2012 წელს, ხელისუფლების სათავეში მოსვლის წინ, “ქართული ოცნება” ამომრჩევლებს, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაგრამ უკვე მეექვსე წელიწადი დაიწყო და ამ მხრივ არათუ რამე გაკეთდა, “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც, სააკაშვილისა და მისი გუნდის მსგავსად, ქართველ საზოგადოებას ყურები გამოუჭედეს “მაპის”, “მაპზე უკეთესის”, “მეტი ნატო საქართველოში”-ს ძახილით, ახლა, დასავლელი პატრონების ინიციატივით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაზე ალაპარაკდნენ.
ამერიკული პრესტიჟული კვლევითი ინსტიტუტის _ Heritage Fundation–ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ექსპერტ ლუკ კოფის თქმით, “საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სიხარულით მიიღებენ ნატოს წევრობის ამ კომპრომისულ ვარიანტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ”, ანუ “ხალხის რჩეულები”, ოღონდ დასავლელი პატრონების მითითებები შეასრულონ და თბილი სკამები შეინარჩუნონ, მზად არიან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონები დათმონ ნატოში შესვლის სანაცვლოდ…
დასავლური პროპაგანდისტული მანქანა, წლებია, გაჰყვირის, საბჭოთა კავშირი საშინელი დიქტატორული სახელმწიფო იყო, მისი ხელმძღვანელი სტალინი კი _ პირსისხლიანი ჯალათი, რომელიც, ხალხის დახვრეტის გარდა, არაფერს აკეთებდა და სწორედ სტალინს მიუძღვის უდიდესი წვლილი საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაშიო და ა.შ. ამ თვალსაზრისის გავრცელებაში მას მხარს უჭერენ ადგილობრივი ე.წ. ექსპერტები, ანალიტიკოსები, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები. დასავლურმა პროპაგანდამ ისე გამოურეცხა ტვინი ქართველებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი არ ერიდებიან ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და მოსახლეობას (ძირითადად, ახალგაზრდა თაობას) შთააგონებენ, რომ თურქეთი და ირანი საქართველოს ისტორიული მეგობრები არიან, აშშ _ ბრიტანეთი _ სტრატეგიული მოკავშირეები და მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთია ჩვენი და სრულიად კაცობრიობის მტერი.
ამ თვალსაზრისის დამკვიდრება მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, განაგრძო პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის განცხადებები, რომ თურქეთი და ირანი, საუკუნეების განმავლობაში საქართველოს დაუძინებელი მტრები, თურმე “ისტორიული მეგობრები” არიან, რბილად რომ ვთქვათ, აღმაშფოთებელია. რამდენიმე დღის წინათ კი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა გაიმეორა კვირიკაშვილის ნათქვამი და პარლამენტის კომიტეტების დახურულ სხდომაზე განაცხადა: “რუსეთი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მტერია, თურქეთი კი _ საქართველოს მთავარი მოკავშირე”. აი ამას ამბობენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები იმ ფონზე, როცა სულ უფრო თვალში საცემია თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსიის შედეგები აჭარასა და სრულიად საქართველოში. არავინ იხსენებს და სურთ, მოსახლეობასაც დაავიწყონ, რომ თურქეთს მიტაცებული აქვს ძირძველი ქართული მიწები _ ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქები, სამხრეთ-დასავლეთ მესხეთის ისტორიული რაიონები _ პარხალი, სპერი (ტაო-კლარჯეთი), სულ 12 ათას კვ.კმ-ზე მეტი ფართობი.
სინამდვილეში სწორედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს აჭარის ნაწილი ბათუმითურთ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით (ყარსის შეთანხმებას უსწრებდა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის შეთანხმება “მეგობრობისა და ძმობის” შესახებ). და სწორედ სტალინი ცდილობდა თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების საბჭოთა კავშირისთვის (საქართველოსთვის) დაბრუნებას.
საბჭოთა კავშირმა სტალინის ხელმძღვანელობით თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები დიდი სამამულო ომის ბოლო თვეებში წაუყენა. სსრკ ითხოვდა 1878 წელს რუსეთის იმპერიაში შემავალი ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც, საბჭოეთის ხელმძღვანელების აზრით, 1921 წელს უსამართლოდ გადაეცა თურქეთს. ეს ტერიტორიები საქართველოსა და სომხეთს შორის უნდა განაწილებულიყო.
1945 წლის 19 მარტს სსრკ-მა განახორციელა საბჭოთა კავშირ-თურქეთის 1925 წლის 25 დეკემბრის შეთანხმების დენონსაცია, შემდეგ კი დაიწყო მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე. სსრკ-ისა და თურქეთის ახალი საზღვარი, საბჭოთა მხარის აზრით, უნდა გავლებულიყო ისე, როგორც იყო 1878 წელს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების არსებობის პერიოდში. საბჭოთა ხელისუფლება უკანონოდ წართმეულ ტერიტორიებად მიიჩნევდა ყარსის ოლქს, ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილსა და ყოფილი ერივანის გუბერნიის სურმალინის მაზრას.
1945 წლის 22 ივნისს თურქეთმა უარყო საბჭოთა კავშირის ყველა წინადადება და თავისი პოზიციების დაცვას აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით შეეცადა. თურქეთისადმი სსრკ-ის ტერიტორიული პრეტენზიების საკითხი 1945 წლის 22 ივლისს პოტსდამში დიდი სამეულის კონფერენციის მეექვსე სხდომაზე განიხილეს.
ამ სხდომაზე მოლოტოვმა განაცხადა: “1921 წელს თურქეთმა საბჭოთა სომხეთსა და საბჭოთა საქართველოს ტერიტორიები მოსწყვიტა _ ეს არის ყარსის ოლქის, ართვინისა და არდაგანის ტერიტორიები. ამიტომ განვაცხადე, რომ თურქეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია საქართველოსა და სომხეთისთვის წართმეული ტერიტორიების საკითხის მოგვარება, მათთვის ამ ტერიტორიების დაბრუნება”. ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ მოლოტოვმა პოტსდამის კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა რუკა საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიებით.
დასავლური პროპაგანდით მართლაც ტვინგამორეცხილები ამ რუკაზე ამბობენ, რომ სტალინის შედგენილია და გასათვალიწინებელი არ არის. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გთავაზობთ დასავლეთში ინგლისურ ენაზე შედგენილ რუკას, რომელზეც მკაფიოდაა მონიშნული საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ 1945-1953 წლებში, ანუ სტალინის სიცოცხლეში.
23 ივლისის სხდომაზე კი ისტორიული სიტყვა წარმოთქვა იოსებ სტალინმა: “გუშინ ჩერჩილი ამტკიცებდა, რუსები თურქებს აშინებენო. გარწმუნებთ, რომ ბულგარეთში მყოფ ჩვენს ჯარებს თურქები არ დაუშინებიათ. იქნებ საზღვრების შესწორების წინადადებამ დააშინა თურქები? მაგრამ საკითხი ეხება იმ საზღვრების აღდგენას, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდა. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც მანამდე სომხეთის შემადგენლობაში იყო, და ართვინ-არტაანის რაიონი, რომელიც ომამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ძველი საზღვრების აღდგენის საკითხი არ წამოიჭრებოდა, თურქებს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება რომ არ მოეთხოვათ. მოკავშირეობა კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ თურქეთის საზღვარი, ხოლო თურქეთმა _ ჩვენი საზღვარი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საზღვარი ყარსისა და არტაანის რაიონში არასწორია და ასეც განვუცხადეთ თურქებს. თუ მათ სურთ ჩვენთან მოკავშირეობა, მაშინ საჭიროა, გაასწორონ საზღვრები და, თუ არა, მაშინ საკითხი მოკავშირეობაზე გამორიცხულია!” (ამონარიდი სიმონ კილაძის მასალიდან “სტალინი: თურქეთმა უნდა დააბრუნოს საქართველოს მიწა-წყალი”).
