მამაჩემის მამიდაშვილი ევაკ ნიჟარაძე სვანეთის ერთ–ერთი ძლიერი ოჯახის შვილი იყო. ხუთი ძმა და გამრჯე დედ–მამა თავიანთი დიდ ადგილ–მამულში მთელი წლის სარჩოს უპრობლემოდ აგროვებდნენ. ჰყავდათ თხების დიდი ჯოგი, რომელსაც, ძირითადად, 5 ძმიდან ბოლოდან მეორე მწყემსავდა და პატრონობდა _ ევაკ ნიჟარაძე. ის 1904 წელს იყო დაბადებული და ადგილობრივი სოფლის ოთხწლიანი სკოლა ჰქონდა დამთავრებული.
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც თხის ჯოგი ლატფარის ალპური ზონის საძოვრებზე იყო გაშლილი და ევაკ ნიჯარაძე კავკასიონის თეთრ მწვერვალებს ოცნებით გაჰყურებდა, ევაკს უეცრად უყივლა სისხლმა და ახალგაზრდული ჟინი დაეუფლა. წელზე შემორტყმული ქამარი მოიხსნა, ყველაზე დიდ ვაცს რქებზე მოაბა და ორბელისკენ (სოფელი ცაგერის რაიონში) მიმავალ ვიწრო ბილიკს ჩქარი ნაბიჯით ჩაუყვა. მეზობელ მეჯოგეს კი დაუბარა, თხები სახლში მიერეკა და ოჯახის წევრებისთვის ეთქვა: ევაკი ქალაქში წავიდაო. სოფელ ორბელში პირველივე შემხვედრს, ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე, იაფად მიჰყიდა უშველებელი ვაცი და ცოტაოდენი ფულით გეზი ჯერ ქუთაისისაკენ, შემდეგ კი თბილისისკენ აიღო.
მაღალი, ახოვანი და სხარტი ახალგაზრდა, ყოველგვარი შემოწმებისა და გამოცდების გარეშე, ჩარიცხეს თბილისის საარტილერიო სასწავლებელში, სადაც დაუმეგობრდა შემდგომში სახელგანთმული პიროვნებები: გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მჟავანაძე, გენერლები: კობერიძე, თავართქილაძე, ყურაშვილი და სხვ.
კურსდამთავრებულებმა საბრძოლო ნათლობა მონღოლეთში, ხანხილ-გოლის ბრძოლებში მიიღეს, საიდანაც ორდენებით მკერდდამშვენებული დაბრუნდნენ. მალე დიდი სამამულო ომიც დაიწყო. ევაკ ნიჟარაძე, როგორც ახალგაზრდა და გამოცდილი მეთაური, წარადგინეს ნომენკლატურულ თანამდებობაზე და შემოწმების “ფილტრი” უნდა გაევლო. სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სასწრაფოდ წარუდგინა წითელი არმიის პოლიტსამმართველოს ევაკისა და მისი ოჯახის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია.
“ევაკ ნიჟარაძის ოთხი ძმა იარაღით ხელში ერთი კვირის განმავლობაში უმკლავდებოდა წითელი არმიის ნაწილებს ცხენისწყლის მისადგომებთან, რათა კომუნისტები არ შესულიყვნენ ლაშხეთის თემში. როგორც იმხანად, ახლაც ითვლებიან საკოლმეურნეო წყობისა და სოციალისტური სამშობლოს მტრებად. ოთხივე ძმა დაპატიმრებულია. ევაკი შეიარაღებულ შეტაკებაში არ მონაწილეობდა, ამჟამად იგი მსახურობს წითელ არმიაში”.
ეს ცნობა წითელი არმიის პოლიტსამმართველოს უფროს ლევ მეხლისის კაბინეტში სხვა საქმიან ქაღალდებთან ერთად შეიტანეს. ევაკ ნიჟარაძის დახასიათება მეხლისის რეზოლუციამ “დაამშვენა”:
“დაუყოვნებლივ დათხოვნილ იქნას წითელი არმიიდან”.
იმავე მთებითა და გზებით, რომლებითაც 15 წლის წინათ ლატფარის უღელტეხილისა და ორბელის გავლით თბილისში გაემგზავრა, ევაკი ახლა თავშესაფრის საძებნელად მშობლიურ სოფელს უბრუნდებოდა, ოღონდ მალულად. შინ დაბრუნებული ყოველ ღამეს ელოდებოდა დაპატიმრებას, მაგრამ მის დაჭერას რატომღაც არ ჩქარობდნენ.
1942 წლის თებერვალში სტალინის პირადი თვითმფრინავი დაეშვა თბილისის აეროპორტში, სადაც დასახვედრად თავი მოეყარათ ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის ცეკას პირველ მდივნებს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. თვითმფრინავიდან პირველი ლავრენტი ბერია გადმოვიდა, მას მოჰყვა თვრამეტი მაღალჩინოსანი და ერთი პატარა ცელქი ბიჭუნა _ ლავრენტი ბერიას არასრულწლოვანი ვაჟი სერგო. კავკასიონზე შექმნილი ტრაგიკული მოვლენებისა და გერმანელთა დივიზიების შეუჩერებელი სვლით შეწუხებული ამიერკავკასიის რეაპუბლიკების მთავრობების წარმომადგენლები სამგლოვიარო პროცესზე მყოფთ უფრო ჰგავდნენ, ვიდრე საპატიო სტუმრის დამხვედრთ. ბერიას ხელი არავისთვის გაუწოდებია. დამხვდურთა დამწუხრებულ სახეებს რომ შეხედა, ისედაც უშიშარ და გაბედულ ბერიას გამბედაობა კიდევ უფრო მოემატა:
_ რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით, რა ხელები ჩამოგიყრიათ, ომი თუ არ გინახავთ, მის შესახებ არც წაგიკითხავთ მაინც? დღეს ისინი გვიტევენ, ხვალ ჩვენ შევუტევთ, _ ომახიანად წარმოთქვა ლავრენტი პავლოვიჩმა და ბრძანა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში წასულიყვნენ. ამის შემდგომი ეპიზოდი ჩემს წინა წერილებში მაქვს აღწერილი, რომლებშიც, ძირითადად, ვიხელმძღვანელე კა-გე-ბე-ს გენერლის, ვარლამ ქაქუჩაიას, მემუარებით, რომელიც მისმა შვილიშვილმა გამოსცა და გამომიგზავნა მოსკოვიდან. ამ თათბირიდან გაგაცნობთ მხოლოდ ერთ ფაქტს, რომელიც სხვადასხვა გარემოების გამო განხილული არ მქონდა (მიზეზთა გამო, რომლებსაც ოდესმე შეიტყობთ):
როდესაც ბერია ბეჩოს სამხედრო ბაზაზე შექმნილ ვითარებას იხილავდა, ორ თითს შუა ფანქრის ნერვიული ტრიალით კანდიდ ჩარკვიანს ჰკითხა: _ სად იბრძვის ამჟამად ევაკ ნიჟარაძე? კანდიდ ჩარკვიანმა თავი ჩაღუნა და უპასუხა: _ ევაკ ნიჟარაძე მეხლისმა ხელიდან გამოგვტაცა და ჯარიდან დაითხოვაო.
_ გლახაკები ხართ და იმიტომ! _ თქვა გაცეცხლებულმა ბერიამ და იკითხა: სად არის ამჟამად ევეკ ნიჟარაძეო. კანდიდ ჩარკვიანმა ამ კითხვით ზემო სვანეთის რაიკომის პირველ მდივანს მიმართა, მან კი უპასუხა, რომ ევაკ ნიჟარაძე ქვემო სვანეთის მცხოვრებია და არ იცის ვინ არის. ამით ცეცხლზე ნავთი დაასხეს და ბერიას განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა:
_ რამხელაა საქართველო, რომ ერთ პატარა მხარეს ზემო და ქვემო კუთხეები ჰქონდეს და, რამდენი პოლკოვნიკი ჰყავს სვანებს, რომ რაიკომის მდივანმა არ იცოდეს მისი ვინაობა? გიბრძანებთ, ხვალ, 9 საათზე, ჩემთან იყოს ევაკ ნიჟარაძე!
