რეჟისორისა და სცენარისტის ასია გუსევას ფილმს ორიგინალში Побег _ “გაქცევა” _ ჰქვია. სამი გვარის დაშიფრული აბრევიატურაა: П _ პუშკინი, Б _ ბიტოვი, Г _ გაბრიაძე. ორი თვალსაჩინო ხელოვანის თავისუფალი საუბარია ალექსანდრე პუშკინზე _ რუსი მწერლის, ანდრეი ბიტოვისა, და ქართველი მხატვრის _ (ამ შემთხვევაში) რეზო გაბრიაძის. ფანტასტიკური.
გაიხალისა ავტორმა ასია გუსევამ. წაითამაშა. გოგონებს უყვართ ბავშვობაში თავიანთ “საიდუმლო” ენაზე საუბარი. გულის ნადებზე. სხვათათვის არგასაგებად. თამაშობენ და არ უწყიან, რომ უწმინდესი გრძნობის წინამორბედია ეს “დაშიფრული გართობა”: სიყვარულის, რომელიც ამ ზამთარში მოუსვლელ თოვლში ამოწვერილ ენძელას ჰგავს.
“შტაბებს” იკეთებენ მოფარულ ადგილებში. ზოგჯერ ხეებზეც, ჩიტის ბუდესავით, ოჯახთან რომ ასოცირდება.
სათაურზე ვამბობ ამ ყველაფერს.
ბავშვობისდროინდელი სუფთა გრძნობა დიდხანს რომ გაჰყვება შემოქმედ ადამიანს, ესაა გამონაკლისი საოცრება. და სწორედ ამ “ნარჩენი დეფორმაციის” შედეგია ასია გუსევას ფილმი, რომლის ქართულ შემადგენელს გთავაზობთ დღეს საავტორო უფლების დარღვევით და არ გავურბივარ პასუხისმგებლობას.
“პეპლის ეფექტმა” ამ ფილმშიც იჩინა თავი.
სერიოზული ნამუშევარია _ ფრიად მნიშვნელოვანი და ფრიად საყურადღებო. აბსოლუტურად ორიგინალური, განუმეორებელი, როგორიც რეზო გაბრიაძეა, როგორიც რუსი მწერალი ბიტოვია, ანდრეი, რომლებიც საუბრობენ პუშკინზე.
პუშკინი “რუსეთის ყველაფერია”.
ეს დებულება რუსეთის იმპერიის განათლებულ სზოგადოებრიობას ჯერ კიდევ 1859 წელს შესთავაზა რუსმა მწერალმა და “ორიგინალურმა მოაზროვნემ” აპოლონ გრიგორიევმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ პოეტები “დიადი ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის უდიდეს საიდუმლოებათა მქადაგებლები” არიან.
ყველას თავისი პუშკინი ჰყავს. მათ შორის იმ ორსაც, რომლებიც ასია გუსევამ თავის ფილმში აალაპარაკა. ისინი ერთობლივად მუშაობდნენ პუშკინისადმი მიძღვნილ წიგნზე.
გამოსცეს.
ხოლო ფილმი მხატვრული ღირებულებითა და ნოვატორული სულისკვეთებით ლეო გაბრიაძის ავანგარდული “ჰარი-ჰარალე, დედაოს” რიგში ჩადგა.
ლაპარაკობს რეზო გაბრიაძე:
_ ბედმა ინება და მე აღმოვჩნდი მოსკოვის სასცენარო კურსებზე, სადაც სხვებთან ერთად სწავლობდნენ… სწავლობდნენო, უხერხულიც კი არის, რომ ვამბობ… იქ იყვნენ ძალიან ცნობილი მწერლები. მაგალითად, ვალოდია მაკანინი, სომეხი ფენომენალური მწერალი გრანტ მათევოსიანი, რუსტამ იბრაგიმბეკოვი… აი, ასეთი ადამიანები იყვნენ.
ასე აღმოვჩნდი ძალიან, ძალიან სერიოზულ მწერლებს შორის. ანდრეი (ბიტოვი) რომ წავიკითხე, გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა სწრაფად და რბილად გავცლოდი იქაურობას და სამუდამოდ დამევიწყებინა.
იანვარში დავწერე სცენარი (“არაჩეულებრივი გამოფენა”), რომელიც მოეწონა ცხონებულ ალექსეი კაპლერს. ასე აღმოვჩნდი კინოში 12 წლით.
ამ დროს ჩემთვის უმთავრესი იყო მეგობრობა ანდრეი ბიტოვთან.
(გაბრიაძე ფილმის რეჟისორს გადაუშლის თავის ჩანახატებს მეგობარზე).
ძალიან ძველი ნამუშევრებია. ჩემთვის უძვირფასესი და მშობლიური.
ეს კი უკანასკნელი ნახატია, სულ ბოლო, ძალიან ავადმყოფი რომ ჩამოვიდა, მაშინდელი. ანდრეი უკვე ის ანდრეი აღარ იყო, როგორიც უწინ… ხმაღა შერჩა. მქუხარე.
იგი უეცრად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და შემიძღვა პუშკინის პოეზიის უზარმაზარ სასახლეში. ჩვენი მეგობრობა იქ გრძელდებოდა.
პუშკინი სკოლიდან მომყვებოდა: „Буря мглою небо кроет“
ჩემი პროფესიის გადამკიდე, ყოველთვის რაღაცას ვხატავდი… ასე დავიწყე პუშკინის ხატვა და ნაირ–ნაირი ამბების გამოგონება… ანდრეის მოსწონდა. ზოგჯერ ეღიმებოდა. ზოგჯერ ღიმილზე მეტი იყო, რისი განსაზღვრაც რუსული სიტყვით გამიჭირდება.
შეირყა მსოფლიო. ატორტმანდა. მეც ამიყოლია _ გერმანია, შემდეგ _ საფრანგეთი, შვეიცარია, ამერიკა…
„Не валяй дурака, Америка,
Не обидим, кому говорят!
Отдавай-ка землицу Алясочку,
Отдавай-ка родимую, взад!
Не валяй дурака, Америка,
Вот те валенки, мерзнешь небось.
Что Сибирь, что Аляска – два берега,
Баня, водка, гармонь и лосось”.
(“ლუბეს” რეპერტუარიდან)
(ნუ მიჰქარავ, ამერიკა, დაგვიბრუნე
რუსეთს მშობლიური ალიასკაო.
ამ გალექსილ სტრიქონებთან არც რეზოს, არც ბიტოვს საქმე არ აქვთ: მე შემომეხარჯა აშშ. რატომო, ნუ მკითხავთ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ. ჩავწერე და ამოვისუნთქე, _ ა.ს.).
_ ჰოდა, დამაქვს ეს ჩემი ჩემოდნები, _ ეს ისევ რეზო გაბრიაძეა, _ ტუში, ფუნჯები და კალმები. და ვხატავ, ვხატავ, ვხატავ… ასე ჩნდებიან ჩემს ცხოვრებაში გალაკტიონ ტაბიძე, გოეთე, საადი...
ანდრეი ყველგან მაკითხავდა. არ ეზარებოდა ჩამოსვლა. სად არ შევხვედრილვართ ერთმანეთს.
ჩვენი თეატრი გასტროლებზე იყო ესპანეთში. მე, რასაკვირველია, ავიტაცე თემა _ პუშკინი ესპანეთში.
(გუსევას რეპლიკა ხაბანერას ფონზე: ყიდულობდა ფუნჯებს, საღებავებს და ავიწყდებოდა პალიტრის გაწმენდა. პუშკინი უკრავდა გიტარაზე. ესპანეთში. სადაც ვერა და ვერ მოახერხა ჩასვლა).
ესპანეთის შემდეგ ერთმანეთს პარიზში შევხვდით, სინიავსკების ოჯახში.
პარიზში დავასრულეთ წიგნი პუშკინზე. ანდრეის ტექსტით. მე ჩემი ნახატები მიმქონდა: პუშკინი ზის, პუშკინი მიდის, პუშკინი მიეყუდა ხეს, პუშკინი უყურებს თავის გარდერობს. ვაჩვენებ ანდრეის და ვეუბნები, რომ ჩემი ახალი ნამუშევარია. ანდრეი უყურებს… უცქერის. არ მეგონა, აქედან წიგნი თუ გამოვიდოდა. შეიკრა. დაკაბადონდა. გამოიცა “შრომისმოყვარე პუშკინი”. იგი არაფერს აკეთებს: არც წერს. ხან ძიძას ელაპარაკება, ხან რომელიღაც ჩიტის დაჭერას ცდილობს…
ანდრეის აზრები პუშკინზე შესანიშნავია. ამ თემის ათვისების პროცესში აღმოვაჩინე, რომ რენესანსს მწვერვალად თუ წარმოვიდგენთ, ევროპას სწორედ იქიდან დაეფინა ნიუტონად, ბახად და ა.შ. პუშკინიც მათ შორისაა. რენესანსი, უდიდესი აფეთქება. ქალაქი პეტერბურგი _ უკანასკნელი წერტილი…
პირველი იუბილე პუშკინს თბილისში გადაუხადეს. დილამდე სავარძლით ატარებდნენ ქალაქში. იყო მუსიკა და მრავალხმიანობა. ამ თემამ მეც გამიტაცა და დავხატე _ ბედნიერი იყო მაშინ პუშკინი.
იგი მარტოც დადიოდა ქალაქის ქუჩებში. აივნებზე წერდა ლექსებს. კედლებზე. ცარცით.
(ერთმა ინვალიდმა, შენიშნავს ფილმის ავტორი, არ მოუწონა საქციელი იმ ვიღაც პუშკინსა თუ კუკუშკინს, რატომ სვრიო კედლებს.
პუშკინი შეეხვეწა, ნუ ბრაზობო, და მისცა რუბლი “ვოდკის” საყიდლად).
_ ქვევრი რომ ნახა პუშკინმა, თავი ვერ შეიკავა და ჩაჰხედა. მაგრამ თუ ადამიანი ქვევრს ჩახედავს, საკუთარ ხმას მოსინჯავს აუცილებლად. პუშკინმაც სცადა, ემღერა. მაგრამ რატომღაც ბანით. კარგი მუსიკალური სმენა ჰქონდა. მისი ლექსები ადასტურებს.
მღეროდა ბანით პუშკინი. ორმა გამვლელმა გაიგონა ეს ხმა, ლამაზი მელოდია და პირველი და მეორე ხმები შეუწყო. ორნი იყვნენ თუ სამნი, ზუსტად ვერ გეტყვით. სევდიანი სიმღერა დაიბადა მაშინ უცხო ადამიანების შესრულებით. ასე ხშირად ხდება საქართველოში:
“ხიდისთავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,
თავს დავანგრიოთ ბანია!..”
ბედნიერების ამ სერიას პუშკინის ტრაგიკული ლექსები მოჰყვება. იმდენად ტრაგიკული, რომ ილუსტრაცია შეუძლებელია…
მე უფრო ვგრძნობ, ვიდრე მესმის, და _ ვიგებ.
საკვირველი ამბავია: პუშკინის დროს ადამიანმა უკვე მიაღწია საათში თითქმის სამოცი კილომეტრის სიჩქარეს. ასე დადიოდა “ჩუგუნკა” _ ორთქლმავალი რკინიგზაზე.
შეიძლება მეშლება ათი კილომეტრით. მაპატიონ! მაგრამ სიჩქარე დიდი იყო.
პუშკინს ჰყავს შვილები. იგი უხსნის მათ, რა არის “ჩუგუნკა”. ისინიც დედის გარშემო წრეზე დადიან. მატარებელივით, როგორც მუშთაიდის ბაღში.
პუშკინს ენატრებოდა “ჩუგუნკა”.
ყოველთვის მაღალი ცილინდრით დადიოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისალმებოდა შემხვედრს. მეორეც იმიტომ, რომ მაღალ ქუდში, როგორც სკაში, თავს იყრიდნენ ფუტკრები და უმზადებდნენ თაფლს (ეღიმება რეზოს), რომელიც უყვარს.
(ეს უკვე პირადულია. როცა ჩვენმა მეგობარმა ბიძინა სონღულაშვილმა მაისის ნატურალური თაფლით მოიკითხა (დაავადებულ ფილტვებს უხდებაო), რეზომ მეორე დღესვე დამირეკა და მითხრა: ასეთი თაფლი ჩემს ცხოვრებაში არ გამისინჯავსო”. (ა.ს.).
თაფლის სიყვარული პუშკინსაც ამიტომ მიაწერა, როგორც ჩანს. გენიოსის ახირებით ახსნიდა ამას ანდრეი ბიტოვი).
_ ჩვეულებისამებრ, ხმაურიანი კინოდღის შემდეგ ვხატავდი საღამოობით. კინოდღე კი მუშაობის სამ ნერვიულ დღეს უდრის.
დაბრუნდები შინ და წახვალ პუშკინთან და გალაკტიონ ტაბიძესთან _ საუკეთესო პოეზიაში და ხატავ. გვიან ღამით დაიძინებ.
_ პუშკინი შესანიშნავი გრაფიკოსი იყო.
_ სადღაც კიდეც დავწერე, რომ პუშკინი ბრწყინვალე გრაფიკოსია. სერიოზული გრაფიკაა! ნომერი პირველი მწერალი და მხატვარი ერთ პიროვნებაში.
ანდრეიმ მითხრა, რომ პუშკინს არ დაუწერია ლექსი პეპელაზე. ჩემს მოთხრობაში აღვწერე, როგორ აიღო პუშკინმა პისტოლეტი დუელის დროს და უცებ დაინახა პეპელა. თვალი გააყოლა და ამ დროს ესროლეს კიდეც. სასიკვდილოდ. მაგრამ პეპელად იქცა და გაფრინდა.
