Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ ლენინის მოსწავლე?

სტალინი _ ლენინის მოსწავლე?

ლენინი და კალიუმის ციანიდი

ლენინი-სტალინი

1918 წელს სტალინი პეტროგრადისა და მოსკოვის პურით მოსამარაგებლად სამხრეთ კავკასიაში გაუშვეს. მან კი პურთან ერთად სამხრეთიდან უამრავი ოკუპანტის, გარე თუ შინაური მტრის თავის ქალების ასხმა ჩამოიტანა და ფეხქვეშ დაუყარა ლენინსა და ტროცკის.

ბეჭდაუდებელი გოლიათი სტალინი სმოლნის ბატონ-პატრონი შეიქნა. მცირე ხნით შვებულებაში წასულმა ლენინმა რანგით მეორე და მესამე პარტიულ ბოსებს _ სვერდლოვსა და ტროცკის _ კი არ ანდო ქვეყნის მართვა, არამედ კომუნისტთა უმრავლესობის ნებას დაემორჩილა და ქვეყნის პირველ კაცად სტალინი დატოვა.

კაცი, რომელიც ქვეყნის სამხრეთში იმიტომ გაგზავნეს, რომ იქიდან თუთიის კუბოთი ჩამოეყვანათ, წითელი ვარსკვლავის ორდენით მკერდდამშვენებული დაბრუნდა და ამერიკის მიერ რუსეთის ხელისუფლებაში ხელდასხმულ რუსი ხალხის მოძულე ლიბერალებს, კერძოდ, ტროცკისა და მის მომხრეებს ომი გამოუცხადა. არამხოლოდ ლენინი და ტროცკი, მათი პატრონებიც ხვდებოდნენ, რომველური კავკასიელისხელში რუსი ხალხი განვითარების სხვა გზას დაადგებოდა. მათი (იმპერიალისტების) სურვილის საწინააღმდეგოდ, რუსეთი რუსების იქნებოდა და დასავლეთი ვერ მიიღებდა წიაღისეულით გაძეძგილ ტერიტორიებს. სტალინი მუშათა და გლეხთა ბელადი იყო, რომლებსაც მათივე ენაზე ელაპარაკებოდა, ხოლო ლენინსა და ტროცკის სძულდათ რუსეთი და რუსი ხალხი. 1921 წლიდან სამეულის _ ლენინი, ტროცკი, სტალინი _ დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და მათი შერიგება შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი ბუხარინი, ზინოვიევი, კამენევი და სხვები, სტალინმა მათთან საბრძოლველად დრო არ დაკარგა. გათვალა, რომ, თუ ის ბუხარინს, ზინოვიევსა და რიკოვს დაამარცხებდა, ტროცკის გაუთავისუფლებდა გზას ხელისუფლებისკენ. სწორედ ამიტომ სტალინმა წვრილფეხობას თავი დაანება და მძიმე არტილერია პირდაპირ ტროცკისკენ მიმართა. აქ არ იყო ფარული და კულუარული ბრძოლები, სტალინი დაუფარავად ჩაება კონფრონტაციაში ტროცკისთან. სტალინმა სწორად გათვალა _ თუ ბეჭებზე დადებდა ტროცკის, დანარჩენებსაც (ზინოვიევს, კამენევს, ბუხარინს) ადვილად მოერეოდა. სტალინი 1922 წელს პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს, მანამდე ამ პოსტზე სვერდლოვის მეუღლე შეთავსებით მუშაობდა.

სტალინი მიხვდა თანაპარტიელების ბოროტ განზრახვას, მაგრამ მას შიშის განცდა დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა. მალე სტალინმა კომუნისტური პარტია მოკრივის ხელთათმანივით მოირგო ხელზე და რინგზე საბრძოლველად ტროცკი გამოიწვია, ტროცკი, რომელსაც ამერიკელი მსხვილი ბანკირები წვრთნიდნენ მის ძმასთან ერთად, მეორე მწრთვნელად კი ლენინი ჰყავდა მიჩენილი.

