Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო საბედისწერო გზაგასაყართან

საქართველო საბედისწერო გზაგასაყართან

1900
საქართველო საბედისწერო გზაგასაყართან

რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა ილია ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი _ ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება, რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთანდიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”.

გამეორება ცოდნის დედააო, _ ნათქვამია და სასულიერო სემინარიის რექტორისადმი გაგზავნილი წერილის ბოლოს საქართველოს უგვირგვინო მეფემ, უფრო მისი თანამედროვე ქართველების გასაგონად, ვიდრე სერაფიმესი ბრძანა დიდმა ილიამ: ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნაარყოფნის საკითხთანო”, იქნებ განმეორებით ნათქვამი მაინც შეისმინოსო ქართველი ერის ურა-პატრიოტულმა ნაწილმა, რომ იმჟამინდელ მსოფლიოში დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებაც კი სრული უტოპია იყო და, რომ ამ მწარე, მაგრამ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის– ო, _ დასვა ბეჭედი (თუ ასე თქმა უპრიანია) უდიდესმა ქართველმა…

სერაფიმესადმი გაგზავნილ წერილში ილიას ნააზრევის მოკლე რეზიუმე, გნებავთ, დედააზრი კი არის ის, რომ პატარა საქართველოს უფრო სჭირდება დიდი რუსეთი, ვიდრე პირიქით: დიდ რუსეთს _ პატარა საქართველო და ეს რბილად თუ ვიტყვით, ხოლო, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ობიექტურად საქართველო რუსეთს, უკაცრავად და, ფეხებზე უნდა ჰკიდებოდა, მაგრამ..

მას შემდეგ, რაც სულკურთხეულმა ერეკლე მეფემ ქართლ-კახეთის სამეფო ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიას შეავედრა საპატრონოდ, ფიზიკურ განადგურებასა და ზნეობრივ გადაგვარებას ხომ გადავრჩით 200 წლის განმავლობაში, ხატოვნად თუ ვიტყვით, ქართველებს დედარუსეთის ძუძუ გვედო პირში, გამძღარნი და რაოდენობრივად მომრავლებულნი, განათლებასა და ხელოვნებას ვეზიარეთ და ა.შ. სხვა მრავალი აუწონავი სიკეთის სანაცვლოდ რუსი “ოკუპანტები” ქართველი “მონებისგან” მხოლოდ ზემოხსენებული განათლებისა და ხელოვნების დემონსტრირებას მოითხოვდნენ. რუს-ქართველთა ორსაუკუნოვანი თანაცხოვრება პირადად ჩემთვის იმ კინოკადრთან (“ქეთო და კოტე”) ასოცირდება, როდესაც კნიაზ ლევანის საიუბილეო სუფრაზე მრავალჟამიერის გუგუნში ბეჭგანიერი, ტანწერწეტა ქართველი ვაჟკაცების შემოგელვება ჰქვია. აქედან გამომდინარე, ალბათ, გასაგებია, რატომ ჩავსვი წიწნკლებში სიტყვები _ მონები და ოკუპანტები. რუსეთის იმპერია ერთადერთია ისტორიულად ცნობილ იმპერიებს შორის, სადაც დაპყრობილი ერები უფრო კარგად ცხოვრობდნენ, ვიდრე დამპყრობლები.

საქართველოს მიმართ ხომ საერთოდ _ დიდი უსამართლობაა დამპყრობელი უწოდო ქვეყანას, რომელსაც, როგორც ერთმორწმუნეს, მრავალი წლის განმავლობაში შემწეობამფარველობას სთხოვდე. როდესაც მიიღე ერთიცა და მეორეც, ფიზიკურ განადგურებასა და ისლამის ოკეანეში ზნეობრივ გადაგვარებას გადაურჩი და მადლობის მაგივრად 200 წლის შემდეგ რუსეთს ისტორიულ მტერს უწოდებ, ხოლო მათ (ირან-ოსმალეთს), რომელთა მონობისგან ერთმორწმუნე რუსეთმა გიხსნა, ისტორიულ მეგობრად შერაცხავ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ისტორიული უმადურობაა, რაც, ერთი მხრივ, დიდი ცოდვაა, ხოლო მეორე მხრივ, ქმედება, რომელიც ისჯება. და აკი ლამის სამი ათეული წელიწადია, ვისჯებით კიდეც სოხუმ-ცხინვალის დაკარგვის სახით, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, სოხუმ-ცხინვალის დაბრუნებას ვინღა დაეძებს, სხვა ტერიტორიებიც შეიძლება დავკარგოთ. საზღვარი იქით _ ქუთაისთან და აქეთ _ მარნეულთან თუ არ გაგვივლეს და, საერთოდ, არ მოგვსპეს, როგორც სახელმწიფო, მადლობა გვექნება სათქმელი!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უმძიმესი პოლიტიკური პერსპექტივის წინაშე, ერთგვარ საბედისწერო გზაგასაყართან დგას, მაგრამ ჯერჯერობით არა გამოუვალ მდგომარეობაში, რადგან გზაგასაყარი არჩევანის საშუალებასაც ნიშნავს, საქართველო სწორ არჩევანს გააკეთებს თუ არა, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ყოფნაარყოფნის საკითხი.

დიდი ილიას მიერ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმესადმი მიწერილი წერილიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ შევთანხმდით, პატარა საქართველოს უფრო სჭირდება დიდი რუსეთის დახმარება, ვიდრე პირიქით. უფრო ზუსტად: რუსეთს საერთოდ არ სჭირდებოდა საქართველო _ ეს ასე იყო 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან მოყოლებული დღემდე და, ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს დადგა ჟამი, როდესაც პატარა საქართველოს შეუძლია, სიმბოლური კი არა, ისეთი ქმედითი და ღირებული დახმარება გაუწიოს ერთმორწმუნე დიდ მეზობელს, რომელსაც უპასუხოდ ვერ და არ დატოვებს მოსკოვის საპატრიარქო და, რაც მთავარია, კრემლი. ანუ, რუსეთის საეკლესიო და პოლიტიკური ხელისუფლებები, რომლებიც, საქართველოსგან განსხვავებით, ერთსულ და ერთხორც არიან.

მხედველობაში მაქვს ე.წ. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ უკრაინელი “რასკოლნიკებისთვის” ე.წ. ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა… ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: ბართოლომეოსი მხოლოდ ნომინალურად ითვლება მსოფლიო პატრიარქად, ეს ერთი; ბართოლომეოსი თურქეთის მოქალაქე რომ არის და თურქეთ-ისრაელ-აშშ-ის სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი, არავისთვის საიდუმლო აღარ არის, ეს ორი; და ყველაზე მთავარი _ მსოფლიოში სულ 300 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანია და მათი ნახევარი, 150 მილიონი, მოსკოვის საპატრიარქოს მრევლია. ჰოდა, თუნდაც მხოლოდ აქედან გამომდინარე, ვინ არის მსოფლიოს რეალური, გნებავთ, დე ფაქტო პატრიარქი _ ბართოლომეოსი, რომელსაც სტამბოლის რეზიდენციის მიღმა ქუჩაში ანაფორით გამოსვლა ეკრძალება, თუ რუსეთის უდიდესი, უმდიდრესი და უძლიერესი ეკლესიის საჭეთმპყრობელი პატრიარქი კირილე?

იმის დასანახავად, რომ რუსეთის იმპერია, პრაქტიკულად, უკვე ალყაშემორტყმულია ნატოს ინფრასტრუქტურითა თუ სამხედრო ბაზებით, დიდი პოლიტოლოგ-ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია, პოლიტიკური რუკის ფერების გარჩევა იცოდე და ცხადი შეიქნება, რომ ზემოხსენებული ალყის საბოლოოდ შემორტყმას უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის ვიწრო ზოლზე ნატოს ბაზების განლაგებაღა აკლია, რაც ჯერჯერობით ვერ მოახერხა პენტაგონმა. სამაგიეროდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახერხა, რუსეთისთვის უკრაინად წოდებული ისტორიული ტერიტორიის ნაწილი პოლიტიკურად “აეხია”…

დიახ, უკრაინად წოდებული, რადგანაც ისტორიულად იმ ტერიტორიას, რომელსაც დღეს უკრაინა ჰქვია, სულ ახლახან “აკრაინა”, ანუ რუსულად განაპირა ტერიტორია, ან უკეთეს შემთხვევაში “მალოროსია” ერქვა. დიახ, სულ ახლახან, რადგან, უკრაინა, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ჯერ ვლადიმერ ლენინის, ხოლო შემდეგ ტუტუცი ნიკიტა ხრუშჩოვის გულუხვობით შეიქმნა.

რუსები და უკრაინელები, პრაქტიკულად, ერთი ერია, ეთნიკური ნიშნით რომ გახლიჩეს აშშ-ევროპის ნეოლიბერალებმა და ახლა უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ე.წ. მსოფლიო პატრიარქის მიერ, როგორც იტყვიან, იმავე ოპერიდან არის _ ახლა რელიგიური ნიშნით ცდილობენ დასავლელი ნეოლიბერალები უკრაინელებისა და რუსების დაპირისპირებას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსკოვის საპატრიარქო მართლმადიდებელ სამყაროში თანამოაზრეებს ეძებს იმ თვალსაზრისით, რომ არ დაუშვას სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების მიერ უკრაინელირასკოლნიკებისცნობა და ამ ძებნაში იმედის თვალით საქართველოს სამოციქულო ეკლესიასაც შეჰყურებს.

დიახ, საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მართალია, მრევლის სიმრავლითა თუ სიმდიდრით ახლოსაც ვერ მივა რუსეთის ეკლესიასთან, სამაგიეროდ, გაცილებით აღემატება იმავე რუსეთის ეკლესიას იერარქიულად _ ქრისტეს აქეთ პირველსავე საუკუნეში იქადაგეს ქრისტიანობა საქართველოში იესო ნაზარეველის უშუალო მოწაფეებმა _ სიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა და ამიტომაც ეწოდება ქართულ ეკლესიას სამოციქულო.

თუნდაც მხოლოდ აქედან გამომდინარე, საქართველოს დედაეკლესიის მხარდაჭერა რუსეთის ეკლესიისთვის უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიის არაღიარების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსკოვის საპატრიარქოსთვის და სწორედ ეს გვქონდა მხედველობაში, როდესაც ზემოთ დიდი რუსეთისთვის პატარა საქართველოს საჭიროებაზე ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, ნეოლიბერასტულმა ბაცილებმა საქართველოს დედაეკლესიაშიც შეაღწიეს და სულაც არ არის უეჭველი, რომ წმინდა სინოდი, საღი აზრიდან გამომდინარე, პრაგმატულ განჩინებას მიიღებს და უკრაინელირასკოლნიკებისავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერს. უკვე გაისმის მეუფე ყანდურთა წიკვინი, საქართველოს დედაეკლესიამ ოკუპანტი რუსეთის ეკლესიის მიმართ მწვავე კონფრონტაციული პოზიცია უნდა დაიკავოსო.

და, რას მოგვიტანს უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და მხარდაჭერა? რას და მოსკოვის საპატრიარქო ავტომატურ რეჟიმში ცნობს აფხაზეთცხინვალის ეპარქიების დამოუკიდებლობას საქართველოს საპატრიარქოდან და უმალ გაწყდება საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არსებული ევქარისტული ძმობაკავშირი. ანუ, უკანასკნელი ინსტიტუციური ძაფი და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ოცნებაც კი ერთხელ და სამუდამოდ დალევს ჩაილურის წყალს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ არა მხოლოდ წმინდა სინოდშია აზრთა სხვადასხვაობა, არამედ, როგორც ამბობენ, საერო ხელისუფალთა მხრიდან ფარული თუ აშკარა ზეწოლა ხორციელდება საპატრიარქოზე, პირადად მის უწმინდესობა ილია მეორეზე, რათა საქართველოს დედაეკლლესიამ ცნოს “მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე” უკრაინის ავტოკეფალია.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წიაღს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უკვე აღნავლდნენ მეუფე ყანდურთა ბელადები ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრესა (ცაავა) და ფოთის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის (ერისკაცობაში, გურამ ბერბიჭაშვილი) სახით. ამ მეუფე ყანდურებს საერო ხლისტმა, რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა ავტორიტეტული მეუფენი უწოდა, მაგრამ, საკითხავია, ვის თვალშია ავტორიტეტი მეუფე პეტრე, რომელიც მარტვილის რეზიდენციაში მალავდა სადისტ ძმებ ახალაიებს, მეგიზ ქარდავას და იქიდან გააპარა საზღვარგარეთ, წმინდა ხატების გვერდით კი უწმინდური სააკაშვილის ბანერები ჰქონდა აყუდებული?!

ან რა უნდა ითქვას მეუფე ყანდურთა ერთ-ერთ მამამთავარ მეუფე გრიგოლზე?

სიმბოლური ფაქტია, რომ მისმა “სახელოვანმა” მოგვარემ, გიგლა ბერბიჭაშვილმა, გასული საუკუნის დასაწყისში დიდი ილია გამოასალმა წუთისოფელს, ხოლო გურამ ბერბიჭაშვილი წლების მანძილზე ძირს უთხრის ილია მეორეს. მოკლედ, ვნახოთ, როგორც წარიმართება პროცესები. იქნებ ახლა მაინც იზეიმოს საღმა აზრმა და საბედისწერო გზაგასაყართან მდგომმა საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთოს…

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. ღმერთმა გვაშოროს მართლმადიდებელთა, მათ შორის უკრაინელთა დაქცევის მოსურნე ბართოლომეოსი.

  2. ქართული ეკლესია კრემლის უპირველესი საყრდენი საქართველოში (შავრაზმელები)!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ალექსანდრე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here