ამა წლის 19 აპრილს პომპეზურად გაფორმებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება ხელისუფლებამ ოთხი თვის თავზე ანულირებულად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას უმალ მოჰყვა ევროპულ–ამერიკული შეშფოთება–აღშფოთება და მუქარები. დასავლელ პოლიტიკოსებს არც ქართველი პოლიტიკოს–პოლიტოლოგები ჩამორჩნენ და განაცხადეს: საქართველოში დიქტატურა დამყარდა, ქვეყანამ უარი თქვა ევროპულ გზაზე და რუსეთისკენ მიდისო. ამ ალიაქოთის ფონზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრა, რასაც საქართველოში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, კრიტიკულად განწყობილები ამჯერად პოლიტიკოსების ნაცვლად ბიზნესმენები აღმოჩნდნენ: “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორის _ ვასო ურუშაძის აზრით, მოსკოვთან ამ თემაზე სერიოზული საუბარია საჭირო და საქართველო უპირობოდ არ უნდა დათანხმდეს. საინვესტიციო ბანკ “გალტ ენდ თაგარტის” უფროსი კახა სამყურაშვილი კი ამბობს: რუსეთის მხრიდან ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდა და სექტორმა ახალი ბაზრების ათვისება მოახერხა. ეს გეზი უნდა შენარჩუნდეს და ტურიზმი რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა იყოსო. მართებულია რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე ბიზნესმენების ასეთი განცხადებები? რა გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება, მართლაც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და სუვერენული სახელმწიფოს სტატუსზე ფიქრობს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
_ ხელისუფლება ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირებას ვერ მოახდენს, რადგან ხელშეკრულება არსებობს და მას ხელი მოაწერა ექვსმა სუბიექტმა. ხელშეკრულებიდან ხელისუფლება კი გავიდა, მაგრამ იქ დარჩა ევროკავშირი, უფრო ზუსტად, ევროპარლამენტი, ამერიკა და რამდენიმე ქართული პარტია. შესაძლოა, ამ პარტიებს ვერ აღიქვამს ხალხი მნიშვნელოვნად, მაგრამ მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს და ისინი საპარლამენტო პარტიები არიან. ასე რომ, ხელშეკრულება არსებობს. ხელშეკრულებიდან გასვლა შესაძლებელია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ბევრს არაფერს არ ნიშნავს. მაგალითად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა აზიის ვაჭრობის ორგანიზაციის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აგრეთვე კლიმატის პარიზის ხელშეკრულებებიდან… რუსეთიც გავიდა ბევრი შეთანხმებიდან. თუ ხელშეკრულება ორმხრივია, გასაგებია ერთის გასვლა, მაგრამ, თუკი ხელშეკრულება მრავალმხრივია _ ეს სხვა საქმეა. არ გამოვა შეთანხმების ანულირება, როგორც ამას “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ აღნიშნული ხელშეკრულება თავიდანვე მკვრადშობილი იყო, რადგან მას ხელი არ მოაწერა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. რა მოჰყვება ამ ამბავს, საინტერესო ეს არის.
_ რას გულისხმობთ? ნაციონალებმაც იცოდნენ, რომ ხელისუფლება ანულირებას გაუკეთებდა ამ ე.წ. ხელშეკრულებას?
_ ალბათ, იცოდნენ და, წესით, უნდა სცოდნოდათ კიდეც, რომ “ქართული ოცნება” ამ ხელშეკრულებიდან გავიდოდა, თანაც “ანულირება” არ ყოფილა “ოცნების” სპონტანური გადაწყვეტილება, რადგან 13 ივლისს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ–ერთ ეთერში თქვა: ჩვენ ხელების გადაგრეხვით გვაიძულეს, ხელი მოგვეწერა ხელშეკრულებისთვის, რაც ჩვენი პარტიისთვის წამგებიანი იყოო. ფაქტია: “ოცნებისთვის” ე.წ. მიშელის ხელშეკრულება წამგებიანი იყო. რატომ იყო წამგებიანი _ 43%-იანი ბარიერისთვის თუ სხვა რამისთვის, ამაზე პარტიებმა იმსჯელონ და იკამათონ, მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ 43%-იანმა ბარიერმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.
რაც შეეხება იმას, გავხდით თუ არა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღებნი, გეტყვით: ძალიან კარგი იქნება, თუკი ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას შეძლებს, მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა. დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას ყველა სახელმწიფოსთან.
_ ბატონო სოსო, როგორც კი ხელისუფლებამ ანულირებულად გამოაცხადა ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულება, ოპოზიციონერები მყისვე ალაპარაკდნენ, საქართველო დიქტატურის გზით წავიდა და რუსეთისკენ მიმავალ გზას ადგასო…
_ შემიძლია ვთქვა, რომ დემოკრატიული ლიბერალიზმი აქ ვერ დამყარდება. საქართველოსა და ქართველებს სურთ ევროპული ცივილიზაცია, ევროპული ხელფასები, ცხოვრების დონე, მაგრამ არ უნდათ ლგბტ. ეს მიუღებელია ყველასთვის. არ ვიცი, რას იზამენ მომავალი თაობები, მაგრამ დღეს ლგბტ თემი მიუღებელია ქართველებისთვის, მიუღებელია ის ფორმები დემოკრატიისა, რომლებსაც გვთავაზობენ, უფრო მეტიც, გვავალდებულებენ. საქართველო მზად არ არის ასეთი “დემოკრატიისთვის”. საქართველო მზად იყო კონსერვატიული ევროპის მისაღებად. დასავლეთი გვინდა იმიტომ, რომ გვინდა დასავლური მატერიალური სიკეთეები და ეს არ არის ლგბტ პრაიდი, ეს არის ცხოვრების კარგი პირობები. ევროკავშირში საქართველო ვერასოდეს ვერ შევა _ ეს ზუსტად ვიცი…
_ ბატონო სოსო, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგეს ავიამიმოსვლა. სანამ კარასინის ამ განცხადებაზე ე.წ. პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ისაუბრებდნენ, კრიტიკული განცხადებებით გამოვიდნენ კერძო კომპანიების, მათ შორის, ავიაკომპანიების, საწარმოების ხელმძღვანელები და ა.შ. რამდენად მართებულია, ხელისუფლების წარმომადგენლებამდე, სხვა პოლიტიკოსებამდე განცხადებები გააკეთონ ბიზნესმენებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა რუსეთ–საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, მაშინ, როდესაც ამ მიმოსვლის აღდგენა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე რუსეთს?
_ რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სააკაშვილმა სცადა, რუსეთის ბაზრის ნაცვლად სხვა ბაზარი მოენახა ევროპაში, მაგრამ ქართულმა პროდუქციამ ადგილი ვერსად ვერ დაიმკვიდრა (უფრო სწორად, არ შეუშვეს). ყველას კარგად გვახსოვს, რა გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, როდესაც დაევალა ჩინეთში ქართული ღვინისა და ყურძნის შეტანა. სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ჩინეთს საფრანგეთში ასიათასობით ჰექტარი ვენახი აქვს ნაყიდი. მათ ეგონათ, საქართველო ჩინეთის ბაზარს დაიპყრობდა და რუსული ბაზარი და რუსი ხალხი ისე შეურაცხყვეს, რომ ანეკდოტად დადის, მე ახლა ამას არ გავიმეორებ, რადგან ყველამ კარგად იცის.
რთველი კარს მალე მოგვადგება. ჩადით და ჰკითხეთ კახელ გლეხს, სად აპირებს ღვინისა და ყურძნის გაყიდვას ან სად ყიდიან ატამს ამ სეზონზე. ატამი და ვაშლატამა ხეებზე ულპებოდათ კახელ გლეხებს, ახლა, ორი–სამი წელიწადია, რუსეთში გააქვთ და ამოისუნთქეს. რუსეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ ავიამიმოსვლა კი არა, ყველანაირი ურთიერთობა უნდა იყოს “მიღებული”. რას ჰქვია, მიღებული და მიუღებელი?! თუკი გაქვს ამბიცია, იყო პოლიტიკაში, ბიზნესში ან სხვა ისეთ სფეროში, რომელიც შენს ნაწარმს წარმატებას მოუტანს, ყველა ქვეყანა უნდა იყოს მიღებული. რანაირ ხელშეკრულებას გააფორმებ ქვეყანასთან, შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებასაც სჭირდება ჭკუა-გონება. საქართველოში აღარ არსებობს საზოგადოება, ამ ტერმინის სრული გაგებით. ქვეყანაში აღარ ტარდება დისკუსიები, მსჯელობები… ძალიან დიდი ხანია, მსგავსი რამ არ მსმენია. დასხდებიან, გადაწყვეტენ და შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ახორციელებენ, მაგრამ ვინ იმსჯელა, რატომ იმსჯელა, რაზე იმსჯელა, რა მოტივებით იხელმძღვანელა, არავინ არ იცის. კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ საქართველოს დასავლური კურსი აქვს, ქაღალდი ყველაფერს დაიტევს, მაგრამ დასავლურ კურსში რა იგულისხმება, ამაზე არავინ არ საუბრობს. რა იგულისხმეს დასავლურ კურსში ჩვენმა პოლიტიკოსებმა _ ლგბტ? ეს თითქმის არც ერთ ქართველს არ სურს. იმ თაობას წარმოვადგენ, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია და გალაკტიონი ახსოვს… იმხანად არავინ არ ამბობდა, ჩვენ ევროპისკენ მივდივართო, პირიქით, ამბობდნენ, ჩვენ კავკასიელები ვართო. ვიყავით საბჭოთა კავშირში და ვიყავით კუნძული, როგორც ოაზისი, ყველანაირი თვალსაზრისით.
_ ფაქტია, რომ ხელისუფლებაც და ქვეყანაც კრიზისშია, ყველა მხრიდან გვიტევენ. რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში მმართველმა ძალამ?
_ ხელისუფლებამ უნდა იცხოვროს თავისი შემოსავლების ჩარჩოში, ქამარი შემოიჭიროს. საქართველო, ალბათ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა ხელისუფლების წარმომადგენლების ხელფასებისა და ხალხის ხელფასების შეფარდების მხრივ.
საბჭოთა პერიოდში იყო წესრიგი, ყველამ თავისი საქმე და თავისი ადგილი იცოდა. სწორედ ამ წესრიგს ვნატრობ. დიქტატურა არ მინდა, მაგრამ არც უკიდეგანო თავისუფლების (სინამდვილეში _ განუკითხაობის) მომხრე არ ვარ. ყოველდღე კორუფციაზე საუბრის მოსმენა, თანაც იმ ადამიანებისგან, რომლებიც კორუფციის სათავეში დგანან, არ მინდა, ასე დამოუკიდებლობა არ გამოვა, სულ მონები, სულ სხვაზე დამოკიდებულები ვიქნებით. მინდა, ქვეყანაში იყოს საწარმოები. დაპირებული ქარხნები ააშენონ და თავს დაცულად და დამოუკიდებლად ვიგრძნობთ. ხელგაწვდილი ადამიანი პატრიოტი ვერ იქნება, ჩამოვიდა ევროპარლამენტარი ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი და პირდაპირ დაგვემუქრა, ფულს არ მოგცემთო. ეს სამარცხვინოა, როგორც მათხოვრებს, ისე გველაპარაკებიან, ჩვენ კი თავი არ გვაქვს, რომ ვუთხრათ: არ მჭირდება შენი ფული!
თავმოყვარე ხელისუფლებაზე ვოცნებობ; ღირსება რომ ექნება, ისეთი მმართველები მინდა გვყავდეს. თუ ასე არ იქნება, თუ რამე არ შეიცვლება, ყოველთვის შარლ მიშელებისა და მისნაირების ნათქვამზე ვივლით, მუდამ სხვისი დირექტივების შესრულება მოგვიწევს. სიმართლე გითხრათ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ნათელ წერტილს ვერ ვხედავ.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი