Home რუბრიკები ისტორია “რათ არის ესე?”

“რათ არის ესე?”

განათლება

სად არის სათავე და მიზეზი ხალხის სიღარიბისა? _ გაუნათლებლობაშიო, ამბობდა ერის მამა და გულისტკივილს გამოხატავდა იმის გამო, რომ იმ პერიოდში სწავლაგანათლების მიღებას ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ ჩვენი თანამემამულენი. ილიას კი მხოლოდ მცოდნე და ნასწავლი კაცი მიაჩნდა ძლიერად, ხოლო უსწავლელი _ მის ყურმოჭრილ ყმად, რომელიცძალაუნებურად იძულებულია, იმას დასჯერდეს, რაც მცოდნეს და ნასწავლს მორჩება, რასაც მცოდნე და ნასწავლი ხელს არა ჰკიდებს, როგორც მისთვის უღირსსა და გამოუსადეგს”; წუხდა, რომაწ არსებულს სკოლებსა და სასწავლებლებში ქართველები თითქმის ყველგან ნაკლებად არიან”.

გამოხდა ხანი და XX საუკუნის 60-80-იან წლებში საქართველოში უმაღლესი განათლების დიპლომი მოდური გახდა, დიახ, მოდური, რადგან მშობლები იმით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი, მათ შვილს დიპლომი ჰქონოდა, ვიდრე იმ დიპლომის შესაბამისი განათლება. ამაზე მეტყველებს ის, რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის 365 უმაღლეს სასწავლებელში 35 ათასი ქართველი სწავლობდა და ბევრმა მათგანმა რუსულიც კი არ იცოდა(?!). როდესაც საქართველომდამოუკიდებლობამოიპოვა, 250 უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნა (მანამდე 19 უმაღლესი სასწავლებელი არსებობდა). მოკლედ, ქვეყანას 100 ათასი სტუდენტი მაინც ჰყავდამაგრამ საკითხავი იყო მათი ცოდნის დონე. მიუხედავად ეკონომიური სიდუხჭირისა, “უდიპლომო სასიძოსერთი პერსონაჟივით _ ვარდენივით მაშინაც და დღესაც ჩვენში ბევრი ფიქრობს: “დიპლომი მაინც საჭიროა, ბიჭო…”; ხოლო კესარიას ამ სიტყვებს: “შენ მოუკვდი დედაშენს, სანამ უმაღლესს არ დაამთავრებ, ჩვენი დედაშვილობა არ იქნება, არა, არა!” უამრავი დედა უმეორებდა განათლების მიღებაზე გამწყრალ თავის შვილს.

ამ მხრივ დღესაც თითქმის არაფერი შეცვლილა.                

მაგრამ ილიას საფიქრალი კესარიას გულისტკივილთან რა სახსენებელია, რადგან ერის მამა ვერც კი წარმოიდგენდა, ოდესმე დიპლომი მხოლოდ კარადაში შესანახად თუ ენდომებოდა მის თანამემემულეთ. სწორედ ესაა ჩვენი უბედურება. ვისაცცოდნა და სწავლაგანათლება სამკაულადკი არა აქვს მიჩნეული, როგორც ბუზმენტი ჩოხისათვის, ან ძეწკვი გულმკერდისათვის, იგი ცოდნასა და განათლებას უყურებს, როგორც აუცილებელს საჭიროებას, როგორც არსებითს პურსა”, _ აი ასეთი ერის ხელში აქვს სწავლაგანათლებას ძალა და ფასი. სანამ არ შევიგნებთ, რომშვილის კაცად გამოსვლა, მაძღრად ყოფნა და უტკივრად რჩენა სწავლაგანათლებაზეა დამოკიდებულიდა არა ნაყიდ დიპლომზე, მანამ გვეყოლებადიპლომიანიმძღოლები, მიმტანები, კურიერები, დამლაგებლები, გამყიდველებიარც ჩვენ გვეშველება და არც ქვეყანას.

“ჩვენს წინა-წერილში ვსთქვით, რომ ქართველობა, რაც შესაძლოა, ძლიერ უნდა ეტანებოდეს სკოლებს და სასწავლებლებს ცოდნისა და სწავლა-განათლების კარის გასაღებად, ხოლო ამის სანაცვლოდ იმასა ვხედავთ, რომ აწ არსებულს სკოლებსა და სასწავლებლებში ქართველები თითქმის ყველგან ნაკლებად არიან. ეს ცხადად დაგვანახვა, სხვათა შორის, ტფილისის რეალურ სასწავლებლის წლიურმა ანგარიშმა.

კვირას, 22 ოქტომბერს, ხსენებულ სასწავლებელში იყო აქტი. ამ აქტზედ წაკითხულ ანგარიშიდამა სჩანს, რომ გასულს წელს ამ სასწავლებელში ყოფილა სულ 358 შეგირდი და ამათ შორის ქართველი მხოლოდ 27, მაშინ როდესაც რუსი ყოფილა 138, სომეხი _ 136, გერმანელი _ 24, პოლშელი _ 16, თათარი _ 10, ბერძენი _ 4 და ებრაელი _ 3. მოდით და გული ნუ დაგეწვით მწუხარებით ამისთანა ამბის გაგონებისაგან! 358 შეგირდს შორის მარტო 27 ქართველია მაშინ, როდესაც სომეხი 136-ია, რუსი 138- და გერმანელი _ 24! მერე სად? საქართველოს დედაქალაქის, საქართველოს შუაგულის სასწავლებელში!..

ეს ამბავი გულში უფრო მწვავედ ჩააჩნდება ყოველს ჩვენს მოკეთეს, როცა გვეცოდინება, ქართველებთან შედარებით ვინ რამდენნი არიან, თუნდ, მაგალითად, მარტო ტფილისში. ტფილისი აიწერა 1876 . ამ აღწერიდამ სჩანს, რომ რუსები არიან ტფილისში რიცხვით 20.000-მდე, ჯარებს გარდა. ამათში 9.000 წერაკითხვის მცოდნე ყოფილა; იმერამერ ქართველნი _ 22.000, ამათში მარტო 7.000 წერაკითხვის მცოდნეა; სომეხი _ 37.000, ამათში წერაკითხვის მცოდნე 11.000-ზე მეტია; თათარი _ 2.000-, ამათში წერაკითხვის მცოდნე მარტო 381; ყიზილბაში _ 1.700-, ამათში წერაკითხვის მცოდნე 240-; გერმანელნი _ 2.000-, ამათში წერაკითხვის მცოდნეა _ 1.500-; პოლშელები _ 1.500-, ამათში წერაკითხვის მცოდნე _ 1.000-ია; ერთს მესამედზედ მეტს ჩვენებურ მკვიდრთა სცოდნიათ რუსული წერაკითხვაც. ყოველ აქედამ გამოდის, რომ რუსებს თითქმის ნახევარ წილს სცოდნია წერაკითხვა, ქართველებს თითქმის მესამედ წილსა, სომხებს მესამედზე ცოტა ნაკლებს. ხოლო წერაკითხვის ცოდნის კვალობაზედ ყველაზე წინ არიან გერმანელნი, რომელთა შორის მცოდინარი ოთხში სამია; ამათ მოსდევენ პოლშელნი, _ რომელთა შორის მცოდინარი სამში ორია; შემდეგნი არიან რუსნი, რომელთ შორის ორში თითქმის ერთია. მეტნაკლებობა ეგრეთწოდებულ კულტურისა და სხვათა შორის ამ წერაკითხვის მცოდნეთა რიცხვითაც განიზომება.

