Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგება ჩვენს უსაფრთხოებას კი არა, პოლიგონად გადაქცევას უზრუნველყოფს

საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგება ჩვენს უსაფრთხოებას კი არა, პოლიგონად გადაქცევას უზრუნველყოფს

ამდენ მასხარაობას პირდაპირ თქვან, რომ ამერიკელებისგან დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც ვერ შედიან

საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგება ჩვენს უსაფრთხოებას კი არა, პოლიგონად გადაქცევას უზრუნველყოფს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპული ტურნეს დაწყებამდე ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, _ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა ევროპის გვერდით არისო. შემდეგ კი ისიც მიაყოლა, _ ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს უქმნის საფრთხესო. ბაიდენის ამ განცხადებას ქართველმა პოლიტიკოსებმა ხანგრძლივი, მქუხარე ტაში მიუძღვნეს, ლუკაშენკო ევროპის ბოლო დიქტატორად კიდევ ერთხელ მონათლეს და ბაიდენს დემოკრატიის მამა უწოდეს (ისე, პაპა უფრო მოუხდებოდა).

პარალელურად, ნატოს სამიტის წინ სულ უფრო გააქტიურდა საუბრები საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრებაზე. ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენმა თეთრ სახლშიც მიიწვია და ყოფილი მასხარა ამ შანსს ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებს. ნატოს შესაძლო გაფართოებაზე კომენტარი ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა.

“აღმოსავლეთში ნატოს გაფართოება და მისი ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება პრაქტიკული მნიშვნელობის არის რუსეთისთვის. რატომ? _ პოლონეთი გახდა ნატოს წევრი და ამერიკელებმა ადვილად მოილაპარაკეს მათთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე. ამ სისტემის გამშვები მოწყობილობები, შესაძლოა, გამოყენებული იყოს თავდასხმითი კომპლექსებისთვის, რომლებიც აღწევს რუსეთის ცენტრამდე, მათ შორის მოსკოვამდე, და თანაც ძალიან მოკლე დროში _ 15 წუთია მოსკოვამდე რაკეტის ფრენის დრო. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა გახდა ნატოს წევრი. ხარკოვიდან ან დნეპროპეტროვსკიდან ფრენის დრო რუსეთის ცენტრალურ ნაწილამდე, მოსკოვამდე, 7-10 წუთამდე მცირდება. ეს ჩვენთვის არის თუ არა წითელი ხაზი? სახიფათო და მიუღებელი იქნება თუ არა შეერთებული შტატებისთვის ჩვენი რაკეტების კუბაზე განთავსება, საიდანაც, ფრენის დრო ვაშინგტონამდე 15 წუთია. ეს დრო რომ შემცირდეს 7-10 წუთამდე, ჩვენი რაკეტები უნდა განთავსდეს კანადის სამხრეთ საზღვართან ან მექსიკის ჩრდილოეთ საზღვართან. ეს აშშ-ისთვის არის თუ არა წითელი ხაზი, ვინმემ ხომ უნდა იფიქროს? იფიქროს, რა რეაგირება უნდა გვქონდეს იმაზე, რაც განიხილება და რა შეთავაზებებიც არის”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. აი, ამ განცხადების შემდეგ ქართველმა პოლიტიკოსებმა რიგები დააყენეს, პუტინი გვემუქრებაო. ბაიდენმა, საერთოდ, სახე ჩამოიხოკა, ეგ რა თქვა პუტინმაო, და არავის მოსვლია აზრად, ამერიკის პრეზიდენტისთვის უმარტივესი კითხვა დაესვა _ თუ ლუკაშენკოს ქმედება საფრთხეს უქმნის ოკეანის გაღმა მდებარე ამერიკას, რატომ არ შეუქმნის საფრთხეს რუსეთს მის საზღვართან განლაგებული სარაკეტო ბაზა? თუ რუსეთი კაციჭამიაა და ამერიკა მშვიდობისმყოფელი? უბედურება არის ის, რომ შტატებს აქვს ფული, როცა უნდა, მაშინ დაიძახებს “პოლიქრონიონს” და აქედან დანარჩენები ხმის ჩახლეჩამდე აჰყვებიან. ვინც ხმადაბლა იყვირებს, მას მომავალში ნაკლები თანხა ერგება. ამიტომაც არის, საქართველოს ხელისუფლება თუ ოპოზიცია ყვირილსა და ყელის ძარღვების დაბერვას ერთმანეთს რომ ასწრებენ…

კოსმოსსაც აქვს საზღვრები, იდიოტიზმი კი მართლა უსაზღვროა. თუ ამერიკის პრეზიდენტს ათასობით კილომეტრს იქით ვიღაცის ქმედება არ მოსწონს, მაშინ საფრთხე რეალურად არსებობს? თუ, როცა რუსეთის პრეზიდენტი თავის ქვეყანაზე ფიქრობს, ესეც საფრთხეა? საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებიან, მაშინ ხომ მაინც იციან ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომ სისულელეს ამბობენ, სისულელეს აკეთებენ და, ამის მიუხედავად, მაინც აკეთებენ. ყველაფერს ისევ ფული და ძალაუფლებისკენ სწრაფვა წყვეტს და, სამწუხაროდ, საქართველო ყოველთვის ასე, ნაწილ-ნაწილ თუ მთლიანად იყიდებოდა, გამყიდველები კი თავს პატრიოტებს უწოდებდნენ. ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მას გვერდს პარტიის კიდევ ორი წევრი უმაგრებს. მელიამ გამგზავრებამდე თქვა, რომ ის შეხვედრებს კონგრესში, სენატში, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავს.

“ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება იმ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამერიკის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში. მინდა, მათ იცოდნენ ჩვენი, “ნაციონალური მოძრაობის”, ხედვა და გეგმები. რა თქმა უნდა, რაზეც მეტად უნდა ვისაუბრო, ვიდრე საკუთარი პარტიაა, არის ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება, რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო გაღრმავდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, როგორც არასოდეს”, _ აღნიშნა მელიამ. ეს არის სტანდარტული სიტყვები ამერიკაში გამგზავრების წინ. ყველა ქართველი პოლიტიკოსი ასე ამბობს, რეალურად კი, იქ ხვდებიან იმ კონგრესმენს ან სენატორს, რომელსაც, უბრალოდ, იმ კონკრეტულ მომენტში სცალია და ისინი აძლევენ ფურცელზე დაწერილ დავალებებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა თქვან, რა არ უნდა თქვან და, მხარზე ხელს თუ დაუტყაპუნებენ, წარმატების პიკად ითვლება.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მალე ყველა პარტიის ოფისში გამოაკრავენ მოქმედების გეგმას, ამერიკაში წანწალით რომ არ შეწუხდნენ სტრატეგიული პარტნიორები. მას დაახლოებით ასეთი ფორმა ექნება: საუზმე _ 09:00 საათი, ლანჩი (ამერიკულად ისმის ლანჩი) – 12:00 საათი, 13:00-დან 17:00 საათამდე _ თავისუფალი დრო, ე.ი., ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, სადაც სურთ, იქ წავიდნენ, ოღონდ პოლიტიკური განცხადება არ უნდა გააკეთონ; 18:00 საათიდან _ სხვადასხვა შოუში ერთმანეთის კრიტიკა და რუსეთის გინება. ეს ბოლო კომპონენტი აუცილებელია და საღამოს საათები საუკეთესო დროა ამისთვის. არ გეგონოთ, ვხუმრობდეთ. ასე გვგონია, მართლა სრული დღის წესრიგი აქვთ მიცემული ევროპა-ამერიკისგან ქართველ პოლიტიკოსებს და, უბრალოდ, არ აჩენენ. რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ჯერ ირაკლი კობახიძე იყო შტატებში და სამოქმედო გეგმა შეათანხმა ამერიკელებთან, ახლა მელია წავიდა და ოპოზიციის გეგმებს ათანხმებს. ამდენ მასხარაობას პირდაპირ თქვან, რომ დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც ვერ შედიან და, სანამ ამერიკელები არ ეტყვიან, ითმენენ. შემდეგ ეს თმენა ხასიათში გადაუდით და ამიტომაცაა, ქართველ პოლიტიკოსთაგან ნორმალურს ვერაფერს რომ ვერ გაიგონებს კაცი.

მხოლოდ ის რად ღირს, ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა რომ არ მიიწვიეს. ქართველმა პოლიტიკოსებმა შეკითხვაც კი ვერ გაბედეს, რატომ მოხდა ასე, რატომ არად ჩააგდეს ის ორი ქვეყანა, რომლებსაც, აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, სწორედ ნატოში გაწევრებას ჰპირდებიან. უხერხულობის მომენტის განსამუხტავად, იან სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველოსა და უკრაინის საკითხს აუცილებლად განვიხილავთ და უფრო მჭიდრო პარტნიორობის პაკეტს მოვიფიქრებთო. ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ, სავარაუდოდ, ჩვენს ჯარისკაცებს სხვა მისიებში უკრავენ თავს და უფრო მჭიდრო პარტნიორობაც ეს იქნება. ისე, ავღანეთიდან წამოსვლის შემდეგ ჯარიდან ჯარისკაცები რომ გარბიან, ხელისუფლება დუმს. ისეთ ჯამაგირს ვეღარ უხდიან ქართველ ბიჭებს და შესაბამისად, ისინიც სხვა სამსახურს ეძებენ ოჯახის სარჩენად. ცალკე უბედურება ის არის, რომ ოჯახის სარჩენად ქართველი ბიჭები ტყვიას უშვერენ შუბლს და სახიფათო მისიებში ნებით მონაწილეობენ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, რით დასრულდება თვითმმართველობის არჩევნები, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები თუ არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ ჩანს ისეთი პარტია, რომელიც, უწინარესად, ამერიკასა და ევროპას კი არა, საქართველოს დაიძახებს, რომელიც დასავლეთის ინტერესებზე წინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს დააყენებს. შესაბამისად, მონობის უღელი კიდევ ძალიან დიდ ხანს გვექნება კისერზე და, სამწუხაროდ, მარყუჟის მოშვებაზე არც დასავლეთი ფიქრობს.

ნატოს სამიტის შემდეგ თუ საქართველოს ან უკრაინის ტერიტორიაზე ბაზების მშენებლობა გადაწყდება, ეს დასასრულის დასაწყისი იქნება. ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც გავიმეორებთ _ საქართველო დასავლეთს აინტერესებს არა როგორც ქვეყანა, არამედ როგორც სტრატეგიული ტერიტორია. შედეგად, საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგება, ჩვენს უსაფრთხოებას კი არა, საბრძოლო პოლიგონად გადაქცევას უზრუნველყოფს. ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის მშენებლობაზე ნებისმიერმა მთავრობამ კატეგორიული უარი უნდა განაცხადოს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

მანამდე კი… ჩამოვა მელია შტატებიდან, ამერიკელი სენატორებისთვის ჩამორთმეულ ხელს დიდი ხნის განმავლობაში არ დაიბანს, ხელისუფლებას ენას გამოუყოფს, აქაოდა, ამერიკაში ვიყავი და მათი მხარდაჭერა მაქვსო. ხალხს კი… ხალხს არც არაფერი, საჯილდაო ქვად ძალაუფლება არის ქცეული და რა მნიშვნელობა აქვს, ცხრაპირ ტყავს ვინ გაგვაძრობს?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here