Home რუბრიკები ისტორია სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს

სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს

ნიკო ნიკოლაძე

უდიდესი ქართველი მოაზროვნის _ ნიკო ნიკოლაძის სოციალურპოლიტიკური, ეკონომიკური და ფილოსოფიური თვალთახედვა დღესაც აქტუალურია. მან დასვა ქართული სახელმწიფოს გონივრულ მოწყობის რამდენიმე პრობლემა.

მისი ნააზრევი ძალზე ძვირფასია დღევანდელი საქართველოსთვის, რომელიც დამოუკიდებელი აღმშენებლობის გზას ვერა და ვერ დაადგა. ნიკო ნიკოლაძემ დიდი თეორიული და პრაქტიკული სამუშაო გასწია საქართველოს ასაღორძინებლად, ჩვენი ქვეყნის გასათანამედროვებლად, მისი დამოუკიდებლობისა და სამომავლო განვითარების შესამზადებლად. ამ მხრივ საყურადღებოა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის _ ვაჟა შუბითიძის მონოგრაფიანიკო ნიკოლაძე _ კაცისახელმწიფო”. გთავაზობთ ამ ნაშრომიდან ამონარიდს, რომელიც 2009 წელს (#9) ჟურნალისტორიულ მემკვიდრეობაშიდაიბეჭდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ოცწლიანმა ისტორიამ დაადასტურა ნიკოლაძის ზემოთ ჩამოყალიბებული დებულება _ ვერც ერთმა ხელისუფლებამ (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი) საშინაო პრობლემები სერიოზულად ვერ გადაწყვიტა. ვერც შევარდნაძე და ვერც სააკაშვილი ვერ აცნობიერებდნენ, რომ პატარა ქვეყნის ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მოკრძალებულია და სადღაც კუთხეშია _ ამიტომ, როცა ქვეყნის საშინაო პრობლემებს ვერ აგვარებ და აქცენტი საგარეო პოლიტიკაზე გადაგაქვს, ეს, ადრე თუ გვიან, უშედეგოდ დამთავრდება, შეიძლება კატასტროფითაც (2008 წლის აგვისტო); (ამაზეა ზედგამოჭრილი ქართული ანდაზა: “ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო”).

ის, რომ დიდი ქვეყნები არად აგდებენ მცირერიცხოვან ერებს, ძარცვავენ მათ და ართმევენ ტერიტორიებსა და სიმდიდრეებს, საარსებო რესურსებს, ნიკოლაძემ შესანიშნავად იცოდა და ამაზე ჯერ კიდევ მაშინ აფრთხილებდა ქართველობას: “იმავე მიზეზის ძალით, რომლითაც მე და შენ, ჩემო კარგო მკითხველო, ვერ ვგრძნობთ საკუთარ უსამართლობას, დანაშაულობას და სისაძაგლეს, როცა უმანკო კრავს ან ხბოს ვკლავთ ან ვაკვლევინებთ, ჩვენის კუჭის გასაძღომად, ევროპელი ხალხი _ ჩვენთვის ერთობ საჭიროა გავიგოთ, გონებაში ჩავიბეჭდოთ და ნიადაგ გვახსოვდეს ეს გარემოება _ ევროპელი ხალხიმეთქი, სწორედ იმ თვალით უყურებს ყოველს სხვა უკანჩამორჩენილს, უძლურს და უმეცარ ხალხს, როგორითაც ჩვენ თვითონ ცხვრის ფარას დავცქერით”. მეორეგან კიდევ ურფო მოურიდებლად აღნიშნავდა, რომ, თუ სხვის იმედსა და დახმარებაზე დავამყარებთ ქვეყნის მომავალს და ხელს და ჭკუას არ გავანძრევთევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით (.. მკვიდრთათვის უფლება მიუნიჭებლად) დაიმონებენ ანდა ინდოჩინეთივით ძარცვას დაიწყებენ” (იგულისხმება დამოუკიდებლობის შემთხვევაში).

იმისათვის, რომ აიცილო მესამეხარისხოვანი ქვეყნის ბედი, ყოველმხრივ გაძლიერებაა საჭირო _ ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი. მხარში რომ ამოუდგე ევროპულ ქვეყნებს, იგივე გზა უნდა გაიარო, რაც გაიარეს სხვებმა _ ევროპული განათლებისა და მეცნიერების დანერგვა, თავაუღებელი შრომა (“ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს”, _ წერდა ნიკოლაძე), სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, აზრიანი შრომა, მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის ამ ყველაფრის გაკეთება გადარჩენის ერთადერთი შანსია: კერძო პირსაც, საზოგადოებასაც, ერსაც თავის ცხოვრება, ბედი და იმედი მარტო საკუთარ შრომაზე და ღონეზე უნდა ჰქონდეს დაფუძნებული. მარტო ეს საძირკველია შეურყეველი, მარტო მასზე შენდება მტკიცედ საკუთარი შენაძენიც და სხვისი დანახმარიც”.

