Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

სვანების აჯანყების გამომწვევი ჭეშმარიტი მიზეზები

სვანეთი

გაზეთის წინა ნომერში გაგაცანით სვანეთის 1924 წლის აჯანყების მთავარი ორგანიზატორის, ბიძინა პირველის, მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების დიდი ნაწილი. დღეს კი წარმოგიდგენთ ბიძინა პირველის საბოლოო სიტყვას, აგრეთვე, აჯანყების მეორე მეთაურის, ეგნატე გაბლიანის, ჩვენებას 1925 წლის 16 ივლისის სასასამართლო სხდომაზე.


დადიანი (დამცველი): _ თქვენ მოახსენეთ სასამართლოს, რომ ტფილისში წინადადება გადაეცით ამხანაგებს, რომ დავალებული გაქვთ აჯანყება და ზოგი მათგანი წინააღმდეგი იყო?

პირველი: _ მე ეს აზრი გავუზიარე გაბლიანსაც და ისიც არ მოემხრო, გვითხრა, რომ გადატრიალება არ მოხდება, ეს მხოლოდ მსხვერპლს მოითხოვსო.

დადიანი: _ ვინ გითხრათ ეს, ეგნატე გაბლიანმა?

პირველი: _ დიახ.

დადიანი: _ იყო თუ არა სვანეთში წინათაც შესაძლებლობა, რომ ხალხი გამოსვლას აპირებდა და გაბლიანი იყო ამის წინააღმდეგი?

პირველი: _ დიახ, იყო. ჩვენ მუდამ გვიწევდა იმ მხრივ მუშაობა, რომ ხალხი შეგვეჩერებინა. ამას იქაური აღმასკომის თავმჯდომარე დაამტკიცებს, რომ ჩვენ ვმუშაობდით, რათა ხალხს რამე სეპარატიული გამოსვლები არ ეწარმოებია.

დადიანი: _ რად უნდა გამოსულიყო ხალხი, პროპაგანდას ეწეოდნენ თუ რა მიზეზი იყო?

პირველი: _ საზოგადო მდგომარეობა ასეთი იყო. გეცოდინებათ, რომ სვანები არასდროს დაივიწყებენ, თუ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა. 1876 წელს რუსის ჯარმა გაანადგურა სვანეთი და ერთ სოფელში წითელი მიწის მეტი არაფერი დატოვა. სვანეთში დარჩენილი იყო შურისძიების ინსტიქტი იმ ნაციის წინააღმდეგ, რომელმაც ასე დაიმსახურა მხეცური ნაბიჯები. ამის გამო რუსეთისადმი სიმპათია არ იყო სვანეთში. როდესაც საქართველოს ოკუპაცია მოხდა, ჩვენ ვხედავთ სვანეთში სურვილს. 21 წელში ცდა იყო, რომ რუსის ჯარი, რომელსაც სვანები ვერ ეთვისებოდნენ, არ შემოსულიყო. ამნაირად, მთავარი იყო რუსის ჯარის სიძულვილი, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენ რუსოფილურ პოლიტიკას. შემოიღეს წარმოება რუსულ ენაზე. სვანებში ეწეოდნენ აგიტაციას, რომ ჩვენ ქართველები არ ვართ და ჩრდილო კავკასიის საშუალებით უნდა დავიკავოთ კავშირი რუსეთთან.

დადიანი: _ ლაფანის მთაზე სანამ დაიწყებოდა აქტიური შეტევა, გაბლიანმა გააფრთხილა თუ არა ხალხი?

პირველი: _ საზოგადოდ, ჩვენ ასეთი პოლიტიკის ვიყავით, რომ, თუ რომელიმე პირი თავისი ნებითა და სურვილით არ გამოგყვებოდა, ჩვენს წრეში ვერ ჩაებმოდა. ეგნატე გაბლიანმა უთხრა: იცოდეთ, ამ ჩვენ ცდას შეიძლება მოჰყვეს დამარცხება, შემდეგ განადგურებაც და ამიტომ, ვისაც არ გაქვთ სურვილი, არ გამოხვიდეთო. მეც ვუთხარი ეს, მაგრამ ხალხმა გვითხრა: ჩვენ ეს ვიცით, ამას ვზომავთო.

დადიანი: _ წერილის შესახებ, რომელიც გაბლიანმა გამოგიგზავნათ, რა გახსოვთ?

პირველი: _ ეს ის წერილია, რომელშიც გაბლიანი მწერდა: ცნობა არის და საჩქაროდ ჩამოდიო. მე ჩავედი ბეჩოში, ტყეში ვინახულე გაბლიანი და გავეცანი ცნობას.

დადიანი: _ ის წერილი ვინ გადმოგცათ თქვენ, გაბლიანმა გადმოგცათ?

პირველი: _ არა, ხებლიანმა გადმომცა ის წერილი.

დადიანი: _ თუ იცით, რატომ არის აქ ნათქვამი, რომ 26 აგვისტოს გაბლიანმა გაუგზავნა პირველს წერილი, ეს შეცდომაა?

პირველი: _ დიახ, ეს შეცდომაა…

ჯავახიშვილი (ბრალდებული): _ რამდენჯერ მოხდა სვანეთში აჯანყება?

თავმჯდომარე: _ ჩვენ ვარჩევთ ამ აჯანყებას.

ჯავახიშვილი: _ მე მხოლოდ მინდა გამოვარკვიო, რომ ჩვენ იქ არავითარ მონაწილეობას არ ვიღებდით.

ღვამიჩავა (დამცველი): _ იცით თუ არა, რომ 1924 წელს ხდებოდა ლიკვიდაცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის?

პირველი: _ დიახ, ვიცი.

ღვამიჩავა: _ ეთანხმებით თუ არა იმ დეკლარაციას, რომელიც ახალგაზრდებმა გამოაქვეყნეს?

პირველი: _ დიახ, ამას ადასტურებს ის მდგომარეობა, რომ მე თვითონ გამოვცხადდი, თორემ მე შემეძლო ტყეში წავსულიყავი და ძვირად დაუჯენდი თავს მტრებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (II), ფონდი 1, აღწერა 2, საქმე 377, ტომი 3, ფურცელი 19-40.

დოკუმენტი #19

ეგნატე გაბლიანის დაკითხვა

1925 წლის 16 ივლისის სხდომა

თავმჯდომარე: _ რომელ მუხლში ცნობთ თავს დამნაშავედ?

გაბლიანი: _ მე ვცნობ თავს დამნაშავედ მხოლოდ მე-2 მუხლში, დანარჩენში უდანაშაულოდ ვცნობ თავს.

თავმჯდომარე: _ ჩვენება როდის გინდათ?

გაბლიანი: _ ჩემთვის სულერთია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (II), ფონდი 14, აღწერა 2, საქმე 375, ტომი 1, ფურცელი 71.

დოკუმენტი #20

ეგნატე გაბლიანის დაკითხვა

1925 წლის 23 ივლისის სხდომა

თავმჯდომარე: _ ბრალდებულო გაბლიანო, რამდენი წლის ხართ?

გაბლიანი: _ 40 წლის.

თავმჯდომარე: _ სოციალური მდგომარეობა?

გაბლიანი: _ გლეხი.

თავმჯდომარე: _ ოჯახური მდგომარეობა?

გაბლიანი: _ ცოლ-შვილიანი.

თავმჯდომარე: _ ქონებრივი?

გაბლიანი: _ არაფერი არ მაქვს.

თავმჯდომარე: _ ხელობა?

გაბლიანი: _ პროფესიით მასწავლებელი.

თავმჯდომარე: _ განათლება?

გაბლიანი: _ საშუალო.

თავმჯდომარე: _ რომელ პარტიას ეკუთვნით?

