Home რუბრიკები ისტორია სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

პირველი ცნობები ქართულ (ტყიბულის) ქვანახშირზე 1830-იან წლებში გაჩნდა. შედარებით შესწავლა ტყიბულის ქვანახშირის საბადოებისა 1845 წელს დაიწყო. ამავე წლიდან დაიწყო მისი მტაცებლური ექსპლოატაცია უპირატესად სამხედრო მიზნით. ქვანახშირის მოპოვება არარეგულარულად ხშირად წყდებოდა, ხოლო ერთგვარად გაფართოვდა 1886 წლიდან, მაღაროებამდე რკინიგზის გაყვანის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვანახშირის მოპოვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სახალხო მეურნეობაში, როგორც ძირითად მამოძრავებელ ძალას მრეწველობის განვითარებისთვის, ტექნოლოგიური და ამოღების იარაღების გაუმჯობესების თვასაზრისით, მაინც უკანა პლანზე რჩებოდა. ეს გრძელდებოდა არა მხოლოდ ცარიზმის პირობებში, არამედ რევოლუციის შემდგომ ეტაპზეც, როდესაც ამიერკავკასია ჩამოშორებული იყო რუსეთის იმპერიას და “დამოუკიდებელ” ქვეყნად ითვლებოდა (ოღონდ ოსმალეთის, ირანის, გერმანიის, ინგლისის, იტალიისა და სხვათა ბატონობის ქვეშ). ქვანახშირის მოპოვება წერაქვით, ძალაყინით, ბარითა და ხელის სხვა იარაღებით წარმოებდა, ამიტომ დიდი იყო ქვანახშირის დანაკარგი, მიწისქვეშ ხშირად ჩნდებოდა ხანძარი, უსაფრთხოების ტექნიკის არარსებობის გამო ქანების მასიურად ჩამოწოლა იწვევდა მსხვერპლს. მძიმე და აუტანელი იყო ქვანახშირის საბადოზე მომუშავეთა შრომისა და ცხოვრების პირობები. 12-საათიანი სამუშაო დღე, უკიდურესად დაბალი ხელფასი და სხვ. მეშახტეები ბნელ და ნესტიან ქოხებსა და შახტებშიც კი ცხოვრობდნენ. საბადოების ექსპლუატაციის 60 წლის განმავლობაში (1845-1905) ამოიღეს მხოლოდ 27 850 ქვანახშირი. ხალხის უბოროტესი მტრების, ქართველი მენშევიკების, ბატონობის პერიოდში ქვანახშირის ამოღება მკვეთრად შემცირდა. 1919 წელს ქვანახშირის მოპოვება (36000 ტ) 1913 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდა. ტყიბული ქვანახშირის მრეწველობის ერთადერთი, თუმცა უარღესად ჩამორჩენილი კერა იყო საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებამდე. პარალელი შეიძლება გაივლოს არა მხოლოდ ქვანახშირის წარმოების მხრივ მენშევიკურ და თანამედროვე საქართველოს მთავრობათა შორის, არამედ ბუნებრივიც არის, რომ მენშევიკური და 30-წლიანიდამოუკიდებელისაქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური სურათი, ერთი და იმავე ფოტოგრაფის გადაღებულია და ერთ ხსნარშია გამჟღავნებული. სურათს მდგრადობას უნარჩუნებს უდღეურ მენშევიკურ კონსტიტუციაზე დაფუძნებული არაფრისმთქმელი დღევანდელი კონსტიტუცია, რომელსაც, რატომღაც, “დემოკრატიულკონსტიტუციად მოვიხსენიებთ.

საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებიდან მალევე, მთავრობისა და პარტიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზრუნავად იქცა ქვანახშირის მრეწველობის აღდგენა და გაფართოება. საქართველოს სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის წარმატებით განხორციელების ამოცანა გადაჭრით აყენებდა ტყიბულის ქვანახშირის საბადოს აღდგენის, რეკონსტრუქციისა და შემდგომი განვითარების, აგრეთვე, ქვანახშირის მრეწველბის ახალი კერების შექმნის საკითხს. ამ საკითხის დადებითად გადაჭრას სერიოზული როლი უნდა ეთამაშა საქართველოს სათბობის ბალანსში და ხელი შეეწყო მრეწველობის დანარჩენი, განსაკუთრებით თბოტევადი, დარგების წარმოქმნა-განვითარებისთვის. ამიტომაც იქცა ტყიბულის, ტყვარჩელისა და ჭიათურის რაიონები საქართველოს სამრეწველო საბაზისო ცენტრებად, რომლებიდანაც მარაგდებოდა უძვირფასესი “შავი ოქროთი” თუ “მრეწველობის პურით” _ მარგანეცით _ თითქმის ნახევარი მსოფლიო. საბჭოთა ხელისუფლებამაც ყოველივე კარგი ზემოხსენებული რაიონებისკენ მიმართა, რამაც გამოიწვია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მოღონიერება, არამედ ქალაქების კეთილმოწყობა და განათლების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანდაცვისა და მეცნიერების უმაღლეს დონეზე განვითარება. ჭიათურა, თავისი მაღალი კულტურის გამო, მეორე დედაქალაქად იქცა. არსებითად შეიცვალა ძველი წარმოდგენა საქართველოს ქვანახშირის საბადოებისა და მარაგის შესახებ. უკვე ცნობილი ტყიბულის, ტყვარჩელის, ახალციხის, ბზიფისა და სხვა რაიონების საფუძვლიანმა შესწავლამ უზრუნველყო ამ რაიონებში ახალი საბადოების გამოვლენა, აგრეთვე, გამორკვეულ იქნა ქვანახშირის ნაწილობრივ უცნობი და სრულიად შეუსწავლელი რაიონები: ქართლში, ზემო და ქვემო იმერეთში, რაჭაში, კახეთში და სხვაგან. თუ წინათ ტყიბულის ქვანახშირის მარაგს უმნიშვნელო რაოდენობით განსაზღვრავდნენ, შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ რაიონის ქვანახშირის გეოლოგიური მარაგი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ვარაუდობდნენ. ტყვარჩელის გეოლოგიურმა მარაგმა ფრიად მოიმატა ახალი კვლევით-საძიებო სამუშაოების ჩატარების შედეგად. სწორედ აღნიშნული აღმოჩენებისა და მათზე ზრუნვის უზრუნველყოფამ შექმნა მტკიცე საფუძველი, დედამიწის 1/6-ზე (მზიურ საქართველოშიც) დაწყებულიყო ინდუსტრიალიზაცია, რომლის საჭეც საიმედო ხელში იყო და შეუპოვარად მიაქანებდა ქვეყანას ბედნიერი მომავლისაკენ, აღთქმული ქვეყნისაკენ _ კომუნიზმისაკენ.

_ როდის გაჩნდება კომუნიზმის პირველ ნიშნები ქვეყანაში? _ ჰკითხეს პოლიტბიუროზე სტალინს 1946 წელს. სტალინს არც ბლიცკითხვები უყვარდა და არც მათზე პასუხის გაცემა. მცირეოდენი შეყოვნების შემდეგ მან მშვიდად განაცხადა: თუ ომმა ან სხვა უბედურებამ ხელი არ შეგვიშალა, ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც პურს უფასოდ მივაწვდით მოსახლეობას, ვფიქრობ, ეს იქნება არაუგვიანეს 1960 წელს “.

სტალინური ხუთწლედები გადაიქცა საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის აყვავებისა და აღორძინების პერიოდად. დიდი კაპიტალური დაბანდებების შედეგად განხორციელდა ტყიბულის ქვანახშირის შახტების გაფართოება და ძირფესვიანი ტექნიკური რეკონსტრუქცია. შეიქმნა ახალი სამრეწველო კერები ტყვარჩელსა და ახალციხეში. 1921-დან 1945 წლამდე კაპიტალური დაბანდება ქვანახშირის მრეწველობაში, ლიმიტგარეშე დაბანდებისა და კაპიტალური რემონტის ჩათვლით, ფაქტობრივი ღირებულებით შეადგენდა 302,2 მლნ მანეთს, ხოლო 1938-1939 წწ. კაპიტალური დაბანდების საერთო მოცულობამ 43,4 მლნ მანეთს მიაღწია, რაც 33,1%-ით აღემატებოდა პირველი ხუთწლედის დაბანდებას. პირველი და მეორე ხუთწლედების პერიოდში მხოლოდ ტყიბულის ქვანახშირის შახტების გაფართოებარეკონსტრუქციაზე დაიხარჯა დაახლოებით 33 მლნ მანეთი, ხოლო ტყვარჩელის ქვანახშირის მრეწველობაში დაბანდებულ იქნა დაახლოებით 75 მლნ მანეთი. ახალგაზრდების გმირულმა შემართებამ ქვეყნის განვითარებაში, რომლის მთავარი დირიჟორიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების ტრიუმფატორი სტალინი გახლდათ, გამოხმაურება ჰპოვა როგორც პროზაში, ისე პოეზიაში, მხატვრობაში, კინოში, თეატრში. იქმნებოდა არა ფრაქციები და ოპოზიციური პარტიები, არამედ შრომითი ბრიგადები, რომლებიც მე-5 ბორბალი ხდებოდა ქვეყნის განვითარების საქმეში, საამქროებში გუგუნებდა შრომის სადიდებელი ჰიმნები:

