“ქართული ოცნება”, უკვე ცხრა წელიწადია, ნაცებს მკვლელებად, დამნაშავეებად, სამშობლოს მოღალატეებად მოიხსენიებს, მაგრამ 2012 წელს ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ივანიშვილი და მისი გუნდი ამომრჩეველს აწბილებენ და მხოლოდ ლანძღვა–გინებით შემოიფარგლებიან. რას ფიქრობს ამომრჩეველი? რატომ არ სხედან ციხეში დამნაშავეები? რატომ ვერ წაუყენეს ბრალი წინა ხელისუფლების მთავარ დამნაშავეებს, მათ შორის, სააკაშვილს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “ქართული მისიის” დამფუძნებელი რამაზ გაგნიძე და “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრებიან.
“ნაცმოძრაობამ” “ოცნებას” კომპრომატების ომი გამოუცხადა”
რამაზ გაგნიძე, “ქართული მისიის” დამფუძნებელი:
_ “ნაცმოძრაობა” კვებავს “ოცნებას” და პირიქით… ეს ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი და ამას ცხრა წელიწადი ვუყურებთ.
ხელისუფლების საქციელი აიხსნება რამდენიმე აშკარა მიზეზით _ ნაცებს აქვთ კომპრომატები “ოცნების” წევრებზე, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” თავდაპირველად არც კი განიხილებოდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი აიძულეს, კომპრომეტირებული პერსონები მოეყვანა ხელისუფლებაში და აიძულეს ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც ივანიშვილი უარს ვერ ეტყოდა. “ნაცმოძრაობამ” “ოცნებას” კომპრომატების ომი გამოუცხადა.
_ ძალიან სერიოზული ბრალდებაა. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ ამას საფუძველი არ უნდა, ეს არ არის ჩემი მოსაზრება. კოაბიტაციაც იმისთვის მოითხოვეს, რომ ნაცების მიერ ჩაწერილი კომპრომატები არ გამჟღავნებულიყო. პარლამენტართა უდიდეს ნაწილზე ჰქონდათ მათ ვიდეოები, აგრეთვე, ნაცებს გადაღებული ჰქონდათ ე.წ. დასავლელი პარტნიორების ცხოვრების კადრები, იმ “პარტნიორების”, რომლებიც დღეს აქტიურად უჭერენ მხარს ნაციონალებს და აშანტაჟებენ ხელისუფლებას.
დასავლეთი დღეს დაკავებულია კაცების გამაუპატიურებელი ნაცების მხარდაჭერით, მათი “გაპრავებით”, რადგან “მიშისტები” მათ ემუქრებიან იმ კადრების გამოქვეყნებით, რომლებიც ჩაწერილი აქვთ. ნაციონალებს კომპრომატები აქვთ ყველაზე _ ელჩებზე, ევროკავშირის, ევროპარლამენტის წარმომადგენლებზე, ამიტომ ისინიც და ჩვენი პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელიც შეუთანხმდნენ “ნაცმოძრაობის” წევრებს: _ თქვენ ხმა არ ამოიღოთ, ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთო. მოიგონეს კოაბიტაცია და ყოველი არჩევნების წინ გაიძახიან: “მიშა მოდის!” მიშაც კმაყოფილია და ხელისუფლებაც.
თითქმის ყოველ საღამოს ნაცები და ქოცები ერთად იკრიბებიან რესტორნებში და ჩვეულებრივად ქეიფობენ. ამ ქეიფში არის მდინარაძეც და ბევრი მაღალი თანამდებობის პირიც, ისეთი, რომელიც ხშირად იმეორებს სიტყვას “მკვლელი”.
მიშას სულელური ბრალდებები წაუყენეს _ ქვეყნის პრეზიდენტი იყო კაცი და ბიუჯეტის გაფლანგვა დასდეს ბრალად, ვერავინ გაბედა, ხმამაღლა ეთქვა, რომ მიშა იყო თავიდათავი ამ ქვეყანაში მამაკაცების გაუპატიურების, ის უყურებდა ყველა კადრს, რომლებზეც კაცების გაუპატიურება იყო ასახული. დღეს უარობს ეს ნაძირალა და ამბობს, რომ არ იცნობდა მეგის ქარდავასა და “მასტერას”, მაგრამ ხელისუფლებაშიც იციან და ხალხმაც ვიცით, რომ სწორედ სააკაშვილი იყო ამ ყველაფრის დამკვეთი, შემსრულებლები კი _ უამრავი, მათ შორის, ქარდავა და “მასტერაც”. გარდა ამ საშინელებისა, თუ სურვილი ექნებოდა ხელისუფლებას მიშასთვის ბრალის წარდგენის, მიზეზის მეტი რა იყო?! კოაბიტაციამ ყველაფერი გადაფარა.
სააკაშვილი მკვლელია, მოძალადე, კაცების გამაუპატიურებელი, სატანაა და ბოლოს _ ბიუჯეტის ქურდი, მაგრამ ბიძინამ მისი დანაშაული “გააპრავა”. თავდაპირველად მიშა მართავდა ბიძინას, ახლა ბიძინა მართავს. ეს ხროვაა, ხროვა, რომელიც ქართველის განადგურებით არის დაკავებული. არ მეგულება მსოფლიოში მეორე ქვეყანა, რომელშიც ხალხი ისე ეზიზღებოდეს პოლიტიკოსებს, როგორც ჩვენ ვეზიზღებით.
ასე რომ, ჩვენ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
მართალია, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ისე იქცევა, როგორც ხელისუფლება იტყვის, იმ მუსიკაზე ცეკვავს, რომელსაც ხელისუფლება შეუკვეთავს, და მართალი ნათქვამია: “როგორიც არის ხალხი, ისეთია ხელისუფლებაც”-ო, მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი ესმით და ყველაფერი იციან.
“სააკაშვილი პოლიტიკოსია, მართალია, კომიკური, მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც დასაჭერია, თუმცა ადეკვატური ბრალი არ აქვს წაყენებული”
გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი:
_ “მკვლელის” ძახილი იაფფასიანი პოპულიზმია. ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი რიტორიკა ამომრჩეველზეა გათვლილი. “ოცნების” ამომრჩეველი ბითურია და ეს, სამწუხაროდ, დანარჩენი საზოგადოების შეურაცხყოფაა.
“ოცნება” ხალხს, ამომრჩეველს ეუბნება: _ ისინი მკველელები არიან, მაგრამ მე პარლამენტში შევუშვი, ვეხვეწე, რომ შემოსულიყვნენ, ვთანამშრომლობ, როცა მჭირდება და ყოველთვის მჭირდება, მაგრამ, როცა საჭიროა, თქვენ გასაგონად ვამბობ, რომ მკვლელები არიან _ გამოდის, მდინარაძეები და მისთანანი ხალხს სულელებად მიიჩნევენ და, თუ ეს ასე არ არის, მაშინ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ნაცებს მკვლელებს უწოდებენ და არ აპატიმრებენ, ცილისწამებისთვის უნდა გასამართლდნენ.
ხელისუფალთა ასეთი საუბრები წინასაარჩევნოდ იმ ამომრჩევლის ბრალია, რომელიც მათ ამ არგუმენტაციას ისმენს, ისმენს და არ უჩნდება შეკითხვა _ მაშ, რატომ მფარველობთ მათ და რატომ მონაწილეობენ არჩევნებში მკვლელები?
2013 წელს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ, სადაც ვთქვი, “ოცნებასა” და ნაცებს ხელს აძლევთ ერთმანეთის არსებობა. ასევე პირველმა ვთქვი, რომ უნდა აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა”. მაშინ არ იყვნენ არც მდინარაძეები და არც არავინ. ბიძინამ გამოაძვრინა ვირთხები პოლიტიკურ ველზე. შესაძლოა, ეს არც იყო ბიძინას ინიციატივა, მას შესთავაზეს, “ძველი გვარდია” მოაშორებინეს და ახლი გამოაყვანინეს ასპარეზზე.
_ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ არის “შტერი”, რადგან ყველას უჩნდება შეკითხვა _ თუ მკვლელები არიან “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რატომ არ სხედან ციხეში შესაბამისი მუხლით? რატომ არ წაუყენეს ბრალდება სააკაშვილს? ნუთუ მხოლოდ ის იყო მისი ბრალი, რომ ბიუჯეტის ფულით პიჯაკები იყიდა? მე თუ მკითხავთ, სააკაშვილის მთავარი დანაშაულები 2008 წლის ომის გაჩაღება და ქვემო და შიდა ქართლში ათასობით ჰექტარი მიწის ბურებისთვის ჩუქებაა, რომლებიც დღეს ქართველებს ამუშავებენ დღიურ სარჩოზე და არც ჩამოდიან, ისე მიაქვთ აქედან მილიონები ჩვენი მიწის ქირის ფასად…
_ რაზე მელაპარაკებით?! სააკაშვილის დედამ რამდენიმე უზარმაზარი შენობა შეიძინა კაპიკებად, უფრო ზუსტად, იჩუქა. იჩუქა ტაბახმელაში მართლაც ჰექტრობით მიწა, მაგრამ, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათ შორის ქვემო და შიდა ქართლში გაჩუქებულ მიწებს, 2008 წლის ომში ჩადენილი დანაშაული სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებისთვის საკმარისი იყო. თვითონ სააკაშვილმა სამშობლოს ღალატის შეთითხნილი ბრალდებით ძალიან ბევრი უდანაშაულო, თანაც არაპოლიტიკოსი ადამიანი გაასამართლა.
სააკაშვილი პოლიტიკოსია, მართალია კომიკური, მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც დასაჭერია, მაგრამ ადეკვატური ბრალი არ აქვს წაყენებული. თუკი ჩამოვა და დაიჭერენ, სულ რაღაც, ხუთი წლით ჩასვამენ…
სააკაშვილი დასაჭერია, ის ტრიბუნალს უნდა გადასცენ 2008 წლის ომის დაწყებისთვის. მართალია, კრეტინები ამბობენ, რომ ომს საკუთარ ტერიტორიაზე როგორ დაიწყებდაო, მაგრამ დაიწყო მან საკუთარ ტერიტორიზე ომი. სააკაშვილმა არ მოითხოვა ცხინვალიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა, არ მოახდინა ამ ძალების დელეგიტიმაცია, ისე დაარტყა ამ ძალებს. მან ასევე, დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთაც ძმებს ეძახდა. ცხინვალში დაიღუპა მშვიდობანი მოსახლეობა, სააკაშვილმა იქ “გრადები” ისროლა, “გრადები” მიზანში არ ისვრის, ის მასობრივად ანადგურებს ყველაფერს და მისი გამოყენება დანაშაულია. ამ ხელისუფლებამ, თუკი მართლა სურს სააკაშვილი ტრიბუნალს გადასცეს, აი, ეს უნდა დასდოს ბრალად, ეს უმარტივესი პროცესია.
_ რატომ არ აკეთებენ ამას? ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს ხომ სურს, რომ სააკაშვილი საბრალდებო სკამზე იხილოს? ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ არჩევნებში მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი მონაწილეობს, მათ “ოცნებამ” სწორედ სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გაუცრუა იმედი…
_ ამომრჩევლის აზრი ხელისუფლებას არ აინტერესებს. მათ არჩევნებში ნებისმიერი პროცენტი ყოფნით გამარჯვებისთვის.
საქართველოში, რაოდენ სასაცილოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ზუსტად ისეთი პროცესები მიმდინარეობს, როგორც ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ იქაური ყოფის შედარება აქაურთან წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, როგორც ევროპაშია, შექმნას კოალიციური ხელისუფლება. მმართველი ძალა აიღებს 30 პროცენტს და შევა კოალიციაში უფრო მცირე პროცენტის მქონე პარტიასთან, ვინც არ უნდა იყოს ის. ხელისუფლების წარმომადგენლები ამას არც მალავენ. ისინი პატივს არ სცემენ ამომრჩეველს, რადგან ერთუჯრედიან არსებებად მიაჩნიათ. თუ ადამიანი მკვლელია, ის ციხეში რატომ არ ზის? და თუკი არ თვლი მათ რეალურად მკვლელებად და არ სვამ ციხეში, მაშინ ნუ კადრულობ ამ სიტყვის თქმას ამომრჩევლის გასაგონად, რადგან სულელი არავინაა და ყველამ ყველაფერი კარგად იცის.
ხელისუფლებას ხელს აძლევს გათიშული და დაპირისპირებული საზოგადოება, ეს დესპოტიზმია და ყველაზე საშიშია. გარეგნულად დემოკრატიაა, მაგრამ რეალურად _ დესპოტიზმი. დესპოტისთვის მთავარია, ერთმანეთი არ უყვარდეთ ადამიანებს. ივანიშვილი დესპოტია, ქვეყანაში მისი წყალობით “გათიშე და იბატონეს” პრინციპი მუშაობს. ეს ვრცელდება ხელისუფლებაზეც და ხალხზეც. ივანიშვილს საფრთხე არ ემუქრება არც ერთი მხრიდან _ არც პოლიტიკოსებისგან და არც ხალხისგან.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა