Home რუბრიკები ისტორია უკვდავი სახელები: კორნელი კეკელიძე

უკვდავი სახელები: კორნელი კეკელიძე

კორნელი კეკელიძე

ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე კორნელი კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი დამაარსებელი.

კორნელი კეკელიძე 1879 წლის 30 აპრილს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში, მრავალშვილიან ოჯახში.

ქუთაისში სწავლის დამთავრების შემდეგ კორნელიმ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. მასთან ერთად სემინარიაში სწავლობდა იოსებ ჯუღაშვილი.

1896 წელს დედა გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ კი _ მამა. კორნელის და მთლიანად დაობლებულ ოჯახს უფროსი და _ აკვირინე და მისი მეუღლე _ კალისტრატე ცინცაძის უმცროსი ძმა, ამფილოქე, ეხმარებოდნენ. როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, კორნელი სახელმწიფოს ხარჯზე კიევის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, გამოცდები შესანიშნავად ჩააბარა და სიტყვიერების ფაკულტეტზე მოეწყო.

1904 წელს, კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, კორნელი საქართველოში დაბრუნდა. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში; მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში.

1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კორნელი კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას.

სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. კეკელიძის ადრინდელმა სამეცნიერო ნაშრომებმა ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი.

1948-1954 წლებში კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომი. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაშიც.

კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში, ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923-1960 წლებში ოთხჯერ გამოიცა). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა “ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი” (რუსულ ენაზე, 1938 წელს).

კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა, როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულბიზანტიური, ქართულსპარსული ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრიცხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერთა კადრების აღზრდაშიც.

ამაგდარი მეცნიერი 1962 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს.

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here