ამ მიდგომის წყალობით ეძლევა მცირერიცხოვან ქვეყანას არათუ გადარჩენის, არამედ გაძლიერების შანსიც. ამის მაგალითად ნიკოლაძეს მოჰყავდა შვეიცარია და ჰოლანდია… ჰოლანდიელები დაჭაობებული ზღვის ნაპირას მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, მიწა არ ჰყოფნიდათ. შრომაც ძნელი იყო და არსებობაც, მაგრამ მათ მოახერხეს ამ მდგომარეობისაგან თავის დაღწევა. არა იმით, რომ ბუნების კანონი შეცვალეს, არამედ იმით, რომ ის კანონები შეისწავლეს, გარემო-პირობების საიდუმლო ამოხსნეს და მერე ცოდნით შეიარაღებულნი ისე მოიქცნენ, როგორც ამას ბუნების კანონზომიერება ითხოვდა. იმას მიაღწიეს, რაც დღეს აქვთო, _ წერდა ნ. ნიკოლაძე.

მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრებით გარშემორტყმულმა ქართველობამ წარმატებას რომ მიაღწიოს, ამისათვის მარტო განათლება და შრომა არ კმარა _ საჭიროა ასევე ეროვნული ერთიანობა და ერთიანი ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებაგანმტკიცება. ეროვნული ერთობისა და ძმობის გრძნობა არის ერის თავისუფლებისა და აღორძინების, ქვეყნის გონივრულად მოწყობის და სტაბილურობის მთავარი პირობა. ამის თვინიერ ნებისმიერი რიცხოვნების და თვისობრიობის ერი უძლურია, გადაწყვიტოს რაიმე სერიოზული პრობლემა: არაფერი სიკეთე, _ მიუთითებდა ნიკოლაძე, _ არ უნდა მოელოდეს იმ ერს, რომლის თვითოეულ ნაწილებს არავითარი ეროვნული ძმობისა და ერთობის გრძნობა არა აქვსმართლაცდა, რა უბედურება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ქართლელმა, კახელმა, იმერელმა ოდესმე ქართველობა ითაკილოს და თავიანთი თავი ქართლელობით, კახელობით, იმერლობით მოიწონონ. ხალხის ამგვარ ხასიათს მამულის ნამდვილი სიკვდილი და მიწასთან გასწორება მოსდევს”.

ნიკო ნიკოლაძე იმასაც მიუთითებდა, რომ ერთიანი ეროვნული შეგნების აღზრდა და ჩამოყალიბება ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია, რასაც მრავალი დაბრკოლება ეღობება წინ, მათ შორის ძირითადია ეროვნული ნიჰილიზმი, სამოქალაქო პასიურობა და გულგრილობა. ნიკოლაძე გულისტკივილსა და შეშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ უდარდელი, უზრუნველი ვუცქერით ჩვენს ყოველგვარ უხეირობას, სიცუდეს და ავკაცობას, თითქოს ეს საქმე ჩვენ არ შეგვეხებოდეს, თითქოს ჩვენი სისხლი არ იყოს და მის ბედსა და უბედურებას ჩვენზე არავითარი გავლენა არ ჰქონდეს (ამერიკელმა მეცნიერებმა ალმონდმა და ვერბამ ნაშრომში “სამოქალაქო კულტურა” (1963 წ.) ასეთ პოლიტიკურ კულტურას პასიური (ქვეშევრდომობის) კულტურა უწოდეს. ჩვენში ის ლოკალურ კულტურასთანაცაა შერეული). რაოდენ აქტუალურია ნიკოს ეს სიტყვები ჩვენს რეალობასთან მისადაგებით, როგორი ძლიერია დღევანდელ საქართველოშიც ეს სენი, რის გამოც ერი უსუსურად გამოიყურება იმ პრობლემების წინაშე, რომლებსაც უმნიშვნელო ძალისხმევით მოაგვარებდა; დღეს კიდევ უფრო უარეს ფორმებში შეინიშნება ის, რაზეც ნიკოლაძე საუკუნეზე მეტი ხნის წინათ მიუთითებდა: “ჩვენ შეურყევლად ვსტკბებით ჩვენს საკუთარ კერძო ცხოვრებაში, სანამ ჩვენს საკუთარ ტყავს არ შეეხება ის სენი და ის ვნება, რომელიც წინათ ჩვენს მახლობელს მიადგა. მაშინ კი ჩვენ ხმამაღლა ღრიალსა და გოდებას ვიწყებთ. მაგრამ ჩვენს უბედურებას ჩვენი მახლობელი იმნაირადვე გულხედლაკრეფილი დასცქერის, როგორც ჩვენ მის უბედურებას დავყურებდით. თითო-თითო, ცალ-ცალკე, ნელ-ნელა, შეუნიშნავად გვჭამს ჩვენი ზნეობრივი სენი და ჩვენ კი უხასიათობისა და უზრუნველობის გამო, არ ვცდილობთ, რომ ერთად, ძმურად, თავიდან მოვიცილოთ ზემოხსენებული სენი, რომელიც ყველას ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ყველას ერთიანად გვაწუხებს და გვამდაბლებს”.

