თანამედროვე საზოგადოებაში ფული ყოველთვის არ არის ბანკნოტები და მონეტები. ბევრი ხალხი აქამდე იყენებს ვალუტად ხის დაფებსა თუ ლითონის ან ქვის ფილებს. ფულის ერთეულები, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ყველაზე უცნაურად ჩაითვალოს, რადგან მათ ანალოგი არ აქვს.
დისნეის დოლარები
უოლტ დისნეიმ შექმნა ზღაპრების ნამდვილი სამყარო, რომელსაც თავისი ვალუტა სჭირდებოდა. არსებობს 1, 5, 10 და 50 ნომინალის დოლარის კუპიურები, რომელთა გამოშვებაც 1987 წელს დაიწყეს. ეს ფული შეიძლება გამოიყენოთ ცნობილი მულტიპლიკატორის სახელობის ატრაქციონების პარკებში. კუპიურებზე ცენტრალური ადგილი უკავიათ მულტფილმების გმირებს, რომელთა შორისაა გუფი, მიკი მაუსი, დონალდ დაქი.
ხის ბანკნოტი
I მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ღრმა საფინანსო კრიზისში ჩაიძირა. გერმანელებმა დაიწყეს თავისი არაოფიციალური ვალუტის გამოშვება, რომელსაც Notheld-ი (ფული საგანგებო სიტუაციისთვის) უწოდეს. ქვეყანაში ვალუტას ბეჭდავდნენ ყველაფერზე _ ხეზე, ალუმინის ფოლგაზე, ბანქოს ქაღალდზე და ა.შ.
ურალის ბუ
მონღოლეთის ნაციონალურმა ბანკმა 2007 წელს დაიწყო საკოლექციო მონეტების გამოშვება იმ ცხოველების გამოსახულებებით, რომლებიც გადაშენების პირასაა. ამ ლითონის ფულზე არა მხოლოდ ნუმიზმატების, არამედ რიგითი მოქალაქეების დიდი მოთხოვნაა, რომლებმაც გადაწყვიტეს, მხარი დაეჭირათ მთავრობისთვის. 2011 წელს ვერცხლის მონეტაზე გამოსახულია ურალის ბუ, რომელსაც თვალებად სვაროვსკის ლურჯი ფერის კრისტალები აქვს.
პეპელა კამერუნიდან
1000 კამერუნული ფრანკის ნომინალის ვერცხლის მონეტა 2011 წელს გამოუშვეს. ის ბევრმა ნუმიზმატმა აღიარა ყველაზე ლამაზ მონეტად მსოფლიოში. მონეტაზე გამოსახულია ყვავილი და მასზე მჯდომი პეპელა, რომლის ფერადი ფრთები გადის მონეტის საზღვრებს გარეთ. მისი დამზადების ტექნოლოგია მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ასეთი მონეტები 2500 ცალი გამოუშვეს და ყველა შექმნეს კოლექციონერებმა.
ფეხბურთელის პატივსაცემად
2006 წელს ირლანდიის ნაციონალურმა ბანკმა 5 გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი გამოუშვა. შეზღუდული რაოდენობის კუპიურების გამოშვება მიეძღვნა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის _ ჯორჯ ბესტის ხსოვნას. ბანკნოტზე აღბეჭდილია ბესტის საუკეთესო პოზიციები მოედანზე, როდესაც მან მოწინააღმდეგის კარში ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთების გატანა შეძლო.
ვერცხლის პირამიდა
ეს ორიგინალური მონეტა 2009 წელს გამოუშვა ფულის დამამზადებელმა კომპანიამ Pobjov Mint-მა ინგლისის ქალაქ ტადვორტში. მონეტის გამოშვება მიუძღვნეს ცნობილი არქეოლოგის, ჰოვარდ კარტერის, გარდაცვალების 70 წლისთავს. არქეოლოგმა კრატერმა ეგვიპტეში მეფეთა ველზე აღმოაჩინა ტუტანჰამონის აკლდამა. სამკუთხედის ფორმის მონეტაზე გამოსახულია აკლდამის კედლების მოხატულობა, ზედა ნაწილში კი _ მზის დისკო.
გიტარები
2004 წელს სომალიში გამოუშვეს ფერადი მონეტები, რომელთა საფუძველს ვერცხლი წარმოადგენს. კოლექციონერებისთვის განკუთვნილი ეს ფული როკ-ენ-როლის დაარსებიდან 50 წელს მიუძღვნეს. მონეტებს აქვს ცნობილი მუსიკის შემსრულებლების გიტარისა და აშშ-ის ზოგიერთი შტატის ფორმა. თითოეული მონეტა 1 დოლარის ნომინალისაა.
ყველაზე ძველი ბანკნოტი
ქაღალდის ფული პირველად ჩინელებმა გამოიყენეს დინასტია ტანის (618-907) ეპოქის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ქაღალდის ფული მიმოქცევაში გაჩნდა დაახლოებით მე-17 საუკუნეში. 1380 წელს გამოშვებული ჩინური კუანი მსოფლიოში ყველაზე ძველი ბანკნოტია.
სამოთხის სურნელი
უნიკალურად ითვლება კუნძულ პალაუზე გამოშვებული მონეტები სერიიდან “სამოთხის სურნელი”. მათი განმასხვავებელი თავისებურება არის ის, რომ თითოეულ მონეტას თავისი სურნელი აქვს. ამ სერიის პირველ მონეტაზე გამოსახულია ქოქოსი და აქვს ქოქოსის არომატი; მეორე მონეტაზე ამოტვიფრულია სერფინგისტი ქალი ტალღაზე, მონეტას კი ზღვის სურნელი ასდის.
კოსმოსური გირვანქა სტერლინგი
ეს არის ვალუტა, რომელიც ჯერჯერობით არ გამოუყენებიათ. კოსმოსური გირვანქა სტერლინგი დაამზადეს აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ნაციონალური სამმართველოს (NASA) მეცნიერებმა, როგორც ალტერნატივა ელექტრონული გადარიცხვებისა, რომლებიც განხორციელდება დედამიწის კოლონიებიდან სხვა პლანეტებზე. ფულის ფორმა და მასალა ისეა შერჩეული, რომ გაუძლოს დიდ გადატვირთვებს კოსმოსში მოგზაურობისას.
ქვის “მონეტები”
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების კუნძულ იაპზე ოფიციალური საგადასახადო საშუალებაა ქვები, რომლებიც 5 მ დიამეტრის კირქვის დისკოს წარმოადგენს. ასეთი დისკოს ღირებულება დამოკიდებულია მის ზომასა და წონაზე _ რაც უფრო მძიმეა ე.წ. მონეტა, მით მეტია მისი ფასი.
მოამზადა ნიკა კორინთელმა