Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობა

სტალინი და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობა

სტალინი

გლობალისტების მიერ ჩაფიქრებულ მსოფლიო რევოლუციას, რომლის ხანძრის პირველი კერა რუსეთში გაჩნდა და, რომლის გაღვივებასაც უამრავირუსული ფიჩხი” (ტროცკის გამოთქმა) დასჭირდა, ბოლოს და ბოლოს, ლოკალიზებული იქნა და ხანძრის შედეგების ლიკვიდაციის გრანდიოზული გეგმაც ერთი კაცის განსახორციელებელი შეიქნა.

სტალინმა იარაღით ხელში დაიცვა რევოლუციის მონაპოვარი და მისი ნაყოფი რუს ხალხს მოახმარა. გლობალისტური იმპერია არ დაკმაყოფილდა რუსეთში მოწყობილი რევოლუციით და ოფიციალურად გახსნილი და გამოცხადებული მეორე ინტერნაციონალი, ლენინისა და ტროცკის ინიციატივით, 1919 წლის მარტში კომინტერნით შეიცვალა.

ლენინის სიტყვა რუსი ბოლშევიკებისთვის იყო ფიცის ტექსტი, რომელზეც ლოცულობდა რუსულენოვანი დედამიწის ერთი მეექვსედი. მსოფლიო რევოლუციის მეხანძრეებს, ტროცკის მეთაურობით, მსოფლიოში ჰყავდათ 910 000 ადამიანი, რომლებიც მსოფლიოს გასაერთიანებლად იბრძოდნენ. კომუნისტური ინტერნაციონალი (კომინტერნი), რომლის შტაბი დაფუძნებული იყო მოსკოვში და, რომლის ძირითადი დონორი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი იყო, კარგად ფინანსდებოდა ცენტრალური კომიტეტის გასაიდუმლოებული ფონდებიდან.

კომინტერნის განკარგულებაში იყო 4 500 000 ბაჯაღლო ოქროს მანეთი, 3 400 000 ოქროს მანეთი. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კომინტერნისთვის გამოყოფილი იყო ორ-ნახევარი მილიონი მანეთი. კომინტერნის ძირითად ბირთვს შეადგენდა 500 კაცი, რომლებსაც ემატებოდა 300 ტექნიკური თანამშრომელი. სწორედ ეს 800 ადამიანი მართავდა წლების განმავლობაში გლობალისტურ მანქანას, ტროცკის მეთაურობით.

სტალინს არ შეეძლო გაეტეხა ფიცი, რომელიც მან ლენინის კუბოსთან დადო (არავინ იცის, ვინ დაავალა მას ფიცის დადება. _ გრ. ონიანი) და კომინტერნსაც თვალისჩინივით “უვლიდა”, სანამ ამის საშუალება ჰქონდა.

1943 წელს ფაშისტური გერმანიის მზის ჩასვენებას სტალინგრადში კომინტერნის მზის ჩასვენებაც მოჰყვა მოსკოვში. გლობალისტებისა და პერმანენტული მსოფლიო რევოლუციის მეხანძრეებისგან წამოსული ბოდვითი იდეებისა და მსოფლიოში გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომის მიუხედავად, საბჭოთა კავშირში დაიწყო ომისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშება და მძლავრი ინდუსტრიული ცენტრების მშენებლობა.

აი სტალინის პირადი არქივიდან დოკუმენტი, რომელიც პირველად ქვეყნდება. კომინტერნის აღმასკომის მდივანმა ოტო კუუსინენმა სტალინს გაუგზავნა კომინტერნის აღმასკომის წერილის პროექტი საფრანგეთის შემადგენლობაში ელზას-ლოტარინგიის ავტონომიის შესახებ. 1926 წლის 14 აგვისტოს იოსებ სტალინმა გაუგზავნა კომინტერნს დასკვნა, რომელიც თითქმის სრულად მომყავს:

“კუუსინენს!

