“ერი… ეს არის ისტორიით შედუღებული ერთსულ და ერთხორც მკვიდრთა კრებული”.
ილია
არაერთხელ გვითქვამს, რომ ილიას შემოქმედება ბევრ საზრდოს აძლევს მკითხველს ფიქრისა და განსჯისთვის და რომ მას, შემეცნებითთან ერთად, დიდი პრაქტიკული ღირებულებაც გააჩნია. ის სცილდება ეროვნულ ჩარჩოებს და საერთაშორისო მნიშვნელობასაც იძენს, რამეთუ ილიას “საერთო ნიადაგის” თეორიის ბევრი იდეა და პრინციპი გლობალურ პრობლემებს შეიცავს. ჩვენ კი “ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ნებისმიერი პრობლემის პასუხს სხვაგან ვეძებთ, ვეძებთ გამწარებით დედამიწის ოთხივე კუთხით და თითქოს ვპოულობთ კიდეც, მაგრამ სულ მალე აღმოჩნდება, “სიზიფეს შრომა” რომ გაგვიწევია მხოლოდ, ამ “შრომით” კი შორს ვერ წავალთ…” (ელბერდ ბატიაშვილი).
საერთაშორისო სინამდვილის გაცნობიერებას და ამ სივრცეში საკუთარი ადგილის მოპოვებას, სხვადასხვა ხალხისგან განვითარების საუკეთესო გამოცდილებების ათვისებას ილია ქართველი ხალხის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად სახავს.
ვერ ვიტყვით, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ვინმეა ილია ჭავჭავაძის შემოქმედების საფუძვლიანი შესწავლით დაინტერესებული და ფიქრობს, რომ ილიას იდეების განხორციელება მძლავრ ბიძგს მისცემს ქვეყნის სამომავლო განვითარებას, მაგრამ, საბედნიეროდ, არიან მეცნიერები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ილიას, “საქართველოს თანამდევი უკვდავი სულის”, მემკვიდრეობა მოგვცემს სწორ სამომავლო ორიენტირს. “ამიტომაც ჩვენი დევიზი უნდა გახდეს: ილია მართალი – საქართველოს მომავლის გზისგამკვალავი!… მთავარია, ვირწმუნოთ ილიას ძალა”. სრულიად ვეთანხმებით ამ სიტყვების ავტორს, პოლიტოლოგიის პროფესორს, დოქტორს, თსუ “ილიოლოგთა კლუბის” დამფუძნებელს, ბატონ ელბერდ ბატიაშვილს; ვეთანხმებით, რომ ილიას უცოდინრობა თითოეული ქართველისთვის უპატიებელი ცოდვაა, თუ რატომ, ამის დასასაბუთებლად ამავე მეცნიერის თვალსაზრისს შემოგთავაზებთ, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის და არც ბატონი ელბერდი გაგვინაწყენდება მისი წიგნიდან “ილია და საქართველო. მემკვიდრეობა და თანამედროვეობა: რანი ვიყავით, რანი ვართ, რად შეიძლება ვიქმნეთ” ამონარიდის გამოქვეყნებისთვის.
“ვერ გაგიგია, ამირან…”
…ვტკეპნით ერთ ადგილზე და წინ წასვლას არ ადგება საშველი ტერტერასაგან მოტყუებული ამირანივით. ასეთმა ანალოგიამ ამოატივტივა მეხსიერებაში ხალხური ეპოსის ეს გენიალური სტროფი, ასე რომ ეხმიანება ჩვენს დღევანდელ ყოფას:
“ვერ გაგიგია, ამირან, არგამარჯვების ნიშანი,
ისევ იმ ადგილს მოვედით, სადაც დავკარი ისარი”.
უსუფის ეს გაფრთხილება გვჭირდება ჩვენც, რათა ასე გაწელილი “გარდამავალი-გაუგებარი” პერიოდის მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. მოდით, აქაც გულწრფელნი და მართალნი ვიყვნეთ ჩვენი ისტორიის წინაშე: ჩვენ, ყველა ერთად, მოუმზადებელნი აღმოვჩნდით დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე. ეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დაკარგული გვქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი აზროვნება და შესაბამისი ფუნქციები. ამიტომ იყო, რომ სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ და მექანიკურად აღვადგინეთ 1921 წლის მენშევიკების სხვისგან გადმოწერილი მკვდრად დაბადებული კონსტიტუცია.
მან რომ სიკეთე არაფერი მოგვიტანა, მომდევნო წლები ნათელი დადასტურებაა ამისა, შემდგომ “ახალი” კონსტიტუცია შევაკოწიწეთ, მაგრამ ესეც არაა ჩვენი, ქართული ცხოვრებიდან “აღმოშობილი”, როგორც ამას თხოულობს ილია და მისი “საერთო ნიადაგის” თეორია, არამედ “სხვათა და სხვათა ბაძით” და ამიტომაც არც მან იმუშავა ხალხისა და ქვეყნის სასიკეთოდ დღემდე…
იქნებ დადგა დრო, რომ ამ “კონსტიტუციობანობის” და მასთან ერთად, “პრეზიდენტობანობის” თამაშსაც თავი ვანებოთ, მის განუწყვეტელ გადაკეთება- გადმოკეთებას, ვისაც როგორ აძლევს ხელს და ეპრიანება, და ხალხსა და ქვეყანას მივცეთ ეროვნული ცხოვრების ისეთი ძირითადი კანონი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს… თუ მიძაბვაა, აქ მივბაძოთ ამერიკელებს, ანდა, იაპონელებს, ასეთი კონსტიტუციითა და სახელმწიფო წყობით რომ შექმნეს მსოფლიო ისტორიაში მართლაც უნიკალური სახელმწიფო…
ხშირად მითქვამს და დამიწერია _ პოლიტიკა ჭადრაკის თამაშს ჰგავს და პოლიტიკაშიც იმარჯვებს ის, ვინც თავის და მოწინააღმდეგის სვლებს უფრო სწორად, შორს და ღრმად თვლის. ილიასაც არაერთხელ გამოუთქვამს მსგავსი მოსაზრება და შედარება. განსაკუთრებით ეს იმპერიასთან ურთიერთობას ეხება. დავაკვირდეთ _ “ჩვენი თავის ჩვენად ყუდნების” ავტორს ერთხელაც არ წამოსცდენია რუსეთთან დაპირისპირების, მის წინააღმდეგ აჯანყებისა და ომისაკენ მოწოდება, ასე სავსე რომაა ეს ოცდარვაწლიანი პერიოდი და ჩვენი ქვეყანა გაპარტახებამდე და ათასნაირ უბედურებამდე რომ მიიყვანა. ბისმარკი სად იყო, არც გერმანია იყო გაერთიანებული, როცა ილიამ თქვა _ რუსეთს ომი მხოლოდ უომოდ შეიძლება მოუგოთო…
დიახ, პოლიტიკა რთული ხელოვნებაა, ცივი და გამჭრიახი გონებით, შორსმჭვრეტელური და განსაკუთრებული ლოგიკით უნდა თვითოეული სვლის გაკეთება. სხვანაირად დაღუპავ თავსაც და ქვეყანასაც, როგორც ეს პირველ პრეზიდენტს დაემართა. გლობალიზმი და ყოვლისმომცველი ინტეგრაციული პროცესები კიდევ უფრო ართულებს ყოველივე ამას. ეს მარტო საგარეო პოლიტიკას არ ეხება. საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთი ხის ორი ნაყოფია და აქაც ამ ოცდარვა წელმა და მეტმა პრობლემები კი არ მოხსნა, კიდევ უფრო გაგვიმრავლა…
ესეც უცილობელი ფაქტია და, თუ მიზეზს ვიკითხავთ ყოველივე ამის, მისი პასუხიც უცილობელია: იმიტომ, რომ სწორი გზით არ მივდივართ. თუ როგორია ეს სწორი გზა, გზა, რომელიც “ტაძრამდე” მიგვიყვანს, ამის ერთადერთ სწორ პასუხს ილია მართალი გვაძლევს, თუკი, რასაკვირველია, ამ პასუხს ყურად ვიღებთ…
“წარხდენილი ქართველთა სახელი და ქართული წეს–წყობა”
ილიას “მგზავრის წერილები” დაკვირვებული მკითხველის გონებაში უამრავ სიმბოლიკასა და საფიქრალს აღძრავს წარსულის, აწმყოსა და მომავალი საქართველოს გასააზრებლად. მარტო “ერთა საბჭოს” გახსენება რად ღირს… ამ მხრივ არანაკლებ ფიქრთა აღმძვრელია მისი ეს პასაჟიც _ “წახდა ქართველთა სახელი და ქართული წეს-წყობა” საქართველოს ისტორიის ფილოსოფიური გააზრებისთვის მოვიყვანოთ ავტორისა და მისი გმირის გასაუბრების ეს ადგილი:
“_ მაშ უწინდელი გაწყობა და დრო უკეთესი იყო?
– რად არა?
_ რით იყო უკეთესი?
_ ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! …ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით, შინ მიწრიელს (ეშმაკს – ე.ბ.), გარეთ მავნეს დავულაგმნდით… ერთურთს ლაღ მტერთან ჩავეფარვიდნით, დაცემულს ვიურვებდნით, ატირდომილს ვიხოიშნიდით და ესრეთ იყვის ბრალება კაცისა, ერთურთობა. აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთსულობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდნის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინა განიკითხის… აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ _ პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ, ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი და ქართული წეს-წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის, წარხდა, მოისრა ქვეყანაი. რაია აწინა ჩვენი დარჩენა?”
“ადრიდა – აწინას” ეს დაპირისპირება, მათი ფილოსოფიური გააზრება და აღქმა გაჰყვა “მგზავრის წერილების” ავტორს მთელი ცხოვრება, მასთან ერთად კი “წარხდენილი ქართველთა სახელისა და ქართული წეს-წყობის” ახალ ისტორიულ ეპოქაში აღდგენის დიდი ოცნებაც და ნატვრაც, მაგრამ ეგეცაა _ ამით არ შემოიფარგლა ილია და, თავისი მოხევისაგან განსხვავებით, შემდეგ უკვე მომავლის დიდი ხედვაც ზედ დაანათლა ამ “ადრიდა _ აწინას”. ეს ხედვა და მასთან ერთად მისი “კონსტიტუციური გაკანონება” დღემდე რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”…
რატომ? _ ალბათ, ღირს ასეთი კითხვის დასმაც. ნუთუ ქართველობას არ გვინდა, ანდა გვინდა და არ შეგვიძლია ამ ლელთღუნიასეული “წარხდენილი ქართველთა სახელისა და წეს–წყობის” აღდგენა? _ პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება.
რაშია ილიას ძალა?…
…ნებისმიერ ფუტუროლოგს შეშურდება ის ზუსტი პროგნოზირება მოვლენათა განვითარებისა, რასაც ილიასთან ვხვდებით. არ დავივიწყოთ ისიც, რომ ის ყველგან ცდილობს, მკითხველიც აიყოლიოს მომავლის მისეულ ანალიზსა და ხედვაში. სტატიათა ციკლი “ცხოვრება და კანონი” ასეთ სტილშია დაწერილი. იგივე “აჩრდილიც” რომ ავიღოთ, იქ პირდაპირი მინიშნებაა მკითხველისადმი _ ავტორთან ერთად თვითონაც ჩაერთოს ქვეყნის მომავალი ბედ-იღბლის წვდომასა და გააზრებაში. ამისათვის პოემის ბოლოში ორ თავს მხოლოდ მრავალი წერტილით აღნიშნავს _ თქვენც შემომიერთდითო, ნიშანს გვაძლევს ამით… “წინათქმაშიც” აღვნიშნე მომავლის ჭვრეტისა და პროგნოზირების ილიას ეს საოცარი უნარი და ძალა. მან ხომ თითქმის მათემატიკური სიზუსტით იწინასწარმეტყველა I მსოფლიო და ამერიკის “მსოფლიო მეთაურად” გახდომა, ისევე, როგორც ისრაელის ებრაული სახელმწიფოს წარმოშობა… მომავლის საქართველოს მისეული ხედვა და გააზრებაც არაერთგან აქვს და მთელი “საერთო ნიადაგის” თეორიაც ხომ ამაზეა აგებული. მთავარია, ივანე ჯავახიშვილისა არ იყოს, “კარგ მთქმელს კარგი გამგებნი გამოუჩნდნენ”… მესამედასურ საქართველოში ეს შეუძლებელი გახდა მათივე “უცხო ბაძის მონობის” გამო. “კარგი გაგება” კი არა, მისი ფიზიკური და იდეური მკვლელობა ჰქონდათ მიზნად და ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც, მაგრამ ეროვნულობისა და ეროვნული იდეოლოგიის ამოძირკვა სრულად შეუძლებელია. ეს კარგად არის ნაჩვენები მიხაკო წერეთელის “ერი და კაცობრიობაში” და საბჭოთა კავშირის მაგალითიც ხომ ნათლად აჩვენებს ამას… თავს ძალა უნდა დავატანოთ და _ “გვესმას მშობლისა”…
“ქართველების საქმე მაშინ წავა კარგად…”
კაპიტალიზმის განვითარებამ მსოფლიოშიც და საქართველოშიც ილია დაარწმუნა: “ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა, არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არ სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელი სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა… ეს ომი შრომისაა და ვითარცა შრომა, _ პატიოსანია, ნამუსიანია, და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ–გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზედ. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, _ იტყოდა გლეხკაცი თავისებური ზედგამოჭრით, თუ სიმართლეს ათქმევინებთ…” (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”). ამიტომ ჩასჩიჩინებდა მაშინდელ ქართველობას ხსნისა და გადარჩენისთვის ამ ახალი ეპოქის შესატყვისი “ციხე-სიმაგრე აეგოთ, ხერხი და ფარ-ხმალი ეხმარათ”, მაგრამ ისევე, როგორც მისი სხვა ბრძნული რჩევა, ესეც რჩებოდა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, ამიტომაც წერდა ამ გულსაკლავ სიტყვებს: “უფულო ერი ფულიანთა საძოვარია, მათი საცხოვრისია”. ამიტომ ურიგებდა გულუხვად ბანკის შეღავათიან და გრძელვადიან აგრარულ სესხებს ყველას, ვისაც ამ ახალ ომში ჩაბმა და გამარჯვება სურდა… “ტყე, მინდორი, მთა–ბარი, მიწა–წყალი, ჰავა–ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება, ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა–თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა–მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ”. მესამედასელთა სოციალურ დემაგოგიას ილიამ “საერთო ნიადაგის” თეორია დაუპირისპირა. ეს მე მაგონებს მისი ეპოქის დიდი ამერიკელი მოაზროვნისა და მოღვაწის, ლინკოლნის, სიტყვებს, I ინტერნაციონალის მისამართით რომ თქვა მარქსისა და ენგელსის გასაგონად: “თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ მთელი ხალხი დროის გარკვეულ ხანს ან ხალხის ნაწილი ატყუოთ მარად, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ატყუოთ მთელი ხალხი მარად”. უკეთესად ვერ ამხელ დემაგოგებსა და დემაგოგიას…
სოფელი რა არის და ერთი კაციო. და ილიაც ეძებდა მთელ საქართველოში, მის მთასა თუ ბარში იმ “ერთ კაცს”, რომელიც მის იდეებსა და მიზნებს საქმედ აქცევდა. ბევრიც იპოვა ასეთი ამერ-იმერით. ბევრი წარმატებული ხოდაბუნური სასოფლო-სამეურნეო კორპორაციაც შექმნა, მაგალითად, მაჩხაანის, დიმიტრი მაჩხანელის თავკაცობით. დიმიტრი მაჩხანელმა მაჩხაანი ევროპული ყაიდის წარმატებულ დაბა-სოფლად აქცია, რომლის კვალი დღესაც ემჩნევა ამ სოფელს. ამასაც ვინ დაიჯერებს დღეს _ მარტო ამ ერთ სოფელს 400 ათასი სული ცხვარ-ძროხა და კამეჩი ჰყავდა… ამ მხრივაც არის საჭირო ჩვენს ისტორიაში ჩახედვა და გაგება. დღეს, როცა ბევრი ლაპარაკია ქართული სოფლის აღორძინება-განვითარებაზე, ახალი ხელისუფლების ახალ აგრარულ პოლიტიკაზე, ალბათ, ღირს დღესაც ასეთი პიროვნებების მოძიება და ხელშეწყობა ამ სოფელ-ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამის საილუსტრაციოდ ჩვენ ხსენებულ გამოცემაში ნიმუშად მოვიყვანთ ილიას ხელმოწერით გამოშვებულ ბანკის წლიური 5-პროცენტიანი საკრედიტო ბარათს, რითაც იგი ხელს უწყობდა ამ “ხოდაბუნური ამხანაგობების” დაფუძნებას კაპიტალიზმის გზაზე შემდგარ საქართველოში… “ქართველების საქმე მაშინ წავა კარგად, როცა საქმით ფულის კეთებას ისწავლიან”, _ წერდა იგი და ყველას ჩააგონებდა, ვინც კი, ბანკის კრედიტით თავისი მამულის მოვლა-პატრონობის ახალ სამეურნეო პრინციპებზე განვითარებას დაისახავდა მიზნად, “ფულს გაფრთხილებოდნენ ყაირათიანად”. ეპოქა ეპოქას მისდევს, თაობა – თაობას, ყველაფერი მართლაც რომ ელვისებური სისწრაფით იცვლება ირგვლივ, მაგრამ უცვლელი რჩება ის ფსიქიკური და სოციალურ–ეკონომიკური პრინციპები, რომლებზეც დაფუძნებულია ერისა და ქვეყნის ცხოვრება. ალბათ, ამაზეც ითქმის, _ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და ჩვენი ვალია, ეს “კარგად დავიწყებული” გამოვაცოცხლოთ ჩვენი ეპოქის შესატყვისი ფორმებით. ძველი ქართული “კომლი” და “ხოდაბუნები” ამის ერთ–ერთი მაგალითია. ილია, ივანე ჯავახიშვილი ამით ხსნიდნენ “ძველი საქართველოს ეკონომიურ სიძლიერეს. იქნებ ახალმა საქართველომ და “ახალმა ქართველებმა” ყურად ვიღოთ ეს… “ილიალოგთა კლუბი” ამაზე იყო კონცენტრირებული დღიდან მისი დაფუძნებისა. მახსოვს გაცხარებული დისკუსიები, ოპონენტების ათასგვარი არგუმენტები _ რაღა დროს ილია და მისი “საერთო ნიადაგის” პრინციპებია, მილიონი ახალი იდეები და თეორიებია დღეს მსოფლიოში, კერპთაყვანისმცემლებად ხართ გადაქცეულნიო…
კონსტიტუციური მონარქია: საქართველოს სამომავლო გზა…
…ჩვენც და ჩვენი მთა-ბარი ბუნება-ხასიათით პარადოქსების ქვეყანა ვართ და ესეც რაღაც პარადოქსული კატეგორიის მოვლენად უნდა ჩავთვალოთ: სულო და გულო, სახელმწიფოს რა ფორმებზე არ ვწერთ და ვლაპარაკობთ, სად არ ვეძებთ მათ, ქვეყნიერების რომელ კუთხეშიც გნებავთ, გარდა ჩვენი საკუთარი ისტორიისა. “უცხო ბაძის სენი, მაიმუნური წამბაძველობა და თუთიყუშური გადმოძახილი” _ ასე განსაზღვრავდა ილია ჭავჭავაძე ყოველივე ამას მესამედასელებთან პოლემიკისას… მართლაც, “უცხო” ხომ ჩვენთვის ყოველთვის “საუცხოოა”…
მე იმ ასაკის კაცი ვარ, რომ თვითონ ვარ მომსწრე ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე იმ განსჯა-კამათისა, თუ რა ტიპის სახელმწიფო უნდა შევქმნათ ქართველობამ, როცა ამ მორიგ დამპყრობელს დავაღწევთ თავს. სტუდენტობიდან რაზე არ გვიმსჯელია, მაგრამ ძალიან იშვიათად მახსენდება სერიოზული ანალიზი კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფო წეს-წყობილებისა და საპარლამენტო მმართველობის იმ მოდელზე, რომელზეც ილიას “საერთო ნიადაგის” თეორია არის დაფუძნებული. არადა, თუ რამეს უნდა დღეს განსჯა-კამათი და ანალიზი, სწორედ რომ ესაა. პირველ რიგში ამას სჭირდება ჩვენგან “ქმნა მართლისა სამართლისა…”.
ძველი სიბრძნეა _ “ივიწყებ წარსულს, ჰკარგავ მომავალს” და ეს ისე არავის სჭირდება დღეს, როგორც ჩვენ. ილიამ არაერთი წერილი და სტატია მიუძღვნა ამას და ამ მხრივაც ჩვენი გზამკვლევი უნდა იყოს საქართველოს ისტორიისა და პოლიტოლოგიის მისეული ფორმულა _ “რანი ვიყავით, რანი ვართ, რად შეიძლება ვიქმნეთ”.
…ჩვენი ისტორია და თანამედროვეობა გვაძლევს შანსს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება ამ პრინციპითა და კალაპოტით წარვმართოთ.
ეჭვი არაა, რომ ამას გლობალიზმის პირობებში მხოლოდ პოზიტიური მნიშვნელობა ექნება ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის, ისევე, როგორც ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ამას გვეუბნება და გვასწავლის საერთაშორისო გამოცდილებაც ინგლისიდან იაპონიამდე. “სახელმწიფოებრივი ნაციაც” მაშინ გავხდებით, როცა ამ ორ ფაქტორზე _ ჩვენს ეროვნულ-ისტორიულ და საერთაშორისო გამოცდილებაზე _ დავაფუძნებთ ქართულ სახელმწიფოს.
ერთი პოეტური თქმისა არ იყოს, _ “ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი”, _ ყველა ახალმოვლენილი ხელისუფალი თავის თარგსა და ჭკუაზე ჭრის და კერავს ამ ჩვენს საცოდავ კონსტიტუციას, ნაცვლად იმისა, რომ იგი ქვეყნისა და ერის ცხოვრებას, მის ფსიქო-გენეტიკურ ფესვებს, ისტორიასა და ტრადიციებს მოვარგოთ. “ძირითადი კანონიც” ხომ ამიტომ ჰქვია. ეს 28 წელი ამდენი “ჩასწორება-ჩამატებებით” თვით უძველეს აშშ-ის კონსტიტუციასაც კი გავუსწარით, მეტი პარადოქსი რაღა გინდათ. ამ მხრივაც “ვაჯობეთ” ყველას _ ჭეშმარიტად, რომ გინესის ანტირეკორდების წიგნში ვართ შესატანი…
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ილიას რეაბილიტაცია მომხდარი ფაქტია და მესამედასური იდეოლოგიაც თითქოს წარსულს ჩაბარდა, გალაკტიონის პოეტური გენიით ნათელხილული ის “დიდი ეპოქა” კვლავ აღსადგენია და, რაც მთავარია, განსახორციელებელი. ამას ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს…
ამ ახალ სახელმწიფოებრივ სისტემაზე გადასვლას, ცხადია, გარკვეული წლები და შეიძლება ათწლეულებიც დასჭირდეს, მაგრამ მთავარია, დავიწყოთ აქეთკენ სვლა, სვლა “დავითის ძალისხმევისა და თამარის სათნოების ხაზის” გამთლიანებისკენ. ათასწლეულების დასაწყისი ფეხბედნიერად აქვს დაცდილი ჩვენს ისტორიას და უნდა გვწამდეს, რომ ეს ახალი საუკუნე და ახალი ათასწლეული ახალ “ოქროვან ხანას” მოუტანს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას…
“ძნელბედობაც” მაშინ დამთავრდება და მაშინ “ვიყუდნებთ ჩვენს თავს ჩვენად”. აკი, შესთხოვს უფალს “აჩრდილის” XXVI თავში ყველაზე დიდ ოცნებას და ნატვრას თავისი “კარგი ქვეყნისთვის”:
“მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..”
* * *
“ილიასთვის ზნეობაზე, კაცობაზე მაღლა არაფერი დგას. აკი, თვითონვე შესანიშნავად განსაზღვრა თავის თავი _ “ჩემი ღმერთი ჩემი სინდის-ნამუსიაო”, ხოლო სიტყვა “კაცზე” ილიას მთელი თეორია აქვს აგებული სტატიაში “აკაკი წერეთელი და “ვეფხისტყაოსანი”. მე მას “ხუთი კაცის” თეორია დავარქვი, რამეთუ აქ ილია ეროვნულ ცხოვრებაში 5 კაცს განასხვავებს:
- “ზოგადკაცი” _ საკაცობრიო არენაზე მოღვაწე და მოქმედი კაცი;
- “ერისკაცი” _ ეროვნული მასშტაბით მოქმედი;
- “თემის კაცი” _ მოცემულ კონკრეტულ თემში მოქმედი;
- “გვარის კაცი “ _ მოცემულ გვარში მოქმედი;
- “ოჯახის კაცი” _ ოჯახის მასშტაბით.
ამასთანავე, აქ ილია არ გულისხმობს “მდაბალბუნებოვან კაცს”. ილიასთვის ლუარსაბის მსგავსი ადამიანი არარაობას წარმოადგენს ყველგან და ყველაფერში… “დიდბუნებოვანი კაცი” კი ერთნაირად მისაღები და საამაყოა ყველგან _ ქვეყნის გარეთაც და ოჯახშიც.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე