სტალინი _ მშვიდობის მედროშე მსოფლიოში
კონფერენციები და მათთან დაკავშირებული დეტალურად განსახილველი საკითხები დიდ დროს ართმევდა სტალინს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ახერხებდა წითელი არმიის საბრძოლო მოქმედებებზე დეტალური ინფორმაციის მიღებასა და სათანადო გადაწყვეტილებების გამოტანას. ასე იყო იალტის კონფერენციაზეც _ მასთან იუსუპოვის სასახლეში მიდიოდნენ წითელი არმიის მეთაურები და სტალინი მათ ჩვეულებრივ ესაუბრებოდა არმიის გენერალ ალექსანდრე ანტონოვის თანდასწრებით, რომელსაც ყოველთვის თან ჰქონდა ფრონტზე შექმნილი ვითარების ამსახველი რუკები.
სტალინის დიპლომატია და მისი როლი მთავრობის მეთაურთა კონფერენციებზე მაღალ შეფასებას იმსახურებდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში. მაგალითად, ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწე ჰარი ლოიდ ჰოპკინსმა იალტაში დიდი სამეულის კონფერენციის შედეგების შესახებ დაწერა:
“ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავით, რომ მოვიპოვეთ პირველი დიდი მსოფლიო გამარჯვება. “ჩვენში” ვგულისხმობ ყველას _ ცივილიზებულ კაცობრიობას. რუსებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ იმოქმედონ ჭკვიანურად და გონივრულად. არც პრეზიდენტს და არც რომელიმე ჩვენგანს ეჭვი არ შეჰპარვია, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათთან და შეგვიძლია ვაწარმოოთ საქმეები მათთან უახლოეს მომავალში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ვერც ერთი ჩვენგანი ვერც კი წარმოიდგენდა, რა შედეგები შეიძლება დამდგარიყო, სტალინს რამე რომ მოსვლოდა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ შეგვეძლო სტალინის ნდობა, გვქონდა მისი გონებისა და გამჭრიახობის იმედი, მაგრამ ეს არ ვრცელდებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც იდგნენ მის უკან იქ, კრემლში”. მკითხველს უნდა ვუთხრა, რომ ვიაჩესლავ მოლოტოვმა ბევრი რამ გააკეთა ანტიჰიტლერული კოალიციის შესაქმნელად და მისი კონსოლიდაციისთვის. მოლოტოვი ხომ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი იყო. სწორედ მოლოტოვი ამზადებდა და უშუალოდ მონაწილეობდა სსრ კავშირის, აშშ-ისა და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციებში მოსკოვში (1941-1943 წწ.). ის ასევე მონაწილეობდა “დიდი სამეულის” ხელმძღვანელებთან ერთად 1943 წელს თეირანის, ხოლო 1945 წელს _ იალტისა და პოტსდამის კონფერენციებში. შესაბამისად, მოლოტოვი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრასა თუ მოლაპარაკებაში და ამიტომაც ჰკითხა ერთხელ მწერალმა და პოეტმა ფელიქს ჩუევმა მოლოტოვს:
“რა იყო სტალინის პირველი სადღეგრძელო ომის შემდგომ _ „За нашего Вячеслава“ მოლოტოვმა უპასუხა: “სტალინს სურდა, ხაზი გაესვა ჩვენი დიპლომატიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის ომის წლებში. საჯაროდ მსგავსი მსგავსი რამ თქვა: „Выпьем за нашего Вячеслава“და ეს იყო იმის გამოხატულება, რომ დიპლომატია ზოგჯერ ერთ-ორ არმიაზე დიდ როლს თამაშობს პოლიტიკაში. ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ სულისკვეთება ეს იყო”. მნიშვნელოვანია ანდრია გრომიკოს აზრი: “სტალინის პერიოდში პარტიასა და ქვეყანაში ვიაჩესლავ მოლოტოვი მნიშვნელობით მეორე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. რა თქმა უნდა, სსრ კავშირის პრინციპულ პოლიტიკას საგარეო საქმეებში განსაზღვრავდა პოლიტბიურო სტალინის ხელმძღვანელობით, რომლის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას პრინციპულ საკითხებში ბევრი რამ იყო დამოკიდებული თავად მოლოტოვზე”.
