ძირითად თემაზე გადასვლამდე გავეცნოთ ახალი წლის დაფუძნების მოკლე ისტორიას: ძველ რომში წლის პირველ თვეს ღმერთ იანუსის პატივსაცემად იანვარი დაარქვეს. იანვარი ხმაურითა და აურზაურით გამოირჩეოდა წლის ყველა თვისგან. ხმაური იმით იყო გამოწვეული, რომ, რომაელთა წარმოდგენით, მოხეტიალე ბოროტი ძალები წლის დასაწყისში მყუდრო თავშესაფარს ეძებდნენ, რათა მთელი წლის განმავლობაში ხელი არ შეშლოდათ ბოროტ საქმიანობაში. იმ ქვეყანასა და ოჯახს, რომლებშიც ისინი დაბანაკდებოდნენ, მთელი წლის განმავლობაში ბოროტებაში მოუწევდათ ცხოვრება, ამიტომ ხმაურითა და ორომტრიალით სურდათ, ბოროტი სულებისათვის თავშესაფრის პოვნის საშუალება არ მიეცათ.
პირველი თვის პირველი ხმაურიანი დღე ჩვ.წ. აღ-მდე 153 წელს აღინიშნა, როდესაც რომის კონსულებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს. ჩვ.წ. აღ-მდე 46 წელს კი იულიუს კეისარმა შემოიღო ახალი კალენდარი (“იულიანი”) და საბოლოოდ დაამტკიცა წლის საწყისად 1 იანვარი, რაც დღემდე არ შეცვლილა.
საქართველოში საახალწლო ტრადიციები შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. წყაროების მიხედვით, ქართველებმა IV საუკუნიდან დაიწყეს ახალი წლის აღნიშვნა, ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან 6 აგვისტო 6-მა სექტემბერმა ჩაანაცვლა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა 1 მარტიდან იწყებოდა. ახალი წლის ათვლა იანვრიდან საქართველოში X საუკუნიდან დაიწყო, საბოლოოდ კი XIV საუკუნეში დამკვიდრდა. XIV საუკუნიდან დღემდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა წესითა და რიტუალით ატარებენ ახალ წელს.
სრულიად განსხვავებულია ახალი წლის დღესასწაული ქართლში, კახეთ-ჰერეთში, დუშეთში, ხევსურეთში. სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი ახალი წელი რაჭასა და ლეჩხუმში, რომ არაფერი ვთქვათ სვანეთზე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ახალი წლის დღესასწაულს ძირითად მოტივად გაჰყვება ოჯახის სიმრთელე, კაცისა და საქონლის გამრავლება, მშვიდობა ოჯახში და მის გარეთ.
ქართლი
ქართლში, თავდაპირველად, ბასილას ქანდაკებას აცხობდნენ. ოჯახის უფროსი ხონჩაზე დააწყობდა მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ბედის კვერებს, ბასილას, ჩუჩხელას, გოზინაყს და დოქით ღვინოს. გათენებისას ხონჩას გარეთ გაიტანდა, სახლს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა. შინ შებრუნებისას ცეცხლს შეუჩხიკინებდა და ნაპერწკლების აცვენისას წარმოთქვამდა: “ამდენი ხარი, ამდენი ძროხა, ამდენი ღორი…” ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.
კახეთ–ჰერეთი
კახეთში სახლში მეკვლეს შემოსვლისას ხორბალს ან სიმინდს გადაუყრიდნენ _ ბევრი მაძღარი კრუხ-წიწილა გვეყოლებაო. ისმოდა მესტვირული საახალწლო სიმღერა:
“ხელში ორ ჭიქას ავიღებ, ვილოცებოდე ღვინითა,
ყველა კარგად დაესწარით მრავალ ახალ წელს დილითა,
ნათლიმამა თან მოგდევდეს, თაფლი მოქონდეს ქილითა;
ხურჯინიც სავსე ეკიდოს, ჩურჩხელებით და ხილითა,…
თქვენი კოდები ყოფილა სავსე და – წმინდა ფქვილითა;
თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე და _ წითელ ღვინითა;
თქვენი ფარეხი ყოფილა სავსე და _ ცხვრითა, ბინითა;
თქვენი მტერი წაქცეულა, ვეღარა ძღება ძილითა!”
