ვებგვერდმა პროსტოპროსპორტ.რუ–მ წერილების ციკლი მიუძღვნა საბჭოთა კავშირის ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბებს _ კიევის “დინამოს”, მინსკის “დინამოს”… რამდენიმე დღის წინათ კი თბილისის “დინამოც” გაიხსენა. წერილებში გაანალიზებულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კლუბების ასპარეზობა ევროპულ ტურნირებში, მათი მიღწევები სსრკ–ში და… რა პერსპექტივა აქვთ დღეს ამ სახელოვან კლუბებს.
და, თუ უკრაინის დედაქალაქის კლუბი, რომელმაც უეფას თასის მფლობელთა თასი 2-ჯერ მოიპოვა, ხოლო სუპერთასი _ 1-ჯერ, მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და დაამარცხა ისეთი ევროპული გრანდები, როგორიც არიან მიუნხენის “ბაიერნი” და ბარსელონას “ბარსელონა”, დღეს, ასე თუ ისე, მაინც ინარჩუნებს სახეს (მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში), ამას ვერ ვიტყვით თბილისის “დინამოზე”, რომლის ძველი დიდებისგან აჩრდილიც აღარ დარჩა. 2020 წლის 26 სექტემბერს სამარცხვინოდ დამარცხდა ფარერის კუნძულების სრულიად უცნობ, არაპროფესიონალებით დაკომპლექტებულ კლუბ “კლაკსვაიკთან” _ 1:6.
ყვლაფრის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრისთვის, ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება უცხო თვალით დანახული ქართული ფეხბურთი _ როგორი იყო ის საბჭოთა პერიოდში და როგორია დღეს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის 30 წლის თავზე.
საბჭოთა კავშირის პერიოდში
* ჩემპიონობა: 2 (1964, 1978)
* სსრკ–ის თასი: 2 (1976, 1979).
* უეფას თასების მფლობელთა თასი: 1 (1981).
თბილისის “დინამოს” მდიდარი ისტორია აქვს. კლუბი დაარსდა 1925 წელს, 1930-იან წლებში კი დებიუტი ჰქონდა XX საუკუნის ერთ-ერთ შესანიშნავ ქართველ ფეხბურთელს _ ბორის პაიჭაძეს. მისი ისტორია ერთდროულად შესანიშნავიც არის და ტრაგიკულიც. ბორის პაიჭაძემ სსრკ-ის ჩემპიონატებში 99 ბურთი გაიტანა და 36 წლის შესრულებამდე ითამაშა, მაგრამ მის ცხოვრებაში იყო სამწუხარო ეპიზოდიც: ბორის პაიჭაძე თბილისის “დინამოში” ლავრენტი ბერიას მითითებით მოხვდა, როცა მისი მამა დაპატიმრებული იყო. ბორისი კარგა ხანს ცდილობდა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახელგანთქმულ კომისართან შეხვედრას, მაგრამ ეს მხოლოდ 1942 წელს მოახერხა, როცა მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. ქართული ფეხბურთის ფლაგმანში ყოველთვის იყვნენ ბრწყინვალე ფეხბურთელები. ასე იყო 1964 წლის სსრკ-ის ჩემპიონ გუნდშიც, რომელშიც თამაშობდნენ ისეთი კაშკაშკა ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი. ორივემ სახელი გაითქვა არა მხოლოდ საკლუბო დონეზე, არამედ საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რომელმაც 1960 წელს ევროპის პირველ ჩემპიონატში გაიმარჯვა (მესხისა და მეტრეველის გარდა სსრკ-ის იმ ნაკრებში თამაშობდა გივი ჩოხელიც _ ნ.კ.). შემდეგ (და ყველაზე დიდ) წარმატებას თბილისის “დინამომ” მიაღწია გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როცა მას წვრთნიდა ნოდარ ახალკაცი. იმხანად გუნდში თავი მოიყარეს უნიჭიერესმა შემტევებმა. ესენი იყვნენ: დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი და, რა თქმა უნდა, ვიტალი დარასელია. ის, რასაც ეს ბიჭები აკეთებდნენ ბურთით, გასაოცარი იყო ევროპელთათვისაც კი. 1979 წელს თბილისის “დინამომ” უეფას ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (ახლანდელი ჩემეპიონთა ლიგა _ ნ.კ.) გაანადგურა კენი დალგლიშის, რეი კლემენსის, გრემ სუნესის “ლივერპული”, რომელიც ამ თასის მფლობელი იყო.
თბილისში წვიმიან ამინდში გოლები მხოლოდ თბილისელებმა გაიტანეს: ანგარიში გუცაევმა გახსნა, შენგელიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ჩივაძემ დააგვირგვინა ინგლისელთა განადგურება _ 3:0. უკვე იმხანად ყველასთვის ნათელი იყო, რომ ახალკაცმა არა, უბრალოდ, კარგი, არამედ ისტორიული გუნდი შექმნა. ეს თბილისის “დინამომ” შემდეგ, 1980-1981 წლების სეზონში, დაამტკიცა, როცა კიეველი თანაკლუბელების შემდეგ საბჭოთა კავშირში მეორე იყო, რომელიც უეფას თასის მფლობელთა თასს დაეუფლა. დრამატული ფინალი “კარლ ცაისის” წინააღმდეგ გუცაევისა და დარასელიას გოლებით _ ეს არის არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია დარასელიას მიერ გატანილი ბურთი. დარასელიას ჰქონდა მონაცემები, სუპერვასკვლავი გამხდარიყო, მაგრამ 1982 წელს დეკემბერში ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. საერთოდ, “დინამო” თბილისის ლეგენდარული შემადგენლობისთვის ნაადრევი სიკვდილი ლამის ტენდენციად იქცა. იმჟამად, თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ქართველების ტრიუმფიდან 39 წლის შემდეგ, ცოცხალი აღარ არის არც უჭკვიანესი ჰავბეკი ყიფიანი, არც ბომბარდირი შენგელია; პირველი ავტოავარიაში დაიღუპა 2001-ში, მეორე _ გულის შეტევით გარდაიცვალა 2012 წელს.
სსრკ–ის დაშლის შემდეგ
* ჩემპიონობა: 16
* საქართველოს თასი: 13
* უმაღლესი მიღწევა ევროთასების გათამაშებაში: უეფას თასის ჯგუფური ეტაპი _ 2004/05
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისის ფეხბურთი გარკვეულ პერიოდში ინერციით ცხოვრობდა _ მწვრთნელები და სკოლები განაგრძობდნენ ფუნქციობას და ამ სკოლებში, როგორც ადრე, იზრდებოდნენ მსოფლიო პოტენციალის მოთამაშეები. 1990-იან წლებში თბილისის “დინამოში” თამაშობდნენ: კიევის “დინამოსა” და მილანის “მილანის” მომავალი მცველი კახა კალაძე, ჰავბეკი გიორგი ქინქლაძე, რომელიც შემდეგ გამოდიოდა “მანჩესტერ სიტიში”, “აიაქსსაქ” და არგენტინის “ბოკა ხუნიორსშიც” კი, “აიაქსისა” და გლაზგოს “რეინჯერსის” მრისხანე ფორვარდი შოთა არველაძე, ბუნდესლიგის ვარსკვლავები _ ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი. ამ ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ დრო გადიოდა, ფეხბურთში ბევრი ფული იდებოდა, მატულობდა კონკურენცია. საქართველო კი გაღატაკებული იყო კორუფციისა და სამოქალაქო ომისაგან. ქვეყანას ფეხბურთისთვის არ ეცალა, ამიტომ საუკეთესო ფეხბურთელები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აღზრდილები, უცხოეთში წავიდნენ, მათი დონის კი არავინ ჩანდა. ასე დაიწყო თბილისის “დინამოს” და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის დაისი.
2000 წელს “დინამომ” პირველად ვერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა _ ტიტული ქუთაისის “ტორპედოს” დაუთმო. გარკვეული აღმავლობა კლუბს 2004-2005 წლების სეზონში ჰქონდა, როცა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს ჯერჯერობით ბოლო ნათელი წერტილია “დინამოს” ისტორიაში. შემდეგ იყო მხოლოდ უფერულობა. თუმცა ეს საქართველოს ჩემპიონატისთვის საკმარისია, აი ევროთასებში კი “დინამო”, უკვე მრავალი წელია, გამანადგურებელი ანგარიშით მარცხდება ისეთი კალიბრის მეტოქეებთან, როგორებიც არიან “სტიაუა”, “პაოკი” თუ ზაგრების “დინამო”.
პერსპექტივა
თუ ასე გაგრძელდა, პერსპექტივა, უბრალოდ, არ არსებობს. ოდესღაც დიადი კლუბისგან ნანგრევები დარჩა. თბილისის “დინამოს” სკოლას, უკვე დიდი ხანია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ აღუზრდია. “დინამოს” პრობლემები ქართული ფეხბურთის პრობლემებია, რომელშიც 20 წელიწადია, საინტერესო არაფერი ხდება. და როგორ უნდა ამოძრავდეს ეს ჭაობი, როცა ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 15 ათას დოლარზე ოდნავ მეტია, გაუგებარია.
მოამზადა ნიკა კორინთელმა