Home რუბრიკები ისტორია სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს

სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს

ნიკო ნიკოლაძე

უდიდესი ქართველი მოაზროვნის _ ნიკო ნიკოლაძის სოციალურპოლიტიკური, ეკონომიკური და ფილოსოფიური თვალთახედვა დღესაც აქტუალურია. მან დასვა ქართული სახელმწიფოს გონივრულ მოწყობის რამდენიმე პრობლემა. მისი ნააზრევი ძალზე ძვირფასია დღევანდელი საქართველოსთვის, რომელიც დამოუკიდებელი აღმშენებლობის გზას ვერა და ვერ დაადგა.

ნიკო ნიკოლაძემ დიდი თეორიული და პრაქტიკული სამუშაო გასწია საქართველოს ასაღორძინებლად, ჩვენი ქვეყნის გასათანამედროვებლად, მისი დამოუკიდებლობისა და სამომავლო განვითარების შესამზადებლად. ამ მხრივ საყურადღებოა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის _ ვაჟა შუბითიძის მონოგრაფიანიკო ნიკოლაძე _ კაცისახელმწიფო”. გთავაზობთ ამ ნაშრომიდან ამონარიდს, რომელიც 2009 წელს (#9) ჟურნალისტორიულ მემკვიდრეობაშიდაიბეჭდა.

ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის გონივრული ორგანიზების ალფად და ომეგად თვლიდა ისეთი მმართველობისა და საარჩევნო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მართვაში ყველაზე ნიჭიერი, მომზადებული და პატიოსანი ადამიანების მონაწილეობას: “საზოგადოების მომზადების მთელი ძალა, _ წერდა ის, _ მისი გონიერი ორგანიზაციაა, რათა თავისი საქმის სათავეში დააყენოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც შესწევთ უნარი, სათანადო მიმართულება მისცენ მას. ყველა თანამდებობაზე ისეთი პიროვნების არჩევა, რომელიც შეეფერება მიზანს, ღირსეული, უნარიანი ადამიანების წინ წამოწევა _ აი, საზოგადოებრივი მზადების ალფა და ომეგა, აი, რით განსხვავდება გონიერი საზოგადოება ცხვრის ფარისგან, რომელთა წარმომადგენლები და გზის მაჩვენებლები არიან პირველივე შემხვედრი თხები”.

ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს გონივრული ორგანიზების ერთერთ უმნიშვნელოვანეს პირობად თვლიდა ხალხისთვის ინიციატივის მიცემას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების პოტენციალის, ენთუზიაზმის წარმოჩენას და მის მიერ გარკვეული ტვირთის საკუთარ თავზე აღებას, მისადმი ნდობის გამოვლენას:

“საკმარისია, ჩვენს ხალხს მივცეთ ინიციატივა ნამდვილი და თვალსაჩინო პროგრესისკენ და ამ საქმის ინიციატორი არა თუ უაზრო წინააღმდეგობას არ წააწყდება “ბრბოსაგან”, არამედ ყველგან იგრძნობს მხარდაჭერას და დახმარებას”.

ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს გონივრული ორგანიზების აუცილებელ ელემენტად თვლიდა ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭებას (პრიმატს) პარტიულ, ჯგუფურ და ელიტის ინტერესებთან შედარებით. განვლილმა ასწლეულმა აჩვენა, რომ დღემდე ეს ვერ შეძლო ვერც ერთმა ქართულმა ხელისუფლებამ _ ვერც ჟორდანიას, ვერც ბოლშევიკების, ვერც გამსახურდიას, ვერც შევარდნაძისა და ვერც სააკაშვილის. თითოეულმა მათგანმა სახელმწიფო ინტერესებთან შედარებით საბოლოოდ უპირატესობა მიანიჭა პარტიულ პროგრამებს.

ნიკოლაძე თვლიდა, რომ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. ამის მაგალითად იგი ასახელებდა ინგლისს, სადაც ყოველთვის კეთდებოდა ის, რაც სასარგებლო იყო ქვეყნისთვის და არავითარი ყურადღება არ ექცეოდა არც მორალსა და არც გუშინდელ თუ გუშინწინდელ პოლიტიკურ დეკლარაციებს. ნიკო ნიკოლაძის ეს თვალსაზრისი გარკვეულწილად ეხმაურება დიდი იტალიელის ნიკოლო მაკიაველის ბრწყინვალე შეგონებას: “როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისგან _ სამართლიანი ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერი თუ სასტიკი, საქებარია თუ საძრახისი. ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას”.

სახელმწიფოს გონივრულად მოწყობის ერთერთ მექანიზმად ნიკო ნიკოლაძე თვლიდა ისეთი დემოკრატიული მექანიზმებისა და სისტემის შექმნას, რომელთა დროს ქვეყნის მეთაურზე, მმართველზე (ცუდი იქნებოდა ის თუ კარგი და ნიჭიერი) მთლიანად არ იქნებოდა დამყარებული სახელმწიფოს მომავალი. მას მაგალითად მოჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIII, რომელსაც ის უწოდებდა უსუსურს, უხეიროს და ჯაგლაგს, მაგრამ მან ბევრი ვერაფერი ავნო ქვეყანას, რადგან საფრანგეთს მეტნაკლებად უფლებრივი სისტემა და კანონსამართალი განაგებდა და არა მხოლოდ ის. ვიდრე ეს სისტემა არ აშენდებოდა ქვეყანაში, მანამ ამ სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის მეთაურს, ხელმძღვანელს. “მეთაურს ჭკუა, გამოცდილება, ცოდნა და მტკიცე ხასიათი იმიტომ ესაჭიროება, რათა იზრუნოს და იმოქმედოს იმათ მაგიერ, ვინც, საუბედუროდ, მოკლებულია ამ უნარს, ის სათავეში უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუ თანამემამულეებზე უფრო გამჭრიახი, დაკვირვებული, მოხერხებულია და იცის, როდის უნდა დაძრას ისინი წინ, ხოლო როცა საჭიროა, ადგილზე შეაჩეროს. თუ ძალაუფლება, რომელსაც მას ვითარება ანიჭებს, ფრთხილად აქვს შენახული ჯიბეში, თუ ბრბო და ამოტივტივებული ხეპრე დოღრიალასი ეშინია და ყველა გარემომცველი ადამიანების უმწიფარი აზრები კანონია მისთვის, მაშინ წინამძღოლის როლი ზედმეტია ამ ადამიანისთვის. გამოდის, რომ ის იღვწის მხოლოდ პატივისთვის, ცდილობს თავისი პერსონის განდიდებას, ეძებს მხოლოდ პირად გამარჯვებას”.

ნიკო ნიკოლაძე დიდწილად ქვეყნის ევოლუციური განვითარების მომხრე უფრო იყო ყოველთვის, ვიდრე რევოლუციური, ნახტომისებური განვითარების (მეთაურებიც ასეთი მოწონდა უმეტესწილად, მაგალითად, ფერენც დეაკი), თუმცა რევოლუციასაც ხანდახან პოზიტიურ კონტექსტში განიხილავდა. მაგ., საფრანგეთის რევოლუციას, რომელიც, მისი თქმით, “დიდია არა სისხლის რიცხვი, რომელიც ცოტად თუ ბევრად უსაფუძვლოდ იქნა დაღვრილი მის მიერ, არა ომებითა და გამარჯვებებით, არა ბრბოს გაშმაგებით, არამედ იმ “კოდექსებით”, რომლებმაც არსებითად შეცვალეს საფრანგეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და მორალური ყოფა”. საერთოდ, ნიკოლაძე ყველა მოვლენას დიალექტიკურად უდგებოდა: “ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი… მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია, მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი მკურნალობს და უტვინო ბავშვი რძის საჭამადშიაც კი დაიხრჩობა”. ასევე უყურებდა იგი რევოლუციასაც, თუმცა თვლიდა, რომ მოსახდენი მაინც მოხდებოდა, ოღონდ ცოტა დაგვიანებით: “რევოლუცია, ქინაქინის არ იყოს, ზოგანრგებს, ზოგან ვნებს, საფრანგეთში გამოდგა, ოსმალეთში _ არა. არ გამოდგა იმიტომ (ქართული ე.წ. 2003 წლის ნოემბრის “ვარდების რევოლუციასავით” _ ვ.შ.), რომ ხალხი მოუმზადებელი ყოფილა ცვლილებებისთვის, მორიგ საქმეებზე ერთი აზრი, ერთი რწმენა მას არ ჰქონია”.

ნიკოლაძეს თანდათანობითი განვითარების უპირატესობად ის მიაჩნდა, რომ მას მშვიდობიანი ხასიათი აქვს და დიდ მსხვერპლს არ მოითხოვს. იგი ყველასთვის სასურველად თვლიდა ამ ნაბიჯების თანდათანობით გავლას და არ სწამდა უეცარი ნახტომების: “რა გზაც ხუთს, ექვს ან ოც ხალხს ოთხი ნაბიჯით გაუვლია, მას ვერც ერთი სხვა ხალხი ერთის გადახტომით ვერ გაივლის”.

იმის საილუსტრაციოდ, რომ ერი შეიძლება რევოლუციისა და სისხლისღვრის, კატაკლიზმების გარეშე აღორძინდეს და სწრაფად განვითარდეს, მას მოჰყავდა იაპონიისა და გერმანიიის (პრუსია) მაგალითი.

ნიკოლაძემ საგანგებოდ შეისწავლა და ქართველ საზოგადოებას გაუანალიზა იაპონიის წინსვლა 1860-იანი წლებიდან, როცა ქვეყანამ დაიწყო და სწრაფად შეძლო უზარმაზარი თვისობრივი ნაბიჯების გადადგმა ყველა სფეროში (საუკუნის შემდეგ ეს გაიმეორა სამხრეთ კორეამ). 1894 წელს ჟურნალ “მოამბის” XVIII წიგნში ნიკოლაძემ დაბეჭდა ვრცელი ნარკვევი “იაპონიის ბრძოლა ჩინეთთან”, რომელშიც იწინასწარმეტყველა თანამედროვე იაპონური სასწაული. იაპონიის მმართველმა ელიტამ სათანადო შემზადების შემდეგ დასახა ქვეყნის მომავალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოწყობის კომპლექსური მეცნიერული გეგმა, რომელსაც ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების საწყისად და ბალავრად დაუდო საკუთარი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, იაპონური ცხოვრების წესის მდიდარი ეროვნული შინაარსი. ნიკოლაძეს სამაგალითოდ მიაჩნდა მოკლე დროში იაპონიის ასე აღორძინება და ქართველ საზოგადოებას, მომავალ თაობას ამაზე საგანგებოდ მიანიშნებდა…

ნედლეულისა და სხვა სახის სტრატეგიული რესურსის სიმწირის მიუხედავად, ერთ დროს ველური და ჩამორჩენილი იაპონიის სწრაფად დაწინაურება და გაძლიერება, ნიკოლაძის შენიშვნით, შრომის ჭკვიანურმა ორგანიზაციამ და საშემსრულებლო დისციპლინის მაღალმა დონემაც განაპრობა, რაც ნიკოს ასევე სანიმუშოდ მიაჩნდა და, იაპონიის მსგავსად, საქართველოს აღმავლობაზე ოცნებობდა. ნიკოლაძე ხაზს უსვამდა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის სიდიდესა და მოსახლეობის მრავალრიცხოვნებას, მთავარია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, განათლების სწრაფი დანერგვა და მისი ყოველწლიური გაზრდილი დაფინანსება. ამის შედეგია ის, რომ “ძალა და ძლევა, რიცხვსა და სივრცეს კი არა, ცოდნას, ორგანიზაციას ეკუთვნის, იარაღს, წესსა და დისციპლინას”, _ წერდა იგი.

…როცა იაპონიისა და გერმანიის მაგალითები მოჰყავდა ქართველი მკითხველისთვის, ნიკოლაძე კარგად აცნობიერებდა იმ განსხვავებებსაც, რომლებითაც ეს ერები განირჩევიან ქართველებისაგან, მათი ეთნოფსიქიკისგან _ არ გამოვიდოდა ძალით ქართველის გაიაპონელება ან გაგერმანელება, თუნდაც _ გარუსება. ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ ყოველი ქვეყნისაგან შეიძლებოდა რაიმე დადებითისა და სასარგებლოს აღება, თუმცა თვლიდა, რომ ყოველი ქვეყნის სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება ეროვნული ტრადიციების, ეროვნული ფსიქიკის, ზნე-ხასიათისა და გეოგრაფიული მდებარეობის (გარემოს) შესატყვისად უნდა მოწყობილიყო და ამ პროცესში ძალდატანება, ხელოვნურად ჩარევა საჭირო არ იყო.

ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს მოწყობის ასევე ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორად თვლიდა ხელისუფლებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ და ამომრჩევლისადმი ნდობას: “ყველგან, _ წერდა იგი, _ სწორი საზოგადოებრივი მმართველობის პირველ პირობად მიჩნეულია ანგარიშების სისწორე, ამომრჩევლისადმი ნდობა და მათთვის მათი საქმეთა მდგომარეობის წარდგენა სავსებით სწორი სახით”.

სახელმწიფოს გონიერი და დემოკრატიული მოწყობის საქმეში ნიკო ნიკოლაძე საფუძველდამდებ პრინციპად თვლიდა სასამართლოს სწორად ორგანიზაციას და სამართლიანი, ანუ ობიექტური სასამართლოს უფლებას რიგითი ადამიანისთვის. მისი აზრით, ეს არის სამოქალაქო სიმშვიდისა და სტაბილურობის უმთავრესი პირობა: “ყოველი ადამიანის ცხოვრებას, _ წერს ის, _ მის თავისუფლებას, ღირსებასა და ქონებას ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას საფრთხე იქ, სადაც მართლმსაჯულება უხეიროდაა ორგანიზებული და სადაც მოსამართლენი არ იცნობენ ცხოვრებას, არაკეთილსინდისიერნი ან მექრთამენი არიან. იქ, სადაც საზოგადოებას არა აქვს საკმარისი ნდობა თავისი სასამართლოსადმი, თვით საზოგადოების ცხოვრება გაუფასურებული და უაზროა… ამგვარად, სასამართლოს ნდობა, ე. ი. თითოეული მოქალაქის რწმენა, რომ იგი თვითნებურად და უსამართლოდ არ დაისჯება სისხლის სამართლის კანონით, რომ შესაბამის შემთხვევაში გარდუვალი საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობის გამო კანონს მის მიმართაც გამოიყენებენ სამართლიანობის ზუსტი დაცვით და სასჯელის გარკვეული ზომით _ აი, ეს წარმოადგენს სამართლიანი და მშვიდი ცხოვრების ერთ-ერთ არსებით საფუძველს”. ნიკო ნიკოლაძე ასეთ სანიმუშო ქვეყნად ასახელებდა ინგლისს, სადაც მისი სიტყვებით, სასამართლოსადმი ნდობა დგას მიუწვდომელ სიმაღლეზე.

სახელმწიფოს გონიერი მოწყობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებად ნიკო ნიკოლაძე თვლიდა ღიაობას (გამჭვირვალობას), სიმართლის არ დამალვას და პოლიტიკურ რეალიზმს. იგი იყო პოლიტიკური რეალიზმის ერთერთი მამამთავარი საქართველოში.

…მკაცრმა რეალობამ ათქმევინა ნიკო ნიკოლაძეს ის სიტყვები, რომელიც პოლიტიკური რეალიზმის ანაბანაა: “მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიშრომოთ _ მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც… მაშინ ჩვენდა-თავად არც ტირილი დაგვჭირდება, არც გოდება, არც ზლუქუნი, არც ჩურჩული. და სანამ ამ “საკუთარის გაძლიერების” გზას გულდაგულ და პირდაპირ არ დავადგებით, მანამდე კი, ათასიც რომ იბღავლოს ჩვენმა მწერლობამ, ათასიც რომ იჩურჩულონ ჩვენმა მოქმედმა პირებმა, კაცი ყურადღებას არ მოგვაქცევს და შემწეობას არ გვაღირსებს, ყველას ის აზრი ექნება თავში: “სუსტი ხარ, ქვეყანაზე ადგილი რად გიკავია, თვალს რას გვჭრი შენის წყლულების ჩვენებით, რა გიყო, რა გიშველო, ხომ ფეხზე ვერ დაგაყენებ, თუ შენდა-თავად წამოდგომა არ შეგიძლია”.

ნიკო ნიკოლაძის აზრით, მცირერიცხოვანი ერებისთვის ასევე უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის იარაღია სიმრავლე, ნაკლისა და ჭირის არ დამალვა და თვითმკურნალობა, ოინობის უარყოფა: “ჩვენ რიცხვით, ძალით, ოინობით ვერაფერს ვერასოდეს ვერ გავიტანთ… ერთი იარაღი გვაქვს ჩვენ, მარტო ერთი _ აზრის სისწორე, სინდისის სიმრავლე, გონიერება, საქმის სიწმინდე. მარტო ამით შეგვიძლია ჩვენ გავიმარჯვოთ, შემდეგში, მომავალში, როდესმე. მაშ, ჩვენ უმანკოდ და გაუსვრელად უნდა შევინახოთ ეს ჩვენი მხოლოდი იარაღი, თორემ იმ დღეს, როცა ჩვენი მტერნი, რიცხვით და ძალით ძლიერნი, ჩვენ წინააღმდეგ სიმართლესაც მოიპოვებენ, ჩვენი საქმე ფიზიკურად და ზნეობრივადაც დაღუპული იქნება”. ამ შეგონებას ნიკოლაძის პოლიტიკური ანდერძი შეიძლება ვუწოდოთ, რომლიდანაც ქართველმა ერმა არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს. ნიკოლაძეს კარგად ესმის, რომ დღეს ვეღარავის მოატყუებ, საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც ჩვენი ნაკლოვანებანი ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ: “ქვეყანა იმდენად ბრმა და ყრუ როდია, რომ ჩვენი შეცდომები ან უხეირობა ვერ დაინახოს თვითონ, ჩვენ რომ ამაებზე მუნჯებსავით გავჩუმდეთ. სირაქლემასავით ჩვენ რომ თავი ბუჩქებში დავმალოთ, მტერი მაინც დაგვინახავს და მაინც დაგვამარცხებს. ათასჯერ და ათიათასჯერ ჯობია, რომ ჩვენ ჩვენი თავი გავიცნოთ, ჩვენი სიმრუდე თვითონვე გავისწოროთ და მაშინ უფრო ძლიერნი ვიქნებით მტრის წინააღმდეგ, ვინემ დღესა ვართ”…

ნიკო ნიკოლაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ეროვნული ენერგიის სწორ და რაციონალურ გამოყენებას, ძალების უგუნური ხარჯვის თავიდან აცილებას, საერთო საქმისადმი გონივრულ დამოკიდებულებასა და თავდადებას. ეს მას მიაჩნდა წარმატების გარანტად, განვითარებისა და დაწინაურების, ომში გამარჯვების პირობად. მაგრამ არის კიდევ უფრო არსებითიზარალი საერთო ინტერესებისა”, რომელსაც ქვეყნად არასდროს არ ეხება არავითარი კონტროლი.

…ქვეყნის ცხოვრებაში ხშირად წამოიჭრება ხოლმე საკითხი, რომელი საქმეებია პრიორიტეტული ერისთვის _ საშინაო თუ საგარეო? ნიკოლაძის დასკვნა ასეთია: “მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებანი, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენს შინაგან წესებს არ ავიყვანთ საგარეო დიდების სიმაღლეზე, თუკი ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენს თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდავოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს”.

დასასრული შემდეგ ნომერში

2 COMMENTS

  1. უმნიშვნელოვანესი სიბრძნე და პრინციპებია მოცემული ამ გენიოსი კაცის მოძღვრებებში, გამგები და წამკითხავი არ ჩანს. “ნაციონალ ბანდიტების” მთავარი დანაშაული ქვეყნის წინაშე ამორალურობა, ზნეობის დამსხვრევა, უვიცობა და ქვეყნის მართვის სადავეების, უცხო ხელმწიფოსთვის გადაცემაა. უწიფარ და ფსიქოლოგიურად არამდგრად ბიჭებს, ომობანა ათამაშეს სამხედრო თვალსაზრისით უმძლავრეს მეზობელ სახელმწიფოსთან. რა შედეგით დამთავრდა ეს ავანტიურა ცნობილია. აი ეს ხალხი ითხოვს კვლავ, ქვეყნის მართვას. მოსახლეობას ტერერორი, დაჭერები და ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა მოენატრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here