შუაღამეს გადაცილებული იყო, როდესაც ევაკ ნიჟარაძის სახლის ეზოში მსუბუქი ავტომანქანა “ემ-1” გაჩერდა. მანქანის რახრახმა სოფელი გააღვიძა და ყველამ იფიქრა, რომ ევაკის დასაპატიმრებლად იყვნენ მოსულნი. ტირილით, ვაითა და გოდებით გამოაცილა სოფელმა ახალგაზრდა პოლკოვნიკი. მძღოლმა არც რამე იცოდა და ვერც ვერაფერს ეტყოდა ევაკს. როდესაც ლენტეხში, ციხესთან მანქანა არ გაჩერდა, ევაკის შეკითხვას _ სად მივდივართ? მძღოლმა უპასუხა: _ ნაბრძანები მაქვს, გათენებამდე ქუთაისში ჩაგიყვანოთო.
ქუთაისის შესასვლელში მილიციის საგუშაგოზე გააჩერეს მანქანა, რომელშიც ევაკი იჯდა, საბუთების გულდასმით შემოწმების შემდეგ ის კომფორტულ მანქანაში გადასვეს და ქალაქისკენ წაიყვანეს. ჯერ კარგად გათენებული არ იყო, რომ ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი გრიგოლ ნარსია ევაკს თავის კაბინეტში ელოდებოდა. დანახვისთანავე ერთმანეთს გადაეხვივნენ და გადაკოცნეს. გრიგოლ ნარსიამ ევაკს უთხრა, რომ ახლავე აეროდრომზე უნდა წასულიყვნენ და 9 საათზე ევაკი პარტიის ცეკას შენობაში ბერიას უნდა შეხვდროდა. შემდეგ რაც მოხდა, ევაკმა დაწვრილებით მიამბო და დასძინა: _ იცი რა, გრიშა, კაცი გაბერილი გუდაა, როდის ჩაიფუშება, არავინ იცის და, რასაც გეტყვი, მხოლოდ შენ იცოდე, ყოველი შემთხვევისთვის ამის ცოდნა რას დაგიშავებს, იქნებ ოდესმე გამოიყენოო.
და აი 40 წლის შემდეგ დადგა დრო, ამ შესანიშნავი პიროვნების, უპატიოსნესი, პრინციპული მეცნიერის ნაამბობი გავასაჯაროო:
_ ბერიამდე ისე მიმიყვანეს, არავის მივსალმებივარ. მან პატარა დასასვენებელ ოთახში მიმიღო. როგორც კი შევედი, წამოხტა, გადამეხვია, გადამკოცნა და ჯიქურ მკითხა:
_ რატომ ხარ ასე გამხდარი?
_ მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, ლავრენტი პავლეს-ძევ, _ ვუპასუხე.
აქ მინდა, ცოტა გადავუხვიო და მკითხველს გავაცნო ის რთული მდგომარეობა, რომელიც საქართველოში და, კერძოდ, კავკასიონზე ტრიალებდა.
ჰიტლერის დავალებით, კავკასიონის გადალახვა ვერმახტის 49-ე მსროლელ კორპუსს დაევალა გენერალი რუდოლფ კონრადის მეთაურობით. საბრძოლო დავალება, რომელიც ჰიტლერმა დაამტკიცა და ხელი მოაწერა, ასეთი იყო:
პირველი _ დარტყმა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სამხედრო გზით თბილისზე;
მეორე _ დარტყმა უნდა განხორციელებულიყო სამხედრო გზით ქუთაისზე, ხოლო მესამე დარტყმა ითვალისწინებდა კავკასიონის დასავლეთი უღელტეხილის გადალახვას და სოხუმზე გასვლას. ამ ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო “ედელვაისი”.
კავკასიონს ჯერ გერმანელთა 2 სამთო დივიზია მოადგა.
გენერალმა კონრადმა ჰიტლერის მიერ ახალდანიშნული ამიერკავკასიის მთავარმართებელი იახლა, რადგან აღებულ ქალაქებს პატრონი და განმკარგულებელი ჰყოლოდა. გერმანელმა გენერლებმა ამიერკავკასიის ფრონტის გაცნობა არა საბრძოლო პოზიციების, არამედ ადგილმდებარეობისა და კლიმატის შესწავლით დაიწყეს. სტალინი კი კრემლში დინჯად დაჰყურებდა ცენტრალური კავკასიონის ოპერატიულ რუკას.
კაბინეტში გამოძახებულ ბერიას სტალინმა უთხრა:
_ უნდა დავასრულოთ კავკასიონის სტრატეგიის შემუშავება ახლა, ამ წუთას. კავკასიონზე მდგომარეობა კატასტროფულია, კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია, შეგიძლია თუ არა დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა უპირველესი საქმეა, წაიყვანე ჯგუფი 18 კაცის შემადგენლობით, შეთანხმებული სია პოსკრებიშჩევთანაა. თუ შვილსაც, პატარა სერგოსაც წაიყვან, კარგი იქნება, ხალხს იმედი გაუჩნდება.
ბერია მიხვდა, რომ სტალინი ჯგუფის ყველა წევრს უკვე შეხვდა და დაელაპარაკა. ხუთ საათზე სტალინის თვითმფრინავმა კურსი თბილისისკენ აიღო. 22 საათზე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა.
_ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს ვაცნობე მეხლისის განკარგულების გაუქმების თაობაზე თქვენი ჯარიდან დათხოვნის შესახებ, ეკიპირებაზე ნუ იფიქრებთ, ყველაფერი თან გვაქვს. ხვალ დილით, 4 საათზე, თბილისიდან უნდა გავიდეთ, არავინ არაფერი უნდა იცოდეს, _ განუცხადა ბერიამ ევაკ ნიჟარაძეს.
კავკასიონის მწვერვალებზე ახალი დილა თენდებოდა, ახალი იმედებითა და ახალი ძალებით. სამი დღის განმავლობაში ბერია ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცოდა, იგი მტრისა და მოყვრისთვისაც დაკარგული იყო.
ამ სამი დღის განმავლობაში მონადირის ტანსაცმელში გამოწყობილი და დამცავი სათვალით სახედაფარული ბერია, რომელსაც ერთადერთი კაცი, ევაკ ნიჟარაძე, ახლდა, სვანი მონადირეებისა და ალპინისტების თანხლებით ყველა ნაწილში მივიდა და ყველა ბატალიონი დაათვალიერა. დაწვრილებით შეისწავლა ფრონტის ყველა უბნის საბრძოლო მზადყოფნა და მომარაგება, როგორც საბრძოლო მასალებით, აგრეთვე, სურსათით. გაუჩინარების შემდეგ ბერია კვლავ გამოჩნდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის რეზიდენციაში და კავკასიის ფრონტის ჯარების ყველა დანაყოფის მეთაური სასწრაფოდ მოიწვია თათბირზე. მათ შორის იყო გენერალი ქაქუჩაია.
თათბირის დაწყებამდე ბეჩოს ბაზაზე უშუალო პასუხისმგებელი ქაქუჩაია ქობულოვმა მიიწვია თავის ოთახში და გამოჰკითხა ფრონტის ამბავი. ქაქუჩაიამ მოახსენა, რომ კავკასიონზე მტრის უშუალო გამანადგურებელი და მოწინააღმდეგე არის სვანი მონადირეებისა და ალპინისტების ბატალიონები, სვან მოსახლეობასთან ერთად, და მათი შეიარაღება ჩვენი უპირველესი მოვალეობააო.
ამ სიტყვებმა ისტერიკაში ჩააგდო ქობულოვი, რომელმაც ყვირილით მიმართა ქაქუჩაიას:
_ როგორ შეიძლება სვანების ნდობა და მათი შეიარაღება?! ეს იარაღი ჩვენ შემოგვიტრიალდება. თუ შენ ამას ლავრენტი პავლოვიჩს მოახსენებ, შეიძლება სამშობლოს ღალატში დაგადანაშაულოს და დაგხვრიტოს!
