Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არის ევროკავშირის დაშლა გარდაუვალი

რატომ არის ევროკავშირის დაშლა გარდაუვალი

რატომ არის ევროკავშირის დაშლა გარდაუვალი

23-26 მაისს ევროკავშირში გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნები. იქიდან გამომდინარე, რომ ბრექსიტი 31 ოქტომბრამდე გადაიდო, კენჭისყრა ჩატარდება 28-ვე ქვეყანაში.

* “ბრიტანელები მხარს უჭერენ ბრექსიტს, დროა, მათ მივბაძოთ”.

* “ევროკავშირი ყველა პატრიოტის მტერია, მტერია ევროპული ფასეულობების, ტრადიციებისა და კულტურის. ასეთი ევროკავშირი არ უნდა არსებობდეს”.

* “ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით. ევროპა გაივსო უცხოტომელებით. ამას უნდა შეეწინააღმდეგონ თავისუფალი ხალხები!”

* “ძირს არავის მიერ არჩეული მაღალჩინოსნების დიქტატურა, რომლებიც ხელს უწყობენ მიგრაციას!”

ეს ლოზუნგები გაისმა 25 აპრილს პრაღაში ევროპელი მემარჯვენეების მიტინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთის ნაციონალური გაერთიანების (ყოფილი “ნაციონალური ფრონტი”) ლიდერი მარინ ლე პენი, ჰოლანდიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე გერდტ ვილდერსი, აგრეთვე, ბრიტანეთის, ავსტრიის, ბულგარეთის ნაციონალისტური პარტიების წარმომადგენლები.

ამ ფონზე ფრანგული “ყვითელი ჟილეტები” შედარებით ადგილობრივი მოვლენაა, მიუხედავად მასობრიობისა და მოთხოვნების სიმკაცრისა, რომლებიც პროვოცირებულია საწვავის გაძვირებით და მიმართულია მაკრონისა და მისი მთავრობის კაბინეტის წინააღმდეგ. იმის შესახებ, რომ მემარჯვენეები უკვე რეალურად ემუქრებიან ერთიან ევროპას, წერს ევროპის ბედნიერების რუპორი “რადიო თავისუფლება” სტატიაში “ამჟამინდელი სახით ევროკავშირი არ უნდა იყოს”. მასში საკმაოდ გამჭვირვალე მინიშნებებია კრემლის ხელზე, რაც უკვე დიდი ხანია, კარგ ტონად ითვლება, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მტკიცებულება.

საქმის არსი კი მარტივია: ევროპარლამენტის არჩევნებში არის რეალური საფრთხე იმისა, რომ გაერთიანებულმა მემარჯვენეებმა და მათმა მოკავშირეებმა მოიპოვონ იმდენი ადგილი, რამდენიც შესაძლებლობას მისცემს მათ, დაბლოკონ ევროგაერთიანების მთავარი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: თუ მემარჯვენეები ჩამოაყალიბებენ სერიოზულ კოალიციას (ამის შანსი ყოველწლიურად მატულობს), სიდიდით მესამეს მაინც, მაშინ ამჟამინდელი, პირობითად, ერთიანი ევროკავშირი ისე გარდაიქმნება, რომ ვერავინ ვეღარ იცნობს

2005 წლის 1 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართა რეფერენდუმი ევროკავშირის კონსტიტუციაზე და, თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ შედეგს: რეფერენდუმში მონაწილეთა 61,1%-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. ნიდერლანდების რეფერენდუმს 2 დღით უსწრებდა რეფერენდუმი საფრანგეთში, სადაც ევროკავშირის კონსტიტუცია მაინც გაიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი იყო 55%. მართალია, ესპანეთმა (77%) და ლუქსემბურგმა (57%) მხარი დაუჭირეს ევროკავშირის კონსტიტუციის დამტკიცებას, მაგრამ სულ ეს იყო, ყველა დანარჩენი პლებისციტი ევრობიუროკრატებმა და ევროკავშირის პოლიტიკურმა ელიტამ გააუქმეს და გადადეს, რადგან ხალხი უკვე 14 წლის წინათ იყო წინააღმდეგი ევროკავშირის ჩარჩოებში ინტეგრაციის გაღრმავებისა, მას შემდეგ არ ჩატარებულა არანაირი რეფერენდუმი, არ შემუშავებულა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, სხვათა შორის, უნდა განსაზღვრულიყო პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრისა და .. სრულფასოვანი უფლებამოვალეობები, გადაწყვეტილებები კი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, კონსტიტუციური უმრავლესობის პრინციპით უნდა მიღებულიყო და არა კონსენსუსით.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ევროპის მოქალაქეებმა თავიანთი ხმებით შეძლეს ევროკავშირის, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფოს, პერსპექტივის ლიკვიდაცია. არადა, სწორედ ასეთი სახელმწიფოს შესაქმნელად დაიწყო ყველაფერი. სხვა სიტყვებით: არ არის ის, რაც ჩაფიქრებული იყო, არის მხოლოდ იმიტაცია, ფანტომი, ფეიკი, რაც გინდათ, ის, ოღონდ არა საერთაშორისო სამართლის სრულფასოვანი სუბიექტი.

მათ დასამშვიდებლად, ვისაც აქვს პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, არის ჰიმნი და დროშა, მაგრამ არ არის კონსტიტუცია, არც სახელისუფლო ორგანოები და არც არმია, ამასთანავე, თვითონ ევროპარლამენტს, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ ევროპაზე, არამედ მსოფლიოზე, უფლებები შეკვეცილი აქვს ნაციონალური საკანონმდებლო ორგანოების მიმართ.

