Home რუბრიკები საზოგადოება “რაც გინდ ოსტატურად ამრუდო სასწორი ჭეშმარიტებისა, ადრე იქნება თუ გვიან, გამრუდებულს სასწორს...

“რაც გინდ ოსტატურად ამრუდო სასწორი ჭეშმარიტებისა, ადრე იქნება თუ გვიან, გამრუდებულს სასწორს თავის ლარზედ დააყენებს ლოღიკა ერისა”

გიორგი გახარია

ძნელია, როცა თქმასა და ქმნას შუა ხიდი ჩატყდება. აი მაგალითი ამისთანა ყოფისა, რომელმაც გამოიწვია ეს ჩვენი საუბარი და რომელიც ერთი მრავალთაგანიაო”, _ ასე იწყებს ილია მკითხველთან ამ მეტად მტკივნეულ საკითხზე მსჯელობას. როგორც ჩანს, ეს ჩვენი მარადიული პრობლემაა, რადგან არც დღესაღარაფერს ვერიდებით, ვასორსლებთ ტალახის გუნდას და პანტასავით თავზე ვაყრითიმ ადამიანს, რომელსაც გულით სწადია საქვეყნო საქმის, ერის სამსახური, ჩვენ კი ოდნავ წაფორხილებისთანავე მზად ვართ ნიშნის მოსაგებად და მისი სახელის ლაფში ამოსასვრელად. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა: “უმძიმესი საყურებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ, კომპეტენციისგან, შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიციაო”. მართლაც, როდემდე შეიძლება მანიპულირება ბავშვების გაჭირვებით, თითოეული მოქალაქის სიღარიბით? ვეღირსებით ოდესმე ობიექტურ, შინაარსობრივ ოპონირებას პოზიციისა და ოპოზიციის, წარსულს ჩაბარდებიან ოდესმე ინსტინქტებით მართული, გაბრაზებული, ხელების ქნევით, ყვირილით მოლაპარაკე სახეწაშლილი პოლიტიკოსები?

დღეს საქართველოში მოქმედებს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი, მასში ცნება “ცილისწამება”, ზოგადად, განმარტებულია, როგორც “არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება”, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებულია კერძო პირის ცილისწამებისა და საჯარო პირის ცილისწამების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. ბოკუჩავამ ჯალათი უწოდა გიორგი გახარიას _ “სისხლიანი ხელებს ვერ დამალავთო”. მისი ნათქვამი ყოველი სტრიქონიდან გამოკრთოდა, რომაქ ნაწყენი, გადამტერებული, დამუქრებული გული მოქმედებს და არა გამკითხველი, გულდინჯი, ჭკუადამჯდარი მართალი”.

“ამ ლაფის წვიმის ქვეშ” კი ბატონ გახარიას მოუწია დგომა, რადგან, როგორც დიდი ილია ბრძანებს, ამ წვიმის ქვეშ “უფრო იმისთანანი ჰდგანან, რომელთაც უბედური სვე შეხვედრიათ და გამოსულან გასარჯელად საზოგადო მოედანზედ საზოგადო სამსახურისათვის შეძლებისამებრ”. ილიას აზრით, “იმისთანა უნუგეშო, უმწეო, ხელთაღუპყრობელი კაცი არ არის ჩვენში, როგორც საზოგადო საქმის მოღვაწე”, რადგან, როგორც გადატეხილს ღობეს, დიდი და პატარა მისდგომია და სთელავს, არავის სტკენს გულს ეს ასეთი უსამართლო ქცევა, არავის ეზიზღება, არავის ეთაკილება”.

თინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა

ამ ცოტა ხნის წინათ კი შალვა ნათელაშვილმა თავის “ფეისბუკ”-გვერდზე დაწერა: “ამერიკული პოლიტიკის ამომავალმა ვარსკვლავმა, ჩემმა მეგობარმა სენატორმა ტედ კრუზმა შეასრულა დაპირება, ყველაზე კრიტიკულ მომენტში დადგა ქართველი ხალხის გვერდით და ბიძინა ივანიშვილის თავზე აღმართა ფინანსურ სანქციათა გილიოტინა. თქვენი სახელით უდიდეს მადლობას ვუხდი მას”. რაც შეეხება საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის გადაცემას, მისი თვალსაზრისი ასეთია: “მორიგი წინასაარჩევნო ქრთამი საპატრიარქოს, ამჯერად ტყეების სახით. ახლა ნახეთ ღვთისმმოსავი მეუფეების სირბილი ღვთისკაც ივანიშვილზე ხმათა შესაგროვებლად. რა ბედი ქონია ჩვენს ხალხს _ არც მღვდელი, არ გზირი მისთვის არ ყოფილა… საპატრიარქომ დაიკავა თანამმართველის, ფეოდალთა, ღმერთის სახელით ბიზნესის მკეთებელთა ადგილი”.

რას იზამ! გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობას, ამიტომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იშვიათად შეიძლება აღმოჩნდეს აუცილებელი. ასეთია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. ამ პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება საქართველოს კანონიც “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”. ჰოდა, “გამოხატაბატონმა შალვამ, “მოახდინა თვითრეალიზება”, უფრო სწორად, გადმოანთხია შხამი და ბაღლამი, რომელიც საქართველოსადმი მის სიძულვილს უფრო ჰგავს, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნებისადმი. და ის ყველაფერ ამასდადგენილი სტანდარტების შესაბამისადაკეთებს და პასუხსაც არავინ სთხოვს.

გახარიამ კი _ “ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური არჩევნები ამ ქვეყანაშიო”. ეს არა მხოლოდ გახარიას, მთელი საზოგადოების დიდი სურვილიცაა, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიბრძნე, თანადგომა და მხარდაჭერა, არა გვგონია, საკმარისი იყოს; არა გვგონია, ჩვენსმეგობრებსხელს აძლევდეთ, რომ საქართველოშიშემდგომი პარლამენტი იქნეს ბევრად ხარისხიანი, შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური”. და ეს, ბატონო გიორგი, თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ, მაგრამ, თუ ამ რეალობასთან შეგუებას არ აპირებთ, წინ დიდი ბრძოლა გელოდებათ, ამისთვის მზად ხართ? მით უფრო, რომ ახლა ის დროა, როცაარ გამარჯვება, იმედთა გამტყუნება, შეცდომილება საზოგადო მოღვაწისა ჩვენ სასიხარულო ამბად მიგვაჩნია იმიტომ, რომ შემთხვევას გვაძლევს, ლანძღვის გუდას პირი მოვხსნათ და გაბიაბრუების, გაუპატიურების საწამლავში ამოვლებულ ისრით გული გავურღვიოთ და რამდენად უფრო სატკენია, საწყენია ეს ამბავი მოღვაწისათვის, მით უფრო ბევრს ბარაქალას ვეუბნებით მსროლელსა”.

თუმცა საზოგადო საქმის მსახურთა გზა არასოდეს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ “რაც გინდ ოსტატურად ამრუდო სასწორი ჭეშმარიტებისა, ადრე იქნება თუ გვიან, გამრუდებულს სასწორს თავის ლარზედ დააყენებს ლოღიკა ერისა”.

მოვუსმინოთ ისევ დიდ ილიას.

ყალბი და ნამდვილი

I

ლოღიკა თითქო ბაჟს რასმე ემალებაო, სადღაც გაექცა, სადღაც დაეკარგა ადამიანსა. ღრმად დაკვირვება არ არის საჭირო, კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა, ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე ან მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია, რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და ბოლო დაჰბნევია.

კაცს ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევია-რა. ხედვით ერთსა ჰხედავს, სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა. იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა?

აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა? ღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანეთსა ერთგულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად ერთგულობა?

სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებად, თვის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად სხვის ნაკლის და უბედურობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა? სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად სიმართლე?

კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილუბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგვენ, არ ჰთაკილობენ, და იძახიანკი, _ ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია, სათაყვანებელიაო, და გამკითხავი არავინ არის: სად ტყუილუბრალოდ ადამიანის თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებლობა ადამიანის ღირსებისა?

ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს არ ებმის და საქმე თქმას არ ემსგავსება, არ ეთანხმება. ყველაფერი ეს ცარიელის სახელით გადის და სახრავს-კი არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა ერთია და ქმნა სხვა. ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოღიკა დაკარგულია, ხელიდამ წასულია, სადაც ბარდებში განაბული?..

ეს ყოფა და ამბავი დიდი ჭირია. ამ ჭირს კაცთა კერძო ცხოვრების ერთმანერთობაში ადამიანი კიდევ როგორც იქმნებოდა, ვაითა და ვაგლახით აიტანდა, გაუძღვებოდა. ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის, და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა… სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურებაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი გზას გაიხსნის, მოედანს მოიპოვებს იქ, სადაც თქმა და ქმნა ერთი უნდა იყოს, სადაც ჭეშმარიტება უნდა ჭეშმარიტობდეს, მართალი ჰმართლობდეს, კეთილი ჰკეთილობდეს და პატიოსნება ჰპატიოსნებდეს, სადაც ხმა ერისაა და მაშასადამე, ღვთისაცა. ამისთანა “წმიდა წმიდათა” ლიტერატურაა, საცა ჭკვათამყოფელი, უკეთესი, თავანკარა ნაწილი ერისა უნდა მეტყველებდეს აშკარად, უფერმარილოდ, უტყუილოდ და უხვანჯოდ. ლიტერატურას სხვათა შორის ერთი შვილი ჰყავს, რომელიც დღეს ყველა სხვა შვილებზე უფრო გაძლიერებულია, უფრო გავლენიანია. ამ შვილს “ჟურნალ-გაზეთობას” ეძახიან. ამ ჟურნალ-გაზეთობაზე, რომელიც სხვა არა არის-რა გარდა ყოველ-დღიურის სარკისა, ერი აჭდევს ხოლმე თავის ავკარგიანობასა დღითი-დღემდე. აი, სავაგლახო ის არის, როცა ზემოხსენებული ჭირი აქ, ამ ჟურნალგაზეთობაშიაც დაიბუდება, როცა აქ თქმა და ქმნა ერთმანერთის განუყრელნი და-ძმანი არ არიან. მაგრამ რა თქმა და რა ქმნა!

დღევანდელ ჟურნალგაზეთობას სხვა რა სჭირს კარგი, რომ ეგა სჭირდეს და თქმასა და ქმნას ერთმანერთს არ აშორებდეს და ერთმანერთს არ უპირისპირებდეს. ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემაძრწუნებელი ზნე, რომ დღეს ჟურნალ-გაზეთობაში არ დაბადებულიყოს, ოღონდ, ავად თუ კარგად, ჟურნალ-გაზეთობასთან მოსათავსებელი იყოს და ასე თუ ისე მოსახმარებელი. გამოცინცვლა რისამე გნებავთ ვისგანმე, იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს, რომელიც მზაა სამსახურისთვის. სახელის გატეხა გინდათ ვისიმე, რამ სიგძეთაც გნებავთ დაგრიხეთ ბაწარი ჭორებისა და იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს, რომელიც სიხარულით დაგითმობთ ადგილსა და თავს მოიწონებს კიდეც ლიბერალობითა. მაშ… ყველას ჰპენტავს და სწეწავს, _ ლიბერალობა არ არის, მა რა ეშმაკია!…

ჯავრის ამოყრა გინდათ ვისიმე, შესთხზეთ ერთი სამარცხვინო ამბავი თქვენს გამჯავრებელზედ, მოაყარეთ პილპილი ცილისწამებისა, მარილი ლაზათიანის გინებისა და გათავებულია საქმე. არიან იმისთანა გაზეთები, რომელნიც არამცთუ ხელაღპყრობით მიგიღებენ, როცა მიუტანთ ამისთანა განძსა დასაბეჭდად, არამედ თვით მოგნახავენ და თავს შემოგევლებიან, ოღონდ ხელიდან არ წაუვიდეთ თქვენ მიერ შეთითხნილი ლანძღვა-გინება. ჭირთა-ჭირი ეს არის, რომ აღარც მკითხველებსა აქვთ ხალისი და კბილი უკეთესის კითხვისათვის. შეაჩვიეს ყური ამისთანა უწმაწურს ქარაფშუტობას და ცუღლუტობას… ძნელია, როცა სახელმძღვანელო დედააზრებს ფეხქვეშედამ მიწა გამოეცლება; ძნელია, როცა თქმასა და ქმნას შუა ხიდი ჩატყდება. აი მაგალითი ამისთანა ყოფისა, რომელმაც გამოიწვია ეს ჩვენი საუბარი და რომელიც ერთი მრავალთაგანია.

კითხულობთ ჟურნალგაზეთებს და გიკვირთ, _ რაზედ შემოსწყრომია მწერლობა ლოღიკასაო? სად მიჰმალვია სახელმძღვანელო დედააზრი, რომ ესე არახუნებს უთავბოლოდაო? აი, რაშია საქმე… ეხლაც არ დაგვეთანხმებით, რომ ლოღიკა საძებნელი და საპოვნელი გაუხდა ადამიანსა ცალკედ და მწერლობასა საერთოდ! აბა, ეხლა იანგარიშეთ, რამდენი ამისთანა გაზეთია, რომელიც დედა-აზრობით ერთს გვეფიცება და საქმით კი სულ სხვასა საქმობს. არ შეიძლება, რომ ჩვენ თვითონ არ ვაქეზებდეთ ამისთანა მიმართულებას, თორემ დღეს-აქამომდე ამისთანა მწერლობას სული ათჯერ ამოეხუთებოდა, რადგანაც, როგორც ჭირიანს, შემოეფანტებოდნენ მკითხველები და მკითხველები იძლევიან მას, რითაც მწერლობაც ავად თუ კარგად იკვებება და სულდგმულობს. რაკი ესეა, ბოროტიც ამ მხრით არის გაძლიერებული და ამაშია დღის სავალალოც.

II

კვირანდელს ნომერში ჩვენმა მეთაურმა წერილმა შეჰნიშნა, რომ დღევანდელს დღეს ლოღიკა სადღაც გაჰქცევია და ადამიანის ჭკუა-გონებას ღერძი გასტეხიაო. ამან ისე აშკარად არსად არ იჩინა თავი, როგორც მწერლობისა და საზოგადო მოღვაწეობის სარბიელზედ. თუ თვალი გიდევნებიათ, შეუძლებელია არ შეგენიშნოთ იმისთანა მწერალნი, პუბლიცისტები, საზოგადოდ მოსაქმენი და მოღვაწენი, რომელნიც რასაც შინ თვითონ სდევნიან და ჯვარს აცმენ, იმის ნათალს დევნულობასაც-კი სხვა ქვეყანაში მომაკვდინებელ ცოდვადა სთვლიან და არის ერთი ჭექა და ქუხილი იმ ქვეყნის მტარვალობასა და ბარბაროსობაზედ. გამოდის, რომ შესაძლოა, ერთს ქვეყანაში ორჯელ ორი ხუთი იყოს, თუ ეხეირება, რასაკვირველია, და სხვაგანკი მომაკვდინებელი ცოდვა იქნება, თუ ორჯელ ორი ოთხად არ არის მიღებული. ამისი მაგალითები ათასია და უჩვენოდაც გონების თვალწინ გაიტარებს მკითხველი, თუ კი არ დაიზარამეცხრამეტე საუკუნემ, რომელმაც ასეთი ძლევამოსილობა გამოიჩინა ყველაფერში, რომელმაც მანძილი და დრო დაიმორჩილა, ზღვა ყურმოჭრილ ყმად გაიხადა, უზარმაზარი მთები გასჭრა და გაარღვია, ცა და დედამიწა ხელის გულზედ გადიშალა, ამ მეცხრამეტე საუკუნემ ვერა უხერხა-რა, რომ ბუნებით მონიჭებული ლოღიკა საზოგადოდ მოღვაწე კაცს შერჩენოდა. ეს, რასაკვირველია, მარტო იმ ცალკე კაცებზედ ითქმის, ვისაც ბედმა არგუნა თავის ასე თუ ისე გამოჩენა საზოგადო სარბიელზედ. უფრო ის ერთნი პოლიტიკოსები და მწერალნი არიან ამაში დამნაშავენი. ხოლო, ამათ წინააღმდეგი არის ერთი არსება, რომელსაც ერს ეძახიან და რომლის სიღრმეშიაც, როგორც ზღვის ძირში მარგალიტი, თავს ინახავს ლოღიკა და, მაშასადამე, მართალიცა. საცა ეგ ერი თვალახილებულია, იქ დიდი მანძილი, დიდი საგზალი არა აქვს ულოღიკოდ რახუნსა და უდედააზრო საქმესა. ამის მაგალითს წარმოგვიდგენს იგივ ინგლისის ერი, რომელიც ჰოშენისთანა კაცებსა იმისთანა მხნე მეომარს მიუსევს ხოლმე, როგორიც სახელოვანი გლადსტონია… ტყუილს მოკლე ფეხები აქვს; იმას, რომ რაც გინდ ოსტატურად ამრუდო სასწორი ჭეშმარიტებისა, ადრე იქნება თუ გვიან, გამრუდებულს სასწორს თავის ლარზედ დააყენებს ლოღიკა ერისა. იგი აღტაცებით და დიდის პატივით მიეგება გლადსტონს და მით მხარიღლივ წუნი დასდო ჰოშენისთანა კაცებსა. ნათქვამია: ჭკუა რომ დაიკარგოს, მთაში მონახეო. არა, ჭკუა რომ დაიკარგოს, ხალხში უნდა მონახოთ. სულიერს განძს კაცობრიობისას აქა აქვს თავისი სალარო და ლოღიკაც _ ეს უკეთესი ნიჭი ადამიანისა _ აქა ჰპოულობს თავის სადგურსა.

დაიბეჭდა გაზეთივერიაში”, 1887 წელი, 17-19 ოქტომბერი.

საზოგადო საქმის მსახურთა სახელის დაცვისათვის

ჩვენი გაზეთი მეტად ჰფრთხილობს, რომ არა რომელიმე კაცი არ იყოს გაბიაბრუებული, გაუპატიურებული არც მართლად და არც ტყუილუბრალოდ. გაბიაბრუება, გაუპატიურება ვისიმე საკადრისი არ არის არც ცალკე კაცისაგან, არც ლიტერატურისაგან, რომელიც მართებულობისა და რიგიანობის მაგალითი უნდა იყოს და, თუ ან ერთი აკლია, ან მეორე, ღირსი არ არის, წმინდა სახელი ლიტერატურისა ატაროს. ჭუჭყიანი სიტყვა-პასუხი, ჭუჭყიანი გულისნადები, რომელიც ზედ აბეჭდია ხოლმე ყოველს კაცს, სხვის გასაბიაბრუებლად გამოლაშქრებულს, მეტისმეტად ცხადი ნიშანია თვითონ მოლაშქრეს უწმინდურობისა და ჭუჭყისა.

ჩვენ ამის თაობაზედ არაერთხელ გვქონია ლაპარაკი და ისიც დაგვიმატებია, რომ ეს ჩვენი აზრი იმას კი არა ჰნიშნავს, ვითომც კაცი განკითხული არ უნდა იყოს, როცა გასაკითხავია. ხოლო განკითხვაც არის და განკითხვაც. განა განკითხვა ადამიანისა არ შეიძლება ზრდილობიანი, თავაზიანი, და მართებული იყოს?! დღეს ჭეშმარიტად განათლებული და გულით და გონებით განათლებისაგან გაფაქიზებული და განწმენდილი კაცი ითხოვს, რომ ადამიანურად, ადამიანის ღირსების ძირს დაუშვებლად ექცევოდნენ თვით ავაზაკსაც კი, რომელიც უკვე წამოსკუპებულია დამნაშავეთა სკამზედ და მსჯავრი მის მიერ შეგინებულის სათნოებისა უკვე თავს დასტრიალებს სამართლიან ზღვევისათვის.

თუ ავაზაკს ესე უნდა მოვექცეთ, მაშ როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანერთს, როცა ბედი და გარემოება შეგვახვედრებს ხოლმე ერთმანერთის განსაკითხად? ცხადია, როგორც, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში მართებულ, ზრდილობიან განკითხვისათვის ბევრს აკლია საფანელი, ბევრს გული და გონება ამისათვის საკმაოდ განწმენდილი, გაწურთვნილი არა აქვს. ამიტომაც ისეთს თავზედ ხელაღებულს ლანძღვათრევას, ისეთის სიხარულით კაცის ავად ხსენებას არსად ნახავთ, როგორც ჩვენში. საკმაოა ჩვენში კაცმა კაცს რაზედმე საბუთიანი უარი უთხრა, საკმაოა ერთს რომელსამე აზრზედ არ დაეთანხმო, საკმაოა შენი საკუთარი აზრი იქონიო, სხვის სიტყვას, სხვის საქმეს სამართლიანი წუნი დასდო, საკმაოა, რაც იმას მოსწონს, თქვენ არ მოიწონოთ, ერთ-ერთი ამისთანა საკმაოა-მეთქი, რომ მომდურავმა კაცმა თავისი კალამი თუ ენა ლაფში ამოავლოს და ზედ თავზედ დაგაბერტყოთ. სამწუხარო ჭირთა ჭირი ის არის, რომ ამის მომქმედს ბარაქალის ქუდსა ვხურავთ და ისიც გაბღინძული და გამოჭიმული დადის და უსირცხვილოდ ჰქადულობს თავის სამარცხვინო საქციელს.

დღე არ გადის, რომ ზოგიერთი ადგილებიდამ ესე ლაფში ამოვლებულ კალმით დაწერილი კორესპონდენციები არ მოგვდიოდეს. ზოგი ბაზარნიკსა ჰლანძღავს, ასეთი და ასეთიაო და სამსახურიდამ უნდა გაგდებულ იქმნასო, ზოგი მღვდელზედ, ზოგი ბლაღოჩინზედ, ზოგი მეზობელზედ, ზოგი მტერზედ, ზოგი მოყვარეზედ. ყოველის სტრიქონიდამ გამოჰკრთის, რომ აქ ნაწყენი, გადამტერებული, დამუქრებული გული მოქმედებს და არა გამკითხველი, გულდინჯი, ჭკუადამჯდარი მართალი.

ამ ლაფის წვიმის ქვეშ, რა თქმა უნდა, უფრო იმისთანანი ჰდგანან, რომელთაც უბედური სვე შეხვედრიათ და გამოსულან გასარჯელად საზოგადო მოედანზედ საზოგადო სამსახურისათვის შეძლებისამებრ. იმისთანა უნუგეშო, უმწეო, ხელთაღუპყრობელი კაცი არ არის ჩვენში, როგორც საზოგადო საქმის მოღვაწე. როგორც გადატეხილს ღობეს, დიდი და პატარა მისდგომია და სთელავს, არავის სტკენს გულს ეს ასეთი უსამართლო ქცევა, არავის ეზიზღება, არავის ეთაკილება. ისე გაბიაბრუებული, ისე გაუპატიურებული არავინ არის ჩვენში, როგორც სვეუბედური მსახური საზოგადო საქმისა. აქაოდა, მოედანზედ სდგას და ნიშანში ადვილი ამოსაღებიაო, აღარაფერს ვერიდებით, ვასორსლებთ ტალახის გუნდას და პანტასავით თავზე ვაყრით.

უცდომელი არავინ არის და შესაძლოა, საზოგადო მოღვაწე ბევრში სცდებოდეს, ბევრში არ ემარჯვოს, ბევრში იმედი გაუმტყუნდეს და ამასთანავე შესაძლოა, რომ გული, ნამუსი, სინიდისი წმინდა ჰქონდეს, სურვილი, განზრახვა, გულისნადები პატიოსანად ერჩოდეს. არ გამარჯვება, იმედთა გამტყუნება, შეცდომილება საზოგადო მოღვაწისა ჩვენ სასიხარულო ამბად მიგვაჩნია იმიტომ, რომ შემთხვევას გვაძლევს ლანძღვის გუდას პირი მოვხსნათ და გაბიაბრუების, გაუპატიურების საწამლავში ამოვლებულ ისრით გული გავურღვიოთ და რამდენად უფრო სატკენია, საწყენია ეს ამბავი მოღვაწისათვის, მით უფრო ბევრს ბარაქალას ვეუბნებით მსროლელსა.

ამ ჭუჭყს მოვერიდნეთ. კმარა ასეთი სამარცხვინო ქცევის შეწყნარება. სამართლიანის გულისწყრომით ზურგი შევაქციოთ სხვის გამაუპატიურებელს და ყოველივე ლანძღვა-თრევით გაბიაბრუებული ჩვენს საფარველქვეშ მივიღოთ და სარჩლი გავუწიოთ. ამას ითხოვს ჯანმრთელობა საზოგადოებისა, ამას ითხოვს ნამუსი და პატიოსნება ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკედ. გულმტკივნეულად მომქმედი მართებული განმკითხველია და არა შემაგინებელი და მლანძღავი. პირველს მხარი მივსცეთ და მეორემ კი ილაწლაწოს, ვიდრე თვის საკუთარს ლაფში სული შეუგუბდება და დაირჩობა.

29 დეკემბერი, 1887 წელი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here