პეპელამ სხვა ამბავში გადაინაცვლა…
ასეთი თემაც მქონდა: იტალიის მზე და რუსეთის მზე. რუსეთის მზე ალექსანდრე პუშკინია. იტალიის მზე _ როსინი… წარმოვიდგინე მათი შეხვედრა.
რატომ მაინცდამაინც მათი?
პუშკინს აქვს ლექსი როსინის მუსიკაზე. უკეთესი “რეცენზია” არსად წამიკითხავს. სიტყვებით მუსიკის ამგვარად გამოხატვა წარმოუდგენელია:
Но уж темнеет вечер синий,
Пора нам в оперу скорей:
Там упоительный Россини
Европы баловен – Орфей.
Не внемля критике суровой,
Он вечно тот же, вечно новый,
Он звуки льет – они кипят,
Они текут, они горят,
Как поцелуи молодые,
Все в неге, в пламени любви,
Как зашипевшего аи
Струя и брызги золотые…
_ ძალიან მინდოდა, დაბერებულიყო პუშკინი, ანდრეიც, აგრეთვე… ბერდება, ბერდება და მწირად აღიკვეცება, ყარიბად წმინდა მიწაზე. დიდი კულტურა არსებობდა რუსეთში, როცა იმპერატორები წმინდა მიწაზე, მონასტერში აფარებდნენ თავს.
“სტალინგრადის” ერთ-ერთ ეპიზოდში ანდრეი მგზავრის როლს თამაშობს…
უმისოდ მოწყენილობამ დაისადგურა. დაცარიელდა სამყარო. თითი ინსტიქტურად მიიწევს მისი ტელეფონის ნომრის ასაკრეფად.
მშობლიურები გავხდით ერთმანეთისთვის. ძალიან მეუხერხულება იმის თქმა, რომ მეგობრები ვიყავით. ორმოცდაათი წლის შემდეგ ეს მეგობრობა აღარ არის, სულ სხვა ურთიერთობაა _ სიცოცხლე ერთად განვვლეთ. წავიდა და დაგვიტოვა ნამდვილი და დიდი სევდა.
წავიდა ლამაზი ადამიანი. ლამაზად წავიდა…
რასაც ახლა მოგიყვებით, ნამდვილი ამბავია. მსოფლიო მაშინ ბატის ფრთით წერდა. როცა გოეთემ გაიგო, რომ რუსეთში არის ასეთი პოეტი, პუშკინს ფოლადის კალამი გაუგზავნა ფრანგი ნეგოციანტის ხელით. იმ ფრანგმა, კალამი რომ არ დაზიანებულიყო, საჩუქარი პატარა ბოთლუკაში ჩადო.
მას (იმ კაცს) უთხრეს, რომ პუშკინი დილდილობით პეტერბურგის ამა და ამ კაფეში დადის და მივიდა იქ დილაადრიან. კაფე ცარიელი დახვდა. ვიღაც ერთი იჯდა მაგიდასთან და ყავას წრუპავდა. მაგიდაზე ედო ცილინდრი. დალია ყავა და წავიდა. იმ ფრანგმა კაფეს პატრონს მიმართა:
_ ამბობენ, რომ თქვენთან დადის პუშკინი. მითხარით, გეთაყვა, როცა მოვა.
_ პუშკინი ის კაცი იყო, რომელიც ეს-ესაა წავიდა.
_ სად წავიდა?
კაფეს პატრონი უპასუხებს, _ ყური მოვკარი, მეეტლეს რომ უთხრა, აქა და აქ მიმიყვანეო.
ფრანგი შიკრიკი დასახელებული ადგილისკენ წავა. სასწრაფოდ. მივა და აღმოჩნდება იქ, სადაც დუელი გაიმართა. იმ წუთის დამთავრებული იყო: პუშკინი სასიკვდილოდ გაეწირა დანტესს.
ფოლადის კალმის ხმარება ვერ მოასწრო. წერდა ბატის ფრთით, რომლითაც წერდა მისი წინამორბედი ყველა ბუმბერაზი შემოქმედი _ დანტეც, ვერგილიუსიც, ჩვენი რუსთაველი.
“და პიიტები ბატისფრთიანნი,
მუხამბაზების მთვრალი დარაჯა,
წვანან სიჩუმის ნავსადგურებში
და კალმის შუქი მათი არა ჩანს”.
გიორგი ლეონიძე
ხომ წარმოგიდგენიათ, რა უზარმაზარია მსოფლიო ლიტერატურის ის შენობა!
გადმოაქართულა
არმაზ სანებლიძემ
P.S. ამ ფილმზე რეზოს ჩემთან არასოდეს უსაუბრია. ისიც არ ვიცი, ნახა თუ არა.
ა.ს.