Home რუბრიკები ისტორია საქართველო და სამხრეთ-აღმოსავლეთის მეზობლები

საქართველო და სამხრეთ-აღმოსავლეთის მეზობლები

საქართველო დავით აღმაშენებლის მმართველობის დასასრულს, 1125 წელი

XI საუკუნის მეორე ნახევარში თურქსელჩუკთა შემოსევებმა, საქართველოს მსგავსად, მისი სამხრეთაღმოსავლეთის მეზობლები _ სომხეთი და შირვანი, მასთან ერთად არანიც დიდად დააზიანა.

ბიზანტიის იმპერიის უხეშმა ჩარევამ სომხეთის საშინაო საქმეებში დამანგრეველი გავლენა იქონია. სომხეთმა დაკარგა სახელმწიფოებრიობა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც ბიზანტიელებმა მშობლიური მიწებიდან აჰყარეს და იმპერიის სხვადასხვა მხარეში ჩაასახლეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი სომხეთის დაპყრობა სელჩუკებს არ გასჭირვებიათ. სელჩუკთა ოთხგზის დამანგრეველი ლაშქრობის შემდეგ სომხეთი ეკონომიკურკულტურული დაცემისა და ეთნიკური გადაშენებაგაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ცალკეული სომხური სამეფოები (ლორე, სივნიეთი) უბრძოლველად ჩაბარდნენ სელჩუკებს და მათ მორჩილებდნენ. წარმოიქმნა დვინის, ანისისა და შაჰარმენების სელჩუკური საამიროები. თვით სელჩუკთა აგრესიისთვის ამიერკავკასიაში მნიშვნელოვან პლაცდარმად იქცა ქალაქი განძა, რომელიც 1068 წლიდან მათი გავლენის ქვეშ იყო. სწორედ აქედან დაიწყო ლაშქრობები სომხეთისა და საქართველოს წინააღმდეგ. განძის დაპყრობამ, ფაქტობრივად, განაპირობა სელჩუკთა გაბატონება მთელს არანში. შირვანშაჰმა ფარიბურზ I-მაც სელჩუკთა სასარგებლოდ ხარკი იძულებით იკისრა და რეალურად გადამთიელი მტრის უღელქვეშ აღმოჩნდა.

სომხეთისა და შირვანარანის დაპყრობა დიდი დანაკლისი იყო საქართველოსთვის. ამიერიდან სამხრეთითა და სამხრეთაღმოსავლეთით, მოძმე ხალხების ნაცვლად, მას დამპყრობელი გაუმეზობლდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სამხრეთის საზღვარი, ფაქტობრივად, მორღვეული იყო.

ურთიერთობა სომხეთთან

დავითის მიერ სომხეთის მიმართ გატარებული პირველი დიდი ღონისძიება ლორეს აღება, ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს გაუქმება და საქართველოსთვის შემოერთება იყო.

სომეხ მმართველთა ეს ფეოდალური სახელმწიფო ქვემო ქართლის ტერიტორიაზე 978 წელს ამიერკავკასიის ხალხების არაბთა ბატონობის ნაშთების წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში შეიქმნა.

ტაშირ-ძორაგეტის სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა დავით უმიწაწყლოს მმართველობის ხანაში (989-1048), როდესაც სამეფოს ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა თბილისისა და განჯის საამიროთა ხარჯზე და კვირიკიანმა მეფეებმა ცნობილი ქართული ციხესიმაგრე სამშვილდე თავის რეზიდენციად აქციეს, თუმცა 1065 წელს სამშვილდე ბაგრატ IV-მ აიღო და საქართველოს შემოუერთა, ამიტომ სამეფოს პოლიტიკურმა ცენტრმა ლორეში გადაინაცვლა. დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გათავისუფლებული ლორე 1122 წელს აიღო და ტაშირძორაგეტი უშუალოდ საქართველოს შემოუერთა (1118-1122) და სომეხ ფეოდალ მმართველთა საგვარეულო გააუქმა. ისტორიულად ქვემო ქართლის ეს მხარე, როგორც საქართველოს განაპირა ნაწილი, სამართავად გადაეცათ სრულიად საქართველოს მხედართმთავრებს _ ჯერ _ ორბელებს, ხოლო 1185 წლიდან _ მხარგრძელებს.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დავითის მიერ შირაკის სამეფოს (შირაკი იყო ანისის სამეფოს ცენტრალურ ოლქი და მას ზოგჯერ შირაკის სამეფოდაც მოიხსენიებდნენ) დედაქალაქის _ ანისის გათავისუფლებას და საქართველოსთვის შემოერთებას. დავითზე სომეხი ხალხის კურსის აღება არ იყო შემთხვევითი. საქართველოს მეფე XII საუკუნის 20-იან წლებში ძლევამოსილი იყო და განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობდა. დავითის წინამძღოლობით ქართველი ხალხის წარმატებები აღაფრთოვანებდა სომხებს და იმედს უჩენდა, რომ საქართველოს დახმარებით თვითონაც შეძლებდნენ მომხდური მტრის ბატონობისგან თავის დახსნას. არ არის გამორიცხული, რომ ანელ თავადთა ორიენტაცია საქართველოს მეფეზე წინასწარი შეთანხმების შედეგი ყოფილიყო. სავარაუდოა, რომ სომხეთით დაინტერესებული დავითი გაითვალისწინებდა ანელი ქრისტიანების განწყობილებას, მათ სიძულვილს შედადიანებისადმი და გარკვეულ ღონისძიებებსაც გაატარებდა.

შედადიანები, ქურთული წარმოშობის ფეოდალური დინასტია არანსა და სომხეთში (დაახლოებით 951-1199წწ.), განძაში ქვეყანას X საუკუნის 70-იანი წლებიდან 1075 წლამდე მართავდა, სელჩუკების დაპყრობამდე. 1199 წელს, ანისის საქართველოსთან შეერთების შემდეგ, დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

დავით აღმაშენებლის მოქმედება თანაგრძნობასა და მოწონებას პოულობდა სომეხ ხალხში იმიტომ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის რელიგიური, სოციალურეკონომიკური და კულტურული სიახლოვე იყო, თანაც საქართველოს მეფე ებრძოდა სომეხი ხალხის დამპყრობლებს, ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ სომეხმა ისტორიკოსებმა დიდების შარავანდედით შემოსეს საქართველოს მეფე.

საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში მეტად საინტერესო მოვლენაა საქართველოს მესვეურთა მცდელობა სომხეთის ეკლესიის შემოსაერთებლად. სომხური ეკლესიის ქართულთან გაერთიანების სურვილმა განსაკუთრებულად იჩინა თავი დავითის მოღვაწეობის პერიოდში. საქართველოს მეფე, რომელიც უდიდეს პატივს სცემდა სომხური სარწმუნოების აღმსარებლებს, ცდილობს სომეხთა და ქართველთა სარწმუნოებრივ გაერთიანებას. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საგანგებო კრება გაიმართა. დავითის ისტორიკოსის გადმოცემით, კამათი დილაადრიან დაწყებულა და “ცხრა ჟამამდე” გაგრძელებულა, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე ვერ მისულან. მაშინ თვით დავითი ჩარეულა პაექრობაში. საქართველოს მეფის სიტყვას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საზოგადოებაზე, სომხებს დამარცხებულად უცვნიათ თავი და დარცხვენილები წასულან. მეფისთვის მიუმართავთ: “ჩვენ, მეფეო მოწაფე გუეგონე ამათ მოძღვართა თქვენთა, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღუარი მოძღუართა, რომლისა ბრჭყალსა ვერ მიმწუთარ არიან ეგე მოძღუარ საგონებელნი თქუენნი”.

კრების შედეგის მიუხედავად (საქართველოს სამეფოს სურვილი ვერ განხორციელდა, სომხური ეკლესიის შემოერთების საკითხი კი დავითის შემდეგ ხანაშიც იდგა), ქართველ-სომეხთა ურთიერთობა მეგობრული და კეთილი იყო, სომხური მიწები კი _ დავითის დროიდან საქართველოს შემადგენლობაში (ეს დამოკიდებულება მონღოლების შემოსევამდე გაგრძელდა).

ურთიერთობა შირვანთან

დავით აღმაშენებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კახეთ-ჰერეთის შემოერთებას. ბრძოლა ერწუხში (თუ ერტოხში) მომხდარა და ამ ბრძოლაში ხელჩართული ომში ისეთი საშინელი სისხლის ღვრა ყოფილა, რომ თვით მეფის ტანისამოსი მტრის სისხლით იყო მოსვრილი, ამ ბრძოლაში მეფეს სამი ცხენი მოუკლეს და მან, მეოთხე ცხენზე ამხედრებულმა, გამარჯვებით დააგვირგვინა ომი. “მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს (მეფეს) და მეოთხესა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი”-ო, _ ამბობს ისტორიკოსი. გამრაჯვებულმა მეფემ საბოლოოდ დაიპყრა ჰერეთი და კახეთი. რაკი ეს ამბავი გელათის მონასტრის აგების უწინარეს მომხდარა, ხოლო გელათის აშენება 1106 წელს იყო დაწყებული, ამიტომ ცხადია, რომ ერწუხის ომი და კახეთ-ჰერეთის შემოერთება 1104-1105 წლებში უნდა მომხდარიყო.

მას შემდეგ, რაც კახეთ-ჰერეთი შემოვიერთეთ, შირვანი საქართველოს უშუალო მეზობელი გახდა და შირვანშაჰთან უშუალო დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. გარკვეული პოლიტიკური შინაარსი იყო ჩადებული დავითის ასულის _ თამარის შირვანშაჰის მემკვიდრესთან ქორწინებაში.

დავითის ეს ნაბიჯი გამიზნული იყო შირვანშაჰთან კეთილი დამოკიდებულების დასამყარებლად და მის ჩასაბმელად სელჩუკებთან ბრძოლაში. როგორც ჩანს, ქორწინების აქტმა დავითის მოლოდინი არ გაამართლა და საქართველოს მეფე აქტიურ პოლიტიკურ მოქმედებაზე გადავიდა შირვანის მიმართ. მან რამდენიმეჯერ დალაშქრა ეს ქვეყანა. შირვანის ციხე-ქალაქებში საქართველოს მეფის გარნიზონები ჩადგნენ, საქმეთა გამრიგებლად კი ვაზირი სვიმეონი _ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი და ბედიელ-ალავერდელი იყვნენ. აქედან მოკიდებული, შირვანი ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ფეოდალური საქართველოს მონარქიასთან. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დროიდან (XII საუკუნის 20-იანი წლები) ატარებდნენ ქართველი მეფეები შირვანშაჰის ტიტულს. ამ ტიტულით XII საუკუნის საქართველოს მეფეთა მოხსენიება წერილობით წყაროებში არის ერთერთი მაჩვენებელი შირვანშაჰის ყმადნაფიცობისა საქართველოს მიმართ. იმ ფაქტზე, რომ XII საუკუნის 20-იანი წლებიდან მონღოლთა შემოსევებამდე შირვანი საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო, საგანგებოდ მიუთითებენ მკვლევარები.

ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ შირვანის გამგებლად დავითმა სამეფო კარის პირველი ვაზირი დანიშნა, ეს კი იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკა შირვანში არა მხოლოდ სამხედრო ოკუპაციას, არამედ სამოქალაქო-ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებასაც ისახავდა მიზნად.

დავითის მემკვიდრეების დროს შირვანის აღმოსავლეთ ნაწილში შირვანშაჰის ხელისუფლება აღდგა ვასალური დამოკიდებულების პირობით, დასავლეთი ნაწილი კი საქართველოს საზღვრებში შემოვიდა. საქართველო-შირვანის ამგვარი დამოკიდებულება მონღოლთა შემოსევებამდე გაგრძელდა. მთელი XII საუკუნის განმავლობაში საქართველო და შირვანი ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ.

დასასრული შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here