მივიღე ელზას-ლოტარინგიის შესახებ წერილის პროექტი. ჩემს შენიშვნებს, ლაპარაკია ელზას-ლოტარენგიის ავტონომიაზე, საჭიროა, დაემატოს ერთი აბზაცი… იმის შესახებ, რომ ავტონომიისთვის ბრძოლა არ ნიშნავს ელზას-ლოტარინგიის პროლეტარების კავშირების შესუსტებას საფრანგეთის პროლეტარიატთან, არამედ პირიქით, ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო განმტკიცებას, რადგან მხოლოდ ამ კავშირით შეიძლება იქნეს მიღწეული ნაციონალური ჩაგვრის ლიკვიდაცია ელზას-ლოტარინგიაში. თავისი ტონით წერილი ჰგავს ხანშიშესული ბაბუის წერილს შვილიშვილებისადმი. საჭიროა უფრო სერიოზული საუბარი, წერილი უნდა შემოკლდეს, შეიკუმშოს, გამოირიცხოს გამეორებები.

კომუნისტური სალმით, ი. სტალინი”.

აი სხვა მაგალითი:

კუუსინენმა გაუგზავნა სტალინს კომინტერნის აღმასკომის პროექტი თეზისებისა და რევოლუციური მოძრაობის შესახებ კოლონიურ და ნახევრადკოლონიურ ქვეყნებში.

1928 წლის 21 აგვისტოს სტალინმა გაუგზავნა დასკვნა:

“ამხ. კუუსინენს!

პირველი. თქვენი თეზისები ძალიან ვრცელია. საჭიროა შემოკლდეს სამჯერ ან ოთხჯერ მაინც.

მეორე. ეს თეზისები თეზისებად არ ჩაითვლება _ ეს უფრო კომენტარებია თეზისებისთვის.

მესამე. არ უნდა ეცადოთ, რომ თეზისებმა მოიცვას ყველა კოლონიური, ნახევრადკოლონიური და დამოკიდებული ქვეყნები. ამ ამოცანას თეზისები ვერ შეასრულებს, უნდა აიღოთ ტიპური (ერთი ან ორი) კოლონია (ინდოეთი, ინდონეზია), ნახევრად კოლონია (ჩინეთი, ეგვიპტე), დამოკიდებული ქვეყნები (მექსიკა, სპარსეთი, ან რომელიმე სხვა ქვეყანა) და მათი კლასობრივი ძალების (შინაგანი და გარეგანი) ანალიზის საშუალებით დასახოთ კომუნისტების მუშაობის ძირითადი მიმართულება ნაციონალურ საკითხებში განვითარების მოცემულ ეტაპზე.

მეოთხე. თეზისები თითქმის მოწყვეტილია ან, უფრო ზუსტად, სუსტადაა დაკავშირებული თავის ისტორიულ ბაზასთან.

ბოდიშს გიხდით პასუხის დაგვიანებისთვის. კომუნისტური სალმით, თქვენი ი. სტალინი”.

ეს წერილი სტალინმა გაუგზავნა თავის თანაშემწეს _ ივანე ტოვსტუხას და მისწერა: “გადაიღეთ ამხ. კუუსინენისადმი ჩემი წერილის ასლი და გაუგზავნეთ მოლოტოვს, ორიგინალი კი სპეციალური კონვერტით გაუგზავნეთ კუუსინენს. არ არის საჭირო, უთხრათ, რომ ასლი გადაღებულია მოლოტოვისთვის, თუ თვითონ არ გკითხათ, თუ გკითხათ, მაშინ უთხარით”.

სტალინის ყურადღების ცენტრში იყო, აგრეთვე, რკპ (ბ) _ სკპ (ბ) ხელმძღვანელების ურთიერთობის საკითხები საზღვარგარეთის ქვეყნების კომპარტიების, კერძოდ, გერმანიის კომპარტიის ხელმძღვანელებთან. კომინტერნის აღმასკომის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბუხარინმა სტალინს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა:

“გერმანიის კომპარტიის ცკ-დან მივიღე დეპეშა არჩევნების შესახებ, დირექტიული წერილის თაობაზე. მეეჭვება, რამდენად მოსახერხებელია ჩემგან (რუსისაგან) პირდაპირ წერა შექმნილ ვითარებაზე (ლაპარაკია ჩემს ხელმოწერაზე და ა. შ.). შენ რას იტყვი?”

სტალინმა უპასუხა: “სჯობს, მისწერო, მაგრამ ხელს ნუ მოაწერ”.

1925 წელს 25 ივლისს სოჭიდან სტალინმა წერილით უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ბუხარინის პოზიციას გერმანიის კომპარტიის ხელმძღვანელობაში შექმნილი ვითარების შეფასებაში:

“საჭიროა, მტკიცედ დავუჭიროთ მხარი ერნსტ ტელმანს რუთ ფიშერის წინააღმდეგ ბრძოლაში და უზრუნველვყოთ მისი გამარჯვება”.

საინტერესოა ბუხარინისა და სტალინის მიმოწერა გერმანიის კომპარტიის თაობაზე და იმაზეც, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხებისადმი სკპ(ბ)-ს ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებიც კომინტერნის აღმასკომში მუშაობდნენ. ბუხარინი თავის წერილში შეეხო გერმანიის კომპარტიის ხელმძღვანელობაში ცალკეული ჯგუფების დაპირისპირებას (ნეიმანი და ტელმანი). სტალინი თვლიდა, რომ ამ საქმეში უფრო მეტი დამნაშავენი იყვნენ კომინტერნის წევრები _ ბესარიონ ლომინაძე და ლაზარ შაცკინი. ბუხარინი კი წერდა:

“მე ვეჩხუბე ლომინაძესა და შატკინს ნეიმანის თანდასწრებით, რომელსაც დავავალე სიტყვა-სიტყვით ეთარგმნა მათთვის ჩემი ნათქვამი. შენ ძალიან ელოლიავებოდი მათ, ახლა მე ვეცდები, ღიად გამოვთქვა ჩემი გულისწყრომა:

პირველი. არამზადების ეს ჯგუფი უნდა დავშალოთ და გავფანტოთ რუსეთის სხვადასხვა მხარეში;

მეორე. არ უნდა მიეცეთ მათ აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;

მესამე. მე განვუცხადე ტედის, რომ ლომინაძე და შაცკინი მერყევი, ჩამოუყალიბებელი ადამიანები არიან, რომლებიც უნდა დაისაჯონ და ა. შ.”

ბუხარინი ამტკიცებდა, რომ ნეიმანი დანარჩენებზე (ესე იგი ლომინაძეზე, შაცკინზე) უფრო მავნებელია, იტყუებაო და ა. შ.

სტალინი კი თავის თვალსაზრისს იცავდა:

“დამნაშავეა ლომინაძე, რომელიც უყოყმანოდ ენდობოდა ნეიმანს, რაც ლომინაძეს უარყოფითად ახასიათებს. ნეიმანი ხელისუფლებაში გაძვრა, ლომინაძემ კი ეს სიამოვნებით დაუშვა. ისინი იმიტომ გათამამდნენ, რომ შენ გაანებივრე “ლიბერალიზმით”. უნდა უკუვაგდოთ “ლიბერალიზმი”. სტალინმა წამოაყენა წინადადება: “მოვიწვიოთ გერმანული და რუსული დელეგაციების გაერთიანებული კრება, რომელზეც საბოლოოდ გამოვაშკარავებთ ამ ადამიანებს. შაცკინი და ლომინაძე უნდა მოვიწვიოთ კრებაზე”.

1928 წლის 1 ივნისს სტალინმა გაუგზავნა ბოლშევიკური პარტიის წევრებს შემდეგი შინაარსის წერილი:

“სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია ბრალდებების წაყენება კომპარტიის მიმართ. დადანაშაულება კომპარტიისა იმაში, რომ საბჭოთა კავშირი იძულებულია, დაავალოს საზღვარგარეთ მოქმედი თავისი დაწესებულებების თანამშრომლებს, არ ჩაერიონ ბურჟუაზიული ქვეყნების შინაურ საქმეებში არა ევროპასთან ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და პროლეტარიატის დიქტატურის ეკონომიკის გასაძლიერებლად, არამედ სითის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც გადახრას ნიშნავს. მაკვირვებს საქციელი ბუხარინისა და პიატნიცკისა, რომლებმაც არ ჩათვალეს საჭიროდ, საკადრისი პასუხი გაეცათ საბჭოთა კავშირისა და კომპარტიისადმი ბრალდებებისთვის, რომ თითქოს ჩვენ არ შეგვეძლო, “გადაუდებელი საქმეების გამო”, ცოტა ხანს შეგვეყოვნებინა პასუხი. გამოდის, რომ სკკპ ცკ-ში “უსაქმურები მუშაობენ”, რომლებმაც დაუყოვნებლივ უნდა განიხილონ ყველა საკითხი. მიმაჩნია, რომ ჩვენ ვერ ვიტყვით უარს კომინტერნის მუშაობისგან ჩვენი სავაჭრო დაწესებულებების სარფიანი ოპერაციების ერთმანეთისგან გამიჯვნის პოლიტიკაზე. შეიძლება ლონდონში ჩვენმა მუშაკებმა ცოტა გადააჭარბეს ფუნქციების გამიჯვნაში. თუ ეს ასეა, მაშინ უნდა გამოვასწოროთ ხარვეზი, მაგრამ არ შეგვიძლია და არც ვაპირებთ, შევცვალოთ გადაწყვეტილება ბანკებიდან რამდენიმე ინგლისელი კომუნისტის გათავისუფლების შესახებ.

