ქართველი მოქალაქის შექმნა სწორი ღირებულებებით შესაბამისი ცოდნითა და უნარ–ჩვევებით სამოციანელთა მთავარი ამოცანა იყო. მათი პუბლიცისტიკის გადახედვისას ჩნდება განცდა, რომ ისევ იქ ვართ, იმ საუკუნეში, იმავე სიბნელეს ვებრძვით და ვერც ვებრძვით. მათი შრომა თითქოს წყალში ჩაიყარა. საუკუნეზე მეტიც გავიდა და ბევრი ელემენტარული ჭეშმარიტება ისევ დასაცავი გახდა, თანამედროვე ქართველიც _ ისევ აღსაზრდელი. თერგდალეულებმა თავიანთი საუკუნე იხსნეს. ოცდამეერთე საუკუნის საქართველოც გადასარჩენია და ბევრი რამ ისტორიიდან თავიდანაა გასააზრებელი.
საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ ყველაფერი “ფსევდო” დაგვატყდა თავს: ფსევდონაციონალიზმი, ფსევდოჰუმანიზმი, ფსევდოთანასწორობა… ჭირს ნამდვილის მიგნება. მთავარი პრობლემა კი დღესაც, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, განათლების ნაკლებობაა.
ქართველი საზოგადოება კვლავ აღმოჩნდა უაღრესად მტკივნეული დილემის წინაშე: წლებია, განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში ექსპერიმენტების ასპარეზად იქცა. შედეგად კი მივიღეთ სკოლა, რომელიც შესაბამის ცოდნას ვერ აძლევს მომავალ თაობას, ფაქტობრივად, ყველა მოსწავლე, რომელიც სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში აპირებს, რეპეტიტორთან ემზადება. ყოველივე ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომასა და აღშფოთებას იწვევს.
იაკობ გოგებაშვილმა, _ “სკოლა ორპირი ხანჯალიაო”, რომელიც, თუ გონივრულად არის მოწყობილი, “აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს”, მაგრამ აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზე დგასო. ჩვენ სწორედ ამ ორლესულ ხანჯალზე დავდივართ და იმ გზას ვადგავართ, რომელიც ტაძართან ნამდვილად არ მიგვიყვანს.
რატომ არის სასკოლო განათლების ხარისხი დაბალი საქართველოში? ქართველი ხალხის ეროვნული მოღონიერებისა და წინსვლსთვის ხომ არ გაჩნდა ისეთი საზოგადოების შექმნის აუცილებლობა, როგორიც თავის დროზე წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო საქართველოში?
_ აი, კიდევ ერთი წყევლაკრულვიანი საკითხავი.
დღეს სადავო არ არის, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საპატიო ადგილი უკავია იმ ორგანიზაციათა შორის, რომლებსაც ამაგი გაუწევიათ ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების აზრი ქართველ მოღვაწეთა იმ ჯგუფს დაებადა, რომელსაც მეთაურობდნენ სახელოვანი ქართველი თერგდალეულები და მათი წინამძღოლი ილია ჭავჭავაძე. ეს მოღვაწეები ფიქრობდნენ, რომ ქართველი ხალხის ეროვნული მოღონიერებისა და წინსვლსათვის საჭირო იყო არა მხოლოდ მისი სოციალური გათავისუფლება, არამედ საქართველოში განათლებისა და მწიგნობრობის დანერგვაც.
დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ცხვედაძის, ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძისა და სხვათა დიდ საფიქრალად იქცა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა. ამ იდეამ ხორცი შეისხა 1879 წლის მარტში, როცა დიმიტრი ყიფიანის, ბესარიონ ღოღობერიძის, ილია ჭავჭავაძისა და სხვების მიერ შედგენილი საზოგადოების წესდება მთავრობამ დაამტკიცა. პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი. შემდგომ, 1885-1907 წლებში, საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე, ილიას სიკვდილის შემდეგ კი _ ჯერ გიორგი ყაზბეგი და სხვა სახელოვანი ქართველი მოღვაწეები.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თითქმის ნახევარი საუკუნე იარსება და დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სწავლა-განათლებისა და კულტურის განვითარებას. ამ ხნის განმავლობაში იგი თანდათან იზრდებოდა და თავისი განყოფილებების მეშვეობით მთელ საქართველოში მოქმედებდა.
საზოგადოების ნაყოფიერი მუშაობა განაპირობა იმან, რომ მის საქმიანობას იმთავითვე სწორი ეროვნული მიმართულება მისცეს. საზოგადოება შეუდგა სკოლების გახსნას და ყველაფერს აკეთებდა, რათა ქართული წეს-ჩვეულებები და ენა, პირველ რიგში, იქ აღორძინებულიყო, სადაც დროთა ვითარებაში დავიწყებას იყო მიცემული.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გამოსცემდა სახელმძღვანელოებს მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, აგრეთვე, წიგნებს ფართო მასებში გასავრცელებლად. ქართული წიგნები ეგზავნებოდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველობასაც. 1909 წელს საზოგადოებამ, იაკობ გოგებაშვილის თხოვნით, თურქეთში მცხოვრებ ქართველებს საჩუქრად გაუგზავნა დიდი რაოდენობით “დედაენის” წიგნები.
წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თვალსაჩინო სამუშაო ჩაატარა ბიბლიოთეკების ქსელის შესაქმნელად, სადაც ქართველები გატაცებით ეუფლებოდნენ ცოდნას. მან საფუძველი ჩაუყარა დიდ წიგნსაცავს და დროთა განმავლობაში აქ თავი მოუყარა არა მარტო ნაბეჭდ, არამედ ხელნაწერ წიგნებს, საბუთებს და ისტორიული მნიშვნელობის სხვა სახის წერილობით ძეგლებს. ამ გზით საზოგადოების წიგნსაცავში აღმოჩნდა და დაღუპვასა და განიავებას გადაურჩა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი წყარო. ეს მასალები საზოგადოებამ ნაწილობრივ კერძო პირებისაგან შეიძინა, მათი ერთი ნაწილი კი შემოწირულობის სახით მიიღო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის შვილის ნიკო დადიანის მდიდარი ბიბლიოთეკა.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამვე ჩაუყარა საფუძველი სამუზეუმო ნივთების შეგროვებას, რომლის მეოხებითაც გადარჩა და შთამომავლობას შეენახა ძველებური ფულის თუ ძველი ხელოვნების მრავალი ნიმუში და სხვ.
თავისი არსებობის მანძილზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება პროპაგანდას უწევდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. ის არა მარტო გამოსცემდა ქართულ წიგნებს, არამედ ხშირად მართავდა სახალხო სანახაობებს, საღამოებს, სადაც ისმოდა ქართული სიტყვა. ამ საღამოების შემოსავალი ისევ საზოგადოების საჭიროებებს ხმარდებოდა. ხშირად კი გამგეობა აღებული ფულის ნაწილს უნაწილებდა ქართველ მწერლებს.
წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განსაკუთრებით აქტიური როლი შეასრულა ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფისა და აღნიშვნის საქმეში, 1893 წელს განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში, 1895 წელს კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავის გადახდაში, რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღნიშვნაში; დიდი მუშაობა გაშალა ილია ჭავჭავაძის სახელის უკვდავსაყოფად, მისი თხზულებების გამოსაცემად და მემკვიდრეობის დასაცავად. საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა 1926-27 წლებში.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდად ზრუნავდა ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობასა თუ ღარიბ სტუდენტებზე, შეძლებისდაგვარად უნიშნავდა მათ სტიპენდიებს. ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა პირადად იაკობ გოგებაშვილმა. მას უდიდესი ეროვნული საქმე გააკეთა, როცა პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განიხილა და თავი მოუყარა შრომებში, როგორიცაა: “ბურჯი ეროვნებისა”, “ხე ნაყოფით იცნობება”, “ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში”, “ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში”, “ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ”, “სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი”, “განათლების მდგომარეობა საქართველოში”, “მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები” და სხვ.
იაკობ გოგებაშვილი პედაგოგიკის მთავარ პრინციპად მიიჩნევდა ხალხურობას, რომელიც გულისხმობდა ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას:
“ნაწილი ერისა, რომელიც მოშორდა საერთო ეროვნულს ნიადაგს, სწრაფად მიდის უკან–უკან, სუსტდება, ველურდება და ხდება მსხვერპლად გამხრწნელი პროცესისა”.
“ზურგის შექცევა დედა–ენისა დიდად ვნებს ხალხსა, აქვეითებს და უკან სწევს”.
“მშობლიური ენისა და წიგნის უარყოფა თავისი თავის უარყოფაა, თავისი თავის გათახსირებაა”.
“მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება”.
გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად _ შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება.
გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის საქართველოში.
მისი პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მისი მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა.
“ტომებსა და ხალხებს არაფერი არ თიშავს ისე, როგორც უვიცობა”, “მხოლოდ უვიცობა, უკულტურობა, თავის თავზე დიდი წარმოდგენა და სიზარმაცეა ჩვენი შეურიგებელი და დამაბრკოლებელი მტერი ცოდნისაკენ მიმავალ ფართო შარაგზაზე”, _ ამ რწმენით იღვწოდნენ ჩვენი სამოციანელები და სწამდათ, რომ “სინდისიანი, ბეჯითი, გონიერი, ზნეობიანი ოსტატი ღირსია დიდის პატივისცემისა ყოვლის კაცისაგან” და რომ “ვინც მოქმედობს, იღწვის, შეცდომას ვერასოდეს ვერ ასცდება. გარნა გონიერი მოქმედი, შეიგნებს რა თავის შეცდომას, ჯიუტად როდი შეჩერდება მასზედ, იგი სცდილობს, რაც შეიძლება გაასწოროს თავისი შეცდომა და საქმე კეთილად წარმართოს”.
დღეს შეცდომების დათვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მათ გამოსწორებასა და “საქმის კეთილად წარმართვაზე” დაფიქრება ნამდვილად გვმართებს. რადგან ერი, რომელიც თავისი ეროვნული საგანძურით გამორჩეულია, მტრის გულის გასახარად “უკუღმართობის გზაზედ” არ უნდა დადგეს. ამისათვის კი უნდა შევძლოთ და შევქმნათ “დროის შესაფერი” განათლების სისტემა, თორემ მოჩვენებითს, მხოლოდ სხვის დასანახს, იაკობ გოგებაშვილმა თავის “თხა და გიგოში” უკვე დასცინა. განათლების მესვეურნო, გახსოვდეთ: “სკოლა ორპირი ხანჯალია; აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული”.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე