Home რუბრიკები პოლიტიკა “ოცნების” კრიზისი და გახარია, როგორც ივანიშვილის ჯოკერი

“ოცნების” კრიზისი და გახარია, როგორც ივანიშვილის ჯოკერი

3345
გახარია

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმაქართული ოცნებისცენტრალურ ოფისში რამდენიმე ხალხმრავალი თათბირი გამართა. ოფიციალური ინფორმაციით, მთავარი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკითხი, რომელმაც გუნდში უთანხმოება გამოიწვია. ლიდერები, ტრადიციისამებრ, ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლნენ. მაგალითად, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომპარტიაში მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინათ დააანონსა”, თუმცა, ექსპერტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მათ ჯანსაღი არაფერი შეუმჩნევიათ.

მმართველი პარტია კვლავ გაიჭედა ურთიერთგამომრიცხავ სურვილებს შორის. ერთი მხრივ, კრიზისის საწყის ეტაპზე მის ლიდერებს (“მეამბოხეთა” გამოკლებით) აშკარად სურდათ, რომ მოსამართლეთა 10-კაციანი სია დამტკიცებულიყო, მაგრამ, ამასთანავე, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა არ უნდოდათ. ისინი ცდილობდნენ, დემოკრატიული დისკუსიის, ასე ვთქვათ, “ჯანსაღი პროცესის” შთაბეჭდილება შეექმნათ და უპირისპირდებოდნენ კოლეგებს იმის გამო, რომ მათ თითქოს გუნდურობის პრინციპი დაარღვიეს და ინფორმაცია შიგაპარტიული კონფლიქტის შესახებ “გარეთ” გაიტანეს. საბოლოოდქართულმა ოცნებამმიიღო ნულოვანი შედეგი და საზოგადოების გაღიზიანება, ხოლო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მმართველი პარტია უხეშად ერევა სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ფართოდ გავრცელდა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ოცნება”, რომელიც, ერთი შეხედვით, უამრავ ბერკეტს ფლობს, სასურველ შედეგს ვერ აღწევს, მეტიც, მტკივნეულ საიმიჯო მარცხს განიცდის. ამის მთავარი მიზეზი ერთობ პარადოქსულია _ ქართული ოცნება” (ისევე, როგორც რეჟიმი მთლიანობაში) არასაკმარისად დემოკრატიულია იმისთვის, რომ წარმატებით იმუშაოს დემოკრატიის პირობებში და არასაკმარისად ავტორიტარულია იმისთვის, რომ საწადელს ავტორიტარული მეთოდებით მიაღწიოს. “ქართული ოცნებათითქოს გაშეშდა გზაგასაყარზე _ ვერც დემოკრატიისკენ მიდის და ვერც ავტორიტარიზმისკენ.

ასეთ მდგომარეობაში მყოფ პარტიას არ შეუძლია დააკმაყოფილოს მმართველის მოთხოვნები. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი “მარიხუანის კანონპროექტია”, უამრავი გაღიზიანებული ამომრჩეველი, ჩაშლილი ბიზნეს-გეგმები, ეკლესიასთან ურთიერთობის დაძაბვა და საბოლოოდ ისევ ნულოვანი შედეგი. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მკაცრად უსაყვედურა დეპუტატებს კანონპროექტის ჩავარდნის გამო, დიდი ალბათობით, სიმართლესთან ახლოს დგას.

პარტიის სისუსტე სხვა, გაცილებით სერიოზული საკითხების მიმართ ვლინდება. მან ისე ცუდად ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია, რომ კინაღამ დაუთმო პრეზიდენტის პოსტი ნაციონალებს; სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხე, რომელიც ბოლო დროს აქტუალური თითქოს აღარ იყო, ისევ დღის წესრიგში დაბრუნდა. საბოლოოდ, “2012 წლის ამომრჩეველმა” ისევ გადაარჩინა “ქართული ოცნება”, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ნეპოტიზმში ჩაფლულ პარტიაში და, საზოგადოდ, სახელმწიფოში რეფორმების გატარების პირობა დადო.

“ქართული ოცნების” დემოკრატიზაცია ნაკლებად სავარაუდოა, მეტიც, წარმოუდგენელია იმ კონტროლის პირობებში, რომელიც ივანიშვილმა პარტიაზე დაამყარა. შესაბამისად, მას მოუწევს დაფიქრება “ძლიერი ხელის” ტაქტიკაზე.

