ახლახან ესპანეთში ვიმოგზაურე და მინდა, გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები და მოგაწოდოთ საინტერესო ცნობები სტალინისა და ესპანეთის, სტალინისა და ფრანკოს შესახებ.
უცნაურია ძლიერი ნებისყოფისა და გაბედული ადამიანების ხვედრი და მომავალი, სჭირდებიან თუ არა ისინი ქვეყანას? _ ვფიქრობ, უსათუოდ სჭირდებიან. ისინი ხომ გმირები არიან, რომლებიც ისტორიას ქმნიან. ისტორია კი, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ზუსტი აღწერა და დამახსოვრება, კაცობრიობას განვითარებისთვის, პროგრესისთვის სჭირდება.
ფრანსისკო პაულინო ერმენეხილდო ტეოდულო ფრანკო ბაამონდე 1892 წლის 4 დეკემბერს დაიბადა ესპანეთში, გალისიის პროვინცია ლა-კორუნიას ქალაქ ელ-ფეროლში, გარდაიცვალა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 1975 წლის 20 ნოემბერს (ეჭვობენ, რომ მოწამლეს).
ფრანკო სუსტი აღნაგობის დაბალი ახალგაზრდა იყო. მისი სიმაღლე მხოლოდ 1 მეტრსა და 64 სანტიმეტრს აღწევდა. ტოლებში ყოველთვის დაჩაგრულად გამოიყურებოდა. ალბათ, ამან მისცა ბიძგი ახალგაზრდას, შორეული ნაოსნობის მეზღვაური გამხდარიყო, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში გაპარტახებულ ესპანეთის ფლოტს აღარ სჭირდებოდა საზღვაო აკადემიის კურსანტები და ფრანკოს სურვილიც აუსრულებელი დარჩა, ამიტომ გადაწყვიტა, სახმელეთო სამხედრო შენაერთში ემსახურა. ჯარში ყოფნის პირველი დღეებიდანვე ახალგაზრდა ჯარისკაცმა არნახული სიმამაცე, სიმარჯვე და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, მას ხიშტით ბრძოლაში ბადალი არ ჰყავდა თავის ნაწილში. ფრანკო ყველაზე ახალგაზრდა ოფიცერია ესპანეთის სამხედრო საქმის ისტორიაში _ 23 წლის იყო, როდესაც კაპიტნის წოდება მიანიჭეს. 1916 წელს მძიმედ დაიჭრა მაროკოში გამართულ შეტაკებაში. მისმა სიმამაცემ მებრძოლებს შორის უზარმაზარი ავტორიტეტი მოუტანა და წარადგინეს კიდეც სახელმწიფოს უმაღლეს ჯილდოზე. ის, 24 წლისა, ყველაზე ახალგაზრდა მაიორი (კომანდანტე) გახდა, ხოლო 33 წლისა _ ყველაზე ახალგაზრდა გენერალი ესპანეთის ისტორიაში.
მაროკოში ომი ფრანკოსათვის იღბლიანი გამოდგა _ საბრძოლო მოწოდება: “ან კუბო, ან გენერლის ოქროს ქამარი!” ფრანკოსთვის გენერლის ქამრით დასრულდა. დიდი და მრავლისმომცველია ფრანკოს წარმატებული სამხედრო მოქმედებების ნუსხა და მათი ჩამოთვლით მკითხველს აღარ დავღლი, მე სხვა მხრივ მინდა დავახასიათო ფრანკო.
ფრანკოს სამხედრო კარიერისთვის არასოდეს გადაუხვევია. ის ყოველთვის არაპოლიტიკური იყო, მაგრამ მეორე რესპუბლიკის პერიოდში პრემიერმინისტრ მანუელ ასანია-ი-დიასის მიერ სამხედრო აკადემიის დახურვისას, რომლის დირექტორიც ფრანკო გახლდათ, მის მიერ კადეტებთან დასამშვიდობებლად წარმოთქმული სიტყვა პრემიერმინისტრმა შეურაცხყოფად მიიღო და ფრანკო 6 თვის განმავლობაში ჩამოაშორეს ყოველგვარ სამხედრო საქმეს და მეთვალყურეობა დაუწესეს. ალბათ, სწორედ ეს იყო ის ნაპერწკალი, რომელმაც ფრანკოში პოლიტიკური ალი აანთო.
ესპანეთში სამოქალაქო ომი 1936 წლის ივლისში დაიწყო და 1939 წლის აპრილში დამთავრდა ფრანკოს გამარჯვებით, ამიტომ ფრანკოს ოფიციალურ ბიოგრაფიაში ესპანეთის პირველი პირის (კაუდილიო. “ბელადი” _ ფრანკოს ოფიციალური ტიტული) თანამდებობაზე მისი ყოფნის დაწყების თარიღად წერია 1939 წლის 1 აპრილი, ხოლო დასასრულად _ ფრანკოს გარდაცვალების დღე _ 1975 წლის 20 ნოემბერი.
მრავალპარტიულობამ და ხელისუფლების გაუთავებელმა ცვლამ (11-ჯერ შეიცვალა) სრულიად მოშალა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე ქვეყნის ეკონომიკაც, ესპანეთი უკიდურესად ღარიბი ქვეყნების რიგში ჩადგა. ფრანკომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეძლო, თავისი მმართველობის ქვეშ გაეერთიანებინა იდეოლოგიურად ერთმანეთისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალები ერთ პარტიაში, რომელიც 1939 წელს ერთადერთ ლეგალურ პარტიად იქცა. ფრანკოს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი _ მარია დელ კარმენი. მისი ქმარი იყო ფრანკოს მრჩეველი, რომელიც მოხერხებულად უპირისპირებდა ერთმანეთს ფრანკოს საწინააღმდეგოდ განწყობილ ადამიანებსა და პარტიებს. თვითონ ფრანკომ კი თავი წარმოადგინა, როგორც “ქრისტიანული ევროპის დამცველად ათეისტური კომუნიზმისაგან”.
ფრანკომ რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა და მოიგო. ის მტრის გვამებს თავის ხელით აჭრიდა თავს. ქუჩებში, მოედნებსა თუ სახლებში რამდენიმე რესპუბლიკელი სოციალისტი თუ ანარქისტი ჰყავს დახვრეტილი. დიქტატორი პასუხს აგებდა მხოლოდ ღმერთთან, ასეთად იცნობდა ესპანელი ხალხი ფრანსისკო ფრანკოს 1939 წლის 1 აპრილიდან 1975 წლის 20 ნოემბრამდე. მეორე მსოფლიო ომში ესპანეთი არ გაერთიანებულა გერმანიასა და იტალიასთან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, თუ არ ჩავთვლით ესპანელი მოხალისეების ე.წ. ცისფერ დივიზიას, რომელიც გერმანელთა მხარეს იბრძოდა, მაგრამ ეს სამხედრო შენაერთი 1943 წელს ფრანკომ გამოიწვია ფრონტიდან.
ფრანკოს პრინციპულობასა და შეუვალობაზე მეტყველებს ისიც, რომ სამშობლოს ღალატში მხილებული ესპანელი საზოგადო მოღვაწე, რომლის შეწყალებასაც სთხოვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, თავისი ხელით დახვრიტა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე.
ფრანკოს მიერ შედგენილი, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული კონსტიტუცია, რომელმაც შეცვალა მონარქია საყოველთაო არჩევნებით, მისი სიკვდილის შემდეგაც დიდხანს მოქმედებდა. ფრანკისტების გავლენა ისე დიდი იყო, რომ არჩევნებში სახელისუფლო პარტიის დამარცხების შემდეგ მოსული მემარცხენე ორიენტაციის პარტიაშიც იმდენივე ფრანკისტი აღმოჩნდა, რამდენიც წინასახელისუფლო პარტიაში.
ახლაც კი, როდესაც მე ესპანეთის კომუნისტური პარტიის ოფისში პარტიის ლიდერებს ვესაუბრებოდი, ადასტურებდნენ, რომ დემოკრატიულად არჩეულ ახალ სამთავრობო პარტიაში, რომლის სახელწოდებაცაა “პარტიდო პოპულარი”, უმრავლესობას კვლავ ფრანკისტები წარმოადგენენ, მაგრამ არის ორთოდოქსი ფრანკისტების პარტიაც _ “ფალანგე ესპანოლა”. ესპანეთის მოსახლეობა ორ ბანაკადაა გაყოფილი _ ფრანკისტებად და არაფრანკისტებად, ფრანკოს მოძულე და ფრანკოს მხარდამჭერ ესპანელებად. კატალონიელებს კი ჭირივით სძულთ ფრანკო.
ყველაფრის მიუხედავად, ფრანკო ესპანეთში ცოცხალია, რასაც მასზე გაუთავებელი კამათი მოწმობს.
ცხენზე ამხედრებული ფრანკოს ძეგლი მის მშობლიურ ქალაქ ელ-ფეროლში 2002 წლამდე იდგა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ლაშქრობას ძეგლების წინააღმდეგ ფრანკოს ძეგლიც შეეწირა _ ის ცენტრალური მოედნიდან გადაიტანეს ელ-ფეროლის საზღვაო მუზეუმში, სადაც დიდი პატივითა და დიდებით არის დაცული. მადრიდის ახლოს კი თვალსაჩინო მაღლობზე გაშენებულია პანთეონი, რომლის ცენტრალურ ადგილზე, არის გრანდიოზულ სვეტზე გამოსახული ჯვრის ქვეშ დასაფლავებულია ფრანკო. პანთეონის სახელწოდებაა “დაცემულთა ველი” (Valle de los Caidos).
ეს პანთეონი 1950-იან წლებში თვითონ ფრანკომ შექმნა და მას შერიგების პანთეონი დაარქვა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფრანკოსათვის, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც კი დაეხვრეტა კატალონიელი და ბასკი სეპარატისტები.
დღეს ფრანკოს საფლავი, მასზე აღმართული დიდი მემორიალით, ანდერძის თანახმად, მის მემკვიდრეებს ეკუთვნით. ესპანეთის მთავრობა დაინტერესებულია, მემორიალი სახელმწიფოს ხელში გადავიდეს, რისთვისაც ფრანკოს შთამომავლობას, როგორც ამბობენ, 50 მილიონ ევროს სთავაზობენ, მაგრამ შთამომავლები ისტორიას არ ყიდიან.
_ როგორც იურისტი, როგორ დაასრულდებდი ამ გარიგებას? _ შევეკითხე ესპანეთში მცხოვრებ ჩემი ძმის შვილიშვილს _ ნათია ონიანს (ქარდავას).
_ ართუ სახელმწიფო გარიგებებზე, თვითონ ჩემ თავზეც კი არ მიმიღია გარიგების გადაწყვეტილება, რადგან, როგორც ამბობენ, კომუნისტი ხარ მანამდე, ვიდრე გამდიდრდები, ფემინისტი _ ვიდრე გათხოვდები, ათეისტი კი _ ვიდრე ვარდნას არ დაიწყებს თვითმფრინავი, რომელშიც ზიხარ. მიპასუხა ჩემი ძმის უჭკვიანესმა შვილიშვილმა. ამ ღრმაშინაარსიანი ფრაზის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა არა მხოლოდ ჩემი ძმის შვილიშვილი, არამედ 50 წლის წინათ გარდაცვლილი ჩემი უფროსი ძმაც.
სჭირდება თუ არა ფრანკო ესპანეთს? _ სჭირდება ისევე, როგორც ალექსანდრე მაკედონელი მაკედონიას და ნაპოლეონ ბომაპარტე _ კორსიკას. რა იქნებოდა ესპანეთი კოლუმბის გარეშე, რომლის მონუმენტსაც დღეს ბარსელონაში, ზღვის ნაპირზე, 5 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია? რა იქნებოდა ესპანეთი ფრანკოს გარეშე? _ დაქუცმაცებული, მიტაცებულ-გამოტაცებული უღარიბესი ქვეყანა.
რა იქნებოდა წინარე ცივილიზაცია ალექსანდრე მაკედონელის გარეშე? _ ლეგენდებისა და ზღაპრების დაუსრულებელი ოკეანე. საფრანგეთი ნაპოლეონის გარეშე? _ შეღებილი სინდიოფალა. ან ინგლისი _ დიდი ბრიტანეთის ლომად წოდებული და სისხლში ამოსვრილი “დემოკრატი” ჩერჩილის გარეშე?
უცნაური ბედის არიან ხალხისთვის თავგანწირული და ხალხს შეწირული გმირი ადამიანები. სტალინისა და ესპანეთის თემა ამ ქვეყანაში ჩემმა მოგზაურობამ წამოწია წინა პლანზე.
ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო, მაო ძედუნი, ჩან კაიში, კიმ ირ სენი, ბროზ ტიტო _ ეს ის აისბერგები არიან, რომლებიც დიდხანს იდრეიფებენ მსოფლიოს პოლიტიკის ისტორიის ოკეანეში. სად არის ამ დროს “ყველაზე დიდი დიქტატორი დიქტატორთა შორის” (ჩერჩილი) _ ამხანაგი სტალინი? თუ აისბერგებს გლობალური დათბობის შემთხვევაში წყლად გადაქცევა ელის, სტალინს თავზე ვერასოდეს გადაუვლის ტალღა, რადგან ის თავისი პოლიტიკური სიმაღლითა და “საქმენით მისით” ჯომოლუნგმას აღემატება და ასეთადვე დარჩება.
როდესაც დიქტატორ ფრანკოს მშობლიური ქალაქის მუზეუმში ცხენზე მჯდარი მეტრისა და 64 სანტიმეტრის მხედარი ვნახე, ხოლო “დაცემულთა ველის” პანთეონში _ ფრანკოს ცასმიწვდენილი მემორიალური სვეტი, თვალწინ წარმომიდგა ლონდონის ტრაფალგარზე წამომართული ჩერჩილის გიგანტური ფიგურა, ხოლო პარიზში, ინვალიდთა სახლში _ ნაპოლეონის განსასვენებლის ზღაპრული მონუმენტი, მაუზერზე ხელდადებული ათათურქის ძეგლი _ ტრაპიზონის პარკში და მუსოლინის ძეგლი _ რომში… გორის რაიონის სოფელ კარალეთის განაპირა მინდორზე _ ადამიანთა მოდგმის ყველაზე დიდი წარმომადგენელის, სტალინის უპატრონოდ მიგდებული პირქვედამხობილი ბრინჯაოს ქანდაკება.
შორეულ ესპანეთში ყურში ჩამესმა ვაჟას სიტყვები:
“თუ ვერ ვიგუეთ, ვერ შევიფარეთ,
კარგი შვილები რად გვებადება?”
აი რას წერს ერთი ქართველი მეცნიერ–ისტორიკოსი თავის თანამედროვეზე:
“სტალინურმა ეპოქამ უფლება მოუსპო ლამაზს, მშვენიერს, ნიჭიერს: მოღალატედ გამოაცხადა ყველა, ვინც ძმათაკვლის, სისხლისღვრის, ჯაშუშობის წინააღმდეგ წავიდა. საფუძველი მოუსპო ტრადიციული გლეხის არსებობას, მოიშორა შემოქმედი ინტელიგენცია, განუსაზღვრელი უფლებით აღჭურვა უღირსნი. ქვეყანა გაავსო ფსევდოინტელიგენციით, ფსევდომუშით, ფსევდოგლეხით. დაანგრია პატიოსანი და მართალი კაცის ცხოვრება. ბევრი წესიერი კაცი მოძმის გამყიდველად და უბედურ ლაქიად გადაიქცა. ომი გამოეცხადა ღმერთს, ანგელოზს, ხატს, ეკლესიას, ადამიანურ სარწმუნოებას, მამაო ჩვენოს თქმისათვის, პირჯვრის გადაწერისათვის ჯვარს აცვამდნენ, ხვრეტდნენ, ასახლებდნენ. სასწაულს ჰგავს, რომ საქართველოში კიდევ შემორჩნენ ადამიანები, რომლებსაც ღვთის ნაბოძები დიდი საჩუქარი _ სიცოცხლე, საუკეთესო ასაკი, საყვარელ სამშობლოსა და ახლობლებს მოშორებულებმა, სადღაც შორეულ ჯოჯოხეთში გაატარეს. მათ ზოგიერთ თანამემამულეს ყოფნის კადნიერება, უდანაშაულოდ ტანჯულთა თანდასწრებით “ჰიმნი” უმღეროს საშინელ წარსულს. სტალინი პატარა ერებს აიძულებდა, სხვისი ცხოვრებით ეცხოვრათ. უგულებელყოფილი იყო მცირერიცხოვანი ერების ისტორია, მწერლობა, პოეზია, მეცნიერება, ყოფა, ხასიათი, ტრადიცია. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ შეეძლოთ, მონის ცხოვრებით ეცხოვრათ. საშინელ ყოფას, საშინელი დასასრული ერჩიათ. ისინი ჯანყდებოდნენ და იღუპებოდნენ. ახლა ნეოსტალინელები იმ აჯანყებულ ადამიანთა დასჯას სამართლიანს უწოდებენ. “აი, ხომ ხედავთ, სტალინი მხოლოდ უდანაშაულებს არ ასამართლებდა”, _ თვალებს გვიხელენ ისინი. განა შეიძლება ისეთი სრულყოფილი უსამართლობის წინააღმდეგ, როგორიც იყო სტალინური “სამართლიანობა”, რაიმე მოქმედებას დანაშაული ეწოდოს? თუ სტალინური პოლიტიკური მანქანა ოდესმე სჯიდა დამნაშავეებს, ეს ხალხი იყვნენ დამსჯელთა თანამზრახველნი, რომელთა სიცოცხლე, სხვადასხვა “სახელმწიფოებრივი” მოსაზრებით, უკვე საჭირო აღარ იყო. ახლა ის ცოდვილი ადამიანები უდანაშაულო მსხვერპლად არიან შერაცხილნი, რაც მათ შთამომავალთ ყალბ უფლებას აძლევს, ასეთი წინაპრებით თავი მოიწონონ”.
ქართველ ერს ათასწლეულებში ისეთი სილამაზე არასოდეს შეუქმნია, როგორიც სტალინურ ეპოქაში შეიქმნა _ დაწყებული შავი ზღვის ნაპირებიდან, დამთავრებუყლი ალაზნის ნაპირებამდე. არათუ სულიერს, უსულო და უსიცოცხლო, გადამწვარ ყამირს სტალინურტმა ეპოქამ ოქროს თავთავი დააასხა და საუკუნეებგამოვლილი ჭაობი ნარინჯებისა და ოქროს ბაღების წალკოტად აქცია.
სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლოებად არიან წარმოდგენილი ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, იაკობ ნიკოლაძე, სერგო ქობულაძე, გურამ ქუთათელაძე, თამარ აბაკელია და სხვ.
ნიჭიერების ვარსკვლვთცვენა იყო სტალინური ეპოქის დამახასიათებელი ნიშანი. მსოფლიოს მცნიერული მიღწევების ცის ტატნობზე ბრწყინავდნენ საბჭოთა მეცნიერები: მუსხელიშვილი, ბერიტაშვილი, ვეკუა, უზნაძე, კუპრაძე, ხარაძე, დურმიშიძე, ჩიქობავა, შანიძე, ჩუბინაშვილი, ჯანელიძე, ჯავახიშვილი, ზურაბიშვილი, დავითაშვილი, ნათიშვილი… ქართულ ლექსსა და პროზას იცნობდნენ არა მხოლოდ დედამიწის ერთ მეექვსედზე, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც წერა-კითხვა იცოდნენ ადამიანებმა. ვის არ ჰქონდა წაკითხული გალაკტიონის, ტიციან ტაბიძის, ლეო ქიაჩელის, გოგლა ლეონიძის, იოსებ გრიშაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლევან გოთუას, ირაკლი აბაშიძის, დავით კლდიაშვილის, იოსებ ნონეშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, დემნა შენგელაიასა და სხვათა ნაწარმოებები.
სტალინური ეპოქის შვილები არიან: ალექსი მაჭავარიანი, ოთარ თაქთაქიშვილი, შალვა მშველიძე, არჩილ კერესელიძე, სულხან ცინცაძე და სხვა მრავალი. საოპერო და დრამატული ხელოვნების ზოგადსაკაცობრიო სახელებია: ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით ანდღულაძე და სხვა მრავალი.
თუ ჩამოთვლილ ნიჭიერ ადამიანებს ვინმე აკლია, ეს ცხოვრების მრუდე სარკეში დამნახავთა კისერზეა, ვინც ასეთ აზრებს წერს წარსულზე.
* “საფუძველი მოუსპო ტრადიციული გლეხის არსებობას, მოიშორა შემოქმედი ინტელიგენცია, განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვა უღირსი”.
