სსრკ–ის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უზარმაზარი ტერიტორიები ჩაიგდეს ხელთ, მაგრამ რუსებს ოკუპანტებს ეძახიან. როგორი იქნებოდა ევროპის რუკა, სსრკ–ს ამ ქვეყნებისთვის ათასობით კვ.კმ ტერიტორია რომ არ გადაეცა? და იტყვიან კი უარს ამ მიწებზე?
ვროცლავი პოლონეთის ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ქალაქია. ყველგან შეხვდებით კამერებით შეიარაღებულ ტურისტებს, ძვირად ღირებული რესტორნებიც სავსეა (ასე იყო პანდემიამდე), ფასები _ ძალიან მაღალი, ერთ-ერთ მოედანზე შეამჩნევთ უზარმაზარ ტრანსპარანტს “ვროცლავი _ პოლონეთის ნამდვილი მომხიბვლელობა”… მაგრამ, ჯერ კიდევ 1945 წლის მაისში ვროცლავს ბრესლაუ ერქვა და მანმადე, 600 წლის განმავლობაში პოლონეთის ტერიტორია არ ყოფილა. გამარჯვების დღემ, რომელსაც პოლონეთში ახლა კომუნისტური ტირანიის დაწყების დღეს უწოდებენ, პოლონეთის შემადგენლობაში შეიყვანა გერმანული სილეზია, პომერანია, აგრეთვე, აღმოსავლეთ პრუსიის 80%. ამის შესახებ დღეს კრინტს არავინ ძრავს _ ე.ი., “ტირანია ტირანიად, მაგრამ მიწა, კარგია, რომ ჩვენია”.
როგორი იქნებოდა დღეს ევროპის რუკა, საბჭოთა ჯარისკაცებს, ჩვენს მამებსა და ბაბუებს, სისხლი რომ არ დაეღვარათ ამ ქვეყნების ფაშიზმისგან გათავისუფლებაში?
* “1945 წელს პოლონეთს გადაეცა ქალაქები: ბრესლაუ, გდანსკი, ზელიონა–გურა, ლეგნიცა, შჩეცინი, _ ამბობს მაჩეი ვეიშნევსკი, პოლონელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, _ სსრკ-მა, აგრეთვე, მოგვცა ბელოსტოვის ტერიტორია. სტალინის შუამავლობით დაგვრჩა ჩეხოსლოვაკიასთან სადავო ქალაქი კლოძსკო. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ პოლონეთის გაყოფა მოლოტოვ-რობენტროპის პაქტით, როცა სსრკ-მა წაიღო დასავლეთი ბელორუსია და დასავლეთი უკრაინა, უსამართლობა იყო. აი სტალინის მიერ პოლონელებისთვის სელეზიისა და პომერანიის გადაცემა კი _ სამართლიანი.
ახლა მოდურია ლაპარაკი, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა კი არ გაგვათავისუფლეს, არამედ დაგვიპყრეს. საინტერესო ოკუპაცია გამოდის, თუ პოლონეთმა გერმანიის მეოთხედი უფასოდ მიიღო; არადა, ამ მიწაზე ათასობით საბჭოთა ჯარისკაცმა დაღვარა სისხლი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაჯიუტდა და არ გვითმობდა ქალაქ შჩეცინს, მაგრამ ეს საკითხი საბჭოთა კავშირის ზემოქმედებით გადაწყდა 1957 წელს”.
* ოკუპაციით ძალიან აღშფოთებულია ბალტიისპირეთიც, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირმა აჩუქა ლიტვას ამჟამინდელი დედაქალაქი ვილნიუსი. იმხანად ვილნიუსში ლიტველების მხოლოდ 1% ცხოვრობდა, უმრავლესობა კი პოლონელი და ბელარუსი იყო. საბჭოთა კავშირმა ლიტვის რესპუბლიკას დაუბრუნა ქალაქი კლაიპედა (პრუსიული მემელი), რომელიც ლიტველებს 1923-1939 წლებში ეკუთვნოდათ და მესამე რაიხის მიერ იყო ანექსირებული. ლიტვის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ 1991 წელს დაგმო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, მაგრამ ვილნიუსი პოლონეთისთვის, ხოლო კლაიპედა გერმანიის ფედრაციული რესპუბლიკისთვის არ დაუბრუნებიათ.
* უკრაინამ, რომელმაც იმჟამინდელი პრემიერმინისტრის, არსენი იაცენიუკის, პირით თავი საბჭოთა და გერმანიის აგრესიის მსხვერპლად გამოაცხადა, თავისი დასავლეთი ნაწილი ლვოვთან, ივანოვო–ფრანკოვსკსა და ტერნოპოლთან (ეს ქალაქები უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას 1939 წელს მიუერთა სტალინმა) ერთად, საეჭვოა, პოლონეთს დაუბრუნოს, ხოლო 1945 წელს გადაცემული ამიერკარპატები _ სლოვაკეთს ან უნგრეთს.
* რუმინელი პოლიტიკოსები არ წყვეტენ დისკუსიას 1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მოლდავეთის ანექსიაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგა ხანია, დაივიწყეს, რომ ომის შემდეგ, სახელდობრ, საბჭოთა კავშირის წყალობით დაიბრუნეს პროვინცია ტრანსილვანია, რომელიც ჰიტლერმა მიითვისა და შემდეგ უნგრეთს გადასცა.
* ბულგარეთმა, სტალინის შუამავლობით, დაიტოვა სამხრეთი დობრუჯა (ადრე რუმინეთის კუთვნილება), რაც დადასტურებულია 1947 წლის ხელშეკრულებით. სამაგიეროდ, ამ საკითხებზე რუმინულ და ბულგარულ პრესაში არაფერს წერენ.
* “ჩეხეთმა აიღო საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლები და გამოაცხადა, რომ 9 მაისი არის ერთი დიქტატურის მეორეთი შეცვლის დღე, _ ყვება ჩეხი ისტორიკოსი, _ სსრკ-ის მოთხოვნით, ჩეხოსლოვაკიას დაუბრუნეს სუდეტის ოლქი, ქალაქებით _ კარლოვი ვარითა და ლიბერეცით, რომლებშიც მოსახლეობის 92%-ს გერმანელები შეადგენდნენ. დასავლურმა სახელმწიფოებმა (დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ) 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებით მხარი დაუჭირეს გერმანიის მიერ სუდეტის ოლქის ანექსიას. ეს მხოლოდ სსრკ–მა გააპროტესტა.
* პოლონელებმა ჩეხოსლოვაკიისგან ტეშინის ოლქი მიისაკუთრეს და ომის შემდეგ მისი დაბრუნება აღარ სურდათ, მაგრამ საქმეში სსრკ-ის ჩარევის შემდეგ ტეშინი ჩეხებს დაუბრუნდათ (1958 წელს). ყველაფრის მიუხედავად, საბჭოთა კავშირისთვის მადლობა დახმარებისთვის არავის უთქვამს, პირიქით _ საბჭოელებმა (რუსებმა) მათგან, ვისაც მიწა აჩუქეს, ფურთხი დაიმსახურეს.
ბევრისთვის, ალბათ, ცნობილი არ არის იმ დარბევების შესახებ, რომლებიც ახალმა ხელისუფლებებმა მოაწყვეს დაბრუნებულ ტერიტორიებზე. პომერანიიდან და სუდეტიდან გააძევეს 14 მლნ (!) გერმანელი. თუ გერმანელების კიონიგსბერგიდან გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადასვლას 6 წელიწადი დასჭირდა (1951 წლამდე), პოლონეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან _ 2-3 თვე, ბევრ გერმანელს კი მოსამზადებლად (ტანსაცმლისა და ნივთების ჩასალაგებლად) 24 საათი მისცეს და ასობით კილომეტრი ფეხით ატარეს. “არ ღირს ამის გახსენება, _ შენიშნავდნენ ქალაქ შჩეცინის (პოლონეთი) მერიის წარმომადგენლები, _ ასეთი რაღაცები გერმანელებთან კარგ ურთიერთობას გააფუჭებს”.
საერთოდ, დასავლეთი ცდილობს, საბჭოთა ხალხის გამარჯვება და ფაშიზმისგან ევროპის გათავისუფლება გააუკუღმართოს: დასავლეთევროპელს, რომელიც ამბობს, რომ ნაციზმზე სსრკ–ის გამარჯვება _ ეს არის გათავისუფლება, გიჟად თვლიან, მოღალატედ.
თუ 1945 წლის 9 მაისის შედეგები ცუდი, საშინელება და უკანონოა, მაშინ სსრკ-ის მიერ იმავე პერიოდში ჩადენილი სხვა ქმედებებიც ასეთივეა. განა შეიძლება კარგი იყოს მათი გადაწყვეტილებები, ვინც ტირანია დაამკვიდრა თქვენს მიწაზე? ამიტომ პოლონეთმა პომერანია, სილეზია და პრუსია უნდა დაუბრუნოს გერმანიას, უკრაინამ თავისი დასავლეთი ნაწილი _ პოლონელებს, ქალაქი ჩერნოვცი _ რუმინელებს, ამიერკარპატები _ უნგრელებს, ლიტვამ უარი უნდა თქვას ვილნიუსსა და კლაიპედაზე, რუმინეთმა _ ტრანსილვანიაზე, ჩეხებმა სუდეტსა და ტეშინაზე, ბულგარეთმა _ დობრუჯიზე.
ისე, საინტერესოა, რა მოხდებოდა საბჭოთა კავშირს მხოლოდ თავისი საზღვრებიდან რომ განედევნა ფაშისტები და ფეხებზე დაეკიდებინა ევროპა, ასეთ შემთხვევაში რა დარჩებოდა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც დღეს, ფაშისტებზე გამარჯვებიდან 76 წლისთავზე, საბჭოთა ჯარისკაცების სისხლის ფასად ნაცისტებისგან გათავისუფლებას ოკუპაციას ეძახიან? _ არც არაფერი!
Livejournal.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა