აშშ–ში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მარია ბუტინა, რომელიც იქ სტუდენტური ვიზით იმყოფებოდა. ბუტინას ბრალად ედება “შეთანხმება უცხო ქვეყნის აგენტად მუშაობის მიზნით”, რაც 5 წლით პატიმრობით ისჯება.
ბუტინა რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატს-მდივნისა და ყოფილი სენატორის _ ალექსანდრე ტორშინის თანაშემწეა. ტორშინი, აგრეთვე, არის დამფუძნებელი არაკომერციული ორგანიზაციისა “უფლება იარაღზე”, რომლის ხელმძღვანელობაშიც არის მარია ბუტინა.
ექსპერტთა აზრით, სინამდვილეში “ჯაშუშობა” საბაბია. დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები აშშ–ში, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს ამზადებენ, ასე ცდილობენ “მტკიცებულებების” მოპოვებას, რომ რუსული ფული ირიცხებოდა ფონდებში, რომლებიდანაც ფინანსდებოდა ტრამპის საარჩევნო კამპანია. და, თუ ამ ფონდებში უცხო ქვეყნის ცოტაოდენი თანხა მაინც ჩაირიცხა, იმპიჩმენტის შესაძლებლობა რეალური იქნება.
ტორშინი ამერიკელი მსროლელების ნაციონალური ასოციაციის (NRA) წევრია. საიდუმლო არავისთვის არის, რომ ამ ორგანიზაციამ, რომელიც სამოქალაქო იარაღის მწარმოებელთა ინტერესებს ლობირებს, ტრამპის საარჩევნო ფონდში 30 მლნ დოლარი გადარიცხა. 2015 წელს NRA-ს დელეგაცია ეწვია მოსკოვს, სადაც ისინი მიიღო ტორშინმა. პროკურორები ცდილობენ, მარია ბუტინს ათქმევინონ, რომ ამ კავშირების მეშვეობით ხორციელდებოდა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება და ამით ძირი გამოუთხარონ ტრამპს.
მოამზადა ნიკოლოზ აბაშიძემ