თქვენ დამკვრელნი ხართ, დაზგებს ამღერებთ,

ტემპიც მატულობს ყოველდღიურად,

დასცხეთ, დაჰკარით მარცხებს, გარღვევებს,

დასცხეთ, დაჰკარით კოლექტიურად!

ჰა, გრაგანებენ კვლავ მანქანები,

ყალყზე დგებიან, გრიგალდებიან,

ტემპს რომ ხვდებიან მძლავრ გაქანებით,

კომკავშირული ბრიგადებია.

თითქოს მანქანა დაზგებს დაჰხარის,

ყალყზე დამდგარი ბორგავს გმირულად,

დასცხეთ, დაჰკარით, დასცხეთ, დაჰკარით,

დასცხეთ, დაჰკარით კომკავშირულად!”

მოუწოდებდა ახალგაზრდობას ალიო მირცხულავა.

ალექსეი სტახანოვი შახტში
ალექსეი სტახანოვი შახტში

ამ დიდ კაპიტალურ დაბანდებათა შედეგად შეიქმნა ქვანახშირის მრეწველობის მძლავრი საწარმოო ობიექტები _ ტყიბულში მოეწყო და ექსპლუატაციაში შევიდა 600 ათასი ტონის წლიური წარმოების სიმძლავრის სტალინის სახელობის შახტი, რომლის მშენებლობა დაახლოებით 20 მლნ მანეთი დაჯდა; 600 ათასი ტონა წლიური სიმძლავრის მეორე შახტი, რომლის მშენებლობა დაახლოებით 22 მლნ მანეთი დაჯდა; 20 ათასი ტონა წლიური სიმძლავრის გელათის შახტი ექპლუატაციაში შევიდა 1939 წელს; მის მშენებლობაზე დაიხარჯა 3,5 მლნ და სხვ. პირველ და მეორე ხუთწლედებში შეიქმნა ქვანახშირის მრეწველობის ახლი მძლავრი კერა ტყვარჩელში. იქ აიგო მსხვილი ობიექტები: სტალინის სახელობის შახტი-1 _ 300 ათასი ტონა წლიური საპროექტო სიმძლავრით; შახტის მშენებლობაზე (1929-1935 წწ.) დაიხარჯა 67 მლნ მანეთზე მეტი; 400 ათასი ტონა წლიური საპროექტო სიმძლავრის 2 შახტის მშენებლობა დაიწყო 1938 წელს, იგი ექსპლოატაციაში შევიდა 1946 წლის დამდეგს. 1938 წელს ამუშავდა ქვანახშირის გამამდიდრებელი დიდი ქარხანა რკინიგზის ვაგონების ნახშირით დასატვირთად საჭირო ბუნკერებით. 1935 წელს ამუშავდა აკარმარა-კვეზანის ქვანახშირის საჰაერო ბაგირგზა ლითონის საყრდენებზე; ამ გზის ორი ხაზის წლიური გამტარუნარიანობა 1 მლნ ტონას შეადგენდა. 1943 წელს გაყვანილ იქნა კილომეტრის სიგრძის ბაგირგზა ნახშირის სარეცხი დანადგარებიდან თბოელექტროსადგურებამდე; 1935 წელს ამუშავდა თბოელექტროსადგური 3 000 კვტ სიმძლავრით; ამას გარდა, ელექტროსადგურების საკავშირო სახალხო კომისარიატმა 1938 წელს დაასრულა ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის მშენებლობის პირველი რიგი (25 000 კვტ). ააგეს მაღალი ძაბვის ორი ელექტროგადამცემი ქვესადგურებიანი ხაზი კვეზანიდან ხელიკვარამდე (32 კმ). ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროები საბაგირო გზით დაუკავშირდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ მაგისტრალს და საზღვაო ტრანსპორტს. 1929-1945 წლებში გაყვანილი გზატკეცილების სიგრძემ 46 კმ მიაღწია. აიგო, აგრეთვე, რიგი დამხმარე საწარმოებისა: ელექტროდეპო, ელექტრომექანიკური სახელოსნოები, კირის, აგურის, ალებასტრის ქარხნები და სხვ.

