საქართველო–რუსეთის მრავალწლიან ურთიერთობას, ქართველების ურთიერთობას ჩრდილოელ მეზობლებთან ქართულ ისტორიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ თემაზე სხვადასხვა დროს არა ერთმა მეცნიერმა უამრავი ნაშრომი თუ მონოგრაფია დაწერა, რომლებიც საქართველოსთან ჩრდილოელი მეზობლების ურთიერთობის რეალურ სურათს წარმოგვიდგენს. ამჯერად მკითხველს შევთავაზებთ აკადემიკოს როინ მეტრეველის ნაშრომს “საქართველო და ჩრდილოეთის მეზობლები”.
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის სათავე უხსოვარ დროშია ჩაკარგული. ამ ორი ძველი ხალხის ნაცნობობა, სულ ცოტა, ათ საუკუნეს მაინც მოითვლის. X-XI საუკუნეების რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა.
ჯერ კიდევ IX საუკუნის შუა ხანებიდან ადრეფეოდალური კიევის რუსეთი აღმოსავლეთ ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკურ მოვლენათა ორბიტაში მოექცა. ბიზანტიის იმპერია ყოველმხრივ ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია ახალი, წინ მიმავალი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, თანაც მის თვალსაწიერში, განსაკუთრებით არაბებისგან შევიწროების შემდეგ, განსაკუთრებული ფასი დაედო შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მიწებს.
აღმოსავლური წყაროები თვალსაჩინოდ მიუთითებენ, რომ რუსეთის სახელმწიფო თავის მხრივ ისწრაფვოდა დიდი სავაჭრო–ეკონომიკური მნიშვნელობის სამდინარო თუ საზღვაო გზების ხელში ჩასაგდებად.
რაც შეეხება საქართველოს ფეოდალურ მონარქიას, როგორც ცნობილია, XI საუკუნიდან აღმავლობის გზაზე იყო და საჭირო შემთხვევაში გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან.
ამ ურთიერთობას უმეტესწილად პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავდა და კიევის რუსეთთან ურთიერთობასაც ამგვარი მიზანი უნდა ჰქონოდა.
ქართული ნატურალური წყაროების უძველესი ცნობები რუს-ვარანგებისა და ქართველების კონტაქტის შესახებ XII საუკუნეს განეკუთვნება. საგულისხმოა, რომ რუს-ქართველთა შეხვედრის ერთ ფაქტს აღწერს სომეხი ისტორიკოსი სტეფანოზ ტარონაცი. ზემოხსენებული ცნობები IX საუკუნისაა, მაგრამ სავარაუდოა, რომ ქართველთათვის ცნება “რუსი”, ისევე, როგორც “რუსი ხალხი” ადრეც არ ყოფილა უცნობი, თუნდაც ის ფაქტი, რომ სუმბატ დავითის ძე რუსს ყოველგვარი კომენტარის გარეშე იხსენიებს, დასტურია იმისა, რომ ეს ცნება XI საუკუნემდეც არ იყო უცხო ქართველთათვის.
რუსის ბადალი ტერმინებია ქართულ მატიანეებსა და საბუთებში მოხსენიებული ვარანგი და სკვითი. ქართული წყაროები იცნობენ ტერმინ სკლავსაც (სლავი). ეს ტერმინი, ზოგ შემთხვევაში, ბოლღართან (ბულგარელი) არის გაიგივებული.
ქართველთა და ვარანგთა ურთიერთობის შესახებ მეტად საინტერესო ცნობაა დაცული მატიანე ქართლისაიში. თხზულებაში იქ, სადაც ლაპარაკია საქართველოს მეფე ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს შორის ურთიერთობის გამწვავების შესახებ, აღნიშნულია, რომ მათ ბრძოლაში მონაწილეობდა 3 000 ვარანგანი (ვარიაგები).
ისტორიკოსებში არ არის აზრთა ერთიანობა იმის შესახებ, თუ ვის მხარეს იბრძოდნენ ვარანგნი. ერთნი მიიჩნევენ, რომ ისინი იყვნენ ლიპარიტის მხარეს, მეორენი თვლიან, რომ ვარანგნი ბაგრატ IV-სთან იყვნენ. ჩვენთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, თუ ვის მხარეს იბრძოდნენ ვარანგნი. ჩვენი დაკვირვებით, ისინი სწორედ საქართველოს მეფეს უმაგრებდნენ მხარს. ასე ესმოდა ეს ფაქტი ვახუშტისაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ “ბაგრატს მოერთნენ 3 000 ვარანგნი, მოიყვანა მეფემან 700 მათგანი და შიდა ქართველნი”.
ნიშანდობლივია, რომ ვარანგები შავი ზღვითა და მდინარე რიონით მოვიდნენ ბაშამდე, როგორც ჩანს, ბაში მნიშვნელოვანი პუნქტი იყო რიონის სანაოსნო მაგისტრალზე, რომელიც მეფესა და მის ადმინისტრაციას ემორჩილებოდა.
ამგვარად, მატიანე ქართლისაი ნათელყოფს, რომ XI საუკუნის შუა წლებში ქართველებსა და ვარანგებს, არა მხოლოდ შორეული ნაცნობობა, არამედ ახლო ურთიერთობა ჰქონიათ.
რუსი ბერძნულიდან ქართულად გადმოთარგმნილ არაერთ ნაწარმოებში გვხვდება. ცხოვრება ანდრია სალოსისა გვამცნობს: “მე ვიტყოდი, რომ ნათესავნი მწითურთა მოვალს, რომელსა ჰქვიან რუსნი”.
გიორგი მთაწმინდელის მიერ ბერძნულად თარგმნილ თხზულებაში “ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნა კონსტანტინეპოლისა სპარსთა და სკვითთა ზედა მოსვლისაგან” მოთხრობილია სკვითებისა და ავარების მიერ კონსტანტინეპოლის გარემოცვის ამბავი. აღნიშნულია, რომ ჰერაკლე კეისარი იყო შემუსრული მრავალგზის სპარსთა მიერ და სკვითთა ე. ი. რუსთა, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკვითის განმარტებას.
XII საუკუნის დასაწყისიდან, დავითის მეფობის დროს, რუსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაიზარდა. გვინდა, ყურადღება მივაქციოთ XVII საუკუნის ერთ ცნობას, რომელიც დაცულია ანტიოქიის პატრიარქის, მაკარიოსის, შვილის _ პავლე ალეპოელის თხზულებაში, რუსეთის (სადაც ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდნენ მაკარიოსი და პავლე) სამეფო ადმინისტრაციის დავალებით, პავლე ალეპოელს შეუსრულებია საქართველოს აღწერილობა და საიდუმლო საგანმგიოსათვის მიუწოდებია. აღწერილობაში არა მხოლოდ XVII საუკუნის საქართველოზეა ლაპარაკი, არამედ მისი წარსულიცაა მოცემული.
ვფიქრობთ, მართებულია მოსაზრება, რომ ამ ცნობაში შეიძლება იგულისხმებოდეს დავით აღმაშენებელსა და ვლადიმერ მონომახს შორის პოლიტიკური ურთიერთობის გარკვეული აღნუსხვა და დაკავშირებული იყოს საქართველოში ყივჩაღთა გადმოსახლებასთან.
წყაროს მიხედვით, დავითი რუსეთში ჩასულა დახმარების სათხოვნელად. პავლე ალეპოელის ეს ცნობა სხვა წყაროებით არ დასტურდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ემყარებოდა რაიმე გადმოცემას ან ჩვენამდე მოუღწეველ რომელიმე წერილობით წყაროს. არ არის გამორიცხული, რომ ყივჩაღეთიდან დავით მეფის სარწმუნო კაცებს მეფის დავალებით გზა რუსული სამთავროსაკენ გაეგრძელებინათ, ყივჩაღთა მიწა ხომ უშუალოდ ემიჯნებოდა რუსულ სამთავროთა საზღვრებს.
დავითის სარწმუნო კაცთა მისვლა კიევის მთავართან ყივჩაღთა საქართველოში გადმოსახლების შესახებ ცნობის მიწოდების მიზნით, ალბათ, აუცილებელიც იყო. პ. ალეპოელის ცნობა ავტორის დროის გარსშია გახვეული, კერძოდ, ისეა დახატული ვითარება, როგორც XVII საუკუნის საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი, როცა საქართველოს მეფეები რუსეთის სამეფო კარისაგან მართლაც ითხოვდნენ დახმარებას.
ალეპოელის ცნობით დავითისათვის დახმარება აღმოუჩენიათ რუსეთში, დამხმარე ძალა მიუციათ, რომელთა საშუალებითაც მტერი უნდა გაედევნათ, ამ ძალაში ყივჩაღები უნდა იგულისხმებოდეს. მესხიამ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ რუსი მემატიანეები ვლადიმერ მონომახს მიაწერენ ყივჩაღების განდევნას რკინის კარს იქით საქართველოში და არა საქართველოს მეფეს, რომელმაც ეს ღონისძიება უშუალოდ გაატარა.
რუსი მემატიანის კატეგორიულ ცნობაში ჩვენ უნდა დავინახოთ ის ფაქტი, რომ კიევის დიდმა მთავარმა, ალბათ, მიიღო მონაწილეობა ყივჩაღთა გადმოსახლებაში, ეს მონაწილეობა, თავის მხრივ, დავითსა და ვლადიმერ მონომახს შორის მოლაპარაკებას უნდა გულისხმობდეს. ნიშანდობლივია, რომ რუსეთშიც სცოდნიათ დავითის მიერ უწმინდურთა განდევნის შესახებ.
დავითის გამარჯვებებმა და წინსვლამ, ბუნებრივია, კიდევ უფრო განამტკიცა კავშირი რუსეთთან; გაძლიერებულ საქართველოსთან კავშირი, რა თქმა უნდა, ძველი რუსეთის ინტერესებშიც იყო.
ირანის ხელნაწერთა ფონდებში მაგალი თოდუამ მიაკვლია და გამოაქვეყნა XII-XIII საუკუნეთა ქართველ მეფეთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მიმოწერა მახლობელი აღმოსავლეთის სულთნებთან.
ამ მიმოწერაში საყურადღებოა ქართველ მეფეთა ტიტულატები, რომლითაც მათ მუსლიმანი მფლობელები მოიხსენიებენ. აი ზოგიერთი მათგანი: აფხაზის პატრონად სახელდებულ მეფე დავითისადმი გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ “ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა, ტახტთა და გვირგვინთა მემკვიდრეობით მპყრობელისა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა, ქრისტეს სარწმუნოების მცველისა, აფხაზის, შაქის, ალანისა და რუსის მეფეთ მეფისა” და ა. შ.
იმავე ადრესატისადმი სხვა წერილში ვკითხულობთ “აფხაზთა მეფეთა მეფის რუმისა და რუსის მარზპანის, ქრისტეს სარწმუნოების შემწის” ან კიდევ “ქვეყანათა მფარველი გურჯის, აფხაზის, ალანის, შაქისა და ხაზარის მეფეთა მეფე”.
ამთავითვე შევნიშნავთ, რომ პირველ ორ შემთხვევაში აფხაზი ნიშნავს სრულიად საქართველოს, ეს აღმოსავლეთის სხვა ავტორებთანაც კარგად ჩანს, მაგ ხაყანი შარვანი გვამცნობს, რომ “აფხაზ მოსახლე გავხდი და ქართულად მოლაპარაკეო”.
მესამე წერილში აფხაზი და გურჯი ერთადაა ნახსენები, ე.ი. აფხაზი არ არის ნახმარი სრულიად საქართველოს მნიშვნელობით, სავარაუდებელია, იგი დასავლეთ საქართველოს გულისხმობდეს.
არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ წერილების ადრესატი დავით აღმაშენებელია. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს წერილების ადრესატის რუსის მეფედ მეფის ან რუსის მარზპანად ან კიდევ ხაზარის მეფედ მეფედ მოხსენიება, რაც შეეხება ამ უკანასკნელს, აქ ხაზარი ჩანს რუსის ბადალი. ამის დადგენა ქართული წყაროებითაც შეიძლება, ხაზარეთის ყოფილი ტერიტორია თამარის პირველი ისტორიკოსის მიერ რუსეთად არის მიჩნეული.
ქართლის ცხოვრების სხვადასხვა ნუსხაში _ დადიანისეული, მაჩაბლისეული, ფალავანდიშვილისეული და სხვა, იქ, სადაც ხაზარებზეა ლაპარაკი, არშიაზე წერია “ხაზარეთი რუსეთიაო”, ისიც ნიშანდობლივია, რომ თოდუას მიერ გამოქვეყნებულ წერილებში თუ ხაზარი და ყივჩაღია დასახელებული, რუსი ნახსენები აღარ არის ან პირიქით.
სხვადასხვა ისტორიკოსის მოსაზრებების გათვალისწინებით და მუსლიმანურ წყაროებზე დაყრდნობით, მართებული ჩანს თოდუას დასკვნები, რომ რუსი არა მარტო თანამედროვე რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილს ეწოდებოდა, არამედ ამიერკავკასიაში დაფუძნებულ გარკვეულ ერთეულსაც, რუსთა ერთ გარკვეულ შტოს აღნიშნავდა და ამავე მნიშვნელობით იყო ნახმარი ეს ტერმინი ქართველი ადრესატებისადმი გამოგზავნილ წერილებში.
ეს რუსი მოწყვეტილი იყო პირვანდელ საცხოვრისს და ჩრდილოეთიდან ემეზობლებოდა საქართველოს. როგორც ჩანს, ეს ერთეული ბაგრატიონთა სამეფო სახლის გავლენის ქვეშ მოქცეულა XII საუკუნეში, რაც, თავის მხრივ, ქართველ მეფეთა ტიტულატურაშიც ასახულა.
დავითს ემორჩილებოდნენ ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაღეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი.
აქ მოხსენებული ფრანგეთის რაობა არ არის საბოლოოდ გარკვეული, იქნებ სწორი იყო მელიქსეთბეგი, რომელიც, ფრანგეთის ნაცვლად, ვრანგეთს კითხულობდა, მისი სამეფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღუდემდე და ოვსეთითგან სოვარათ და არეგაწამდე.
დავითის შვილიშვილს _ გიორგი III-საც “ოვსთა და ყივჩაყთა რაოდენი ათასი კაცი უბრძანეს მოვიდიან, ეგრევე შარვანის სახლი თამარსაც მორჩილებენ ოვსნი და ყივჩაღნი”.
მართებულადაა მინიშნებული ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში, რომ გაძლიერებულ საქართველოს სამეფოსთან კავშირს რუსეთი თვითონ ესწრაფვოდა, მით უფრო, რომ დავითის დროს ყივჩაღები და ოსები უკვე საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ და ყივჩაღთა თავდასხმების თავიდან აცილება და სამხრეთ–დასავლეთ საზღვარზე მშვიდობიანობის უზრუნველყოფა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით იყო შესაძლებელი.
დავითი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, განსაკუთრებით ოსებთან და ყივჩაღებთან, ურთიერთობას.
ოსები გამოირჩეოდნენ სხვა ჩრდილოკავკასიელი ეთნიკური ელემენტებისაგან სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების დონით.
ალანთა სამეფოს მნიშვნელოვანი ტერიტორია ეკავა კავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. ოსეთისა და საქართველოს ურთიერთობა ინტენსიური ხდება XI საუკუნიდან, როცა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში ამ პოლიტიკურმა ერთეულმა გარკვეული მნიშვნელობა შეიძინა. ამით არსებითად განისაზღვრა ფეოდალური საქართველოსა და ოსეთის ურთიერთობის კეთილმეზობლური ხასიათი.
გიორგი I-მა და ბაგრატ IV-მ ოსებთან დამოყვრებით კიდევ უფრო განამტკიცეს მათთან ურთიერთობა.
დავითის დროს, როცა ყივჩაღთა ჩამოსახლების საკითხი დაისვა, რუსეთთან ურთიერთობაც ახლებურ მიდგომას მოითხოვდა. საქმე ისაა, რომ ყივჩაღებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ოსებთან და საქართველოს მეფეს ქმედითი ღონისძიების გატარება დასჭირდებოდა ყივჩაღთა საქართველოში ჩამოსაყვანად, რადგან საქართველომდე ოსეთი იყო გასავლელი.
საქართველოს მეფემ დროულად იზრუნა ამ საკითხზე, საგულისხმოა, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავითის ერთ-ერთი ქალიშვილი ოსეთში ყოფილა გათხოვილი.
ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ამ ცნობას სარწმუნოდ მიიჩნევს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ, თუ საკუთრივ დავითის ასული არა, მაგრამ სამეფო სახლის რომელიღაც წევრი მაინც უნდა ყოფილიყო ოსეთის სამეფო კარზე გათხოვილი.
ოსეთთან ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ თვით დავითი და მისი ვაზირი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი წარემართა ოსეთს. მართებულადაა შენიშნული ჩვენს ისტორიოგრაფიაში, რომ დავითის ოსეთში გადასვლა მხოლოდ ყივჩაღთათვის გზის უზრუნველყოფა არ ყოფილა.
არსებითი იყო ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს დამაკავშირებელი საუღელტეხილო გზების დაკავება. იმხანად დარიალსა და სხვა უღელტეხილებზე კონტროლს ოსები ახორციელებდნენ. ძლიერი ფეოდალური საქართველოსათვის აუცილებელი შეიქმნა აღნიშნული გადასასვლელების დაუფლება და დავითის მისიაც ამას ისახავდა მიზნად.
ნიშანდობლივია, რომ ოსეთში შესულ დავითს “მოეგებნეს მეფენი ოსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა”. აქ საგულისხმო მომენტია, რომ დავითმა მძევლები ჩამოართვა როგორც ოსებს, ისე ყივჩაღებს და “ესრეთ ადვილად შეაერთნა ორივე ნათესავნი”. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ დავითს თან ახლდა გარკვეული სამხედრო ძალაც.
შემდეგი ეტაპი დავითის მოქმედებისა ის არის, რომ მან აიღო და დაიკავა ციხენი დარიალისა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი.
უდავოა, რომ კავკასიის უღელტეხილების დაკავება საქართველოს მიერ უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი იყო, ამასთან, ამ პერიოდიდან, თუ უფრო ადრე არა, ოსეთი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებიდან ოსები გამოირჩეოდნენ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობით, ისინი კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც სხვებზე მაღლა იდგნენ, რაშიც გარკვეული როლი შეასრულა ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამ.
საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობაში ერთობ მნიშვნელოვანი მომენტია მცდელობა ამ უკანასკნელთა გაქრისტიანებისთვის. ოსთა გაქრისტიანება უკავშირდება კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნიკოლოზ მისტიკოსს და აფხაზთა მეფე გიორგის.
ოსთა გაქრისტიანების აქტიდან აშკარად ჩანს ოსეთისა და მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა მისწრაფება საქართველოსაკენ, რომელიც კავკასიასა და წინა აზიაში წამყვანი ქვეყანა იყო.
ქრისტიანობის საშუალებით საქართველო მთის მოსახლეობას თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ გავლენას უმორჩილებდა. ზოგჯერ ამგვარ მცდელობას ჩრდილოეთკავკასიელი ხალხებიდან გარკვეული რეაქციაც მოჰყვებოდა, ასე იყო თამარის დროს დიდოელებისა და ფხოველების გამოსვლა, რომელიც თავისი არსით იყო ფეოდალიზმისათვის რეოლუციური ოპოზიციის ერთგვარი გამოვლინება.
უშუალო მწარმოებელი მასის მძლავრი რეაქცია გაბატონებული კლასის ცდაზე, გაეძლიერებინათ ექსპლუატაცია ფეოდალურ ურთიერთობაში მთის მოსახლეობის ჩაბმით და გაევრცელებინათ ქრისტიანობა.
ნიშანდობლივია, რომ ოსეთში გადასვლისას დავითს თან ახლდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. ამ აქტში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება-განმტკიცებისათვის ზრუნვა მოჩანს.
ფაქტია, რომ დავითმა თავისი ენერგიული მოქმედებით ხელში ჩაიგდო კავკასიის გადასასვლელები, რომელთაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ოსეთი მტკიცედ შემოიყვანა თავისი მორჩილების ქვეშ ყმადნაფიცობის პირობაზე. ამიერიდან სხვა ხალხებთან და ქვეყნებთან ერთად დავითის “აჩრდილსა შეკრებილ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოსეთისა”.
დავითის დროის საქართველოს ურთიერთობა ჰქონდა ჩაჩნეთ-ინგუშეთთან (ქართული წყაროებით _ დურძუკები), დაღესტნის ხალხებთან _ ადიღელნი, ჯიქნი, ქაშაგნი (ამ უკანასკნელთან დამაკავშირებელ რგოლს აფხაზეთი წარმოადგენდა).
საქართველოსა და ქართული კულტურის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებზე უდავოა. ქართველებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ურთიერთობამ თავისი კვალი დატოვა, არაერთი ქართული სიტყვა შევიდა ჩრდილოკავკასიელი ხალხების ლექსიკურ ფონდში, გავრცელდა ქართული დამწერლობა, ხშირია ქართული წარწერები (დაღესტანში ოცამდე ქართული წარწერაა დამოწმებული), შეიმჩნევა ქართული სტილის გავლენა არქიტექტურაში.
დავითის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი იყო დარუბანდის საკითხი. გეოგრაფიულმა გარემომ, ეთნიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა ის ბაზა, რომელზეც ჩამოყალიბდა დარუბანდის ქალაქი-სახელმწიფო. დარუბანდზე გამავალი საქარავნო გზის მიმართ არ იყვნენ ქართველები გულგრილნი. დავითი დიდად აფასებდა კასპიის კარის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ყოველგვარად ცდილობდა თავისი გავლენის გავრცელებას.
1124 წლის აპრილში დავითის მოლაშქრეები დაესხნეს შაბურანს (დარუბანდელსა) და “მოსრნეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაღნი დარუბანდელისანი და აღიხუნეს შარვანისა ციხენი ღასანი და ხოზონდი და მიმდგომი მათი ქვეყანა”, შემდგომ, როგორც ჩანს, დავითს დარუბანდიც ხელთ უგდია.
ერთი სიტყვით, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები და ხალხები ფეოდალური საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერდნენ.
დავითი ანდერძში აცხადებს, რომ მას მთელი ჩრდილოეთი კავკასია ემორჩილებოდა. ამასთან, ჩვენს ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება, რომ დავითი ჩრდილოეთის ქვეყნებთან მხოლოდ თავდაცვის უზრუნველყოფაზე ფიქრობდა, არ ჩანს მთლად სწორი. გარკვეულ შემთხვევაში, საქართველოს სამეფო კარი შეტევით ოპერაციებსაც ატარებდა და ამ გზითაც მშვიდობიან, მოლაპარაკების დიპლომატიასთან ერთად, ეუფლებოდა ჩრდილოეთით მიმდებარე ქვეყნებს.
ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა ქრისტიანიზაცია-ფეოდალიზაციაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით არ ხდებოდა და აქაც ძალა გამოიყენებოდა, ეს შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა.