Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

სვანების აჯანყების გამომწვევი ჭეშმარიტი მიზეზები

ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილენი

საბჭოთა ხელისუფლებამ 1922 წლის 12-13 აპრილს, მოლაპარაკების შემდეგ, ქვემო სვანებთან შეთანხმებას მიაღწია და გაათავისუფლა 1921 წლის აჯანყებაში მონაწილე ყველა პირი და მათთან ერთად აჯანყების ორგანიზატორები, მეთაურები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ხნის განმავლობაში გაუქმებული ჰქონდათ ხელისუფლება. მაგრამ შეწყალებულმა და გათავისუფლებულმა მეამბოხეებმა ფარულად განაგრძეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც 1924 წლის ბოლომდე გაგრძელდა.

უფრო ნათელი რომ იყოს, რა დონეზე მზადდებოდა და ყალიბდებოდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის გეგმა, გავეცნოთ სვანეთის 1924 წლის აჯანყების მთავარი ორგანიზატორის _ ბიძინა პირველის _ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების სტენოგრაფიულ ჩანაწერს და მის საბოლოო სიტყვას, რომელიც წარმოთქვა 1925 წლის 1 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

შემდეგ გაგაცნობთ აჯანყების მეორე მეთაურის, ეგნატე გაბლიანის, ჩვენების სტენოგრაფიულ ჩანაწერს 1925 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომაზე.

დოკუმენტი #18

ბიძინა პირველის დაკითხვა

1925 წლის 23 ივლისის დილის სხდომა

თავმჯდომარე: _ ბრალდებულო პირველო /პირველი ადგა/, რამდენი წლის ხართ?

პირველი: _ 22 წლის.

თავმჯდომარე: _თქვენი სოციალური მდგომარეობა?

პირველი: _ გლეხი ვარ.

თავმჯდომარე: _ ქონება გაქვთ რამე?

პირველი: _ არავითარი.

თავმჯდომარე: _ ოჯახური მდგომარეობა?

პირველი: _ უცოლო.

თავმჯდომარე: _ რა ხელობა გაქვთ?

პირველი: _ ინტელიგენტი, საშუალო განათლების.

თავმჯდომარე: _ რომელ პარტიას ეკუთვნოდით და რა დრომდე?

პირველი: საქართველოს [ეროვნულ]-დემოკრატიულ პარტიას 22 წლის ოქტომბრამდე. იმის შემდეგ არავითარ მუშაობას არ ვეწეოდი.

თავმჯდომარე: _ 22 წლის ოქტომბრის შემდეგ?

პირველი: _ შემდეგ არა.

თავმჯდომარე: _ პოლიტიკური რწმენა?

პირველი: _ ჩემი ერის თავისუფლება.

თავმჯდომარე: _ პასუხისმგებაში ყოფილხართ?

პირველი: _ არასოდეს.

თავმჯდომარე: _ თქვენ სვანეთში მუდამ ცხოვრობდით თუ ხანდახან?

პირველი: _ მე დავამთავრე ქუთაისის პირველი გიმნაზია 21 წელში, როცა მოხდა საქართველოს გასაბჭოება. გასაბჭოების პირველ ხანებშივე გავემგზავრე სვანეთში იმ შთაბეჭდილებით, რომ მოხდა ოკუპაცია და საქართველო ძალით იქნა დაპყრობილი. მაგრამ მე ვიგრძენი, რომ, რაკი ამ ძალის წინააღმდეგ ვერ შეძლო გამკლავება მთავრობამ, რომლის ხელში იყო სახელმწიფო აპარატი, მაშინ ჩვენ რა ძალას წარმოვადგენდით. ამიტომ იქ ჩასვლისთანავე მიზნად დავისახე, ჩემი კუთხისთვის მომეტანა სარგებლობა კულტურულ და ეკონომიკურ ფრონტზე. მე განვუცხადე ჩემი სურვილი მაშინდელ რევკომს და მან მიმიწვია, ჩავბმულიყავი კულტურულ მუშაობაში. ასეთი იყო იმ დროს თეატრის დაარსება…

თავმჯდომარე: _ თეატრის დაარსებაზე არ გეკითხებით. სასამართლო გეკითხებათ, აჯანყებაში რა მონაწილეობა მიიღეთ, როგორ აწყობდით ამ აჯანყებას?

პირველი: _ მე მოგახსენებთ, ვიყავი სვანეთში 21 წლიდან. მე მინდა მოგცეთ ის სურათი, რომელმაც გამოიწვია სვანეთის ხალხის მიერ ნაბიჯების გადადგმა აჯანყებისკენ. იქ იყო გამოგზავნილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლად სვანები. ცენტრიდან რწმუნებულად იყვნენ: სომეხი ვარზანოვი და ერთი ურია, რომლებიც…

თავმჯდომარე: _ თქვენ გექნებათ შემდეგ საშუალება და უფლება, ფართოდ დაახასიათოთ თქვენი თავი და სვანეთის მდგომარეობა. ამჟამად სასამართლოს აინტერესებს ფაქტიური მხარე ამ საქმის. ამიტომ გეკითხებით, რანაირად ეწყობოდა შეიარაღებული აჯანყება, რანაირი იყო თქვენი დამოკიდებულება ამ აჯანყებისადმი? ამასთანავე, ვიმეორებ კიდევ, რომ თქვენ გექნებათ უფლება, ვრცლათ ილაპარაკოთ შემდეგ.

პირველი: _ შეიარაღებული აჯანყება ციდან არ ჩამოვარდნილა. მე მინდა დავასურათო, რა პირობებმა გამოიწვია ეს აჯანყება.

თავმჯდომარე: _ მე კიდევ ვიმეორებ, რომ თქვენი დაკითხვაც იმ წესით უნდა ჩატარდეს, როგორც სხვების. გამონაკლისი არ უნდა იქნას დაშვებული. ამიტომ გეკითხებით, საიდან გაიგეთ თქვენ, რომ აჯანყება იწყებოდა?

პირველი: _ რომელ წელში?

თავმჯდომარე: _ აი, უკანასკნელი აჯანყების შესახებ.

პირველი: _ 1924 წლის ზაფხულში მე ჩამოვედი ტფილისში. აქ ვნახე კომიტეტის წევრი, რომელმაც გადმომცა, რომ საქართველოში მზადდებოდა საერთო აჯანყება. მათ მომცეს დასტური, ჩვენ მხოლოდ ჩვენ ძალებს ვეყრდნობით და იმედი გვაქვს მხოლოდ ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი მთლიანად მიიღებს მონაწილეობას გამოსვლაშიო. შემდეგ მე შევეკითხე: როგორ უყურებს ჩვენ საკითხს ევროპა? მათ მითხრეს, რომ ევროპაში დიდი თანაგრძნობა გვაქვს, დიდ მუშაობას აწარმოებენ ჩვენები მეორე ინტერნაციონალში და, საერთოდ, მუშათა წრეებში. აგრეთვე, მითხრეს, რომ, თუ ჩვენ შევძლებდით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაშინ ევროპა გვპირდება, პირველ ხანებში დიპლომატიურ დახმარებას და შემდეგ ყოველგვარ დახმარებას, რათა ჩვენი ერი გავათავისუფლოთ. აი, ასეთი ცნობები და დირექტივები მივიღე. მე დავეთანხმე, გამოსვლებში მიმეღო მონაწილეობა და ამის შემდეგ წავედი ზემო სვანეთში. გადავეცი ეს ამბავი ადგილობრივ ამხანაგებს, რომლებიც მუშაობდნენ. ზოგმა უარი სთქვა, ზოგმა უარყოფითად შეხედა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გამოვედი. როგორ გავატარეთ მუშაობა აჯანყების მოსამზადებლად წინდაწინ? ამის შესახებ მოგახსენებთ, რომ არავითარი მუშაობა ჩვენ არ გვჭიროდა, ხალხი სტიქიურად ისე იყო განწყობილი, რომ წინასწარი მუშაობა ზედმეტი იყო. ამისათვის, როდესაც მივიღეთ უკანასკნელად ამბები, რომ საქართველოში დანიშნულია 28-29 აგვისტოს საერთო გამოსვლები, ჩვენ გამოვედით. ეს წერილი მე მივიღე ბეჩოდან. ამის შემდეგ წავედი ბეჩოსკენ და… მთაზე დამხვდა ბრალდებული გაბლიანი. ჩავედი ბეჩოში, გავეცანი საბუთებს, რომელიც იყო მოსული ტფილისიდან, და მეორე დღესვე, დილით უკვე ავიღეთ სვანეთის აღმასკომი, ადმინისტრაცია და სხვა დაწესებულებანი. აქ ჩვენ რამდენიმე ხანი შევყევით ადგილობრივი საქმეების მოწესრიგებას, შევქმენით ერთგვარი აპარატი, რომ არ ჰქონოდა ადგილი რაიმე ექსცესებს, შევქმენით ისეთი წესი, რასაც მოითხოვს ლეგალური… შევქმენით შტაბი ერთგვარი. არჩევნები თითონ ხალხმა მოახდინა. მე დამნიშნეს გამოსვლების ხელმძღვანელად. 3 სექტემბერს გადავედით ქვემო სვანეთში. იქაც ასეთი სურათი დაგვხვდა. ხალხი იქაც ისე სტიქიურად იყო განწყობილი. იქაც მოხდა სწრაფი ლიკვიდაცია ადმინისტრაციის, ხელისუფლების. ჩვენ წავწიეთ წინ. მე თვითონ მივდიოდი წინ. ჩემთან ცოტა ძალა იყო, სულ 50 კაცი, დანარჩენი გავამგზავრეთწინ შეხვდნენ კომუნარები, ჩასაფრებული დახვდნენ, მაგრამ ვერ გაუძლეს ჩვენს იერიშს, გაიქცნენ და რამდენიმე კაცი ტყვედ ჩავიგდეთ. ნაწილი გაიქცა ცაგერის მიმარულებით. ჩვენ დავედევნეთ გზად. თანდათან ვხვდებოდით ზოგს გამოქცეულს, ზოგს _ გზააბნეულს. არავითარი ზომები მათ წინააღმდეგ არ ყოფილა მიღებული. ჩავედით ცაგერში, მაგრამ იქ ჩვენ გავიგეთ, რომ გადატრიალება არ არის, ჩაქრობილ იქნა აჯანყება. ჩვენ შემოვარტყით ალყა ცაგერს, დავიკავეთ სტრატეგიული ადგილები იმ მოსაზრებით, რომ, თუ შემთხვევა მოითხოვდა, წაგვეწია ქუთაისისკენ. აქ ერთი ხანი დავყავით, გვქონდა შეტაკება რუსის ჯართან და, როცა გავიგეთ, რომ არსაიდან გამოსავალი აღარ არის და აჯანყება ჩაქრა, სვანეთში დავბრუნდით იმ მოსაზრებით, რომ ვიცოდით, ქვემო სვანეთი გამაგრებული გვქონდა. მაგრამ მეორე ნაწილი სვანეთისა არ გვქონდა გამაგრებული და, თუ იქიდან ჯარი შემოგვესეოდა, ჩავრჩებოდით ტყვედ. ამ დროს მოხდა შეტაკება რუსის ჯარებთან. უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი სასტიკი იერიშით მოდიოდნენ, მაგრამ ვერაფერს გვაკლებდნენ. რუსის ჯარის ნაწილები გვივარდებოდა ხელში. ჩვენ იმათ განვაიარაღებდით და, თუ რომელიმე მათგანს ექიმობა ან სხვა რამე სჭირდებოდა, გვქონდა საამისოდ მშვენივრად მოწყობილი საექიმო პუნქტები და ვშველოდით. ამ დროს ზემო სვანეთიდანაც ჩამოვიდა ასორმოცდაათი კაცი. გადმოვიდნენ ჩვენთან სამეგრელოდან კალანდარაშვილი და ლაშკარი და გვითხრეს, რომ სამეგრელოში აჯანყება ჩაქრაო. ამასთანავე, მივიღე გაზეთები, რომ საქართველოში აჯანყება ჩაქრაო. წავიკითხეთ დეკლარაციაც საქართველოს პარიტეტულ კომიტეტის მიერ ხელმოწერილი და, რაკი დავინახეთ, რომ საბაბი აღარ ჰქონდა ჩვენ მოქმედებას, ავიწიეთ ზემო სვანეთში და იმ გზას დავადექით, რომ საჭიროა მოქმედება ახლა საკუთარი ქურქის შესანახადო. და ასეთი წერილები დავუგზავნეთ ყველა აქტიურ მონაწილეს, რომ რუსის ჯარს აღარავითარი წინააღმდეგობა აღარ გაუწიოთო! ჩვენ იარაღი ჩავაბარეთ, რაზმი დავშალეთ და მე ტყეში გავედი. სანამ ეს მოწერილობა მოუვიდოდათ ჩვენს აქტიურ მუშაკებს, რუსის ჯარს შემოსვლა დაეწყო. ხალხი სტიქიურად შეტაკებოდა მათ და 9 კაცი მოეკლათ. მაგრამ ჩემი წერილი მისვლოდათ და გადაეცათ იარაღი. ამის შემდეგ იწყება მოლაპარაკება ჩემსა და მთავრობას შუა. იქ გამოგზავნეს ერთი რწმუნებული საგანგებო კომისიისა. იმან მნახა მე და, რაკი აჯანყება ასე დამთავრდა, რაკი ამაში ჩემი აზრი გამტყუნდა, ახალ გზას დავადექი, შეუძლებელია ამ გზით სიარული. მე დავრწმუნდი, რომ ის ბრძოლა, რომელსაც მთელი ენერგიით, მთელი სიცოცხლით ვქმნიდი ოთხი წლის განმავლობაში, არ არის სწორი და ვგრძნობდი, თუ განვაგრძობდით, მეტ ზიანს მოვუტანდით ქვეყანას. ამიტომ ავირჩიე თანამშრომლობა საბჭოთა ხელისუფლებასთან ერის კულტურული და ეკონომიური აღმშენებლობისათვის. მე დავთანხმდი ამაზე და, როცა გამოვიდა საგანგებო კომისიის რწმუნებული, მასთან გამოვცხადდი. მან მითხრა, თუ გულწრფელად აღიარებთ ყველაფერს, მთავრობა გაპატიებსო, გამოცხადდით მთავრობაშიო. მე ვთქვი, რომ ეს არის ჩემი გზა და გეუბნებით, რომ ამიერიდან თქვენ წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელს ვიღებ, მოვდივარ თქვენთან. ამ დროს იყო ნაწილი ჯგუფების, რომელიც ცუდს მოელოდნენ კერძო ინტერესების გამო რევკომის თავმჯდომარისგან და პასუხისმგებელი პირებისგან და ამიტომ ისინი იყვნენ გასული ტყეში და, როდესაც მე მომიხდა ჩამოვლა, ჩამოვიყვანე ტყეში გასულები, მათ იარაღი ჩააბარეს მთავრობას. მთავრობასთან შევარიგე ისინი. მთავრობამ აპატია მათ. მე კი საგანგებო რწმუნებულთან ერთად წამოვედი ტფილისში. იმის შემდეგ მე ვთანამშრომლობ საბჭოთა მთავრობასთან და დღეს საბრალდებო სკამზე ვზივარ.

