Home რუბრიკები პოლიტიკა რა თამაში წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა?

რა თამაში წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა?

3700
სალომე ზურაბიშვილი-ბიძინა ივანიშვილი

გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ქართულ ტელეკომპანიას პირველი ვრცელი, საათნახევრიანი ინტერვიუ მისცა. “ტვ პირველისეთერში გასულ ინტერვიუში მან რამდენიმე საგულისხმო აქცენტი გააკეთა, რომლებიც მიანიშნებს, რომ ზურაბიშვილი არ აპირებს, ქართულ პოლიტიკაში სტატისტის როლით დაკმაყოფილდეს.

პრეზიდენტის კომენტარები ინაუგურაციიდან დღემდე, რომლებიც უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა, ასე თუ ისე, დაბალანსებული იყო. ზოგიერთი მათგანი მის ოპონენტებსაც კი მოეწონა. ამავე პერიოდში ნელ-ნელა დაცხრა საპრეზიდენტო არჩევნების ვნებათაღელვაც. თუ ადრე ნაციონალები და მათი სატელიტები ამბობდნენ, რომ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებენ, მის გადადგომას მოითხოვენ, რადგან თანამდებობის დაკავებისთანავე ქვეყანას რაღაც საშინელებას დამართებსო, დღეს მსგავსმა შეფასებებმა სიმწვავე დაკარგა, ზურაბიშვილს შედარებით იშვიათად ეხებიან. თუმცა, როდესაც საბაბი ეძლევათ, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ხმაურიან კამპანიებს აწყობენ, მაგრამ რამდენადმე სისტემური ხასიათი მათ არ აქვს. ასე იყო ვილნიუსში ჩასვლის პერიოდში, როდესაც ზურაბიშვილს ბეწვის ქურქი ეცვა, მაშინ თითქმის ყველა ნაციონალიფეისბუკშიცხოველების უფლებების დამცველად იქცა და საცოდავ დახოცილ ცხოველებზე საუბრობდა. ასე იყო მაშინაც, როდესაც ზურაბიშვილმა გააკეთა კომენტარი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელიც ერევანში არ მოეწონათ. ასე იყო ტელეინტერვიუს შემდეგაც, როდესაც ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აგვისტოს ომზე, კერძოდ კი თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილმა ცხინვალის დაბომბვით შეცდომა დაუშვა _ “სააკაშვილმა დაბომბა ჩვენი ტერიტორია 7 აგვისტოს ღამეს და ეს არის ის დანაშაული, რომელიც პრეზიდენტისა და ჩვენი გასარჩევია შიგნით”.

ამის შემდეგ, ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ნაციონალებმა ზურაბიშვილი ღალატში დაადანაშაულეს. მათ, ცხადია, არ გახსენებიათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დაეთანხმა და ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია #1633 (2008)-ს, რომლის მე-5 პუნქტში წერია, რომ “2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რომლებმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით”. ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ხელი მოაწერო ამ ტექსტს და, მეორე მხრივ, ზურაბიშვილი მისი სიტყვების გამო ღალატში დაადანაშაულო, თუმცა “ნაცმოძრაობისთვის”, როგორც ჩანს, შეუძლებელი არაფერია.

კონფლიქტური რეგიონების კონტექსტში აუცილებლად უნდა შევეხოთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას (რომელიც მისმა პრესსპიკერმა გაახმიანა) იმის თაობაზე, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. მაღალი პოლიტიკური დიალოგი არ იწარმოება ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში”, თუმცა არაფერი კონკრეტული ახალ ფორმატზე არ თქმულა. “ჯერ, ამ ეტაპზე, არ შემიძლია გითხრათ, ვინ იქნება ამ ფორმატში. ამ ეტაპზე განიხილება საკითხი, რომ უნდა შემუშავდეს ასეთი ფორმატი”, _ განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს სურს, საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ნიშა მოძებნოს. ამ ეტაპზე ის ძალიან სკეპტიკურად უყურებს მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის პერსპექტივას, დასავლელი შუამავლების გარეშე, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს რუსეთის პირველ პირთან მისი მოლაპარაკების შესაძლებლობას, მითუმეტეს, რომ ზურაბიშვილი ამისთვის აუცილებელ წინაპირობებს ვერ ხედავს: “არ ვგეგმავ და არც შეიძლება, რომ დაიგეგმოს ასეთი დიალოგი”.… “ასეთი შეხვედრა თუ და როცა შედგება, უნდა იყოს მომზადებული რაღაცით,… თუ რუსეთმა არ გვაჩვენა რაღაც ნიშნებით, თუნდაც ბორდერიზაციაზე, რომ შეჩერდა, რომ აღარ არის გატაცებები, პროვოკაციები, თუ პირველი ნიშნები არ გაჩნდა, რომ რაღაც სხვა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, რა აზრი აქვს დიალოგს” (“ტვ პირველი”).

აშკარაა, რომ ზურაბიშვილს სურს, იმუშაოს საგარეო პოლიტიკაზე, იმ სფეროში, რომელიც მისთვის კარგად ნაცნობია და საიმიჯო თვალსაზრისით მომგებიანია, უპირველესად, მოუგვარებელი კონფლიქტების მიმართულებით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლო, საგარეო პოლიტიკას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და, ფაქტობრივად, გადასულია დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მოგერიებაზე არჩევნების ცუდად ჩატარებისა და სხვადასხვა დარღვევის გამო. ამ პრობლემებისგან ზურაბიშვილი დემონსტრაციულად დისტანცირებულია: პრეზიდენტი უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი და არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის პრეზიდენტიქვეყანას სჭირდება გაწონასწორებული პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური პარტიებსა და მათ ყოველდღიურ ჭიდილზე მაღლა დგას. ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არ არის მიკერძოებული რომელიმე მხარის მიმართ”, _ განაცხადა მან განხილულ ინტერვიუში.

აქ, ალბათ, ერთი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ: როდესაც “ქართული ოცნება” ძლიერია, პრეზიდენტი შიდა პოლიტიკაში ნომინალურ როლს ვერ გასცდება, მაგრამ, თუ მმართველი პარტიის კრიზისი დამანგრეველი შედეგებით დასრულდება, პრეზიდენტის როლი, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის მთავარი გარანტის, შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, დაახლოებით ისე, როგორც ეს ცოტა ხნის წინათ მეზობელ სომხეთში მოხდა, სადაც, ფაქტობრივად, უუფლებო პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის პროცესში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა. მაგრამ, თუ ზურაბიშვილი ამ საკითხების მიმართ ნაადრევ ყურადღებას გამოავლენს, ივანიშვილს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, ისევე, როგორც ეს მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა. შესაძლოა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, აჩვენოს, რომ მისი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაა.

ამ ორი ფიგურის ურთიერთობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი _ ზურაბიშვილს აქვს თავისი კონტაქტები დასავლეთთან, კერძოდ კი, პარიზთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული არ არის. გამორიცხული არ არის, რომ მას დასავლეთში განიხილავენ, როგორც სიტუაციის გაკონტროლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მმართველი პარტიის რღვევა და უკონტროლო დაპირისპირებების ესკალაცია დაიწყება. ასეთ ვითარებაში დღის წესრიგში შეიძლება პრეზიდენტის უფლებების გაფართოების საკითხი დადგეს.

იქამდე კი ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, შეეცდება, საშინაო პოლიტიკური საკითხებისგან მაქსიმალურად დაშორებული იყოს და საგარეო ასპარეზზე თუნდაც სიმბოლური წარმატებები მოიპოვოს, თუმცა დღეს აშკარაა, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ვერ მოიტანს. რუსები საკმაოდ გაღიზიანებული ჩანან მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ვილნიუსში განაცხადა, რომ საქართველო უარს არ იტყვის ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე, რაოდენ ბუნდოვანიც უნდა იყოს ეს პერსპექტივა. შემდეგ მან თქვა, რომ რუსეთთან დიალოგის პერსპექტივას ამ მოცემულობაში ვერ ხედავს. ბოლოს კი, გარდაბანში ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან შეხვედრაზე განაცხადა: “მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე. ეს გამორიცხულია, რადგან ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს”. ყოველივე ამის შემდეგ რუსულ მედიაში გახშირდა ნეგატიური კომენტარები, ერთერთმა რუსმა ექსპერტმა, სტანისლავ ტარასოვმა, ზურაბიშვილს ნოე ჟორდანიას გზის გამეორებაც კი უწინასწარმეტყველა.

მთავარი დასკვნა, რომელიც შეიძლება ამ საკითხზე გაკეთდეს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან ფრთხილად ცდილობს, საკუთარი თამაში წამოიწყოს. ის, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კონცენტრირებულია საგარეო პოლიტიკაზე და, ამასთანავე, მიანიშნებს იმ ადგილზე, რომლის დაკავება სურს საშინაო პოლიტიკაში: “პირველ დღესვე არჩევნების მერე, ივანიშვილმა მითხრა მოლოცვასთან ერთად: რომ იცოდეთ, თქვენ ხართ დამოუკიდებელი, იქნებით დამოუკიდებელი და არ თვლიდეთ, რაიმე ვალდებულება გაქვთ, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ. ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა და, თუ შეიცვლება, მეც შევიცვლები, ალბათ” (“ტვ პირველი”). ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კომპლიმენტური ფორმულაა, თუმცა ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, სურს, ხაზი გაუსვას თავის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელიც მას, მაგალითად, ირაკლი კობახიძისგან, მამუკა ბახტაძისგან და ბიძინა ივანიშვილის სხვა მარიონეტებისგან განასხვავებს.

ზურაბიშვილის პოლიტიკური მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, რა სახეს მიიღებს მმართველი პარტიის კრიზისი, რომელიც სულ უფრო მძიმე ფორმებს იძენს. ამის გამო ნომინალური უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტი რაღაც მომენტში შეიძლება საკვანძო ფიგურად იქცეს. სალომე ზურაბიშვილის ამბიციურობის გათვალისწინებით, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მას უფრო დიდი წარმატების მიღწევა სურს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას იკავებს.

ლუკა ნემსაძე

რედაქციისგან:

ქალბატონო სალომე! ღობის გამოღმიდან მუშტების ქნევითა და გინებით ამ ღობეს ჩვენვე რომ ვექაჩებით ჩვენკენ, აქამდე ვერ მიხვდით? ამდენ ხანსუცხოელი პარტნიორებისადა მათი შუამავლობის იმედად ყოფნამ რომ ზარალის მეტი არაფერი მოგვიტანა, ამას ვერ ხედავთ? ვერ ხედავთ და თავი მაინც გამოცდილ დიპლომატად მოგაქვთ? თუ ხედავთ და იმავეს იმეორებთ, რა ჰქვია მაშინ თქვენს საქციელს? გამოცდილი დიპლომატობა და დიპლომატია ის არ იქნება, დაუჯდე რუსეთს პირისპირ დიალოგში, უთხრა შენი პრეტენზიები, მოუსმინო მის არგუმენტებს და მერე ისე მოიქცე, რომ მის არგუმენტებს საფუძველი გამოაცალო და ოპონენტს მიდგომები შეაცვლევინო? ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვერ ხედავთ და ვერ ხვდებით? თანმაღალი პოლიტიკური ფორმატის შემუშავებაზეგაქვთ პრეტენზია და თან ამბობთ, რომრუსეთმა უნდა გვაჩვენოს, რომ რაღაც სხვა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს, ისე რა აზრი აქვს დიალოგს”. და თქვენ რით აჩვენებთ რუსეთს, რომრაღაც სხვა დამოკიდებულებაშეიძლება გვქონდეს? ისევ და ისევ ძველი და მავნებლური მიდგომების გამეორებით? და მაშინ რუსეთისთვისრა აზრი აქვს დიალოგს?” თქვენი განცხადებებით შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ, რუსეთთან დიალოგი გინდათ კი არა, შეგნებულად შლით ამ დიალოგის პერსპექტივას. და თქვენ, “გამოცდილ დიპლომატს”, მიგაჩნიათ, რომ რუსეთთან საგნობრივი და შედეგიანი დიალოგის გარეშე საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რამე წარმატება ექნება? სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ თქვენს შინაარსიან და არა ტრაფარეტულ პასუხებს ჩვენს კითხვებზე.

1 COMMENT

  1. Qveyana titqos natel rkalshia
    Gabrwyindebao ase amboben
    Daelodeto sanukvar wamebs
    Kvlav miendeto ,,uwmindes”mamebs
    Gana raime piri ki uchans
    Rom yvelaferi kargad iqneba?
    ariv-daries qveyana gangeb
    Gvasmenineben koshmarul ambebs.
    Xalxs mxolod erti ainteresebs
    rodis gasdzvrebat suli am xamebs,
    Mati speqtakli kulisebs migma
    Aris dadgmuli, absurdi,stigma
    Msaxiobobis kandidatebi gadian kastings
    sorosis mxridan
    yvelaze cudi ideis tqmashi mat enichebat
    Premia ,tashi…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: samartals ver daemalebi Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here