ი. სტალინი”.

1932 წლის 16 აგვისტოს სტალინმა და მოლოტოვმა ცეკაში კაგანოვიჩს გაუგზავნეს წერილი:

“პირველი. კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასკომის თეზისები მოცემული ვითარებისთვის მისაღებია, თუმცა საჭიროებს გადამუშავებას. უფრო კონკრეტული უნდა იყოს რევოლუციური ამოცანები, გირჩევთ, ცალკე საკითხად გამოყოთ მდგომარეობა შორეულ აღმოსავლეთში, იაპონია-ჩინეთის ომი და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თავდასხმის საფრთხე. გირჩევთ, აგრეთვე, გააკრიტიკოთ მეორე ინტერნაციონალის რეზოლუცია ამ საკითხზე. მიუთითეთ ევროპული კომპარტიების მუშაობის ნაკლოვანებებზე, რომლებმაც ვერ შეუშალეს ხელი იაპონიისთვის იარაღის მიწოდებას, დაუსახეთ კონკრეტული ამოცანები იაპონიის, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის კომპარტიებს, განსაკუთრებით _ ევროპულ და ამერიკულ კომპარტიებს, რომლებმაც უნდა შექმნან საპორტო და სატრანსპორტო კომიტეტები იარაღის გადატანის დეზორგანიზაციისთვის. ამ საკითხზე მომხსენებლად გთავაზობთ იაპონელ კატაიამას ან რომელიმე სხვა იაპონელ ამხანაგს”.

უნდა აღინიშნოს, რომ 1932 წლის შემოდგომისთვის მსოფლიოს ქვეყნების კომპარტიებში, საბჭოთა კავშირის გამოკლებით, ითვლებოდა 910 000 ადამიანი, ხოლო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში 3 100 000 პარტიის წევრი და წევრობის კანდიდატი იყო, ესე იგი, სულ 4 მილიონზე მეტი ადამიანი. საზღვარგარეთის ქვეყნებში კომპარტიების წევრთა რაოდენობა შეადგენდა მსოფლიოს კომუნისტთა რაოდენობის ერთ მეოთხედზე ნაკლებს.

კომინტერნის აღმასკომის გადაწყვეტილება ხშირად განიხილებოდა ჯერ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცეკას პოლიტბიუროში, სადაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნოდა სტალინს, მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითად, 1933 წლის 5 სექტემბერს კაგანოვიჩი წერდა სტალინს:

“კომინტერნელები ძალიან გთხოვენ, დააჩქაროთ მათი პასუხის განხილვა ინგლისის დამოუკიდებელი პარტიისადმი. თუ მასალა თქვენთანაა, გთხოვთ, სასწრაფოდ გვაცნობოთ თქვენი აზრი”.