გაბლიანი: _ სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიას ვეკუთვნოდი.

თავმჯდომარე: _ პასუხისგებაში იყავით?

გაბლიანი: _ ვიყავი.

თავმჯდომარე: _ რა საქმეზე?

გაბლიანი: _ 1910-ში იყო ჩემი წერილი მოთავსებული გაზეთ “ფონის~ #16-ში, რომელიც იყო მიმართული მეფის წინააღმდეგ, გამოდიოდა გრიგოლ გიორგაძის რედაქტორობით.

თავმჯდომარე: _ რომელი წლიდან ითვლებოდით სოციალისტფედერალისტულ პარტიაში?

გაბლიანი: _ 1915 წლიდან.

თავმჯდომარე: _ მუდამ სვანეთში ცხოვრობდით?

გაბლიანი: _ სულ მუდამ.

თავმჯდომარე: _ პარტიულ მუშაობას ეწეოდით?

გაბლიანი: _ ვეწეოდი 1920 წლამდე.

თავმჯდომარე: _ რა კავშირი გქონდა პარტიასთან გამოსვლების წინ?

გაბლიანი: _ არავითარი კავშირი არ მქონია 1920 წლიდან.

თავმჯდომარე: _ რანაირად იყავით დაკავშირებული ცენტრთან?

გაბლიანი: _ კვირიკობის თვეში იყო თბილისში ბრალდებული პირველი. როგორც მისი ჩვენებიდან ჩანს, მას აქ ჰქონია მოლაპარაკება პარიტეტული კომიტეტის წევრთან. როცა ის სვანეთში დაბრუნდა, მიამბო, რომ აჯანყება ეწყობა საქართველოშიო და მე, როგორც მას აქვს ნაჩვენები წინასწარი გამოძიების დროს, ვუთხარი, რომ ამაზე მუშაობას თავი დაანებე, რადგანაც ერის გაბედნიერებას არ გამოველითთქო.

თავმჯდომარე: _ გამოსვლების დროს რას აკეთებდით?

გაბლიანი: _ გამოსვლების დროს, 26 მარიობისთვეს, მივიღე წერილი ბეჩოდან. მე მწერდა, რომ ტფილისში არის მიღებული ცნობა და სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. მეორე წერილი იყო ბიძინას სახელზე. სხვათა შორის, მე ვარ ბეჩოდან დაშორებული 25 ვერსის მანძილზე, ბიძინა – 40 ვერსის მანძილზე. წერილის შინაარსი იყო ისეთი, რომ ჩვენ უნდა ჩავსულიყავით 27-ში საღამოს ბეჩოში. იქ არის მოთავსებული მთელი მთავრობის დაწესებულებები. წერილში არ იყო ცნობა აჯანყების შესახებ. წავედი კიდევაც და მე და ბიძინა შევხვდით ერთიმეორეს 7-8 ვერსის მანძილზე ლატანის საზოგადოებასთან. აქ მე შევჩერდი. ბრალდებული პირველი შევიდა ბეჩოში და, როდესაც გაეცნო პარიტეტული კომიტეტიდან მოსულ ცნობას, თქვა: საქმე ასე არისო. ცნობა არის ასეთი და ჩვენ მოვალენი ვართ, გამოვიდეთ და წავიდეთ ლეჩხუმისკენ. იმ საღამოს ლატანიდან გავემგზავრეთ ბეჩოში. 3 ვერსის მანძილზე რომ ვიყავით, მოგვესმა საშინელი სროლა და ნგრევა. რომ მოვუახლოვდით გზას, იქ დაგვიხვდა ჩასაფრებული ადგილობრივი მილიცია. წინდაწინ გაეგოთ, რომ მივდიოდით, ალბათ, ბეჩოში გავრცელებული ხმა აჯანყების შესახებ ადმინისტრაციას გაეგო, ეშინოდა და გზაზე დაგვიხვდა. აგვიტეხეს სროლა, მაგრამ მალე ავყარეთ იარაღი დ გავუშვით ისე, რომ არავინ დაგვიტუსაღებია. შევედით ბეჩოში. სხვათა შორის, სადადეშქელიანოს სვანეთში მუშაობა ქონდათ ჩაბარებული, თავისუფალი სვანეთი ჩვენ გვქონდა _ მე და ბრალდებულ პირველს. სანამ ჩვენ იქ ჩავიდოდით, გამოსულა ხალხი და ადგილობრივი ადმინისტრაცია დამორჩილებული ჰყავდათ. ჩვენ შევეცადეთ, რომ უწესობას ადგილი არ ჰქონოდა, ვინმე არ დახვრეტილიყო, ვინაიდან ბევრი იყო უკმაყოფილო ადმინისტრაციით. გვეშინოდა, რომ რამე არ მომხდარიყო. ჩვენ შევეცადეთ, წასულიყვნენ ისინი, გავუშვით თვითონ. მე ვუთხარი ხალხს, უცვლელად მოგახსენებთ: მართალია, საქართველოში აჯანყება ეწყობა, მაგრამ დაუკვირდით თქვენ საქმეს, მოსალოდნელია აჯანყება დამარცხდეს, შედეგები აუცილებლად ცუდი მოჰყვება და თქვენ საქმეს დაუკვირდით. ამრიგად გავაფრთხილე, მაგრამ უნდა ითქვას სიმართლე, ისეთი მდგომარეობა დავინახე, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო, არ ჩავდგომოდი სათავეში და ხელმძღვანელობა არ გაგვეწია. ბეჩოს ლიკვიდაციის შემდეგ მოიყარა თავი რამდენიმე ასეულმა ხალხმა. როცა ლიტვარის საზღვარზე მივედით, იქ გავაჩერე ხალხი და ვუთხარი: აჯანყება არის, მართალია, მაგრამ შეიძლება აჯანყება დამარცხდეს. არ ვიყავი ისე უგუნური, რომ ეს არ გამეთვალისწინებინა, შესაძლებელი არის მძიმე რეპრესიები და დაუფიქრდით ამ საქმეს-მეთქი. მინდოდა, საქმე შემეჩერებინა. მე წინათაც ვყოფილვარ წინააღმდეგი სვანეთში ხალხის გამოსვლებისა. ამის მაგალითად 21 წლის აპრილში სვანეთის აღმასკომის თავმჯდომარემ მოხსენება გაუკეთა ცენტრალურ კომიტეტს, საგანგებო კომისიას და სახალხო