ჰერეთში საახალწლოდ ამზადებდნენ ხონჩას. დააწყობდნენ ზედ პურებს, დადგამდნენ ჯამით თაფლს, ერბოს, ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და წავიდოდნენ ვენახის საკვლევად. მივიდოდნენ კარგი მოსავლის მომცემ ვაზთან. ოჯახის უფროსი ჯერ გასხლავდა ვაზს, მერე, ჭიგოების ჩარჭობისას ნიადაგს ღვინით მოალბობდა; შემდეგ ვაზის ძირში დაკლავდნენ წითელფრთიან მამალს, ფრთებს მოაგლეჯდნენ, ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავდნენ და იტყოდნენ: “ღმერთო, ქურმუხის საყდარო, ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა”. თითო ლუკმა პურს ამოაწებდნენ თაფლსა და ერბოში, შეჭამდნენ, ცოტა ღვინოს მოსვამდნენ და შინ ბრუნდებოდნენ. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი _ ან ნათესავი, ან ნაცნობი. სანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.
თუშეთი
თუშები თავიანთ “წელწდობას” მოწიწებით ეგებებიან. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ხარშავენ. ოჯახებში აცხობენ კოტორს _ “ქრისტეს საგძალს”, კაცზე _ “ბაცუკაცს” და ქალზე _ მრგვალ კვერს. აცხობენ, აგრეთვე, საქონლის კვერებს. ხარის კვერს რქები აქვს, ძროხისას _ ძუძუები, ცხვრისას _ დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონჩაზე დაალაგებენ და ზედვე დებენ მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი, აგრეთვე, აცხობს ფუძის ანგელოზის კვერს და “კერის კვერს”. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რამე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შეაგორებს და იტყვის: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ _ საქონი!”
ფშავი
მამლის პირველი ყივილის შემდეგ დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან “ნაყრს” _ ყველს და პურს _ წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: “წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლე”. შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლსა და ხილს შეაჭმევს, “დააბერებს” და ერთმანეთს ეტყვიან: “ეგრემც ტკბილად დამიბერდი”. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი ელოდება წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების მობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.
სვანეთი
სვანეთში ახალ წელს ოჯახის უფროსი, ერთი ქალი და ერთი კაცი სისხამ დილით ჩუმად ადგებოდნენ, სანოვაგით სავსე გიდელს წაიღებდნენ, ყველაზე გამორჩეულ ხარს წაიყვანდნენ და წყალს დაალევინებდნენ, უკან დაბრუნებისას წყალი მოჰქონდათ. კალოზე თოვლის ზვინს დადგამდნენ, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ, გარს შემოუვლიდნენ და მერე სახლში შედიოდნენ. კაცი იძახდა: “კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს!” შევიდოდა სახლში, შეიყვანდა ხარსაც, სამჯერ შემოუვლიდა კერას, შემდეგ აიღებდა ხელში ბედის პურს, რომელზეც ელაგა: თაფლი, ხორცი, ყველი, ფული და ყველას მიულოცავდა ახალ წელს. რაც შეეხება მეკვლეს, ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლიდან გასასვლელ კარზე ჩამოკიდებენ, რათა მეკვლეს მზად დახვედროდა. მეკვლე კარზე აკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: “ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)”.
სამეგრელო და აფხაზეთი
სამეგრელოში ყველაზე დიდ დღესასწაულად ახალი წელი ითვლებოდა. შინ გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ ბროწეულით, ხილით, ტკბილეულით, აბრეშუმის ძაფით, სუროსა და დაფნის ტოტებით მორთულ ჩიჩილაკს. აცხობდნენ ბასილასა და ღვეზელს. დილით ადრე სოფელში თოფის სროლა ატყდებოდა. ოჯახის უფროსი სანოვაგით სავსე ხონჩას აიღებდა, ხალხს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა, ღომის მარცვლებს აბნევდა და ღმერთს გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და კარგ მოსავალს სთხოვდა. შემდეგ შინ შევიდოდა და ყველას მიულოცავდა. ახალ წელს სტუმრის მოტაცება იცოდნენ. ამ ჩვეულებაში მთელი უბანი მონაწილეობდა. გაიმართებოდა მხიარული გაწევ-გამოწევა, სიცილი და ხუმრობა. მოტაცებულ სტუმარს ასაჩუქრებდნენ, პატივს სცემდნენ და მეორე დღემდე არ გაუშვებდნენ.
ახალი წლის საღამოს ეწყობოდა “ტყაპობა” _ ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ამ მხიარულ შეჯიბრებაში ვინც მოუთხუპნავი გადარჩებოდა, იმ წელიწადს გამარჯვებული და ბედნიერი იქნებოდა.
რადგან თემა რუსულ ნიადაგზე უნდა განვითარდეს, რამდენიმე სიტყვა რუსულ ახალ წელს უნდა დავუთმო: XX საუკუნის დასაწყისში საახალწლო ნაძვის ხე ხან ნებადართული იყო, ხან _ აკრძალული. თვით დღესასწაულმაც რამდენიმეჯერ შეიცვალა სტატუსი. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მეფის რუსეთში ფართოდ გაიშალა ანტიგერმანული კამპანია. 1915 წელს რუსეთის მეფე ნიკოლოზ II-მ დაიწყო გერმანული კოლონიების ლიკვიდაცია ვოლგისპირეთში, სამხრეთ უკრაინასა და კავკასიაში. აღრილი გერმანელები გადაასახლეს შორეულ ციმბირში. ამას მოჰყვა პეტერბურგის პეტროგრადად გადაკეთება. რუსეთში ახალი წელი მისი ატრიბუტიკით გერმანული წარმოშობის წვეულებად აღიქმებოდა და, როდესაც 1915 წლის დამდეგს სარატოვის საავადმყოფოში გერმანელმა სამხედრო ტყვეებმა საახალწლო ნაძვის ხე მორთეს და იდღესასწაულეს, ამას რუსულმა პრესამ “აღმაშფოთებელი ფაქტი” უწოდა. პრესას მხარი დაუჭირეს სინოდმა და მეფე ნიკოლოზ II-მ. მეფემ ახალი წლის დღესასწაულს “მტრული” უწოდა და კატეგორიულად აკრძალა მისი აღნიშვნა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მეფისა და რუსეთის ხალხთა მოძულე ლენინმა, რომელსაც ყველაფერი სძულდა რუსული წარმომავლობის, პირადად მორთო სოკოლნიკის ცნობილი ნაძვის ხე და ბავშვებთან ერთად ნაძვის ხის გარშემო შეკრულ წრეში ჩადგა. ამას არც ისე დიდი აღფრთოვანებით შეხვდა რუსი ბოლშევიკების უმრავლესობა, რადგან ისინი ასეთ ღონისძიებას “ბატონურ გართობად” მიიჩნევდნენ.
ლენინის სიკვდილის შემდეგ ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნის მიმართ პარტიისა და ბოლშევიკების აზრი შეიცვალა. მათ არ აუკრძალავთ ნაძვის ხე, მაგრამ ხალისითაც არ უყურებდნენ ზოგიერთის აქტივობას საახალწლო წვეულებაზე. სტალინს არ უნდოდა, ინიციატივა გამოეჩინა საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიების არც დასაცავად და არც ასაკრძალავად, მაგრამ შეუფერხებლად იღებდა შუამდგომლობებს ახალი წლის ლეგალიზაციაზე.
1925 წლის საახალწლო ზეიმი სტალინის განკარგულებით მტკიცე განრიგით ჩატარდა:
1. მოხსენება _ “სჭირდება თუ არა პროლეტარიატს რელიგია?”
2. თეატრალური ნომრები, თამაშები და ცეკვები.
პარტიამ იდეოლოგიური მუშაობა გასწია ძველი გვარდიის რიგებში, რასაც ემატებოდა სტალინის ხელმოწერით პოლიტბიუროს დადგენილება სამღვდელოების დევნის შეწყვეტის თაობაზე, რომელმაც 1935 წლის მიწურულს გზა გაუხსნა გაზეთ “პრავდაში” გაგზავნილ წერილს. ამ წერილის გამოქვეყნების თანხმობა პარტიის ფუნქციონერმა პოსტიშევმა სტალინისგან მიიღო და ეს წერილი გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნდა 1935 წლის 28 დეკემბერს. წერილში საუბარი იყო ინიციატივაზე, მოეწყოთ ნაძვის ხე ბავშვებისათვის _ “რადგან ახალი წლის აღნიშვნა გახდა და არის ეროვნული დღესასწაული და აღინიშნება მშრომელი ხალხის მიერ, ეს დღესასწაული უნდა იყოს ლეგალიზებული”. ეს ყოველივე 1930-იანი წლების შუა პერიოდის “სტალინური ტრადიციონალიზმის” პოლიტიკის ზოგადი კურსის კომპონენტებად უნდა ჩაითვალოს. 1937 წლიდან ახალი წელი ფართოდ და პომპეზურად აღინიშნა მოსკოვში, გორკის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, ხოლო “მანეჟნაიას” მოედანზე ორი დიდი ნაძვის ხე დაიდგა. ამავე წლის 1 იანვარს პროფკავშირების სახლში წარჩინებული სტუდენტებისათვის კარნავალი გაიმართა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 1937 წელს პროპაგანდისტული კამპანია მედესანტეებისგან თოვლის ბაბუების რაზმების ჩამოყალიბებაზე, რათა საახალწლო საჩუქრები გადაეყარათ ქვეყნის ყველაზე მიუწვდომელ კუთხეებშიაც კი. ამ აქციამ, ორგანიზატორების აზრით, აშკარად გააძლიერა საბჭოთა ავიაციისა და მედესანტეების შესახებ პროპაგანდა. 1938 წლის საახალწლო დღეებში სააგიტაციო მატარებლები, მანქანები და თოვლმავლები გაემგზავრნენ ქვეყნის სხვადასხვა დასახლებაში. მოთხილამურეები და სპეციალური კურიერებიც კი ირმებშებმული მარხილებით წავიდნენ საჩუქრების დასარიგებლად. კონკურენციის გარეშე ითვლებოდა პროფკავშირების სახლის მდიდრული ნაძვის ხე, რომელზეც 10 000 დეკორაცია ბრწინავდა პროჟექტორების სხივებში.
1950-იანი წლებში საბჭოთა კავშირში საახალწლო დღესასწაული საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ჩვეული ტრადიციით დღემდე მოვიდა. მოგეხსენებათ, 1950 წელს “სტალინური გრანდიოზული სტილის” აყვავების ხანა დადგა და მოსკოვში საახალწლო დეკორაციის ბრწყინვალებამ და სიდიდემ კულმინაციას მიაღწია. მოსკოვის ქუჩებში გამოჩნდა “სნეგუროჩკასა” და “დედ მოროზის” უზარმაზარი ფიგურები. მოცულობითი ფიგურების გარდა ქალაქის მთავარ მოედნებზე საახალწლოდ დამონტაჟდა ნათურები, მასიური თაღები, სცენები, ლითონისა და ხისგან დამზადებული მძიმე კონსტრუქციები წარმოდგენების გასამართავად…
საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის უფროსი 1952-1958 წლებში სერგეი შტემენკო წერს:
“1945 წლის ახალი წლის ღამეს, 12-მდე რამდენიმე საათით ადრე გენშტაბის უფროსის მოადგილე ალექსეი ანტონოვმა გამოაცხადა:
_ ახლახან დარეკა პოსკრებიშევმა და გვითხრა, რომ თერთმეტის ნახევარზე “ბლიჟნაიაში” რუკებისა და საბუთების გარეშე მივიდეთ.
კითხვაზე _ რას ნიშნავს ეს? _ ალექსეი ანტონოვმა ხუმრობით უპასუხა:
_ იქნებ ახალი წლის აღსანიშნავად გვეპატიჟებიან, კარგი იქნებოდა…
ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების მეთაურმა ფედორენკომ დარეკა და იკითხა, ვიცოდით თუ არა, რატომ იბარებდნენ “ბლიჟნიაიაში”. მე ვუპასუხე, რომ უცნაური მოწვევა ჩვენც გვაინტერესებდა.
23 საათზე მანქანით გავედით და გზაში ვვარაუდობდით, რატომ დაგვიძახეს ამ დროს.
ჩვენი ყოველდღიური ვიზიტი სარდალთან, როგორც წესი, ამ საათზე არ ხდებოდა, დღესასწაულებზე კი არასდროს გვეპატიჟებოდნენ. ომის წლებში დაგვავიწყდა კიდეც სიტყვა “დღესასწაული”. სტალინის აგარაკზე კიდევ რამდენიმე სამხედრო ვნახეთ _ ალექსანდრე ნოვიკოვი, ნიკოლოზ ვორონოვი, იაკობ ფედორენკო, ანდრეი ხრულევი. შემდეგ სემიონ ბუდიონი მოვიდა. გაირკვა, რომ ახალი წლის აღსანიშნავად დაგვპატიჟეს, რაზეც გაშლილი სუფრაც მიუთითებდა. თორმეტამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიტბიუროს წევრები მოვიდნენ სახალხო კომისრებთან ერთად. სულ ვიყავით ოცდახუთი კაცი და ერთი ქალი _ იტალიის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან პალმირო ტოლიატის ცოლი.სტალინი, ჩვეულებრივ, მაგიდის თავში დაჯდა. 12 საათზე უმაღლესმა მთავარსარდალმა წარმოთქვა მოკლე სიტყვა საბჭოთა ხალხის პატივსაცემად, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჰიტლერელთა ჯარის დასამარცხებლად და ჩვენ გამარჯვების ჟამი მოგვიახლოვა. სტალინმა საბჭოთა შეიარაღებული ძალების პატივსაცემი სადღეგრძელო წარმოთქვა და ყველას მოგვილოცა:
_ ახალ წელს გილოცავთ, ამხანაგებო!
ჩვენც მივულოცეთ ერთმანეთს და შევსვით ომის გამარჯვებით დასრულებისა და დამდეგი 1945 წლის სადღეგრძელო. სტალინი სუფრასთან არ იცავდა მკაცრ რიტუალს და მალე საუბარი ზოგადი გახდა. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ იგი ადგა, აანთო ჩიბუხი და ერთ–ერთ სტუმართან საუბარი გააბა. დანარჩენებმა თავისუფლებით ისარგებლეს და ჯგუფებად დაიშალნენ, ისმოდა სიცილი და მხიარული საუბრები… ბუდიონმა ბაიანზე დაკვრა დაიწყო. ის ოსტატურად უკრავდა, ძირითადად, რუსულ ხალხურ სიმღერებს, ვალსსა და პოლკას. მას მალე კლიმენტ ვოროშილოვი მიუჯდა, შემდეგ _ სხვებიც… როდესაც ბუდიონი დაიღალა დაკვრით, სტალინმა პატეფონი ჩართო. ფირფიტა თვითონ აარჩია. სტუმრებმა ცეკვა სცადეს, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ქალბატონი იმყოფებოდა და ცეკვები არ გამოვიდა. როდესაც ფირფიტა შეიცვალა, ბუდიონმა ცეკვა დაიწყო. მკვირცხლად ცეკვავდა, ბუქნით და ხელებს მუხლებსა და ჩექმების ძირს ურტყამდა. ყველა გულიანად ვუკრავდით ტაშს. ცეკვის დასრულების შემდეგ სტალინმა ბუდიონი ფანჯარასთან მიიყვანა და ბეჭებზე ხელი მოუთათუნა.
_ სემიონ მიხაილოვიჩ, ხომ არ დაიღალეთ? _ ჰკითხა სტალინმა.
_ თქვენთან როდესაც ვარ, ამხანაგო სტალინ, წლები მაკლდება და ხალისი მემატება. ასეთი ბედნიერი ახალი წელი 5 წლის განმავლობაში არ გვქონია.
_ ეჰ, სემიონ მიხაილოვიჩ, რამდენი სისხლი და ცრემლი დასჭირდა დღევანდელ ჩვენს მხიარულებას, მაგრამ რა გაეწყობა; როცა გვიჭირდა და სისხლი მდინარეებად იღვრებოდა, მწუხარებას მაშინაც არ ვეძლეოდით.
_ ამხანაგო სტალინ, ისევ ის ბიჭი მგონია ჩემი თავი, ცარიცინში რომ ვიბრძოდით. გამარჯვებამ კიდევ უფრო ამამჩატა, სულ ბაიანი და ცეკვა მინდება.
_ ღმერთმა დიდხანს გაცეკვოს და გამღეროს.
_ კობა, გახსოვთ, ერთხელ ცარიცინში ფრონტის წინა ხაზზე ჩამოხვედით და კავალერისტების ერთ ჯგუფს რომ გამოელაპარაკეთ და მეცხენეობაზე ესაუბრეთ?
_ საუბარი მახსოვს, მაგრამ რა იყო მნიშვნელოვანი, არ მახსოვს.
_ თქვენ უთხარით: ვინც ცხენის სუნს ვერ გრძნობს, კავალერიასთან არაფერი ესაქმებაო.
_ მახსოვს. ცხენი ადამიანის უერთგულესი მეგობარია, მაგრამ, ამასთანავე, შენც უნდა იყო მისი მეგობარი. ერთ ახალგაზრდა კავალერისტს ვკითხე _ მოკაზმულ ცხენს რომ გამოიყვან, პირველად რა მოქმედება უნდა შეასრულო-მეთქი? მიპასუხა: მარცხენა ფეხი უზანგში უნდა გაუყარო და სწრაფად უნდა შეხტე უნაგირზეო. მე ვუთხარი: არა! სანამ ამხედრდები, ცხენს მოულოდნელად ფერდში მუშტი უნდა მიარტყა, რომ მუცელი გაზებისაგან დაეცალოს-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, უკან-უკან დაიხია და მორცხვად მიპასუხა, _ არ ვიცოდიო.
_ სწორედ ეს მაინტერესებდა, ამხანაგო სტალინ. გახსოვდათ თუ არა ეს საუბარი, რომელიც ხშირად მახსენებს თავს (ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, დაცვის წევრებსაც რომ სცოდნოდათ ეს ხერხი, იქნებ მათაც მიერტყათ ერთი მუშტი თავიანთი პრეზიდენტისათვის ფერდში, სანამ დიდი ბრიტანეთის პრინცის მეუღლესთან, კორნუოლის ჰერცოგინია კამილასთან, წვეულებაზე მივიდოდა, გაზებისგან დაიცლებოდა და არ აამყრალებდა იქაურობას. თავიც არ მოეჭრებოდა აშშ-ს _ გრ. ონიანი).
სტალინი ნელი ნაბიჯით წაუძღვა წინ ბუდიონის და საერთო წვეულებას შემოუერთდნენ. გადავედით ომის სიმღერების მოსმენაზე, რომლებსაც ალექსანდრე ალექსანდროვის ანსამბლი ასრულებდა. ყველამ ვიცოდით ეს სიმღერები და ავყევით. დაახლოებით ღამის სამი საათი იყო, კუნცევოდან რომ ვბრუნდებოდით”.
ასეთი მოკრძალებული იყო სტალინური ახალი წელი _ ერთადერთი მთელ ომის პერიოდში.
გრიგოლ ონიანი