სტალინმა იმავე დღეს უპასუხა:

“არ შემიძლია და არც ვარ ვალდებული, მოგაწოდოთ დასკვნები ყველა საკითხზე. ინგლისის დამოუკიდებელი პარტიისადმი პასუხი შეგეძლოთ თქვენვე განგეხილათ და მიგეღოთ”. კონგრესის გადაწყვეტილებებს ხშირად მოჰყვებოდა ხოლმე არაერთგვაროვანი რეაქცია მსოფლიოში. რამდენიმე ბურჟუაზიული ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქვეყნდებოდა ბევრი ნეგატიური შეფასება. კაგანოვიჩი და მოლოტოვი 1935 წლის 16 აგვისტოს სტალინს სწერდნენ, რომ პოლონეთის ოფიციოზის “გაზეტა პოლსკას” მოსკოველმა კორესპონდენტმა ბერსონ-ოტმარმა 13 აგვისტოს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ “კომინტერნი… ყოველთვის იყო ყველაზე მატყუარა დაწესებულება ამ რეკორდულად მატყუარა ქვეყანაში”, ეს კორესპონდენტი ადრეც გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირისადმი ცილისმწამებლური გამონათქვამებით, ამიტომ კაგანოვიჩი და მოლოტოვი საჭიროდ თვლიდნენ, მიემართათ პოლონეთის ხელისუფლებისთვის, რომ გაეწვიათ კორესპონდენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გააძევებდნენ საბჭოთა კავშირიდან.

პასუხად 17 აგვისტოს სტალინმა მისწერა:

“ოტმარის გაძევებაზე თანახმა ვარ. უნდა გამოქვეყნდეს წერილი და დაიგმოს პრესაში”.

ეკონომიკური კავშირები

სტალინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში, აგრეთვე, საგარეო ვაჭრობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში. ამას ამტკიცებს მრავალი დოკუმენტი. აი ერთი მათგანი:

1931 წლის 14 აგვისტოს სტალინმა თავის თანაშემწე პოსკრებიშევს გაუგზავნა კაგანოვიჩისთვის გადასაგზავნი ასეთი ბარათი:

“პირველი. გერმანულ ფირმებთან უნდა იმოქმედოთ თამამად, შეკვეთებზე უარის თქმამდეც კი. სხვაგვარად ვერაფერს მივაღწევთ. ისინი ტყავს გაგვაძრობენ;

მეორე. იაპონელებთან უნდა დაიდოს ხელშეკრულება თევზის მოწოდების თაობაზე ტროიანოვსკის წინადადების მიხედვით _ სამი წლის განმავლობაში იაპონელებს მივცეთ 49%, ჩვენ დავიტოვოთ 51%;

მესამე. არგენტინის თაობაზე უნდა მოვიცადოთ;

მეოთხე. შემკვეთების მონაწილეობაზე შეკვეთებში შეიძლება დავიცადოთ, აკულოვის პროექტი არ არის საკმარისი;

მეხუთე. მომავალი წლისთვის 8 000 ტონა ალუმინი ძალიან ცოტაა. 20 000 ტონაა საჭირო;

მეექვსე. ჩვენი მეურნეობის მუშაკები თითქმის სრულად არ იყენებენ ტექდახმარებას, ეს დანაშაულია საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების წინააღმდეგ მიღებული უნდა იქნას დრაკონული ზომები;

მეშვიდე. ველაპარაკე იაკოვლევს, ის პოლიტბიუროში შემოიტანს რამდენიმე ახალ წინადადებას, რომლებიც უნდა იქნას მიღებული;

მერვე. კუიბიშევი, როგორც ჩანს, გადაიღალა, უნდა მიეცეს შვებულება პირველ სექტემბრამდე.

ი. სტალინი”.

მოვიყვანთ კიდევ ერთ დოკუმენტს:

1932 წლის 16 ივნისს მოლოტოვმა და კაგანოვიჩმა სოჭში მყოფ სტალინს აცნობეს, რომ მე-3 კვარტალში მე-2 კვარტლის რაოდენობის ბამბის ქსოვილების გამოსაშვებად საჭიროა 4 მილიონი მანეთის ბამბის იმპორტი. 17 ივნისს სტალინმა უპასუხა:

საქმე მე-3 კვარტალში გამოშვებული პროდუქციის ღირებულებაში კი არ არის, არამედ ბაზრის სასარგებლოდ მზა პროდუქციის განაწილებაში. იმ მომხმარებელთა საზიანოდ, რომლებიც ბაზრის მიღმა არიან, მე-3 კვარტალში ეცადეთ, გაანაწილოთ ქსოვილები ისე, რომ ბაზარმა მიიღოს იმდენივე, რამდენიც მე-2 კვარტალში და ბამბის შემოტანა აღარ დაგვჭირდება. ვიმეორებ, საქმე პროდუქციის რაოდენობაში კი არ არის, არამედ მის სწორად განაწილებაში. ვისაც ეშინია ბაზრის მიღმა დარჩენილი მომხმარებლების, ის ვერასოდეს გადაჭრის ფართო მოხმარების საჭიროებებს. მე გადაჭრით წინააღმდეგი ვარ ბამბის შემოტანისა და ეს დღევანდელ სავალუტო პირობებში ავანტიურიზმად მიმაჩნია.

სტალინი”.

ამგვარად, 1932 წელს სახელმწიფო ბანკში არასაკმაო რაოდენობის ვალუტის გამო სტალინი თვლიდა, რომ საჭირო იყო და აუცილებელიც, არ შემოეტანათ ბამბა.

სტალინი ყურადღებით ადევნებდა თვალს საერთაშორისო ვითარებას, ურთიერთობებს კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის. ეძებდა წინააღმდეგობებს ამ ურთიერთობებში საბჭოთა კავშირის ინტერესებისთვის გამოსაყენებლად, ამიტომაც ცდილობდა საგარეო ვაჭრობის ბერკეტების გამოყენებას.

აი, მაგალითად, სტალინის 1935 წლის 2 სექტემბრის დეპეშა:

მოსკოვი სკპ () ცკ კაგანოვიჩს, მოლოტოვს: კალინინმა მაცნობა, რომ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატი დაუშვებლად თვლის პურის ექსპორტს იტალიაში, აბისინიაში კონფლიქტის გამო. ვფიქრობ, ისინი ვერ ერკვევიან საერთაშორისო ვითარებაში: კონფლიქტი მიმდინარეობს არა იმდენად იტალიასა და აბისინიას შორის, რამდენადაც იტალიასა და საფრანგეთს შორის, ერთი მხრივ, და ინგლისს შორის მეორე მხრივ. ძველი ანტანტა აღარ არსებობს, მის ადგილას ჩნდება ორი ახალი ანტანტა: იტალია და საფრანგეთი, ერთი მხრივ, და ინგლისი და გერმანია, მეორე მხრივ. რაც უფრო ძლიერი იქნება ეს დაპირისპირება, მით უკეთესია საბჭოთა კავშირისთვის. ჩვენ შეგვიძლია პური მივყიდოთ ერთსაც და მეორესაც, რათა მათ ბრძოლა გააგრძელონ. ჩვენ არ გვინდა, რომ ერთერთმა მალე გაიმარჯვოს, პირიქით: გვინდა, რომ ბრძოლა დიდხანს გაგრძელდეს და ვერც ერთმა მოახერხოს სწრაფად გამარჯვება.

სტალინი”.

საგარეო ვაჭრობის საქმეში სტალინი ავლენდა მომჭირნე მეურნის თვისებებს. აი ერთი მაგალითი:

“1936 წელს 5 სექტემბერს კაგანოვიჩი და მოლოტოვი წერდნენ სტალინს სოჭში, რომ “საგარეო ვაჭრობის კომიტეტი თანახმაა, მიჰყიდოს ნავთობპროდუქტები ინგლისსა და შვედეთს მსოფლიოში მიღებული 5%-იანი ფასდაკლებით, რასაც ისინი ეთანხმებიან”.

აი რა უპასუხა სტალინმა:

“რატომ უნდა მივყიდოთ 5%-იანი ფასდაკლებით, განა ასე ბევრი ნავთობი გვაქვს?

სტალინი”.

მხოლოდ მაშინ დათანხმდა სტალინი, როცა 7 სექტემბერს მოლოტოვმა და კაგანოვიჩმა დეპეშით განუმარტეს, რომ 5%-იანი ფასდაკლება დიდი რაოდენობის ნავთობის შესყიდვისას მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

ზოგიერთ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. პირველი ადგილი აქ, ცხადია, ესპანეთს ეჭირა სამოქალაქო ომის პერიოდში.

1936 წლის 6 სექტემბერს სტალინმა ცეკაში კაგანოვიჩის სახელზე შეიტანა წინადადება ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის თვითმფრინავების მიყიდვის შესახებ, ოღონდ მექსიკის გავლით (უშუალოდ ესპანეთში თვითმფრინავების გაგზავნა ჭირდა). სტალინმა, აგრეთვე, წინადადება შეიტანა 20 კარგი მფინავის გაგზავნის თაობაზე ესპანეთში, იქაური მფრინავებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით. “სასწრაფოდ მოიფიქრეთ ეს საკითხი, _ წერდა იგი. _ კარგი იქნება, თუ იმავე გზით გავუგზავნით 20 000 თოფს, 1 000 ქვემეხს და 20 მილიონ ვაზნას”.

ცოტა ადრე, 1936 წლის 18 აგვისტოს, სტალინი კაგანოვიჩსა და ჩუბარს წერდა:

“საჭიროდ მიმაჩნია, დაუყოვნებლივ მივყიდოთ ესპანელებს ნავთობი შეღავათიან ფასად… თუ ესპანელებს სჭირდებათ პური და სხვა პროდუქტები, უნდა მივაწოდოთ ასევე შეღავათიან ფასად… დაავალეთ საგარეო ვაჭრობის კომიტეტს, იმოქმედოს სწრაფად.

სტალინი”.

სტალინის პირად ფონდში არ აღმოჩნდა მისი წერილობითი რეაქცია ზოგიერთ ცნობაზე, რომელსაც იღებდა იგი 1935 წელს შვებულებაში ყოფნისას. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გაძნელებული იყო ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფა პურით, საგარეო ვაჭრობის კომიტეტის წინადადებით, 1935 წელს, გარდა ნებადართული მილიონი ტონა პურისა, გაიყიდა კიდევ დამატებით 600 000 ტონა, აქედან 350 000 ტონა ხორბალი და 250 000 ტონა ქერი.

მეორე მაგალითი:

1935 წლის 3 ოქტომბერს კაგანოვიჩმა და მოლოტოვმა აუწყეს სტალინს, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა დაავალა საგრეო ვაჭრობის კომიტეტს, გაერკვია ხელსაყრელი პირობები ნაღდი ანგარიშსწორებით კალის, სპილენძის, ნიკელისა და კაუჩუკის შესყიდვისთვის, რაც საჭირო იყო ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის. გადაწყვეტილების მიღების თაობაზე 1935 წლის 26 ოქტომბერს კაგანოვიჩმა და მოლოტოვმა აცნობეს სტალინს, რომელმაც იმავე დღესვე განაცხადა თანხმობა.

წერილის შესავალში გამოთქმული აზრი 1943 წელს ფაშიზმისა და კომინტერნის მზის ჩასვენების შესახებ, კიდევ ერთხელ შეისხამს ხორცს მაშინ, როდესაც მიკითხველი კიდევ ერთხელ გადაიკითხავს 1991 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ სიმპოზიუმზე იაპონელი მილიარდერის გამოსვლას, რომელმაც საბჭოთა ეკონომისტების “იაპონური სასწაულით” აღტაცება შემდეგი სიტყვებით ჩააცხრო:

“თქვენ არ ლაპარაკობთ ძირითადზე, მსოფლიოში თქვენს წამყვან როლზე. 1939 წელს თქვენ, რუსები, ჭკვიანები იყავით; ხოლო ჩვენ, იაპონელები, _ ბრიყვები. 1949 წელს თქვენ კიდევ უფრო დაჭკვიანდით, ჩვენ კი ბრიყვებად დავრჩით, მაგრამ 1955 წელს (სტალინის გარდაცვალების შემდეგ. _ გრ. ონიანი) ჩვენ დავჭკვიანდით, თქვენ კი ხუთი წლის ბავშვებად გადაიქეცით. მთელი ჩვენი ეკონომიკური სისტემა, პრაქტიკულად, თქვენიდანაა გადმოღებული, იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან კაპიტალიზმია, კერძო მეწარმეები, და ჩვენ არასოდეს მიგვიღწევია ეკონომიკის 15%-ზე მეტი ზრდისთვის. თქვენ კი _ წარმოების საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების პირობებში _ აღწევდით 30%-ს და უფრო მეტს. ყველა ჩვენს ფირმაში გამოკრულია თქვენი სტალინისდროინდელი ლოზუნგები”.

კომენტარი, ალბათ, ზედმეტია!..

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here