კომისართა საბჭოს, სადაც აღნიშნავდა, ასეთ მდგომარეობაშია სვანეთიო. ადგილობრივი ინტელიგენცია ძლიერი არა ჰყავსო, გარეშე შემოსული ძალები ალღოს ვერ უღებენ ხალხსო. ამ მხრით ყურადღება მისაქცევია ეგნატე გაბლიანიო, რომელიც მომზადებულია და რომელსაც ცხოვრებაში არავითარი შავი წერტილი არ აქვს, გარდა აგვისტოს გამოსვლებისაო. მაგრამ, როგორც იკვლევა მოწმეების ჩვენებიდანო, მას წინადაც ხშირად გაუფრთხილებია ხალხი და ახლაც გაუფრთხილებია და სიკვიდილისგან ბევრი გადაურჩენიაო. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მე მყავდა ზოგიერთი შეურიგებელი პიროვნებაც, რომლებიც წერდნენ ჩემ შესახებ, მგონი, ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ კომისიას და მე ვთხოვ სასამართლოს, მოითხოვოს ეს წერილი და გავეცნოთ, რა წერია შიგ. არის კიდევ მესამე წერილი, სადაც მწერენ, რომ თქვენ არავითარი მთავრობის მოპირდაპირე არ ხართ, მაგრამ ჩემი პირადი მოწინააღმდეგე ხართ და ამიტომ ხართ ამ მდგომარეობაშიო. ამ წერილებს ყურადღება უნდა მიექცეს. მე ხალხი რომ გავაჩერე, დავითვალე, რამდენი მოდის, გავაფრთხილე ხელახლა და ვუთხარი: ჩვენ შეგნებულად მივდივართ ამ საქმეზე, თქვენ ეგებ შეუგნებლად მოგვყვებით და, თუ გული არ გერჩით, დაუკვირდით ამ საქმეს კარგად და, თუ არ მოგწონთ, უკან დაბრუნდითო! ხალხმა თავისი არ დაიშალა და წამოვიდა. ქვემო სვანეთში საქმე უკვე გათავებული იყო. იქ ერთი თუ ორი სვანი იყო, რომლის მეოხებით დაეტუსაღებინათ ადგილობრივი ხელისუფლება და იარაღი ხელში ჩაეგდოთ. ძალაუფლება ხელში ჩავიგდეთ, დაგვხვდა ამბავი, _ ბათომი, ქუთაისი, ჭიათურა, თბილისი ჩვენს ხელშიაო. წამოვედით და გზადაგზა შეტაკება მოგვიხდა კომუნარებთან. ჩაგვივარდა ხელში 23 კაცი და უნდა ითქვას, რომ მე და ბიძინამ გადავარჩინეთ ისინი, თორემ იყო მდგომარეობა, რომ ცოცხალი არ იქნებოდნენ. მე, პირადად, კმაყოფილი ვარ, რომ გავერიე ამ აჯანყებაში. ხუთი დღის განმავლობაში ცაგერი ჩემს ხელში იყო. მთელი სიმაგრეები ჩვენ დავიკავეთ, მაგრამ ამ დროს მოგვივიდა ცნობა, რომ არაფერი იმის მსგავსი, რაც გვესმოდა, არ არის. ეს ყველაფერი ტყუილია. ამის შემდეგ ვიბრუნეთ პირი და წავედით სვანეთისკენ. სვანეთში შემოდის წითელი ჯარი ამავე დროს. ჩვენ მივმართეთ ჩვენს ჯარს: წადით, დაიშალენით, ერთი თოფი არ გავარდეს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, სვანეთში არც ისე ადვილი იყო შემოსვლა. არათუ ერთი კვირის განმავლობაში, ერთ თვეშიდაც სვანეთს ვერ აიღებდნენ. ამის შემდეგ ჯარი შემოვიდა, მაგრამ არაფერი ცუდი არ ჩაუდენია, გარდა რამდენიმე სახლის აფეთქებისა. ააფეთქეს ჩემი სახლიც. დაიჭირეს რამდენიმე სვანი, რომლებიც დახვრიტეს. მე კი ტყეში გავედი და, როდესაც ჩეკისტი მოვიდა, რწმუნებული, შეგვირიგდიო, _ გამოვცხადდი და წამოვედი ტფილისში. აქ ამნისტია გამოიცა, რის შემდეგ სამსახური მომცეს. ვარ ტფილისში და ვცხოვრობ.

თავმჯდომარე: _ თქვენ გაეცანით ტფილისიდან მოსული წერილის შინაარსს?

გაბლიანი: _ გავეცანი.

თავმჯდომარე: _ ვისგან იყო ეს წერილი?

გაბლიანი: _ პარიტეტული კომიტეტისგან.

თავმჯდომარე: _ ვინ აწერდა ხელს?

გაბლიანი: _ უნდა ყოფილიყო ანდრონიკაშვილი.

თავმჯდომარე: _ უნდა კი არა, ვინ აწერდა?

გაბლიანი: _ ანდრონიკაშვილი. გვარი არ ყოფილა, ფსევდონიმი იყო.

თავმჯდომარე: _ გარდა იმისა, რომ წერილით გატყობინებდნენ, ამ დროისთვის არის აჯანყებაო, სხვა არაფერი ეწერა?

გაბლიანი: _ სხვა არაფერი.

თავმჯდომარე: _ აი, ასეთ მაგალითს ადგილი არ ჰქონია, აჯანყება დანიშნულია ამ და ამ რიცხვში, გამოდით, ევროპა დაგვეხმარება?

გაბლიანი: _ წერილში არ ყოფილა ნათქვამი, ისე კი იყო იმედები, რომ ევროპა ჩაერეოდა დიპლომატიურად.

სტურუა (მსაჯული): _ ბრალდებულო გაბლიანი! თქვენ თქვით, რომ, როდესაც ბეჩოს მოახლოვდით, იქ ჩასაფრებულმა მილიციონერებმა სროლა აგიტეხეს და თქვენ ისინი განაიარაღეთ. თუ გახსოვთ, რამდენი იყავით თქვენ და რამდენი _ ისინი?

გაბლიანი: _ ჩვენ ვიყავით 30 კაცი. ისინი რამდენი იყვნენ, დანამდვილებით არ ვიცი, ზოგი გაიქცა. ჩვენ ჩაგვივარდა ხელში 15 კაცი.

სტურუა: _ ვინ იყვნენ ისინი, მილიციონერები?

გაბლიანი: _ მილიციონერები, კომუნისტები, კომსომოლისტები და სხვა ამნაირი.

სტურუა: _ დასაწყისში თქვით, რომ ბრალდებული პირველი და თქვენ უნდა ჩასულიყავით ბეჩოში. რაზმით მიდიოდით?

გაბლიანი: _ იქიდან დიდი რაზმი არ გვჭიროდა. სრულიად საკმარისი იყო ეს 30 კაცი, იმიტომ, რომ სადადეშქელიანო სვანეთში იქაური ძალა სრულიად საკმარისი იყო.

ოკუჯავა (მსაჯული): _ 1921 წელში სვანეთში რომ ამბები მოხდა მაშინ თქვენ სად ცხოვრობდით?

გაბლიანი: _ ქუთაისში.

ოკუჯავა: _ რაიმე კავშირი მაშინ სვანეთთან გქონდათ თუ არა?

გაბლიანი: _ არავითარი კავშირი არ გვქონია. მე გადმოვედი იქიდან 1921 წლის 7 აპრილს და სვანეთის აჯანყება მოხდა… ამ ხნის განმავლობაში მე სრულიად არ ვყოფილვარ სვანეთში.

ოკუჯავა: _ პარტიასთან რაიმე კავშირი გქონდათ თუ არა?

გაბლიანი: _ არავითარი კავშირი არ მქონია.

ოკუჯავა: _ აი სწორედ იმ დროს ან პარტიასთან, ან სვანეთთან არავითარი კავშირი არ გქონიათ?

გაბლიანი: _ სვანეთში მე არ ვიყავი, ჰქონდათ რაიმე კავშირი თუ არა, არ ვიცოდი, არც შემეძლო მცოდნოდა. ვინაიდან არავითარი კავშირი არ მქონდა.

ოკუჯავა: _ შემდეგი კითხვა: როდესაც სვანეთში 1921 წელს იყო აჯანყება, თქვენ ქუთაისში იყავით. იმ დროს თქვენ მიიღეთ თუ არა რაიმე წინადადება ან პარტიისგან, ან ვინმე პირისგან?

გაბლიანი: _ აჯანყება რომ მოხდა სვანეთში, მოგახსენეთ, რომ არავითარი კავშირი არ მქონია. აჯანყების შემდეგ პარტიამ დაიკავა რაიმე კავშირი თუ არა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ქუთაისში ვცხოვრობდი. მართალია, ჩემთან ერთხელ მოვიდა თედორე ასათიანი, რომელიც დახვრეტილია, მაცნობა, სვანეთში აჯანყება არის, ასეთი მდგომარეობა არისო. სხვათა შორის, მითხრა, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ წახვალ იქ და სათავეში ჩაუდგები საქმეს და ხალხი სულიერად არ დაეცემაო.

