ჩვენი სამოციანელებისა და ხალხოსნების მრავალმხრივი შემოქმედების დაუშრეტელი წყარო საქართველოს რეალური სინამდვილე და მდიდარი კულტურული ტრადიციები იყო. მათი შემოქმედება, რომელიც ქართულ ნიადაგზე იშვა და ღრმად ეროვნული, თვითმყოფადი ხასიათი ჰქონდა, მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის კანონზომიერი განვითარება და შემდგომი გაღრმავება იყო.
მაგრამ ცნობილია, რომ არც ერთი ლიტერატურა არ ვითარდება იზოლირებულად; რაც უფრო კულტურულია ხალხი, მით უფრო ფართო და რთულია მისი ლიტერატურული ურთიერთობა სხვა ხალხებთან. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ–ერთ უძველეს ქართველ ერსაც, მის კულტურას, მის გამოჩენილ შვილებს _ თერგდალეულებსა და ხალხოსნებს.
ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა შესანიშნავად ჩამოაყალიბეს აზრი ლიტერატურის ეროვნული და ინტერნაციონალურ ბუნებაზე, მის როლზე ხალხთა მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში. აკაკის რწმენით, “ყოველ დარგს ხელოვნებისას აქვს სამშობლო… ის ღვიძლი შვილია იმ კუთხისა და იმ ერის, სადაც პირველად თავი უჩენია”.
“ხალხთა ცხოვრებაში, _ წერდა ილია ჭავჭავაძე, _ …ბევრი ზოგადი კანონები მოქმედებს”, მაგრამ ყველა ხალხს, გარდა საერთოსი, აქვს განსხვავებული თვისებები და ინტერესები, თავისი სპეციფიკური, ეროვნული კულტურა, რომლითაც ის ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს მთელი კაცობრიობის სულიერ საგანძურს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რუსი მწერლები “სისხლითა და ხორცით” ქართველებს არ ენათესავებოდნენ, მათ ჩვენთან ბევრი რამ აკავშირებდათ. “პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი, ტურგენევი, ტოლსტოი და სხვანი ამგვარნი მოღვაწენი რუსეთის დიდებად, სახელად ცნობილ არიან უკეთესთა რუსთაგან. მათის წყალობით და მეოხებით ევროპამ დღეს სხვა თვალით შემოხედა რუსეთის სულიერს ძალ-ღონეს, რომლის გამომეტყველნიც იყვნენ ხსენებულნი დიდბუნებიანნი კაცნი რუსეთისანი. ამისთანა კაცნი მით არიან სახელოვანნი, რომ თუმცა სისხლით და ხორცით ერთს რომელსამე გვარტომობას ეკუთვნიან, მაგრამ თვისის ღვაწლით ამასთანავე გვაჩვენებენ ხოლმე, რით არის მათი გვარტომი თანამოზიარე მთელის კაცობრიობისა და რაგვარი ნაკადული შეაქვს იმ დიდ ზღვაში, რომელსაც კაცობრიობას ეძახიან, რა განძსა და საუნჯესა სდებს იმ მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარში, რომელიც ყველას ეკუთვნის და რომლის კარი მუდამ ღიაა ყველასათვის ერთნაირად და თანასწორად, მიუხედავად რჯულისა, გვარტომობისა და დიდ-პატარაობისა”.
ქართველ სამოციანელთა და ხალხოსანთა რწმენით, თითოეულმა ერმა სხვათა გამოცდილება და მიღწევები უნდა შეისწავლოს და გამოიყენოს, მაგრამ ბრმად კი არ მიბაძოს სხვას, მექანიკურად კი არ გადაიღოს მეზობლის მაგალითი, არამედ შემოქმედებითად, კრიტიკულად მიუდგეს მას და საკუთარი პირობების გათვალისწინებით გამოიყენოს სხვათა გამოცდილება–მიღწევანი მშობლიური კულტურის გასავითარებლად.
