სვანების აჯანყების გამომწვევი ჭეშმარიტი მიზეზები
დოკუმენტი #33
ბიძინა პირველის საბოლოო სიტყვა
1925 წლის 1 აგვისტოს სხდომა
ბიძინა პირველი: _ პატივცემულო მოსამართლენო! აქ ბრალმდებელმა სრულიად დამშვიდებით გადაწყვიტა ჩემი ბედის საკითხი და მოითხოვა უმაღლესი სასჯელი. ეს გარემოება მე მამძიმებს იმ მხრივ, რომ შეიძლება ის, რაც მე აქ უნდა ვთქვა, თქვენ მიიღებთ იმას, რომ თითქოს მე მეშინოდეს და ამით იყოს გამოწვეული. სრულებით არა. მე მხოლოდ მინდა სასამართლოს მოვახსენო ის, რაც ჩავიდინე. დიახ, მე ამ 4 წლის განმავლობაში გებრძოდით თქვენ და მეკუთვნის უმაღლესი სასჯელი. დიახ, მართალია, 4 წლის განმავლობაში ვებრძოდი იმ მთავრობას, რომლის იდეური, პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი. მე ამ 4 წლის განმავლობაში მთელი ჩემი არსებით იმ გზაზე ვიდექი, მე ამ ბრძოლაში ჩემს სიცოცხლეზე არ ვფიქრობდი. მე ვფიქრობდი გამარჯვებაზე, რომელსაც ჩემი სიცოცხლე ვანაცვალე. არ იყო აქ პირადული მომენტი. აქ არ იყო რაიმე სხვა პირადი ანგარიში. აქ იყო სულ სხვა. ეს იყო ის, რომ მე ჩემი ერი მიყვარდა და ვგრძნობდი, რომ 21 წელი იყო სახიფათო ამ ერისთვის. ჩამოსული ჯარი იყო საოკუპაციო ჯარი და მე ამ შთაბეჭდილებით წავედი აქედან. მე არ მინდა, მოგახსენოთ იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც შექმნილი იყო იქ. მე ოთხი წლის განმავლობაში გებრძოდით თქვენ და არასოდეს მიფიქრია ჩემს პირად ცხოვრებაზე და არასოდეს უნახივარ მტერს უკან მოხედილი. მაგრამ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ კარგად ვიცოდი, რომ დამარცხებულებს არ სჯიან, ვინაიდან მე ძვალსა და რბილში მქონდა გამჯდარი, რომ დამარცხებულს არ სჭირია დამცირება. მე ჩემი ხელით ვუხვევდი ჭრილობებს იმ დაჭრილებს, რომლებსაც ბრძოლის ველზე ვნახულობდი და რომლებიც შეიძლება ჩემი ხელით იყვნენ დაჭრილნი, მაგრამ რაც იყო, იყო. რაც მოხდა, მოხდა. მე ამის შეფასებას არ შევუდგები. მე არ შევუდგები იმ პირობების შეფასებას, რომლებმაც ამ გზამდე მიმიყვანა. აი დღეს, რაკი ასე დავსვით საკითხი, მე უარს ვამბობ. მე მხოლოდ ვიტყვი, რომ ის პირობები, რომლებიც საერთოდ შეიქნა საქართველოში და რომლებმაც მე განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩამაყენა, თავისთავად მამართლებენ სრულიად. მე მივიღე მონაწილეობა 21 წლის მიწურულს სვანეთის აჯანყებაში, მაგრამ ეს არ იყო ხელმძღვანელობა ჩემი მხრიდან. მე, როგორც ერთ–ერთი სვანი, შვილი იმ კუთხისა, ვიდექი გზაზე, საიდანაც უნდა მოსულიყო უცხო ძალა და მე უნდა დამეცვა ჩემი პატარა კუთხის უფლება. ამის შემდეგ 24 წელში ისევ მომიხდა ამ როლის შესრულება, მაგრამ 24 წელში მომხდარმა ამბებმა, როგორც მოგახსენათ უფროსმა ამხანაგებმა, სასტიკი შთაბეჭდილება დასტოვა ჩვენზე. მე ვიგრძენი, რომ ამ გზით სიარული არ შეიძლებოდა და, თუ ამ გზას გავაგრძელებდი, მე არათუ ბედნიერებას, პირიქით _ უბედურებას მოვუტანდი ჩემს კუთხეს. ეს აზრი გულწრფელი იყო და გადავწყვიტე, გამოვცხადებულიყავი მთავრობის წარმომადგენელთან. ჯერ ლიკვიდაცია მომეხდინა იმ ნაწილების, რომლებიც გაჭრილი იყვნენ ტყეში და მერე წამოვსულიყავი ტფილისში მთავრობასთან, რომელიც შემპირდა სიცოცხლეს. მე შევასრულე ჩემი გულწრფელი სიტყვა და ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო სვანეთისთვის მოვახდინე, მერე წამოვედი ტფილისში. ჩემში ასეთი შთაბეჭდილება იყო: შენ რომ ჩახვალ ტფილისში და მოგკიდებენ ხელს და დაპირებას არ შეასრულებენ! მე არ მქონდა ნდობა. ვგრძნობდი, რომ მომატყუებდნენ, მაგრამ გადავდგი ეს ნაბიჯი. როდესაც ჩამოვედი, აქ მთავრობამ მომცა ამნისტიის ქაღალდი, შემპირდა, რომ დამაყენებდა გზაზე და ვმსახურობდი. გადის რამდენიმე ხანი. ერთი წელი აქა ვარ და ვასრულებ ჩემს სიტყვას, რაც განვაცხადე. მაგრამ დღეს პირობები შეიცვალა, მთავრობის მხრიდან და არა ჩემი მხრიდან. აქ მოქალაქე ბრალმდებელმა მოინდომა, რომ უმაღლესი სასჯელით დავისაჯო. შეიძლება ზოგჯერ კიდევაც გაგიკვირდათ, როდესაც ნერვებაშლილი ჩემს თითებს ვკბენდი და ვამბობდი: ეს არ უნდა დაგმართნოდა! არ უნდა მოტყუებულიყავი! როგორც უნდა წავიდეს ჩემი ბედი, მე ამას არ ვაქცევ ყურადღებას. მე ახალგაზრდა ვარ და ჩემი მომავალი წინ არის. ჩემი ახალგაზრდული გატაცებით ვფიქრობდი, რომ სარგებლობა მომეტანა ჩემი პატარა კუთხისათვის. ამ აზრით ვიყავი გამსჭვალული და აჯანყების გზა მიმაჩნდა აუცილებელ გზად, რომელსაც შეუძლია საქართველოს ხსნა. ამ გზის უვარგისობაში დავრწმუნდი. მე ვაღიარე ეს. გულწრფელი მთიური ვაჟკაცური სიტყვა მივეცი მთავრობას და ვაღიარე გულწრფელად, რომ ყოველმა ქართველმა უნდა შესცვალოს ეს გზა და მუშაობის სიმძიმე უნდა გადაიტანოს ერის კულტურულ ფრონტზე, რომ ამ მუშაობით მოაღონიეროს თავისი ერი. ახლა მე არაფერი მეთქმის. მე შემიძლია გითხრათ: მე ვენდე თქვენს პატიოსანს სიტყვას. მე შემეძლო სვანეთში დავმალულიყავი, ვყოფილიყავი ისევ იქ, გამეგრძელებია ძველი გზა ან შემეძლო საზღვარგარეთ წავსულიყავი. მე მქონდა სურვილი, დავრჩენილიყავი აქ და მემუშავნა ჩემი ერის კეთილდღეობისათვის ეროვნულ კულტურულ აღმშენებლობის დარგში. ამავე დროს, ჩემი მიზანი არის ხალხის სამსახური. როგორც გითხარით, მომავალი წინ არის. მთელი ჩემი შეხედულება გადავიტანე, რომ დავეწაფო მეცნიერებას, შევიძინო რამე ისეთი, რომ მომავალში მეტი ბაგაჟით, მეტი წონით თუ გამოვიდე და გამოვადგე ჩემს ერს. ბევრს არ ვიტყვი. მე ვიტყვი: დე, გაიგოთ ამ ჩემი მაგალითით თქვენ როგორ ასრულებთ თქვენს სიტყვას, როგორ აფასებთ თქვენს სიტყვას. თუ თქვენ მუხანათურად, ეგრე ღალატური ნაბიჯით ჩამიგდებთ, მაშინ მე მექნება სათქმელი, მართალი ვიყავი, როდესაც თქვენ გებრძოდით. ეს შემიძლია ვთქვა და უკანასკნელი სალამი მივუძღვნა ჩემს ერს, პატარა კუთხეს, რომელსაც მე ვემსახურებოდი მთელი ჩემი ახალგაზრდობით. სვანეთი, ჩემი პატარა სამშობლო, ლეგენდარული ქვეყანა არის. ის დღესაც ლეგენდებით იკვებება. მე ვიცი, იქ დაარსდება ლეგენდა ერთი ახალგაზრდის სიცოცხლის ტრაღიკული ბედის შესახებ. მე ვიცი, ვინმე მოხუცი სვანი აიღებს ჭიანურს და დაამღერებს ჩემი ეგრედ უდროოდ დაღუპულ ბედ-იღბალს. მოხუცი ქალები ატირდებიან და ცრემლით დასველებული გასწყდება ჭიანურის სიმი და ამით შეშფოთებული ვაჟკაცი ავარდება მაღლა კოშკზე და ჩამორეკს სამგლოვიარო ზარს, რომ ამცნოს ქვეყანას, იმ პატარა კუთხეს, რომელსაც მე გულწრფელად ვემსახურებოდი, რომ კიდევ შესრულდა ერთი ტრაღედია.
დიახ, მოსამართლენო! მე მზად ვარ ჩემი მოქმედებისათვის პასუხი ვაგო. აი, ჩემი გული. ის სამ ტყვიას გააცივებს მაინც. აი, ჩემი სხეული. გინდათ, ჩამაგდეთ ბნელ სარდაფში, მაწამეთ, ამკუწეთ, დამგლიჯეთ! თქვენ წინაშე ვარ გულწრფელი სურვილით, რომ ჩემი ერისათვის რაიმე მიმეტანა. დღესაც მარტო ეს დამრჩენია ვთქვა, რომ მე ვემსახურებოდი ჩემს ერს, ჩემს ქვეყანას.
მე სრულიად შეგნებულად გამოვცხადდი თქვენ წინაშე. მე გულწრფელად გენდეთ თქვენ და თუ მოვტყუვდი, რა ვუყოთ, ალბათ, ისტორიაა, თუმც ისტორია არ შეჩერდება ჩემზე, მაგრამ ნაწილი საზოგადოებისა მაინც იტყვის.
მოსამართლენო! მე ვათავებ ჩემ სიტყვას. მე ბევრს არ მოგაწყენთ ჩემი ლაპარაკით. მე გეუბნებით მხოლოდ, მე მიყვარდა ჩემი ერი, ჩემი ქვეყანა, ის მუდამ მეყვარება.
მოსამართლენო! როდესაც თქვენ შეუდგებით ჩემი ბედის გადაწყვეტას, მაშინ გახსოვდეთ, მე მიყვარს ჩემი ერი, მუდამ ვიქნები მასთან და თქვენთანაც, თუ ჩემს ერს ანგარიშს გაუწევთ.
მე ვათავებ ჩემ სიტყვას და დეე, თქვენს სინდისზე იყოს გადაწყვეტა, მოსამართლენო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (II), ფონდი 14, აღწერა 2, საქმე 379, ტომი 5, ფურცელი 318-325.
დოკუმენტი #34
1924 წლის აჯანყების მონაწილეთა საქმეზე
საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს
განაჩენი
1925 წლის 5 აგვისტო
ს[აქართველოს] ს[აბჭოთა] ს[ოციალისტური] რ[ესპუბლიკის] სახელით
უზენაესმა სასამართლომ თავის სამსჯავრო სხდომაზე განიხილა 1925 წლის 15 ივლისიდან 2/3 მარიამობის თვემდე, შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ამხანაგი გ. ს. ვაშაძე
და სახალხო მსაჯულნი: ამხანაგები: ი. თ. სტურუა
ი. ა. ცინცაძე
უზენაესი სასამართლო გამომდინარეობს რა ზემოთ აღნიშნული ჩამოყალიბებული ბრალდებისაგან და იხელმძღვანელა რა მე-317, 318, 319, 320, 326 და ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 26 მ[უხლებით],
ადგენს:
1. ბრალდება მიმართული: ვ. ბილანიშვილის, ნ. ნაკაშიძის, ა. კალანდარაშვილის, ე. ლატარიას, აკ. ფიჩხაიას, პ. ხურციძის, ლ. ესვანჯიას, შ. კალანდარაშვილის, ი. ავალიშვილის, ვ. ბერიძის და შ. თვალთვაძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწ[ილით] 59 მ[უხლებით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;
2.ბრალდება მიმართული: ი. ფანოზიშვილისა და ა. ძაძამიას მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;
3.ბრალდება მიმართული დ. ონიაშვილის, გ. ანჯაფარიძის, გ. გიორგაძის, კ. ნინიძის, ნ. იმნაიშვილის, გ. რცხილაძის, ს. დადიანის, ა. კალანარაშვილის, შ. კალანდარაშვილის, ვ. ბილანიშვილის, ნ. ნაკაშიძის, ლატარიას, ფიჩხაიას, ხურციძის, ესვანჯიას, ავალიშვილის, ბერაძის, თვალთვაძის, ფანცულაიას, მამალაძის, ძაძამიას, ხოფერიას, გაბლიანის, კვირიკაძის, ჭანიშვილის, ივ. ლორთქიფანიძის, ნ. ქარცივაძის და ნ. კახიანის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-60 მ[უხლით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;
4.ბრალდება მიმართული დ. ონიაშვილის, ნ. ქარცივაძის, ვ. ბილანიშვილის, ნ. ნაკაშიძის, გ. ანჯაფარიძის, ა. კალანდარაშვილის, ე. ლატარიას, ა. ფიჩხაიას, პ. ხურციძის, ლ. ესვანჯიას, შ. კალანდარაშვილის, ი. ავალიშვილის, ვ. ბერიძის, შ. თვალთვაძის, გ. გიორგაძის, ნ. იმნაიშვილის, კ. ნინიძის, გ. რცხილაძის, ს. დადიანის, ვ. ცინცაბაძის, გ. ბალთაძის, ნ. კახიანის, ვ. მამალაძის, თ. შენგელიას, შ. იოსელიან ის, ხ. ლაშხიას, ბ. პირველის, ვ. ნაცვლიშვილის და ვ. გეგეჭკორის მიმართ, გათვალისწინებული სისხ[ლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-16, 64 მ[უხლებით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;
5.ბრალდება მიმართული დ. ონიაშვილის, ნ. ქარცივაძის, ვ. ბილანიშვილის, ნ. ნაკაშიძის, გ. ანჯაფარიძის, ა. კალანდარაშვილის, ე. ლატარიას, ა. ფიჩხაიას, პ. ხურციძის, ლ. ესვანჯიას, შ. კალანდარაშვილს, ვ. ბერიძის, შ. თვალთვაძის, გ. გიორგაძის, ნ. იმნაიშვილის, კ. ნინიძის, გ. რცხილაძის, ს. დადიანის და ფანცულაიას, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 66-ე მ[უხლებით], ჩაითვალოს დაუმტკიცებლად;
6.ვახტანგ დიმიტრის ძე ნაცვლიშვილი, მის მიმართ წაყენებული ბრალდების დაუმტკიცებლობის გამო, გამართლებული იქნას;
7.ბრალდება მიმართული ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძის, ვალერიან მიხეილის ძე ბილანიშვილის, ესტატე ბესარიონის ძე ლატარიას, აკაკი ალექსის ძე ფიჩხაიას, ლავრენტი ვასილის ძე ესვანჯიას, შალვა კონსტანტინეს ძე თვალთვაძის, ვლასი ლიკას ძე მამალაძის შალვა დიმიტრის ძე იოსელიანის, ხარიტონ პეტრეს ძე ლაშხიას, ვლადიმერ ალექსის ძე გეგეჭკორს, თეოფილე სიმონიეს ძე შენგელიას, ეგნატე გიორგის ძე გაბლიანს, ამბროსი საბას ძე კვირიკაძის, მიხეილ თომას ძე ჭანიშვილის, გაბრიელ კონსტანტინეს ძე გოგოლიშვილის, კონსტანტინე დარისპანის ძე ლორთქიფანიძის, ალექსანდრე სამსონის ძე ბოკერიას, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩხაიძის, აკაკი მათეს ძე კალანდარაშვილის, შალვა მათეს ძე კალანდარაშვილის და არტემ ფილიპეს ძე ფანცულაიას მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დამტკიცებულათ. სასამართლო ითვალისწინებს რა მათ მიერ ჩადენილ ქმედობის მცირე მნიშვნელობას, თანახმად ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 28-ე მ[უხლისა] მიესაჯოს თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, სასტიკი იზოლაციით. უზენაესი სასამართლო იღებს რა მხედველობაში, რომ ზემოაღნიშნული პირები საშიშროებას საბჭოთა ხელისუფლებისათვის არ წარმოადგენენ, თანახმად საკავშირო ცენტრალურ აღმასრულებელი კომიტეტის მე III სესიის 1925 წ[ლის] 7 მარტის დადგენილებისა, განთავისუფლებული იქნან სასჯელისაგან;
8.ბრალდება მიმართული დავით ეფრემის ძე ონიაშვილის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწ[ილით] 59-ე მ[უხლებისა], ჩაითვალოს დამტკიცებულათ. უზენაესი სასამართლო იღებს რა მხედველობაში დ. ონიაშვილის თავისი შეცდომების გულწრფელ აღიარებას საბჭოთა ხელისუფლების წინაშე, თანახმად ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 28-ე მ[უხლისა], მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, სასტიკი იზოლაციით, წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით. ზენაესი სასაამრთლო ითვალისწინებს რა დ. ონიაშვილის ავადმყოფობას, დარჩენილი სასჯელის ვადას, თანახმად ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 46-ე მ[უხლისა], სთვლის პირობით სასჯელად სამი წლით გამასწორებელი ვადით;
9.ბრალდება მიმართული: გრიგოლ სამსონის ძე რცხილაძის, სამსონ პლატონის ძე დადიანის, კირილე იასეს ძე ნინიძის, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილის და გრიგოლ კიმოთეს ძე გიორგაძის მიმართ, გათვლისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწ[ილით] 59-ე მ[უხლებისა], ჩაითვალოს დამტკიცებულათ. უზენაესი სასამართლო იღებს რა მხედველობაში, რომ ხსენებული პირები წინააღმდეგი იყვენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის და სასამართლოს სამსჯავრო სხდომაზე აღიარეს საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აუცილებლობა, თანახმად ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 28-ე მ[უხლისა], მიესაჯოს თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, სასტიკი იზოლაციით. უზენაესი სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ გ. რცხილაძე, ს. დადიანი, ნ. იმნაიშვილი, კ. ნინიძე, გ. გიორგაძე არ წარმოადგენენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის საშიშროებას, თანახმად საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის 7 მარტის დადგენილებისა, გათავისუფლებული იქნან სასჯელისაგან;
10.ბრალდება ალექსანდრე ბეგლარის ძე ძაძამიას მიმართ, გათვალისწინებული ს[იხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-16, 64 მ[უხლებით], ჩაითვალოს დამტკიცებულათ. უზენაესი სასამართლო იღებს რა მხედველობაში მის პროლეტარულ მდგომარეობას, თანახმათ ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 28-ე მ[უხლისა], მიესაჯოს მას სამი წ[ლით] თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით. ხოლო ამ სასჯელის მოხდიდან საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის 7 მარტის დადგენილების თანახმათ, განთავისუფლებულ იქნას;
11.ბრალდება ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწ[ილით] 59-ე მ[უხლებით], რომელზედაც ის ერთხელ უკვე იყო გასამართლებული საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ, უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს რა ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-3 მ[უხლით], ნ. ქარცივაძეს ამ საქმეზე სასამართლო პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს;
12.ბრალდება იაკობ საბას ძე ფანოზიშვილის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-16, 64 მ[უხლებით], რომელზედაც ის ერთხელ უკვე იყო გასამართლებული საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ, უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს რა სისხლის სამართლის კოდექსისი მე-3 მუხლით, ი. ფანოზიშვილის ამ საქმეზე სასამართლო პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს;
13.ბრალდება მიმართული: აპოლონ კომოთეს ძე ბახტაძის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ნაკაშიძის, ვლადიმერ ალექსის ძე ბერიძის, პართენ ივანეს ძე ხურციძის და გენადი მოსეს ძე ბელთაძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დამტკიცებულათ და თანახმათ ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 28-ე მ[უხლისა], მიესაჯოს თითეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, სასტიკი იზოლაციით, წინასწარი დაპატიმრების დროის ჩათვლით;
14.ბრალდება სიმონ გიორგის ძე ხოფერიას მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე, 16-ე, 64-ე მ[უხლებით], ჩაითვალოს დამტკიცებულათ და თანახმათ ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 28-ე მ[უხლისა], მიესაჯოს მას სამი წ[ლით] თავისუფლების აღკვეთა, სასტიკი იზოლაციით, წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;
15.ბრალდება გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწ[ილით] 59-ე მ[უხლებისა], ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს მას თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით, სასტიკი იზოლაციითა და წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;
16.ბრალდება მიმართული ივანე დავითის ძე ავალიშვილისა და ბიძინა გიორგის ძე პირველის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს თითეულ მათგანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, სასტიკი იზოლაციით და წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;
17.ბრალდება ნაპოლეონ ილიას ძე კახიანის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე მ[უხლით], ჩაითვალოს დამტკიცებულათ და მიესაჯოს მას თავისუფლების აღკვეთა რვა წლით, სასტიკი იზოლაციით და წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;
18.ბრალდება გრიგოლ დიმიტრის ძე ცინცაბაძის მიმართ, გათვალისწინებული ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] მე-60, 61-ე მ[უხლებით], ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს მას რვა წლით თავისუფლების ათკვეთა, სასტიკი იზოლაციით და წინასწარი დაპატიმრების ჩათვლით;
19.ბრალდება მიმართული კონსტანტინე ემანუილის ძე ანდრონიკაშვილის, იასონ ვლადიმერის ძე ჯავახიშვილის, გრიგოლ ევგენის ძე ჯინორიას, მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის და მიხეილ ნიკოლოზის ძე იშხნელის მიმართ, რომელთაგან პირველ ოთხს ბრალდებათ ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 58-ე, I ნაწ[ილით] 59-ე, მე-60, მე-16, 64-ე, 66-ე მ[უხლებით] გათვალისწინებული დანაშაული და უკანასკნელს ს[ისხლის] ს[ამართლის] კოდ[ექსის] 61-ე, მე-60, მე-16, 64-ე, 66-ე მ[უხლები], ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოთ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. უზენაესი სასამრთლო იღებს რა მხედველობაში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებას და, აგრეთვე, ზემოაღნიშნული ბრალდებულების სამსჯავრო სხდომაზე განცხადებას, რითაც ისინი მოუწოდებენ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, დაადგნენ მშვიდობიან გზას და საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ, ეკონომიურ და კულტურულ აღმშენებლობაში, სასჯელის უმაღლეს ზომას _ დახვრეტას _ ცვლის ათი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასტიკი იზოლაციითა და წინასწარი პატიმრობის ჩათვლით. განაჩენი საბოლოოა და არ შეიძლება გასაჩივრდეს.
ნივთები, დამამტკიცებელი საბუთები, გადაეცეს რევოლუციის მუზეუმს.
თავმჯდომარე გალაკტიონ ვაშაძე
წევრები: ვანო სტურუა,
ი. ცინცაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (II), ფონდი 14, აღწერა 2, საქმე 40, ფურცელი 766-779.
გრიგოლ ონიანი
გაგრძელება შემდეგ ნომერში