Home რუბრიკები პოლიტიკა ფაშიზმი _ სახელმწიფოს დამანგრეველი ძალა

ფაშიზმი _ სახელმწიფოს დამანგრეველი ძალა

2881
ფაშიზმი _ სახელმწიფოს დამანგრეველი ძალა

ბოლო წლებში საქართველოში, როგორც ყოველთვის, დასავლეთში არსებული რეალიების წამხედურობით, მომრავლდა ნეოფაშისტური დაჯგუფებები, რომლებიც, ძირითადად, ფეხბურთის ფანატებად და საქართველოს რადიკალ პატრიოტებად ინიღბებიან. ზოგი დაჯგუფება მაინცდამაინც არც კი ცდილობს თავისი ფაშისტური არსის შენიღბვას და ღიად გამოხატავს ამ დანაშაულებრივი იდეოლოგიით გატაცებას.

მართალია, ეს ჯგუფები მარგინალები არიან და მრავალრიცხოვნობითა და განსაკუთრებული ქმედუნარიანობით არ გამოირჩევიან, მაგრამ გარშემო არსებობს ნოყიერი ნიადაგი ფაშისტური იდეოლოგიის გასაძლიერებლად და ფაშიზმი, შესაძლოა, მალე მოსახლეობის ფართო ფენებისთვის გახდეს მიმზიდველი. ვგულისხმობ აზია-აფრიკიდან მოძალებული მიგრანტების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უნდობლობასა და შიშს. მათაგან ბევრი, შეიძლება, არც აპირებს საქართველოში დარჩენას, მაგრამ თუნდაც შედარებით მცირე პროცენტიც რომ დარჩეს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციის ან შესყიდული უძრავი ქონების გამო, საქართველოს სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა შეექმნება. ამ მოვლენას კი მოუმზადებელი საზოგადოება, შესაძლოა, მახინჯი იდეებით, ფაშისტური იდეოლოგიის ჩათვლით, დახვდეს. ეს ორმაგად საშიშია, რადგან მომეტებულ, სიმახინჯეში გადასულ პატრიოტიზმს ქვეყნის დაღუპვა გაცილებით სწრაფად შეუძლია, ვიდრე დემოგრაფიულ კრიზისს.