აღსანიშნავია, რომ სამამულო ომის წლებში ქვეყნის სამხედრო ლიდერებიც ასევე ასრულებდნენ მნიშვნელოვან სამხედრო თუ პოლიტიკურ როლს. ამ მხრივ აღსანიშნავია კლიმენტ ვოროშილოვის მონაწილეობა თეირანის კონფერენციაში, გენერალ ალექსანდრე ანტონოვისა _ იალტისა და პოტსდამის კონფერენციებში. სტალინს მთელი ომის განმავლობაში უწევდა საგარეო პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის ხანგრძლივ და ჯიუტ ბრძოლას ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე და მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა უფრო მეტ ჩართულობაზე. სტალინს თითქმის ყოველდღიურად უწევდა მოკავშირეებთან რთული და დელიკატური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც წარმოიქმნებოდა ინგლისისა თუ აშშ-ის მთავრობების მხრიდან. ჩერჩილმა თავის მემუარებში ყურადღება შეაჩერა 1944 წელს თავის მეორე ვიზიტზე სტალინთან მოსკოვში. ის თითქმის დეტალურად იხსენებს 9 ოქტომბრის შეხვედრას სტალინთან:
“მოდი, მოვაგვაროთ ჩვენი საქმეები ბალკანეთში. თქვენი ჯარები იმყოფებიან რუმინეთსა და ბულგარეთში. ჩვენ იქ გვაქვს ჩვენი ინტერესები, მისია და გვყავს აგენტები. წვრილმანის გამო ერთმანეთს ნუ წავეკიდებით. რაც შეგვეხება ჩვენ _ ინგლისსა და რუსეთს, თანახმა ხართ თუ არა, დაიკავოთ 90%-იანი დომინანტური პოზიცია რუმინეთში, იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ დავიკავებთ 90%-იან დომინანტურ პოზიციას საბერძნეთში, ხოლო იუგოსლავია გავიყოთ?”
სანამ სტალინს უთარგმნიდნენ ჩერჩილის სიტყვებს, ბრიტანეთის პრემიერმა ფურცელზე ჩამოწერა:
რუმინეთი: რუსეთი _ 90%; სხვები _ 10%;
საბერძნეთი: დიდი ბრიტანეთი (აშშ-თან შეთანხმებით) _ 90%; რუსეთი _10%;
იუგოსლავია: 50-50%; უნგრეთი: 50-50%; ბულგარეთი: რუსეთი _ 75%. სხვები 25%;
ჩერჩილი მოგონებებში წერს, რომ მან ეს ფურცელი გადასცა სტალინს, რომელსაც ამ მომენტისთვის უკვე გადაუთარგმნეს ბრიტანეთის პრემიერის სიტყვები. მცირე პაუზის შემდეგ სტალინმა აიღო ლურჯი ფანქარი და ფურცელზე დიდი “ჩიტი” (Птичка) გამოსახა, ფურცელი ადრესატს დაუბრუნა და, როგორც ჩერჩილი აღნიშნავს, “ამ საკითხების გადაჭრას უფრო ცოტა დრო დაჭირდა, ვიდრე მათ ჩამოწერას”.
“_ მოდი, დავწვათ ეს ფურცელი, _ შესთავაზა ჩერჩილმა სტალინს.
_ არა, თქვენთვის დაიტოვეთ”, _ უპასუხა სტალინმა.
ასეთია სტალინთან შეხვედრის შესახებ ჩერჩილის მოგონება და ამ შეხვედრას მან თავის მემუარებში “პროცენტული გარიგება” უწოდა. მკითხველს უნდა ავუხსნა, რომ სტალინი არ დათანხმდებოდა მსგავს ბიპოლარულ გარიგებას, რადგან ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო დიდი ბრიტანეთის გავლენის გაძლიერებისა ბალკანეთის ქვეყნებში. სტალინი უპირატესობას ანიჭებდა არა “ვაჭრობას” პროცენტებში, არამედ ნაცისტური უღლისგან გათავისუფლებულ ქვეყნებში ახალი მთავრობების პოლიტიკური მიმართულებების გატარებას, რომელიც შექმნიდა კეთილმეზობლობისა და მშვიდობის ატმოსფეროს ევროპის მნიშვნელოვან რეგიონში.
1944 წლის 16 დეკემბერს გერმანელებმა შეტევა წამოიწყეს არდენის მახლობლად, სერიოზულად დააზარალეს მათ წინააღმდეგ მებრძოლი ამერიკული დივიზიები და მდინარე მაასისკენ წაიწიეს. 1945 წლის 1 იანვარს ნაცისტებმა კვლავ დაარტყეს ამერიკელების ჯარს და შეეცადნენ, მდინარე ელზასის კვლავ ხელში ჩაგდებას. შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 6 იანვარს ჩერჩილმა სტალინს წერილით მიმართა: “დასავლეთში რთული ბრძოლები მიმდინარეობს და, შესაძლებელია, უმაღლეს სარდლობას ნებისმიერ დროს მოუწიოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თქვენ იცით საკუთარი გამოცდილებიდან, რა რთულია სიტუაცია, როდესაც ადამიანს უწევს ფართო ფრონტის დაცვა. სასურველია და აუცილებელი, გენერალმა ეიზენჰაუერმა იცოდეს, საზოგადოდ, რის გაკეთებას აპირებთ, რადგან ეს, რა თქმა უნდა, აისახება მის და ჩვენს გადაწყვეტილებებზე… მადლობელი ვიქნები, თუ მაცნობებთ, ვიქონიოთ თუ არა იმედი რუსეთის მასშტაბურ შეტევაზე ვისლის ფრონტზე ან სადმე სხვაგან იანვარში ან ნებისმიერ დროს, რომელიც გსურთ. ამ უაღრესად გასაიდუმლოებულ ინფორმაციას არავის შევატყობინებ… ვფიქრობ, საქმე საჩქაროა”.
7 იანვარს სტალინმა ჩერჩილს შემდეგი პასუხი გაუგზავნა:
“ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობა არტილერიასა და ავიაციაში გერმანელების წინააღმდეგ, მაგრამ არახელსაყრელი ამინდი ხელს შეუშლის არტილერიას მიზანმიმართული შეტევის განხორციელებაში. ჩვენ ვემზადებით დასარტყმელად. მართალია, ამინდი არახელსაყრელია შეტევის განსახორციელებლად, მაგრამ დასავლეთის ფრონტზე ჩვენი მოკავშირეების პოზიციის გათვალისწინებით უმაღლესმა სარდლობამ გადაწყვიტა, სწრაფი ტემპით დაასრულოს მზადება და დაიწყოს ფართომასშტაბიანი ოპერაცია გერმანელების წინააღმდეგ მთელ ცენტრალურ ფრონტზე იანვრის მეორე ნახევარში. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რის გაკეთებაც შესაძლებელია, რომ დავეხმაროთ ჩვენს დიდებულ მოკავშირე ძალას”.
და მოკავშირეების დახმარების დასაჩქარებლად წითელი არმიის უმაღლესმა სარდლობამ გადაწყვიტა შეტევის დაწყება უფრო ადრე, ვიდრე ეს ჩერჩილის წერილში იყო აღნიშნული. 12 იანვარს შეტევა დაიწყო დიდი მასშტაბით _ ბალტიის ზღვისა და კარპატების ფრონტებზე. შედეგად, გერმანიის სარდლობა იძულებული შეიქნა, შეეწყვიტა დასავლეთის მიმართულებით შეტევა და სასწრაფოდ დაეწყო ჯარების გადაყვანა აღმოსავლეთ ნაწილში _ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ.
17 იანვარს ჩერჩილმა სტალინს მისწერა: “მისი უდიდებულესობისა და მთავრობის სახელით მთელი გულით მსურს, გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ მასშტაბური შეტევის გამო, რომელიც თქვენ დაიწყეთ აღმოსავლეთის ფრონტზე”.
ჩერჩილმა მოგვიანებით მემუარებში დაწერა: “სტალინისა და რუსეთის მხრიდან მასშტაბური შეტევის დაჩქარება იყო ბრწყინვალე ნაბიჯი, რაც, რა თქმა უნდა, მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ეიზენჰაუერი კმაყოფილი იყო იმ ცნობით, რომელიც გავაცანი”. თავის მხრივ, ეიზენჰაუერმა წითელი არმიის მეთაურებს მიწერა:
“მნიშვნელოვანი ამბავი იმის შესახებ, რომ უშიშარი წითელი არმია წინ წავიდა, დიდი ენთუზიაზმით მიიღეს დასავლეთის მოკავშირეთა ჯარებმა”. სტალინს თავისი გადაწყვეტილება, დათანხმებოდა მოკავშირეთა თხოვნას, ჩაეტარებინათ ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია ცენტრალურ ფრონტზე, რა თქმა უნდა, საგულდაგულოდ ჰქონდა მოფიქრებული. გერმანელთა წინააღმდეგობის ჩახშობის შედეგად წითელმა არმიამ, სულ რაღაც, 2 კვირაში 500 კილომეტრით წაიწია წინ. გაათავისუფლა ვარშავა და მიადგა მდინარე ოდერს. ეს მოხდა იალტის კონფერენციის გახსნამდე, ანუ 1945 წლის 4 თებერვლამდე და საბჭოთა ჯარი უკვე ბერლინიდან 60 კილომეტრში აღმოჩნდა.
ბერლინის გარშემო წინააღმდეგობები და ინტრიგები დაიწყო. თუ საბჭოთა ჯარების მიერ ბერლინის აღება გაჭიანურდებოდა, შესაძლებელი იყო, სრულიად სხვა შედეგი დამდგარიყო და ამ სახიფათო, ჩახლართულ სიტუაციაში საჭირო შეიქნა ანგლო-ამერიკელებისა და გერმანელების კულისებს მიღმა გამართული დიპლომატიური მანევრების შეჩერება ვერმახტის ძალების სწრაფი დამარცხებითა და გერმანიის დედაქალაქ ბერლინის აღებით.
ინგლისისა და აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო ძალები ცდილობდნენ, ბერლინში პირველები თვითონ შესულიყვნენ. 1945 წლის 1 აპრილს ჩერჩილი წერდა რუზველტს: “ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც შეიძლება შორს უნდა წავიწიოთ გერმანიის აღმოსავლეთით და ბერლინი ავიღოთ”. აი, რას წერდა ეიზენჰაუერი 1945 წლის 7 აპრილს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს:
“ომი მიმდინარეობს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად… ბერლინის აღება ხომ წმინდა სამხედრო მოსაზრებებს აღემატება და მე სიამოვნებით გადავხედავ ჩემს გეგმებს ამ ოპერაციის განსახორციელებლად”.
მაგრამ სტალინმა ბერლინის აღებითა და რაიხსტაგზე წითელი დროშის აფრიალებით, იმხანად შექმნილი ანგლო–ამერიკული ინტრიგების ყველანაირი სახიფათო კვანძი გაწყვიტა. ეს იყო გამარჯვება არა მხოლოდ უშიშარი საბჭოთა ჯარის, ხალხისა და საბჭოთა იარაღის, არამედ სტალინის დიპლომატიის ნიჭისა არა მხოლოდ ფაშიზმთან, არამედ ანტიჰიტლერული კოალიციის ერთიანობის შესანარჩუნებელ ბრძოლაშიც. სტალინის სამხედრო ნიჭმა, სტრატეგიამ და დაუღალავმა საქმიანობამ დიდი გავლენა იქონია არამხოლოდ ბრძოლის ფრონტზე ძლიერი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და საბჭოთა სამხედრო ეკონომიკის აღმავლობაზე, არამედ მისმა ნიჭმა და დიპლომატიამ დიდი გავლენა იქონია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. სტალინმა შეძლო, ურთულეს პირობებში, სოციალისტური ქვეყნის მტრების ინტრიგების მიუხედავად, სოციალისტური სისტემის საპირისპირო სახელმწიფოთა ძლიერი, ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნა და ერთობის შენარჩუნება. ის წარმატებით იცავდა ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და უზრუნველყოფდა მისი პოზიციების გაძლიერებას ომისშემდგომ პერიოდში.
