9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 75-ე წელი შესრულდება. 29 წლის წინათ დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოს მოსახლეობის ნაწილს დააჯერეს, 700 ათასი ქართველი სხვის ომში იბრძოდაო და მას შედეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. თითებზე ჩამოსათვლელი ომის ვეტერანები თითქმის უყურადღებოდ არიან მიტოვებული, პატივს სათანადოდ არ მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას, სკოლაში არ ასწავლიან სამამულო ომის ისტორიას, ჩვენი ახალგაზრდები არ იცნობენ გმირებს… არის თუ არა 9 მაისი ეროვნული დღესასწაული? უნდა აღინიშნებოდეს თუ არა ის სათანადოდ? უნდა სწავლობდეს თუ არა მომავალი თაობა დიდი სამამულო ომის ისტორიას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ რამდენიმე პარლამენტართან ვცადეთ დაკავშირება _ დიმიტრი ცქიტიშვილთან, ემზარ კვიციანთან, სიმონ ნოზაძესთან. სამწუხაროდ, მხოლოდ ბატონი სიმონ ნოზაძე აღმოჩნდა მზად ჩვენს შეკითხვებზე საპასუხოდ… ემზარ კვიციანსა და დიმიტრი ცქიტიშვილს კი მინდა ვკითხო _ ბატონებო, თემა არ მოგეწონათ თუ გაზეთი, რომელთანაც უნდა გესაუბრათ?
სიმონ ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი:
_ 9 მაისი არის დღე, როდესაც სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე! მსოფლიო ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ერთ მხარეს იდგნენ ნაცისტური გერმანია და მისი სატელიტები, მეორე მხარეს _ ანტიჰიტლერული კოალიცია. ფაშიზმის წინააღმდეგ შექმნილი გაერთიანება უდიდესი მოვლენა იყო კაცობრიობისთვის. ფაშიზმის საწინააღმდეგო კოალიციის სათავეში იყო საბჭოთა კავშირი და ამ კავშირში შემავალი ხალხები. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ დიდი სამამულო ომი არ იყო მხოლოდ გერმანელებისა და საბჭოთა ხალხების დაპირისპირება.
დაუნდობელ ომში უდიდესი როლი შეასრულეს ქართველებმა, ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის გამარჯვებაში. 700 ათასი ჯარისკაცი გაიწვიეს ომში საქართველოდან, შრომისუნარიანი მამაკაცები, მათგან 280 ათასი დაიღუპა. უამრავი ქართველი გენერალი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, მათ შორის, პორფირე ჩანჩიბაძე და კონსტანტინე ლესელიძე. მათ გარდა ფაშიზმზე გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ლეგენდარულმა მფრინავებმა _ ალექსანდრე წურწუმიამ, ოთარ ჩეჩელაშვილმა, ჭიჭიკო ბენდელიანმა და სხვებმა. გვყავდა ბრწყინვალე ინჟინერი ირაკლი ციციშვილი _ საბჭოთა კავშირის გმირი, პროფესორი, აკადემიკოსი, ადამიანი, რომელმაც დნეპრზე სამ დღეში ააგო ხიდი. გვყავდა საინჟინრო ჯარების მარშალი არჩილ გელოვანი. გმირობა, რომელიც მატროსოვს მიეწერება, პირველმა ქართველმა პეტრიაშვილმა ჩაიდინა. ბოლოს და ბოლოს, რაიხსტაგზე დროშა ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართა. დროშის ასატანად რვა თუ ცხრა ჯგუფი გაუშვეს, მაგრამ დროშა ქართველმა აღმართა.
ქართველებისთვის სამხედრო დიდების მომტანი იყო მეორე მსოფლიო ომი, დიდი სამამულო ომი. ამ ომში საბჭოთა კავშირის მთავარსარდალი, რომლის ნიჭმაც და გამჭრიახობამაც დაამარცხა ფაშიზმი დედამიწაზე, ქართველი იყო _ სტალინი. არავინ თქვას, რომ მის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი ამ ომს მაინც მოიგებდა. თუ სტალინი არ იქნებოდა მთავარსარდალი, ქვეყანა ყველა ბრძოლას წააგებდა.
არ შეიძლება იმ ერის შთამომავალი იყოს მთავარსარდალი, რომელსაც მხედართმთავრული გენეტიკა არ აქვს. ქართველებს ეს გვაქვს, ჩვენ არაჩვეულებრივი ტაქტიკოსები გყავდა. ქართველები მუდმივად ებრძოდნენ მრავალრიცხოვან მტერს და ხშირად გამარჯვებული გამოდიოდნენ. ჩვენ გვყავდა უდიდესი სტრატეგი დავით აღმაშენებელი და მასზე არანაკლები _ ერეკლე მეფე… სწორედ აქედან გამომდინარე, დიდ სამამულო ომში სტალინის გამარჯვება და მისი ასეთი დიდი წოდება ლოგიკური იყო.
მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ომია და ეს სასტიკი ომი მოიგო ქართველმა, მასთან ერთად მოიგო ეს ომი 700 ათასმა ქართველმა. ომიდან 153 გმირი დაბრუნდა, საქართველო გმირების რაოდენობით მეექვსე ადგილზეა, ისიც იმიტომ, რომ ჩვენ წინ მყოფი ქვეყნების მოსახლეობა რაოდენობით ჩვენზე მეტი იყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დიდ სამამულო ომში დაღუპულებს მუდამ უნდა მივაგოთ განსაკუთრებული პატივი და აი, რატომ: ნაციზმი აღიარებულია კაცობრიობის ყველაზე დიდ მტრად, ყველაზე დიდ დამნაშავე ძალად და ეს ძალა ქართველებმა დაამარცხეს. როდესაც შეფასდება საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საკაცობრიო საგანძურში, ყველაზე დიდი დამსახურება ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
ქართველების ეს დიდი დამსახურება დაფასებული უნდა იყოს, არავინ თქვას, რომ დიდ სამამულო ომში ჩვენ ვინმეს სამსახურში ვიდექით, ჩვენ ანტიჰიტლერული კოალიციის აქტიური წევრები ვიყავით საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად.
_ ის, რაც თქვენ თქვით, ახალგაზრდებმა შეიძლება არ იცოდნენ და ამას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ უფროსმა თაობამ ხომ იცის?! მაშ, რატომ ჰყავს მოწინააღმდეგეები ამ თარიღს საქართველოში?
_ ახალგაზრდებს რაც შეეხება, მართალია, მათ არ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას მეორე მსოფლიო ომის შესახებ, მათ ასწავლიან, რომ ეს ომი იყო დაპირისპირება რუსეთსა და გერმანიას შორის…
_ რატომ აკეთებს სახელმწიფო ამას, რატომ აღნიშნავენ გამარჯვების დღეს 8 მაისს და ამბობენ, რომ ეს იყო მეორე მსოფლიო ომი?
_ სამამულო ომი იყო საბჭოთა კავშირისთვის, მსოფლიოსთვის კი _ მეორე მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის სექტემბერში დასრულდა, როდესაც კაპიტულაციას მოაწერეს ხელი იაპონელებმაც. გარმანიასთან ომი დასრულდა ევროპული დროით 8 მაისს, საბჭოთა კავშირის დროით კი 9 მაისს. ჩვენთვის გამარჯვების დღე 9 მაისია! საბჭოთა კავშირმა თავისი სამოკავშირეო ვალი მოიხადა ამერიკელების წინაშე, რომლებმაც დაიწყეს ომი იაპონელებთან, საბჭოთა კავშირმა მეორე ფრონტი გახსნა და ამერიკელებს დაეხმარა.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ამ ომში ყველაზე დიდი წვლილი საბჭოთა კავშირმა შეიტანა, მოკავშირეებმა კი დააგვიანეს და მეორე ფრონტი მხოლოდ 1944 წელს, ომის მიწურულს გახსნეს, როცა ჩვენი გამარჯვება უკვე ეჭვს აღარ იწვევდა. საბჭოთა კავშირი იბრძოდა ყველა ფრონტზე.
ისტორიული სამართალი უნდა აღდგეს, ახალგაზრდებისთვის იმის სწავლება, რომ მეორე მსოფლიო ომი ამერიკელებმა მოიგეს, არ შეიძლება. ომი მოიგო საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა მთავარსარდლ სტალინის მეთაურობით.
_ თქვენ ამ ქვეყნის კანონმდებელი ხართ და, ალბათ, იცით, რა მწირი ინფორმაციაა სასკოლო სახელმძღვანელოებში სამამულო ომზე…
_ ძალიან დიდი უსამართლობაა ისტორიის ასე სწავლება, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ომის გმირების ისტორია და დამსახურება. სტალინს ებრძვიან, მაგრამ მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის ბიოგრაფია მაინც ასწავლონ, ადამიანის, რომელმაც ოპერაცია “ბაგრატიონს” უხელმძღვანელა და წარმატებით გაათავისუფლა ბელორუსია, მან ისე შეასრულა ყველაფერი, რომ სტალინიც კი გააკვირვა. უნდა იცნობდნენ კონსტანტინე ლესელიძეს, პირველ გენერალს, რომელიც დაჯილდოვებული იყო სამი ორდენით: კუტუზოვის, სუვოროვის, ბოგდან ხმელნიცკის და სამივე პირველი ხარისხის ორდენი გახლდათ. მისი ბრძოლები სამხედრო ხელოვნების წიგნებშია შესატანი. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არ ასწავლიან ამ ყველაფერს, ხომ შეიძლება ბავშვებს უთხრან ელემენტარული რამ _ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აიტანა; ასწავლონ ციციშვილის დამსახურების შესახებ და, საერთოდ, ასწავლონ სამამულო ომის გმირების ისტორიები. აქვე გეტყვით იმას, რომ ხელისუფლება ამას დიდ პატივს სცემს და დადებითად აფასებს, ამჟამინდელი ხელისუფლება ზეიმით აღნიშნავს 9 მაისს, როგორც ნაციზმზე გამარჯვების დღეს.
_ რას ფიქრობთ, საქართველო–რუსეთს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზე? საინტერესოა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პასუხი…
_ ქართველებს ძალიან გვიჭირს, იმიტომ, რომ რუსეთთან, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვართ, ტერიტორიები დაკარგული გვაქვს და ა.შ., მაგრამ რუსებსაც ექმნებათ პრობლემები ჩვენთან დაპირისპირების გამო. კავკასიის გასაღები რუსეთისთვის საქართველოშია, ზუსტად ისევე, როგორც ცხინვალისა და აფხაზეთის გასაღებია რუსეთში, ამიტომაც ისტორიული აუცილებლობაა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარება. უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად… აუცილებელია სახალხო დიპლომატია რუსეთთან, აუცილებელია რბილი ძალის გამოყენება, რბილი ძალაა ჩვენი წარმატებული ექიმები, რბილი ძალაა ქართველების მიერ ჩატარებული კონცერტები… საქართველოში შემოდის უამრავი რუსი ტურისტი და აქედან ყველა კმაყოფილი ბრუნდება შინ.
პოლიტიკოსები ვცოდავთ, თორემ რუსი და ქართველი ხალხები ერთმანეთთან კარგად არიან. კულტურული ურთიერთობები აუცილებელია რუსეთთან და ამას ვუწოდებ რბილ ძალას…
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი