მკითხველს ამ წერილშიც ვთავაზობ უმნიშვნელოვანეს მასალას ქალაქ რუსთავის, აგრეთვე, რუსთავში მდებარე ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის ლეგენდარულ ისტორიას, რომელიც არა კვლევის, არა მონათხრობის, არამედ თვითმხილველის თვალით არის აღწერილი. უახლოესი ისტორიის მკვეთრ მოსახვევთა ლაბირინთებში ბევრი რამ დაიკარგა და ზოგი მოვლენაც მრუდე სარკეში აისახა, მაგრამ ანდაზისა არ იყოს, “სიმართლის ნერგი იხარებს, დარგო თუნდ სიპსა ქვაზედა”.
ახლა კი მივყვეთ ფაქტობრივ მასალას, რომელიც იმ ეპოქის განუმეორებელი შრომითი გმირობისა და მამაცობის მაგალითს წარმოადგენს. მეტალურგიული ქარხნის საბოლოო პროდუქციას საგლინავი საამქრო უშვებდა _ სხვადასხვა სახის ფოლადის ნაგლინს. ეს საამქრო უზრუნველყოფილი იყო წარმოების ყველა საჭირო მოწყობილობით (ბლუმინგითა და სხვადასხვა ზომის სპეციალური დაზგებით). მილების გლინვის საამქროს მიერ გამომუშავებული სხვადასხვა მილი განკუთვნილი იყო, ძირითადად, ნავთობის მრეწველობისთვის.
ცეცხლგამძლე მასალების საამქრო აკმაყოფილებდა ქარხნისა და გარე მომხმარებლების მოთხოვნას ცეცხლგამძლე მასალებზე, მათ შორის, პირველ რიგში, ბაქოს მილსაგლინავი ქარხნის მოთხოვნას.
სარემონტო–დამხმარე საამქროები მოიცავდა სხვადასხვა დანიშნულების საამქროს (ფასონ-სხმული სამჭედლოს, ლითონკონსტრუქციების, სარემონტო-მექანიკურ, სარემონტო-სამშენებლო, ხის დამამუშავებელ, სახარატო და ელექტროსარემონტო საამქროებს). მეტალურგიულ ქარხანას წელიწადში სჭირდებოდა 200 მლნ კვტ/საათზე მეტი ელექტროენერგია წარმოების საჭიროებასა და სხვა მომხმარებლებზე გასანაწილებლად. ქარხნის ელექტრომომარაგების წყარო იყო თბოელექტროსადგური, რომელიც უერთდებოდა რაიონულ ელექტრორკალს. თბოელექტროსადგური წელიწადში გამოიმუშავებდა 225 მლნ კვტ/სთ ენერგიას. ჭარბი ელექტროენერგია, დაახლოებით 20 მლნ კვტ/საათის ოდენობით, გადაეცემოდა რკალს. თბოელექტროსადგურთანვე იყო დაკავშირებული ქარხნისათვის საჭირო ორთქლის მიღება და ორთქლჰაერის საბერი მოწყობილობის მუშაობა. გათვალისწინებული იყო, აგრეთვე, ქარხნის საწარმოო და სამეურნეო საჭიროებისათვის წყლით უხვი მომარაგება. საწარმოო მიზნებისათვის ქარხნის საამქროებს სჭირდებოდა წამში 5 კუბ. მეტრი წყალი, მომარაგების წყარო იყო მდინარე მტკვარი, რომელზეც აშენდა წყლის გამწმენდი, მძლავრი სატუმბავი სადგური და სხვა ნაგებობანი. ქარხნის სასმელი და სამეურნეო წყლით მოსამარაგებლად გაყვანილი იყო თბილისის ახალი წყალსადენი ბულაჩაურის წყაროებიდან. ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე გათვალისწინებული იყო 1,5 მლრდ მანეთის კაპიტალური დაბანდებანი. ქარხნისათვის საჭირო იყო დაახლოებით 15 000 მუშა, მათგან 1 200 _ ინჟინერ–ტექნიკოსთა პერსონალი. ქარხნის კვალიფიციური მუშახელით უზრუნველსაყოფად საბჭოთა კავშირის შავი მეტალურგიის ქარხნებში სწავლობდა 3 000 კაცი და საქართველოს სხვადასხვა ქარხანაში _ 2 000 კაცი.
ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხანა ათეული წლობის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო რკინის მადნით, სათბობითა და სხვა საჭირო არამადნეული ნედლეულით. რკინის გამდიდრებული მადნის მომწოდებელი იყო აზერბაიჯანისა (დაშქესანის) და საქართველოს საბადოები, გამდიდერებული ქვანახშირისა _ ტყიბული და ტყვარჩელი, შამოტისა _ შროშა, დოლომიტისა _ აბანო, ბენტონიტური თიხისა _ ასკანა, ტალკისა _ სამხრეთი ოსეთი. დაშქესანის საბადოებზე ადამიანი უხსოვარი დროიდან მუშაობდა. მისი შესწავლა მე-19 საუკუნის დამლევს დაიწყო, მაგრამ დეტალური კვლევა ჩატარდა მხოლოდ 1924 წელს. საბადოს მარაგი მეტალურგიულ ქარხანას უზრუნველყოფდა 60 წლით. მადნის ამოღება, ძირითადად, მიწისქვეშა სამუშაოებით წარმოებდა. ამოღების, გაწმენდისა და ტრანსპორტირების ყველა პროცესი მთლიანად მექანიზებული იყო. საბადოზე მუშაობდა 1 500 კაცი. ტყიბული და ტყვარჩელი ქარხანას ქვანახშირით უზრუნველყოფდა. ოპტიმალური ნაზავები იყო 60% ტყვარჩელისა და 40% ტყიბულის ნახშირი. მშრალი ნაზავიდან მიიღებოდა 68%-იანი კოქსი, ხოლო მისგან 90%-იანი მეტალურგიული კოქსი. შროშის (ძირულის) ცეცხლგამძლე თიხის მარაგი, რომლიდანაც შამოტის აგურიც მიიღებოდა, უზრუნველყოფდა ქარხანას 25-30 წლით, აბანოს დოლომიტისა _ 30 წლით, ყველა დანარჩენი სახის ნედლეული სრულიად უზრუნველყოფდა ქარხნის მოთხოვნებს.
ამიეკავკასიის მეტალურგიული ქარხნის გარშემო აშენდა ახალი სოციალისტური ქალაქი, რომლის მოსახლეობის 50% შეასახლეს ინდივიდუალური ტიპის საცხოვრებელ სახლებში დამოუკიდებელი მეურნეობით. ქალაქის მშენებლობა ითვალისწინებდა მოსახლეობის სრულ კომუნალურ მომსახურებას მაღალ ტექნიკურ ბაზაზე. ქალაქს ჰქონდა სინათლე, სუფთა ჰაერი, წყალი და გამწვანება. აქ შეხამებული იყო ქალაქის მეურნეობის მაღალი მატერიალურ-ტექნიკური ორგანიზაცია და სოფლის ყველა დადებითი მხარე. ახალი სოციალიტური ქალაქი რუსთავი, გენერალური გეგმის თანახმად, თავისი ეკონომიური საფუძვლით იყო სამრეწველო ქალაქი, ორგანიზებით _ ჯანსაღი და მოხერხებული, გარეგნულად _ ლამაზი, აგებული ძველი ქართული ქალაქური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების მიხედვით. ასეთი ქალაქი გაშენდა ადგილზე, სადაც შორეულ წარსულში ფეოდალური ციხე იყო, უახლოეს წარსულში კი _ საქონლის საძოვარი და საბოსტნე მინდვრები. ქალაქი გაშენდა მტკვრის ორივე ნაპირზე, რომლებსაც აერთებდა ხუროთმოძღვრულად გაფორმებული ხიდი, ხოლო ქარხანასა და სხვა დასახლებულ ადგილებთან მას აკავშირებდა 5-კილომეტრიანი სწორხაზოვანი მაგისტრალი.
ნავარაუდევი იყო, რომ ქალაქ რუსთავში უნდა ეცხოვრა 50 ათას კაცს. საცხოვრებელი სახლები უმეტესად ორსართულიანი იყო. მთავარ მაგისტრალზე აიგო სამსართულიანი სახლებიც. ეს დაკავშირებული იყო ჰავასა და სეისმურ პირობებთან. სოციალისტური ქალაქის თითოეული საცხოვრებელი კვარტალი უზრუნველყოფილი იყო საჭირო საყოფაცხოვრებო და კულტურული დაწესებულებებით (სასადილო, საბავშვო ბაგები, ბაღები, სამედიცინო პუნქტი, სხვადასხვა სახელოსნო და ა.შ.). ქარხნას ბინები მოწყობილი იყო აბაზანებით, საკუჭნაოთი, სამზარეულოთი. ქალაქი ორიენტირებული იყო სამხრეთისა და აღმოსავლეთის გაბატონებული ქარების წინააღმდეგ, რათა ზაფხულობით უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი ბინებისა და ქუჩების გამჭოლი განიავება საცხოვრებელი კვარტლის გამონაბოლქვებისა და გაზებისგან დასაცავად. ქალაქი ქარხანას დაშორებული იყო 2-2,5 კმ გზით, რომლის მეოთხედს იჭერდა გამწვანებული ზოლი. კვარტლების გამწვანება აღწევდა 70%-ს. მთელი საცხოვრებელი ზონა შემორტყმული იყო მწვანე საფარით; ყოველივე ეს ძირფესვიანად ცვლიდა რუსთავის სახეს. ქალაქის ქუჩებს, მათი დანიშნულების მიხედვით (მაგისტრალური, ქალაქის, სატრანსპორტო და საცხოვრებელი), ჰქონდა 4-დან 12 მეტრამდე სიგანე. ქუჩები მიემართებოდა ძირითადი მაგისტრალის პერპენდიკულარულად ქალაქის დიდი ღერძის მიმართულებით და ქმნიდა ყველაზე მოკლე მანძილს მაგისტრალსა და ქალაქის ცალკეულ პუნქტებს შორის. ქალაქს ჰქონდა 500-ადგილიანი კლუბი და კინოთეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, პოლიკლინიკა, საავადმყოფო უბანი, მთავარი მაგისტრალის გასწვრივ მთელი რიგი ადმინისტრაციული განცალკავებული შენობები ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშების მიხედვით იყო აგებული.
ამიერკავკასიის მეტალურგიული კომბინატი იყო კოქსის დიდი მომხმარებელი, ხოლო ნახშირის ბაზაზე წარმოიქმნა საქართველოს კოქს-ქიმიის (ძირითადი ქიმიის) მრეწველობა. ქვეყნის ინდუსტრიალიზაციამ და სოფლის მეურნეობის გამსხვილებამ გამოიწვია ქიმიური მრეწველობის პროდუქციის საჭიროება, სამთო–მინერალური და მცენარეული ნედლეულის ბაზის გაფართოება. ენერგეტიკული მშენებლობის გაშლა უზრუნველყოფდა დიდი ქიმიის შექმნას და, ამგვარად, ჩვენი ქიმიური მრეწველობის პროდუქცია აკმაყოფილებდა არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა მოძმე საბჭოთა რესპუბლიკების მოთხოვნებსაც.
ქიმიური მრეწველობა
საბჭოთა წყობილების დამყრებამდე, საქართველოში საჭირო მედლეულის სიუხვის მიუხედავად, ქიმიური მრეწველობა ფრიად ჩამორჩენილი იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ იმთავითვე გააჩაღა დიდი მუშაობა მრეწველობის ამ დარგის ასაღორძინებლად. პირველ ხუთწლედში შეიქმნა თბილისის ქიმიური კომბინატი, რომელიც სახალხო მეურნეობის საჭიროებისათვის საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქციას უშვებდა. მალე დაიწყო, აგრეთვე, საქართველოს ქიმიური მრეწველობის ყველაზე დიდი საწარმოს, ქუთაისის ლითოფონის ქარხნის, მშენებლობა, რომელიც ამ პროფილის ყველაზე მძლავრი ქარხანა იყო საბჭოთა კავშირში. ლითოფონი, რომლის ძირითად ნედლეულს ბარიტი წარმოადგენდა, ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც მასალა, რეზინის, პლასტმასების, ტექნიკური ქსოვილებისა და სხვა წარმოებაში, მაგრამ იგი განსაკუთრებით ძვირფასი იყო, როგორც იშვიათი თეთრი საღებავი. ლითოფონის ქარხანა ამუშავდა 1940 წელს. მეორე სტალინურ ხუთწლედში აშენდა და ამუშავდა ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა თბილისში, ნატანების ბიტუმის ქარხანა, რომელიც ამარაგებდა ლენინგრადისა და უკრაინის ლაქსაღებავების მრეწველობას. შეიქმნა და დიდ საწარმოებად იქცა კოოპერაციის ორი არტელი, რომლებმაც ლაქსაღებავებისა და მინერალური ზეთების წარმოებაში ძირითადი ადგილი დაიკავა. ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სისტემაში მოეწყო პერმანგანიტის საამქრო, რომელიც იმხანად ერთადერთი იყო საბჭოთა კავშირში. ამას გარდა, გაფართოვდა როგორც ქიმიური კომბინატის, ისე კოოპერაციის საწარმოთა ხაზით ლაქსაღებავების, კერძოდ, თეთრას, საპნის, ზეთის, სოდის, შაბიამნის, სასტამბო სარებავებისა და მრავალი სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ქიმიკატის წარმოება, ხეტყის მშრალი გამოხდა და სხვ. ორი სტალინური ხუთწლედის განმავლობაში ქიმიური მრეწველობის შედარებით მნიშვნელოვან დარგებად იქცა ლაქსაღებავებისა და ფარმაცევტული მრეწველობა, რომელთა პროდუქციით მარაგდებოდა არა მხოლოდ საქართველო, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიც. სამამულო ომის პერიოდში ჩვენმა ქიმიურმა საწარმოებმა ნაწილობრივ ძირითადი ნედლეულის, უფრო მეტად ქიმიური და რიგი სხვა წარმოების ნარჩენების საფუძველზე განავითარეს გამოშვება ფრონტისათვის საჭირო ბევრი ისეთი ქიმიკატისა, რომლებიც მანამდე სსრ კავშირის სხვა რაიონებიდანაც არ შემოგვქონდა (ცეცხლგამძლე საღებავები, ცეცხლსაქრობი მასალები, გოგირდისა და ძმრის მჟავა, ლაჟვარდის საღებავები და სხვ.) და იმპორტის საგანიც კი იყო. 1946-1950 წლებში საქართველოს კოოპერაციის სისტემაში აშენდა და ამუშავდა შაბიამნის ქარხანა, წლიურად 2 000 ტონა პროდუქციის სიმძლავრისა და მოეწყო წლიურად 150 ტონა ნაკეთობის მომცემი პლასტრეზინის საწარმო.
საშენ მასალათა მრეწველობა
საბჭოთა წყობილების დამყარებამდე საქართველოს საშენ მასალათა წარმოება რამდენიმე მცირე სიმძლავრის აგურის, კრამიტის, კირისა და ხეტყის სახერხი ქარხნით იყო წარმოდგენილი. ეს სარეწავები აკმაყოფილებდა იმჟამინდელი მშენებლობის მოთხოვნებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დაიწყო ნაირსახოვანი და მაღალხარისხიანი საშენი მასალების საბადოების საფუძვლიანი შესწავლა. ძველად ცნობილი და უმთავრესად ახალგამოვლენილი საბადოების საფუძველზე ააგეს საშენ მასალათა დამამზადებელი სრულიად მექანიზებული საწარმოები. ფაბრიკა–ქარხნების, კომუნალურ, საბინაო, კულტურულ და საზოგადოებრივ დაწესებულებათა მასობრივი მშენებლობის გაშლა ბუნებრივი აუცილებლობით გულისხმობდა საშენ მასალათა მრეწველობის შექმნასა და განვითარებას, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კაპიტალური მშენებლობის ისეთი გრანდიოზული ტემპით წინსვლა, როგორსაც მოითხოვდა სოციალიზმის წარმატებით მშენებლობის ინტერესი.
სტალინური ხუთწლედის პერიოდში აიგო მრავალი ახალი აგურის ქარხანა, ხოლო ძირფესვიანად რეკონსტრუირებულ იქნა ძველი ქარხნები _ თბილისის, შროშის, ნოსირის, გალის, სოხუმის ქუთაისის, ხაშურის, ზუგდიდის, სტალინირის, სამტრედიისა და ა. შ. აშენდა კრამიტის ქარხნები ნოსირში, ქუთაისში; მხოლოდ 1940 წელს სხვადასხვა რაიონში ამუშავდა 9 ახალი ქარხანა 3,6 მლნ ცალი კრამიტის საერთო წლიური საწარმოო სიმძლავრით. კირის ქარხნები გაიმართა მოწამეთაში, სურამში, ძეგვში, ცხაკაიაში, იორში… აშენდა ცარცის ქარხნები ცაიშში, გალში; ალებასტრის ქარხნები _ ქუთაისში, ხუდონში; ხეტყის სახერხი ქარხნები _ მცხეთაში, ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდში, სტალინირში, ახალციხეში, კოდორში, კოლდახვარში, გაგრაში, ახალდაბაში, სამტრედიაში და ა.შ. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ხის დამამუშავებელ ცენტრალურ ქარხანას ბათუმში, საშენი დეტალების ქარხანას თბილისში. საკედლე მასალით მშენებლობის მომარაგების მიზნით, გარდა აგურის ქარხნებისა, თბილისში აიგო ბეტონის საკედლე ბლოკების ქარხანა, რომლის წლიური სიმძლავრე 7,5 მლნ ცალი აგურის ეკვივალენტი იყო. თბილისშივე აშენდა ბუნებრივი ქვების დამამუშავებელი ქარხანა. მოეწყო საკედლე, მოსაპირკეთებელი და დეკორაციული საშენი მასალის წარმოება ბუნებრივი ქვების საბადოების საფუძველზე ეკლარში, ბოლნისში (ტუფი), კურსებში (გრანიტი) და სხვ. ფართოდ იყო ორგანიზებული, აგრეთვე, სხვა სახის სამშენებლო ქვის, ქვიშისა და ხრეშის მოპოვება. საშენ მასალათა სამრეწველო დარგში საქართველოს მშრომელთა უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენდა ცემენტის წარმოება. 1931 წელს ამუშავდა სტალინის სახელობის ცემენტის მძლავრი მექანიზირებული ქარხანა კასპში. ქარხანა უშვებდა მაღალხარისხიან ცემენტს, სატამპონაჟო ცემენტით ამარაგებდა აზერბაიჯანის ნავთობის მრეწველობასაც. ასეთივე დიდი მნიშვნელობის იყო მარმარილოს დამუშავება. მხოლოდ საბჭოთა წყობილების პირობებში შეიქნა შესაძლებელი საქართველოს მარმარილოს მდიდარი საბადოების ექსპლოატაცია. 1937 წელს აიგო თბილისის მარმარილოს ქარხანა 6 ათას კვ მეტრი მარმარილოს დაფის წლიური საწარმოო სიმძლავრით. საქართველოს მარმარილო თავისი საუცხოო ფიზიკური და ქიმიური თვისებებით უახლოვდებოდა იტალიისა და საბერძნეთის მარმარილოებს. ჩვენ მოგვეპოვებოდა პირველხარისხოვანი თეთრი მარმარილო (სტატუარიო), რომელიც თავისი ხარისხით უთანაბრდებოდა იტალიის კარნარისს, საბერძნეთის პენტილიკონისა და ფაროსის ამავე ტიპის მსოფლიო მნიშვნელობის მარმარილოებს, აგრეთვე, გვქონდა ფერადი მარმარილო, რომელიც ხარისხით არ ჩამოუვარდებოდა იტალიურ ცნობილ მარმარილოებს. ცხადია, საქართველოს მარმარილოს ჰქონდა საკავშირო და საექსპორტო მნიშვნელობა. იგი თავისუფლად უწევდა კონკურენციას მსოფლიო ბაზარზე გატანილ ძვირფას მარმარილოებს. მარელისის, მოლითის, შროშის, ბჟინევის, საკასრიის, სალიეთის, მელაურის, სვანეთის, სადახლოსა და სხვა ადგილების მარმარილოს საბადოები უდიდეს სამრეწველო მარაგს შეიცავდა.
მარმარილო ფართოდ გამოიყენებოდა არა მხოლოდ მშენებლობაში, არამედ ხელოვნებაში (ქანდაკება), ელექტროტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში. მისგან მზადდებოდა საყოფაცხოვრებო საგნები, მაგრამ მისი გამოყენება უპირატესად მაინც მშენებლობის დარგში ხდებოდა. დიდი შენობებისა და მონუმენტების აგებისას მარმარილოს, როგორც დეკორაციული მასალის, უგულებელყოფა შეუძლებელი იყო და არის. ქართული მარმარილო გამოიყენეს სტალინური ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ქმნილების _ მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაში. ქართული მარმარილო გამოყენებული იყო მთელ საბჭოთა კავშირში, როგორც საუკეთესო მარმარილო. მრავალი მსხვილი ობიექტის მშენებლობაზე ასევე გამოიყენებოდა მაღალხარისხოვანი დეკორაციული მარმარილო. საშენ მასალათა მრეწველობის, როგორც სახალხო მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, შექმნა საქართველოს მშრომელთა თვალსაჩინო მონაპოვარი იყო საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პირობებში. საშენ მასალათა მრეწველობის თითქმის ყველა ზემოხსენებული საწარმო უახლესი ტექნიკით იყო შეიარაღებული და შრომის პროცესებიც ძირითადად მექანიზებული იყო. მრავალრიცხოვანი საწარმოების გამართვა და საშენ მასალათა მრეწველობის ახალი დარგების შექმნა, რასაკვირველია, მოითხოვდა დიდი მოცულობის კაპიტალურ დაბანდებებს. მხოლოდ ცემენტის წარმოებაში 1928-დან 1943 წლამდე დაბანდებულ იქნა 23,9 მლნ მანეთი. საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულ საშენ მასალათა მრეწველობის სამმართველოს მიერ 1939-1944 წლებში ამ დარგში დააბანდეს 21,9 მლნ მანეთი. კაპიტალური დაბანდების პარალელურად იზრდებოდა, აგრეთვე, წარმოების ძირითადი ფონდები, რომლებიც მხოლოდ საშენ მასალათა მრეწველობის სამმართველოს ხაზით 1940 წლის 1 იანვრისათვის, საბალანსო ღირებულებით, უდრიდა 13,1 მლნ მანეთს, ხოლო 1945 წლის 1 იანვრისათვის მიაღწია 20,9 მლნ მანეთს, ე.ი., მოიმატა 59,5%-ით. რეგულარულად იზრდებოდა, აგრეთვე, ამ დარგის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა. მაგალითად, ცემენტის გამოშვების მაჩვენებელი შეადგენდა 1933 წელს 112,8 ათას ტონას, 1937 წელს _ 117,1 ათას ტონას, ხოლო 1940 წელს _ 118,6 ათას ტონას. აგურის გამოშვება შეადგენდა 1933 წელს 56,4 მლნ ცალს, 1937 წელს _ 90,5 მლნ ცალს, ხოლო 1940 წელს _ 96,3 მლნ ცალს. კრამიტის გამოშვებამ 9,2 მლნ ცალიდან (1933 წელს) 14,5 მილიონ ცალამდე (1937 წელს) მოიმატა, ე.ი., 57,6%-ით;
რეგულარულად იზრდებოდა შრომის ნაყოფიერება. შრომის ნაყოფიერების ზრდის პარალელურად უმჯობესდებოდა მუშათა მატერიალურ–კულტურული მდგომარეობა, რაც ნაწილობრივ გამოიხატებოდა მუშათა ხელფასის გადიდებით. მხოლოდ საშენ მასალათა მრეწველობის სამმართველოს ხაზით აგურ–კრამიტის წარმოების მუშათა საშუალო წლიურმა ხელფასმა 1940 წლის 3 440 მანეთიდან მოიმატა: 1941 წელს _ 3 877 მანეთამდე, ე.ი., 27,3%-ით, 1942 წელს _ 3 536 მანეთამდე, ე.ი., 2,7%-ით, 1943 წელს _ 3,957 მანეთამდე, ე.ი., 15%-ით.
დიდი ამოცანები დადგა საშენ მასალათა მრეწველობის წინაშე სტალინურ მეოთხე ხუთწლედში. ამის შესახებ შემდეგ ნომერში გიამბობთ.
გრიგოლ ონიანი