აღსანიშნავია, რომ სსრკ-ის ტერიტორიულ პრეტენზიებზე თურქეთისადმი ილაპარაკა უინსტონ ჩერჩილმა თავის ცნობილ გამოსვლაში ფულტონში (მისურის შტატი, აშშ) 1946 წლის 5 მარტს (ეს გამოსვლა ითვლება “ცივი ომის” დასაწყისად): “თურქეთი და სპარსეთი ღრმად შეშფოთებული და შეწუხებული არიან იმ პრეტენზიების გამო, რომლებიც მათ წაუყენეს, და იმ ზემოქმედების გამო, რომელსაც ისინი განიცდიან მოსკოვის მხრიდან”.
მოგვიანებით საბჭოთა კავშირმა შექმნა საიდუმლო დოკუმენტი სახელწოდებით “ზოგიერთი მოსაზრება ამიერკავკასიის ფრონტის ოპერაციათა დაგეგმვის შესახებ”. ამ დოკუმენტის მიხედვით, საბჭოთა არმია უნდა შესულიყო თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, ტრაპიზონ–ბაიბურთისა და ყარს–ერზურუმის მიმართულებით; პირველ ეტაპზე (10 დღეში) გაენადგურებინა თურქეთის არმიის დაჯგუფება ყარსისა და ართვინის რაიონებში, შტურმით აეღო ტრაპიზონი; მეორე ეტაპზე (6 დღეში) გაენადგურებინა ოლთის–სარიყამიშის დაჯგუფება, გასულიყო ისპირ–თორთუმის ხაზზე და საბოლოოდ, მესამე ეტაპზე (ოპერაციის დაწყებიდან მე-20 დღეს) დაეკავებინა ერზურუმი.
1946 წლიდან დასავლეთმა კიდევ უფრო გაააქტიურა მოქმედება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამერიკელი ისტორიკოსი ედუარდ მარკი წერს, რომ, სახელდობრ, თურქეთის გარშემო შექმნილმა კრიზისმა და საბჭოთა კავშირის მზადებამ თურქეთთან ომისთვის, აიძულა ამერიკის შეერთებული შტატები, შეემუშავებინა ატომური ომის გეგმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირს კი იმ მომენტში თავისი ატომური ბომბების გადამტანი საშუალებები არ ჰქონდა. ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ სსრკ-ის დასაშინებლად, რათა ომი არ დაეწყო თურქეთის წინააღმდეგ, ამერიკამ კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენა ატომური ბომბი და 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს იაპონიის ქალაქები _ ჰიროსიმა და ნაგასაკი მიწასთან გაასწორა.
სხვათა შორის, ჩამონათვალში საბჭოთა კავშირის იმ ქალაქებისა, რომლებშიც ატომური ბომბი უნდა ჩამოეგდოთ ამერიკელებს, თბილისიც შედიოდა.
აშშ დაეხმარა თურქეთს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. 1952 წელს კი თურქეთი ნატოში მიიღეს, რაც მის მიმართ საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიების გამო მოხდა, ამიტომ სტალინი იძულებული შეიქნა, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ პრეტენზიებზე იმხანად უარი ეთქვა. 1953 წლის 30 მაისს კი, სტალინის გარდაცვალებიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურად თქვა უარი ქართულ-სომხური მიწების დაბრუნებაზე. ამით საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის დაბრუნების შანსი. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ამ მოვლენების შემდეგ, XX საუკუნის მეორე ნახევარში, მოახერხა, საფუძვლიანად შეეცვალა ამ პროვინციების დემოგრაფიული სურათი. ქართველთა დიდი ნაწილი თურქეთის შიდა პროვინციებში გადაასახლეს.
საქართველოს ამჟამინდელი “სტრატეგიული მოკავშირეების” დამსახურებაა, რომ საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი (12 ათას კვ.კმ-ზე მეტი) დღეს “ისტორიული მეგობრის”, თურქეთის, შემადგენლობაშია. აი ასე მეგობრულად მოქმედებდა ჩვენი “ისტორიული მეგობარი” თურქეთი, ასე მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ ახლა უკვე “სტრატეგიული მოკავშირეები” _ აშშ და დიდი ბრიტანეთი; საბჭოთა კავშირი კი, სტალინის ხელმძღვანელობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო აუმხედრდა, _ რატომ სთხოვ თურქეთს დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებასო, მაინც ცდილობდა ძირძველი ქართული მიწების შემოერთებას.
ნიკა კორინთელი
ყოჩაღ, ძალიან კარგია