Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო წარსულის ფურცლებიდან

სტალინი და საქართველო წარსულის ფურცლებიდან

სტალინი

ნაწილი I

ერთ დღეს ჩემი მობილური ტელეფონის ზარის ხმა გაისმა და ხანდაზმულმა ქალბატონმა, ჩემი წერილების მუდმივმა მკითხველმა და სატელევიზიო გადაცემების მაყურებელმა შეხვედრა მთხოვა; მითხრა, რომ ჩემთან სერიოზულ თემაზე სურდა საუბარი:

_ 90 წლის ენერგიული პროფესორი ვარ, თქვენთან მოსვლა და დალაპარაკება მსურს, მოძრაობა არ მიჭირს, _ ფოლადივით მტკიცე ხმით განმიცხადა ქალბატონმა.

_ არა, ქალბატონო, თვითონ გეახლებით, ოღონდ თქვენი მისამართი მითხარით. როგორც იქნა, დავითანხმე და მეც დასახელებულ მისამართზე გავემართე. ადგილზე მისულს კარი ულამაზესმა, მაღალმა მანდილოსანმა გამიღო. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემ წინ 90 წლის ქალბატონი იდგა. დიდ სამუშაო ოთახში შემიძღვა და მაგიდასთან თავის სავარძელში ჩაჯდა, მე კი სტუმრისთვის განკუთვნილი სავარძლისკენ მიმითითა.

_ მე თქვენ გიცნობთ, ბატონო გრიშა, ძალიან გაფასებთ. ახლა კი თავს გაგაცნობთ: მე, უპირველესად, ვარ დიდი ქართველი კაცის, კიტა ბუაჩიძის ქვრივი, შემდგომ _ პროფესორი თინათინ ბარამიძე.

ამ ორი შესანიშნავი ქართველის სახელის ხსენებისთანავე სხვა სამყაროში გადავედი. როგორ შეიძლებოდა, კედლებს შეეჩერებინა ის ძალა, რომელიც ფოლადის ამ ორ გამოსახულებაში იყო გამოვლენილი: ერთი, როგორც საქართველოსთვის დანთებული ლომ-სანთელი და მეორე _ ურთულეს და უზუსტეს მეცნიერებათა გალაქტიკაში გაჭრილი ქართველი მანდილოსანი, რომელიც აინშტაინისეულ წიაღსვლებს აკეთებდა ადამიანებისთვის უცნობ სხივებსა და დაავადებებზე. მხცოვან პროფესორს ერთი საათი ვუსმენდი. ამ დროის განმავლობაში ვიჯექი აინშტაინის გალაქტიკის მატარებელში, რომლითაც მოგზაურობისას ადამიანები არასოდეს ბერდებიან. ქალბატონმა თინათინმა დიდი ფორმატის სქელტანიანი წიგნი გამომიწოდა. ყდიდან ის კაცი შემომყურებდა, რომელმაც 1993 წლის 21 დეკემბრიდან მეორე თუ მესამე დღეს თვითონ მიხმო თავის ბინაში და ისეთივე გამჭოლი მზერით მიყურებდა მაშინ, როგორც ახლა. პოლიგრაფიის დონის მიხედვით, შესანიშნავად შესრულებული, პუბლიცისტური წერილების კრებულის წინა ყდიდან, რომელსაც “შავი წიგნისა” და “ეზოში ავი ძაღლიას” ავტორის, კიტა ბუაჩიძის, სიტყვები აწერია თეთრი ასოებით.

კიტა ბუაჩიძე
კიტა ბუაჩიძე

წიგნი ძეგლთა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითაა გამოცემული. ამ მეტად საინტერესო და უზარმაზარი მასალის შეკრება ყველაფრის მწყობრში მოყვანის დიდოსტატს, თინათინ ბარამიძეს, თვითონ დაუკისრებია და გაუკეთებია კიდეც სანიმუშოდ. სხვას ვის, თუ არა დიდი გალაკტიონის ძმისშვილ ნოდარ ტაბიძეს შეეძლო, როგორც რედაქტორს, ხელი მოეწერა ამ წიგნზე; ბატონ გოგი წერეთლის მხატვრობა კი ისე შვენის ამ წიგნს, როგორც ლადო ასათიანს “კრწანისის ყაყაჩოები”. საუბარი გაგრძელდა. ქალბატონი თინათინ ბარამიძისგან სტალინზე შევიტყვე ის, რაც არსად წამიკითხავს და არც ვინმესგან მსმენია. ეს, ალბათ, დანახულია იმ სამეცნიერო სასწაულებში, რომლებიც შორს არის სტალინისგან, მაგრამ ძალიან ახლოსაა იმ მეცნიერთან, რომელზეც უცხოენოვან ჟურნალში მისი 70 წლისთავისთვის მიძღვნილ წერილში ეწერა:

