეს მდინარის გადალახვა, გაოცებული დავრჩი. მანამდე ამის მსგავსიც კი არაფერი მენახა. ბავშვები რომ არ დასველებულიყვნენ, ცხენების ქედზე დასვეს და ხელებით აგვიხსნეს, ამ მდგომარეობაში ისინი რაც შეიძლება მაგრად გვჭეროდა. შემდგომ ამისა, უცებ შეაგდეს ცხენები წყალში; რაც არ უნდა მაღლა აეწიათ თავები ცხენებს, წყალი მაინც ზედ ყურებთან ადგებოდათ. თუმცა, უნდა გენახათ, რა საშინელი დაძაბულობით ცდილობდნენ მტრულად დაპირისპირებული სტიქიის დაძლევას! მდინარის შუაწელს რომ მივატანეთ, მარიამ დაიყვირა: “მადამ, კაბა გეკარგებათ!” სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა და მდინარის გადალახვის შემდეგ ჩემს ტანსაცმელს მხოლოდ პერანგი და კორსეტი შეადგენდა. სიცივემ ამაძაგძაგა, მაგრამ ერთ-ერთ მთიელს შევეცოდე და ნაბადი მომახურა.
ალაზანგაღმა გასულები რამდენსამე წუთს შევდექით. ჩემმა გამყოლმა ჯიბიდან სიმინდის ფქვილი ამოიხვეტა და ამ ღარიბულ საჭმელზე დამიწვია. მომაწოდა მოხარშული კამეჩის ხორცის ნაჭერი, რომელიც სიმაგრით მხოლოდ ქვას თუ ჩამოუვარდებოდა. გახევებული ნაჭერი უკანვე დავუბრუნე და წყალი ვსთხოვე. ამ დროს ჩალმიანი მთიელი მომიახლოვდა, თითიდან წამგლიჯა მის მიერვე დატოვებული უკანასკნელი ბეჭედი. მეორე ბეჭედი და სხვა ძვირფასეულობანი მან ჯერ კიდევ სასახლის ეზოში ამართვა. მერე ნუკერებს რაღაც უბრძანა და გაგვშორდა. შემდგომ ამისა, ხარ-კამეჩებიანი ჩემი გამცილებელი სხვა გზით წავიდა, თუმცაღა ეს გზა ძალიან არ შორდებოდა იმას, რომლითაც მოდიოდნენ ჩემი ძვირფასი თანამგზავრი ქალები.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)