ნიკო ნიკოლაძე ამუნათებდა ქართველობას ამ ინერტულობისა და ეგოიზმისთვის, ახლომხედველობისა და უმიზნოდ ცხოვრებისთვის: “ჩვენი ხასიათი, ჩვენი ზნე მეტის-მეტად მომტყდარი, უგულო და უსულო შეიქმნა. დაბრკოლებასთან ბრძოლა კი არა, დაბრკოლების აზრიც გვაშინებს. ჩვენ გვსურს, რომ საზოგადო სიკეთე შემწვარი, გამომცხვარი, მარილწყალი ჩაგვიცვინდეს პირში. ჩვენ კბილის მოქნევაც კი გვეზარება ამ სიკეთით სარგებლობისთვის. დაბრკოლების მოშორებას, ბრძოლას და მიზნის მიღწევას ვინღა დაეძებს, ჩვენ იმისაც კი გვერიდება, რომ ნაცნობს, მეგობარს პირში ისეთი აზრი არ ვუთხრათ, რომელიც მისას არ ედარება, რომელიც მისი საწყენი და წინააღმდეგია. ამნაირ შემთხვევაში ჩვენ ათასფერად ვარბილებთ ჩვენს აზრს, მისს ბამბით და ვარაყით შეხვევას ვცდილობთ _ იქნება მსმენელმა არ იწყინოს, ვინიცობაა და ჩვენი სამდურავი გულში არ ჩაისახოსო… საზოგადო საქმე, საზოგადო მიზანი, სარგებლობა? ვინ არ ხარხარებს ჩვენში, როცა ამ სიტყვებს ყურს მოჰკრავს. ვის არ მიაჩნია ისინი ბავშვურ ოცნებად, სიტუტუცედ…”.

ეროვნული ერთიანობისა და ერთ მუშტად შესაკვრელად ნიკოლაძე მიზანშეწონილად თვლიდა ეროვნული იდეისა და ნაციონალიზმის ელემენტს, განსაკუთრებით _ მცირერიცხოვანი ერებისათვის, რადგან, მისი სიტყვებით, “ნაციონალიზმი იგივეა, რაც თავდაცვის ინსტინქტი, ის დამახასიათებელია ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის, ისე, როგორც სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, შიმშილი, ძილი და სხვ. ნაციონალიზმის აღმოფხვრა შეუძლებელია ისევე, როგორც შეუძლებელია წავშალოთ ფერი თმისა, თვალებისა, კანისა და .. საუკეთესო ნაციონალისტებს არ შეუძლიათ, ნამდვილი ბედნიერება არ შეუქმნან ყველა თანამემამულეს”. მაშინაც და დღესაც, როცა ბევრ თავგაცხელებულ პოლიტიკოსს და მეცნიერსაც (მაგ., ბენედიქტ ანდერსონი ერებს “წარმოსახვით საზოგადოებებს” უწოდებს) ეგონათ, რომ მულტიკულტურიზმი და გლობალიზაცია ერების მნიშვნელობის დაკნინებას გამოიწვევს და შეიძლება მათ გაქრობასაც, ნიკო ნიკოლაძე სხვაგვარად ფიქრობდა: თანამედროვე ევროპული სახელმწიფოები, ბოლოს და ბოლოს, ეროვნების მიხედვით დალაგდებიან, რადგან ეს არის სახელმწიფოს ორგანიზაციის ყველაზე ანგარიშგასაწევი და თანამედროვე პრინციპი (ეს მიმართულება აიღეს კვლავ ევროპის უდიდესმა ქვეყნებმა _ გერმანიამ, ინგლისმა და საფრანგეთმა, რომლებიც იწყებენ დაბრუნებას ფესვებისკენ, რითაც ეწინააღმდეგებიან ამერიკანიზაციას, გლობალიზაციის უარყოფით გამოვლინებებს).

ნიკო ნიკოლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას ქვეყანაში თვლიდა სახელმწიფოს გონივრული მოწყობის ერთერთ მთავარ პირობად. ქართველ მოღვაწეებში იგი პირველი იყო, ვინც ევროპული თვითმმართველობის ფასი კარგად იცოდა და ჯერ კიდევ 1870-იანი წლების დასაწყისში ქადაგებდა თვითმმართველობის შემოღების აუცილებლობას. სამწუხაროდ, მაშინ ქართველმა მოღვაწეებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

არადა, თვითმმართველობა რეალური ავტონომიის მოპოვების უმთავრესი ბერკეტია. ნიკოლაძე მოხერხებულად ნიღბავდა ამ ტერმინს და უწოდებდა მეცნიერებაში მიღებულ ტერმინსფართო ადგილობრივი თვითმმართველობა”. მისი უშუალო ინიციატივით მოხდა თბილისის ხმოსანთა მიერ (სადაც უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ) დიმიტრი ყიფიანის არჩევა თბილისის ქალაქის თავად, ქუთაისში თვითმმართველობის შემოღება, მანვე ფოთი აქცია თვითმმარველობის კლასიკურ ქალაქად. ნიკოლაძე გადაჭრით მოითხოვდა საარჩევნო ცენზის გაუქმებას და მცხოვრებთა მთელი მასის (კაცი, ქალი) მონაწილეობას თვითმმართველობასა და არჩევნებში, ნიკოლაძეს კრება მიაჩნდა მასების აღზრდის სკოლად, ხოლო სახელმწიფოებრივი მმართველობის ყველაზე გონივრულ ფორმად _ ხალხის წარმომადგენლობის პრინციპებზე აგებული თვითმმართველობა: “თვითმმარველობა და დემოკრატიული წყობილება _ წერდა იგი, _ საუკეთესო გარანტიაა წინმსვლელობისა და წარმატებისათვის, უმჯობესი სკოლაა საზოგადოების აღზრდისანამდვილი თვითმმართველობა, როგორც მთელი განათლებული კაცობრიობა დარწმუნდა, შესაძლოა მარტო წარმომადგენლობის წესით, რადგანაც მარტო ამ წესის შემწეობით დაარსდა უცხოეთში სამართლიანობა და თავისუფლება, თანასწორობა და სიმართლეყველამ გაიგო, რომ წარმომადგენლობა ყოფილა მეორე და უაღრესი ნაბიჯი თუ საფეხური თვითმმართველობისაამ ქვეყნებშიაც (შვეიცარია და სხვ.) ხალხის აზრის გამომთქმელი, ხალხის საქმეების მმართველი, ხალხის ბედის გადამწყვეტელი მაინც ხალხის წარმომადგენლობაა, რომელიც მარტო და იშვიათად სამძიმო შემთხვევაში ისე არ მოიყვანს აღსრულებაშით ავის განაჩენს, თუ ჯერ ხალხს არ აჩვენა და არ ჰკითხა _ თანახმა ხარ ამ განაჩენისა თუ არაო”. საბოლოდ, ნიკოლაძე დაასკვნის, რომამგვარი მართვა საქვეყნო საქმისა ბევრად უფრო სამჯობინოა, ვინემ ერთიანი უხმობა ხალხისა, მისი ყურმოჭრილობა, მისი მონობა”.

ნიკო ნიკოლაძეს სახელმწიფოს გონივრული მოწყობის მნიშვნელოვან საფუძვლად მიაჩნდა სახელმწიფოს ზომიერი, კონკრეტული ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში (ანუ იგი ლიბერალიზმისა და თანამედროვე ნეოლიბერალიზმის მომხრე არ იყო და ესეც იყო ილია ჭავჭავაძესთან მისი დაპირისპირების ერთ-ერთი საგანი). ნიკოლაძე თვლიდა, რომ სახელმწიფო გეზს უნდა აძლევდეს ქვეყნის მრეწველობის განვითარებას, გარკვეულად არეგულირებდეს ფასებს, არ უშვებდეს მონოპოლიების წარმოქმნას (მან გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა ნობელების ნავთობგადაზიდვის მონოპოლიისათვის ხელშეწყობისათვის 1882 წელს) და კვეცავდეს ვაჭრობის მიერ კლიენტების შეუზღუდავ ძარცვას. ნიკოლაძის აზრით, ამ ყველაფრით მხოლოდ საზოგადოება მოიგებს, საჭიროა, რომ სახელმწიფომ თანაბარი სასტარტო პირობები შეუქმნას ყველას: “საზოგადოება შედგება ცალ-ცალკე პირებისაგან და საკუთარი სარგებლობისათვის საზოგადოება უნდა ცდილობდეს, რომ არც ერთი მისი წევრი არ დაიჩაგროს, არ წახდეს, სწორეთ ისე, როგორც კაცი თითოეულ თავის თითს ან სხეულის ნაწილს უფრთხილდება. ცხოვრება ბრძოლაა, რომელშიაც დაიარაღებული კაცი იმარჯვებს დაუიარაღებელზე. საზოგადოება უნდა ცდილობდეს, რომ თუ ამ ბრძოლის მოშლა და გარმონიის გამართვა ჯერჯერობით არ შეიძლება, ბრძოლა ისე მაინც მიდიოდეს, რომ ყოველი მებრძოლი ერთნაირად იყოს დაიარაღებული”.

ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს აკისრებდა მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის აღორძინებასა და განვითარებაში. ამის გარეშე კი არათუ დამოუკიდებლობის, არამედ ავტონომიის მიღწევაც კი შეუძლებელი იქნებოდა (დამოუკიდებლობის რეალურად დაყენება მაშინ გამორიცხული იყო. მის მოთხოვნას შეიძლება მოჰყოლოდა რუსეთის მიერ ქართველთა სისხლში ჩახშობა და შესაძლოა ციმბირში გადასახლებაც. ამიტომ ჯერ კიდევ 1865 წელს გერცენის “კოლოკოლში” წერდა ნიკოლაძე, რომ “ეროვნულ მისწრაფებათა გადაჭარბებას შეუძლია მიიყვანოს საქართველო იმ სასაკლაოზე, სადაც ამას წინათ ტყავი გააძრეს პოლონეთს და სისხლი დაუშრეს ჩერქეზებს”… ეს “დიდი სამეფოების მჭედელი პაწია ერს განა უშველის”. ნიკოლაძეს მოჰყავდა იტალიის მაგალითი, რომ მან მანამ ვერ მოიპოვა დამოუკიდებლობა, სანამ ეკონომიკურად არ აღორძინდა _ საქართველოც ამ გზას უნდა დასდგომოდა. “ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზე დამყარებული, მის მწარმოებლობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოება შეფერხდა და სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებენ მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. იმან თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვავიანება, მისი საქმე წასული და დაღუპულია”.

მრეწველობის განვითარება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია საქარხნო წესით დამზადებულიყო და შეფუთულიყო. იმ ქვეყანას, რომელშიც მრეწველობის რამდენიმე დარგი მაინც არაა განვითარებული, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა, მომავალი არ გააჩნია (ამ ფილოსოფიას დაემყარა მოგვიანებით პოლიტიკური მოძრაობის _ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ჩამოყალიბება 1999 წელს გოგი თოფაძის ხელმძღვანელობით).

მრეწველობის უქონლობა, _ წერდა ნიკო ნიკოლაძე, _ ცხადი, უდიდესი ნიშანია ქვეყნის ჩამოქვეითებისა და ჩამორჩენისა. ამ ქვეყნის ბედში არავითარი ცვლილება არაა თვალსაჩენი, არც გონებრივი, არც საზოგადო, არც პოლიტიკურის მხრივ, სანამ ის მრეწველობის საშუალებით, ეკონომიკურ მონობისაგან არ დაიხსნის თავს უცხოეთის ხელიდან. აიღეთ რომელიც გსურდეთ იმ ერის ისტორია, ყველგან ცხადად დაინახავთ, რომ მისი აღორძინება, მისი გონებრივი სიფხიზლე, მისი განვითარება, აღებმიცემობის, მრეწველობის ზედდართული შედეგი და ნაყოფი ყოფილა”.

ნიკო ნიკოლაძე პირველი ქართველი მოაზროვნეა, რომელმაც ვაჭრობა-აღებ-მიცემობისა და ცივილიზებული ბიზნესის წარმოების არგუმენტირებული და სერიოზული პროპაგანდა დაიწყო საქართველოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here