Home რუბრიკები პოლიტიკა “ოცნების” ავარია და მესიჯების დიქტატურა

“ოცნების” ავარია და მესიჯების დიქტატურა

აცნობიერებს თუ არა ირაკლი კობახიძე, რომ შეიძლება “განტევების ვაცად” აქციონ?

842
“ქართული ოცნება”

ყველა ავარიას აქვს სახელი, გვარი და თანამდებობა”, _ ამბობდა ლაზარ კაგანოვიჩი იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა რკინიგზას ხელმძღვანელობდა. ამ ფრაზამ პოპულარობა მოიხვეჭა, მას ხშირად სტალინსაც მიაწერდნენ _ “ყველა შეცდომასდა . .”, თუმცა თავდაპირველად ის სწორედ ავარიებს ეხებოდა. იმ დიდი ავარიის შემდეგ, რომელშიცქართული ოცნებამოხვდა, ალბათ, უნდა დავადგინოთ იმ პირის სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელმაც საავარიო სიტუაცია შექმნა.

“ქართული ოცნება” ყალიბდებოდა, როგორც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური ფრონტი. “ნაცმოძრაობასთან” ბრძოლის გამოცდილება და შესაბამისი იდეალების ერთგულება იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვით ამომრჩეველი “ქართულ ოცნებაში” შემავალ პოლიტიკოსებს აფასებდა. მეტიც, ხშირად ეს ერთადერთი კრიტერიუმი იყო, რადგან ახალ მმართველ პარტიას გამოკვეთილი იდეოლოგია არ ჰქონდა და ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი, უპირველესად, იმას აკვირდებოდა, რამდენად კარგად ებრძოდა ის ნაცებსა და მათ მემკვიდრეობას.

ასეთ ვითარებაში ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე “დანიშნა”, დააწინაურა მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და ა. შ. ამ პირების ავტორიტეტი პარტიასა და ელექტორატში საკმაოდ დაბალი იყო, იმიტომაც, რომ “ძველი მებრძოლები” არ იყვნენ. კითხვა _ “რას აკეთებდნენ 2012 წლამდე?” _ პასუხგაუცემელი რჩებოდა. მათ არ ჰქონდათ რაიმე დამსახურება, რომელიც ხელს შეუწყობდა მათი ავტორიტეტის სწრაფ ზრდას და, ამასთანავე, საზოგადოებასთან კომუნიკაციაც უჭირდათ. ალბათ, იმიტომ, რომ ივანიშვილი შეძლებისდაგვარად ერიდება ქარიზმული ფიგურების დაწინაურებას, აგრეთვე, ზოგადი პოლიტტექნოლოგიური ჩამორჩენილობის გამო.

ამან კონფლიქტის პირველი წინაპირობა შექმნა _ შედარებით დაბალი ავტორიტეტის მქონე პირმა (მსგავს მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელებთან ერთად) საკმაოდ მაღალი თანამდებობა დაიკავა. მას თავის დროზე “ძველი მებრძოლის” პოლიტიკური კაპიტალი არ დაუგროვებია და ეს თითქმის გარანტირებულად ნიშნავდა, რომ შეუტევდა იმ ფიგურებს, რომლებსაც ეს კაპიტალი ჰქონდათ და შეეცდებოდა, ამ ფაქტორის მნიშვნელობა დაეკნინებინა. ეს ქმნიდა წინაპირობებს ალიანსისთვის “პორტირებულებთან” და მათთან გათანაბრებულ პირებთან (ზარდიაშვილი, “ნაც-მოსამართლეები” და ა.შ.). ჩვენ ვერ გავშიფრავთ ამ ჯგუფის პოლიტიკას, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ მას თვითდამკვიდრების წყურვილი ამოძრავებდა.

ხედავდა თუ არა ივანიშვილი კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხეს? სავარაუდოდ, ხედავდა, თუმცა წესისამებრ იმედოვნებდა, რომ ყველაფერს “დაალაგებდა”. ზოგიერთი კომენტატორი საუბრობდა იმაზე, რომ მას დისკომფორტს უქმნის “ძველი გვარდიის” განსაკუთრებული სტატუსი და (თუნდაც ქვეტექსტში) იმის შეხსენება, რომ ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ 2011 წელს არ დაწყებულა. შესაძლოა, მას არ სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ “ძველი გვარდიის” პოლიტიკური ვალი მართებს. ეს ვალი გაიზარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, როდესაც ივანიშვილმა დახმარება სწორედ “ძველ გვარდიას” სთხოვა.

თუ კობახიძის ჯგუფი ფრთხილად და გონივრულად იმოქმედებდა, ის, სავარაუდოდ, მოახერხებდა დაქსაქსული “ძველი გვარდიის” გავლენის შემცირებას და მის მართვას, ოღონდ ირიბი და არა უხეში პირდაპირი მეთოდებით, მაგრამ ის ძალიან ხისტად, სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე მოქმედებდა. შესაძლოა, მას საპარლამენტო სივრცეზე იმ მართვის მოდელისა და ურთიერთობის სტილის პროეცირება სურდა, რომელიც ივანიშვილს “ახალგაზრდა გვარდიასთან” აკავშირებს. ფაქტობრივად, ეს დიქტატში გამოიხატა _ “მე უფრო მაღალი სტატუსი მაქვს, ამიტომ გააკეთე ის, რასაც გეუბნები, ნუ მეწინააღმდეგები, თორემ დაისჯები”. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ავტორიტარიზმის ელემენტები “ქართულ ოცნებაში” ყოველთვის ძლიერი იყო, მისი წევრების ნაწილს ეს ძალიან არ მოეწონა. ისინი ვერ ხედავდნენ საკუთარ თავსა და ივანიშვილს შორის ამ “შუალედური რგოლის” (კობახიძე და კომპანია) არსებობის აუცილებლობას, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ამბიციებს ირონიით უყურებდნენ.

პერიოდში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან კვირიკაშვილის გადადგომამდე (უფრო სწორედ იმ მომენტამდე, როდესაც ცხადი გახდა, რომ ივანიშვილი მას დაუპირისპირდა) სახელისუფლო ძალის შიგნით არსებობდა ბალანსის რთული სისტემა, რომელიც ერთი დაჯგუფების დომინირებას შეუძლებელს ხდიდა, თუნდაც ცალკე აღებული საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში. კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის გადაყენების შემდეგ გაჩნდა დისბალანსი და სისტემის დესტაბილიზაცია დაიწყო. თავი იჩინა “პრობლემა _ 2020”-მაც _ ბევრი დეპუტატი დარწმუნდა, რომ კობახიძის გადამკიდე, შეიძლება ვერ მიიღონ ადგილი ახალ პარტიულ სიაში ან თუნდაც “ალტერნატული” მაღალი თანამდებობა; “შუალედური რგოლის” პოზიციის არგათვალისწინება შეუძლებელი შეიქმნა. ამან დეპუტატების ნაწილი რთული არჩევანის წინაშე დააყენა _ პარტიიდან გასვლა ძველი ამომრჩევლების შენარჩუნების იმედით, რომელთაც აშკარად აღიზიანებს “ქართული ოცნების” ახალი პოლიტიკა, ან მორჩილების დემონსტრირება. “ძველი გვარდიის” ზოგიერთმა წარმომადგენელმა პირველი გზა აირჩია, ზოგმა კი მეორე.

იმის თქმა, რომ შექმნილი ვითარება სრულად ეწინააღმდეგება ივანიშვილის ინტერესებს, არ შეიძლება. გაბრაზებული ამომრჩევლების დიდ ნაწილს ასპარეზზე “მესამე ძალის” ხილვა სურს. განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” ივანიშვილს შესაძლებლობას აძლევს, შეაკოწიწოს ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ალტერნატივის ილუზიას შექმნიან. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ფართოდ გავრცელდა კონსპიროლოგიური ვერსიები იმის თაობაზე, რომ მიმდინარე კონფლიქტი თავიდან ბოლომდე ივანიშვილის მიერ კონტროლდება, რომ “ასე იყო ჩაფიქრებული” და ა. შ. მაგრამ იმ გარემოებიდან, რომ ივანიშვილმა შეიძლება გამოიყენოს შექმნილი ვითარება, სულაც არ გამომდინარეობს, რომ ყველაფერი 100%-ით მის მიერ არის ინსპირირებული. მითუმეტეს რომ “ოცნების” პოლიტიკური დანაკარგი გაცილებით დიდი ჩანს, ვიდრე სავარაუდო ამონაგები.

გასულ კვირას “ტვ პირველის” ეთერში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ისაუბრა იმ მეთოდებზე, რომლის გამოყენებით იმართება საპარლამენტო უმრავლესობა 2016 წლიდან. მისი თქმით, დეპუტატები ჩატში მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებენ, რომელთა ავტორი მისთვის უცნობია: “ეს პრაქტიკა დაინერგა 2016 წლიდან, ამ პარლამენტში. ძალიან ბევრი კოლეგა ჩიოდა, რომ პრაქტიკულად, ჩვენ ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში. ფრაქციის სხდომა საერთოდ არ მახსოვს, როდის ჩატარდა… მესიჯი მოდის, რომელსაც ვინ წერს, არ იცის არავინ”.

პირველად ეს მესიჯები სკანდალის ეპიცენტრში 2018 წლის აპრილში მოექცა, როდესაც დეპუტატი გედევან ფოფხაძე აპროტესტებდა უმრავლესობის მიერ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას (ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო). “წინა საღამოს, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში შეკრებილები ვიყავით, ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ნინია კაკაბაძეს ხმას არ ვაძლევდით. ამაზე შევთანხმდით და ყველას ჩვენი არგუმენტები გვქონდა. შეიძლება ბევრი არ დავრჩით, მაგრამ თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოთქმა უნდოდა, მოსულიყო. თუ ვინმე “ჩატში” რაიმეს კენჭისყრამდე 15 წუთით ადრე დადებს, ეს გუნდის პოლიტიკური პოზიციის მაჩვენებელი რატომ არის?” _ ამბობდა მაშინ ფოფხაძე. თუმცა აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად ფაქტი, რამდენადაც საპარლამენტო უმრავლესობის მართვის უპრეცედენტოდ ცინიკური ტექნოლოგია, რომელიც ამავე დროს, ალბათ, ძალიან კარგად მიესადაგება ივანიშვილის მიერ შექმნილი რეჟიმის არსს. დამალული მმართველიანონიმური მესიჯებიდეპუტატები, რომლებსაც ჩატბოტი მართავს

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 2017 წლის 15 მაისის ინციდენტი ფილარმონიაში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ჩაიშალა. არსებითად, კობახიძემ და მისმა ჯგუფმა მაშინ უარი თქვეს ღია დისკუსიაზე, რომლის ფარგლებში ყველა მხარე თანასწორია. შემდგომ ცხადი შეიქნა, რომ ისინი კომუნიკაციის პროცესის განუყოფელ ნაწილად განიხილავენ საკუთარ მაღალ სტატუსს, რომელიც მათ თითქოსდა გაფართოებულ უფლებებს ანიჭებს. აქედან გამომდინარე, გადასვლა “მესიჯ-დიქტატზე” ალბათ, გარდაუვალი იყო. მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია კოლეგებსა და საზოგადოებაში ავტორიტეტის მოპოვება და დადებითი იმიჯის შექმნა. მას ვერ შექმნიან ისეთი ტიპის განცხადებები, რომელიც გასულ კვირას გაკეთდა და საყოველთაო ხარხარი გამოიწვია. მამუკა მდინარაძე: “ირაკლი კობახიძე არის ის ადამიანი, რომელმაც, პრაქტიკულად, პარლამენტარიზმის ისტორია შეცვალა. იმიტომ, რომ მან შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია ევროპაში”. ვანო ზარდიაშვილი: “კობახიძე პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა” და ა. შ.

ბიძინა ივანიშვილს, სავარაუდოდ, კარგად ესმის, რომ ამ რესურსით საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევს და გამორიცხული არ არის, რომ ერთ ძალიან ძველ კომბინაციას ათამაშებს _ ელოდება მანამ, სანამ ამა თუ იმ ფიგურის (ამ შემთხვევაში კობახიძის) გარშემო ნეგატიური ემოციების კონცენტრაცია მოხდება, რათა შემდგომ მისიმოშორებითპრობლემის გადაწყვეტის ილუზია შექმნას. ასეთ შემთხვევაში ბევრს ჰგონია, რომ დიდი ცვლილებები მოხდა, თუმცა რეალურად არაფერი იცვლება. საინტერესოა, აცნობიერებს თუ არა ირაკლი კობახიძე, რომ შეიძლებაგანტევების ვაცადაქციონ?

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. თავის დროზე ყველა ლიდერი თუ ბელადი ძველ გვარდიას თანდათანობით იცილებდა,მაგრამ არამგონია ბიძინამ ეს შეძლოს ისე უმტკივნეულოდ როგორც ისინი ახერხებდნენ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: შერლოკ ჰოლმსი. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here