ამერიკის იმპერიალიზმსა და რუსულ შოვინიზმს ერთდროულად დატაკებული “კავკასიელი ტყის კაცი” მტრისთვის ყველა წვრილმანიდან ქმნიდა წინააღმდეგობას და ფანტასტიკურ შედეგს აღწევდა. სტალინი იქცა პოლიტიკურ ზვავად, რომელსაც უფსკრულში უნდა ჩაეტანა რუსთმოძულე ოპოზიცია.

ლენინი ბრძოლას გამოეთიშა და აგარაკზე გამომწყვდეული, მამალივით მომყივანი, შორიდან ადევნებდა თვალს პოლიტიკურ ბრძოლის ველზე ვეფხვივით მებრძოლ სტალინს. ოპოზიცია ათვითცნობიერებდა, რომ სტალინის პოლიტიკური ცელი, რომელიც ნარ-ეკლისგან ასუფთავებდა სამოქალაქო ომგადატანილ ველ-მინდვრებსა და სოფელ-ქალაქებს, მათაც მოცელავდა. დედამიწის 1/6-ზე ყველა და ყველაფერი სტალინის რკინის ხელსა და ლოგიკას ემორჩილებოდა. 1922 წლის 6 მაისს სტალინმა დეპეშა გაუგზავნა ლენინსა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მ. კრიუკინს:

“გთხოვთ, მაცნობოთ სამი დღის განმავლობაში, არა უგვიანეს მესამე დღის 12 საათისა, თქვენი თვალსაზრისი საგარეო ვაჭრობაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. საკითხი იხილება ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროზე”.

ც.კ. მდივანი სტალინი” (სტალინის პირადი არქივი. ფონდი 558. აღწ. 11. საქმე 155. ფურცელი 7).

ლენინი განრისხდა ამ დეპეშის გამო, მაგრამ სტალინმა ეს პარტიის წესდების მიხედვით გააკეთა.

ავადმყოფი ლენინი და მისი მეუღლე ნადეჯდა კრუპსკაია
ავადმყოფი ლენინი და მისი მეუღლე ნადეჯდა კრუპსკაია

მიუხედავად იმისა, რომ შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც მართავდა უზარმაზარ ოლქებსა და მხარეებს, სტალინმა კარგად იცოდა, რა ცოდნისა და განათლების ადამიანები მუშაობდნენ ამ სტრუქტურებში და რომ მათთვის ერთპიროვნულად ქვეყნის მართვის მინდობა კატასტროფული შედეგით დასრულდებოდა, ამიტომ თავისი ჩანაფიქრის განასახორციელებლად ქვეყანაში შექმნა საინიციატივო საქმიანობის ორგანოები, რომლებსაც პარტიული კონტროლის ორგანიზაციები დაარქვა. სწორედ ამ ორგანიზაციებს უნდა დაეწესებინათ კონტროლი ქვეყნის მართვაზე. შეიქმნა კარგად გამართული, მოქნილი საკონტროლო სისტემა, რომელიც უშუალოდ მას ექვემდებარებოდა.

ამ ორგანიცზციის გარეშე არ შეიძლებოდა უკიდეგანო ქვეყანაში კადრების არც დანიშვნა და არც მოხსნა, ასე შეძლო სტალინმა არა მხოლოდ ძალაუფლების, არამედ ქვეყნის სამართავი ყველა მექანიზმის ხელში ჩაგდება. ლენინი ხვდებოდა, საით მიჰყავდა სტალინს ქვეყანა, ამიტომ, თავისი ავადმყოფობიდან და სტალინის აღზევებიდან გამომდინარე, ბუნებრივად მივიდა კალიუმის ციანიდის მოთხოვნამდე.

პოლიტბიურომ სტალინს დადგენილებით დაავალა ლენინის იზოლაცია და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სტალინმაც ის გალია ჩაიბარა, რომელშიც დამწყვდეული ჩიტი ხშირად ჭინჭყლობდა. ამას ვერ დაარქმევ მოწაფე-მასწავლებლის ურთიერთობას, ამას სხვა რამ ჰქვია, თუმცა აქ ჩანს მასწავლებელ-მოწაფის კვალი: ერთხელ ლენინს ინსულტი გაუმეორდა, წაერთვა მოძრაობის უნარი, წაეშალა გონებიდან ყველაფერი, რაც მის ტვინს ჰქონდა დამახსოვრებული. ლენინის ნაწილობრივ გამოკეთების შემდეგ, სტალინმა ნება დართო მომვლელ პერსონალსა და მეუღლე ნადეჟდა კრუპსკაიას, ხელახლა ესწავლებინათ ლენინისთვის კალმისტრის ხელში დაჭერა და ანბანი. ზოგჯერ ამ მოვალეობას სტალინიც ასრულებდა, როდესაც დრო ჰქონდა. ეს სხვა ამბავია, აქ არის მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის ხელშესახები მომენტები, მაგრამ, რა თქმა უნდა, პირიქით: სტალინი მასწავლებლის როლშია, ლენინი _ მოსწავლის.

ფარული პოლიტიკური ორთაბრძოლები დამთავრდა. მომჯობინებული ლენინი მოლაპარაკებებს აწარმოებს ტროცკისთან, ზინოვიევსა და თავის საყვარელ “ბუხარჩიკთან”. შეთქმულთა წრეში შეჰყავთ ნადეჟდა კრუპსკაია. სრულიად მოგონილი საბაბით ავადმყოფ ლენინს უპირისპირებენ სტალინს, რომელსაც, ლენინის მოთხოვნით, “ჯიბით დააქვს ციანიდი”. სტალინი მხოლოდ ირონიით გამოხატავს დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ.

მცირე გადახვევა: 1945 წელს, პოტსდამის კონფერენციის მიმდინარეობისას, როდესაც ტრუმენმა სტალინს ატომური ბომბის შექმნისა და მისი გამოცდის შესახებ აცნობა, ბომბის ძალის შესაფასებლად გამოიყენა სიტყვები “დაუჯერებელი ძალა”. ლენინმა 1923 წელს, როდესაც შეთქმულთა რჩევით ყრილობას წერილი გაუგზავნა, იქაც ნახსენები იყო “დაუჯერებელი ძალა”. ლენინი წერდა: “სტალინმა ხელთ იგდო “დაუჯერებელი ძალა”. დავუჯეროთ ლენინს? _ უნდა დავუჯეროთ.

სტალინს ლენინის დახასიათებისას არასოდეს გადაუჭარბებია რეალობისთვის, პირიქით _ მოზომილად და ღირსეულად აღნიშნავდა ლენინის როლს და ადგილს რევოლუციაში, მაგრამ გენიოსად არასოდეს უღიარებია. 1920 წელს სტალინს ერთხელაც არ უხსენებია ლენინი, როგორც ღმერთკაცი და პარტიის ერთპიროვნული ლიდერი, მას თვლიდა ერთერთ ღირსეულ ხელმძღვანელად.

ნაშრომში “ლენინი როგორც რკპ (ბ) ორგანიზატორი და ბელადი” და ლენინის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გამოსვლისას სტალინი თავდაჭერილად და კრიტიკულადაც კი წარმოადგენდა ლენინის დამსახურებას. ქვეყნის მართვის სტილსა და მეთოდებზე სტალინი საერთოდ ვერ თანხმდებოდა ლენინთან და ამ საკითხზე რადიკალური მოსაზრებები ჰქონდა. ლენინი ფანატიკოსი იყო, სტალინი _ პრაგმატიკოსი. მან კარგად იცოდა, რომ “ძირს” და “ვაშას” ყვირილის დრო წავიდა და ახლა, ნგრევის ნაცვლად, საჭირო იყო შენების დაწყება. სტალინმა შენებისკენ მოუწოდა, როგორც ხალხს, ასევე კომუნისტურ პარტიას, მაგრამ მან ისიც კარგად იცოდა, რომ ქვეყანაში ძალიან მცირე იყო საზოგადოების ნაწილი, რომელსაც შენება შეეძლო, ამიტომაც წამოაყენა ლოზუნგი:

“რომ ვაშენოთ, უნდა ვიცოდეთ; რომ ვიცოდეთ, უნდა ვისწავლოთ!” სტალინმა მთელი ყურადღება კადრების მომზადებასა და მათთან მუშაობის კონტროლზე გადაიტანა. წარსულს ჩაბარდა ლენინის ოცნებაც და ლოზუნგიც: “თუ ჩვენ გვეყოლება 1000 ტრაქტორი, გლეხობას ჩვენ მხარეს მოვიმხრობთ და ქვეყნის აღმშენებლობასაც დავიწყებთ!”. ქვეყანაში შემოიყვანეს ტრაქტორებიცა და სხვა ტექნიკაც, მაგრამ, მართვის უცოდინარობის გამო, ისინი მალე გამოვიდა მწყობრიდან და გამოუყენებელი დარჩათ. სწორედ სტალინის თეორიული და პრაქტიკული აზროვნების სინთეზით ჩამოყალიბდა მიდგომა, რომელიც შემდგომ და ახლაც სტალინის ლოზუნგად არის ცნობილი: “კადრები წყვეტენ ყველაფერს!”.

სტალინმა ადგილებიდან მოსული ცნობების საფუძველზე შეაჯამა ქვეყნის მმართველი ელიტის განათლების დონე და შოკისმომგვრელ დასკვნამდე მივიდა. ქვეყანაში უზარმაზარი მხარეებისა და ოლქების ხელმძღვანელ რგოლებში მხოლოდ 5% იყო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი, ხოლო 8% _ საშუალო განათლების. სმოლნის დერეფნებში ირეოდნენ რევოლუციურ ტალღაზე მოსული სხვადასხვა ჯურისა და ორიენტაციის ადამიანები: ზოგი სრულიად უცოდინარი, ზოგი კი სისხლის სამართლის დამნაშავე.

სტალინმა პირადი ინიციატივით პოლიტბიუროზე გაიტანა და დაამტკიცა პარტიული სწავლების კურსები და დაიწყო პარტიის წმენდა კრიმინალებისაგან. მან თავდაუზოგავი მუშაობით არც თავს და არც სხვას მისცა მოსვენება. შედეგად ლენინმა უნებლიეთ დაწერა სტალინის პირველი საწინააღმდეგო სიტყვები:

“ამხანაგმა სტალინმა, გენერალური მდივნის თანამდებობის მიღების შემდეგ, ხელში ჩაიგდო დაუჯერებელი ძალა”.

ლენინი უკვე 20 წელი იცნობდა სტალინს და იცოდა მისი პიროვნებისა და მუშაობის სტილის ავი და კარგი, მაგრამ ვერ გათვალა, რომ სტალინს სხვაგვარი მუშაობა არ შეეძლო და რომ ამის გამო პრობლემები შეექმნებოდა.

ლენინის გაღმერთებისა და სტალინის ჩრდილში გადაწევის მიზნით, როგორც იმხანად, შემდგომშიც, ისტორიის სწავლებისას, ხშირად აყალბებდნენ ფაქტებს. ამაში წვლილი სტალინმაც შეიტანა, ყველაფერი კი 1924 წელს, ლენინის გარდაცვალების დღიდან, დაიწყო.

1921 წლიდან, როდესაც პირველად გახდა ცუდად, ხოლო გამომჯობინებისთანავე, 1922 წლის დასაწყისში, კვლავ დაემართა ინსულტი, ლენინი სერიოზულად ვეღარ ერეოდა ვერც ქვეყნის მართვის და ვერც პოლიტბიუროს საქმიანობაში. უზარმაზარი ქვეყნის გაღარიბებული ხალხის დაცვა და გაძღოლა სტალინმა დაიკისრა. ლენინის პირველი გასაიდუმლოებული საუბარი სტალინთან 1922 წელს გაიმართა. ლენინმა ადამიანური სისუსტეები დაძლია და სტალინს განუცხადა:

_ აი ახლა დგება მომენტი, როდესაც საიდუმლოდ უნდა გესაუბრო. მივიღე დამბლა. შენ პარტიაში ყველაზე მკაცრი და გამბედავი ხარ, სწორედ შენი დახმარება მჭირდება.

ლენინმა სტალინს უთხრა, რომ სურს, ფრანგი ეკონომისტისა და მარქსიზმის ცნობილი თეორეტიკოსივით _ პოლ ლაფარგივით (კარლ მარქსის ქალიშვილის, ლაურას ქმარი, რომელმაც მეუღლესთან ერთად სიცოცხლე კალიუმის ციანიდით მოისწრაფა) მოკვდეს და ამისთვის სჭირდება კალიუმის ციანიდი. სტალინი შეეცადა, დაერწმუნებინა თავისიმასწავლებელი”, რომ ეს გადაწყვეტილება მცდარი იყო, მაგრამ ლენინი შეუვალი და პრინციპული გახლდათ, მან არაერთგზის გაუმეორა თხოვნა თავისმოსწავლეს”. სტალინი კი მოხერხებულად უვლიდა გვერდს ბელადის თხოვნის შესრულებას.

სტალინი მკაცრად იცავდა და ასრულებდა პოლიტბიუროს დადგენილებას საქმეებიდან ლენინის ჩამოშორების შესახებ, რადგან ექიმები პრინციპულად მოითხოვდნენ: “თუ ლენინის სიცოცხლე გინდათ, დაიცავით მისი სიმშვიდე და მისი ტვინი ჩამოაშორეთ ფიქრსა და ემოციებს”.

მიუხედავად სტალინის სიმკაცრისა, ოპოზიციის ლიდერთა ჯგუფი (ტროცკი, ზინოვიევი, ბუხარინი და რიკოვი) ლენინის მეუღლე ნადეჟდა კრუპსკაიას ხელშეწყობით მაინც ახერხებდა ლენინთან ურთიერთობას და სიცრუის ბადის ქსოვას.

ყველაფერში ჩახედულმა სტალინმა სატელეფონო საუბრისას ნადეჟდა კრუპსკაია კატეგორიულად გააფრთხილა, არ მიეწოდებინა ავადმყოფისთვის პრესა და პოლიტიკური ლიტერატურა, რადგან მისთვის ეს დამღუპველი იქნებოდა. როდესაც კრუპსკაიამ ხმა აღიმაღლა მეუღლის ინტერესების დასაცავად, სტალინმა მკაცრად მიუთითა მას. ეს უთანხმოება სტალინსა და კრუპსკაიას შორის მალე მოგვარდა და არ ქცეულა განხეთქილების ვაშლად, მაგრამ საჭირო დროს და საჭირო მომენტში სტალინის მტრებმა მოხერხებულად გამოიყენეს. ავადმყოფობით დასუსტებული ლენინი ვეღარ ძლევდა ემოციებს _ ყველა ამჩნევდა მის გაცხარებას, აღევლვებას, ღვარძლიანობასა და სიფიცხეს.

სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფმა ლენინმა მისწერა სტალინს წერილი, რომელიც იწყებოდა დამცინავი სიტყვებით: “ღრმად პატივცემულო”.

ღრმად პატივცემულო ამხანაგო სტალინ! თქვენ გამოიჩინეთ უხეშობა ჩემი მეუღლის მიმართ, როდესაც მას ტელეფონით ესაუბრებოდით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეთანხმდით, არ გახმაურებულიყო, ეს ფაქტი მე შევიტყვე ზინოვიევისა და კამენევისგან. მე არ შემიძლია ასე უბრალოდ დავივიწყო, რაც ჩემ მიმართ ჩაიდინეთ. რაც თქვენ ჩემი მეუღლის მიმართ ჩაიდინეთ, ეს არის ჩემ მიმართ ჩადენილი დანაშაული, ამიტომ გთხოვთ, მიპასუხოთ: ხართ თუ არა მზა, უკან წაიღოთ ჩემი მეუღლის მიმართ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები და ბოდიში მოიხადოთ? თუ გსურთ, დავამთავროთ ჩვენ ურთიერთობა?”

ეს წერილი სტალინს ლენინის პირადმა მდივანმა ვოლოდიჩევამ გადასცა.

სტალინმა იქვე გადაიკითხა წერილი… “ცოტა ხანი დუმდა, _ იგონებს ვოლოდიჩევა, _ შემდეგ ერთი-ორი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა, თვალებში ჩამხედა და აუღელვებლად, სიტყვების დამარცვლით მითხრა: “ამას ამბობს არა ლენინი, არამედ მისი ავადმყოფობა”. მცირე ხნით ისევ გაჩერდა, შემდეგ კვლავ შემომხედა და განაგრძო: “მე ექიმი არ ვარ, მე პოლიტიკოსი ვარ. მე სტალინი ვარ. თუ ჩემი მეუღლე, პარტიის წევრი, ჩაიდენდა არასწორ ქმედებას და მას დასჯიდნენ, მე მის საქმიანობაში არ ჩავერეოდი…”

7 მარტს სტალინმა ლენინს მისწერა:

ამხ. ლენინს! ხუთი კვირის წინათ სატელეფონო საუბარი მქონდა ნადეჟდა კრუპსკაიასთან, რომელსაც მე ვთვლი არა მხოლოდ თქვენს მეუღლედ, არამედ ჩემს ძველ პარტიულ ამხანაგად, რომელსაც ვუთხარი შემდეგი: ექიმებმა აგვიკრძალეს მივცეთ ვლადიმერ ილიჩს პოლიტიკური ინფორმაცია და ეს ძირითადი მოთხოვნაა მის გამოსაჯანმრთელებლადთქო. სხვათა შორის, უნდა იცოდეთ, რომ ნადეჟდა კონსტანტინოვნა, როგორც ჩანს, ხშირად არღვევს ამ მოთხოვნას. არ შეიძლება ილიჩის სიცოცხლესთან ხუმრობა. მე ვთვლი, რომ ამ სიტყვებში არაფერია, როგორც მისი, ისე თქვენი შეურაცხმყოფელი და უხეშობის შემცველი. არავითარი სხვა მიზანი, თქვენი სწრაფი გამოჯანმრთელების გარდა, არ მქონდა ამ საუბრისას. უფრო მეტიც, მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, დავიცვა ექიმების მიერ დაწესებულირეჟიმი”.

თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი “ურთიერთობის” შესანარჩუნებლად საჭიროა, უკან წავიღო ჩემი სიტყვები, მე შემიძლია ისინი უკან წავიღო, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს და უნდა გკითხოთ: ჩემს სიტყვებში სად არის ჩემი “ბრალი” ან, პირადად, რა გნებავთ ჩემგან?”

ცოტა ხნის შემდეგ სტალინმა შესჩივლა კაგანოვიჩს:

“რა შემიძლია გავაკეთო? პოლიტბიურომ დამავალა, მეკონტროლებინა, არ მიეცათ ლენინისათვის საქმიანი ქაღალდები და გაზეთები, ავადმყოფი რომ არ გადაღლილიყო და არ ენერვიულა. მე რა შემეძლო? დამერღვია პოლიტბიუროს დადგენილება? მე ამას ვერ გავაკეთებ. ამისთვის მესხმიან თავს”.

ლენინისთვის წერილის მიწერიდან 10 დღის შემდეგ, 17 მარტს, კრუპსკაიამ სტალინს ზესაიდუმლო პირობებში შეატყობინა “ლენინის თხოვნა” _ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიუტანოს ილიჩს ერთი “ულუფა” კალიუმის ციანიდი. კრუპსკაიამ ისიც გაანდო სტალინს, რომ ლენინი საშინლად იტანჯება და ამ თხოვნის შესრულება მისი “ხსნა” იქნებაო, ნადეჟდა კრუპსკაია, თავის მხრივ, დასძენდა:

“უმორჩილესად გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით ილიჩს ამ თხოვნაზე”.

სტალინმა მოკლე წერილით უპასუხა კრუპსკაიას:

გთხოვთ, დაამშვიდოთ ილიჩი და დაარწმუნოთ, რომ, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება, მე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შევასრულებ მის თხოვნას, მაგრამ ჯერ ამის აუცილებლობა არ არის, ილიჩი გამოჯანმრთელდება”.

“სტალინის ამ წერილმა ილიჩი მართლაც დაამშვიდა”, _ დაწერს მოგვიანებით ბელადის მეუღლე. _ სტალინმა ლენინისთვის კალიუმის ციანიდის გადაცემის საკითხი პარტიის დახურულ პლენუმზე დააყენა. პლენუმი შეეცადა, ეს სტალინისთვის დაევალებინა, მაგრამ მან კატეგორიულად განაცხადა:

_ არა და არა, ამას მე ვერ გავაკეთებ. გააკეთოს ვისაც უნდა, მაგრამ მე, სტალინი, ამას არ გავაკეთებ!”

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here