საინტერესოა, რომ მას ამ როლის საჯარო შესრულება არ სურს. როდესაც გასული წლის მაისში ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა, ბევრი კომენტატორი მოელოდა, რომ ის მოაწყობს “დიდ წმენდას” და “დაალაგებს” სიტუაციას “ქართულ ოცნებაში”, თუმცა ყოველივე მხოლოდ კვირიკაშვილის, ქუმსიშვილისა და მათი რამდენიმე ხელქვეითის გადაყენებით შემოიფარგლა _ პრობლემური ფიგურების უმრავლესობა თავის პოსტებზე დარჩა. რაც მთავარია, არ შეიცვალა სისტემა, რომელიც შესაძლებელს ხდის მწვავე პარტიული კონფლიქტების წარმოიქმნას. ისინი ანადგურებენ “ქართული ოცნების” ავტორიტეტს და მის მუშაობას აფერხებენ.

ცვლილებების დაპირებას (ნოემბერი) მოჰყვა მწვავე დაპირისპირება მოსამართლეთა სიის გარშემო (დეკემბერ-იანვარი). “ოცნების” ამომრჩეველთა კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მათმა გაღიზიანებამ პიკს მიაღწია, ამიტომ გამორიცხული არ არის, ივანიშვილმა მალე “ქართული ოცნების” “ავტორიტარული მოდერნიზაციის” ეტაპი დაიწყოს.

თუ მას არ სურს, ეს პირადად გააკეთოს, უფრო სწორად, ავანსცენაზე იდგეს, ახალიმეფისნაცვალიდასჭირდება. მამუკა ბახტაძე ამ როლს ვერ შეასრულებს, მით უმეტეს, რომ ივანიშვილმა მისი პასუხისმგებლობის სფერო თავიდანვე ეკონომიკური ბლოკით შემოფარგლა. ივანიშვილმა მას, ღარიბაშვილისა და კვირიკაშვილისგან განსხვავებით, პარტიული სტრუქტურების მართვა არ დაავალა, თანაც ბახტაძეს არც პოლიტიკური მენეჯმენტის გამოცდილება აქვს და არც სათანადო ავტორიტეტი.

ბოლო ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია _ მხოლოდ მაღალი თანამდებობა და შესაბამისი ბერკეტები პარტიის რეკონსტრუქციისთვის საკმარისი არ არის. ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს ერთიც აქვთ და მეორეც, მაგრამ ფრაქციაში პერმანენტული არეულობაა, რომელიც პარტიის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს. შესაბამისი უნარ-ჩვევების დეფიციტის გარდა, მნიშვნელოვან როლს აქ, სავარაუდოდ, სწორედ ავტორიტეტის ნაკლებობა ასრულებს.

საგულისხმოა, რომ ქართული ოცნებისოფისში გამართული შეხვედრების პარალელურად მედიასა და სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს პრემიერმინისტრად შს მინისტრ გიორგი გახარიას დანიშვნა სურს. გამორიცხული არ არის, რომქართული ოცნებისგარდაქმნის თუავტორიტარული მოდერნიზაციისმთავარი ფიგურა სწორედ ის გახდება.

გახარიაზე, როგორც მომავალ პრემიერზე, მთავრობაში მისი გამოჩენის დღიდან საუბრობენ. მეტიც, როდესაც ინსაიდერები ახსენებდნენ მას და ბახტაძეს, როგორც კვირიკაშვილის სავარაუდო შემცვლელებს, გახარიას მცირე უპირატესობას ანიჭებდნენ. პროპაგანდისტული მანქანა ორივეს “გაპიარებაზე” თანაბრად ზრუნავდა. ის მიზანმიმართულად უქმნიდა გახარიას ძლიერი პიროვნების იმიჯს, რომელსაც შეუძლია, წესრიგი დაამყაროს და რთული კრიზისი განმუხტოს, როგორც ეს, მაგალითად, მოხდა 13 მაისს კლუბ “ბასიანის” გამო (უფრო ფართოდ კი _ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან) გამართულ აქციებზე.

მინისტრის პოსტზე გახარიამ, მარტივად რომ ვთქვათ, ვერ გაიბრწყინა. დანაშაულის ზრდა 2018-ში, წინა წელთან შედარებით, 50%-ზე მეტია, გახსნის მაჩვენებელი კი შემცირდა. გახარიას ზოგიერთი გულშემატკივარი ვარაუდობს, რომ ეს გაუმჯობესებული რეგისტრაციისა და დათვლის შეცვლილი მეთოდოლოგიის ბრალია, თუმცა საქართველოში ძალიან ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ვითარება არ გაუარესებულა (სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დანაშაული სოციალური მოვლენაა და მის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობას ეკისრება, რაც შეეხება უშუალოდ შს სამინისტროს პასუხისმგებლობას _ დანაშაულის გახსნას, აქ გახარიას მიმართ საპრეტენზიო არაფერია. _ რედ.). ის პროპაგანდისტული ძალისხმევა, რომელიც გახარიას ფიგურას უკავშირდება, შესაძლებლობას აძლევს, მსგავს უსიამოვნო მომენტებს ყურადღება არ მიაქციოს, მით უმეტეს რომ ქართულ საზოგადოებას ციფრებზე კონცენტრირება ტრადიციულად უჭირს.