1945 წელს პოტსდამის კონფერენციაზე, ისევე როგორც წინა კონფერენციებზე, სტალინი იყო წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, თავდაჯერებული და უშუალო, მოკავშირე ქვეყნების მეთაურებთან ყოველი შეხვედრისას საგულდაგულოდ და სრულყოფილად მომზადებული. მას ხშირად შეჰყავდა ჩიხში დასავლელი პოლიტიკოსები, ასეთ შემთხვევებში ჩერჩილი ნერვებს ხშირად ვერ თოკავდა, გარეგნულად მშვიდი სტალინი კი ხმის დაბალი ტემბრითა და დაუფარავი სარკაზმით საუბრობდა. როდესაც ჩერჩილი ვრცლად აღწერდა ბრიტანეთში ომის შემდგომ შექმნილ სირთულეებზე, სტალინმა აღნიშნა: “წუწუნი ჩემი ჩვევა არ არის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია. ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე მილიონი ადამიანი. რუსეთში ისეთი მძიმე ვითარებაა, წუწუნი რომ დავიწყო, ვშიშობ, ცრემლი წაგსკდებათ, მაგრამ არ მინდა, შეგაწუხოთ.
ამგვარი შეფასების საპასუხოდ ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა ჰარიმანმა სტალინს ქედმაღლობით დაუსვა კითხვა:
_ ძალიან გახარებული უნდა იყოთ, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც თქვენმა ქვეყანამ გადაიტანა, ახლა აქ ხართ, ბერლინში?
სტალინმა უპასუხა: _ მეფე ალექსანდრე პარიზამდე ჩავიდა…
24 ივლისს, პლენარული სესიის შემდეგ, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ტრუმენმა, ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირეების თანდასწრებით აცნობა სტალინს, რომ ამერიკელებმა შექმნეს გამანადგურებელი ძალის ახალი იარაღი. და იმ მომენტში ჩერჩილმა გამჭოლი მზერა მიაპყრო სტალინს, დააკვირდა მის მიმიკას, სახის გამომეტყველებას, მაგრამ სტალინი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა და ერთი სიტყვა თქვა: _ Благодарю! ტრუმენმა და ჩერჩილმაც ჩათვალეს, რომ სტალინმა ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი, და სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა იმ ინფორმაციას, რომელიც ეს-ესაა აცნობეს.
შეხვედრის შემდეგ სტალინმა უთხრა მოლოტოვსა და ჟუკოვს, რომ ტრუმენმა იგი განზრახ შეაყოვნა, რათა ეცნობებინა ახალი ამერიკული იარაღის შესახებ. მოლოტოვმა შენიშნა:
_ საკუთარი თავი შეიფასეს.
სტალინმა თქვა:
_ დაე, შეიფასონ! და საჭიროა კურჩატოვთან საუბარი, რათა დააჩქარონ სამუშაოები…
და სამი წლის შემდეგ, სტალინის დავალებით, შეიქმნა ატომური იარაღი _ იარაღი მშვიდობის დასაცავად. სტალინი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკა ვერ მოექცეოდა საბჭოთა კავშირს ისე, როგორც მოექცა იაპონიას, რომლის ორი ქალაქიც 1945 წლის აგვისტოში ატომური ბომბებით მიწათან გაასწორა.
ამრიგად: სტალინის დიპლომატიამ დაამარცხა ფაშისტური გერმანია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან შექმნა ანტიჰიტლერულ კოალიცია და მსოფლიოში მშვიდობის საფუძვლები განავითარა. ამის დასტურია სტალინის საქმიანობა პოტსდამის კონფერენციაზე. სტალინის ურყევი რწმენა და სიმტკიცე, რომელმაც უზრუნველყო როგორც მტერზე გამარჯვება, ასევე მოკავშირეთა ურთიერთკავშირის შენარჩუნება ომის დასრულებამდე, ნათლად ჩანს იმ ორი სრულიად საიდუმლო საარქივო მასალიდან, რომელსაც წარმოადგენს ჩერჩილის წერილი (#468) სტალინისადმი და სტალინის საპასუხო წერილი (#46) ჩერჩილისადმი.
ჩერჩილის წერილში ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებულ მოკავშირეებს დაპყრობილ ევროპულ ქალაქებში გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ სტალინის ნებართვის გარეშე, რასაც ნათლად ადასტურებს წარმოდგენილი ეს ორი წერილი.
“#467
ბატონ ჩერჩილის პირადი და საიდუმლო წერილი მარშალ სტალინს
1. გაოცებული ვარ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ 13 აპრილს მიიწვიეთ ბატონი ჰარიმანი, საბჭოთა მთავრობა მაინც არ აძლევს მოკავშირეთა წარმომადგენლებს ვენაში ჩასვლის უფლებას. იმ ფაქტს, რომელსაც ბ-მა ვიშინსკიმ მიაქცია ყურადღება ბრიტანეთის საქმეთა რწმუნებულისადმი გაგზავნილ წერილში, რომ საოკუპაციო ზონები ევროპის საკონსულტაციო კომისიამ დააწესა მანამდე, სანამ მოკავშირეთა ჯარები გერმანიის ტერიტორიაზე შევიდოდნენ, ჩემი აზრით, კავშირი არ აქვს საბჭოთა მთავრობის უართან, ნება დართოს თავისი მოკავშირეების წარმომადგენლებს ვენაში ჩასვლაზე, რომელიც საბჭოთა შეიარაღებულმა ჯარებმა გაათავისუფლეს. მე არ მაქვს სურვილი, როგორც ამას ბ-ნი ვიშინსკი მთავაზობს, ზონათა შესახებ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ევროპის საკონსულტაციო კომისიიდან ვენაში გადავიტანოთ. მაგრამ, ვინაიდან ევროპის საკონსულტაციო კომისიაში საბჭოთა წარმომადგენელმა უკვე შეცვალა თავისივე წინადადებები, რომლებიც კომისიაში შეიტანა იმის გამო, რომ, როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა სავარაუდო ზონის ნაწილი დანგრეული იყო, მაიძულებს ვიფიქრო, რომ ყველას გვაქვს უფლება, ადგილზე შევისწავლოთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს წინადადებებზე კომისიაში.
2. იმისათვის, რომ გაადვილდეს ევროპის საკონსულტაციო კომისიაში შეთანხმება, რაც თქვენ, დარწმუნებული ვარ, სასურველად მიგაჩნიათ, გთხოვთ, მითითებები მისცეთ გენერალ ტოლბუხინს, რათა მოკავშირეთა წარმომადგენლები სასწრაფოდ გაფრინდნენ ვენაში.
1945 წლის 17 მაისი”.
“# 469
პირადად და საიდუმლოდ, ი. ბ. სტალინი პრემიერმინისტრ ბ-ნ უ. ჩერჩილს
მივიღე თქვენი 17 მაისის წერილი ვენაში ბრიტანეთის წარმომადგენელთა ჩასვლაზე ვენის საოკუპაციო ზონების დადგენის შესახებ. საბჭოთა მთავრობას მიაჩნია, რომ ვენაში საოკუპაციო ზონების დადგენა ისევე, როგორც ავსტრიის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, მთლიანად შედის ევროპის საკონსულტაციო კომისიის კომპეტენციაში, როგორც ამის შესახებ შევთანხმდით თქვენთან და პრეზიდენტ რუზველტთან. ამიტომ საბჭოთა მთავრობა ვერ დაეთანხმება მოკავშირეთა სამხედრო წარმომადგენლების ჩასვლას ვენაში საოკუპაციო ზონების დადგენისა და სხვა იმ საკითხების გადაწყვეტის მიზნით, რომლებიც ავსტრიის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ამ თვალსაზრისს ვიზიარებთ ამჟამადაც. უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპის საკონსულტაციო კომისია უახლოეს დროში გადაწყვეტს ავსტრიასა და ვენაში საოკუპაციო ზონების საკითხს. რაც შეეხება ბრიტანეთის წარმომადგენლების ჩასვლას ვენაში ქალაქის მდგომარეობის გასაცნობად ადგილზე და ვენაში საოკუპაციო ზონათა შესახებ წინადადებათა მოსამზადებლად, საბჭოთა მთავრობას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ამასთანავე, ამის შესაბამისად, მარშალ ტოლბუხინს აუცილებელი მითითებები ეძლევა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლებს შეუძლიათ, ჩავიდნენ ვენაში მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, როცა იქ დაბრუნდება მარშალი ტოლბუხინი, რომელიც ამჟამად მოსკოვისკენ მოემგზავრება.
1945 წლის 18 მაისი”.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება იქნება)