პროფესორი თინათინ ბარამიძე პირველთაგანია, რომელმაც რადიონუკლიდურ კვლევებში, დროის ოპტიმიზაციისა და დიაგნოსტიკური ინფორმაციულობის გაფართოების მიზნით, შეიმუშავა ორიგინალური მათემატიკური მოდელები. მათ შორის, “ჰეპატოგრაფიის ექსპრესმეთოდიკა”, “მელანომის ინვაზიის საშუალო სიღრმის რაოდენობრივი განსაზღვრის მოდელი”, “სცინტიგრამების შეფასების მათემატიკური მოდელი”, როგორც პრაქტიკული მნიშვნელობის გამოკვლევები, დაინერგა კლინიკურ რადიონუკლიდურ დიაგნოსტიკაში”.

სწორედ ამ მოაზროვნე ქალბატონმა შექმნა სტალინის შემოქმედების კვლევის მაკეტი, რომლითაც უნდა იმუშაონ სტალინის ფენომენით დაინტერესებულმა სამეცნიერო ჯგუფებმა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე სრულიად მსოფლიოში.

_ ქალბატონო თინათინ, უაღრესად ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით, ეს, ალბათ, განგების მიერ ჩემთვის ბოძებული განსაკუთრებული შემთხვევაა.

_ ბატონო გრიშა, თქვენთან დაკავშირებას, დიდი ხანია, ვცდილობდი, მაგრამ რატომღაც ვერ ვახერხებდი. ბოლოს ჩემი სურვილი გამოვთქვი ქალბატონ ვიქტორია სირაძესთან, რომელმაც თქვენი ტელეფონის ნომერი მომცა.

თინათინ ბუაჩიძე
თინათინ ბუაჩიძე

_ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დავალებული ვარ ქართული სილამაზის ლეგენდისგან, ქალბატონ ვიქტორია სირაძისგან, თქვენთან შეხვედრის ამ ბედნიერი წუთების გამო. ქალბატონო თინათინ, რაც თქვენ სტალინის ფენომენზე მესაუბრეთ, ფურცლებზე ხომ ვერ გადაიტანდით, რათა ჩემს სამუშაო პროგრამად დავისახო?

_ რა თქმა უნდა, ბატონო გრიშა, მაგრამ დრო უნდა მომცეთ, ერთი თვე მაინც.

_ რამდენიც გნებავთ, _ მივუგე სიხარულით.

მთავარი ჩემთვის იყო ის, რომ წიგნში, რომელიც ქალბატონმა თინათინ ბარამიძემ გადმომცა, შესულია 1994 წლის 18 მარტს გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” ბატონი კიტა ბუაჩიძის დაწერილი “ღია ბარათი საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარეს _ გ. ონიანს”. ეს არის პასუხი 1993 წლის 21 დეკემბერს (სტალინის დაბადების დღეს) გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუსი სათაურით: “როგორც ღმერთს, ისე სტალინსაც…” წერილების ციკლი “წარსულის ფურცლებიდან” სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილია ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნებული იყო 1993 წლის 21 დეკემბერს, მეორე ნაწილი _ “ღია ბარათი საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარეს _ გ. ონიანს”, მესამე _ თინათინ ბარამიძე: “სტალინის ფენომენის შესასწავლად”.

ვიწყებ ამ თემების მკითხველისთვის გაცნობას.

როგორც ღმერთს, ისე სტალინსაც…”

ორმოცი წელიწადი გავიდა 1958 წლის 5 მარტის შემდეგ, მაგრამ სტალინის ფენომენი მაინც არ არის გაშიფრული, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მასზე ლანძღვაგინებაც ბევრი დაიწერა და ქებადიდებაც. ამ მხრივ, ალბათ, ყველაზე მორგებულია მისი ერთერთი მიკერძოებული მოწინააღმდეგის, . ავტორხანოვის, შეფასება: “სტალინი იყო კაცობრიობის ყველაზე საძულველი და ყველაზე საყვარელი, ღრმად პატივცემული და სასტიკად უგულებელყოფილი სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა მის მიმართ გულგრილი ადამიანი _ ჰყავდა მხოლოდ მტრები ან ენთუზიასტები, არც ერთ მის თანამედროვეს არ დაუხატავს და, საეჭვოა, ვინმემ დახატოს სტალინის ზუსტი პოლიტიკურფსიქოლოგიური პორტრეტი, რადგან სიკვდილის შემდეგაც კი არ ჰყავს მიუკერძოებელი თანამედროვე. მისი ფსიქოლოგიის გასაგებად, მისი მოქმედების შესაფასებლად და რუსეთისა და მსოფლიო ისტორიაში მისი ადგილის დასადგენად, საჭიროა სულ ცოტა, 100-200-წლიანი ისტორიული ინტერვალი. ცოტა ხნის წინათ შევიტყვე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა საერთაშორისო საზოგადოებასტალინი”. ვეწვიე საზოგადოების თავმჯდომარეს, გრიგოლ ონიანს, და ინტერვიუ ვთხოვე.

_ ბატონო გრიგოლ, რა პროგრამა აქვს თქვენს საზოგადოებას, რა მიზნებს ისახავს?

_ საზოგადოება “სტალინი” რეგისტრაციაში გატარდა, როგორც არაპოლიტიკური ორგანიზაცია, და მიზნად არ ისახავს რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. ის, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, შეეცდება, მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობით უფრო ფართოდ და ნათლად წარმოაჩინოს სტალინის პიროვნება, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გააცნოს საზოგადოებას მისი ხანგრძლივი მოღვაწეობის შუქ-ჩრდილები, პასუხი გასცეს იმ ამაზრზენ ბრალდებებსა და ცილისწამებებს, რომლებიც მიმართულია, როგორც სტალინის სახელისა და დამსახურების დასაკნინებლად, ისე ქართველი კაცისა და საქართველოს სახელის გასატეხად… საზოგადოება იმოღვაწებს მხოლოდ სტალინის სახელის უკვდავსაყოფად და არა მისი იდეებისა და მართვის მექანიზმების პროპაგანდისთვის.

_ მხარდამჭერი ბევრი გყავთ?

_ ბევრი. უკვე გაცემული გვაქვს საზოგადოების წევრის 35 ათასი მოწმობა. თანამგრძნობნი კიდევ სხვაა და ეს მხოლოდ დასაწყისია, ჯერ ხომ არც შტაბ-ბინა გვაქვს და არც საბანკო ანგარიშის ნომერი გამოგვიქვეყნებია. აი, როცა საბოლოოდ დავლაგდებით, ვფიქრობ, წევრთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს.

_ რომელი კონკრეტული ამოცანის გადაჭრაზე მუშაობთ ამჟამად?

_ როგორც იტყვიან, კედელთან მიმაყენეთ, თორემ ნამდვილად არ მინდოდა ჯერ ამის გამხელა. რესპუბლიკის ომისა და შრომის ვეტერანთა, სტალინის ხსოვნის პატივისმცემელთა დაჟინებული თხოვნით, საზოგადოებას გადაწყვეტილი აქვს, იოსებ სტალინის ნეშტის გადმოსვენება წითელი მოედნიდან საქართველოში. მერე კი საქმე გვიჩვენებს.

_ ბატონო გრიგოლ, თქვენი ეს განზრახვა, ალბათ, ფართო საზოგადოებას დააინტერესებს. ბრძანეთ, სტალინი საქართველოში უნდა გადმოვასვენოთო. სად ფიქრობთ მის დაკრძალვას?

_ ყველაზე უპრიანი იქნება გორი, მისი მშობლიური ქალაქი, ოღონდ ჯერ საბოლოოდ არ გადაგვიწყვეტია _ მისი სახლ-მუზეუმის წინ მდებარე ბაღში თუ სტალინის მუზეუმის ვრცელ ვესტიბიულში, ე.ი. შენობაში, როგორც დაკრძალული არიან მსოფლიოს უდიდესი პიროვნებები. იქნებ სხვა უფრო საყურადღებო მოსაზრება ჰქონდეს ვინმეს, სიამოვნებით გავიზიარებთ საზოგადოების აზრს…

კიტა ბუაჩიძე და მარინა თბილელი სპექტაკლ "ეზოში ავი ძაღლია" შემდეგ
კიტა ბუაჩიძე და მარინა თბილელი სპექტაკლ “ეზოში ავი ძაღლია” შემდეგ

_ მაგრამ, ალბათ, გადმოსვენებაზე აქვთ საწინააღმდეგო აზრი. მოგეხსენებათ, სტალინის მიმართ მის სამშობლოში სულაც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება. თუნდაც ავიღოთ გაზეთიბერიასპექტრშიწელს, თებერვალში, დაბეჭდილი მიხეილ მჭედლიშვილის სტატიავის სჭირდება სტალინის ნეშტი”. იგი ბატონ ლევან სანიკიძის იმ წერილზე გამოხმაურებაა, რომელშიც მწერალმა სტალინის გადმოსვენების საკითხი დააყენა.

_ მოწინააღმდეგენიც არიან, მაგრამ მომხრენი _ გაცილებით მეტი. ჩვენს გვერდით დგანან კონორეჟისორი რეზო ჩხეიძე, მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე, გენერლები: რომან გვენცაძე და ავთანდილ ცქიტიშვილი, აკადემიკოსი იოსებ ბუაჩიძე, ჩვენი სახელოვანი ფალავანი ლევან თედიაშვილი, ცნობილი სამეურნეო მუშაკი იოსებ ფანცხავა, ჟურნალისტი ლევან დოლიძე და სხვები, რომელთა გვარებს, სხვადასხვა მოსაზრებით, ჯერ არ დავასახელებ. სხვათა შორის, ამ საკითხზე აზრის გამოთქმა ვთხოვე 150-მდე პარლამენტარს, საწინააღმდეგო არავის არაფერი უცნობებია ჩემს წერილზე. მჭედლიშვილის ის წერილი წაკითხული მაქვს. ნათქვამია: თვალებს შუა ცხვირი რომ არ იყოს, ისინი ერთმანეთს დააბრმავებდნენო; მით უმეტეს _ საქართველოში. სტალინს ქართული მიწა არ ეკუთვნისო, _ აცხადებს. ერთხელ გურამ პეტრიაშვილს ვუპასუხე ტელევიზიით: მაშ, დიდი სტალინიდან ერთი პატარა პეტრიაშვილი აღარ გამოვა-მეთქი? ასევე ვუპასუხებ “იბერია-სპექტრში” დაბეჭდილი წერილის ავტორსაც: ნუთუ დიდი სტალინიდან ერთი პატარა მჭედლიშვილი არ გამოვა, ქართული მიწის ღირსი? ჩვენ განზრახული გვაქვს ქართული ტრადიციისამებრ მივაგოთ პატივი ჩვენი მიწა-წყლის შვილს, სისხლისა და ხორცის ნაწილს, ქრისტიანული წესით მისატევებელი მივუტევოთ და კეთილად მოსახსენებელი მოვუხსენოთ ჩვენს მიცვალებულს. რა არის ამაში ცუდი და საკამათო?

_ მართალია, დიდი ფრანგი ჰუმანისტი ვოლტერი გვასწავლის, თუ ბრალეულობის ასიათასი ალბათობის წინააღმდეგ ერთი ალბათობა პირის არაბრალეულობაცაა, მაშინ ამ ერთმა ალბათობამ უნდა გადაწონოს ყველა სხვაო, მაგრამ სტალინის ბრალეულობათაგან იმდენია მძიმე და მიუტევებელი, რომ მას, ალბათ, ვერაფერი გადაწონის.

_ როგორც ღმერთს, ისე სტალინსაც არ აქვს დანაშაული. მაგალითი დამისახელეთ!

