Home რუბრიკები ისტორია საბჭოების ქვეყანა. დავიწყებული ბელადები

საბჭოების ქვეყანა. დავიწყებული ბელადები

ლავრენტი ბერია

ბერია

ლავრენტი ბერიას არ დავიწყებია ჭაბუკობისდროინდელი გატაცება არქიტექტურით. მოსკოვის ცნობილი მაღლივი შენობები ბერიას სახელთან არის დაკავშირებული _ სწორედ მას ჰქონდა დაკისრებული საბჭოთა დედაქალაქის გარდაქმნის გეგმის განხორციელება. იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ საბჭოთა მოქალაქეები უზრუნველეყოთ მაღალჭერიანი, ფართო ბინებით. ამ სახლებს დღესაცსტალინკებადმოიხსენიებენ.

კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ გაშლილ კამპანიასთან კი ლავრენტი ბერიას არავითარი კავშირი არ ჰქონია. პოლიტიკური კამპანია საბჭოთა ინტელიგენციის წინააღმდეგ იყო მიმართული და გამოკვეთილად ანტისემიტურ ხასიათს ატარებდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ბერიამ წამოაყენა წინადადება, შეეწყვიტათ ე.წ. ექიმების საქმე და მოეხდინათ ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტის საქმეზე მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია.

სტალინი ტუშინოს აეროდრომზე
სტალინი ტუშინოს აეროდრომზე

“ექიმების საქმე” აღიძრა გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როგორც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სიონისტური შეთქმულების შემადგენელი ნაწილი, და მიმართული იყო კრემლის სამკურნალო-სანიტარული სამსახურის ექიმების ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად წაუყენეს საბჭოთა ლიდერების წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზება მათი მოკვდინების მიზნით. სისხლის სამართლის ეს საქმე ექიმ-კარდიოლოგ ლიდია ტიმაშუკის განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომლითაც მან შესაბამის ორგანოებს 1948 წელს მიმართა. იგი წერდა, რომ პოლიტბიუროს წევრ ანდრეი ჟდანოვს არასწორად უმკურნალეს, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია…

საქმეს იძიებდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, რომელსაც ომისშემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ აბაკუმოვი. 1951 წელს იგი დააპატიმრეს, ხოლო მის ადგილზე სიმონ იგნატიევი დანიშნეს. ბერიას ორივესთან, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ის, რომ იგნატიევმა დაზვერვა უსუსურ მდგომარეობამდე მიიყვანა. არაპროფესიონალების მოძალებამ მრავალი ჩავარდნა _ აგენტურის გაშიფვრა და ჩეკისტების მტრის მხარეზე გადასვლა გამოიწვია.

ბერიას უახლესი გარემოცვა „მეგრელთა საქმის“ ფიგურანტები
ბერიას უახლესი გარემოცვა „მეგრელთა საქმის“ ფიგურანტები

სტალინის მიერ დაწინაურებული მინისტრის წინააღმდეგ გამოსვლა ბერიას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. იგი ხვდებოდა, რომ იგნატიევს ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისი დაპატიმრების სანქციის გაცემა. ბერიას ამ ეჭვის სერიოზული საფუძველი ჰქონდა.

1951 წლის ნოემბერში საქართველოში დააპატიმრეს რიგი ხელმძღვანელი მუშაკებისა. ისინი ბერიას გარემოცვის უახლოეს წრეში შედიოდნენ (ე.წ. მეგრელების საქმე). მათ ბრალად დასდეს ნაციონალიზმი და თურქეთზე ორიენტაცია, მაგრამ ამ საქმის ნამდვილი მიზეზი ლავრენტი ბერია იყო. სტალინი ერთგულ თანამებრძოლს აფრთხილებდა _ დამსახურების მიუხედავად, მას ნებისმიერ დროს თავიდან მოიცილებდნენ: ქვეყანაში შეუცვლელი არავინაა.

იმხანად ბერიასთვის ხელი არავის უხლია.

1953 წლის 1 მარტს კუნცევოს აგარაკზე დაცვამ სტალინი იატაკზე უმწეო მდგომარეობაში მყოფი იპოვა. ის ტახტზე დააწვინეს და ტელეფონით თავიანთ უშუალო უფროსს, სახელმწიფო უშიშროების მინისტრ იგნატიევს დაუკავშირდნენ. მან მიუთითა, რომ ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას დაკავშირებოდნენ.

ღამით პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელები, რომლებიც სტალინთან სხვებზე მეტად დაახლოებულები იყვნენ, _ ბერია, მალენკოვი, ხრუშჩოვი და ბულგანინი სტალინის აგარაკზე სიტუაციის გასაანალიზებლად შეიკრიბნენ. სტალინის შეწუხება ვერ გაბედეს. დაცვის განცხადებით, მას ეძინა. ექიმების მოწვევაზე ლაპარაკიც არ იყო, რადგან სტალინის გაგებით, ისინი მკვლელებად აღიქმებოდნენ (“ექიმების საქმე”) და გარისკვა ვერავინ გაბედა.

სტალინი და მისი თანამებრძოლნი
სტალინი და მისი თანამებრძოლნი

მეორე დილით დაცვამ, იმის შიშით, რომ უმოქმედობა არ დაბრალებოდათ, კვლავ დარეკა “ზევით”. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო ცეკას ბიურომ გადაწყვეტილება ექიმების სტალინთან გამოძახების თაობაზე. დიაგნოზი უმძიმესი იყო _ ტვინში სისხლის ჩაქცევა.

4 მარტს გაზეთებში გამოქვეყნდა პირველი ოფიციალური ცნობა სტალინის ავადმყოფობის შესახებ. ეს ნიშნავდა, რომ გამოჯანმრთელების იმედი არ არსებობდა.

ბერიას გამოსვლა სამგლოვიარო მიტინგზე
ბერიას გამოსვლა სამგლოვიარო მიტინგზე

იმავე დღეს ბერიამ და მალენკოვმა მოამზადეს წინადადება ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შესახებ, რომელიც ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე მეორე დღესვე ერთხმად მიიღეს. სტალინის მიმდევრები ქმნიდნენ ძალაუფლების ისეთ სისტემას, რომლის დამკვიდრების შემდეგ არავის ექნებოდა უპირობო ლიდერობის პრეტენზიაც კი. ცენტრალური კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელობა მიანდეს ნიკიტა ხრუშჩოვს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ანუ მთავრობის მეთაური გახდა გიორგი მალენკოვი, მისი ერთერთი პირველი მოადგილე _ ლავრენტი ბერია. მასვე დაევალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება. სტალინის კანდიდატურა არც ერთ ხელმძღვანელ პოსტზე არ განიხილებოდა, მაგრამ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ბიუროში ფორმალურად იყო ჩართული.

1953 წლის 5 მარტს, 21 საათსა და 50 წუთზე, საშინელი აგონიის შემდეგ სტალინი გარდაიცვალა.

ასე აშენებდნენ სოციალიზმს
ასე აშენებდნენ სოციალიზმს

“ჩვენგან წავიდა ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო ახლობელი და მშობლიური იყო ყველა საბჭოთა ადამიანისთვის, მსოფლიოს მილიონობით მშრომელისთვის, გარდაიცვალა სტალინი”, _ განაცხადა ბერიამ მავზოლეუმის ტრიბუნიდან ბელადის დაკრძალვის გამო წითელ მოედანზე გამართულ მიტინგზე.

მოგვიანებით გაჩნდა ვერსია, რომ სტალინი მოწამლეს, ხოლო შეთქმულება მის წინააღმდეგ ბერიას მიერ იყო მოწყობილი. ამ ბრალდების არავითარი სერიოზული საფუძველი არ არსებობდა, რადგან ბერიას საამისოდ არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლავრენტი ბერიას მის მიერ ჩაფიქრებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შანსი გაუჩნდა, რომლებიც, სტალინის დებულების თანახმად, ქვეყანაში დიდი ხნის მომწიფებული იყო.

გაზეთ „პრავდას“ 1953 წლის 24 დეკემბრის ნომერი
გაზეთ „პრავდას“ 1953 წლის 24 დეკემბრის ნომერი

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა კვლავ რომ დაიკავა, ბერია შეუდგა რეაბილიტაციისა და გაყალბებული საქმეების გადახედვას. გამოიცა ბრძანება დაპატიმრებულთა მიმართ იძულებითი და ფიზიკური ზემოქმედების აკრძალვის შესახებ. ბერიამ შეიტანა წინადადება მოქალაქეთა უფლებების გაფართოების თაობაზე, კერძოდ, საპასპორტო შეზღუდვების გაუქმებაზე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმში 1953 წლის 15 მაისს გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ასეთი შეზღუდვები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.

1953 წლის მარტში ბერიამ კიდევ ერთი ინიციატივის განხორციელების საკითხი დააყენა, საქმე ეხებოდა მილიონამდე ადამიანის რეაბილიტაციას. ამნისტიას ექვემდებარებოდა სასჯელმისჯილთა რამდენიმე კატეგორია, მათ შორის იყვნენ ხუთ წლამდე პატიმრობა მისჯილები, მცირეწლოვანი შვილების დედები და ორსული ქალები, არასრულწლოვანები, ხანდაზმულები და უკურნებელი სენით დაავადებულები.

ეს წერილი ბერიამ სამუშაო დოკუმენტის სახით იურიდიული შემადგენლის გარეშე წარადგინა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ გენერალურ პროკურატურასთან და იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციის ჩაუტარებლად საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კლიმენტი ვოროშილოვმა და პრეზიდიუმის მდივანმა პეგოვმა ხელი მოაწერეს ბრძანებულებას ამნისტიის შესახებ. ასეთ აჩქარებას შედეგად მოჰყვა ის, რომ აღნიშნული კატეგორიის პატიმრებთან ერთად გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეთა დიდი ჯგუფები, რამაც ქვეყანაში დანაშაულის არნახული ზრდა გამოიწვია.

ამ ამნისტიას ხალხმა ვოროშილოვის ამნისტია უწოდა, თუმცა ბერიას დაპატიმრების შემდეგ ყველაფერი უარყოფითი, რაც ამ ღონისძიებას მოჰყვა ხრუშჩოვმა ბერიას დააბრალა.

ბერიას საყვარელი ვალენტინა დროზდოვა
ბერიას საყვარელი ვალენტინა დროზდოვა

ქვეყანაში მოქალაქეთა ცხოვრების რეალური დონის შესახებ ბერიამ საბჭოთა ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებზე უკეთ იცოდა: მოუგვარებელი საცხოვრებელი პირობები, პირველი მოხმარების საქონლის ნაკლებობა, გლეხების გაღატაკება. ბერია გამოდიოდა სამხედრო ხარჯების შემცირებისა და ძვირად ღირებული მშენებლობების კონსერვაციის მოთხოვნით. მან წამოაყენა წინადადება სახალხო მეურნეობის მართვაში პარტიის ჩარევის მინიმუმამდე დაყვანის შესახებ. დაიწყო რესპუბლიკებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ეროვნული კადრების, ანუ მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლების დაწინაურება. ის აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში. მისი მოთხოვნით დაიწყო მოლაპარაკება სსრკ-ის მიერ მხარდაჭერილ ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მიმდინარე ომის შეწყვეტისთვის, სამხრეთ კორეას აშშ სამხედრო დახმარებას უწევდა. ბერიამ ასევე დაიწყო იუგოსლავიასთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენაზე ზრუნვა. სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში ბერიასა და იუგოსლავიის ლიდერ იოსიფ ბროზ ტიტოს შორის ურთიერთობის დაძაბვამ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ მტრულად განაწყო: საბჭოთა კავშირის ყოფილი მოკავშირე აშშ-ის გავლენის ზონაში მოექცა, ბერია კი შეეცადა ამ საგარეო-პოლიტიკური პრობლემის მოგვარებას.

საერთაშორისო პოლიტიკის მეორე უმწვავეს საკითხად დამარცხებული გერმანიის ბედის განსაზღვრა რჩებოდა. იალტასა და პოტსდამში მიღებული შეთანხმებების მიხედვით, იგი უნდა აღმდგარიყო, როგორც ერთიანი სახელმწიფო, რომელიც არც ერთ სამხედრო ბლოკში არ იქნებოდა გაერთიანებული, მაგრამ ისტორიამ სხვაგვარად ინება.

1953 წელს გერმანია ორად იყო გაყოფილი _ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიებად. ბერია ამ ქვეყნის გაერთიანების მომხრე იყო, თანაც, რაც შეიძლება მალე. მისი აზრით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა საბჭოთა კავშირსა და კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვას.

ლავრენტი ბერია ოჯახის წევრებთან ერთად
ლავრენტი ბერია ოჯახის წევრებთან ერთად

იალტის კონფერენციის გადაწყვეტილებით, ომის დამთავრების შემდეგ გერმანიის ტერიტორიის ნაწილი საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოექცა და საბჭოთა ჯარების მიერ იქნა ოკუპირებული. საბჭოთა დიპლომატები არაერთგზის შეეცადნენ გერმანიის მთლიანობის აღდგენას, მაგრამ აშშ და დიდი ბრიტანეთი უარს ამბობდნენ, რადგან თავიანთი სამხედრო ბაზების განსალაგებლად სსრკ-ის საზღვრებთან ახლოს ტერიტორიები სჭირდებოდათ.

1949 წლის სექტემბერში აშშ-დიდი ბრიტანეთის ოკუპაციის ზონაში შექმნეს ახალი სახელმწიფო _ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. საბჭოთა მთავრობამ პასუხად იმავე წლის ოქტომბერში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოაყალიბა.

ბერია მთავრობის წევრებს სთავაზობდა საბჭოთა სახელმწიფო სისტემის მასშტაბურ გარდაქმნას. ეს წინადადებები მისი ლიკვიდაციის შემდეგ განხორციელდა.

ბერიას აქტიურობამ შეაშფოთა ხრუშჩოვი და პარტიული ბიუროკრატია. ბერიას ქმედებებსა და განცხადებებში მათ დაინახეს ქვეყნის ხელმძღვანელობაში პირველი ადგილის მოპოვების სურვილი და მისწრაფება. ამასთანავე, ბერია ფლობდა მაკომპრომენტირებელ მასალებს საბჭოთა ლიდერებზე ოციანი წლებიდან მოყოლებული.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერია დარწმუნებული იყო თავის უვნებლობაში. ხრუშჩოვს სერიოზულად არ აღიქვამდა, ხოლო თავისი უახლოესი მეგობრის, გიორგი მალენკოვის, მხრიდან ღალატს აბსოლუტურად გამორიცხავდა.

მაგრამ ხრუშჩოვმა, რომელიც განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ პირობებში აწყობდა შეთქმულებას ბერიას წინააღმდეგ, მალენკოვის გადაბირება შეძლო.

თავდაცვის მინისტრმა ბულგანინმა არმიის მხარდაჭერის უზრუნველყოფა მოახერხა. მარშალი ჟუკოვიც შეთქმულთა მხარეს დადგა.

