ესპანეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო მასობრივი არეულობები, რომლებიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მიზეზი იყო ადამიანის დაპატიმრება, რომელიც ხალხს არწმუნებდა, რომ “სსრკ დაბრუნდება”. რისთვის დააპატიმრეს მომღერალი პაბლო ჰასელი, რატომ სძულს მას ესპანური დემოკრატია და მონარქია და რამ გამოიწვია მისი აღფრთოვანება საბჭოთა კავშირით?
ესპანელი რეპერი პაბლო რივადულია დურო, უფრო ცნობილი მეტსახელით პაბლო ჰასელი (აღებულია არაბული ლიტერატურიდან), დაპატიმრებულია. კატალონიის ქალაქ ლეიდას (კატალონიურად _ ლეიდა, ესპანურად _ ლერიდა) უნივერსიტეტის შენობაში ათეულობით პოლიციელი შეიჭრა მომღერლის დასაკავებლად, რომელმაც ბარიკადები მოაწყო და 200-მდე მხარდამჭერთან ერთად ღამე გაათენა, თუმცა სამართალდამცველებმა ბოლოს მაინც დაადეს ბორკილი. მანქანაში ჩაჯდომისას დაკავებულმა ჰასელმა დაიყვირა: “სიკვდილი ფაშისტურ სახელმწიფოს! ისინი ვერასდროს შეძლებენ ჩვენ გაჩერებას!”
პაბლო რივადულია 1988 წელს დაიბადა კატალონიის ქალაქ ლეიდაში. როგორც ყველა კატალონიელს, მასაც არ მოსწონს კატალონიის ყოფნა ესპანეთის სამეფოში და ეს აისახა მის შემოქმედებაში, რომელიც ძირითადად ეძღვება სამეფო ოჯახის წევრებსა და მათი მოღვაწეობის კრიტიკას. თანამედროვე დემოკრატია კი ჰასელს ტირანიად მიაჩნია.
რატომ არ უყვარს პაბლოს ესპანელი მონარქი? შესაძლოა, საქმე ის არის, რომ მომღერლის აზრით, ესპანეთის მთავრობა ხელს აფარებს მაქინაციებს გადამდგარი მეფისა, რომელიც იძულებული შეიქნა, ტახტი დაეტოვებინა საუდის არაბეთის მეფისგან 65 მლნ დოლარის აღებასა და გადასახადის გადაუხდელობაში დადანაშაულების გამო.
ესპანურ მასმედიას მიაჩნია, რომ პაბლო ჰასელმა ძალიან “ადრე დაიწყო წიგნების კითხვა” და ამ წიგნებიდან “რაღაც ახალი უნარები შეიძინა”. ეს წიგნები ისეთი არ იყო, როგორიც ბიჭის საჭირო მიმართულებით განვითარებას სჭირდებოდა, შედეგად მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ისეთი პიროვნებების გავლენით, როგორებიც იყვნენ ვლადიმერ მაიაკოვსკი, სტალინი და ჩე გევარა. ასეთი იყო პაბლოს გზა ესპანეთის აღორძინებული კომუნისტური პარტიისკენ, რომლის აბრევიატურაა CPE (რ). პარტია 1975 წელს დაარსდა დიქტატორ ფრანკოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე.
ხელისუფლება მანამდე ითმენდა მის გამონათქვამებს, სანამ ჰასელმა არ დაიწყო 17 წლის ციხეში ჩასმული კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, მანუელ პერეს მარტინესის, ქომაგობა.
ამხანაგი არენასი (გენმდივნის პარტიული ფსევდონიმი) ციხეში ჩასვეს იმიტომ, რომ იყო ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მოძრაობის ჯგუფის (GRAPO) წევრი. ეს ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა (ფრანკოს სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე) და კომუნისტური პარტიის “შეიარაღებულ ფრთად” მიიჩნეოდა; მოქმედებდა გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების დასაწყისში. მის ანგარიშზე 80-მდე პოლიციელის სიცოცხლეა. ჯგუფის წევრები ფულს თვითონ მოიპოვებდნენ _ სძალავდნენ ბიზნესმენებს, ერთხელ ბანკიც გაძარცვეს, სოციალური მხარდაჭერით არ სარგებლობდნენ. ერთეულები, რომლებიც თავს ჯგუფის წევრებად მოიხსენიებდნენ, აქციებს 2011 წლამდე აწყობდნენ.
“GRAPO იყო თავდაცვა იმპერიალიზმისა და მისი დანაშაულების მიმართ. მე ვფიქრობ იმ ტყვიებზე, რომლებსაც ნაცისტი მოსამართლეები ვერ აიცილებენ”, _ პაბლო ჰასელის ასეთ განცხადებებს ესპანელი მოსამართლეები ტერორიზმის პროპაგანდად მიიჩნევენ.
ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ჰასელი? _ სასამართლოს ვერდიქტის მიხედვით, ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს, თუმცა ტერაქტი არასოდეს მოუწყვია. ჰასელი პირველად 2011 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც გამოვიდა მისი კლიპი Demokratia su puta madre (დაახლოებით ასე ითარგმნება _ “დემოკრატია, შენი დედაც”…), რომელიც ამხანაგ არენასის ბედს მიუძღვენა. რეპერს ორი წლით აღუკვეთეს თავისუფლება, ოღონდ ეს იყო პირობითი სასჯელი “სიმღერის ტექსტში ტერორიზმის შექების გამო”.
2017 წელს პროკურატურამ მისთვის კიდევ 5 წლის დამატება მოითხოვა სოციალურ ქსელში მეფის გვირგვინის შეურაცხმყოფელი ტექსტის გამოქვეყნებისთვის.
2018 წელს ჰასელს 2 წლითა და 1 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ პატიმრობის ვადა 9 თვემდე შეუმცირეს. სააპელაციო პროცესი 2021 წლის იანვრამდე გაჭიანურდა.
ესპანური მედიასაშუალებები კი ჰასელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ე.წ. ტვიტების გაანალიზებას შეუდგნენ.
ყველაზე შთამბეჭდავი მოწოდებები ასეთია:
* “GღAPO იყო თავდაცვა იმპერიალიზმისა და მისი დანაშაულების წინააღმდეგ”;
* “ბანდიტი ბურბონებიდან (მეფე ხუან კარლოს I) დროს ატარებდა საუდის არაბეთის მონარქიის წარმომადგენლებთან, რომელთა შორის იყო პირი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” აფინანსებდა. ახლა ყველაფერი ძველებურად რჩება”;
* “თუკი ხალხს ისე უყვარს მონარქია, როგორც ხელისუფლება გვიყვება, მაშინ სამეფო ოჯახმა დაცვის გარეშე იაროს ქუჩებში”;
* “ადა კალაუ (ბარსელონის მერი) არ დაუძახებს მეფეს ბოროტმოქმედს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის ან ხალხის გაჭირვების ხარჯზე ფუფუნებით ცხოვრების გამო”;
* “კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს, მანამდე კი წყალი და ელექტროენერგია გაუთიშეს. კაპიტალიზმი ბარბაროსობაა, ბუნებრივია, მენატრება საბჭოთა კავშირი”;
* “სტალინი გამოჩენილი ბელადია, რომელმაც კორუფციონერები “გულაგში” გაგზავნა. უნდა დაბრუნდეს საზოგადოება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. ისტორიული მოვლენების როგორი მანიპულაციაც უნდა ჩაატარონ, ის ყოველთვის დარჩება გმირად მილიონობით რუსისთვის, რომლებსაც სურთ კაპიტალისტური უღლისგან გათავისუფლება”;
* “მე ბრალდებული ვარ იმაში, რომ კაპიტალიზმი პრობლემის ფესვად აღვიქვი; რომ ის ემსახურება ინტერესებს რამდენიმე მდიდრისა, რომლებიც ექსპლუატაციას გვიწევენ”.
* “სსრკ დაბრუნდება, დაბრუნდება აუცილებლად, რადგან სოციალიზმის გარეშე მომავალი არ არის. სულ უფრო მეტი ხალხი დაადგება კომუნიზმის გზას, ექსპლუატატორები კი ციმბირში მადნეულის საბადოებზე იმუშავებენ”;
* “კაბიანი ექსპლუატატორების” ფემინიზმი მუშათა კლასის წარმომადგენელ ქალებს არ აინტერესებთ”.
თანამედროვე ესპანური პრესა ბევრს წერს საბჭოთა კავშირზე. წამყვანი გაზეთები აღწერენ, როგორ პირობებში იბრძოდა ესპანური დივიზია ფაშისტების მიერ ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადში. სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხოტბას ასხამს იმ სსრკ-ს, ქვეყანას რომელმაც მედგრად იბრძოლა და გაიმარჯვა.
ბრიტანული “ბი-ბი-სი” წერს, რომ “ესპანელ რეპერ პაბლო ჰასელს თავისუფლება აღუკვეთეს მეფის შეურაცხყოფის გამო”, მაგრამ ამას ესპანეთი არ იმჩნევს. მაგალითად, ნავალნიზე ესპანური წამყვანი გამოცემები დუმილს ამჯობინებდნენ, როცა ბრიტანული და გერმანული გამოცემები მის გამოშვებაზე წერდნენ.
ესპანეთის პრემიერმინისტრმა პაბლო იგლესიასმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა: “როგორ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ჩავთვალოთ დემოკრატიულად, თუკი პოლიტიკური კონფლიქტები პოლიტიკური არხებით კი არ რეგულირდება, არამედ სასამართლოსა და პოლიციის მეშვეობით?”
რამდენიმე დღის წინათ ესპანეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო სტიქიური დემონსტრაციები რეპერის გათავისუფლების მოთხოვნით და მოწოდებით, პოლიციას ძალა არ გამოეყენებინა. ქვეყნის კულტურის 200-მა მოღვაწემ მათ შორის, კინორეჟისორმა პედრო ალმადოვარმა და მსახიობმა ხავიერ ბარდემმა ხელი მოაწერეს პეტიციას იმ კანონის გადახედვაზე, რომლის მიხედვით მონარქიის კრიტიკა გათანაბრებულია ტერორიზმთან”.
17 თებერვალს განახლდა შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ერთი მხარე “პროლეტარების იარაღს”, მეორე კი ხელკეტებსა და ცრემლმდენ აირს იყენებდა. 18 თებერვალს მადრიდში, ბარსელონაში, ჟირონაში, ლეიდაში დაკავებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეული კაცი იყო.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა
სიკვდილი ფაშისტურ სახელმწიფოსო რომ თქვა ეგ სტალინურ იდეოლოგიას მხარდამჭერობას კი არ ნიშნავს ავტომატურად ეგ არის ჩვეულებრივი ლიბერალი რომლებისთვისაც მიღებულია მაგალითად არა ორი არამედ რამდენიმე გენდერი. კი ბატონო რაღაც დოზით ეს ლიბერალებიც იზიარებენ სოციალიზმს რაც კარგია მაგრამ ასეთი სოციალიზმი რომელთანბაც ერთად დაშვებული იქნება ყველანაირი შეუკავებლობა არის ძალიან ცუდი