_ თუნდაც _ 1937!

_ ჯერ ერთი, 1937 აუცილობლობით იყო ნაკარნახევი. განა დღეს არ არის რეპრესიები გასატარებელი (ოღონდ ამის გატარების თავი არავის აქვს!) _ ხომ არიან დივერსანტები, საზოგადოებრივი ცხოვრების ამღვრევები. მაშინაც ასე იყო და ქვეყანას მოვლა და დალაგება სჭირდებოდა. რკინის კაცი იყო და რკინის ხელითაც დაალაგა ყველაფერი. განა დღეს თვითონ ხალხი არ ითხოვს რკინის ხელსა და რეპრესიებს? ამას წინათ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ კრებას ვუსმინე ტელევიზიით. სულ “ადგილზე ლიკვიდაციას” ითხოვდნენ მხცოვანი სწავლულნი. “ლიკვიდაცია” ფიზიკურ მოსპობას ნიშნავს. სტალინს ადანაშაულებენ მაშინდელ “ლიკვიდაციებში” (თუმცა ეს “ლიკვიდაციები” “ადგილზე” კი არა, ასე თუ ისე, სასამართლოს წესით ხდებოდა), რასაც დღეს, 60 წლის შემდეგ, თვითონვე ითხოვენ. მეორეც, უშუალო აღმსრულებელთა გადამეტებულ “გულმოდგინებაზე” პასუხს სტალინს ნუ მოვთხოვთ.

ამას წინათ ერთმა ჩვენმა სასიქადულო ისტორიკოსმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, სტალინი და ბერია გეგმაზომიერად ახორციელებდნენ საქართველოს გარუსებასო. დავინტერესდი. გადავათვალიერე ზოგიერთი მასალა და აი რა ციფრები შემიძლია მოვიყვანო: 1937 წელს თბილისის მოსახლეობა 350 ათასს შეადგენდა, მათგან ქართველი მხოლოდ 20 პროცენტი იყო. თბილისის სათათბიროს 34 კომისიიდან არც ერთს არ განაგებდა ქართველი ეროვნების კაცი, ხოლო სათათბიროს 58 წევრიდან მხოლოდ 7 იყო ქართველი.

1952 წელს კი, როცა თბილისის მოსახლეობამ 800 ათასს მიაღწია, უმრავლესობა უკვე ქართველობა იყო. იმ წლის სექტემბერში გამართულ პარტიის თბილისის მეორე საოლქო კონფერენციაზე საოლქო კომიტეტის წევრად არჩეული 71 კაციდან, თუ გიორგი მალენკოვს არ ჩავთვლით, არც ერთი სხვა ეროვნებისა არ ყოფილა. თითო კაცი იყო გამონაკლისი 23 წევრობის კანდიტატსა და სარევიზიო კომისიის 11 წევრს შორის. ეს არის რუსიფიკაცია? რუსიფიკაციად მე ის უფრო მეჩვენება, რომ საქართველოს რკინიგზის სადგურები გადატვირთული იყო ციმბირიდან ჩამოსული ხეტყით; ურალიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა რკინის მადანი რუსთავში; შუა აზიიდან ბამბა _ გორის კომბინატში და ბაქოს ნავთობი _ ბათუმის გადამამუშავებელ ქარხანაში. ახლა ხორბლის უსასრულო ეშელონები?! სხვათა შორის, არც ტერმინი “ხალხის მტერი” არ არის სტალინის მოგონილი. იგი იაკობინელებმა იხმარეს პირველად საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, შემდეგ კი ლენინმა _ 1921 წელს.

_ ბევრ რამეში არ გეთანხმებით, მაგრამ ამაზე კამათი შორს წაგვიყვანს, ამიტომ სჯობს, ისევ ნეშტის გადმოსვენების საკითხს დავუბრუნდეთ, ბატონო გრიგოლ. ამას, ალბათ, დიდძალი თანხა დასჭირდება. ზოგი შეიძლება ამანაც გააღიზიანოს. მოგეხსენებათ, რა შიმშილობა და გაჭირვებაა ქვეყანაში.

_ გადმოსვენებაზე სახელმწიფოს არც ერთი კაპიკი არ დაიხარჯება. მჯერა, რომ ჩვენ მიერ ბანკში გახსნილ ანგარიშზე სამყოფი თანხა შემოვა, ჩვენ მადლობას გადავუხდით ყველას, ვინც თუნდაც 10 კუპონს შემოსწირავს ამ საქმეს. რომ იცოდეთ, არა ერთი და ორი ფულიანი კაცია თანახმა, თვითონ გაიღოს საჭირო თანხა, მაგრამ სტალინი ერთი კაცის გადმოსასვენებელი არ არის, ეს საქმე ხალხმა უნდა გააკეთოს, სწორედ გაჭირვებულმა და მშიერმა ხალხმა, და მჯერა, რომ ასეც მოხდება.

_ მაინც როდისთვის ვარაუდობთ გადმოსვენებას?

_ ვნახოთ, ალბათ, 5 მარტისთვის. ერთი თვის წინათ გახლდით მოსკოვში ამ საქმეზე. იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დახმარებით (მადლობა მათ!) შევხვდი მოსკოვის მერიის ზოგიერთ ხელმძღვანელს. როგორც შთაბეჭდილება შემექმნა, რუსები, მით უმეტეს _ მოსკოველები, სტალინის გადმოსვენების იდეას ტაშისცემით არ ხვდებიან, მაგრამ წითელი მოედნის მოსალოდნელ რეკონსტრუქცია-მშენებლობასთან დაკავშირებით შეიძლება იქ მდებარე პანთეონი გაუქმდეს. ამდენად, სტალინიც გადასასვენებელი გახდება. თუ სტალინის ნეშტმა მზის სინათლე იხილა, მაშინ მისი სამშობლოში გადმოსვენება უეჭველია! დახმარება აღმითქვეს. თუ საფლავი წითელ მოედანზე დარჩა, ამას რა სჯობია, მაგრამ სხვაგან _ არსად, მხოლოდ საქართველოში!

_ მახსენდება ტელეპროგრამავესტისმიერ რამდენჯერმე გამეორებული ცნობა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში გაჩაღებულია მოძრაობა, შექმნილია კომიტეტი სტალინისწინაპართა ისტორიულ სამშობლოშიგადასასვენებლად და ვლადიკავკაზში აკლდამის ასაგებადო. ამაზე რას იტყოდით?

_ პასუხს თქვენი პატივისცემის გამო გაგცემთ და არა იმის გამო, რომ ამის ღირსი იმ კომიტეტის ორგანიზატორები არიან! ეს ინფორმაცია მეც მოვისმინე. ტელევიზიით ამაზე გამოპასუხება მაშინ სტალინის შეურაცხყოფად მივიჩნიე, მაგრამ ჩანს, ეს მაინც საჭიროა. სტალინის ოსობა ოსების მოგონილი არ გახლავთ. როგორც ყოველთვის, ქართველის ლაფში ამომსვრელი მუდამ ქართველი იყო და სტალინიც ოსად მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა _ ქართველმა მენშევიკებმა მონათლეს. ცნობილია ცილისმწამებელთა მისამართით ნათქვამი სტალინის სიტყვები: “ნუთუ ისეთი სამარცხვინო კაცი ვარ საქართველოსთვის, რომ მენშევიკებმა ეროვნებაც კი შემიცვალესო”. დიდმა ივანე ჯავახიშვილმა სპეციალურად გაადევნა თვალი მისი წინაპრების კვალს და უტყუარად დაამტკიცა, რომ ჯუღაშვილები სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანიდან არიან წამოსულები და დიდ ლილოში ჩასახლებულები. მსოფლიოს არც ერთი გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფია ისე სიზუსტით არ იუწყება მის ეროვნებასა და სოციალურ წარმოშობას, როგორც მამის, ისე დედის მხრივ, როგორც ეს ი. ბ. სტალინის ბიოგრაფიაშია წარმოდგენილი. ალბათ, ესეც ქართველი მენშევიკებისა და მათი მიმდევრების პასუხად არის გაკეთებული. ისე, რომ “წინაპართა ისტორიულ სამშობლოში” გადასვენების შესახებ ოსების ჩალიჩი აბსოლუტურად უპერსპექტივო საქმე, უბრალოდ, სასაცილოც კია…

_ გორელები როგორ უყურებენ თქვენს იდეას?

_ საკმაო კეთილგანწყობით. გორში მუზეუმი უნდა აღდგეს და ამოქმედდეს. დღეს იგი სავალალო დღეშია. მეორე წელიწადია, მუზეუმიდან 85 უნიკალური ექსპონატია წაღებული: ერთ-ერთმა კერძო ფირმამ ავსტრიაში გამოფენის მოწყობა ითავა და მემორიალური ნივთები ინათხოვრა, მაგრამ ისინი არც ავსტრიაში და არც სხვაგან მოწყობილ გამოფენებზე არ გამოჩენილა. კულტურის სამინისტრომ სერიოზულად უნდა მოჰკიდოს ხელი მათ დაბრუნებას. თუ ეს კიდევ გაჭიანურდა, ჩვენი საზოგადოება სარჩელს აღძრავს იმ ფირმის წინააღმდეგ. თუ ჩვენი ჩანაფიქრი განხორციელდა, გორის მუზეუმი სტალინის ნამდვილი მემორიალური ცენტრი გახდება და ტურისტულ მარშრუტში ჩაერთვება. მომავალში, ალბათ, იქვე უნდა გადავასვენოთ სტალინის დედა მთაწმინდიდან, ვასილი _ ყაზანიდან.

_ ბატონო გრიგოლ, როდის და როგორ მოხდა თქვენი ჩამოყალიბება ასეთ უდრეკ სტალინელად?

_ მოწაფეობის წლებში სკოლის აღიარებული დეკლამატორი გახლდით, მაშინ სტალინზე საუკეთესო ლექსები იწერებოდა და, ბუნებრივია, ხშირად მიწევდა სცენიდან მათი კითხვა. “ფოლადო გაუტეხელო, კაცო მართალო ყელამდი…” როგორია! ჰოდა, ასე თანდათან, საბოლოოდ კი _ 1956 წლის მარტის მოვლენების შემდეგ. მაშინ ზოგიერთ სტუდენტთან ერთად მეც დამიჭირეს. სუკში მამაჩემმა იყვირა: “ეს არის საქმე? ადრე მამამისს იჭერდნენ: სტალინი რატომ გძულსო, ახლა ჩემს შვილს იჭერთ: სტალინი რატომ გიყვარსო”.

_ 1990 წლის არჩევნებში ძალიან აქტიურობდა პოლიტიკური ორგანიზაციასტალინიდა პირადად თქვენ. რატომ აღარ მონაწილეობთ რომელიმე პარტიის საქმიანობაში?

_ 1990 წელს კომპარტია აიკრძალა, “სტალინი” არჩევნებიდან მოხსნეს, ასე დავრჩი თამაშგარე მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ, სტალინელებმა, ახლა ჩამოვაყალიბეთ საქართველოს სტალინური პარტია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ალბათ, ჩვენც ვიტყვით ჩვენს სიტყვას.

_ ეს რა, საზოგადოება სტალინი გარდაიქმნა პარტიად?

_ არა. საზოგადოება საზოგადოებად _ არაპოლიტიკურ ორგანიზაციად დარჩა. პარტია სხვაა. ნურავის ეხამუშება მისი სახელწოდება. იგი საქართველოს უკეთესი დღეებისთვის იბრძოლებს, მისი მთავარი მოწოდება იქნება: სტალინური დისციპლინა, სტალინური სოციალური სამართლიანობა, სტალინური ინტერნაციონალიზმი.

წინდაწინ ვიცი, რომ ყველა მკითხველი ერთნაირად არ გაითვალისწინებს გრ. ონიანის მოსაზრებებსა და მრწამსს, მაგრამ ნებისმიერ ჩვენგანს უფლება აქვს, სწამდეს ის, რაც სწამს. ერთი კია, ბატონი გრიგოლი სულით ხორცამდე ქართველი კაცია და მისი ცხოვრებისეული კრედო, მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა იგი ყველასთვის, სამშობლოს მხურვალე სიყვარულით არის ნასაზრდოები.

ალეკო ასლანიშვილი,

გაზეთისაქართველოს რესპუბლიკა

21 დეკემბერი,1993 წელი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here