22.10. დილა. მე და სიმონი ავდექით. ადრე გვგონია. ამხ. სტალინი, დიდი ხანია, ამდგარა. ეზოში გამოსულა. ამხ. კანდიდი ახლავს. სტალინი ციტრუსოვან მცენარესთან დგება, რაღაცას აჩვენებს. პალტო აცვია (არა ფორმის), სამხედრო ქუდი ჰხურავს, მიმოდის და ხალისიანად საუბრობს. ცოტა ხნის შემდეგ მათ ექიმი წინამძღვრიშვილი შეუერთდა (ამხ. სტალინს დაენახა და გამოეხმო). კეგლის შენობაში შევიდნენ. სტალინმა ბურთი ისროლა. შემდეგ ბილიარდი ეთამაშა… გამობრუნებულმა ჩვენს ოთახზე გამოიარა. “Âრი გლე ჭ მხ არღსთო”-ო, _ მოგვესალმა.
სასაუზმოდ წავედით.
* * *
მახსოვს, ბელადთან სიტყვა ჩამოვარდა გიორგი სააკაძესა და ერეკლეზე. სააკაძეს ბელადი მეტისმეტად ცეცხლიანობას აღუნიშნავდა, ჯიქურ მოქმედებას და ამ ნიადაგზე პოლიტიკურ შეცდომებს მიაწერდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ დიდ მოურავს სიმპათიით უყურებდა. საუბრისას საკითხი დაისვა (ვგონებ, წინამძღვრიშვილმა დასვა), ვინ უფრო მნიშვნელოვანია _ სააკაძე თუ ერეკლე. ამხ. სტალინი დუმდა, სხვებიც (სიმონი, კანდიდი) დუმდნენ. მე უნდა მეპასუხნა. ამათი მნიშვნელობა–შედარებაც ძნელია, რა თქმა უნდა, ერეკლე უფრო მნიშვნელოვანია–მეთქი. და დაჯერებული ვუცდიდი, რას იტყოდა ბელადი. “Правильно”, _ არ დააყოვნა მან. ამას მოყვა ახალი “გამოხდომა” წინამძღვრიშვილის მხრით: აქ (სახელმძღვანელოში) ერეკლე ვერ არის საკმაოდ რელიეფურად ნაჩვენებიო. დავდუმდით ყველანი და ვუცდიდით, რას იტყოდა ბელადი (ჩემი გულისხეთქვა გასაგებია). ამხ. სტალინმა წიგნი (მისი ის ნაწილი, რომელიც ერეკლეს შეეხებოდა) გადაშალა, თითქოს იგონებსო წანაკითხს, და თქვა: “Нет, Иракли тут показан достаточно полно и правильно”. რას მოწმობს ეს? _ იმას, რომ ერეკლე ისეთ მოღვაწედ მიაჩნდა, ისეთ პროგრესულ მოღვაწედ, როგორიც სააკაძე იყო, და ამაში უპირატესობას ერეკლეს ანიჭებდა; იმას, რომ ერეკლე “დამპყრობელ-დამმონებელი”, “ხელმწიფე-მხედართმთავარი”, ხალხის მტერი და მისგან მოწყვეტილი კი არ ყოფილა (რომელთა შესახებ მას საუბარი აქვს თავის მოკლე კურსის 116-ე გვერდზე), არამედ პროგრესული მოღვაწე, რომელმაც თავისი ძალ-ღონე საქართველოს, მისი მწარმოებელი საზოგადოების დაცვას, გადარჩენას, აღდგომას და გამოხსნას შეალია… ასე რომ, ყველა მეფე ის “კაროლი” როდია, ქვეყნებს რომ იპყრობს… და ისტორიკოსს, მოწოდებულს, იკვლიოს წარმოებისა და მწარმოებელი საზოგადოების ისტორია, კი არ ეკრძალება, ასეთი “მეფეების” ისტორია იკვლიოს, არამედ ის მოვალეა, იკვლიოს ამ “მეფეების” ისტორია მწარმოებელი საზოგადოების თავგადასავალთან ერთად, იმდენად, რამდენადაც იკვლევს თავის ამ მწარმოებელ საზოგადოებას…
ამხ. სტალინის ერთი ისტორიული გამონათქვამისთვის:
“Перекрыть” _ ამხ. სტალინის ამ ფორმულის მართებულად გასაგებად აუცილებელია, გვახსოვდეს მისი სახელმძღვანელო პრინციპი ისტორიულ აზროვნებაში: ისტორია კლასთა ბრძოლაა (საუბარია კლასობრივ საზოგადოებაზე). ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს კლასობრივი ბრძოლის გაფართოებას, გაღრმავებას, ე.ი., საზოგადოების პროგრესს, მისაღებია, სასურველია (ასეთია, მაგალითად, ფეოდალური ურთიერთობის წარმოქმნა მონათმფლობელობის დანგრევის შედეგად, ასეთი იყო ფეოდალური ურთიერთობის ბატონყმური საფეხურის წარმოქმნა, ასეთი იყო აბსოლუტიზმის სისტემის წარმოქმნა ფეოდალური დაქსაქსულობის მაგივრად, ასეთი იყო ბურჟუაზიული ურთიერთობის გამარჯვება ფეოდალურ ურთიერთობაზე და ა.შ.) და პირუკუ. აქედან ცხადია: ამ თვალსაზრისით უნდა შეფასებულ იქნას ყოველი კერძო, ისტორიული მოვლენა. კლასთა ბრძოლაში ამა თუ იმ კლასის მიერ ბრძოლის საშუალებად უცხო ძალისათვის მიმართვა, უცხო ძალის მოშველიება პრინციპულად დაუშვებელი სრულიადაც არაა და ჩვენის მხრით დაგმობა ყველგან და ყოველთვის სრულიადაც არ ხდება. თუ ასეთი რამ ისეთ მიზანს ემსახურება, რომელიც საზოგადოებრივ პროგრესს ჰგულისხმობს (კლასთა ბრძოლის გაფართოება–გაღრმავება), ის დასაშვებია და, პირუკუ, უკანასკნელ შემთხვევაში ის დანაშაულია, ქვეყნის ღალატია (“ქვეყანას”, ჩვენი თალსაზრისით, კლასობრივი ურთიერთობის პირობებში ის კლასი ასახიერებს, რომელიც უპირატესად პროგრესის მატარებელია, რომლის გამარჯვება კლასობრივი ბრძოლის გაფართოება-გაღრმავებას ჰგულისხმობს), მაგრამ უცხო ძალის მოშველიებისას აუცილებელია ამ ძალის ბუნების გათვალისწინება. თუ ის მომხმობის მიზნებს ამართლებს, მისასალმებელია, მაგრამ, თუ ასეთი ძალა კლასთა ბრძოლის საფუძვლებს ავიწროებს და ანგრევს, მისი მომწვევი (მიზნისგან დამოუკიდებლად) შემცდარია. ასეთი შეცდომა ქვეყნის წინაშე დანაშაულს უდრის. პოლიტიკური მოღვაწის შეცდომა დანაშაულისაგან ძნელად გამოსაყოფია. V-VI საუკუნებში აზნაურებმა სპარსელები მოიწვიეს და მეფის (ძველი) ხელისუფლება გადააშენეს; XI საუკუნეში აზნაურებმა ბიზანტიელები მოიწვიეს, ბაგრატ IV-მ ლაშქარნი წარმართნი მოიწვია, გიორგი XI-მ _ თურქები, დავით აღმაშენებელმა _ ყივჩაღები. ეს არის “მოწვევის” ყველაზე მკაფიო მაგალითი, რომელიც პრინციპული კამათის საგანი გამხდარა დავითის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის. მომწვევმა დავითმა კი “აღმაშენებლის” სახელი დაიმკვიდრა”. გიორგი სააკაძემ სპარსელები მოიწვია და ესეც პრინციპული კამათის საგანი გახდა, მაგრამ, აღმაშენებლისგან განსხვავებით, მაბრალობელთ აქ ის უპირატესობა ჰქონდათ, რომ “მოწვეულმა” შაჰ-აბასმა საქართველო ამოაგდო, მაშინ, როცა დავითმა მოწვეული ყივჩაღებით საქართველო “ააშენა”. ასევე იწევდნენ გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებულნი თურქები, ხოლო გვიანფეოდალურ საქართველოში ასეთი მოწვევა ოსმალებისა მთავრობის თუ თავადების მიერ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ათაბაგი, გურიელი, რაჭის ერისთავი, აბაშიძე, გივი ამილახორი, აბდულა ბეგი, ქსნის ერისთავები, ალექსანდრე ბატონიშვილი ბაქარის ძე, ალექსანდრე II კახთა მეფე, თეიმურაზ, ვახტანგ IV რუსებს იწვევდნენ არა მხოლოდ ოსმალ–სპარსთა წინააღმდეგ, მით უფრო, ერეკლე და სოლომონ I. ორივეს მიზანი იყო _ “Перекрыть внутреннюю слабость”. ერეკლეს შორსმჭრეტელობა აქაც შესამჩნევია: მოსაწვევ ძალას საკუთარი სარგებლობის თვალსაზრისით აფასებს და ცდილობს, ეს ძალა სასურველ საზღვრებში ჩააყენოს, რათა მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოს, ხოლო შესაძლებელი თუ აუცილებლად მოსალოდნელი ზიანი თავიდან აიცილოს. ეს იყო ტრაქტატი. ასე რომ, ერეკლემ უცხო ძალის მოწვევა პრინციპულად დასვა და უაღრესად პრინციპულად გადაწყვიტა. მან რეალურად გაითვალისწინა მოწვევის კარგი და სახიფათო მხარეები… მისი ანდერძის დამცველები ამ საქმეში იყვნენ სოლომონ II, ბარათაშვილი, ჭავჭავაძე, ხოლო მისი ანდერძის განმასახიერებელი – კომუნისტური პარტია და მისი ბელადი ამხ. სტალინი. ტრაქტატი, ქართული თვალსაზრისით, მოწვეული ძალის საქართველოს სასარგებლოდ ალაგმვა იყო. ამდენადვე, მისი დარღვევა ამ ძალის აღვირახსნა იყო. მოწვევა დაპყრობადქცეული _ ბოროტება…
როცა ამხ. სტალინი რუსეთის წინაბურჟუაზიულ ცენტრალიზებაზე ლაპარაკობს და ამის ერთ-ერთ მიზეზად (რომელმაც ხელი შეუწყო გაერთიანება-ცენტრალიზების პროცესის დაჩქარებას) საგარეო ხასიათის ფაქტს (მონღოლთაგან თავდაცვის აუცილებლობას) ხედავს, ეს იმ ღრმა რეალურ-ისტორიული ნათელჭვრეტის შედეგად მიღებული დებულებაა, რომელიც ამხ.სტალინმა არაერთხელ გამოთქვა” “Перекрыть”-ის სახით (წერილი ბოლშაკოვს. საუბრის დროს ჩვენთან) და რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საგარეო ხასიათის ფაქტების გამიჯვნა საშინაო ფაქტებისგან, საგარეო ფაქტების მოწყვეტა ქვეყნის შინაგანი განვითარებისგან ისტორიაში შეუძლებელია და უმართებულო, რომ საზოგადოების ისტორია არაა მხოლოდ საშინაო ფაქტების ურთიერთმოქმედების შედეგი, ისევე, როგორც ეს ისტორია არც საგარეო ხასიათის მოვლენათა შედეგია მხოლოდ, რომ საგარეო ხასიათის მოვლენები ისევე ანგარიშგასაწევი გარემოებაა, როგორც საშინაო ხასიათის მოვლენები, თუმცა საბოლოოდ განმსაზღვრელი ძირითადი საშინაო ხასიათის მოვლენებია. ამხ. სტალინის ეს დებულება გასაღებს გვაძლევს საქართველოს ერთი ურთულესი საკითხის მართებულად გასაგებად. ეს გახლავთ საკითხი იმის შესახებ, როგორ უნდა გავიგოთ, ანუ რას ნიშნავს ფაქტი საქართველოს პოლიტიკური დაშლისა XV-XVI საუკუნეებში. მართლაცდა, ეს იყო ისეთივე მოვლენა, როგორიც იყო დაშლა კიევის რუსეთისა, ე.ი. იყო ეს ფაქტი იმის მაჩვენებელი, რომ საქართველო განვითარების შედეგად, სოციალური წარმატების შედეგად დაიშალა. მაშინ გამოვიდოდა, რომ კიევის რუსეთი უფრო დაწინაურებული ქვეყანა იყო, ვიდრე XII საუკუნის საქართველო, რომ XI-XIV საუკუნე ჩვენში იყო ადრეული ფეოდალიზმის ხანა…