ქართული სახელმწიფო ან საზოგადოება, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ახალი და უახლესი ისტორიის პირუთვნელ და ობიექტურ შეფასებაზე. მეტიც, გამოცხადებულია ბრძოლა “კომუნისტურ წარსულთან”, რომელსაც, როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, დიდწილად ყოფილი კომუნისტები, კომკავშირელები, ჩეკისტები ან მათი შთამომავლები აწარმოებენ. საქართველო ამ მდგომარეობაში მარტო არ არის _ დასავლეთი სრულიად პოსტკომუნისტურ სივრცეზე აქეზებს საკუთარ ისტორიასთან ბრძოლას, რასაც, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ფორმით ფაშიზმის აღორძინებასთან მივყავართ. ეს იმიტომ, რომ, როდესაც ბავშვებს არ აძლევ საშუალებას, უარყოფითთან ერთად, გაეცნონ საბჭოთა პერიოდის დადებით მოვლენებს, განსაკუთრებით კი დამახინჯებით აწვდი ინფორმაციას 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომზე, უფრო ზუსტად, “დიდი სამამულო ომისაერთოდ ამოღებულია სახელმძღვანელოებიდან, ხოლო მეორე მსოფლიო ომის (1939-1945 წწ) ისტორია ისწავლება საბჭოთა კავშირისა და მისი ლიდერის, იოსებ სტალინის, ღვაწლის ბოროტად დაკნინებით, ეს ასე იქნება. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ისტორიის VII კლასის სახელმძღვანელოში ვერმახტის რიგებში მებრძოლ რამდენიმე ასეულ ქართველს ორ-ნახევარი გვერდი ეთმობა, ხოლო ნაცისტურ გერმანიასთან მებრძოლი 700 ათასი ქართველის ისტორია ერთ გვერდზეა დატეული. არაფერია ნათქვამი საბჭოთა სახელმწიფოს ლიდერისა და უმაღლესი მთავარსარდლის _ სტალინის როლზე, არც მისი მხედართმთავრების _ ჟუკოვის, როკოსოვსკის, კონევისა და სხვების წვლილია ნახსენები. სამაგიეროდ, ამერიკელი და ინგლისელი მხედართმთავრების _ მაკარტურისა და მონტგომერის ფოტოები სახელმძღვანელოში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. როგორც მახსოვს, ამავე სახელმძღვანელოში მოთხრობილია ტყუილ-მართალი წითელარმიელების მიერ “გაუპატიურებული” გერმანელი ქალების შესახებ, წითელი არმია წარმოდგენილია არა როგორც ევროპის ფაშიზმისგან განმათავისუფლებელი, არამედ “ოკუპანტი” ძალა… მოკლედ, სასკოლო სახელმძღვანელო გადაიქცა იაფფასიანი ანტისაბჭოთა პროპაგანდის არენად. კარგა ხანია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და საბჭოეთთან ახლა ბრძოლას აზრი არ ექნებოდა, ყოველივე ეს ანტირუსულ ხასიათს რომ არ ატარებდეს. თანამედროვე დეზინფორმატორები ცდილობენ, საქართველოს მომავალი თაობები მენტალურად დააშორონ საერთო ისტორიას, დაწვან ხიდები ქართველებსა და რუსებს შორის. ისინი ხვდებიან, რომ დიდი სამამულო ომის გმირული ისტორია შეიძლება იყოს საფუძველი ჩვენი ერების სულიერი ერთიანობისა, ამ ერთიანი ისტორიის საფუძველზე რუსეთთან კეთილ, მეგობრულ ურთიერთობებს მეტი მიმზიდველობა ეძლევა. თანამედროვე რუსეთი არავის ართმევს ისტორიას. რუსეთის ტერიტორიაზე, განსხვავებით საქართველოსაგან, ყველა საძმო სასაფლაო მოვლილია და დაცული სახელმწიფოს მიერ. რუსეთში არავის მოუვა აზრად დიდი სამამულო ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის საფლავის ამოთხრა და ზემოდან სხვა მიცვალებულის დამარხვა.

არადა, ასე განადგურდა თბილისში კუკიის და ე. წ. მერვე პოლკის საძმო სასაფლაოების დიდი ნაწილი, სადაც განისვენებენ დიდი სამამულო ომის მონაწილეები საბჭოეთის სხვადასხვა რესპუბლიკიდან. ბათუმში ჩემი და ჩემი ბათუმელი მეგობრების (უწინარესად, ბატონი სოსო ქორიძის) თაოსნობით ძლივს გადავარჩინეთ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვეულებრივ სასაფლაოდ გადაქცეული ფერიას საძმო სასაფლაოს მცირე ნაწილი… ეს არის საქართველოს უდიდესი სირცხვილი, ქრისტიანი ხალხი ასე არ იქცევა!

შემთხვევითი არ არის, რომ ფაშიზმი, პირველ რიგში, სწორედ ქრისტიანობას უპირისპირდება და სახელმწიფოს ცხოვრებიდან მის განდევნას ცდილობს (შემიძლია მუსოლინისა და ჰიტლერის არაორაზროვანი ციტატების მოხმობა, თუმცა მინდა, ამ თემას ცალკე წერილი მივუძღვნა). კომუნისტებიც, თავის მხრივ, ათეისტურ პოზიციებზე იდგნენ და ადრეული ბოლშევიკები ტაძრებსაც კი შეეხნენ, მაგრამ ეს ცალკე განხილვის საგანია (და ამ თემაზეც მექნება წერილები). ფაშიზმი ქრისტიანობას აღიქვამს ხალხის გაბრიყვების შემაფერხებელ გარემოებად, ფაშიზმს ხომ სწორედ გაბრიყვებული მასები სჭირდება. ბენიტო მუსოლინი გონს, გონებას განიხილავდა, მხოლოდ როგორც ინსტრუმენტს, რომელსაც არ შეუძლია გახდეს ბრბოს, მასის მამოძრავებელი ძალა. ჰიტლერი კი ამბობდა, რომ ყალბი რწმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ურწმუნოება. ფაშიზმისა და ფაშიზმის უკიდურესად მავნე განშტოების – ნაციზმის ეს ორი ლიდერი არ მალავდა, რომ მათ გონდაბნელებული მასები სჭირდებოდათ. ეს ნიშნავს ფანატიზმს, არანაირი ფაშიზმი არ არსებობს ფანატიზმის გარეშე. შესაბამისად, ქრისტიანობა არის რწმენა, რომელიც ფანატიზმის შემაკავებელი ძალაა. შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ფანატიკოსი ქრისტიანებიც და ქრისტიანობის წიაღში წარმოშობილი ფანატიკური სექტებიც რეალობაა, მაგრამ საკუთრივ ორთოდოქსული ქრისტიანობა შორს არის ფანატიზმისგან (რწმენაში სიმტკიცე და რწმენის დაცვა ფანატიზმი არ არის). ამიტომაც უწყობს ხელს ქრისტიანობა სახელმწიფოს გრძელვადიან განვითარებას, ქრისტიანული იმპერიები საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ და სხვა ფორმით იარსებებენ კიდეც, სანამ თვით პოლიტიკის სფერო იარსებებს. სამაგიეროდ, ფაშისტური სახელმწიფოები რამდენიმე ათწლეულზე მეტ ხანს ვერ ძლებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ფანატიზმზე დაფუძნებული ფაშისტური იდეოლოგია, რომელიც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აცხადებს აბსოლუტად და გვევლინება ეტატიზმის ფორმად, მეორე მხრივ, თავად უბიძგებს ამ სახელმწიფოს დაღუპვისკენ, ვინაიდან ფაშიზმი მუდმივად ეძებს მტრებს, განსაკუთრებით, ეთნიკურ ნიადაგზე. ფაშისტური სახელმწიფო აუცილებლად ორიენტირებულია საგარეო ექსპანსიასა და თავის შიგნით, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების ჩაგვრაზე ან სულაც, განადგურებაზე. გამომდინარე აქედან, ვსაუბრობ კიდეც სახელმწიფოსთვის ფაშიზმის დამანგრეველ ძალაზე. ფაშიზმი არის ფსევდოსახელმწიფოებრივი იდეოლოგია, მის მიერ დამყარებული წესრიგი მოჩვენებითია, რეალურად იგი იწვევს ქაოსსა და მუდმივ ომებს. ფაშიზმი ამიტომ არის ანტიჰუმანური და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა!

როგორც ცნობილია, პოლიტოლოგები ფაშიზმის რამდენიმე ნაირსახეობას გამოყოფენ. კლასიკური დაყოფაა მუსოლინის იტალიური ფაშიზმი და ჰიტლერის გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი, მაგრამ თანამედროვეობაში თავს იჩენს ლიბერალური ფაშიზმი. ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში რთულია თემის გაშლა, ამიტომ ამჯერად მხოლოდ ერთ საინტერესო წყაროზე მივუთითებ მკითხველს _ ამერიკელი ავტორი ჯონა გოლდბერგი ამხელს ლიბერალურ ფაშიზმს თავის ბესტსელერში, რომელიც პირველად 2007 წელს გამოიცა, ხოლო მისი რუსული თარგმანი 2012 წელს გამოვიდა. საქართველო დღეს სწორედ ლიბერალი ფაშისტების ხელშია. ლიბერალები თითქოს ებრძვიან ფაშიზმს და კომუნისტურ სისტემას აბრალებენ ფაშისტურ თვისებებს, მაგრამ რეალურად თავად არიან ფაშიზმის მთავარი მახასიათებლებით მოცულნი: განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებლობა, აგრესიულობა, ანტიქრისტიანულობა და ანტიეკლესიურობა, რუსოფობია და კიდევ ბევრი სხვა ნიშანთვისება აკავშირებს ლიბერალებს ფაშისტებთან, ამიტომაც ლიბერალფაშიზმი, სულ მცირე, როგორც სამუშაო ტერმინი, ძალიანაც გამართლებულია. ჯონა გოლდბერგი ლიბერალ-ფაშიზმს მემარცხენე მიმდინარეობებს უკავშირებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ლიბერალიზმი, ისევე როგორც ფაშიზმი, არც “მემარცხენეა” და არც “მემარჯვენე”, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში სულ უფრო აშკარაა “მემარცხენე” და “მემარჯვენე” მიმდინარეობებს შორის ზღვარის წაშლა და, ვინც თავს ამ ჩარჩოებში მოაქცევს, იგი ავტომატურად მარგინალდება. ის, თუ რატომ არ არის კომუნიზმი ფაშიზმის ტოლფარდი, როგორც ამას ლიბერალ-ფაშისტები გვიჩიჩინებენ, ჩემს შემდგომ პუბლიკაციებში განვმარტავ, ასევე შევეცდები, ვაჩვენო, რომ დღევანდელი გადასახედიდან, ქრისტიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით, კომუნისტური სისტემა გაცილებით უფრო მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე კლასიკური ფაშიზმი ან თანამედროვე ლიბერალფაშისტური სისტემები.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

2 COMMENTS

  1. კარგი იყო კარგად ვიცინე. სხვა დროს ეცადეთ ცოტა მაინც შენიღბოთ და დაფაროთ თქვენი აზრი, მიზანი და შეხედულებები. თორე ასე მიკერძოებულადადაც არ გინდათ, სტატიაა მაინც და ხალხი კითხულობს.

  2. გასაოცარია არ დონის გაუნათლებლები ხართ თქვენ ლიბერასტები, ჯერ ერთი ფაშიზმი და ნაციზმი სხვადასხვაა და თუ ფაშიზმი ცუდია და ყველაზე საშინელია მაგ ლოგიკით დავით აღმაშენებელიც მკვლელი და საშინელი გამოდის რადგან მუსოლინმა იმ დროისთვის მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის იტალიის მართველმა მსოფლიოში ყველაზე სის!ხლიან დიდ მსხვერპლიან ომში 300,000სი ადამიანი მოკლა თანაც უდანაშაულო უიარაღო მოსახლეობა კი არა შეიარაღებული ჯარისკაცები ომში ყველა მხარეს მსხვერპლია ხოლო იმ პერიოდში მსოფლიოს მოსახლეობა 2-3 მილიარდი იყო ხოლო აღმაშენებლის დროს 200-300 მილიონი იყო მსოფლიოს მოსახლეობა და აღმაშენებელი 2 მილიონიანი ქვეყნის მართველი იყო მუსოლინი კი 40-60 მილიონიანი და აღმაშენებელმა მოკლა 300,000 ადამიანი დიდგორში 2 მილიონიანი ქვეყნის მართველმა.
    ფაშიზმა საბოლოო ჯამში 600,000სი ადამიანი დახოცა უმეტესად ომებში ხოლო კომუნიზმა 100 მილიონი უდანაშაულო მოსახლეობა შეიწირა თანაც თავიანთი ხალხი დახოცეს და არა რომელიმე სხვა ქვეყნის კომუნისტური პარტიები საქართველოში აქტიურები არიან და არჩევნებზე მონაწილეობის უფლებაც აქვთ ხოლო საქართველოში ერთი ფაშისტური პარტიაც კი არ მინახავს დარეგისტრილებული ცუდი გრამატიკისთვის ძალიან დიდ ბოდიშა გიხდით

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გუჯა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here