თათბირი დაიწყო, ფრონტის სარდლები მოახსენებდნენ ბერიას ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას, მესამე მომხსენებლად გამოიძახეს ქაქუჩაია, რომელმაც დაწვრილებით გააცნო ბერიას ყველაფერი:
_ სვანების დახმარება კავკასიის დაცვაში უპირველესი საქმეა. კავკასიას იცავს არა მხოლოდ წითელი არმია, არამედ სვანეთის მოსახლეობა, რომელიც თავგანწირვით იბრძვის სამშობლოსთვის. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენ გვეხმარებიან საბჭოთა წყობილებაზე განაწყენებული ადამიანები, რომლებიც, ტყეში ყაჩაღებად გავარდნილნი, აქტიურად იბრძოდნენ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ. სწორედ ის ხალხია დღეს ჩვენი საიმედო დამრტყმელი ძალა, რომელიც მიუვალ ადგილებში გამაგრებული მტრის საცეცხლე წერტილებს ანადგურებს. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ზომა, კარგად შეგვეიარაღებინა ასამდე სვანი მონადირე და მოხალისე, ამით შეიქმნა ერთობლივი სურვილი მტრის განადგურებისა.
_ ეს ძალიან ცოტაა, _ განაცხადა ბერიამ, _ სასწრაფოდ შექმენით სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, რომელიც მთლიანად სვანებით იქნება დაკომპლექტებული და გადაეცით სრული სამხედრო აღჭურვილობა და სახელმწიფო უზრუნველყოფა, როგორც წითელი არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფს.
ბერიას ბრძანებაში ეწერა:
“1. სვან მებრძოლს, რომელიც მოკლავს გერმანელ ოკუპანტს, გადაეცეს ჯილდოდ 500 მანეთი და მოკლულის მთელი აღჭურვილობა იარაღის ჩათვლით;
- თუ მოკლული გერმანელი უნტერ-ოფიცერია, ჯილდო გაორმაგდეს და მიეცეს მოკლულის იარაღი;
- სვან მებრძოლს, რომელიც მოიტაცებს მოენეს და ტყვედ აიყვანს გერმანელ ოფიცერს, ჯილდო გაეზარდოს;
- განსაკუთრებული მამაცობის გამოჩენისათვის სპეცდანიშნულების ბატალიონის წევრები წარდგენილნი იქნან სახელმწიფო ჯილდოებსა და ორდენებზე. ასევე დაჯილდოებულნი იქნან სამახსოვრო იარაღით წარწერით: “ლ. პ. ბერია”.
ბერიას წახალისებით სვანეთის მოსახლეობა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად აღდგა. მოხუცები, ქალები და ბავშვები ხარებით, ცხენებითა და სახედრებით ჭიუხებში საბრძოლო მასალასა და სურსათს აწვდიდნენ გმირ სვან მებრძოლებს. სვანეთში გუგუნებდა სიმღერა ბერიაზე _ “დარიალს კარი შეაბი, კავკასიონი შეჰკარი”.
სატელეფონო საუბარში სტალინმა უსაყვედურა ბერიას: “როდემდე უნდა ფრიალებდეს იალბუზზე გერმანული დროშა. გადაეცით სვან ალპინისტებს, რომ სხვა ვერავინ ჩამოაგდებს მას”.
ამ სატელეფონო საუბრიდან მალე, 1943 წლის 9 თებერვალს, ყინულის გიგანტურ სამყაროს გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა შეუტიეს. ყინულთან რამდენიმესაათიანი გააფრთებული ბრძოლის შემდეგ ვეფხის სადარი ბექნუ ხერგიანი ნახტომით მისწვდა დროშას, ჯერ ჩამოხია, შემდეგ კი ტარი ძირშივე გადატეხა.
როგორც დიდ სამამულო ომში ვერ გავიმარჯვებდით უსტალინოდ, ისე ვერ დავიცავდით კავკასიონს ლავრენტი ბერიას გარეშე.
1942 წლის 27 აგვისტოს სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლითაც 46-ე არმიის სარდალი სერგაცკოვი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და მის ადგილას დაინიშნა გენერალ-მაიორი კონსტანტინე ლესელიძე. ამ პერიოდში გერმანელებს უკვე დაკავებული ჰქონდათ კავკასიონის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც მტერმა არცთუ დიდი წინააღმდეგობის შედეგად ჩაიგდო ხელში.
46-ე არმიის სარდლად ლესელიძის დანიშვნასა და კავკასიის ფრონტის ბერიასათვის ჩაბარებას სწრაფად უნდა შეეცვალა მდგომარეობა. 242-ე და 392-ე შენაერთები გენერლების _ გიორგი ყურაშვილისა და ისიდორე სილაგაძის _ მეთაურობით ახალ საბრძოლო დავალებებს იღებდნენ უღელტეხილის დასაბრუნებლად და მტრის გასანადგურებლად.
ომის დამთავრების შემდეგ გენერალი გიორგი ყურაშვილი საქართველოს სამხედრო კომისრად დაინიშნა. სხვადასხვა გარემოების გამო დასვენების დღეებს ყველა რანგის მოხელე ადგილობრივ კურორტებზე ატარებდა. გიორგი ყურაშვილიც ჩვენს სოფელში არსებული საუცხოო წყლითა და ჰაერით დაჯილდოებულ აგარაკ “მუაშის” რეგულარული სტუმარი გახლდათ. ის სვანეთის ახალგაზრდებს ომის ეპიზოდებს გვიყვებოდა. მე ბევრი რამ მახსოვს მისი მონათხრობიდან, რომლის ფრაგმენტები ჩაწერილიც კი მაქვს თორმეტფურცლიან სასკოლო რვეულში. ჩემი წერილების ნაწილი გენერალი ყურაშვილის მონათხრობზეა აგებული, თუმცა გენერლის მონაყოლი შემდგომ ბევრ ბეჭდურ გამოცემასა და მემუარულ ლიტერატურაშიც გამოჩნდა.
46-ე არმიის ახალდანიშნულ სარდალს მაღალი სიხშირის ტელეფონთან უხმეს, _ თქვენ სტალინი დაგელაპარაკებათ. რამდენიმე წუთში კონსტანტინე ლესელიძეს ახალი თანამდებობა სტალინმა მიულოცა და წარმატება უსურვა:
_ იცით, ამხანაგო ლესელიძევ, როგორ იბრძოდა ნაპოლეონი ალპებში? მან პირველმა გამოიყენა არტილერია მიუვალ მთებში. უღელტეხილები გადალახა და ზურგში დაარტყა ავსტრიის არმიას. თქვენც უნდა აიტანოთ დაშლილი ზარბაზნები მწვერვალებზე, იქ ააწყოთ და იქიდან დაარტყათ მტერს. ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით.
როგორც ყოველთვის, სტალინის სიტყვას საქმე მოჰყვა. გაიცა განკარგულება კავკასიონზე 4 000 სახედრისა და მათი 1 000 გამყოლის გადაყვანის თაობაზე; ქვეყანაში 1 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე დაემზადებინათ 80 000 მეტრი სპეციალური ქსოვილი ალპინისტის თბილი ტანსაცმლის 30 000 კომპლექტის შესაკერავად, აგრეთვე, 15 000 წერაყინი, 2 000 კლდის ჩაქუჩი, 50 000 წრიაპი, კავი, 30 000 მეტრი ალპინისტური წნული და გრეხილი თოკი, 1 600 000 ტრიკონი _ ფეხსაცმლის ლანჩაზე დასაჭედებელი სამკბილა. სტალინის დავალება 1 ოქტომბრისთვის შესრულებული იყო და აღჭურვილობა გაიგზავნა ფრონტზე. ჰიტლერის მიერ კავკასიის დაპყრობის გეგმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა, შემაშფოთებელი იყო. ჰიტლერელებთან ერთად კავკასიონს უტევდა ჰიტლერის მიერ შეკოწიწებული და მსოფლიო პროპაგანდისთვის ესოდენ საჭირო “ქართული ლეგიონი”, რომელიც მდინარე ბაქსანის ნაპირზე იყო გამაგრებული.
უსასტიკეს მტერთან საბრძოლველად მომზადება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კავკასიის მწვერვალებზე მოსალოდნელი დიდთოვლობა ძალზე ართულებდა დაცვის პოზიციებს. სპეცბატალიონი, რომელიც სვანი ალპინისტებისა და მონადირეებისგან იყო დაკომპლექტებული, განლაგებულნი იყო სიმაღლეებზე, საიდანაც ზღუდავდა მტრის წინ წამოწევას. სვანების სპეცბატალიონს შეუერთდა ბერიას მიერ მოსკოვიდან ჩამოყვანილი 150 სნაიპერი უხმო შაშხანებით. ისინი, მამაც სვან მონადირეებთან ერთად, ფხიზლად იცავდნენ ყველა ბილიკს კავკასიონზე. მთავარი ბანაკიდან დაშიფრული ტელეგრამა მოვიდა, მოითხოვდნენ, რომ ბატალიონი და სხვა სამხედრო ნაწილები სასწრაფოდ დაშვებულიყვნენ ბარში და ზამთარი ბეჩოში გაეტარებინათ. მებრძოლებმა და მათმა მეთაურებმა გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ დირექტივას და დაშიფრული ტალეგრამითვე უპასუხეს ფრონტის სამხედრო საბჭოს, რომ ისინი დაკავებულ სიმაღლეებს არ დატოვებდნენ, როგორი პირობებიც უნდა შექმნილიყო. ეს წინააღმდეგობა სამხედრო საბჭოსთვის გამაოგნებელი იყო. პასუხად იმავე დღეს დაშიფრული ტელეგრამა მიიღეს: “გამოგზავნილ დირექტივას არ ვამტკიცებთ. თქვენთან ჩამოვლენ არმიის სარდალი ლესელიძე და ვალერი ბაქრაძე, ადგილზე შეთანხმდით და გადაწყვიტეთ ჯარების გამოზამთრების საკითხი. ბერია”.
სამი დღის შემდეგ კოსტანტინე ლესელიძე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ბაქრაძე, რომელიც ფრონტის საბჭოს წევრიც გახლდათ, ბეჩოს მიადგნენ. გიორგი ყურაშვილმა (დივიზიის მეთაურმა) დეტალურად ილაპარაკა უღელტელხილზე მიმდინარე ბრძოლაზე, რომელიც კარგად ჩანდა ოპერატიულ რუკებზე.
_ ქაღალდზე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უნდა ვნახოთ ადგილზე, _ განაცხადა ლესელიძემ.
ბაქრაძემ გზის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან კენჭის გავლის გამო ძლიერი ტკივილები ჰქონდა და ხანდახან გონებასაც კი კარგავდა. ლესელიძე და ყურაშვილი ორი დღის განმავლობაში გულდასმით ათვალიერებდნენ საოცარ გამოქვაბულებს და ერთმანეთთან დაკავშირებულ მიწისქვეშა გასასვლელებს, რომლებიც სვან ალპინისტებსა და მონადირეებს შეექმნათ ამ ურთულეს პირობებში. კლდის ღრმა ჯურღმულებში განთავსებულ ჯარისკაცთა საცხოვრებელს, იარაღისა და სურსათის საწყობებს რომ ათვალიერებდა, სარდალი ლესელიძე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, როგორ და რა ძალამ შეძლო ამ სამუშაოს შესრულება ჭიუხების სიღმეებში. ერთობ კმაყოფილმა და ამაყმა სარდალმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს უნიკალური თავშესაფარი შექმნა და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ხალხი მალე გაათავისუფლებდა კავკასიას ფაშიტი დამპყრობლებისგან.
_ სამხედრო საბჭოს დირექტივას შევცვლი, _ განაცხადა ლესელიძემ, _ თქვენ, რა თქმა უნდა, მართალი იყავით, როცა მწვერვალები არ დატოვეთ და დაბლა არ ჩახვედით.
ამით დამთავრდა კონსტანტინე ლესელიძის ორდღიანი სტუმრობა ბეჩოში.
1943 წლის 7 მარტს ლავრენტი ბერია კვლავ კავკასიონზეა და მარტის ბოლომდე დარჩა ფრონტზე. მისივე ინიციატივით, სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას კონსტანტინე ლესელიძის მე-18 არმიის სარდლად დანიშვნის თაობაზე.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)