შესანიშნავია: დავითის ისტორიკოსი მოციქულებრივ საქმედ უთვლის თავის ხელმწიფეს (დავითს) უცხოქვეყნის დაპყრობას. მზად იყოო, რათამცა ყოველი ქვეყანა შეასაკუთრა ქრისტესაო (ნახე ტექსტი) და ამიტომაც მეორე პავლე იქმნაო. თამარის ისტორიკოსი კი ასეთ რამეს მომხვეჭელობად უთვლის მეფეს (აქ ის დავითს ჰგულისხმობს) და აქებს ის სამართლიან მეფეს, რომელიც კი არ იპყრობს (“შეასაკუთრებს ქრისტეს”), არამედ აღადგენს დაცემულსა და დაგლახაკებულ სახლს (აქ რომ იგივე “წარმართები” და არა მაინცდამაინც ქრისტიანები იგულისხმებიან, ჩანს ჩამოთვლიდან: სახლი შორვანშეთი, დარუბანდელთა, კარნუქალაქელთა…) და სოლომონივით ბჭედა ზის შორი მათსა… ორი სრულიად საწინააღმდეგო ერთი მეორის შეხედულება, ორი სრულიად საწინააღმდეგო ერთი მეორისაგან იდეოლოგია ორი ვითარების შესაბამისი:…
* ორბელები სპარსელებს იწვევენ დენას აჯანყების დროს გიორგის წინააღმდეგ (რეაქცია);
* ორბელების საქციელი მონღოლთა მოსვლისას (გადასვლა, მიყოლა, განდიდება);
* სადუნი;…
* გივი ამილახვარი თურქებით;…
* თეიმურაზ-ერეკლე ყიზილბაშებით;…
* გიორგი ბრწყინვალე მონღოლებით;…
* ოსები მეცამეტე საუკუნეში და ქართველი აზნაურობა.
* შანშე ერისთავი, მისი ძმისწული ზურაბი და ერეკლე, ქსნის ერისთვის შვილები, ლეკები და ერეკლე.
* აბდულაბეგი. ყიზილბაშები და ერეკლე.
* ალექსანდრე ბაქარის ძე, ალექსანდრე ამილახვრის ძე, ლეკები და ერეკლე.
* გარეშე ძალის გამოყენება კლასობრივ ბრძოლისას:
* უცხო ჯარების დაქირავება (ბაგრატ მეოთხე).
* უცხო ჯარების მოყვანა, შემოყვანა (ლიპარიტ).
* უცხო მხარეზე დადგომა (დიდი აზნაურები, კახელი გლეხების გალეკება, სოფლელი ერი).
* უცხო ბატონობის გამოყენება (მონღოლები, როსტომ ხანი, თეიმურაზი), პროგრესი, მისი პირობების უზრუნველყოფა _ სახელმძღვანელო იდეა.
პრაქტიკა (Перекрыть) ისტორიულ სინამდვილეში.
შესაძლებელია, არსად სხვაგან ეს პრაქტიკა ასე ხშირად არ მოეხმაროთ (საკუთარი ეროვნულის ზღვარის დაშლამდე), როგორც საქართველოში. ქართველის თვალში, ასეთ პირობებში ეროვნული გათავისუფლება ჩინურ კედლებს არასოდეს ამოფარებია, თუმცა ქართული პოლიტიკა, ძირითადად, რა თქმა უნდა, ქართული ეროვნული პრინციპებიდან (ფეოდალურად გაგებული), ქართველობიდან გამოდიოდა. ასეთ პირობებში შემუშავდა ის განსაცვიფრებელი ელასტიკური პოლიტიკა, რომელსაც ასე ბრწყინვალედ მოიხმარდნენ ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი და რაც რუს პოლიტიკოსებს `дьявольских дел мастер“-ობად ეჩვენებოდათ (ს. ლეონიძის დახასიათება). ალექსანდრე კახთა მეფე, გიორგი სააკაძე, ერეკლე, გივი ამილახორი, სოლომონ ლიონიზე მარტონი არ იყვნენ (ალბათ, გიორგი ბრწყინვალეც ამათი რიგისა იყო). ყველა ესენი თანაბრად მარჯვეთ ხმარობდნენ პრინციპს “Ïეპეკპძიტ” ქართველობის დაცვის მიზნით.
სენტენცია: На этом пришествии с Симоном следует поучиться тому, как бывает опасно вмешивать чужеземцев в свои дела помощи себе или защиты. Тут ясно видно, что нет вещи сомнительно гадательно, чем доверие к ним, но обещания их, и что они дерзко пойдут на любое злодеяние, лишь бы присвоить себе чужие владения перекрыть.
ჩვენს ისტორიაში ცნობები იმის შესახებ, რომ მეფე თუ დედოფლები საურთიერთო ბრძოლისას უცხო ძალას მიმართავდნენ, არა მცირედი მოიპოვება (ლეონტიდან შემდეგ). პრინციპული დავის საგანიც, როგორც ჩანს, არაერთხელ გამხდარა ის. უცხო ძალის გამოყენების რამდენიმე ფორმაა ჩვენში ცნობილი… ერეკლეს ტრაქტატი (მოწვეული ძალის ალაგმვა), პრინციპი მასზედ არა ნაკლებ ჰქონია გათვალისწინებული დავით აღმაშენებელს, როგორც ამას სრულიად საბუთიანად მოწმობს მისი ისტორიკოსი. დავითმა შეისწავლა ყივჩაყები, გაითვალისწინა შესაძლებლობანი, სარგებელი, რომელიც უნდა მოჰყოლოდა ქვეყნისათვის მათ მოწვევას და „чтобы перекрыть внутреннюю слабость в борьбе с внешними и внутренними врагами“, გადაწყვიტა მათი გამოყვანა, მაგრამ ისე მოაწესრიგა მათი საქმე, რომ ისინი უშიშარნი იყვნენ საქართველოს განვითარებისათვის და მხოლოდ მის გაძლიერებას (შიგნით თუ გარეთ) ემსახურებოდნენ. ამ პრინციპზე დგას ისტორიკოსი: ქვეყნის (საქართველოს) თავისუფლების დაცვა, მისი სახელმწიფოებრივი გაძლიერება (გაერთიანება, განვითარება). ამ პრინციპზე იდგა ერეკლე, ამ პრინციპზე იდგა სააკაძე (მაინცდამაინც ამას ჰგულისხმობენ თბილელი, არჩილი), მაგრამ იყვნენ მრავალნი, რომლებსაც ამ პრინციპისა არა ეცხოთ რა: ოსმალეთის მოპატიჟე მთავრები (დადიანები, გურიელები, ათაბაგები), თავადები (ამილახორი, ქსნის ერისთავი, აბაშიძენი, რაჭის ერისთავი).
ფეოდალური სახელმწიფო.
მტერს მოურიგდება თითო მთავარი (როცა ცენტრი უძლურია).
მტრის მხარეზე გადადის მთავარი (როცა ცენტრი ჯერ კიდევ იბრძვის).
მტერს შემოუძღვის ესა თუ ის მთავარი (და თავისიანებს ებრძვის).
“გვაროვნული წყობილება” და “უცხო”.
უცხო მოჰყავთ, როცა გვარი დაშლის ტენდენციას იჩენს. ასევე იშვნენ დადიან-დადეშქელიანები, ყაზბეგები, ჯაფარიძენი.
წმინდა გვაროვნული წყობისას ასეთი საკითხი (Перекрыть) არ არსებობს… ის ჩნდება გვაროვნული წყობის რღვევის პროპორციულად. გვაროვნული წყობის ერთეულები ერთი მეორეში არც აირევიან.
მას შემდეგ, რაც გვარის მთლიანობა ირღვევა, მას შემდეგ, რაც კლასები ჩნდებიან ამ ნაძალადევ (კლასობრივ) საზოგადოებაში (წარმოშობით ის ბუნებრივია, ათასი ძაფით გადახლართული ტრადიციით, სარწმუნოებით) ადვილად ჩნდება ტენდენცია უცხოს მოხმარებისა ამა თუ იმ პირის, ჯგუფის მიერ. უცხოც ეხლა ისეთი აღარა ჩანს, როგორც ეს იყო ძველად (გვაროვნული წყობისას) განსაკუთრებით, თუ სარწმუნოებრივი ერთობაც არის, როგორც ეს იყო, ვთქვათ, დასავლეთში)”. “სტალინის მსჯელობით ისტორიის პრობლემებზე (იგონებს კ. ჩარკვიანი) განცვიფრებული დარჩნენ ჩვენი ისტორიკოსები, რომლებიც, ეტყობა, არ ელოდნენ, რომ მისი სახით შეხვდებოდნენ თავიანთ სპეციალურ დარგში ასე ღრმა ცოდნით შეიარაღებულ მოსაუბრესა და გამომცდელს.
სტალინი დიდ ინტერესს იჩენდა ქართული ენის საკითხისადმი და ყოველთვის ხაზს უსვამდა მის ღირსებებს. ის, მაგალითად, ხშირად გატაცებით ლაპარაკობდა ქართულ ზმნაზე და მეტად გასაგებად უხსნიდა რუს ამხანაგებსაც, რომ ქართულში მეტყველების ამ ნაწილის ერთი სიტყვა მკაფიოდ გამოხატავს მოქმედებას, რომლის გამოსათქმელად ევროპულ ენებს ოთხი-ხუთი სიტყვა სჭირდებათ. ასეთ შემთხვევებში სტალინს მაგალითისათვის მოჰყავდა სიტყვები: “გაუკეთებინებია”, “გაუშვებინებია” და სხვა ამ ტიპის მრავალპირიანი ზმნები. ჩვენ ვისარგებლეთ სტალინის ინტერესით ქართული ენისადმი და საუბარში ფრთხილად ჩავურთეთ ფრაზა მარის ახალ თეორიაზე ენის შესახებ.
_ მარი დიდი მეცნიერი იყო, _ თქვა სტალინმა, _ მან ბევრი გააკეთა ენათმეცნიერების, ფილოლოგიის, ისტორიული მეცნიერებისთვის, მაგრამ მე არ მომწონდა მისი ნაწერების უბოდიშო ტონი, მისი რაღაც შინაურული დამოკიდებულება მარქსიზმ–ლენინიზმისადმი, რომლის არსი მას, ალბათ, კარგად არ ესმოდა. ჩანდა, რომ საკითხი არ გვქონდა მომზადებული სტალინის წინაშე დასაყენებლად და მეც შევეცადე, საუბარი სხვა თემაზე გადაგვეტანა… სტალინი სტუმართმოყვარე და გულთბილი მასპინძელი იყო, კარგი გამასპინძლებაც იცოდა და სტუმრების შექცევაც წარმტაცი ისტორიების მოყოლით. იმ დღეებში, რაკი საქართველოდან ჩამოსული სტუმრები ჰყავდა, მათ შორის, მისი სკოლის ამხანაგიც, სუფრასთან საქართველოსა და მისი კულტურის თემებს დიდი ადგილი ეკავა.
სამეურნეო საკითხებიდან ამ შეხვედრისთვის მომზადებული მქონდა სამგორის საირიგაციო ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობის საკითხი. საკავშირო საგეგმო კომისია უარს ამბობდა ამ მშენებლობის ომის შემდგომ პირველ ხუთწლედში შეტანაზე. სტუმრების თანდასწრებით სტალინს მოვახსენე სამგორის მნიშვნელობაზე თბილისის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით მომარაგების გასაუმჯობესებლად, ვუამბე, აგრეთვე, სამგორის ჰიდროსადგურებზე, რომლებსაც უნდა შეემსუბუქებინათ შემოდგომა-ზამთრის ელექტრული სიმძლავრის დეფიციტი საქართველოს ენერგოსისტემაში. სტალინი დაწვრილებით გაეცნო მორწყვის შემდეგ სამგორის მიწების კულტურების მიხედვით ათვისების პროექტს და, როცა ამ კულტურებში ბამბა ვერ ნახა, სერიოზულად გაჯავრდა:
_ თქვენ გინდათ, მსუბუქი კულტურებით გაიტანოთ თავი, ბამბა კი შუა აზიას, აზერბაიჯანსა და სომხეთს გადაულოცოთ, _ მისაყვედურა სტალინმა, _ სარწყავ სისტემებს ჩვენ, პირველ ყოვლისა, მებამბეობის რაიონებში ვაშენებთ. არ დათესავთ ბამბას, არ გექნებათ სამგორი. მოიფიქრეთ დღეს და ხვალ თქვით, გინდათ თუ არა, გქონდეთ სამგორი.
ბოლო სიტყვებს სტალინმა ხუმრობის ელფერი მისცა. სამგორის მშენებლობა ომის შემდგომ პირველ ხუთწლედში მოხვდა. ჩვენი სტუმრობის მესამე თუ მეოთხე დღეს, როცა წინამძღვრიშვილი საკმაოდ დაუახლოვდა სტალინს, გათამამდა და სთხოვა მასპინძელს, ნება დაერთო, მისი გულის მდგომარეობა გაესინჯა. _ გული თავის ადგილზე მაქვს, _ ხუმრობით უპასუხა სტალინმა, _ მე მას არ ვემდური და ვერ დაგტვირთავთ ასეთი მძიმე საქმით. პასუხმა პროფესორი გვარიანად შეაცბუნა, მაგრამ სტალინმა ის რაღაც ხუმრობით გაამხნევა და მალე საერთო საუბარში ჩააბა. …პარკში გასეირნებისას წინამძღვრიშვილმა მკითხა, უხერხული ხომ არ იქნება, სტალინს დახმარება ვთხოვოთ თბილისში ჩვენი აკადემიის სისტემაში კარდიოლოგიის ინსტიტუტის ან სექტორის დაარსებაში და მისი მოწყობილობის საზღვარგარეთიდან გამოწერაშიო. _ ჩემთვის ეს ახალი საკითხია და მოუმზადებლად ვერ დავაყენებ, თქვენ კი, როგორც სტუმარსა და ბავშვობის მეგობარს, შეგიძლიათ სტალინს ამ მოთხოვნით მიმართოთ-მეთქი. მ. წინამძღვრიშვილი ასეც მოიქცა. კარდიოლოგიის საქმეებზე მის საუბარს სტალინთან მე არ დავსწრებივარ, მაგრამ საღამოს გახარებულმა პროფესორმა ყველაფერი მიამბო და გადმომცა, _ სრული დახმარება აღმითქვაო. თბილისში დაბრუნებიდან მალე სტალინს გადავუგზავნეთ წინამძღვრიშვილის პირადი წერილი ამ საკითხზე, ხოლო რესპუბლიკის 1946 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ აკადემიის სისტემაში კარდიოლოგიის სექტორის მოწყობისა და შენახვის ხარჯები. 1948 წელს სექტორი ინსტიტუტად გადაკეთდა. ამგვარად, სტალინთან წინამძღვრიშვილის სტუმრობამაც საქმიანი ხასიათი მიიღო. ჩვენი ისტორიკოსებიც დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ახალი შესწორებული და შევსებული გამოცემის მზადებას. 1946 წელს იგი უკვე გამოვიდა ქართულ და რუსულ ენებზე. ახლა წიგნს ყდასა და თავფურცელზე გარკვევით ეწერა: “ნაწილი 1, უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე”.
ეს სასკოლო სახელმძღვანელო უთუოდ იდგა საბჭოთა ისტორიული მეცნიერების განვითარების მაშინდელ დონეზე, კარგი და გასაგები ენით იყო დაწერილი და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს ნათელ წარმოდგენას აძლევდა ჩვენი ხალხის წარსულის ძირითად ეტაპებზე. მიუხედავად ამისა, უკვე 1953 წელს მას უმართებულოდ აუხირდნენ და ხმარებიდან ამოიღეს”.
გრიგოლ ონიანი