Home რუბრიკები ისტორია რატომ დუმს გონიერი საზოგადოება, როცა მის ადგილს ხშირად იკავებენ “პირველივე შემხვედრი თხები”?...

რატომ დუმს გონიერი საზოგადოება, როცა მის ადგილს ხშირად იკავებენ “პირველივე შემხვედრი თხები”? ნუთუ საზოგადოება ცხვრის ფარას დაემსგავსა?

ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძის თვალსაზრისი ქართული სახელმწიფოს გონივრულად მოწყობისა და საზოგადოებრივპოლიტიკური გარდაქმნების თაობაზე კვლავაც აქტუალურია. დღეს მისი მოსაზრებებისა და რჩევების გათვალისწინება უამრავ პრობლემას გადაჭრიდა ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

რა არის აუცილებლი ქვეყნის გონივრულად სამართავად?

ქვეყნის გონივრულად სამართავად ნიკო ნიკოლაძე აუცილებლად მიიჩნევდა ისეთი მმართველობისა და საარჩევნო სისტემის შექმნას, რომელიც სახელმწიფოს მართვაში უნიჭიერესი, მომზადებული და პატიოსანი ადამიანების მონაწილეობას უზრუნველყოფდა. რომ უნიჭიერესი, მომზადებული და პატიოსანი, ღირსეული და უნარიანი ადამიანების წინ წამოწევას შეუძლია ძლიერი, წელში გამართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება; საზოგადოების მომზადების მთელი ძალა მისი გონიერი ორგანიზაციაა, რათა თავისი საქმის სათავეში დააყენოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც შესწევთ უნარი, სათანადო მიმართულება მისცენ მას. ყველა თანამდებობაზე ისეთი პიროვნების არჩევა, რომელიც შეეფერება მიზანს, ღირსეული, უნარიანი ადამიანების წინ წამოწევა _ აი, საზოგადოებრივი მზადების ალფა და ომეგა, აი, რით განსხვავდება გონიერი საზოგადოება ცხვრის ფარისგან, რომელთა წარმომადგენლები და გზის მაჩვენებლები არიან პირველივე შემხვედრი თხები”.

რატომ დუმს გონიერი საზოგადოება, როცა მის ადგილს “პირველივე შემხვედრი თხები” იკავებენ? ნუთუ საზოგადოება ცხვრის ფარას დაემსგავსა?

რა არის სახელმწიფოს გონივრული ორგანიზაციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობა?

სახელმწიფოს გონივრული ორგანიზაციის ერთერთი უმნიშვნელოვანეს პირობად ნიკო ნიკოლაძეს ხალხისთვის ინიციატივის მიცემა მიაჩნდა. პარტიულ, ჯგუფურ და ელიტის ინტერესებთან შედარებით ის უპირატესობას ანიჭებდა ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს. თუმცა განვლილი ასწლეულის განმავლობაში ეს ვერ შეძლო ვერც ერთმა ქართულმა ხელისუფლებამ _ ჟორდანიას, კომუნისტების, გამსახურდიას, შევარდნაძისა თუ სააკაშვილის მთავრობებმა უპირატესობა მიანიჭეს პარტიულ პროგრამებს და არა სახელმწიფო ინტერესებს.

როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური?

ნიკო ნიკოლაძის აზრით, ქვეყნის მეთაურზე, მმართველზე მთლიანად არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფოს მომავალი.