ოკუჯავა: _ ეს გითხრათ, როგორც პარტიის სურვილი თუ, კერძოდ, თავისი?

გაბლიანი: _ არ ვიცი.

დადიანი (დამცველი): _ მე ვერ გავიგე თქვენი პასუხი. თავმჯდომარე შეგეკითხათ, თქვენ რა პარტიას ეკუთვნით ახლაო?

გაბლიანი: _ ახლა არაფერ პარტიას.

დადიანი: _ რომელი წლიდან ხართ პარტიის გარეშე?

გაბლიანი: _ ოცი წლიდან.

დადიანი: _ სვანეთში როდის წადით, დატუსაღების შემდეგ?

გაბლიანი: _ 22 წლის მაისში.

დადიანი: _ თქვენ რომ ჩახვედით იქ, აჯანყება დასრულებული იყო?

გაბლიანი: _ დიახ.

დადიანი: _ აი, იმ ხნიდან პარტიას ქუთაისთან კავშირი ჰქონდა თუ არა?

გაბლიანი: _ არავითარი.

ღვამიჩავა (დამცველი): _ თქვენ მოახსენეთ სასამართლოს, რომ საგანგებო კომისიის რწმუნებული ჩამოვიდა სვანეთშიო და მას გამოვეცხადეო. ბიძინა პირველი სად დარჩა მაშინ?

გაბლიანი: _ პირველად რომ ჩამოვიდა საგანგებო კომისიის რწმუნებული, მას წამოყვა ბიძინა. მთელი სვანეთი გამოიარა და, ვინც იყო წაკიდებული და იარაღით გასული, შეარიგა. მე მაშინ შორს ვიყავი, ტყეში.

ოკუჯავა (მსაჯული): _ თქვენ გაქვთ ჩვენებაში, რომ, როცა ავიღეთ ცაგერის ციხე და ჩავედით ლურს, მაშინ გავიგეთ, რომ ეს პროვოკაცია იყოო, ტფილისი და ბათუმი არ იყო აღებული, საიდან გქონდათ ეს ცნობა?

გაბლიანი: _ იყო ასეთი ხმები ქვემო სვანეთში. ქვემო სვანეთში დაგვხვდა ვიღაც, ვინც იქ საქმის სათავეში იდგა და, როცა აქედან წავედით და ლეჩხუმს მივადექით, იქ შევიტყვეთ, რომ ეს იყო პროვოკაცია.

თავმჯდომარე: _ ბრალდებულო გაბლიანო! ჩემს შეკითხვაზე, რომელი წლიდან იყავით სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი, თქვენ უჩვენეთ, 20 წლიდანო. როცა დამცველი დადიანი შეგეკითხათ, რომელ პარტიაში იმყოფებოდითო, თქვენ მას უჩვენეთ, არც ერთ პარტიაშიო.

გაბლიანი: _ მე ვუპასუხე, რომ ამჟამად არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, 21 წლამდე კი ვეკუთვნოდი ამ პარტიას.

დადიანი (დამცველი): _ როგორც მახსოვს, გაბლიანმა გიპასუხათ, რომ პარტიაში ირიცხებოდა 15 წლიდან 20 წლამდე.

ღვამიჩავა (დამცველი): _ ბიძინა პირველს, დიდი ხანია, იცნობთ?

გაბლიანი: _ დიახ, დიდი ხანია.

ღვამიჩავა: _ როგორ უყურებენ პირველს სვანები?

გაბლიანი: _ ნდობით.

თავმჯდომარე: _ დაბრძანდით /გაბლიანი ჯდება/.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (II), ფონდი 14, აღწერა 2, საქმე 377, ტომი 3, ფურცელი 7-19.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here