Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის დათბობა მავანს ძალიან არ უნდა და აუცილებლად მოიფიქრებენ მორიგ...

რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის დათბობა მავანს ძალიან არ უნდა და აუცილებლად მოიფიქრებენ მორიგ პროვოკაციას

ფრთხილად, ბატონებო, დაწყებული საქმე ჩანასახშივე არ მოკლათ!

2997
დავით ზალკალიანი-სერგეი ლავროვი

ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვწერდით და ვითხოვდით, როგორც იქნა, აღსრულდა. საქართველო ყოველგვარი მხარეებისა თუ შუამავლების გარეშე რუსეთს დაელაპარაკა. მართალია, ამაში პოზიტიური როლი შვეიცარიამ შეასრულა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი _ დავით ზალკალიანი და რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი ისხდნენ. რუსულმა მხარემ ოფიციალურად ისიც დაადასტურა, რომ შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა. ეს მოწმობს იმას, რასაც ჩვენ ვწერდით _ საკმარისია, ქართული მხარე დამოუკიდებლად შეეცადოს რუსეთთან საუბარს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი უარს არ იტყვის. შესაბამისად, პირველივე მცდელობა წარმატებით დასრულდა და ეჭვი გვაქვს, ამ შეხვედრიდან მიღებულ სიკეთეებს, თუ, რა თქმა უნდა, გვაცალეს, მალე ვიგრძნობთ. “თუ გვაცალეს”-ში კი იმას ვგულისხმობთ, რომ ოპოზიციამ უკვე ატეხა ხმაური, როგორც კი ზალკალიანი საქართველოში დაბრუნდება, მაშინვე პარლამენტში უნდა მოვიდეს და მოგვიყვეს, რაზე ისაუბრა ლავროვთანო.

რატომღაც გვგონია, რომ ზალკალიან-ლავროვის შეხვედრის არაერთი ასპექტი საიდუმლო იქნებოდა და, თუ პარლამენტარები მოითხოვენ, მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართოს, კი, ბატონო, მაგრამ მაინც გვგონია, რომ, როგორ ფორმატშიც არ უნდა გაიმართოს შეხვედრა, დეპუტატები ამ ამბავს გარეთ მაინც გამოიტანენ და ჭორ-მართალი ერთმანეთში აირევა.

“დღევანდელი შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომელიც შვეიცარიის მედიაციით შედგა, მნიშვნელოვანია. ის აჩვენებს, რომ არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი, რომელსაც შეუძლია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის გაძლიერება, რაც რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის სასარგებლოა”, _ ეს განცხადება ეუთოს თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. შეხვედრას საკმაოდ ორაზროვანი განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

აშშ მიესალმება შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით გაიმართა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეამციროს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა”, _ დაწერატვიტერშიაშშის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა. ანუ, ამერიკა შეხვედრას მხარს უჭერს, მაგრამ იქვე ამბობს, რა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ისაუბრეთო, თემაზე, რომელიც რამდენიმე წელიწადს გაიწელება.

წეღან შვეიცარია ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რატომ არ გვიკვირს ამ ქვეყნისგან ასეთი ნაბიჯი. კარგად თუ დავაკვირდებით, შვეიცარია ნეიტრალიტეტს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ინარჩუნებს. ეს არის დაბანილ-დავარცხნილი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ყველასთან და მაქსიმალურად ცდილობს, კონფლიქტები დაარეგულიროს და ითამაშოს შუამავლის როლი, რადგან მას არ აქვს არანაირი ინტერესი არც რომელიმე ქვეყნის ტერიტორიის, არც ომის, იარაღი რომ გაყიდოს, არც მსოფლიოზე ბატონობის ამბიცია და ამიტომ მისი შუამავლობა მოულოდნელი არ ყოფილა. მოულოდნელი, შესაძლოა, ეუთოს თავმჯდომარის განცხადება იყო, მაგრამ ამ შეხვედრას ოფიციალურად, ალბათ, ყველა მოიწონებს, არაოფიციალურად კი ეს ერთი შეხედვით მარტივი შეხვედრა სერიოზული შეშფოთების საგანია მავანთათვის როგორც ამერიკასა და ევროპაში, ისე ჩვენთან. მით უმეტეს, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ძალიან მშვიდად განაცხადა: ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას აღვადგენდიო. ქვეყნის პირველ პირთან შეთანხმების გარეშე ლავროვი ამას რომ არ იტყოდა, ადვილი მისახვედრია, ანუ დათბობის პირველი ნიშანი უკვე გაჩნდა, რაც აუცილებლად ააფორიაქებს ჩვენს დასავლელმოკეთეებსდა ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, ოდნავ დამთბარი სიტუაცია მალევე გააცივონ.

არადა, ხელისუფლებამ მწარე რეალობა ბოლომდე გააცნობიერა და, სავარაუდოდ, ამიტომაც იყო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ რომ თქვა: “არსებობს ორი გზა _ იარაღისა და მოლაპარაკების. ჩვენ მოლაპარაკების გზას ვირჩევთ…” ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამს და, თუ ისე მოხდება, რომ რუსეთის პირველი პირი საქართველოს პრემიერს (და არა პრეზიდენტს) შეხვდება, შეიძლება ძალიან ბევრი რამ ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყდეს.

თუნდაც ის რად ღირს, რომ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ რუსეთიდან ხორბლის შემოტანა პრაქტიკულად შეწყდა და საქართველოში არსებული მარაგიც ამოიწურა. პურის გარდაუვალი გაძვირების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ სასწრაფოდ გააუქმა მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანა აკრძალული იყო და ახლა, 1 ოქტომბრიდან, ტრაილერების უზარმაზარი ქარავანი დაიძვრება საქართველოსკენ. ეს ნაბიჯი პურის სავარაუდო გაძვირებას გააჩერებს, მაგრამ ვერ გააჩერებს იმ პროდუქტებზე ფასის მომატებას, რომლებიც, ძირითადად, რუსეთიდან შემოდიოდა. რა თქმა უნდა, სახმელეთო გზით მათი შემოტანა შესაძლებელია, მაგრამ ძვირი ჯდება, რაც ფასებზე აუცილებლად იმოქმედებს. ეს კი ხელისუფლებას აიძულებს, ნაბიჯები გადადგას სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად და, ამ აფეთქებამდე მისულები რომ ვართ, ყველაზე კარგად სწორედ ხელისუფლებამ იცის.

სამწუხაროდ, გვგონია, რომ ამ ურთიერთობის დათბობას არ გვაპატიებენ და ვინმე აუცილებლად მოიფიქრებს მორიგ პროვოკაციას, რომელზეც ხელისუფლება არ უნდა წამოეგოს. არ უნდა წამოეგოს თუნდაც იმიტომ, რომ მეორე შანსი, შესაძლოა, წლების განმავლობაში აღარ გვექნეს და აუცილებელია, ერთ შეხვედრას მოჰყვეს მეორე და, ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართოს უმაღლეს დონეზე პირველ პირებს შორის. რუსეთის მხრიდან მზადყოფნა რომ არის, ცხადია. მთავარია, საქართველომ გადააბიჯოს “კეთილმოსურნეების” მიერ დადგენილ დოგმებსა თუ აკრძალვებს, რომლებშიც, წლებია, მოქცეულები ვართ და რომლებსაც ვერ ვარღვევთ.

დღეს რუსეთთან დამაკავშირებელი ლარსის გამშვები პუნქტი, პრაქტიკულად, საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რადგან სამგზავრო თუ სატვირთო მანქანები ამ გზით დადიან. წარმოქმნილი საავტომობილო კოლაფსის გამო, რუსეთი თავისი პუნქტის მოდერნიზებას ცდილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მზად არის სამომავლო თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რომ თუნდაც სახმელეთო მიმოსვლა მაქსიმალურად კომფორტული და დატვირთული იყოს, ხოლო ლავროვის განცხადება საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე პირდაპირი მესიჯია დიალოგის გაგრძელებისკენ. მით უმეტეს, რომ ამას წინათ რუსეთის ოფიციოზმა თქვა: საქართველოსთან ტვირთებთან მიმართებით საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მარტივად არის შესაძლებელი, სამგზავრო მიმართულებით კი უნდა დავილაპარაკოთო. გამოდის, რუსეთი პირველ ნაწილს დათმობს, მეორე ნაწილში კი მოითხოვს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ყველა ნორმალური ქვეყნის მოთხოვნა იქნებოდა. დოკუმენტურად დასტურდება, რომ რუსეთი ბოლო წლებში საქართველოსთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. ისიც ცხადია, რომ ჩავარდნილი ტურისტული სეზონისა და აკრძალული მიმოსვლის შემდეგ ქართულმა ეკონომიკამ, სულ რაღაც, ერთ კვარტალში მილიარდი დოლარის ზარალი ნახა და, დღევანდელ კურსს თუ გავითვალისწინებთ, ეროვნულ ვალუტაში მილიარდი დოლარი საქართველოს ბიუჯეტის ლამის მეოთხედია. ტურისტების თემას (და არამხოლოდ) საქართველოს პრეზიდენტიც შეეხო. თუ გახსოვთ, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი, რაც ქალბატონმა სალომემ თქვა, იყო ის, რომ იგი რუსეთთან დიალოგს არ აპირებდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა მწარე რეალობამ და უკიდურესად მძიმე სოციალურმა ფონმა, როგორც ჩანს, აზრი შეაცვლევინა.

“თუ ჩემი სიტყვა მოისმინეთ, იქ არის ძალიან ნათლად ნათქვამი, რომ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი თავის ტერიტორიაზე, აქვს ორი გზა: ერთია ომის და სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე არის დიალოგისა და დიპლომატიის გზა. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი თავის თავში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ, იქნება ეს ამერიკიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან თუ ასევე ევროკავშირის, მოგერინის უწყებიდან ან კიდევ გენერალური მდივნისგან _ ყველა გამოხმაურება იყო პოზიტიური, რომ თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართო. რუსოფობიური განწყობები არ არსებობს საქართველოში და არასდროს არ არსებობდა. ეს ჩემი ერთ-ერთი თემა იყო. ყველგან, სადაც გამოვდივარ, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, ეს ჩვენი შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა. სხვათა შორის, ამის მაგალითია, რომ მილიონ-ნახევარი რუსი ტურისტი შარშან ჩამოვიდა და არც ერთი ინციდენტი არ არსებობს. დანარჩენი არის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც აშკარაა ორ ქვეყანას შორის და როგორ იქნება სხვანაირად, როცა შენი ტერიტორია ოკუპირებულია? ამაზე უნდა მუშაობა”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.

ჰოდა, შარშან 1,5 მილიონი რუსი ტურისტი რომ ჩამოვიდა და რატომ იყო, რომ წელს ეს ნაკადი ჩვენი დიდი მეცადინეობით და პირადად თქვენი დამსახურებით (რუსეთს მტერი რომ უძახეთ საერთაშორისო ტრიბუნიდან “გავრილოვის ღამის” მეორე დილასვე) თავიდან “ავირიდეთ”, მაგაზეც თუ იტყვით ერთ-ორ სიტყვას, უფრო სწორად, ბოდიშს თუ მოიხდით, ქალბატონო სალომე, არ იქნება ურიგო და, საზოგადოდ, მივიდეთ იქამდე, რომ ნუ ვუყურებთ, ვინ მოიწონებს და ვინ არა შეხვედრებს, მთავარია, ამ შეხვედრებმა ქვეყანას სიკეთე მოუტანოს, ხალხს მოეწონოს და საქართველოს წაადგეს სასიკეთოდ… საქართველოს!

ბესო ბარბაქაძე

P.S. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ცნობა, რომ ზალკალიანილავროვის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა. ეს ზუსტად ის არის, რაზეც ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი, ანუ პოზიტიური შეხვედრის შემდგომ უკვე დაიწყო გადაბრალება: ჩვენ კი არ შევხვდით, თვითონ გვთხოვესო. თავის მხრივ, რუსული მხარე ამბობს, რომ შეხვედრა საქართველოს ინიციატივით გაიმართა. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, რომელ მხარეს უფრო სჭირდებოდა ეს შეხვედრა? უფრო კონკრეტულად კი, რისთვის სჭირდებოდა რუსეთს შეხვედრა და რისთვის გვჭირდებოდა ჩვენ? ამიტომ ფრთხილად, ბატონებო, ფრთხილად, დაწყებული საქმე ჩანასახშივე არ მოკლათ!

1 COMMENT

  1. რუსეთს აწყობს, რომ მას მეზობლად ყავდეს მეგობრულად განწყობილი, ერთმორწმუნე საქართველო. ამიტომაა, რომ რუსეთს დე–იურე დღემდე არ მიუერთებია აფხაზეთი და სამაჩაბლო, მიუხედავად მათი მლიქვნელი ხელმძღვანელების ხვეწნა–მუდარისა. სანამ დაგვიანებულა სასწრაფოდ აღსადგენია დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობები დიდ რუსეთთან!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here