ძნელი სათქმელია, რატომ დანიშნა ივანიშვილმა პრემიერად ბახტაძე, უფრო სწორად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უცნაურიტრიუმვირატირატომ შექმნა, სადაც თავად ივანიშვილი მთავრობის ფაქტობრივი ხელმძღვანელია, ბახტაძე (პირობითად) “ეკონომიკური ვიცეპრემიერი”, ხოლო გახარია, შსს ჰიპერტროფირებული როლიდან გამომდინარე _ “ძალოვანი ვიცეპრემიერი”, რომელსაც მოქალაქეებიდე იურე პრემიერმინისტრზეგაცილებით გავლენიან ფიგურად თვლიან.

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. იმ შემთხვევაში, თუ მას “ქართული ოცნების” “ავტორიტარულ მოდერნიზაციასა” და “ვერტიკალის გამყარებას” დაავალებს, ამოცანას, სავარაუდოდ, თავს გაართმევს, მაგრამ “დიდი წმენდა” და პარტიაში ფარდობითი წესრიგის დამყარება სისტემურ რეფორმებს ვერ ჩაანაცვლებს.

ამ თვალსაზრისით, ხელისუფლება და საზოგადოება აშკარად სხვადასხვა ენაზე საუბრობენ: ერთი ხალხმრავალ თათბირებზე, უპირველესად, იმას არკვევს, რატომ ვერ მოხერხდა ავადსახსენებელი 10-კაციანი სიის “გათრევა” პარლამენტში; მეორეს კი, უბრალოდ, მიუკერძოებელი სასამართლო, შესაბამისად, რეფორმა სჭირდება; ასეა სხვა სფეროებშიც.

გახარიას დაწინაურებამ და პარტიის გარდაქმნამ შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის ესკალაციას ივანიშვილსა და კალაძეს შორის, რომლის მთავარი მიზეზი, დიდი ალბათობით, არა პიროვნული შეუთავსებლობა, არამედ კალაძის გავლენის სფეროს არაპროპორციული ზრდაა, რომელიც მთელ სისტემას უქმნის დისბალანსის საფრთხეს. ამ კონტექსტში ზოგიერთი კომენტატორი კალაძისკონსტრუქციულ ოპოზიციაშიგადაყვანის სცენარებზე საუბრობს, თუმცა მსჯელობა ამაზე ჯერჯერობით ნაადრევი ჩანს.

უცნაურია, მაგრამ გახარიას საკითხს თავისებური საგარეო-პოლიტიკური განზომილებაც აქვს. ის დიდხანს მუშაობდა რუსეთში. მისი დაწინაურების შემთხვევაში “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” შეეცდებიან, ის “მოსკოვის კაცად” წარმოაჩინონ. ამას დღესაც აკეთებენ, თუმცა შედარებით მოკრძალებულად, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს _ სოცქსელების ზედაპირული მონიტორინგიც კი ადასტურებს, რომ რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს გახარია “თავისიანად” მიაჩნია და მას, სავარაუდოდ, შეუძლია მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თუმცა, ცხადია, სანამ გახარია პრემიერი არ გახდება და გარკვეული პოლიტიკის გატარებას არ დაიწყებს, ნებისმიერი საუბარი მის პოლიტიკურ ორიენტაციაზე ჭორაობად დარჩება. არც ისაა გამორიცხული, პრემიერი საერთოდ არ გახდეს, ბოლოდროინდელი მსჯელობა მის დაწინაურებაზე მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება. მაგრამ ის, რომ სწორედ ეს ვარაუდი (და არა რომელიმე ფაქტი) გასულ კვირას საინფორმაციო სივრცეში ერთ-ერთ საკვანძო პუნქტად იქცა, ალბათ, ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივია.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. არცერთი არაა არაფრის გამკეთებელი! პოლიტიკური პეშკები არიან! არცერთს არა აქვს პოლიტიკოსის ქარიზმა. რაც შეეხება ივანიშვილს, დროა სადმე უსაფრთხო ადგილას ან ქვეყანაში გადაინაცვლოს და თავის ფულებში დატკბეს, რომელი პოლიტიკოსი ბიძინაა… ფაქტი სახეზეა, დომხალია ქვეყანაში. სხვა დანარჩენებს ვურჩევ სადმე კანცელარიის მოხელეებად მოეწყვნენ გახარიას ჩათვლით!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნაირა ადამია რუხაია Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here