თუ 20.000 რუსი სასწავლებელში ჰზრდის 138 ყმაწვილსა, თუ ორი ათასი გერმანელი ზრდის 24-, 1.500 პოლშელი _ 16-სა, ჩვენ რა წყრომა ღვთისა გვეწია, რომ 22.000 ქართველი თითქმის მარტო იმოდენასა ჰზრდის, რაც ორი ათასი გერმანელი. ეს გულსაკლავი ამბავი რის მომასწავებელია? ვამბობთ, ღარიბნი ვართო და ვერ ვუძღვებით შვილების გაზრდის ხარჯსაო. კიდეც ეგ არის სავალალო, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ღარიბნი ვართ და გუშინდელი მოსული გერმანელი-კი იმოდენად მდიდარია, რომ შვილების გაზრდის ხარჯსაც ჰშოულობს და სახლობასაც გაუჭირებლივ ჰკვებავს. რათა? რათ უნდა იყოს ესე? ჯერ იმიტომ, რომ გერმანელს და სხვას მისებრ მიხვედრილს კაცს ცოდნა და სწავლა-განათლება სამკაულად-კი არა აქვს მიჩნეული, როგორც ბუზმენტი ჩოხისათვის, ან ძეწკვი გულ-მკერდისათვის. იგი ცოდნასა და განათლებას უყურებს, როგორც აუცილებელს საჭიროებას, როგორც არსებითს პურსა, და ამიტომაც, როცა სარჩო-საბადებელისათვის იღვწის, მაშინ წელებზედაც ფეხს იდგამს, რომ შვილის გასაზრდელი ხარჯიც მოიამაგოს. გერმანელი პურს დაიკლებს, ღვინოს დაიკლებს, შიმშილს, წყურვილს არ შეუშინდება და შვილის გასაზრდელად-კი თავის მონაგარს გროშს გადასდებს, შვილის მცოდნე კაცად ქცევისათვის არაფერს დაჰზოგავს და ყველაფერს გაიმეტებს. გერმანელმა იცის, რომ შვილის კაცად გამოსვლა, მაძღრად ყოფნა და უტკივრად რჩენა სწავლა-განათლებაზეა დამოკიდებული, იცის, რომ ცოდნა ვენახზედ უკეთესი ვენახია, ხოდაბუნზე უკეთესი ხოდაბუნია, უფრო მომცემი, უფრო საიმედო და დაუსეტყვავი. ამ სახით, რაკი გერმანელისათვის ცოდნა, სწავლა-განათლება აუცილებელი საჭიროებაა, მის საეკონომიო ანგარიშში, მის საღვაწოსა და საამაგოში შვილის გასაზრდელად სახარჯოს მოპოვებას თითქმის უპირველესი ადგილი უჭირავს. ჯაფას, გარჯას იორკეცებს და, თუ ამით ვერას გამხდარა, სხვაგან იკლებს და ამ სახარჯოს-კი ჰმატებს.

მეორე მიზეზი იმისი, რომ გერმანელს არ უჭირდება შვილის სკოლაში გამოსაზრდელი ხარჯი, ის არის, რომ გერმანელს ცოტად თუ ბევრად ცოდნა აქვს რისამე: ან სწავლულია და ამით ჰშოობს ცხოვრების საგზალსა, ან ხელოვანია რაშიმე, ან ხელოსანია. იგი საცა მიდის, ყველგან ჰშოულობს საქმეს, და რაკი ცოდნა აქვს, მრავალკეცად იადვილებს სარჩო-საბადებლის შოვნასა და ჩვენებურ უცოდინარს ხელიდამ აცლის საქმესაც და ლუკმასაც, ძალ-მომრეობით და უნამუსობით-კი არა პირისპირ ომით, პირისპირ ბრძოლით, ერთის სიტყვით _ იმ ფაქიზისა და წმინდა იარაღით, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ცხოვრების მოედანზედ ყოველთვის უძლეველია და გამარჯვებული.

ჩვენ ყოველს ამაზედ ძალიან შორსა ვართ. ჩვენს საეკონომიო ანგარიშში, ჩვენის ცხოვრების “ჩოტკში” შვილის გასაზრდელს სახარჯოს არავითარი ადგილი არ უჭირავს. განა მითამ სურვილი სკოლაში მიბარებისა არ იყოს ჩვენში გაძლიერებული!.. აბა ჰნახეთ, რამოდენა ქართველობა მიაწყდება ხოლმე სასწავლებლის კარს, როცა მიღების დრო მოდის. ხომ ესეა, და ბოლოს და ბოლოს მარტო იმასა ვხედავთ, რომ ამ მრავალთაგან თითო-ოროლა-ღაა შესული სასწავლებელში და ამ გზით ქართველები ყველგან ცოტანი არიან.

რათ არის ესე? თუ სურვილი ძლიერია, საქმეც უნდა გამოდიოდეს რამე და რატომ არ გამოდის? იმიტომ, რომ ჩვენ შვილი მიგვყავს სკოლაში მარტო იმისათვის, რომ თავიდამ მოვიშოროთ, ან სახელმწიფოს მოვახვიოთ კისერზედ, ან სხვას ვისმე კეთილმყოფელს, და რადგანაც სხვისი ჯიბე იმოდენად უხვი არ არის, რამოდენადაც დიდია სურვილი მუქთად შვილის გამოზრდისა და გამოკვებისა, ამიტომაც ბევრი დედ-მამა იძულებულია შვილი უკან წაიყვანოს. ეს სწორედ იმასა ჰგავს, _ ყვავს ბახალა მოუკვდაო და ბუს მიუგდო, დიდი თავი შენა გაქვს და შენ იტირეო.

ერთხელ და ერთხელ საჭიროა, ყურებიდამ ბამბა გამოვიღოთ. ერთხელ და ერთხელ საჭიროა ვიცოდეთ, რომ შვილის გაზრდა, შვილის კაცად გამოყვანა უწმინდაესი და უდიდესი ვალია მშობლებისა. რასაკვირველია, ამას ხარჯი უნდა, და აი სწორედ ამის სახარჯოსათვის ჩვენ არ ვირჯებით, არა ვმოქმედობთ, არა ვმონაგრობთ, ერთს წვეთს ოფლსაც არ ვიმეტებთ. პური როცა გვაკლია, თავში ქვას ვიხლით და ვშოობთ, ღვინო როცა გვაკლია _ ვირჯებით, ტანთ გვაკლია, ფეხთ გვაკლია, იქით ვეცემით, აქეთ ვეცემით, რომ როგორმე ვიშოვოთ, _ და როცა შვილის გასაზრდელი სახარჯო არა გვაქვს, ბუზსაც არ ავიფრენთ, ხელსაც არ გავძრავთ, თუნდა მთელი დღე იმოდენად მოცლილი ვიყვნეთ, რომ გულდაღმა ვიწვნეთ და ჭერში ბუზებსა ვსთვლიდეთ. გაზრდა შვილისა-კი ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ, სხვაგან და სხვაში უნდა დავიკლოთ და ყოველივე ნაწვავ-ნადაგი, ყოველივე ამაგი და უფროს-ერთი დრო ამას უნდა შევახმაროთ.

აკი ვსთქვით, სურვილი სკოლაში შვილის მიბარებისა ბევრია, მაგრამ გვინდა-კი, რომ ყოველივე ეს ან მუქთად მოგვეცეს, ან მოწყალებასავით სხვისაგან გვეძლიოს. ჩვენ თითონ-კი ამისათვის ხელის განძრევაც გვეზარება: თუ მოვა თავის-თავად, ხომ რა კარგი, თუ არა, უმაგისოდაც გავძლებთო, ვიტყვით ხოლმე. უმაგისოდ ვერ გასძლებთ, ვერა. ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია. მაშ თან ხომ არ გადავყვებითო მაგ ხარჯსა და მოვალეობას, როცა ჩვენ თითონაც არა გვაბადია-რაო. სწორედ თან უნდა გადაჰყვეს იგი, ვისაც წმინდა მოვალეობა დედ-მამობისა ზურგზედ აჰკიდა ბედმა და წუთისოფელმა. ტანთ მოიკელ, ფეხთ მოიკელ, მშიერ-მწყურვალი იარე და ნუ ჩასდგები-კი ჯერ შვილისა და მერე ქვეყნის ცოდვაში, _ აი რა უნდა ეწეროს გულის ფიცარზედ იმ წმინდა საქმეს, რომელსაც მამაშვილობას ეძახიან.

ტფილისი, 27 ოქტომბერი, 1889 .”

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here