სანქტ–პეტერბურგში მუშაობა დაასრულა XXII საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა, რომლის მთავარი თემა იყო ახალი ბალანსის ძიება გლობალურ ეკონომიკაში. ფორუმში 17 ათასზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა 143 ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში 550 ხელშეკრულება გაფორმდა. მაღალი რანგის პირებმა დამსწრე საზოგადოების, მათ შორის 700 რუსული და 400 უცხოური კომპანიის ხელმძღვანელებისა და 3 ათასზე მეტი ჟურნალისტის, წინაშე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს.
წლევანდელ ფორუმს რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა _ მან ნათლად აჩვენა, რომ საუბარი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაზე ერთობ ნაადრევია. რუსეთში საფრანგეთის პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერმინისტრი ჩავიდნენ, თუმცა რიცხოვნობით იაპონურმა და ფრანგულმა დელეგაციებმა მხოლოდ მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს, რადგან ყველაზე წარმომადგენლობითი 550-კაციანი ამერიკული დელეგაცია გახლდათ. აშკარაა, რომ თეთრი სახლის მოქმედების მიუხედავად, ამერიკული ბიზნესი რუსეთის მიმართ დიდ ინტერესს ინარჩუნებს.
ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ძლიერი ლიდერის როლი საერთაშორისო არენაზე რუსეთს ახალ პასუხისმგებლობას აკისრებს. “მშვენივრად მესმის, რომ რუსეთის როლი ზოგიერთ საერთაშორისო საკითხში შეუცვლელია”, _ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ასევე თქვა, რომ რუსეთში შეიძლება მალე დაბრუნდეს, რათა საფრანგეთის ნაკრებს უგულშემატკივროს, იმ შემთხვევაში, თუ ის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში გავა. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, რეპლიკით მაკრონმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მხარს არ დაუჭერს ჩემპიონატის ნაწილობრივი ბოიკოტის კამპანიას, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა წამოიწყო (ბრიტანელი პოლიტიკოსები ასპარეზობას არ დაესწრებიან).
“ევროკავშირი, ყველა არსებული პრობლემის მიუხედავად, რუსეთის საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად რჩება”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და შესთავაზა ევროპელებს “დაფიქრება დიდ ევრაზიულ პარტნიორობაზე”, რომელიც გააერთიანებს ევროკავშირს, რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ირანსა და დსთ-ის ქვეყნებს. ეს თემა თავის გამოსვლაში ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმაც განავრცო.
ექსპერტები და ჟურნალისტები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ყველა რეპლიკას, რომლებიც რუსეთ–ევროკავშირის ურთიერთობას ეხებოდა, მათ შორის იმასაც, რომ ბრძოლა გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ისთვის გადამწყვეტ სტადიაში შევიდა. აშშ ამ პროექტის დაბლოკვას ცდილობს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ეს გაზსადენი უარყოფით გავლენას მოახდენს ევროპაში ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტის პერსპექტივებზე. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვლავინდებურად უჭერს მხარს ამ მილსადენის გაყვანას, მაგრამ ბოლო დროს, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ოპონენტების მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის. საგულისხმოა, რომ, როდესაც ემანუელ მაკრონმა პეტერბურგში განაცხადა, რომ ევროპა უსაფრთხოების სფეროში დამოკიდებულია აშშ-ზე, პუტინმა მყისიერად უპასუხა: “ნუ ღელავთ, ჩვენ დაგეხმარებით!”
ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გათავისუფლება პოლიტიკური შეზღუდვებისგან. “ბოლო დრომდე მსოფლიოს განვითარებას ორი ძირითადი პრინციპი განსაზღვრავდა. უპირველესად, მეწარმეობის, ვაჭრობის, ინვესტიციების თავისუფლება _ ყოველივე ეს ჩადებულია საერთო წესებში, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეებმა მიიღეს. მეორე პრინციპი ამ წესების მდგრადობაა… მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ამ საფუძვლების არათუ ეროზიას, არამედ განადგურებას. ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემა, ბუნებრივი, აუცილებელი ევოლუციის ნაცვლად, იმსხვრევა. წესების დარღვევა წესად იქცა”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
აქ შესაძლებელია საინტერესო ისტორიული პარალელის გავლება. მეორე მსოფლიო ომის წინ ყველაზე მეტს ამერიკელები საუბრობდნენ პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით ეკონომიკური პრეფერენციების მოპოვების დაუშვებლობაზე. ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარე, ისინი ახალი ბაზრების ათვისებას ცდილობდნენ და მკაცრად აკრიტიკებდნენ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იაპონიის იმპერიებს, რომლებიც პროტექციონისტულ ზომებს მიმართავდნენ და ბაზრების დასაცავად პოლიტიკურ ზღუდეებს ქმნიდნენ. აშშ-ის ექსპანსიას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სწორედ ბიზნესისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაქსიმალური თავისუფლების ლოზუნგები ამყარებდნენ, მაგრამ დღეს ვითარება შეიცვალა და, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ვაშინგტონი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად ისევე აქტიურად იყენებს თავის პოლიტიკურ უპირატესობებს, როგორც ამას მეოცე საუკუნის მომაკვდავი იმპერიები აკეთებდნენ. ამ თემამ ვლადიმერ პუტინის გამოსვლაშიც გაიჟღერა: “თუ ადრე გავრცელებული იყო კლასიკური პროტექციონიზმის ფორმები, როგორიცაა დამატებითი გადასახადები იმპორტისთვის, ტექნიკური რეგულაციები თუ ფარული სუბსიდიები, დღეს საუბარი პროტექციონიზმის “ახალ გამოცემაზე” მიდის, აშკარად გამოგონილი საბაბების გამოყენებაზე, ეროვნული უსაფრთხოების თითქოსდა არსებულ ინტერესებზე. რისთვის? კონკურენტების დათრგუნვისთვის და დათმობების გამოძალვისთვის”.
ტრამპის ადმინისტრაციის უარი “აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” შეთანხმებაზე, პოლიტიკური ზეწოლის მეშვეობით ჩინეთისგან ეკონომიკური დათმობების მიღების მცდელობა, სანქციები რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ და მათი სატრანზიტო პროექტების ჩაშლის სურვილი უფრო დამახასიათებელია კლასიკური იმპერიალიზმის ეპოქისთვის, ვიდრე 21-ე საუკუნისთვის, როდესაც გლობალური ეკონომიკა და მისი ფლაგმანები პოლიტიკურ ზეწოლაზე ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ევროპელებისა და ჩინელების უკმაყოფილება ტრამპის ძალისმიერი ტაქტიკის მიმართ და “მეწარმეობის, ვაჭრობის, ინვესტიციების თავისუფლებაზე” აპელირებს თითქმის ისე, როგორც ამას აკეთებდნენ ამერიკელები წინა საუკუნეში. “ამ დარბაზში ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი ზის და თქვენ კარგად იცით, რომ, როდესაც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარე სამართლებრივი სივრციდან გადის, ეს ყოველთვის დიდ რისკებსა და დანაკარგებს უკავშირდება. ეს საქმიანი პრაქტიკის აქსიომაა. გლობალურ მასშტაბში სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი ძალის ცენტრების მსგავსი ქცევა ძალზე ნეგატიურ, თუ არა გამანადგურებელ შედეგებს მოასწავებს… ამან შეიძლება ისეთ სისტემურ კრიზისამდე მიგვიყვანოს, რომელსაც მსოფლიო არასოდეს შეჯახებია ან დიდი ხანია, არ შეჯახებია. ის მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთობების უკლებლივ ყველა მონაწილეს შეეხება”, _ განაცხადა პეტერბურგის ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ჩამოთვალა ოთხი ძირითადი პრინციპი, რომლებმაც ქვეყნის განვითარება უნდა უზრუნველყოს:
პირველი, მისი თქმით, ეკონომიკის მოდერნიზაციაა და მისი ორიენტაცია მოქალაქეების გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. საგულისხმოა, რომ იგივე აქცენტები დასვა ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა შარშან კომპარტიის მე-19 ყრილობაზე. როგორც ჩანს, ორივე ქვეყნის ლიდერი მოწადინებულია, არ დაუშვას “ცივი ომის” დროინდელი სიტუაციის გამეორება, როდესაც მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამ სსრკ გამანადგურებელ კრიზისამდე მიიყვანა. მოსკოვსა და პეკინში, სავარაუდოდ, აცნობიერებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს შორის ნაპრალის გაჩენა ძალზე საშიშია. პუტინმა პეტერბურგში ამ მიმართულების პრიორიტეტები ჩამოთვალა _ განათლების, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სისტემების რეფორმა და ეკოლოგიის დაცვა;
მეორე პრინციპი, პუტინის თქმით, “თავისუფლების სივრცის გაფართოებაა”, რაც “პრინციპულად მნიშვნელოვანია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად, ეკონომიკის, სოციალური სფეროს, მეცნიერებისა და კულტურის გასავითარებლად”. ეს, უპირველესად, ეკონომიკური კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას, საკრედიტო სისტემის ოპტიმიზაციას გულისხმობს;
მესამე პრინციპი ტექნოლოგიური განვითარებაა. ამ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა 2016 წელს მიღებული “ციფრული განვითარების კომპლექსური პროგრამის” რეალიზაციაზე;
მეოთხე “ქვეყნის გახსნილობაა, მისი მოწადინება _ მსოფლიო პროცესებსა და ინტეგრაციულ პროექტებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს”. ეს, უპირველესად, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გლობალურ ქსელებში მის ინტეგრაციას ნიშნავს.
მთავარ გამოსვლაში პუტინს გეოპოლიტიკური დაპირისპირებაზე კონკრეტულად არ უსაუბრია, მაგრამ ფორუმის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი დისკუსიისას თქვა, რომ “ნატო არა მხოლოდ მოუახლოვდა ჩვენს საზღვრებს, არამედ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ხვალ იქ შეიძლება უკრაინაც ჩართონ და დააყენონ რაღაც რადარები და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. არსებობს რაღაც ზღვარი, ხომ გესმით… “წითელი ხაზის” გადაკვეთა არ შეიძლება”. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეპლიკაში პუტინს საქართველო არ უხსენებია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგულისხმა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ლიდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღება მისთვის “წითელ ხაზს” მიღმა რჩება.
პეტერბურგში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, სანქციების მიუხედავად, საუბარი რუსეთის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ იზოლაციაზე უადგილოა. შეუძლებელია მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შედარება იმ მდგომარეობასთან, რომელშიც იმყოფებოდა საბჭოთა კავშირი საერთაშორისო იზოლაციის პერიოდში ან თუნდაც ირანი “ბირთვული გარიგების” გაფორმებამდე. წამყვანი ქვეყნების ლიდერები და ბიზნესმენები დღეს რუსეთს განხილავენ, როგორც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების სისტემის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს, ამგვარად, იზოლაციის ხსენება ამ ეტაპზე ერთობ არაადეკვატური ჩანს. საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას და ნაკლებად მოუსმინოს იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთის საბოლოო იზოლაციას სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს.
ლუკა ნემსაძე