Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ეშინია დასავლეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან საქართველოსა და რუსეთის შუამავლების გარეშე დასხდომის

რატომ ეშინია დასავლეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან საქართველოსა და რუსეთის შუამავლების გარეშე დასხდომის

6163
რატომ ეშინია დასავლეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან საქართველოსა და რუსეთის შუამავლების გარეშე დასხდომის

გახარია მიხვდა დავოსში დაშვებულ შეცდომას და მიუნხენში მხოლოდ ის განცხადებები გააკეთა, რომლებიც საქმეს ეხებოდა და არა ვინმეს კრიტიკას

საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს პერიოდულად უჩნდება ხოლმე შანსი, რუსეთის პირველ პირს თუ არა, ისეთ მინისტრს შეხვდეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვასთან ასოცირდება. თუ ვინმეს დასახელება შეიძლება, ერთერთი პირველი სერგეი ლავროვია. 24 თებერვალს 16 წელი ხდება მას შემდეგ, რაც ლავროვმა რუსეთის საგარეო უწყება ჩაიბარა და, როგორც ამბობენ, ორიოდე წლის წინათ პენსიაზე გასვლაც ითხოვა, მაგრამ არ გაუშვეს. ანუ, თანამდებობიდან არ გაუშვეს კაცი, რომელიც 21 მარტს 70 წლის ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პუტინის განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობს.

ჰოდა, სწორედ ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობა დაანონსდა გასულ კვირას და გაჩნდა შანსი, რომ მას და გიორგი გახარიას მიუნხენში გამოენახათ დრო, ერთ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ემსჯელათ. მანამდე იყო დავოსის ფორუმი, მაგრამ მაშინ საქართველოს პრემიერი აიძულეს, რუსეთის პირველი პირი მაღალი ტრიბუნიდან ელანძღა. შედეგად, შესაძლებლობები განულდა და ძალიან საეჭვოა, პუტინმა პირდაპირი დიალოგი ისურვოს. ჯერ მინისტრების დონეზე მოსინჯავს ნიადაგს და შემდეგ უკვე საჭიროების მიხედვით გადაწყვეტს, შეხვდეს თუ არა საქართველოს პირველ პირს…

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გახარია დავოსში დაშვებულ შეცდომას მიხვდა, მიხვდა მას შემდეგ, რაც იმ ამერიკელი თუ ევროპელი მეგობრების ზეწოლით, რომელთა მითითებით აღნიშნული განცხადება გააკეთა და ჩრდილოელი მეზობელი გააკრიტიკა, ვერ მიიღო ვერაფერი. გახარიას არწმუნებდნენ, რომ რუსეთის პირველ პირს მის გარდა კიდევ არაერთი ლიდერი გააკრიტიკებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. უფრო პირიქით _ საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ დავოსის ფორუმზე ვლადიმერ პუტინი მხოლოდ გიორგი გახარიამ გააკრიტიკა, დანარჩენებმა კი თავისი ქვეყნის სასიკეთო საქმე მშვიდად გააკეთეს, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები დაალაგეს და დაიშალნენ.

ჰო, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ერთერთი უმსხვილესი მიმწოდებელია და 2017-ში რეკორდული მოსავალი ჰქონდა და შარშანაც იმ ნიშნულს მიუახლოვდა, წლევანდელი მოსავალი კი უპრეცედენტო იქნება. ხორბალი ყველა ქვეყანას სჭირდება და საყოველთაო დეფიციტის ფონზე რუსეთთან მეგობრობა ყველას სურს. ისიც გავიხსენოთ, რომ საქართველოში პურისა და ხორბლის სხვა პროდუქტების საწარმოებლად საჭირო ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის და მივხვდებით, რა შარში გახვიეს გახარია, გახარიამ კი _ მთელი ქვეყანა რუსეთის კრიტიკით.

სხვათა შორის, როცა შეხვედრის შესაძლებლობაზე მიდიოდა საუბარი, ქართულმა ოპოზიციამ მაშინვე გააკეთა განცხადებები, რომ გახარიას მოხსნა იგეგმებოდა. საინტერესო ის არის, რომ მმართველი გუნდის ლიდერები ცალყბად უარყოფდნენ ამ განცხადებებს, ანუ არ იცოდნენ, რა ეთქვათ და კბილებით არ იცავდნენ პრემიერს. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ მმართველ გუნდში არსებობდა შიში, რომ შესაძლებელი იყო პრემიერს დამოუკიდებლად მიეღო შეხვედრის გადაწყვეტილება. აი, როგორც კი ფორუმი დასრულდა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გაჩუმდნენ და ამ თემას აღარ დაბრუნებიან.

ახლა კი მიუნხენში მიმდინარე ფორუმზე გაჩნდა ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობა და ისევ აგორდა ტალღა. ოპოზიცია გაიძახის: გახარია, როგორც პოლიტიკოსი, მოკვდა, რადგან, როცა შს მინისტრი იყო, კრეატივით გამოირჩეოდა, იქ ხალხს თვალს უკრავდა, იქ მიტინგზე მიდიოდა, ახლა კი იმალება, რადგან არ იცის, რა გააკეთოს და ამიტომ მოხსნიანო. ხომ კარგი ლოგიკაა: კაცი თვალს რომ უკრავდა ვიღაცას, თურმე დიდი პოლიტიკოსი ყოფილა და ახლა, როცა ამას აღარ აკეთებს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. თვალის პაჭუნზე აწყობილი პოლიტიკური კარიერა მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს.

როგორც ჩანს, გახარია მიხვდა დავოსში დაშვებულ შეცდომას და მიუნხენში მხოლოდ ის განცხადებები გააკეთა, რომლებიც საქმეს ეხებოდა და არა ვინმეს კრიტიკას. ეს ნიშანი იყო ოპოზიციისთვის და მათ კვლავ დაიწყეს პრემიერის კრიტიკა, _ აქაოდა, მაღალ ტრიბუნას არ იყენებს და რუსეთს არ ლანძღავსო. ამით კიდევ ერთხელ ნათლად დასტურდება ის, რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი დასავლეთიდან იმართება. სწორედ იმართება, რადგან გამორიცხულია, ასეთი აზრები თვითონ მოსდიოდეთ თავში, თვითონ სურდეთ ქვეყნის მტრობა და უკიდეგანო იდიოტიზმში იყვნენ გადავარდნილი. ჰო, კოსმოსსაც აქვს საზღვრები, იდიოტიზმი კი უსაზღვროა და აგერ, 30 წელია, ვუყურებთ, როგორ შეიძლება ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა საკუთარ ქვეყანას უმტროს და თანაც ისე, რომ ამ ყველაფრით კმაყოფილი იყოს. ოპოზიცია იმასაც ამბობს, ხელისუფლება რუსეთს ემონებაო. მართალი გითხრათ, ამ დამონების ნიშნებს ვერ ვხედავ. მონობა არის ის, რასაც ამერიკელების მიმართ ვაკეთებთ და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამერიკელი კონგრესმენები ქართველ პოლიტიკოსებს აბულინგებენ. ბულინგია ის, რასაც კონგრესმენები თავიანთ წერილებში გამოხატავენ; ბულინგია ისიც, როცა ოკეანისგაღმიდან პარლამენტის თავმჯდომარეს ახსნა-განმარტებებისთვის იბარებ და რანგით შენზე მაღლა მდგომს მხოლოდ იმიტომ აყენებ კუთხეში, რომ ზესახელმწიფოს წარმომადგენელი გქვია და არა დამონებული საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი.

მაისში საქართველოში სერგეი ლავროვის შესაძლო ჩამოსვლაზე ისტერიკაა ატეხილი. როგორც გვეუბნებიან, თუ ლავროვი საქართველოში ჩამოვა, ეს მონობის ოფიციალური აღიარება იქნება. რეალურად კი, თუ ერთი კაცის ჩამოსვლით საქართველოს მონობას ვაღიარებთ, მაშინ ღირსები ვყოფილვართ ამ მონობის. ნებისმიერი ადამიანის ვიზიტი, ვინც უნდა იყოს ის, მთელი ქვეყნის მონობას უდრის?! ჯორჯ ბუში რომ იყო ჩამოსული და სრულიად საქართველო ლამის მის გასართობ პოლიგონად იქცა, ეს არ იყო მონობა?

მაკეინი რომ ჩამოდიოდა და პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული _ ყველა იმაზე რომ ფიქრობდა, როგორ ესიამოვნებინა მისთვის, ეს მონობა არ იყო? სხვა ქვეყანაში მიმავალი მაკეინი, საქართველოში ერთი დღით გასართობად რომ შემოივლიდა ხოლმე, არ იყო ეს მონობა? არა, ამ ყველაფერს პარტნიორობად ვფუთავდით და დღემდე ვფუთავთ, გამოცხადებულ მონობას ვეძახით პარტნიორობას, უფრო ზუსტად, სტრატეგიულ პარტნიორობას და აბა, სტრატეგია? სად არის? ვინმე ხედავს სტრატეგიას და ამერიკელთან მეგობრობის პოზიტიურ მნიშვნელობას? გნებავთ, ხელისუფლებამ და გნებავთ, ოპოზიციამ გაგვახსენოს ერთი ფაქტი თუნდაც, როცა ამერიკამ საქართველოს, ბრტყელბრტყელი განცხადებების გარდა, რამე არგო. ამერიკის ბაზარზე შეგვიშვეს? _ არა! ამერიკაში წასვლა და იქ დასაქმება გაიოლდა? _ არა! ამერიკული დახმარებებით მოსახლეობამ რამე იგრძნო? _ არა! და სად არის, აბა, ამერიკელების ძლიერი მარჯვენა და დახმარების ხელი?! _ არსად ბატონებო, არსად! და ეს იმის ფონზე, როცა რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა, რუსულ ბაზარზე ვყიდით ნებისმიერი პროდუქციის 70%-ზე მეტს, რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიასა და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებს, იქიდან შემოდის ნაღდი ვალუტის ნახევარზე მეტი და ამ დროს რუსეთი მტერია, ხელისუფლება _ რუსეთის მონა და ამერიკა კი _ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი. ჩვენი და ამერიკის ურთიერთობა, პარტნიორობას კი არა, ბატონ-ყმობას ჰგავს, თუმცა რაღა ჰგავს, ჰგავს კი არა, არის. მწარე სიმართლეა ეს, ის სიმართლე, რომელსაც მოახლეობა თვალნათლივ ხედავს; დიდი ალბათობით, პოლიტიკოსებიც ხედავენ, მაგრამ არ აღიარებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ქვეყანას შეიძლება ეშველოს და… მათ მოუწევთ პოლიტიკიდან წასვლა. ეს კი დამღუპველი იქნება, რადგან მთელი ცხოვრება არაფერი უკეთებიათ, არ იციან, ტყუილისა და დაპირებების გარდა, რით იშოვონ სარჩო და შიმშლისთვის იქნებიან განწირულნი. პრინციპში, რაღა შიმშილისთვის, ყველა მათგანი ოფიციალური მილიონერია და სწორედ ამ მილიონების სადარაჯოზე დგანან, თორემ საქართველოს ბედი არც ადრე აინტერესებდათ, არც ახლა აინტერესებთ და მომავალშიც მხოლოდ საკუთარ თავს ხედავენქვეყნის გადამრჩენელისროლში, თორემ, სხვა რომ გამოჩნდეს, სვავებივით წაესევიან და არ გაახარებენ.

ვერ გეტყვით, ჩამოვა თუ არა მაისში სერგეი ლავროვი თბილისში, მაგრამ, ძალიან დიდი ალბათობით, თუ ეს მოხდება, ყველა სამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დასავლეთის ფულით იკვებებიან, თავს წამოყოფენ და რუსეთის ლანძღვაში ერთმანეთს შეეცილებიან. არადა, ძალიან საინტერესო იქნებოდა, ერთხელ, ერთადერთხელ ქართული და რუსული მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან შუამავლების გარეშე დამსხდარიყვნენ. ხომ საინტერესოა, რას იტყოდნენ, რაზე შეთანხმდებოდნენ… ფაქტია, ამ შეხვედრისა და შეთანხმების ყველაზე მეტად დასავლეთს ეშინია.

ბესო ბარბაქაძე

7 COMMENTS

  1. რამდენი წელიწადია აბაშიძე-კარასინის ერთი-ერთზე დიალოგი იმართება. რამე მნიშვნელოვან პოლიტიკურ შედეგს მივაღწიეთ? რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან ეს შეუძლებელია. სრულიად სხვადასხვა ორბიტაზე ვართ.

  2. ბ–ნო ბესო, ყველაფერში გეთანხმებით. კარგი იყო სტატიაში მნიშვნელოვან ფაქტებზეც გელაპარაკათ: ისტორიულად ხომ რუსეთმა გადაარჩინა საქართველო გამუსულმანებასა და გადაგვარებას, სწორედ რუსეთის მფარველობის ქვეშ და მათი დახმარებით აშენდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, თბილისის საავიაციო და ქუთაისის საავტომობილო ქარხნები და მრავალი სხვა საწარმოო–დაწესებულებები. ამერიკელები კი გრანტების გამოყოფისას კატეგორიულად გვიკრძალავდნენ ამ თანხებით ჩარხ–დანადგარებისა და სხვა წარმოების საშუალებების შეძენას, რომ ეკონომიკურად არ განვითარებულიყავით და მათ კოლონიად გადავქცეულიყავით. ერთმორწმუნე რუსეთიც ვალშია ჩვენთან და მასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ალტერნატივა არ აქვს. დასანანია, რომ ახალგაზრდების ერთი ნაწილი ვერ ერკვევა ამ საკითხებში.

  3. მთლიანად საქართველოს გახევს, მაგას უნდა მიხვდე, თორემ კინო ჯერ არ დამთავრებულა…აი, თქვენისთანა ბევრი რომ გვყავს მიტომ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლაშა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here