თავმჯდომარე: _ თქვენ იყავით სვანეთისა და ლეჩხუმის სარდალი, ვინ დაგნიშნათ?

პირველი: _ ხალხმა ამირჩია.

თავმჯდომარე: _ სად, რანაირ პირობებში?

პირველი: _ როდესაც მოხდა აჯანყება სვანეთში, სვანეთის ხალხმა აირჩია ხელმძღვანელად ის, ვისაც ენდობოდა.

თავმჯდომარე: _ სვანეთისა და ლეჩხუმის ხალხმა?

პირველი: _ სვანეთში, როდესაც აჯანყება მოხდა, მოიყარა თავი ხალხმა, მეც იქ ვიყავი და ხალხმა ამირჩია ხელმძღვანელად.

თავმჯდომარე: _ როგორ გაიგეთ პარიტეტული კომიტეტის დაარსება?

პირველი: _ მე 24 წლის ივნისამდი არ გამიგია.

თავმჯდომარე: _ როდის ჩამოდით თქვენ ტფილისში?

პირველი: _ 24 წელში.

თავმჯდომარე: _ რომელ თვეში?

პირველი: _ ივლისში.

თავმჯდომარე: _ მაშინ გაიგეთ პირველად პარიტეტული კომიტეტის არსებობა?

პირველი: _ დიახ.

თავმჯდომარე: _ ვინ გითხრათ?

პირველი: _ ჩემთან მოვიდა სტუდენტი პატარიძე, ვისთანაც მე ვმუშაობდი 17 წელში ქუთაისში. მან იცოდა, რომ მე ვიყავი ხელმძღვანელი სვანეთში გამოსვლების, იცოდა, რომ არავითარ ჯაშუშობას არ ჩავიდენდი, მენდობოდა და მითხრა: ასეთი მდგომარეობაა დღეს და შენი ნახვა უნდა ცეკას წევრს და უნდა ნახოო. მე ვინახულე იასონ ჯავახიშვილი.

თავმჯდომარე: _ იცოდით, რომ იასონ ჯავახიშვილი იყო პარიტეტულ კომიიტეტის წევრი?

პირველი: _ ვიცნობდი, როგორც ცეკას წევრს.

თავმჯდომარე: _ პარიტეტულ კომიტეტის წევრს როდის შეხვდით?

პირველი: _ იმ დღეებშივე.

თავმჯდომარე: _ ვის და რანაირად ხვდებოდით?

პირველი: _ პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე ანდრონიკაშვილს.

თავმჯდომარე: _კიდევ?

პირველი: _ მეტს არავის.

თავმჯდომარე: _ თქვენ იცოდით, რომ ის პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარე იყო?

პირველი: _ დიახ, მე გადმომცეს, რომ არსებობს პარიტეტული კომიტეტი და მიგიყვანთ მის თავმჯდომარესთანო.

თავმჯდომარე: _ რამდენ ხანს დარჩით თქვენ ტფილისში?

პირველი: _ 1-2 … (არ ისმის).

თავმჯდომარე: _ რა დავალებით წადით?

პირველი: _ მე მათ განვუცხადე წინასწარ, თუკი გამოსვლები იქნება მთლიანი…

თავმჯდომარე: _ ბრალდებულო! სასამართლო გეკითხებათ, კონკრეტულად, რა დაგავალათ პარიტეტულმა კომიტეტმა ანდრონიკაშვილის სახით?

პირველი: _ მე მან დამავალა: თუ საქართველოში დაიწყება აჯანყება, ამას წინასწარ გაცნობებ და შეეცადე, სვანეთს გაუწიო ერთგვარი ხელმძღვანელობა და ორგანიზაციულად ჩამოაყალიბო მათი მოძრაობაო.

თავმჯდომარე: _ სად უნდა მომხდარიყო აჯანყება, მხოლოდ საქართველოში თუ სად?

პირველი: _ მთელ საქართველოში.

თავმჯდომარე: _კიდევ?

პირველი: _ სხვაგან _ არსად.

თავმჯდომარე: _ თქვენ უჩვენეთ წინათ: პარიტეტული კომიტეტის წევრმა გადმომცა, რომ მოკლე ხანში მოხდება აჯანყება საქართველოში, დაღესტანში, აზერბაიჯანსა და სომხეთშიო.

პირველი: _ მაგის შესახებ მოგახსენებთ, როდესაც მე დამკითხეს, მე ვუპასუხე, რომ აჯანყება უნდა მომხდარიყო მთელი საქართველოს მასშტაბით. როდესაც გამომძიებელი შემეკითხა, გითხრათ თუ არა თქვენ მან, რომ გამოსვლაში მონაწილეობას მიიღებს დაღესტანი, აზერბაიჯანი და სომხეთიო, მე ვუთხარი, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს და შეიძლება ეს იყოს ასე.

თავმჯდომარე: _ როდესაც სასამართლო შეგეკითხათ, ვინ დაგნიშნათ სარდლად, თქვენ უპასუხეთ, რომ თვითონ ხალხმა აგირჩიათ. ჩვენებაში კი გაქვთ ნათქვამი, რომ პარიტეტულმა კომიტეტმა წინადადება მომცა, მიმეღო ხელმძღვანელობა სვანეთსა და ლეჩხუმშიო.

პირველი: _ საზოგადოდ, მე მოგახსენებთ, რომ ვიყავი გამოსვლების ხელმძღვანელი. მე აქედან ეს დავალება მქონდა. მაგრამ მე ამით არ დავკმაყოფილდებოდი, რომ ნდობა ხალხის არ ყოფილიყო. მე ეს საკითხი დავსვი ბეჩოში, როდესაც ხალხმა შეიყარა თავი. მე ვუთხარი მათ: ამოირჩიეთ ხელმძღვანელი და მათ ამირჩიეს მე.

თავმჯდომარე: _ მე გეკითხებით თქვენ, ვინ დაგნიშნათ პირველად სვანეთის და ლეჩხუმის სარდლად? პარიტეტულმა კომიტეტმა აქედანვე გითხრათ, რომ იქნებით სვანეთისა და ლეჩხუმის ხელმძღვანელი?

პირველი: _ პარიტეტულმა კომიტეტმა მითხრა: შენ წადი სვანეთში, ჩვენ გაცნობებთ აჯანყების დროს და მაშინ გაუწიე ხელმძღვანელობა სვანეთში გამოსვლებს. ეს ასე იყო. მე ამას არ უარვყოფ.

თავმჯდომარე: _ თქვენ ადასტურებთ, რომ პარიტეტულმა კომიტეტმა წინასწარ დაგავალათ, მიგეღოთ სვანეთში და ლეჩხუმში რაზმების სარდლობა?

პირველი: _ დიახ, სვანეთის.

თავმჯდომარე: _ ვინ აწარმოებდა სვანეთში აღრიცხვას?

პირველი: _ არ ყოფილა აღრიცხვა.

თავმჯდომარე: _ თქვენ სარდალი იყავით და არ იცოდით, რა ძალა გყავდათ?

პირველი: _ მე ვიცოდი, რომ მთლიანად მთელი სვანეთის ხალხი…

თავმჯდომარე: _ მე გეკითხებით შეიარაღებულ ძალაზე და არა მცხოვრებლებზე. რამდენი შეიარაღებული ძალის იმედი გქონდათ?

პირველი: _ 600 კაცის.

თავმჯდომარე: _ არავითარი წინასწარი აღრიცხვა არ ყოფილა?

პირველი: _ მე ვიყავი იქ 1921 წ[ელს], როდესაც გამოსვლები მოხდა, მერმედ თვითონ მთავრობასთან ვმუშაობდი. მე ვიცნობ მთელი სვანეთის ვაჟკაცებს, ვიცოდი, რას წარმოადგენდა თითოეული მათგანი, თუ რა იქნებოდა მათგან.

თავმჯდომარე: _ მაშასადამე, თქვენი ანგარიშით, უნდა გამოსულიყო 600 კაცი, რამდენი გამოვიდა?

პირველი: _ თითქმის არაფერი ჰკლებია.

თავმჯდომარე: _ თქვენ თუ იცით, ვინ მოიტანა ბეჩოში წერილი ტფილისიდან?

პირველი: _ ეს მოიტანა ერთმა სვანმა, არ ვიცი ჩარლიანმა თუ ფირცლიანმა.

თავმჯდომარე: _ თქვენ წაიკითხეთ ეს წერილი?

პირველი: _ წავიკითხე.

თავმჯდომარე: _ რა ეწერა შიგ?

პირველი: _ ის, რომ საქართველოში ხდება გამოსვლები, მთლიანი საქართველოს მასშტაბით. აგრეთვე, აღნიშნული იყო, დახმარებას გაგვიწევს ევროპაო.

თავმჯდომარე: _ მაშასადამე, იყო, რომ ამ დღისთვის არის გამოსვლები დანიშნული და დაგვეხმარება ევროპაო. ვისი ხელმოწერილი იყო ეს წერილი?

პირველი: _ პარიტეტული კომიტეტის.

თავმჯდომარე: _ ხელს ვინ აწერდა?

პირველი: _ ფსევდონიმები იყო მოწერილი და მე მგონი, პარიტეტულ კომიტეტს ეკუთვნოდა.

ღვამიჩავა (დამცველი): _ თქვენ მოახსენეთ სასამართლოს, რომ მოგიხდათ შეხვედრა კალანდარაშვილებთან _ შალვასა და აკაკისთან. ესენი, ორივე ძმა, შეიარაღებული იყვნენ თუ არა?

პირველი: _ არა, იარაღი არ ჰქონდათ.

ღვამიჩავა: _ ესენი შეიარაღებულ რაზმელებთან ერთად მოვიდნენ თუ ცალკე?

პირველი: _ ცალკე და უიარაღოდ.

ღვამიჩავა: _ მეორე ჯგუფს კი იარაღი ჰქონდა?

პირველი: _ მეორე ჯგუფს კი.

ღვამიჩავა: _ ესენი ბრძოლის მომხრენი იყვნენ თუ პირიქით?

პირველი: _ ისინი ამბობდნენ, სამეგრელოში გამოსვლები ჩამქრალია და ახლა ბრძოლა აღარ ღირსო.

ღვამიჩავა: _ ისინი მომხრე იყვნენ შერიგებისა?

პირველი: _ რასაკვირველია.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here