Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე სახელმწიფოს პირველი პირების ყველაზე გახმაურებული ცოლქმრული ღალატი

სახელმწიფოს პირველი პირების ყველაზე გახმაურებული ცოლქმრული ღალატი

ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი

1999 წლის 3 მარტს მონიკა ლევინსკიმ ამერიკელი ხალხის წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმ როლისთვის, რომელიც მან ითამაშა აშშის პრეზიდენტ ბილ კლინტონის იმპიჩმენტის საქმეში. სახელმწიფოს პირველი პირის მიერ ცოლქმრული ღალატის ყველაზე ხმაურიანი სკანდალი კლინტონის სახელს უკავშირდება. მსგავსი შემთხვევები არც ისე იშვიათია. გაეცანით სახელმწიფოს პირველი პირების რომანტიკულ თავგადასავლებს.

მონიკა ლევინსკი
მონიკა ლევინსკი

ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტსა და თეთრი სახლის სტაჟიორ ქალს შორის ინტიმური კავშირი 1998 წელს გამჟღავნდა, როცა მონიკა ლევინსკის დაქალმა ლინდა ტრიპმა გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც მონიკა ლევინსკი ცოლიან ბილ კლინტონთან ინტიმური ურთიერთობის დეტალებზე ლაპარაკობდა. ბილ კლინტონმა მონიკა ლევინსკი 1996 წელს გაიცნო, როცა ქალი თეთრ სახლში სტაჟიორად მიიღეს. ინტიმური ურთიერთობა კი მაშინ დაიწყო, როცა მონიკამ პენტაგონში დაიწყო მუშაობა.

როგორც მოგვიანებით გამოძიებამ გაარკვია, ლევინსკი და კლინტონი ერთმანეთს თეთრ სახლში ხვდებოდნენ და, ძირითადად, ორალური სექსით იყვნენ დაკავებული. რამდენიმე შეხვედრა კი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. პროკურატურამ მოიპოვა არა მხოლოდ ლევინსკის აღიარებითი ჩვენება, არამედ მტკიცებულებაც _ ლევინსკის კაბა, რომელზეც იყო პრეზიდენტის დნკ. დაკითხვებმა შეარყია ლევინსკის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ძალიან დააზარალა ბილ კლინტონის ოჯახური ურთიერთობები, აგრეთვე, რეპუტაცია. თვითონ კლინტონი კი შეეცადა, ხელი შეეშალა გამოძიებისთვის, მოგვიანებით ის ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულეს, 1998 წელს მის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას შეეცადნენ, მაგრამ სასამართლომ იმპიჩმენტის პროცესს მხარი არ დაუჭირა. კლინტონმა პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ მისი რეპუტაცია ძალიან დაზიანდა.

1999 წელს მონიკა ლევინსკიმ გამოსცა მემუარები, რომელშიც აღწერა პრეზიდენტთან ურთიერთობა. ამ მემუარებმა ლევინსკის 2 მლნ-მდე დოლარი მოუტანა. 2004 წელს კი ლევინსკის წიგნის საპასუხოდ კლინტონმაც გამოსცა მემუარები, რომელშიც წერს, რომ მათი ურთიერთობა ლევინსკის ინიციატივით დაიწყო და მონიკამ წინასწარგანზრახვით შეაცდინა.

დუაიტ ეიზენჰაუერი და კეი სომერსბი
დუაიტ ეიზენჰაუერი და კეი სომერსბი

დუაიტ ეიზენჰაუერი და კეი სომერსბი

სამხედრო გენერალსა და აშშ-ის 34-ე პრეზიდენტს რომანი ჰქონდა თავის მძღოლ კეი სომერსბისთან. ქალი ქვრივი იყო _ ქმარი მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა. ამის შემდეგ კეიმ ეიზენჰაუერის მდივნად დაიწყო მუშაობა.

1990-იან წლებში გამოქვეყნდა დუაიტ ეიზენჰაუერსა და კეი სომერსის მიმოწერა: წერილებში აშშ-ის პრეზიდენტი ჰპირდებოდა ქალს, რომ ცოლს გაეყრებოდა. სომერსბიმ დაწერა რამდენიმე წიგნი, რომლებსაც დღემდე გამოსცემენ.

პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი
პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი

პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერბოულზი

უელსის პრინცსა და კამილას შორის სიმპათია გაჩნდა 1970-იანი წლების დასაწყისში, როცა ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს და ურთიერთობაც გააბეს. მაგრამ კამილა ჩარლზის ცოლობის შესაფერისი კანდიდატურა არ აღმოჩნდა _ პრინცის მშობლებს თავიანთი შვილისთვის სხვა მეუღლე სურდათ. პრინცმაც აირჩია დაიანა სპენსერი, რომელიც მალე ყველას შეუყვარდა გაერთიანებულ სამეფოში. მაგრამ ჩარლზს ვერც ქორწინებამ და ვერც შვილებმა ვერ ათქმევინეს უარი სასიყვარულო თავგადასვლებზე. ის არც მალავდა ძლიერ ემოციურ კავშირს კამილასთან, რამაც იმოქმედა დიანაზე და მან მეუღლეს უპასუხა შემხვედრი განცხადებით, რომ ურთიერთობა ჰქონდა ცხენოსნობის ინსტრუქტორთან.

დოდი ალ ფაიედი და დაიანა სპენსერი
დოდი ალ-ფაიედი და დაიანა სპენსერი

1997 წელს კი დაიანამ რომანი გააჩაღა ეგვიპტელი მილიარდერის შვილ დოდი ალ-ფაიედთან. იმავე წელს დაიანა და დოდი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. სკანდალი ჩარლზისთვის სასიკეთოდ დასრულდა _ 2005 წელს პრინცმა მაინც იქორწინა კამილაზე, რომელთანაც 40 წლის განმავლობაში ჰქონდა რომანი. სხვათა შორის, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II ქორწილში არ ყოფილა და წყვილი არ დაულოცია.

ნელსონ მანდელა და გრასა სიმბინე
ნელსონ მანდელა და გრასა სიმბინე

ნელსონ მანდელა და გრასა სიმბინე

გრასა სიმბინე ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, რომელიც ორი სახელმწიფოს პირველი ლედი იყო. სიმბინე პირველად 1976 წელს გათხოვდა, მისი რჩეული იყო სამორა მაშელი _ მოზამბიკის მომავალი პრეზიდენტი. წყვილის ქორწინებამ 11 წელს გასტანა, მაშელის ავიაკატასტროფაში დაღუპვამდე.

1996 წელს ნელსონ მანდელამ, უკვე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, აღიარა, რომ გრასასთან, წლებია, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ამ აღიარებამ გრასას დიდი პოპულარობა მოუტანა.

1998 წელს კი 52 წლის სიმბინე ცოლად გაჰყვა 80 წლის მანდელას, რომელმაც მას თავისი ცხოვრების სიყვარული უწოდა.

ჯონ კენედი და მერილინ მონრო
ჯონ კენედი და მერილინ მონრო

ჯონ კენედი და მერილინ მონრო

პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის დასახელებისას, 1957 წელს, ჯონ კენედი უკვე იცნობდა მერილინ მონროს. ისინი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ პირველად. მერილინის ვერშემჩნევა შეუძლებელი გახლდათ. კენედების წყვილი მონროს თაყვანისმცემელი იყო. მისი პლაკატი ჯონის კაბინეტში ეკიდა. ვითარება დაიძაბა 1962 წელს, როდესაც მონრომ დაურეკა ჟაკლინ კენედის და უთხრა, რომ სურს, იყოს პრეზიდენტის ცოლი. რთული წარმოსადგენია ემოციების ქარიშხალი, რომელიც განიცადა პრეზიდენტის კანონიერმა მეუღლემ, მაგრამ მან შეძლო ერთმნიშვნელოვნად ეპასუხა: “თუ გსურს მისი ცოლობა, მაშინ დაიკისრე ყველა მოვალეობა, მათ შორის პასუხისმგებლობა მის ყველა საქციელზე”. თავისი 45-ე წლისთავის საზეიმო წვეულებაზე ჯონ კენედიმ სწორედ მონრო მიიწვია, სადაც მან შეასრულა თავისი ცნობილი Happy Birthday Mr. President. მას შემდეგ, რაც ხმები რიგით ამერიკელებს შორისაც გავრცელდა, ჯონ კენედი თავს არიდებდა მერილინს, მაგრამ ქალი მაინც შეეცადა ურთიერთობის აღდგენას ჯონ კენედის ძმის, რობერტის, მეშვეობით, რომელთანაც ადრე ჰქონდა სასიყვარულო კავშირი.

ჯონ კენედი და ჟაკლინ კენედი
ჯონ კენედი და ჟაკლინ კენედი

1962 წლის აგვისტოში მერილინი და რობერტი ერთმანეთს შეხვდნენ. არავინ იცის, რაზე ისაუბრეს ყოფილმა საყვარლებმა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ მონრო გარდაცვლილი იპოვეს.

ფრანსუა მიტერანი და ან პენჟო
ფრანსუა მიტერანი და ან პენჟო

ფრანსუა მიტერანი და ან პენჟო

საფრანგეთის პრეზიდენტი (1981-1995) განთქმული იყო სასიყვარულო თავგადასავლებით. ან პენჟო მისი “ოფიციალური” საყვარელი იყო 1980-იანი წლების დასაწყისიდან. მათი ურთიერთობა ფრანსუას გაპრეზიდენტებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. პენჟომ მიტერანისგან ქალიშვილი გააჩინა _ მაზარინი. ფრანსუა მიტერანს დედა-შვილი ყველაფრით უზრუნველყოფილი ჰყავდა, მათ შორის _ პრეზიდენტის რეზიდენციაში ბინითაც. საკვირველია, მაგრამ ფრანგი საზოგადოება შეეგუებული იყო ფრანსუა მიტერანის “ორმაგ ცხოვრებას”.

ფრანსუა მიტერანი

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here