ტყიბულის შახტში
ტყიბულის შახტში

ტყვარჩელისა და ტყიბულის ქვანახშირის შახტები ტექნიკური რეკონსტრუქციის შედეგად წარმოადგენდა ახალი ტექნიკით შეიარაღებულ მძლავრ მრეწველურ საწარმოებს, რომლებშიც ფართოდ იყო გამოყენებული მძიმე ტიპის საყელავი მანქანები, ელექტრობურღები, პნევმატიკური სანგრევი, საბურღავი ჩაქუჩები, კონვეიერები, ლენტისებრი ტრანსპორტირები, ელმავლები და სხვ. ხელით მძიმე, აუტანელი შრომა ტყიბულის საწარმოებში შეიცვალა მოწინავე ტექნიკაზე დამყარებული სოციალისტური შრომით. ახალი საბადოების ბაზაზე ქვანახშირის სამრეწველო კერების ორგანიზებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საკ. კპ(ბ) ცკ-ის 1931 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებას, რომელმაც ნათლად განსაზღვრა ამ დარგის განვითარების კონკრეტული გზები და რომელთა რეალიზაციამ უზრუნველყო საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის აღორძინება. საქართველოს ქვანახშირს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიისთვის. სტალინმა ამოცანა დაუსახა საქართველოს _ ქვანახშირით მოემარაგებინა მთელი ამიერკავკასია. საბჭოთა ხელისუფლებამ უზრუნველყო საქართველოში ქვანახშირის მრეწველობის სწრაფი ტემპით განვითარება და სოციალისტური სახალხო მეურნეობის ერთერთ მოწინავე დარგად გადაქცევა. 1913 წელს ქვანახშირის მოპოვება 70.0 ათასი ტონა იყო, 1927-1928 წლებში მან 85 ათას ტონამდე მოიმატა, ე.ი., 21,4%-ით; 1932 წელს _ 205 ათას ტონამდე, ე.ი., 192,8%-ით, 1937 წელს _ 400 ათას ტონამდე, 47,4%-ით, ხოლო 1940 წელს _ 625,1 ათას ტონამდე და, ამგვარად, 1913 წელთან შედარებით 1940 წელს თითქმის 9-ჯერ მეტი ქვანახშირი მოიპოვეს. 1942-1944 წლებში კი მოიპოვეს უფრო მეტი ქვანახშირი, ვიდრე 1895-1927 წლებში, ე.ი., 33 წლის განმავლობაში. 1913 წელს მოსახლეობის 1 სულზე მოდიოდა დაახლებით 28,4 კგ ქვანახშირი, 1927-1928 წლებში – 31 კგ, ხოლო 1940 წელს _ 168 კგ, ე.ი.,1913 წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი და 1927-1928 წლებთან შედარებით 5,4-ჯერ მეტი. საქართველოს ქვანახშირის მრეწველობა შესამჩნევ როლს თამაშობდა ამიერკავკასიის მოძმე რესპუბლიკების სათბობ ბალანსში. 1939 წელს ამიერკავკასიის რკინიგზამ მოიხმარა 50 ათას ტონაზე მეტი ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირი. ამას გარდა, სომხეთის სსრ სახალხო მეურნეობაში მოხმარებული იყო 85 ათასი ტონა, ხოლო აზერბაიჯანის სსრში _ 20ათას ტონამდე. სტალინური ხუთწლედების განმავლობაში აღიზარდა ქვანახშირის ამოღების მოწინავე ტექნიკას დაუფლებული ინჟინრების, ტექნიკოსების, ათისთავების, ოსტატების, საყელავის მემანქანეების, მნგრეველების, მებიგეებისა და სხვა მაღალკვალიფიციური ნაციონალური კადრები, რომლებიც ჩინებულად დაეუფლნენ სამთო საქმის რთულ პროფესიებს და შეუპოვარი შრომით წინ სწევდნენ საქართველოს ქვანახშირის მრეწველობას. მხოლოდ “ტყვარჩელქვანახშირის” ტრესტის სისტემაში მუშების საშუალო სიობრივმა რიცხვმა 1937 წლის 771 კაციდან 1940 წელს მოიმატა 897 კაცამდე, ე.ი., 16,3%-ით; კერძოდ, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკების რაოდენობამ მოიმატა 4,6%-ით, ხოლო სამთო ოსტატებისა და ათისთავების _ შესაბამისად, 30,9%-ით.

ტყიბული დღეს
ტყიბული დღეს

უახლეს ტექნიკურ საშუალებებს დაუფლებული საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის სტახანოველთა არმია აჩვენებდა შრომისადმი შეგნებული და კულტურული დამოკიდებულების მისაბაძ მაგალითებს, რეგულარულად უმატებდა ქვანახშირის ამოღებას და, მაშასადამე, შრომის ნაყოფიერებას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქვანახშირის ამოღების განუხრელი მომატების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა შრომის ნაყოფიერების ზრდის ხარჯზე. საქართველოს ქვანახშირის მრეწველობაში შრომის ნაყოფიერების ზრდა იძლეოდა შემდეგ სურათს: ტყიბულის შახტებში ერთი მუშის საშუალო თვიური ნაყოფიერება 1928 წელს უდრიდა 6,7 ტონას, ხოლო 1935 წელს _ 16,5 ტონას, ე.ი., მოიმატა 146,2%-ით, 1937 წელს _ 20,1 ტონამდე, საშუალო წლიური ნაყოფიერება ტყვარჩელის შახტაში 1935 წელს უდრიდა 178,3 ტონას, ხოლო 1937 წელს _ 204,6 ტონას, ხოლო 1940 წელს _ 213,6 ტონას. საქართველოს ქვანახშირის მრეწველობაში ერთი მუშის საშუალო წლიურმა ნაყოფიერებამ (1926-1927 წწ. უცვლელი ფასებით) 1927-1928 წლებთან შედარებით 1939 წელს 4,3-ჯერ მოიმატა. გამომუშავების ნორმების გადაჭარბებით შესრულებისა და შრომის ნაყოფიერების გაზრდის ბრწყინვალე მაჩვენებლებს აღწევდნენ ქვანახშირის მრეწველობის ცალკეული სტახანოველები, რომლებიც დღიურ ნორმას ორჯერსამჯერ გადამეტებით ასრულებდნენ. განუხრელად იმატებდა სტახანოველთა როდენობა: 1937 წელს ტყიბულის შახტებში ითვლებოდა 21 სტახანოველი, 1938 წელს _ 319, ხოლო 1940 წელს _ 520 სტახანოველი და 264 დამკვრელი. ტყვარჩელის ქვანახშირის სტალინის სახელობის შახტში სტახანოველთა რაოდენობამ 1939 წლის 142 კაციდან 1940 წელს მოიმატა 254 კაცამდე. რაოდენობა მუშებისა, რომლებიც ვერ ასრულებდნენ გამომუშავების ნორმებს, 1939 წელს 90 კაციდან 1940 წელს შემცირდა 42 კაცამდე. ქვანახშირის მრეწველობის ისეთი წამყვანი პროფესიის მუშები, როგორებიც იყვნენ საყელავი მანქანის მემანქანეები, გამომუშავების წლიურ ნორმებს საშუალოდ ასრულებდნენ: 1938 წელს 110,1%-ით, 1939 წელს _ 147,9%-ით, ხოლო 1940 წელს _ 188,8%-ით; მნგრეველები შესაბამის წლებში _ 137,1, 140,8 და 142,5%-ით; ხოლო ლავების მებიგეები 1939 წელს _ 168,2-%-ით და 1940 წელს _ 160,6%-ით. 1938 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და უკრაინის ქვანახშირის მრეწველობის მუშათა სოციალისტურ შეჯიბრებას, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა გამოცდილების ურთიერთგაზიარების, შრომის ნაყოფიერებისა და ქვანახშირის ამოღების განუხრელად ზრდის საქმეში. საქართველოს შახტების ახალი ტექნიკით შეიარაღება და შრომის ძირითადი პროცესების მექანიზაცია შრომის ნაყოფიერების ზემოაღნიშნული სისტემური აღმავლობის საფუძველი შეიქნა. ძველი წარმოების კომპლექსურმა მექანიზაციამ და ელექტროფიკაციამ საგრძნობლად შეამსუბუქა ამ დარგების მძიმე შრომა. ტყვარჩელის სტალინის სახელობის შახტაში შრომის ისეთი პროცესები, როგორიც არის ბურღვა, ქვანახშირის ფენების მონგრევა, მონგრეული ქვანახშირის მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტირება და დატვირთვა, მთლიანად მექანიზებული გახდა. ტყიბულის შახტებში ყველა კატეგორიის ბურღვის პროცესი თითქმის მთლიანად მექანიზებული გახდა; ამასთანავე, ქვანახშირის მონგრევის პროცესი 85-90%-ით, ხოლო მონგრეული ქვანახშირის მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტირება და დატვირთვა _ 60-70%-ით მექანიზებული. შრომის პროცესის მექანიზაციის სწრაფმა ტემპმა ტყიბულის შახტებში უმოკლეს ვადებში უზრუნველყო წარმოებითი პროცესების სრული მექანიზაცია. ქვანახშირის ამოღებისა და შრომის ნაყოფიერების ზრდის პარალელურად იზრდებოდა ქვანახშირის მრეწველობის მუშების ხელფასები. საკმარისია, აღინიშნოს, რომ ერთი მუშის საშუალო წლიური ხელფასი ტყიბულის შახტებში 1928 წელს უდრიდა 577 მანეთს, ხოლო შემდეგ მოიმატა: 1932 წელს _ 1 650 მანეთამდე, ე.ი., თითქმის 2-ჯერ, 1937 წელს _ 4 066 მანეთამდე, 1940 წელს _ 6 390 მანეთამდე, ე.ი., 10-ჯერ. მუშის საშუალო წლიური ხელფასი ტყვარჩელის შახტში 1935 წელს უდრიდა 2 835 მანეთს, ხოლო 1937 წელს მოიმატა 3 864 მანეთამდე, ე.ი., 36,2%-ით, 1940 წელს _ 5 713 მანეთამდე, ე.ი. 101,5%-ით. ტყიბულის ერთ უდაბურ ადგილას გაშენდა კარგად მოწყობილი მუშათა საცხოვრებელი სახლები. სწრაფად განვითარდა ბინათმშენებლობა. 1931-1935 წლებში აიგო მუშათა 43 ახალი სახლი. 1931 წელს საბინაო ფათობი 7,4 ათას კვ მეტრს შეადგენდა, ხოლო 1935 წლის დასაწყისში მიაღწია 18,5 ათას კვ მეტრამდე, ე.ი. 1931 წელთან შედარებით მოიმატა 475,6%-ით. რაიონი უზრუნველყოფილი იყო სკოლების, ბაგების, საბავშვო ბაღების, სამკურნალო დაწესებულებების, რადიოკვანძის, კინო-თეატრების, კლუბებისა და სხვა კულტურულ-საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა ქსელით. რა თქმა უნდა, კარგია თბილისის პანორამა, კიდევ უფრო კარგია ქრისტიანულ სამყაროს საკულტო ნაგებობათა გვირგვინი _ სამების საკათედრო ტაძარი, უამრავი კეთილმოწყობილი სავაჭრო ცენტრი, შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი შეუდარებელი სილამაზითა და გრანდიოზული საკონცერტო დარბაზით, ლეგენდად ქცეული აბასთუმანი, ცის ლაჟვარდში მოცურავე კავკასიონი და შავი ზღვა… რა თქმა უნდა, საამურია კარგი ცხოვრება, მაგრამ საყოველთაო სიღარიბეში ქვეყანაში ერთი კაცის ბედნიერად ცხოვრება ვერ იქნება საყოველთაო ბედნიერების გამომხატველი. საყოველთაო ბედნიერ ცხოვრებაში ერთი კაცის სიღატაკე ასევე ვერ იქნება საყოველთაო უბედურება. სწრაფვა საყოველთაო ბედნიერებისკენ, ბრძოლა სოციალური თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობისთვის _ ეს, უდავოდ, განმასხვავებელი ნიშანია დიდი ადამიანისა, რომლის ამქვეყნიდან წასვლა უდიდეს ნაპრალს აჩენს ადამიანთა აზროვნებაში, ქვეყნის განვითარებაში.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here