რუსეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ОРТ–მ ამ დღეებში დაიწყო ახალი კინოპროექტის _ “საბჭოების ქვეყანა, დავიწყებული ბელადების” ჩვენება. ამ მრავალსერიანი ფილმის ერთი ნაწილი, რომელიც ლავრეტი ბერიას მიეძღვნა, ეთერში 14 მაისს გავიდა. “საქართველო და მსოფლიო” მკითხველებს ამ ფილმის შემოკლებულ საგაზეთო ვარიანტს სთავაზობს, რომელიც იწყება იმ ისტორიული მომენტიდან, როცა ფაშისტები კავკასიონის ქედს მოადგნენ, როცა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ბედი ბეწვზე ეკიდა. ამ ურთულეს პერიოდში იოსებ სტალინი კავკასიის ფრონტზე გზავნის ლავრენტი ბერიას.
1942 წლის 23 აგვისტოს ლავრენტი ბერია მოსკოვიდან რამდენიმე ქართველი ოფიცრის თანხლებით თბილისისკენ გამოფრინდა.
ბაქოს რომ მიუახლოვდნენ, თვითმფრინავს ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბერიას თვითმფრინავის პირადი პილოტის, პოლკოვნიკ გრაჩოვის ოსტატური მანევრირების წყალობით, ხანძრის ჩაქრობა ჰაერშივე მოხერხდა და თვითმფრინავი იმავე ღამით თბილისის აეროპორტში მშვიდობით დაეშვა.
ბერია და მისი თანმხლებნი დაუყოვნებლივ გაემართნენ მოზდოკისკენ, რომლის მისადგომებთან უკვე მიმდინარეობდა ბრძოლები.
კავკასიის დაცვის ხელმძღვანელობა ბერიამ საკუთარ ხელში აიღო. უწინარეს ყოვლისა, შეცვალა კადრები და არმიას სათავეში ახალგაზრდა, ნიჭიერი ოფიცრები ჩაუყენა, ახალი, ბრძოლისუნარიანი ნაწილები კავკასიის ფრონტზე გადმოაჯგუფა. მისი განკარგულებით, სასაზღვო ჯარებმა დაუყოვნებლივ გადაკეტეს უღელტეხილები. მობილური სამთო მსროლელთა რაზმები, რომლებიც პროფესიონალი ალპინისტებით იყო დაკომპლექტებული, უხმაურო, მაყუჩიანი იარაღით აღჭურვეს. პირადად ბერიას ყოფნა ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებას აძლიერებდა, რადგან ნათელს ხდიდა, რომ კავკასიის დათმობას ქვეყნის ხელმძღვანელობა არ აპირებდა.
ნოემბერში გერმანელების შეტევა შეაჩერეს.
1953 წელს, ბერიას დაპატიმრების შემდეგ, მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შორის ერთი ასეთიც იყო: რატომ მოხდა ისე, რომ 1942 წლის შემოდგომაზე ბერიამ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ჯარებს ნება არ დართო, მონაწილეობა მიეღოთ კავკასიის დაცვის ბრძოლებში. ხომ არ ცდილობდა იგი კავკასიის ფრონტის დაშლას და გერმანელებისთვის კავკასიის ჩაბარებას?!
ასეთი ვარაუდი აბსურდული და ყოვლად უსაფუძვლოა.
პირადად ბერიას განკარგულებაში მყოფი შინსახკომის ჯარის ნაწილები, რომლებიც 120 ათასამდე ჯარისკაცს აერთიანებდა, ბრძოლებში მართლაც არ მონაწილეობდნენ: ისინი ემზადებოდნენ სხვა ოპერაციის განსახორციელებლად, რომელიც უმკაცრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ჩრდილოეთ კავკასიაში გერმანიის ჯარების შეჭრამდე კარგა ხნით ადრე აქ დაიწყო ნაციონალისტურად განწყობილი დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წინააღმდეგ. მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა 1942 წელს, გერმანიის არმიის კავკასიაზე შეტევის დაწყებისთანავე. ფაშისტები თავიდანვე შეეცადნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმხრობას და ამ მიზნით ფართო პროპაგანდისტული კამპანია გააჩაღეს. ბანდფორმირებების წევრები იოლად წამოეგნენ ამ ანკესს და კავკასიის ტერიტორიების რაიხის უღელქვეშ მოქცევის აქტიური მხარდამჭერები გახდნენ. ბანდიტების რაზმები თავს ესხმოდნენ წითელი არმიის აღალს, ძარცვავდნენ და ხოცავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს უშლიდნენ საბჭოთა არმიის ნაწილების გადაჯგუფებას. ბანდებში ერთიანდებოდნენ დეზერტირები. ნაციონალისტებს, როგორც წესი, გერმანელი აგენტები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის ზურგში იყვნენ შემოგზავნილი აჯანყებებისა და დივერსიების მოსაწყობად.
ჩრდილოეთ კავკასიის გათავისუფლების შემდეგ ბანდიტები ბრძოლას წითელი არმიის რეგულარული ნაწილებისა და შინსახკომის ჯარების წინააღმდეგ განაგრძობდნენ, კლავდნენ ადგილობრივ პარტიულ და სამეურნეო მუშაკებს, აპარტახებდნენ კოლმეურნეობებს, იტაცებდნენ პირუტყვს. დივერსიები შეწყდა მხოლოდ 1944 წელს, როცა ზოგიერთი კავკასიური ეროვნების წარმომადგენლები ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში _ ყახაზეთში, ურალსა და ციმბირში გადაასახლეს…
დეპორტაციას ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო უშიშროების მეორე რანგის კომისარი ივანე სეროვი და ბოგდან ქობულოვი, რომელიც წლების განმავლობაში ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თვით ბერია უმნიშვნელოვანესი ოპერაციების ინიციატორი გახლდათ. იგი პირადად აკონტროლებდა მათი განხორციელების პროცესს და ამტკიცებდა ინსტრუქციებს გადასახლებათა წესის შესახებ.
გადასახლებულებს მომსამზადებლად 24 საათი ეძლეოდათ…
სხვადასხვა მონაცემით, ომის წლებში გადაასახლეს 61 ეროვნების წარმომადგენლები. საიდუმლო ინსტრუქციების თანახმად, გადასახლება არ ეხებოდა სამხედრო მოსამსახურეებსა და ქალებს, რომლებიც სხვა ეროვნების წარმომადგენლებზე იყვნენ გათხოვილნი. ყველა გადასახლებულს უნარჩუნდებოდა საარჩევნო უფლება, რჩებოდა პარტიის წევრად, უნარჩუნდებოდა წოდება და თანამდებობა; თითოეულ ოჯახს უფლება ჰქონდა, წაეღო 500 კილოგრამამდე პირადი ნივთები, ფული და ძვირფასეულობა არ ჩამოერთმეოდათ…
1941 წლის თებერვალში შინსახკომის სტრუქტურიდან ცალკე გამოყვეს სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი, მომავალი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ვსევოლოდ მერკულოვი, ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრი, მაგრამ ბერიას სამსახურებრივი დატვირთვა ამით არ შემცირებულა. მას მხრებზე დააწვა შინსახკომის საქმიანობის ახალი მიმართულებების ტვირთი, რომლებიც ომის პერიოდში წარმოიქმნებოდა ხოლმე. ბერია ოფიციალურად იყო პასუხისმგებელი 1943 წლის ნოემბერ–დეკემბერში გამართულ თეირანის კონფერენციაზე საბჭოთა კავშირის დელეგაციის უსაფრთხოებაზე, რომელსაც იოსებ სტალინი მეთაურობდა. იგი (ბერია) უზრუნველყოფდა სალიტერო მატარებლის მოძრაობას მოსკოვიდან ბაქომდე. ამ მომენტში გერმანიის ჯარებს ჯერ კიდევ ოკუპირებული ჰქონდა საბჭოთა ტერიტორიის ნაწილი და მატარებელი გზაში კინაღამ დაბომბა გერმანიის თვითმფრინავებმა. ბაქოდან თეირანში დელეგაცია “დუგლასის” ორი თვითმფრინავით გაფრინდა, რომელსაც 27 საბჭოთა ავიაგამანადგურებელი მიაცილებდა.
ანალოგიური მოვალეობა დაეკისრა ლავრენტი ბერიას სახელმწიფოთა მეთაურების ყირიმის კონფერენციის ჩატარებისას. ცოტა ხნის წინათ ყირიმი ფაშისტების ხელში იყო. საჭირო შეიქნა სარკინიგზო ლიანდაგების გერმანული ნაღმებისგან გაწმენდა, კონფერენციისთვის გათვალისწინებული შენობების კეთილმოწყობა, კავშირგაბმულობისა და სპეციალური დანიშნულების ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა და ა.შ.
არანაკლებ რთული იყო პოტსდამის კონფერენციის მომზადება, ანუ “ოპერაცია პალმის” განხორციელება, როგორი კოდური სახელწოდებაც ჰქონდა მინიჭებული მოკავშირე სახელმწიფოების ამ შეხვედრას საბჭოთა დოკუმენტებში. სამოქმედო გეგმა ბერიას ბრძანებით დამტკიცდა 1945 წლის 6 ივნისს.
ღონისძიებათა სისტემა ითვალისწინებდა გზების გაწმენდას, დანგრეული შენობების გასუფთავებას, ხიდების, სატელეფონო სადგურების, წყალმომარაგების სისტემისა და კანალიზაციის აღდგენას, ორი ელექტროსადგურის ამუშავებას და ორი აეროდრომის მომზადებას ყველა ტიპის თვითმფრინავების მისაღებად.
ამას გარდა, საჭირო იყო ათასობით საომარი მასალის მიგნება და გაუვნებელყოფა, რომლებიც ათობით სატვირთო მანქანას ერთი თვის განმავლობაში გაჰქონდა ქალაქიდან.
სპეციალური მატარებლის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რომლითაც სტალინი მიემგზავრებოდა პოტსდამში, მობილიზებული იყო შინსახკომის ჯარების 17 ათასი მებრძოლი და ოფიცერი.
1945 წლის 2 ივლისს ბერიამ მოახსენა სტალინს და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვიაჩსლავ მოლოტოვს “ოპერაცია პალმის” მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შესახებ.
15 დღის შემდეგ მუშაობა დაიწყო პოტსდამის კონფერენციამ.
კონფერენციის სხდომებს შორის შესვენებისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს აცნობა, რომ ამერიკელებმა წარმატებით გამოსცადეს ბირთვული იარაღი. ეს არ ჰგავდა საკუთარი მიღწევის მოკავშირისთვის მიწოდებულ ახალ ამბავს. ამით შტატები შეეცადა, გავლენა მოეხდინა საბჭოთა კავშირზე, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისთვის იდეოლოგიურ მტრად იქცა.
1945 წლის 9 მაისს სამამულო ომი დამთავრდა, მაგრამ პოტსდამის კონფერენციის შემდგომ დაიწყო საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების დაცვისთვის ბრძოლის ახალი პერიოდი.
ატომური ენერგიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ ბერიამ სტალინს პირველად ჯერ კიდევ ომამდე აცნობა და ამ დარგში მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყება შესთავაზა, მაგრამ საქმე ადგილიდან ძნელად დაიძრა _ ძირითადი რესურსები ფრონტს ხმარდებოდა. სამუშაოთა სამეცნიერო-ტექნიკურ ნაწილს ხელმძღვანელობდა მომავალი აკადემიკოსი იგორ კურჩატოვი, რომელიც აღშფოთებული იყო ადგილობრივი ხელმძღვანელების უმოქმედობით და დახმარების სურვილის უქონლობით. ბირთვული პროექტის საერთო კოორდინაციით დაკავებულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც სათანადო ცოდნა ჰქონდათ და არც გამოცდილება, ღრმად ჩასწვდომოდნენ სამეცნიერო და ტექნიკური პრობლემების კოლოსალურ რაოდენობას.
საბჭოთა ატომური პროექტი ელოდა ადამიანს, რომელიც ხელს მოჰკიდებდა მის რეალიზაციას, მსოფლიო კი უკვე ახალი ეპოქის კარიბჭესთან იდგა, ბირთვული იარაღის ეპოქაში შედიოდა.
1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-მა ატომური ბომბი ააფეთქა ჰიროსიმას თავზე. რამდენიმე წუთში ეს ქალაქი დედამიწაზე ჯოჯოხეთად იქცა. ათასობით მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანი _ ბავშვები, ქალები, მოხუცები, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ, მყისიერად დაიღუპნენ, ინგრეოდა შენობები, ხანძარი მსახვრალ ქარბორბალად იქცა.
სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, იაპონური ნაგასაკი მეორე ატომურმა ბომბმა აღგავა პირისაგან მიწისა. ამ ორი ელვისებური ოპერაციით ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა 200 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს.
იაპონიის დაბომბვის არავითარი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა. ეს გაკეთდა საბჭოთა კავშირისა და სხვა ქვეყნების დასაშინებლად. შეიცვალა ძალთა განლაგება მსოფლიოში. საერთაშორისო პოლიტიკაში საბჭოთა კავშირის მიერ შესასრულებელი როლის წარმატება ამიერიდან დიდად დამოკიდებული იყო იმაზე, შეძლებდა თუ არა იგი უმოკლეს დროში ბირთვული იარაღის შექმნას.
1946 წლის 15 იანვარს გაზეთ “იზვესტიაში” დაიბეჭდა რამდენიმე სტრიქონი: “საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დააკმაყოფილა ამხანაგ ბერიას თხოვნა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოვალეობისგან გათავისუფლების შესახებ მისი სხვა ცენტრალური სამუშაოთი გადატვირთულობის გამო”. ახალი სამუშაო ადგილის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, რადგან თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის 20 აგვისტოს დადგენილებას ედო გრიფი “სრულიად საიდუმლოდ”. სტალინის ხელმოწერილი განკარგულებით იქმნებოდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც აღიჭურვებოდა საგანგებო უფლებამოსილებით ატომური პროექტის განსახორციელებლად.
ბერია, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარე, აღიჭურვილი იყო გადაწყვეტილებების მიღების იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი თავისუფლებით, რესურსების გამოყენების უსაზღვრო უფლებით _ ფინანსურისაც და საკადროსიც.
დღემდე არსებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ბერიას მოღვაწეობა არასოდეს შემოფარგლულა საზღვარგარეთიდან აგენტურული ინფორმაციის მიღებით. თუმცა მის მიერ ორგანიზებული უცხოეთიდან ბირთვული კვლევების შესახებ სადაზვერვო მონაცემების მოპოვების ოპერაცია ჭეშმარიტად უნიკალური იყო დაზვერვის ისტორიაში.
ჯერ კიდევ ომის წლებში საბჭოთა აგენტები ჩანერგილი იყვნენ აშშ-ის სამეცნიერო და კვლევით ცენტრებში, იქ, სადაც ატომური იარაღი იქმნებოდა. აშშ-ში პირველი ბირთვული ბომბის შექმნიდან მეთორმეტე დღეს მოსკოვში ბომბის სრული აღწერა მიიღეს. გამოჩენილი საბჭოთა ფიზიკოსები, რომლებიც ატომურ პროექტზე მუშაობდნენ _ იგორ კურჩატოვი, იური ხარიტონი, ისააკ კოკოინი, იაკობ ზელდოვიჩი, ლევ ლანდაუ, აბრამ ალიხანოვი და ბევრი სხვა, ითვალისწინებდნენ უცხოეთიდან მიღებულ გამზადებულ დასკვნებს, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ატომური ბომბის კონსტრუქციის პრინციპული საკითხის გადაწყვეტა.
მაგრამ მხოლოდ იმის ცოდნა, როგორაა მოწყობილი ატომური ბომბი, საკმარისი არ არის. ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება არანაკლებ რთული საკითხი აღმოჩნდა და საბჭოთა სპეციალისტებს უდიდესი მოცულობის სამუშაოს ჩატარება მოუწიათ ამ პრობლემის გადასაწყვეტად.
უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირში არასაკმარისი ოდენობით მოიპოვებდნენ ურანის მადანს. ერთი ატომური ბომბის შესაქმნელად კი ამ ქანის ტონობით მოპოვება იყო საჭირო. ერთი ტონა ურანის დამზადებას არანაკლებ 500 ტონა ქანის გადამუშავება სჭირდება.
1945 წლის აგვისტოსთვის საბჭოთა კავშირში გეოლოგიური დაზვერვით მოძიებული მარაგი სულ 300 ტონამდე იყო. ურანის უკმარობა თავიდან შეავსეს ნაალაფევი გერმანული ნედლეულით, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ურანის მწარმოებელი საწარმოების პროდუქციით, რომლებთანაც საბჭოთა კავშირმა შეთანხმება გააფორმა.
ეს მოცულობა მაინც არასაკმარისი იყო.
ბერია გეოლოგიის საკითხებით დაინტერესდა. პროფესორი მიხეილ ალტჰაუზენი, რომელიც საკავშირო მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის #6 სექტორს ხელმძღვანელობდა, იხსენებდა: “ბერია ტაქტიანი და ყურადღებიანი იყო. თათბირი ღამის 12 საათზე დაიწყო და დილის 6 საათისთვის დამთავრდა. ჩვენი მოთხოვნები სრულად დაგვიკმაყოფილეს, სამუშაო ძალას მოთხოვნისთანავე გვიგზავნიდნენ, პროდუქტებსა და აღჭურვილობას რიგგარეშე გვაწვდიდნენ. სამივლინებო თანხას, მაგალითად, ოთხჯერ უფრო მეტს გვიხდიდნენ, სხვა გეოლოგებთან შედარებით.
1949 წლისთვის ურანის გეოლოგიურ დაზვერვასა და მოპოვებაში დასაქმებული იყო 600 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის _ “გულაგის” პატიმრები და გერმანელი ტყვეები.
ქვეყანაში გაიხსნა ათობით ახალი ინსტიტუტი, ლაბორატორია, საკონსტრუქტორო ბიურო, შეიქმნა მრეწველობის ახალი დარგები. ატომური ობიექტები უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გაფანტული: მოსკოვი, ლენინგრადი, სოხუმი, კუნძული ახალი მიწა, სემიპალატინსკი, ქალაქები ურალის ცენტრსა და სამხრეთში. კვლევითი ცენტრი განლაგდა სოფელ სეროვში, მომავალ “არზამას-16”-ში, რომელმაც დახურული რეჟიმის ქალაქის სტატუსი მიიღო. აქ ბირთვული ბომბის პროექტზე მუშაობდნენ ქვეყნის წამყვანი ფიზიკოსები.
ბერიამ საბჭოთა ატომური იარაღის შექმნაში გერმანელი სპეციალისტებიც ჩართო. შეიქმნა კომისია, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში ეძებდა ნიჭიერ სტუდენტებსა და სპეციალისტებს. სწორედ მაშინ შენიშნეს ახალგაზრდა სპეციალისტი ანდრეი სახაროვი, მომავალი აკადემიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიოში პირველი ზემძლავრი თერმობირთვული, ანუ წყალბადის ბომბის ერთ–ერთი შემქმნელი.
სახაროვი იხსენებდა 1950 წელს ბერიასთან პირველ შეხვედრას: “იგი წამოდგა და მიგვანიშნა, რომ საუბარი დამთავრებული იყო, მაგრამ უცებ თქვა: ეგებ გაქვთ შეკითხვები? სპონტანურად, მოუფიქრებლად შევეკითხე: ასე ნელა რატომ ინერგება ჩვენ მიერ დამუშავებული საკითხები? რატომ ჩამოვრჩებით აშშ-სა და სხვა ქვეყნებს ტექნიკურ შეჯიბრებაში?
ბერიამ პრაგმატულად მიპასუხა: იმიტომ, რომ არ გვაქვს საწარმოო-საცდელი ბაზა, ამერიკელებს კი აქვთ ასობით ფირმა მძლავრი ბაზებით”.
ბერიას კარგად ესმოდა, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ერთადერთი გზით იყო შესაძლებელი _ სამეცნიერო, სამრეწველო და საფინანსო რესურსების ერთი პრობლემის გარშემო კონცენტრირების გზით. ესმოდა ისიც, რომ ატომური პროექტის რეალიზაციისას შეუძლებელია ჩვეული დაგეგმვის განხორციელება. ხომ წარმოუდგენელია წინასწარ ვიცოდეთ, როგორი იდეები დაებადებათ მეცნიერებს და რა ცნობებს გამოგზავნის დაზვერვა უცხოეთიდან. ბერიამ სამუშაოთა ხელმძღვანელებს უფლება დართო, სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოები დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტების გარეშე შეესრულებინათ, განაღდება კი განეხორციელებინათ პრაქტიკული დანახარჯების მიხედვით, ასევე, გასცა განკარგულება, თანამშრომლებისთვის პრემიების გასაცემად გაეთვალისწინებინათ დანახარჯების 1,5-2 პროცენტის ოდენობა.
ატომური პროექტის მრავალტომიანი დოკუმენტაცია ბერიას გამოწვლილვით ჰქონდა დამუშავებული. თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ბერიას ვერ გამოაპარებდნენ დაშვებულ შეცდომებსა და შეუსრულებელ საქმეს.
დაზვერვის გენერალ სუდოპლატოვის მოგონებებიდან: “თავდაპირველად ადამიანებს მისი ეშინოდათ, მაგრამ მასთან რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ შიშის განცდა ქრებოდა და ჩნდებოდა რწმენა, რომ ბერია მათ მხარს დაუჭერს, თუ ისინი წარმატებით შეასრულებენ უმნიშვნელოვანეს სახალხო-სამეურნეო ამოცანებს.
სპეციალური ატომური პროექტის კომიტეტის შექმნიდან მეოთხე წელს სასწავლო პოლიგონი #2 ყაზახეთში ემზადება რდს-1 ბომბის გამოსაცდელად. 1949 წლის 29 აგვისტო, დილის 7 საათია.
გამოცდა წარმატებით დაგვირგვინდა.
ამ დროს დაზვერვა გზავნის ცნობას, რომ ამერიკელები ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ. ბერიას პატრონაჟით შეიქმნა ბიოლოგიური შეტევისგან თავდაცვის საშუალებების შემუშავების კვლევითი ჯგუფი. ამ ჯგუფში შედიოდა მომავალში საბჭოთა კავშირის მთავარი სანიტარული ექიმი პეტრე ბურგასოვი. იგი იხსენებდა: “როცა მასთან (ბერიასთან) კაბინეტში შევდიოდით, დიდ ბლოკნოტს ამოიღებდა, არ უყვარდა არავითარი წინათქმა და განყენებული საუბარი. და, როცა საქმეებზე მოვახსენებდით, იგი რაღაცის ხატვას იწყებდა თავის ბლოკნოტში. თავდაპირველად არ მესმოდა, რაში იყო საქმე, მაგრამ ადამიანს ყურადღების მოკრების ასეთი ჩვეულება ჰქონდა”.
მეორე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და სარაკეტო იარაღის შექმნა იყო. საბჭოთა სარაკეტო მშენებლობა ბერიას უშუალო კონტროლით ხორციელდებოდა. ასე ეყრებოდა საფუძველი კოსმოსის ათვისების საქმეს.
სერგეი კოროლიოვი ჯერ კიდევ 1946 წელს დაინიშნა განსაკუთრებული საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელად. ამ ბიუროს ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტების შექმნა ევალებოდა. პირველი რაკეტის გაშვება, რომლის ბორტზეც ძაღლები იყვნენ, 1951 წლის 22 ივლისს განხორციელდა, 8 წლით ადრე ლეგენდარული ბელკასა და სტრელკას გაფრენამდე.
პრაგმატული ბერია კოსმოსში გაფრენას ერთგვარი ირონიით ეკიდებოდა. როცა კოროლიოვმა კოსმოსში ძაღლების წარმატებული გაფრენის შესახებ მოახსენა, ბერიამ ოდნავი ირონიით ჰკითხა: “მაშ, კოსმოსში?”კოროლიოვმა ღიმილით უპასუხა: “90 კილომეტრი უკვე კოსმოსია, ამხანაგო ბერია”.
1953 წლის თებერვალში ბერიამ ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს ორ დადგენილებას შორი მოქმედების რაკეტების შექმნის საცდელ-საკონსტრუქტორო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამწლიანი გეგმების შესახებ.
საფუძველი ეყრებოდა კონტინენტთაშორისი და კოსმოსური მძლავრი რაკეტების შექმნას. მალე გაჩნდება კოროლიოვის დამუშავებული პ-7, რაკეტები: სემიონ ლავოჩკინის “ბურია” და ვლადიმერ მიასიშჩევის “ბურანი”.
დასასრული
შემდეგ ნომერში