მეთაურს ჭკუა, გამოცდილება, ცოდნა და მტკიცე ხასიათი იმიტომ ესაჭიროება, რათა იზრუნოს და იმოქმედოს იმათ მაგიერ, ვინც, საუბედუროდ, მოკლებულია ამ უნარს, ის სათავეში უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუ თანამემამულეებზე უფრო გამჭრიახი, დაკვირვებული, მოხერხებულია და იცის, როდის უნდა დაძრას ისინი წინ, ხოლო, როცა საჭიროა, ადგილზე შეაჩეროს. თუ ძალაუფლება, რომელსაც მას ვითარება ანიჭებს, ფრთხილად აქვს შენახული ჯიბეში, თუ ბრბო და ამოტივტივებული ხეპრე დოღრიალასი ეშინია და ყველა გარემომცველი ადამიანების უმწიფარი აზრები კანონია მისთვის, მაშინ წინამძღოლის როლი ზედმეტია ამ ადამიანისთვის. გამოდის, რომ ის იღვწის მხოლოდ პატივისთვის, ცდილობს თავისი პერსონის განდიდებას, ეძებს მხოლოდ პირად გამარჯვებას”. “იმისათვის, რათა შეძლო ასეთი ადამიანების დაფასება, თავად უნდა იყო ნიჭიერი, რათა დაინახო მათი ღირსება და არ გეშინოდეს მათი მეტოქეობისა”.

მომგებიანია ქვეყნის რევოლუციური გზით განვითარება?

ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს ან მარტო მავნებელიმისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია, მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი მკურნალობს და უტვინო ბავშვი რძის საჭამადშიაც კი დაიხრჩობა”. ასევე უყურებდა იგი რევოლუციასაც, თუმცა თვლიდა, რომ მოსახდენი მაინც მოხდებოდა, ოღონდ ცოტა დაგვიანებით: “რევოლუცია, ქინაქინის არ იყოს, ზოგან რგებს, ზოგან ვნებს, საფრანგეთში გამოდგა, ოსმალეთში _ არა. არ გამოდგა იმიტომ, რომ ხალხი მოუმზადებელი ყოფილა ცვლილებებისთვის, მორიგ საქმეებზე ერთი აზრი, ერთი რწმენა მას არ ჰქონია”.

იმის საილუსტრაციოდ, რომ ერი შეიძლება რევოლუციისა და სისხლისღვრის, კატაკლიზმების გარეშე აღორძინდეს და სწრაფად განვითარდეს, მას მოჰყავდა იაპონია და გერმანია (პრუსია).

ნიკოლაძემ საგანგებოდ შეისწავლა და გააანალიზა იაპონიის წინსვლა 1860-იანი წლებიდან, როცა ქვეყანამ დაიწყო და სწრაფად შეძლო უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა ყველა სფეროში. 1894 წელს ნიკოლაძემ დაბეჭდა ვრცელი ნარკვევი “იაპონიის ბრძოლა ჩინეთთან”, რომელშიც იწინასწარმეტყველა თანამედროვე იაპონური სასწაული. იაპონიის მმართველმა ელიტამ სათანადო შემზადების შემდეგ დასახა ქვეყნის მომავალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოწყობის კომპლექსური მეცნიერული გეგმა, რომელსაც ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების საწყისად და ბალავრად დაუდო საკუთარი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, იაპონური ცხოვრების წესის მდიდარი ეროვნული შინაარსი. ნიკოლაძეს სამაგალითოდ მიაჩნდა მოკლე დროში იაპონიის ასე აღორძინება და ქართულ საზოგადოებას, მომავალ თაობას ამაზე საგანგებოდ მიანიშნებდა…

ნედლეულისა და სხვა სახის სტრატეგიული რესურსების სიმწირის მიუხედავად, ერთ დროს ველური და ჩამორჩენილი იაპონიის სწრაფად დაწინაურება და გაძლიერება, ნიკოლაძის აზრით, შრომის ჭკვიანურმა ორგანიზაციამ და საშემსრულებლო დისციპლინის მაღალმა დონემაც განაპრობა. ნიკოლაძე ხაზს უსვამდა იმას, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის სიდიდესა და მოსახლეობის მრავალრიცხოვნებას, მთავარია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, განათლების სწრაფი დანერგვა და მისი ყოველწლიური გაზრდილი დაფინანსება. მისი აზრით, ყველი ქვეყნის სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება ეროვნული ტრადიციების, ეროვნული ფსიქიკის, ზნე-ხასიათისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესატყვისად უნდა მოეწყოს და ამ პროცესში ძალდატანება, ხელოვნურად ჩარევა საჭირო არ არის.

რა არის სამართლიანი და მშვიდი ცხოვრების ერთერთი საფუძველი?

ყოველი ადამიანის ცხოვრებას, მის თავისუფლებას, ღირსებასა და ქონებას ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას საფრთხე იქ, სადაც მართლმსაჯულება უხეიროდაა ორგანიზებული და სადაც მოსამართლენი არ იცნობენ ცხოვრებას, არაკეთილსინდისიერნი ან მექრთამენი არიან. იქ, სადაც საზოგადოებას არა აქვს საკმარისი ნდობა თავისი სასამართლოსადმი, თვით საზოგადოების ცხოვრება გაუფასურებული და უაზროაამგვარად, სასამართლოს ნდობა, . . თითოეული მოქალაქის რწმენა, რომ იგი თვითნებურად და უსამართლოდ არ დაისჯება სისხლის სამართლის კანონით, რომ შესაბამის შემთხვევაში გარდუვალი საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობის გამო კანონს მის მიმართაც გამოიყენებენ სამართლიანობის ზუსტი დაცვით და სასჯელის გარკვეული ზომით _ აი, ეს წარმოადგენს სამართლიანი და მშვიდი ცხოვრების ერთერთ არსებით საფუძველს”.

რა გააუმჯობესებს ხალხის ყოფაცხოვრებას და აამაღლებს მას ზნეობრივად?

სახელმწიფოს გონივრულად მოწყობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებად ნიკო ნიკოლაძე თვლიდა ღიაობას _ გამჭვირვალობას, სიმართლის არ დამალვას და პოლიტიკურ რეალიზმს. იგი იყო პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი მამამთავარი საქართველოში. აკრიტიკებდა რა სოციალ-ფედერალისტთა შეხედულებებს, მას მიაჩნდა, რომ ისინი მეტაფიზიკაზეა აშენებული: “აიხირებენ რაღაც სურვილს, ხატად აქცევენ, თაყვანს სცემენ. დარწმუნებულნი არიან, რომ ეს თილისმა ყოველთვის, ყველგან, ყოველ შემთხვევაში ერთნაირად სასწაულს მოახდენსო. რეალურ პოლიტიკას კი არც ერთი ამგვარი ავგაროზი არ სწამს და ეს ძველი რწმენა დიდი ხანია არხივებში დაუმარხავს, როგორც გამოუცდელ გონების ბავშვური შეცდომა”. მას სწამდა, რომ ასეთი აზროვნება არსებითად ვერ აუმჯობესებს ხალხის ყოფა-ცხოვრებას და ვერ ამაღლებს მას ზნეობრივად.

მკაცრმა რეალობამ ათქმევინა ნიკო ნიკოლაძეს ეს სიტყვები: მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიშრომოთ _ მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდა ჩვენს ხალხს და დამხმარებელიცმაშინ ჩვენდათავად არც ტირილი დაგვჭირდება, არც გოდება, არც ზლუქუნი, არც ჩურჩული. და სანამ ამსაკუთარის გაძლიერებისგზას გულდაგულ და პირდაპირ არ დავადგებით, მანამდე კი, ათასიც რომ იბღავლოს ჩვენმა მწერლობამ, ათასიც რომ იჩურჩულონ ჩვენმა მოქმედმა პირებმა, კაცი ყურადღებას არ მოგვაქცევს და შემწეობას არ გვაღირსებს, ყველას ის აზრი ექნება თავში: “სუსტი ხარ, ქვეყანაზე ადგილი რად გიკავია, თვალს რას გვჭრი შენის წყლულების ჩვენებით, რა გიყო, რა გიშველო, ხომ ფეხზე ვერ დაგაყენებ, თუ შენდათავად წამოდგომა არ შეგიძლია”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here