ლავრენტი ბერიას დაპატიმრება და სიკვდილი დღემდე დისკუსიის საგნად რჩება. ოფიციალური ვერსიით, 1953 წლის 26 ივნისს ბერია საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებლად მიიწვიეს. მას ბრალად დასდეს ბურჟუაზიული გადაგვარება და სახელმწიფო გადატრიალების მომზადება. ხრუშჩოვის მიერ მიცემული ნიშნისთანავე სხდომათა დარბაზში შევიდა შეიარაღებული სამხედროების ჯგუფი. ბერია დააპატიმრეს და მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის მიწისქვეშა ბუნკერში გამოამწყვდიეს, სადაც იგი ნახევარი წლის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა, მაგრამ ბევრს არ სჯერა, რომ მართლაც ასე იყო. სერგო ბერია დარწმუნებული იყო, რომ მამამისი დაპატიმრებისთანავე მოკლეს. ხოლო დააპატიმრეს არა კრემლში, არამედ მის სახლში, მალაია ნიკიტსკაიას ქუჩაზე. მეორე ვერსიით, ბერია დახვრიტეს მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის ბუნკერში მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანამდე დიდი ხნით ადრე.

ბერიას საქმეში ბევრი უცნაურობა და შეუთავსებლობაა. მაგალითად, მისი დაპატიმრების დადგენილება გამოწერილია 1953 წლის 8 ივლისს, ანუ დაპატიმრების ოფიციალური თარიღიდან 12 დღის გასვლის შემდეგ. საქმის მასალებში არ არის ბერიას ფოტოსურათები და მისი თითების ანაბეჭდები, რაც საბჭოთა საქმის წარმოებაში აბსოლუტურად დაუშვებელი იყო. არ არის პირში წაყენების არც ერთი ოქმი, არც ერთ დოკუმენტზე არ არის ბერიას ხელმოწერა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ბუნკერიდან, რომელშიც თითქოს მოთავსებული იყო პატიმარი, დაკითხვებზე გამოჰყავდათ პირსახოცით სახედაფარული კაცი, რომელსაც ბერიას შლიაპა ეხურა.

ბევრი მათგანი, ვინც 1953 წლის 29 დეკემბერს ესწრებოდა ლავრენტი ბერიას სასამართლოს, ამტკიცებდა, რომ ცოცხალი ბრალდებული იქ არ უნახავთ. იმ პროცესზე ბერიას ან მის ორეულს ბრალად დასდეს დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ წარმოებული ჯაშუშობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და სხვა დანაშაულები.

მაგრამ ამ სასამართლო სხდომამდე დიდი ხნით ადრე, ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ხრუშჩოვმა იგი ავანტიურისტად და დიდ ინტრიგანად მონათლა, დამსწრეთ შეახსენა მისი საქმიანობა მუსავატელთა კონტრდაზვერვაში და შემდეგ განაცხადა: “მოხერხებულობა, თავხედობა და ურცხვობა ბერიას ძირითადი თვისებებია”.

საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს მხარი აუბეს ცენტრალურმა გაზეთებმა. პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც ააფორიაქა საბჭოთა მოქალაქეები: ბერია თითქოს ძალადობდა ქალებზე და არც არასრულწლოვან გოგოებზე ამბობდა უარს. მოარული ხმების მიხედვით, მათ მოსკოვის ქუჩებში იჭერდნენ შინსახკომის თანამშრომლები და მინისტრთან შინ მიჰყავდათ.

მორალური გახრწნის ბრალდება ხალხში სწრაფად გავრცელდა და სხვა ბრალდებებთან შედარებით ყველაზე ცხოველუნარიანი აღმოჩნდა.

სუსტი სქესი ბერიას მართლაც უყვარდა, მაგრამ ეს შეხვედრები ორმხრივი თანხმობით ხდებოდა…

ბერიას დაპატიმრების შესახებ ცნობის გამოქვეყნების მეორე დღესვე ვინმე ვალენტინა დროზდოვამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. იგი ჩიოდა, რომ ოთხი წლის წინათ, როცა 16 წლისა იყო, ბერიამ გააუპატიურა და ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით განაგრძობდა მასთან ცხოვრებას.

როგორც შემდეგ გაირკვა, დროზდოვა წლების განმავლობაში ბერიას საყვარელი იყო, მათ გოგოც შეეძინათ, პროკურატურას კი იმიტომ მიმართა, რომ შეეშინდა, არ წაერთმიათ შვილი, რომლის მამაც სახელმწიფო დამნაშავედ გამოაცხადეს. სასამართლო ასეთი დეტალებით არ დაინტერესდა _ მცირეწლოვანების გახრწნა, რომელიც ბერიას წაუყენეს, დამტკიცებულად ითვლებოდა…

ბერიას ცოლი ნინო გეგეჭკორი და მისი ვაჟი სერგო ლეფორტოვოს ციხეში გამოამწყვდიეს. არც ერთ მათგანს ახლობელი ადამიანის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. ასე მოიქცნენ ბერიას უახლოესი თანამებრძოლნიც, რომლებიც, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს.

1953 წლის 24 დეკემბერს გაზეთმა “პრავდამ” გამოაქვეყნა მასალა ბერიასა და სხვების სისხლის სამართლის ბრალდებით გასამართლების შესახებ. პუბლიკაციაში ჩამოთვლილი იყო ბერიასა და კიდევ 6 ბრალდებულის დანაშაულები და ქვეყნდებოდა განაჩენი _ დახვრეტა. მუქი შრიფტით იყო დაბეჭდილი: განაჩენი აღსრულებულია”.

სად არის დამარხული ბერია, დღემდე არავინ იცის. ოფიციალურად ითვლება, რომ მისი ცხედარი დონის ახალი სასაფლაოს ერთ-ერთ საერთო სამარხში არის დაკრძალული, მაგრამ გვამის კრემაციის დამადასტურებელი ცნობა არსად ჩანს.

1952 წელს გამოვიდა დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მე-5 ტომი, რომელშიც დაბეჭდილი იყო ბერიასადმი მიძღვნილი სტატია მისი პორტრეტით. 1954 წელს დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ხელმომწერებმა მოულოდნელად მიიღეს წერილი რედაქციისგან: მათ დაბეჯითებით ურჩევდნენ მაკრატლით ამოეჭრათ ბერიასადმი მიძღვნილი გვერდები და ჩაეწებებინათ სხვა გვერდები, რომლებიც იმავე წერილით იყო დაგზავნილი.

ხრუშჩოვის მმართველობის წლებში პრესასა და ლიტერატურაში გამოქვეყნებული მასალებით ბერიას დემონიზება მოხდა, მას, როგორც მთავარ დამნაშავეს, დაბრალდა ყველა მასობრივი რეპრესიის განხორციელება. იმ ეპოქის ყველა ცოდვა მას აჰკიდეს.

2002 წლის მაისში რუსეთის ფედერაციის სამხედრო კოლეგიამ საბოლოოდ მიიჩნია ლავრენტი ბერია პირად, რომელსაც რეაბილიტაცია არასოდეს შეეხება. მასობრივ რეპრესიებში თანამონაწილეობამ და ხალხთა დეპორტაციის ორგანიზებამ გადაწონა ყველაფერი, რაც კი ბერიამ ქვეყანას გაუკეთა: ომისა და ომის შემდგომ წლებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ატომური ბომბის, ბაქტეოროლოგიური იარაღისა და სარაკეტო-კოსმოსური ჯარების შესაქმნელად მასშტაბური სამუშაოების ორგანიზება, რომლის გარეშეც საბჭოთა კავშირი ვერ დაამყარებდა სამხედრო პარიტეტს შეერთებულ შტატებთან.

დაივიწყეს გულაგში რეჟიმის შერბილება, უსამართლოდ მსჯავრდებულთა პირველი რეაბილიტაციებიც და საბჭოთა კავშირის მმართველობის სისტემის დემოკრატიზაციის მცდელობაც.

მომდევნო თაობებისთვის იგი წარმოდგა, როგორც შურიანი ტირანი, რომელიც სისხლში ახრჩობდა თავის მტრებს.

ფილმის საგაზეთო

ვარიანტი მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here