სწორედ ასეთი დამოკიდებულება გამოიჩინეს თერგდალეულებმა რუსული ლიტერატურის მიმართ. როგორც ვიცით, მათ პეტერბურგში სწავლა მოუხდათ იმ ბობოქარ პერიოდში, როცა რუსულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალი ფაზა დაიწყო. საზოგადოებრივ-ლიტერატურული ცხოვრების სარბიელზე გამოვიდა რუს რევოლუციონერთა მეორე თაობა _ რევოლუციონერი დემოკრატები, მრავალმილიონიანი დამონებული გლეხობის იდეოლოგები, სამოციანი წლების რაზნოჩინელების ბრწყინვალე პლეადა, ჩერნიშევსკისა და დობროლიუბოვის მეთაურობით.
ახასიათებდა რა რუს რევოლუციონერ დემოკრატთა თაობას, “მოაზროვნე საზოგადოებას”, ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ “ის საზოგადოება მთელი თავის ძალ-ღონით მიაწყდა უშველებელ საქმეს უარყოფისას, და ყოველს მის მოქმედებაში ან წუნი და კიცხვაა დროგადასული ძველისა, ან მოძღვრება და ნატვრა ნელად აკვირტებულის ახლისა, უკეთესნი წარმომადგენელნი ამ საზოგადოებისა _ პოეზიაში, მეცნიერებაში თუ პუბლიცისტობაში, _ სულ ამ დიდის საქმის მიმდევარნი იყვნენ დაუღალავად. მათის მართლაც და დაუვიწყარის ღვაწლით მათ თამამმა უარმყოფელმა მიმართულებამ ფეხი კარგად განზედ გაიდგა რუსეთში და ცხოვრების მოედანზედ დაიჭირა ადგილი”. ამ ახალი მიმართულების მესვეური იყო სახელოვანი “სოვრემენნიკი”.
ცნობილია, რომ რევოლუციონერ დემოკრატთა მებრძოლი ორგანოს “სოვრემენნიკის” ხელმძღვანელები _ ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი და მათი თანამოაზრენი გადაჭრით ილაშქრებდნენ როგორც სოციალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ, ისე იდეალისტური ესთეტიკის, “წმინდა ხელოვნების” წინააღმდეგაც.
“სამოციან წლებში, _ წერდა აკაკი წერეთელი “მცირე შენიშვნაში”, _ როდესაც ხელოვნებამ ისე გაიტაცა რუსეთის მწერლობა, რომ უკეთესი და უნიჭიერესი წარმომადგენელნი ძირს ფეხს აღარ ადგამდნენ და მხოლოდ მიმოფრენდნენ ცის ლაჟვარდში ცხოვრებისაგან მოსხლეტილნი, მაშინდელმა გამოჩენილმა მწერალმა ჩერნიშევსკიმ შენიშნა მათ, რომ ხელოვნება მარტო უნაყოფო ხელოვნებისათვის კი არ უნდა იყოს, ცხოვრებას უნდა ემსახურებოდეს… ამით იმას უნდოდა, რომ უკიდურესობაში ჩამდგარი ხელოვნება როგორმე გამოებრუნებია და საჭირო კალაპოტში ჩაეყენებია”.
რუსული რევოლუციურ-დემოკრატიული ლიტერატურის მნიშვნელობა და როლი ბრწყინვალედ დაახასიათა ნიკო ნიკოლაძემ. “1856-1861 წლების ლიტერატურა, _ წერდა იგი, _ აღძრავდა თავის მიმართ ჩვენი საზოგადოების უსაზღვრო სიმპათიას. იმ დროს, ყველა, ვინც ცხოვრობდა რუსეთში გონებრივი ცხოვრებით, ვისაც კი შესწევდა უნარი ადამიანური არსებობის კეთილშობილური იდეალებისაკენ ლტოლვისა, ლიტერატურასთან ერთად საერთო სიცოცხლით სუნთქავდა. მწერლებსა და მკითხველებს შორის არსებობდა საერთო რწმენის, საერთო მისწრაფებებისა და იმედების განუწყვეტელი კავშირი, ჟურნალის (“სოვრემენნიკის”) ახალი ნომრის გამოსვლას ყველა დიდი გულისფანცქალით მოელოდა, მწერლის სიტყვას ციურ მანანასავით ეგებებოდნენ, და წაკითხვის შემდეგ ყოველი მკითხველი გრძნობდა, რომ მორალურად უფრო ჯანსაღი, ფიზიკურად უფრო ახალგაზრდა გახდა, ვიდრე წინათ იყო. მკითხველის ძალები ათკეცდებოდა, მისი მსოფლმხედველობა ფართოვდებოდა, მისი რწმენა და შეხედულებები მტკიცდებოდა, ერთი სიტყვით, იგი უკეთეს, უფრო სასარგებლო ადამიანად იქცეოდა. რუსეთის წარმოუდგენლად შორეულ კუნჭულებში ცალ-ცალკე მიმოფანტული ადამიანები გრძნობდნენ, რომ მარტონი არ არიან, რომ არსებობს გონებრივი ცხოვრების ცენტრი, რომ არსებობს მრავალი გული, რომელთა ცემაც რეგულირდება მათთან საერთო მიმართულებაში”.
ამ ციტატებიდან ნათელია, რა მაღალ შეფასებას აძლევდნენ ჩვენი სამოციანელები მოწინავე რუსულ ლიტერატურას, რადგან ამ ლიტერატურის გამათავისუფლებელი და პატრიოტული ხასიათი სავსებით შეესაბამებოდა და ენათესავებოდა მათსავე იდეალებსა და განწყობილებას.
“რა დრო იყო მაშინ, რომ იცოდე, მკითხველო, _ წერდა ნიკო ნიკოლაძე, _ რანაირი მოუთმენლობით და წყურვილით ველოდით ჩვენ, ახალგაზრდები, იმ ბედნიერ დღეს, როცა საყვარელი ჟურნალის (“სოვრემენნიკის”) ახალი წიგნი გამოვიდოდა რა აღტაცებით და აჩქარებით, რა სიხარბით და დაუღალველობით დავეწაფებოდით ჩვენ მის კითხვას, რანაირათ გვიფეთქდა ჩვენ მაშინ გული, გვიღელავდა გრძნობა და გვეწოდა ტვინი და გონება! რამდენი გრძელი, ბოლომოუღებელი, ჩრდილოეთის ზამთრის ღამე გაგვითენებია ჩვენ მის კითხვაში, მის აზრების რჩევაში, მის სიტყვების სჯაში, მათზე დავაში და რამდენი შემდეგი ღამეები მოუსვენრათ უწვალებივართ იმ გრძნობის მღელვარებას, იმ აზრის მუშაობას, რომელიც ამ ჟურნალს ჩვენში მოუხდენია! ვინ დათვლის ამ ხანგრძლივი ბედნიერების, აღტაცების, ტვინის წვალების და გრძნობის ამაღლების დღეებს, ან ვინ დაივიწყებს მათ სანიადაგოთ გულში ჩაბეჭდილს კვალს”.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ილია ჭავჭავაძის აზრი რუსული მწერლობის მნიშვნელობაზე ქართული კულტურის განვითარებისათვის. “თქმა არ უნდა, რუსულმა ლიტერატურამ დიდი ხელმძღვანელობა გაგვიწია წარმატების გზაზედ და დიდი ზემოქმედება იქონია ყოველს მასზე, რაც ჩვენს სულიერს ძალ-ღონეს შეადგენს და ჩვენს გონებას, ჩვენს აზრს, ჩვენს გრძნობასა და ერთობ ჩვენს მიმართულებაზედ დააჩნია მან თავისი ავ-კარგიანობა”, _ წერდა იგი.
როცა ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა რუსული ლიტერატურის ნაყოფიერ გავლენას ქართულ მწერლობაზე, მას, ცხადია, მხედველობაში ჰქონდა არა კლასიცისტურ-სენტიმენტალური, კონსერვატიულ-რომანტიკული და რეაქციულ-შოვინისტური მიმართულებანი, არამედ ახალი პროგრესული ლიტერატურა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ პუშკინი, ლერმონტოვი და გოგოლი, ტურგენევი, ტოლსტოი და რევოლუციონერი დემოკრატები, თერგდალეულებს კარგად ჰქონდათ შეგნებული ამ ლიტერატურის სიდიადე, იცოდნენ, რომ იგი მჭიდრო იყო დაკავშირებული რუსი ხალხის განმათავისუფლებელ მოძრაობასთან, რომ იგი გამოირჩეოდა მაღალი იდეურობით, ხალხურობით, რეალიზმითა და ჭეშმარტი პატრიოტიზმით.
დარეჯან ანდრიაძე