ეს მხოლოდ გარეგანი კონტურია, რომლის შიგნით ყოველთვის იყო მცდელობები, ბრიუსელის სტრუქტურები გადაექციათ ცენტრალურ ორგანოებად, რომელთა გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნებოდა ყველასთვის. აი ეს სტრუქტურები და ინსტიტუტები: ევროპარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვ.

ეს ზედნაშენი, როგორც ყველა ერთად, ისე ცალ-ცალკე, ცხოვრობს ბიუროკრატიის კლასიკური კანონებით, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ, ბუნებრივი მისწრაფების მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს სასურველის მიღწევა: ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ ის არახელსაყრელია ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის, საბოტაჟის მსხვერპლი ხდება, როგორც ნაციონალური ინტერესებისთვის შეუსაბამო.

კერძოდ, მიუხედავად ევროპარლამენტის რეზოლუციისა, რომელიც მოითხოვდა “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის დახურვას, არ შესრულდა. ერთადერთი ორგანო, სადაც სუფევს ერთსულოვნება, ეს არის ევროპის საბჭო _ უმაღლესი პოლიტიკური ორგანო, რომელშიც შედიან სახელმწიფოების მეთაურები. ერთსულოვნება გამოიხატება მხოლოდ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დაწესების პოლიტიკაში.

ის, რაც ხდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ყველამ იცის: ეს ორგანო, რომელიც მოწოდებულია, რეგულარულად დასაჯოს რუსეთი, გადაიქცა გაკოტრებულთა თავყრილობად, რომელიც მზად არის, გაურიგდეს რუსეთის წარმომადგენლობას, ოღონდ არ დაიშალოს. ამასთანავე, ყველა ამ სტრუქტურამ, ერთად და ცალ-ცალკე, შეუწყო ხელი უპრეცედენტო საიმიგრაციო კრიზისს, რომლის ახსნა შეუძლებელია. საერთოდ კი, ეს ყველაფერი, მისი უაზრობის გამო, დასასრულს უახლოვდება, რადგან მრავალშრიან ზედნაშენს არ აქვს მთავარი _ ცენტრალური ორგანო, რომელიც განიხილავს ქვედა რგოლების ყველა გადაწყვეტილებას, რეზოლუციასა და რეკომენდაციას მათთვის სავალდებულო სტატუსის მისანიჭებლად. ორგანო, როგორიც იქნებოდა, მაგალითად, პრეზიდენტის თანამდებობა ან ევროკავშირის პრემიერმინისტრი, როგორც ეს გათვალისწინებული იყო იმ კონსტიტუციით, რომელიც 2005 წელს არ მიიღეს.

ისე, გულწრფელად თუ ვიტყვით, ევროპისთვის საჭიროა არა პრეზიდენტი ან პრემიერი, არამედ ნამდვილი იმპერატორი, რადგან თვით ევროკავშირი არის ხალხებისა და ტერიტორიების პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება, რაც იმპერიის კლასიკური განსაზღვრებაა. ანუ, ევროპის იმპერატორი _ ეს იქნება ევროპული გაერთიანების პოლიტიკის ყველაზე ბუნებრივი გაგრძელება.

თუმცა, სწორედ ამაში იმალება ევროკავშირის მთავარი წინააღმდეგობა, რომელმაც კავშირისკენ ნახევარსაუკუნოვანი მისწრაფება უპერსპექტივო ბანალურ გაუგებრობად გადააქცია.

ამასთანავე, ამორფული სტატუს კვოს შენარჩუნება უკვე იწვევს ცენტრიდანულ ტენდენციებს, პროტესტის გაძლიერებას, მემარჯვენე ნაციონალისტებისა და ევროსკეპტიკოსების კონსოლიდაციას ბრიუსელის სტრუქტურების პოლიტიკის სრული გადახედვის ტენდენციით.

სრულფასოვანი ცენტრალური (არსით _ იმპერიული) ორგანოების შექმნისკენ მოძრაობის შემთხვევაში, მყისვე წარმოიქმნება კიდევ უფრო მეტი ცენტრიდანული ტენდენცია, ვინაიდან ყველასთვის გასაგებია, რომელი ეროვნების იქნება იმპერატორი, როგორი გეგმებიც უნდა დააწყოს იმავე ემანუელ მაკრონმა.

ამიტომ ევროკავშირისთვის რეალური სუვერენული გლობალური მოთამაშის სტატუსის მინიჭების ყველა მცდელობა, რაც არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ევრობიუროკრატისგან, უნდა შევაფასოთ ფალსსტარტად, რომელსაც რეალიზაციის იოტისოდენი პოტენციალიც არ აქვს:

გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირისთვის დადგა დრო, გახდეს სუვერენული, დამოუკიდებელი გლობალური მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობებში” (ჟანკლოდ იუნკერი. 12.09.2018 .).

რეზიუმე.

1.არსებული სახით ევროპა ნელა, მაგრამ განუხრელად (არჩევნებიდან არჩევნებამდე) გამემარჯვენდება და კიდევ უფრო მოიმატებს ცენტრიდანული ტენდენციები, მაშინ ბრიტანეთს სხვებიც მიბაძავენ;

2.თუკი შეეცდებიან ევროკავშირის გარდაქმნას სრულფასოვან იმპერიად, ეს გაუგებრობა უფრო სწრაფად დაიშლება.

P.S. რთული შესამჩნევი არ არის, რომ ანალიზში არ არის გავლენა (მართვა) ოკეანის გაღმიდან. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს ევროკავშირის დაშლის პერსპექტივას ბუნებრივი, და, ღმერთმა ქნას, ევოლუციური გზით.

ვებგვერდ iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here