ამ წინადადებაში რამდენი სიტყვაც არის, იმდენი ცილისწამება, ბოღმა და სიცრუეა. 3-მილიონიან ქვეყანას ჰყავდა შემოქმედებითი ინტელიგენციის უამრავი ბრწყინვალე წარმომადგენელი. რაც შეეხება ტრადიციული გლეხის მოსპობას და განადგურებას, ბევრ მკითხველს, ალბათ, ახსოვს და ყოფილა კიდეც ისეთ სოფლებში, როგორებიც იყო ზემო და ქვემო ქედი, არხილოსკალო, ჯაფარიძის კოლმეურნეობა, გამარჯვების, ზემო ქედის, ალვანის, სართიჭალის, ოკამის, სამთავისის, ტყვიავის, კარალეთის, შრომის, ნატანების, ხუცუბნის, ქობულეთისა და ბათუმის კოლმეურნეობები, რომლებშიც შრომის ნაყოფიერება და ერთი შრომა დღის ანაზღაურება უსწრებდა ევროპის ნებისმიერი ფერმერისთვის გაცემულ ანაზღაურებას. მაშ, სად ჩანს, რომ სტალინმა გლეხს გლეხობა დააკარგვინა? ზემომოყვანილი სტრიქონების ავტორი ცოცხალი რომ იყოს და ხედავდეს დღეს რა მდგომარეობაშია მისი სოფელი, როგორ მოისპო და განადგურდა გლეხობა, ასეთ სისულელეს აღარ დაწერდა.
* “ქვეყანა გაავსო ფსევდოინტელიგენციით, ფსევდომუშით, ფსევდოგლეხით.
მეცნიერები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, რომლებიც ჩამოვთვალე თუ ფსევდოინტელიგენციაა, ამის შეფასება მკითხველისათვის მიმინდვია და იმისიც, როგორი იყო სტალინის ეპოქაში საქართველო, თუ 3 მლნ მოსახლეობის მქონე რესპუბლიკა 14 მილიარდი მანეთის ღირებულების პროდუქციას აწარმოებდა, მანეთის ღირებულება კი გაცილებით აღემატებოდა იმჟამინდელი ამერიკული დოლარის ღირებულებას. მე ამის ამის დამწერს ვერ გავაკრიტიკებ წარსულში ჩემთან მეგობრობის გამო.
* “პირჯვრის გადაწერისთვის ჯვარს აცვამდნენ, ხვრეტდნენ, ასახლებდნენ”.
ამ წინადადების პასუხად ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ:
საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანმა პეტრე შარიამ, რომელსაც პოეტობაზეც ჰქონდა პრეტენზია, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, რელიგიურ თემაზე დაწერა პოემა, რომელიც იმქვეყნიურ ცხოვრებას ეხებოდა. მოშურნეებმა დასტამბული პოემის ერთი ეგზემპლარი გაუგზავნეს სტალინს, რომელიც, რა თქმა უნდა, ნაწარმოებს გულდასმით გაეცნო. იმის გამო, რომ შარია ცენტრალურ კომიტეტში იდეოლოგიას განაგებდა, სტალინმა რჩევა მისცა საქართველოს ცენტრალურ კომიტეტს, შარიასთვის მოენახათ შესაფერისი თანამდებობა და ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად გადაიყვანეს.
აქედან გამომდინარე, მეცნიერის ნათქვამი, პირჯვრის გადაწერის გამო ხვრეტდნენ და ასახლებდნენო, მტკნარი სიცრუე და პროვოკაციაა.
* “სტალინი პატარა ერებს აიძულებდა, სხვისი ცხოვრებით ეცხოვრათ. უგულებელყოფილი იყო მცირერიცხოვანი ერების ისტორია, მწერლობა, პოეზია, მეცნიერება, ყოფა, ხასიათი, ტრადიცია”.
სტალინის თემაზე ათწლეულები ვიმუშავე და ათასგვარი ცილისწამება და შეურაცხყოფა წამიკითხავს, მაგრამ მსგავსი ბრალდება მის მიმართ არასოდეს მსმენია და არც წამიკითხავს.
არსებობს სტალინის ხელმოწერილი დეკრეტი, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებებს ავალებს, ყველგან გახსნან დაწყებითი სკოლები ადგილობრივ ენებზე, რათა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაცია. რაც შეეხება ნაციონალური ენისა და დამწერლობის გამოყენებას, ეს ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილ მაგალითში:
სოჭში სტალინის დასვენებისას კრემლმა დირექტივა გაავრცელა, რომ მოკავშირე რესპუბლიკების, ოლქებისა და მხარეების მთავრობებისთვის მხოლოდ რუსულ ენაზე გაეგზავნათ წერილები და პარტიული მასალები. ეს დირექტივა სტალინმა სოჭში მიღებულ ფოსტაში აღმოაჩინა, რის გამოც მოლოტოვს გაუგზავნა სასწრაფო შიფროგრამა, რომელშიც კატეგორიულად აფრთხილებდა, რომ მიღებული დირექტივა ანტისახელმწიფოებრივია და დისკრიმინაციული.
“საბჭოთა კავშირი არ არის რუსეთის სახელმწიფო და ვალდებულება არ აქვს მასში შემავალ ხალხებს, დაემორჩილონ ერთი ერის ნებასა და სურვილებს. კეთილი ინებეთ და, სასწრაფოდ შექმენით მთარგმნელთა ბიურო, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა დიდი თუ მცირე ერების ენების მთარგმნელები. დირექტივა სასწრაფოდ გააუქმეთ და მისწერეთ ადრესატებს, საქმის წარმოება მოახდინონ მხოლოდ ნაციონალურ ენებზე და ამავე ენებზე გამოგზავნონ ყველა დოკუმენტი ცენტრალურ კომიტეტში. შესრულება მაცნობეთ”, _ აი ასეთი კატეგორიული ტონით ავალებდა ბელადი თავისი მოვალეობის დროებით შემსრულებელს. ძვირფასო მკითხველო, მე სულ რამდენიმე ციტატა შევაფასე და წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენი რამ იქნება განსამარტავი და შესაფასებელი ამ ტენდენციურ წიგნში… ევროპის “მოწინავე” ქვეყნების მოედნებზე აღმართულია ფრანკოს, მუსოლინის, ნაპოლეონის, მაკედონელისა და სხვა დიქტატორთა ძეგლები, ხოლო პლანეტის უდიდესი ადამიანის _ იოსებ სტალინის ძეგლი, ასეთი ტენდენციური ავტორების ნაწარმოებების გამო, გორის რაიონის სოფელ კარალეთის მინდორზე პირქვეა დამხობილი…
ეს, ალბათ, ის უზარმაზარი ლოდია, რომელიც კავკასიონს მოსწყდა, როგორც ამას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ამბობს, და მას ვერაფერი გააჩერებს.
* რა იქნებოდა საქართველო უსტალინოდ? _ ორად გახლეჩილი ისლამური სახანო (თურქეთისა და ირანის).
* რა იქნებოდა მამარდაშვილის გარეშე საქართველო? _ ვინ არის მამარდაშვილი? _ იკითხავს გორს მიახლოებული მგზავრი.
მაშ, რატომ უნდა ჩანაცვლებოდა გორის შესასვლელში აბრაზე სტალინის სახელს მამარდაშვილის სახელი?
ვაი, ჩემო სამშობლოვ!
გრიგოლ ონიანი
მადლობა, ძვირფასო გრიგოლ, კიდევ ერთი შესანიშნავი სტატიისათვის!
კითხულობთ და პასუხობთ: „რა იქნებოდა საქართველო უსტალინოდ? _ ორად გახლეჩილი ისლამური სახანო (თურქეთისა და ირანის)“. ეს პასუხია კითხვაზე: რა იქნებოდა საქართველო უერეკლემეორეოდ. უსტალინოდ კი – ის, რაც „არის“ (საერთოდ არის რამე?!) დღეს…
რაც შეეხება მამარდაშვილს, კაცი რომ იტყვის – „სტალინი იყო აბსოლუტურად ბნელი ადამიანი…“ – მასზე რაღა უნდა ითქვას, მაგრამ ვიტყვი: ის იყო ზვიად გამსახურდიას ანტიპოდი: თუ ეს უკანასკნელი იყო ფეოდალური უთანასწორობის უკიდურესობა, ის ვითომ ფილოსოფოსი – ოლიგარქიული უთანასწორობის უკიდურესობა. აი, საიდან მოდის ორივეს სიძულვილი სტალინის, როგორც თანასწორობის განსახიერების, მიმართ.